განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 120210018002786552
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/4580-19 27 სექტემბერი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე – ქეთევან მესხიშვილი
სხდომის მდივანი – ანა ჩიკვაიძე
აპელანტი - მ--- უ----------, ვ------- კ--–---
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ----------- კ--------ი“
წარმომადგენელი - გ-----------------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „მ----------- კ--------ის“ წარმომადგენელმა ნ------------–---–-- ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების მ--- უ----------სა და ვ------- კ--–---ს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოპასუხეებისთვის შპს „მ----------- კ--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად 9 782.38 ლარის (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 5 470.33 ლარი, სარგებელი - 4 212.05 ლარი, ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების საფასური - 100 ლარი) გადახდის დაკისრება მოითხოვა.
2. მოპასუხეებმა სარჩელი 2000 ლარის ნაწილში ცნეს.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს სოლიდარულად 7744.19 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება დაეკისრათ.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება მ--- უ----------მ და ვ------- კ--–---მ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. 2017 წლის 11 აპრილს შპს „მ----------- კ--------სა“ და მ--- უ----------ს შორის საკრედიტო ხაზის უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, მსესხებელზე სესხი 6967 ლარი, თვეში - 0.5% სარგებლის დარიცხვით, 36 თვის ვადით, გაიცა. ხელშეკრულების 3.4 პუნქტით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის, რომელიც ერთიდან ხუთი კალენდარული დღის ჩათვლით გადაცილებისათვის, თითოეულ გადაცილებულ დღეზე - 12 ლარს, ხოლო, გადახდის ვადის მე-6 დღიდან თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის - 6 ლარს შეადგენდა. სესხის უზრუნველსაყოფად მ--- უ----------ს კუთვნილი ავტომობილი - „MERCEDES-BENZ C180“, სარეგისტრაციო ნომერი - V------, გირავნობით დაიტვირთა (ტომი I, ს.ფ. 17-25).
6. 2017 წლის 11 აპრილის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 11 აპრილს სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც ვ------- კ--–---მ გამსესხებლის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, ვალდებულება იკისრა. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა 30000 ლარით განისაზღვრა (ტომი I, ს.ფ. 26-29).
7. მოპასუხეებმა სესხის ძირი თანხა - 72.42 ლარი და სარგებელი - 349.58 ლარი დაფარეს (ტომი I, ს.ფ. 2-15, 61-72, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
8. G--------ის შემფასებლის ი----------–--–---–-ს მიერ შესაფასებელი ობიექტის საბაზრო ღირებულება, დასკვნაში მოცემული ფაქტების გათვალისწინებით, 2017 წლის 3 აგვისტოს მდგომარეობით, 3800 ლარს შეადგენდა, ხოლო, მისი ლიკვიდური ფასი 3200 ლარი იყო. ავტომობილის შეფასების დასკვნის მომზადებისათვის მოსარჩელემ 100 ლარი გადაიხადა.
ავტომობილი 2017 წლის 13 სექტემბერს 3400 ლარად ე------------------- შეიძინა. მიღებული თანხა შპს „მ----------- კ--------მა“ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისკენ შემდეგი გაანგარიშებით მიმართა: სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო 594 ლარი და დარიცხული სარგებელი 1381,78 ლარი გაიქვითა. დარჩენილი თანხა, ძირითადი თანხის დასაფარად საკმარისი არ იყო და შესაბამისად, ძირითადი თანხიდან 1424,25 ლარი გაიქვითა.
ავტომობილის რეალიზაციის მომენტში სესხის ძირითადი თანხის დავალიანება 6894,58 ლარს, ხოლო, რეალიზაციის შემდეგ გადასახდელი ძირითადი თანხა 5470,33 ლარს შეადგენდა, რომელსაც, კვლავ ერიცხებოდა სარგებელი ყოველთვიურად 5% ოდენობით (ტომი I, ს.ფ. 30-51).
9. სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მ--- უ----------სა და ვ------- კ--–---ს სესხის ძირი თანხის სახით, 7744,19 ლარის გადახდის ვალდებულება არ უნდა დაჰკისრებოდათ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ აპელანტებს მოწინააღმდეგე მხარისგან ფულადი თანხა იმ ავტომანქანის შესაძენად გადაეცათ, რომელიც მოგვიანებით გირავნობით იქნა დატვირთული. სესხისა და გირავნობის თანხა, სულ, 6967 ლარს შეადგენდა. ხელშეკრულება 2017 წლის 11 აპრილს დაიდო, ხოლო აპელანტების მიერ ავტომანქანის მოგირავნესთვის უკან გადაცემა 2017 წლის 02 აგვისტოს, ანუ სამი თვისა და სამი კვირის შემდგომ მოხდა.
