განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.10.2019
საქმის ნომერი
330210018002780762
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
18.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002780762

საქმე №2ბ/5988-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მიხეილ გოგიშვილი

 

სხდომის მდივანი - ნატო გოგიშვილი

 

აპელანტი - მ--------------;

წარმომადგენელი - ი-------–----;

 

მოწინააღმდეგე მხარე - ნ-----------;

წარმომადგენელი - გ------------–---–-;

 

თავდაპირველი მოპასუხეები - თ---------–---–-----, თ------------------–-, შ-------------------------------------–---';

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

 

1.აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით, ნ----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მ---------------ეს, თ---------–---–-----ს, თ----------------–ს და შ-------------------------------------–---- ნ----------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ზიანის ანაზღაურების სახით - 4026 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც, 3000 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, ხოლო - 1026 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი. მოპასუხეებს - მ--------------ეს, თ--------–---–-----, თ-----------------–ს და შ-------------------------------------–---- სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის სახით - 340 ლარის გადახდა ნ----------ის სასარგებლოდ. მოპასუხეებს - მ--------------ეს, თ--------–---–-----ს, თ-----------------–ს და შ-------------------------------------–---- სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის - 400 ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2015 წლის 11 ნოემბერს ნ-----------მ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე შ----------------------------------------–----- 6 თვის ვადით გადასცა 3000 აშშ დოლარი. წლიური 36% დარიცხვით.

 

2.2. სესხის ხელშეკრულების 1.5 პუნქტის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით პროცენტის გატანა მოხდებოდა სესხის ხელშეკრულების ვადის დასრულების შემდეგ. კერძოდ, 2016 წლის 11 ნოემბერს შ--------------------------------------–----- გამსესხებლისთვის უნდა დაებრუნებინა სესხის ძირითადი თანხა - 3000 აშშ დოლარი და სარგებელი - 1026 აშშ დოლარი.

 

2.3. ნ----------ის მიერ შ--------------------------------------–----- ანგარიშზე თანხის შეტანა დასტურდება N8213 სალაროს ორდერით.

 

2.4. შ--------------------------------------–----- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაბრუნების შესახებ არ შეუსრულებია. შ--------------------------------------–--------- დაკავშირებულმა პირებმა დანაშაულებრივი გზით გაფლანგეს აღნიშნული თანხები.

 

2016 წლის 14 დეკემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, მოსარჩელე ნ----------- დაზარალებულად იქნა ცნობილი და მისი რიგითი ნომერია 2099.

 

2.5. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით საქმეზე 1/719-17 შ--------------------------------------–---- დამფუძნებელი თ----------------–ი, დირექტორი თ-------–---–----- და ფაქტობრივი მმართველი მ---------------ე მეანაბრეთა, მათ შორის ნ----------ის კუთვნილი თანხების მითვისების გამო, ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

დადგინდა, რომ შ--------------------------------------–----- დირექტორმა თ-------–---–-----მ, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, მ-------------ის წაქეზებით და თ----------------–ის დახმარებით, მეანაბრეთა მიერ შეტანილი თანხები უკანონოდ გასცა სესხის სახით მ--------------ზე, რაც მან გამოიყენა პირადი შეხედულებისამებრ და უკან არ დაუბრუნებია. აღნიშნულის შედეგად კომპანიამ ვერ უზრუნველყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება და მეანაბრეებს, მათ შორის ნ-----------ს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

მოსარჩელე ნ-----------ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიადგა ზიანი - 4260 აშშ დოლარის ზიანი, საიდანაც სესხის სახით გადაცემული თანხაა - 3000 აშშ დოლარი, ხოლო 1026 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი, რომელიც მოსარჩელეს უნდა მიეღო შ--------------------------------------–----- მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.6. საქმის მასალების შესწავლისა და შეფასების შედეგად, მათ შორის, 2017 წლის 31 ივლისის განაჩენის საფუძველზე, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მ-------------ის, თ-------–---–----ის და თ----------------–ის ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად ნ----------ის მიმართ 4026 აშშ დოლარის ოდენობით მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო გარემოების დადასტურების მიზნით, მოსარჩელემ წარმოადგინა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი და მასა და შ--------------------------------------–----- შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად, შ--------------------------------------–----- მოსარჩელისგან ისესხა ჯამში - 3000 აშშ დოლარი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით დგინდება, რომ თ-------–---–-----მ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როცა ნივთი იმყოფებდა მართლზომიერ გამგებლობაში;

 

მ--------------მ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის წაქეზება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში;

 

თ----------------–მა ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში დახმარება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში.

 

მათ მიერ განხორციელებული ქმედებები კონკრეტულად გამოიხატა შემდეგში: შ--------------------------------------–---- (ს/ნ 433101895) რეგისტრირებულ იქნა 2013 წლის 14 აგვისტოს. საზოგადოების ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა მოსახლეობისაგან გარკვეული საპროცენტო სარგებლით (20-დან 35%-მდე) თანხების მიღება და მათი ინვესტირება. კომპანიის ერთპიროვნულ დამფუძნებელს წარმოადგენდა თ----------------–ი, ხოლო დირექტორის პოზიციას იკავებდა თ-------–---–-----. შ--------------------------------------–----- საქმიანობას ფაქტობრივად სრულად წარმართავდა თ----------------–ის მეუღლე _ მ--------------. კლიენტთა მოზიდვის მიზნით, საზოგადოება აქტიურად ეწეოდა სარეკლამო კამპანიას, რის საფუძველზეც არაერთმა მოქალაქემ შეიტანა გარკვეული თანხა, კერძოდ: 2013-2016 წლებში შ--------------------------------------–----- მოქალაქეებისაგან ჯამურად სესხის სახით აიღო 34 359 020 ლარი, 70 194 445 აშშ დოლარი და 4 603 089 ევრო.

 

თანხები შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით, უნდა გამოყენებულიყო უფრო მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობისათვის, რათა საზოგადოებას მიეღო შემოსავალი და უზრუნველეყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების დროულად და სრულყოფილად შესრულება. მიუხედავად აღნიშნულისა, შ--------------------------------------–----- დირექტორმა თ---------–---–-----მ, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, მ-------------ის წაქეზებით და თ----------------–ის დახმარებით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, გასცა სესხები როგორც თავად მ-------------ის სახელზე, ისე ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ, არამომგებიან საწარმოებზე. ჯამურად სესხის სახით მ--------------ზე გაიცა მსესხებელთა მიერ შეტანილი 10 326 096 ლარი, 13 904 534 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს "განთიადზე"- 328 000 ლარი და 108 300 აშშ დოლარი, რაც უკან არ დაუბრუნებიათ და მ--------------მ გამოიყენა პირადი შეხედულებისამებრ. მიღებული თანხების არამიზნობრივი ხარჯვიდან გამომდინარე შ--------------------------------------–----- ვეღარ უზრუნველყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება და 2343 მოქალაქეს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განაჩენის მიხედვით, მ-------------ის და თ-------–---–----ის ქმედებებში სახეზეა დანაშაულში თანამონაწილეობა, რაც ნიშნავს მათ განზრახ ერთობლივ მოქმედებას განსაზღვრული დანაშაულის ჩადენაში. წამქეზებლის მოქმედება გულისხმობს აქტიურ ფსიქიკურ ზემოქმედებას ამსრულებლის ნებაზე და იგი ამსრულებლის მოქმედებით იქცევა დანაშაულებრივი შედეგის ერთ-ერთ აუცილებელ პირობად. თ-------–---–----ის ჩვენებით, მას გააჩნდა მ-------------ის მიმართ მაღალი ნდობა, ვინაიდან იგი მართავდა კომპანიის საორგანიზაციო და ფინანსურ საქმიანობას. ნდობის ამგვარი ხარისხი მაჩვენებელია, რომ მ--------------მ დაიყოლია თ-------–---–----- კომპანიის კუთვნილი თანხები განეკარგა მ. ფერაძის ინტერესების და მითითებების შესაბამისად და არა კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით, რის შედეგადაც მ-------------ის მოქმედება თ-------–---–----ის მეშვეობით უკავშირდება დაზარალებულთათვის მიყენებულ ზიანს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული ნორმით მოწესრიგებულია სასამართლო განაჩენის სამართლებრივი დატვირთულობა დელიქტურ ვალდებულებებში და მოიცავს სასამართლო განაჩენის დანიშნულებას პირის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების მტკიცების თვალსაზრისით.