ავტომობილის მოგირავნესთვის დაბრუნების შემდეგ, შპს „მ----------- კ--------ის“ დაკვეთით G--------მა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიში გასცა, რომლითაც ობიექტის საბაზრო ღირებულება, დასკვნაში მოცემული ფაქტების გათვალისწინებით, 2017 წლის 3 აგვისტოს მდგომარეობით, 3800 ლარით ხოლო, მისი ლიკვიდური ფასი 3200 ლარით განისაზღვრა.
2017 წლის 13 სექტემბერს შპს „მ----------- კ--------მა“ გირავნობის საგნის რეალიზაცია 3400 ლარად უზრუნველყო, ამონაგები თანხით აპელანტების დავალიანება შემდეგი თანმიმდევრობით დაიფარა: დარიცხული პირგასამტეხლო 594 ლარი, სარგებელი 1381,78 ლარი და ძირითადი თანხა 1424,25 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ცალსახაა, რომ მოსარჩელე მოპასუხეებისთვის დასაკისრებელ ფულად ვალდებულებას სწორედ იმ შეფასებას ამყარებდა, რომლითაც გირავნობის საგნის შეფასება და შემდგომ, გასხვისება მოხდა. როგორც პირველ, ასევე, სააპელაციო ინსტანციაშიც, საქმის განხილვისას, მოპასუხეები/აპელანტები მიუთითებდნენ, რომ შედგენილი დასკვნა სანდო არ იყო, მისი გასხვისება ძალიან დაბალ ფასში მოხდა, რამაც თავის მხრივ, აპელანტებისთვის დასაკისრებელი სესხის თანხის მოცულობა გაზარდა. განხორციელებული შედავების ფარგლებში, სააპელაციო სასამართლო, როგორც ფაქტების დამდგენი სასამართლო, უფლებამოსილია შეაფასოს საქმის მასალებში არსებული წერილობითი მტკიცებულება და განსაჯოს არსებობდა თუ არა აპელანტებისთვის 7744,19 ლარის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
10. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სამოქალაქო პროცესი დისპოზიციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავად წყვეტს, აღძრას თუ არა სარჩელი, ვის წინააღმდეგ აღძრას, რა მოითხოვოს, რის საფუძველზე და რით ადასტუროს თავისი მოთხოვნა. სამოქალაქო სამართალწარმოება არ ემსახურება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, იგი დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დამოკიდებულია იმაზე, სარჩელი წარდგენილია თუ არა მოთხოვნაზე პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილია თუ არა მხარის მიერ. შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან დაკმაყოფილებაზე უარს დიდ წილად სამართალწარმოების მოწინააღმდეგე მხარის სათანადოდ შერჩევა და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების ჯეროვნად დადასტურება განაპირობებს.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
რაც შეეხება მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებათა სტანდარტს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სააპელაციო სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს გულისხმობს. შესაპირისპირებელი მტკიცებულებები სანდოობის, სარწმუნოობისა და ობიექტურობის თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, რაც, რა საკვირველია, არა მხოლოდ ამ მტკიცებულების, როგორც ინდივიდუალურად აღებულის, არამედ, მხარეთა შორის უდავო/სადავო ფაქტებისა და მათი განვითარების ქრონოლოგიასთან, ასევე, მოწინააღმდეგე მხარის მიერ გამოთქმულ შედავებებთან ერთობლიობაში უნდა შემოწმდეს და ამ გზით უნდა დადგინდეს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები.
მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული სასამართლოს როლს მტკიცებულებების დასაშვებად ცნობასა და მათი შეფასების ნაწილში, ასევე, ამყარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალიც, რომლის თანახმად, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი მხოლოდ პროცესუალურ დონეზე მტკიცებულების ადმინისტრირებას მოიცავს. მტკიცებულების დასაშვებობა ან ის თუ, როგორ უნდა შეფასდეს იგი, პირველ ყოვლისა, ეროვნული სასამართლოების კომპეტენციაა, ეროვნული სასამართლოების ამოცანაა შეაფასონ მათ წინაშე არსებული მტკიცებულებები, ამრიგად, კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ევროსასამართლოს შესაძლებლობას არ აძლევს მხოლოდ მტკიცებულებათა შეფასების მხრივ ეჭვქვეშ დააყენოს სამოქალაქო დავის შედეგის სამართლიანობა. თუმცა, სტრასბურგის სასამართლო მტკიცებულებათა შეფასების კონტექსტში მუდმივად აღნიშნავს, რომ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, სასამართლოები ვალდებულნი არიან პროცესის სამართლიანობა უზრუნველყონ, რომელიც, ასევე, მოიცავს მტკიცებულებათა მოპოვების პროცესის სამართლიანობის შემოწმებას. სხვა მხრივ, მხოლოდ ეროვნული სასამართლოს პრეროგატივაა შეაფასოს მხარეთა არგუმენტები, მტკიცებულებები და საქმის სხვა ფაქტობრივი გარემოებები.