 

განაჩენის არსებობა იმთავითვე გულისხმობს ქმედების მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ხასიათს, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. ამდენად, თუ პირის მიმართ არსებობს სასამართლო განაჩენი, რის საფუძველზეც დაზარალებული ითხოვს ზიანის ანაზღაურებას, მასში იმთავითვე გათვალისწინებულია დელიქტური ვალდებულებისათვის აუცილებელი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ხასიათი და მოსარჩელე არ არის ვალდებული დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენით ამტკიცოს აღნიშნული გარემოება.

 

ამავე კოდექსის 30920 მუხლის მე-2 ნაწილით ზიანის მიყენების ფაქტი სასამართლოს კვლევის საგანს არ წარმოადგენს, არამედ, უდავოდ მიიჩნევა ამავე ნორმით დადგენილი მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში (კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი განაჩენს სასამართლო შეაფასებს, როგორც შეუდავებელ წერილობით მტკიცებულებას, დელიქტური პასუხისმგებლობისათვის აუცილებელი ცალკეული ელემენტების დადგენის თვალსაზრისით. კერძოდ, სასამართლომ განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მიუხედავად სამართალწარმოების სახისა, ქვეყნის სახელით სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, შესაბამისი იურიდიული შედეგის მატარებელია და სამოქალაქო სამართლის მიზნებისათვის იგი უნდა შეფასდეს საპროცესო წესების განუხრელი დაცვით. მართალია თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, წინამდებარე დავაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლით პირდაპირ დადგენილი პრეიუდიციული ძალა არ გააჩნია, თუმცა, მას ღირებულებითი მნიშვნელობა გააჩნია მოცემულ შემთხვევაში.

 

შესაბამისად, საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, მ-------------ის, თ-------–---–----ის, თ----------------–ის მიერ დაზარალებულის (მოსარჩელის) კუთვნილი ფულადი სახსრების არამართლზომიერად დაუფლების, განაჩენით დადასტურებული ფაქტი, მოპასუხეების ქმედებაში დელიქტური ვალდებულების წინაპირობების (ბრალის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ელემენტების) არსებობის საფუძველია.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ რაც შეეხება უშუალოდ დამდგარი ზიანის ოდენობას, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია სარჩელის საფუძვლად მითითებული სადავო გარემოების, დანაშაულის შედეგად მოსარჩელისათვის 4026 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად. კერძოდ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სესხის ხელშეკრულებები, რომლითაც შ--------------------------------------–----- მოსარჩელისგან ისესხა საერთო ჯამში სესხის ძირითადი თანხა - 3000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელსაც ერიცხებოდა სარგებელი. განაჩენით დადასტურებულია, რომ მოპასუხეები კომპანიის ფინანსურ აქტივებს იყენებდნენ პირადი მიზნით, რის შედეგადაც დაზარალდა 2343 მოქალაქე. მათ შორის საქმეში წარმოდგენილია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე მოსარჩელის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება. სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ-----------მ სრულად უზრუნველყო სარჩელში დასახელებული ფაქტების უტყუარად დადასტურება. რაც შეეხება მოპასუხეებს, აღნიშნულის საწინააღმდეგო დამადასტურებელი მტკიცებულებებით შედავება არ განუხორციელებიათ.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.7. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიუთიითა, რომ მოსარჩელე და შ-------------------------------------–--- შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე: ხელშეკრულების საგანზე - სესხის სახით განსაზღვრული თანხის გაცემაზე, შესაბამის საპროცენტო განაკვეთზე და სესხის დაბრუნების ვადაზე. სახეზეა შემთხვევა, რომელიც ნ-----------ს და შ-------------------------------------–---- შორის წარმოშობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.

 

დადგენილია, რომ გამსესხებელმა შეასრულა სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და მსესხებელს შ-------------------------------------–---- 2015 წლის 11 ნოემბერს გადასცა 3000 აშშ დოლარი.

 

სესხის ხელშეკრულების 1.5 პუნქტის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით პროცენტის გატანა მოხდებოდა სესხის ხელშეკრულების ვადის დასრულების შემდეგ. კერძოდ, 2016 წლის 11 ნოემბერს შ--------------------------------------–----- გამსესხებლისთვის უნდა დაებრუნებინა სესხის ძირითადი თანხა - 3000 აშშ დოლარი და სარგებელი -1026 აშშ დოლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: (ა) შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა; (ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. დადასტურებულია, რომ კრედიტორს გასესხებული თანხა სარგებელთან ერთად არ მიუღია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, დამატებითი ვადის განსაზღვრა არ არის საჭირო, თუ აშკარაა, რომ მას რაიმე შედეგი არ მოჰყვება, ან როცა არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, რომლებიც ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით ამართლებენ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაუყოვნებლივ გამოყენებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელ მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილი განაჩენით დასტურდება მოპასუხეთა ბრალეულობა და ნ----------ის მიმართ ზიანის მიყენების ფაქტი.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ ერთის მხრივ შ------------------------------------–---- და მეორეს მხრივ მ-------------ის, თ-------–---–----ის, თ----------------–ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მოსარჩელე ნ-----------ს მიადგა - 4026 აშშ დოლარის მატერიალური ზიანი. შესაბამისად უდავოა, რომ სარჩელში დასახელებული მოპასუხეები სოლიდარულად წარმოადგენენ მოსარჩელისთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელ სუბიექტებს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობები, რომლის საფუძველზეც, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ 4026 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ითხოვდა ძირი თანხის ნაწილში 3000 აშშ დოლარს და სარგებლის ნაწილში 1026 აშშ დოლარს, შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული თანხა 4260 აშშ დოლარი წარმოადგენს ტექნიკურ ხარვეზს, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ზიანის ანაზღაურების სახით 3000+1026 =4026 აშშ დოლარი უნდა დაკმაყოფილებულიყო სრულად.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით, მოსამართლემ არასწორად მიიჩნია უდავოდ 2015 წლის 11 ნოემბრის სესხის ხელშეკრულება. სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა გამომდინარეობს სწორად სესხის ხელშეკრულებიდან და ის წარმოდგენილია, როგორც ძირითადი მტკიცებულება. მოპასუხე მ-------------- არასოდეს არ იყო შ--------------------------------------–----- თანამშრომელი, დამფუძნებელი ან კომპანიის დირექტორი და მას არც ამ ეტაპზე გააჩდა წვდომა კომპანიის დოკუმენტაციასთან. ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებელს წარმოადგენს იურიდიული კომპანია, რომელიც ვალდებულია დააბრუნოს ნასესხები თანხა. მხოლოდ ხელშეკრულება ვერ იქნება მიჩნეული ისეთ მტკიცებულებად, რომელიც უტყუარად ადასტურებს ვალის არსებობას.

 

აპელანტის მითითებით, მოსამართლე საქმეს იხილავს დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიმართულებით და ცდილობს არ შეეხოს ხელშეკრულებას, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში საქმეს მიეცემა არა დელიქტიდან არამედ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული ხასიათი, სადაც მოპასუხედ უკვე ვერანაირად ვერ იქნება მ---------------- შესაბამისად, დელიქტის კუთხით საქმის განხილვა მეტად მომგებიანია მოსარჩელისთვის. მოსამართლე იხილავს სახელშეკრულებო ურთირთობებსაც და ანგარიშს პროცენტის ოდენობას და უთითებს, რომ ეს იყო ზიანი, მაშინ როცა პროცენტის მიუღებლობა არის მხოლოდ მიუღებელი შემოსავალი და არ იყო გადაცემული მსესხებლისთვის, როფორც პირადი თანხა.

 

3.2. აპელანტი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებას საერთოდ არ ეთანხმება. იურიდიული პირი, კერძოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს მთელი საკუთარი ქონებით. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი განმარტავს იმ შემთხვევებს, როდესაც პასუხისმგებლობა ცდება კომპანიის პასუხისმგებლობის ფარგლებს და როცა დირექტორი ან დამფუძნებალი პასუხს კრედიტორების წინაშე პირადი ქონებითაც, გამჭოლი პასუხისმგებლობით. საზოგადოების პარტნიორები და დირექტორი საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. თუ ანაზღაურება აუცილებელია, საზოგადოების ხელმძღვანელების ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებდნენ პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად. აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის მოსაზრებას, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთა მიმართ გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან და მიაჩნია, რომ განსახილველი შემთხვევა უნდა დარეგულირდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით და მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით.

 

3.3. უზენაესი სასამართლოს განმარტებით კომპანიის პარტნიორებისა და დირექტორის მიმართ სისხლის სამართლის განაჩენის არსებობა საკმარისი არ არის მათთვის სადავო ვალდებულების უპირობოდ დაკისრებისათვის, რადგან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლევის გარეშე არ შეიძლება ჩაითვალოს უტყუარად დამტკიცებულად. ამ მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენი სამოქალაქო სამართალწარმოებისას წარმოადგენს მხოლოდ ერთ-ერთ მტკიცებულებას და იგი საჭიროებს შეფასებას სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. აპელანტის მითითებით, მ---------------- უშუალოდ მოსარჩელისათვის ზიანი არ მიუყენებია. მ--------------ს ქონდა სასესხო ურთიერთობა შ--------------------------------------–--------- და მხოლოდ მისი ხელმძღვანელობა იყო პასუხისმგებელი საკუთარი ქმედებებისათვის კრედიტორების წინაშე. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს კონკრეტული შემთხვევის რეგულრების სამართლებრივ გზებს. მ---------------- ზიანის ანაზღაურება ევალება მხოლოდ შ----------------------------- წინაშე და მისთვის თანხის დაკისრებისას არ შეიძლება მისი პასუხისმგებლობის შეფასება იგივენაირად და იგივე ჩარჩოებში როგორც კომპანიის ხელმძღვანელობის შემთხვევაში. გადაწყვეტილება იმდენად დაუსბუთებელია, რომ არცერთ მსჯელობაში ვერ იკვეთება მიზეზობრივი კავშირი და ნებისმიერი მსჯელობის დროს საკითხი მაინც გამომდინარეობს შპს-ს და მოსარჩლის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან. რატომ არ მსჯელობს მოსამართლე გამჭოლ პასუხისმგებლობაზე, როგორ შეიძლება კომპანიის ხელმძღვანელობა და ფიზიკური პირი პასუხს აგებდნენ ერთნაირად. რით დაადასტურა მხარემ, რომ სწორად მ---------------- ქმედების გამო მოსარჩელეს მიადგა ზიანი, განაჩენში შავით თეთრზე წერია, რომ მ---------------- რომც დაებრუნებინა კომპანიაში მის მიერ ნასესხები თანხები, ამით კომპანია მაინც ვერ გადარჩებოდა.

 

მიზეზობრივი კავშირის არ არის გამოკვეთილი გადაწყვეტილებაში და ის ძალზე ზედაპირულია. ასევე, მითითებულია, რომ მ--------------მ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, თუმცა სასამართლოსთვის კარგად იყო ცნობილი, რომ მ--------------ს შ---------------------------------------–--–--- არ ქონდა დაკავებული არანაირი სამსახურეობრივი მდგომარეობა.

 

3.4. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ საქმე უნდა განხილულ იქნეს სულ სხვა სამართლებრივი მიმართულებით, კერძოდ კი სამეწარმეო და სახელშეკრულებო ურთიეთობიდან გამომდინარე მიმართულებით, რაც კანონით გათვალისწინებულია, ხოლო მსგავსი საკითხის სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის გამოყენებთ გადაწყვეტა სამოქალაქო პრაქტიკას ჯერ არ უნახავს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება, მიიღება განჩინების ფორმით. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და/ან სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით .

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს (წინამდებარე განჩინების 2.1. – 2.7. პუნქტები).

4.2. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა მიერ ნ----------ის მიმართ, ზიანის ანაზღაურების მიზნით სოლიდარულად 4026 აშშ დოლარის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არსებობს.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.

4.3. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის (დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება) სამართლებრივ საფუძველს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და 998.1-ე (თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები) მუხლები წარმოადგენს.

 

4.4. სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეებმა დანაშაულებრივი ქმედებით, კერძოდ, 2015 წლის 11 ნოემბერს ნ-----------მ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე შ---------------------------------------–----- 6 თვის ვადით გადასცა 3000 აშშ დოლარი. წლიური 36% დარიცხვით. სესხის ხელშეკრულების 1.5 პუნქტის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით პროცენტის გატანა მოხდებოდა სესხის ხელშეკრულების ვადის დასრულების შემდეგ. კერძოდ, 2016 წლის 11 ნოემბერს შ--------------------------------------–----- გამსესხებლისთვის უნდა დაებრუნებინა სესხის ძირითადი თანხა - 3000 აშშ დოლარი და სარგებელი - 1026 აშშ დოლარი.

ზიანის მიყენების ფაქტის და მისი ოდენობის დასამტკიცებლად მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა 2016 წლის 14 დეკემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება, რომლის თანახმად, მოსარჩელე ნ----------- დაზარალებულად იქნა ცნობილი და მისი რიგითი ნომერია 2099. (ტ. І, ს.ფ. 127-130) და 2015 წლის 11 ნოემბრის სესხის ხელშეკრულება, შ--------------------------------------–----- ანგარიშზე თანხის შეტანის დამადასტურებელი N8213 სალაროს ორდერი. (ტ. І, ს.ფ.20-24).

4.5. საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა ასევე წარმოადგენს სავალდებულო პირობას დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომისათვის. ამასთან, ზიანი უნდა იყოს პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი ზიანის მიმყენებლის მოქმედებისა (უმოქმედობისა). ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.

ერთ-ერთ საქმეში საკასაციო პალატამ განმარტა სსსკ-ის XXXIV3 თავით გათვალისწინებული სპეციალური მოწესრიგების პროცედურული მნიშვნელობა და აღნიშნა: „ამ კატეგორიის საქმეების განხილვის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს პრეიუდიციული მნიშვნელობა გააჩნიათ (სსსკ-ის 30920 მუხლის მე-2 ნაწილი), რაც იმას გულისხმობს, რომ დამტკიცებულად და განხორციელებულად ითვლება დელიქტური სამართლის დამფუძნებელი ნორმის, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წანამძღვარი: მოქმედების მართლსაწინააღმდეგობა, ზიანი, ადექვატური მიზეზობრივი კავშირი და ბრალი“ (იხ. №ას-176-163-2015, 4 ოქტომბერი, 2016 წელი).

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენას ყოველთვის წინ უძღვის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასება, რაც მოიცავს მტკიცებულებების შემოწმებას დასაშვებობის, შემხებლობის და უტყუარობის კუთხით, აგრეთვე მტკიცებულებათა საკმარისობაზე მსჯელობას და მათ შეფასებას ერთობლიობაში. მტკიცებულებათა დასაშვებობა შესაძლებელია დადგენილი იყოს როგორც მატერიალური კანონით, ასევე საპროცესო კანონით. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის გამარტივებული წესით განხილვის მარეგულირებელი ნორმებით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავი) მოწესრიგებულია როგორც წმინდა პროცესუალური საკითხები (დასაშვებობა, განსჯადობა და ა.შ.), ასევე მტკიცებულებათა დასაშვებობასთან დაკავშირებული საკითხები.

4.6. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით საქმეზე 1/719-17 შ--------------------------------------–---- დამფუძნებელი თ----------------–ი, დირექტორი თ-------–---–----- და ფაქტობრივი მმართველი მ---------------ე მეანაბრეთა, მათ შორის ნ-------------- კუთვნილი თანხების მითვისების გამო, ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით.

ამდენად, ზემოაღნიშნული განაჩენის საფუძველზე დადგენილია, რომ შ--------------------------------------–----- დირექტორმა თ-------–---–-----მ, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, მ-------------ის წაქეზებით და თ----------------–ის დახმარებით, მეანაბრეთა მიერ შეტანილი თანხები უკანონოდ გასცა სესხის სახით მ--------------ზე, რაც მან გამოიყენა პირადი შეხედულებისამებრ და უკან არ დაუბრუნებია. აღნიშნულის შედეგად კომპანიამ ვერ უზრუნველყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება და მეანაბრეებს, მათ შორის ნ-----------ს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. უდავოა, რომ მოსარჩელე ნ-----------ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიადგა ზიანი - 4260 აშშ დოლარის ზიანი, საიდანაც სესხის სახით გადაცემული თანხაა - 3000 აშშ დოლარი, ხოლო 1026 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი, რომელიც მოსარჩელეს უნდა მიეღო შ--------------------------------------–----- მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხეების: მ-------------ის, თ-------–---–----ის, თ----------------–ისა და შ--------------------------------------–---- მხრიდან კონკრეტული დანაშაულის ჩადენა სათანადო მტკიცებულებით დასტურდება, შესაბამისად, მათ მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა საფუძვლიანია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენში ვკითხულობთ, რომ მართალია, ოფიციალურად მ--------------ს არც ერთ და არც მეორე საფინანსო კომპანიაში არ გააჩნდა რაიმე სახის წილი და არ იყო კომპანიის თანამშრომელი, მაგრამ რეალურად ის იყო კომპანიის ფაქტობრივი მმართველი, რაც ფაქტობრივად სააპელაციო სასამართლოში დაადასტურა მ--------------მაც.

მოცემულ შემთხვევაში ის გარემოება, რომ მ--------------ს შ---------------------------------------–--–--- არ ქონდა დაკავებული არანაირი სამსახურეობრივი მდგომარეობა არ წარმოადგენს იმის საფუძველს რომ საქმე უნდა განხილულ იქნეს ,,სულ სხვა სამართლებრივი მიმართულებით, როგორც ამას აპელანტი მიუთითებს, კერძოდ კი სამეწარმეო და სახელშეკრულებო ურთიეთობიდან გამომდინარე მიმართულებით, რაც კანონით გათვალისწინებულია, ხოლო მსგავსი საკითხის სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის გამოყენებთ გადაწყვეტა სამოქალაქო პრაქტიკას ჯერ არ უნახავს.“

 

ერთ-ერთ სამოქალაქო საქმეზე საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს აღარ გააჩნიათ პრეიუდიციული ძალა, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილია განაჩენი, თუმცა სსსკ-ის 30920 მუხლის, ფორმულირებით, დანაშაულის მიყენების ფაქტი პრეიუდიციის რანგშია აყვანილი ანუ მიჩნეულია ფაქტად, რომელიც მტკიცებას არ საჭიროებს. „საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სსსკ-ის 106-ე მუხლზე მითითება ამავე კოდექსის 30920 მუხლის მეორე ნაწილის გაუთვალისწინებლად არ შეიძლება. მართალია, სსსკ-ის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი („ფაქტები იმის შესახებ, განხორციელდა თუ არა მოქმედება და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება ამ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქოსამართლებრივი შედეგების შესახებ, რომლის მიმართაც გამოტანილია საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება“) 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული ცვლილების შედეგად ამოღებულ იქნა, მაგრამ იმავე წლის 15 დეკემბრის კანონით (№4075.სსმ1, №76) განხორციელებული ცვლილებით დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნების განხილვისას მოქმედებს განსხვავებული წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ კანონიერ ძალაში შესულ განაჩენში მითითებული სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები ხელახლა არ დგინდება, ანუ ისინი დადგენილად მიიჩნევა (სსსკ-ის XXXIV თავი)“ (შდრ. სუსგ №ას-638-605-2014, 22 აპრილი, 2016).

როდესაც სახეზეა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი ფაქტები და მხოლოდ ,,მეწარმეთ შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესებით ვერ შემოიფარგლება სასამართლო.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. ანალოგიურად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის მიხედვით, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენიდან ცალსახად დგინდება ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მოპასუხეებს ბრალი სწორედ იმ დანაშაულის ჩადენისთვის შეეფარდა, რომელი დანაშაულით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაც განსახილველი სარჩელითაა მოთხოვნილი, აღნიშნულ ფაქტს სააპელაციო პალატა უდავოდ დადგენილად მიიჩნევს.

რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920 მუხლს, აღნიშნული ნორმა ადგენს დელიქტით მიყენებული ზიანის თაობაზე წარდგენილი სარჩელის განხილვის წესს. მითითებული მუხლი იმპერატიულად ადგენს ასევე, თუ რა უნდა ჩაითვალოს დადასტურებულად, ანუ ე.წ. პრეიუდიციად. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაში ნათლად და მკაფიოდ იკითხება: ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა მხოლოდ ზიანის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს გააჩნია. საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ამ სპეციალური წარმოების არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ე.ი. თავად მიყენებული ზიანის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის კვლევა. თუკი ზიანი დანაშაულის შედეგად დადგა, ყველა აღნიშნული გარემოება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დასტურდება. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, აღნიშნულთან მიმართებით მსჯელობას შესაძლებელია შეიცავდეს თავად განაჩენი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, სხვა შემთხვევებში, კი, ზიანის გაანგარიშება დასაშვებია უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის განჩინება საქმეზე N937-888-2012, ასევე, ამავე სასამართლოს 2019 წლის 04 აპრილის განჩინება საქმეზე Nას-1322-2018.)

4.7. რაც შეეხება, აპელანტის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით. სასამართლო განმარტავს, ეს ნორმა საწარმოს და არა მოსარჩელეს ანიჭებდა მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას („ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ“).

4.8. მოცემულ შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია ზიანის მიყენების ფაქტი და სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და მოსარჩელემ განიცადა მატერიალური ზიანი, 998.1-ე (თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები), (ადექვატური მიზეზობრივი კავშირი);

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც მართებულად დაკმაყოფილდა სარჩელი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე,390-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. მ---------------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მიხეილ გოგიშვილი