2017 წლის 03 აგვისტოს მდგომარეობით შედგენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიში არ მიუთითებს სატრანსპორტო საშუალებაზე გარეგნული ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანებების თაობაზე, დასკვნაში აღწერილი ავტომობილის ტექნიკური აღწერილობა მხოლოდ ავტომანქანის სავალი ნაწილებისა და ვიზუალურ მდგომარეობას ასახავს. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2019 წლის 27 სექტემბერს ჩატარებული ზეპირი მოსმენის დროს, სასამართლოს შეკითხვაზე თუ რა გარემოებამ გამოიწვია ავტომანქანის ღირებულების თითქმის განახევრება მაშინ, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალება აპელანტების მფლობელობაში მხოლოდ სამი თვისა და სამი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, მით უფრო, ისეთ პირობებში, როდესაც ავარიას ან მანქანაზე სხვაგვარ გარეგნულ ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია, შპს „მ----------- კ--------ის“ მიერ ახსნილი არ ყოფილა.
დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ მოცემული დასკვნა მოიცავს შემფასებლის პერსონალურ აზრს მის მიერ დადგენილი ღირებულების მაჩვენებელთან მიმართებაში და იგი არ შეიძლება ჩაითვალოს გარანტად იმისა, რომ შესაფასებელი ქონება ზუსტად შეფასებული ღირებულების ტოლია. ამასთან აღნიშნულია, რომ ღირებულების საბოლოო მაჩვენებელი წარმოადგენს მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად მიღებულ შედეგს და არ წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ ბაზარზე არ შეიძლება არსებობდეს სხვა შეთავაზებები ან გარიგების ფაქტები, რომლებიც თანხობრივი მაჩვენებლით განსხვავდებიან.
დასკვნაში მოყვანილი აღნიშნული მსჯელობა, როგორც შინაარსობრივი, გრამატიკული ასევე, ლოგიკური შეფასების შედეგად მიანიშნებს, რომ ექსპერტიზის დასკვნა იმპერატიული ხასიათის არ არის, არ ეყრდნობა კონკრეტულ ფაქტებს და დასკვნაში მითითებული დაზიანების წარმომავლობის შესახებ იმპერატიულ დასკვნებს არ იძლევა. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია აღინიშნოს, რომ ექსპერტიზის დასკვნას მისი შემდგენის კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი არ ერთვის. შესაბამისად, ჩნდება გონივრული ეჭვი მასზედ, გააჩნდა თუ არა მას მსგავსი დასკვნის შედგენის კვალიფიკაცია, იყო თუ არა გაფრთხილებული ექსპერტიზის ჩატარების სისწორის მნიშვნელობასა და მოსალოდნელ შედეგებზე. ამიტომ, ამ მიმართებით სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით მოსარჩელის მიერ უტყუარად და ცალსახად ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა, არ შეიძლება ყოფილიყო იმაზე მეტი ან ნაკლები, რა ფასადაც მისი რეალიზაცია მოხდა, ანუ სასამართლოს წინაშე დადასტურებული არ არის ფულადი თანხის ოდენობა, რომელსაც მოსარჩელე მოპასუხისგან მოითხოვდა.
11. სააპელაციო პალატის მიერ ზემოთგანვითარებულ მსჯელობას ვერ შეცვლიდა მითითება მასზედ, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებები, რომლითაც სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების გაფორმებისას გირავნობის საგნის რეალურზე მეტ ღირებულებად შეფასება დადასტურდებოდა, ანუ არ არსებობს ისეთი შესადარებელი მტკიცებულება, რომელიც ცალსახად გამორიცხავდა, რომ ხელშეკრულების გაფორმებისას მხარეს დაბალ ღირებულებიანი სატრანსპორტო საშუალება 6967 ლარად გადაეცა და მსესხებელმა აღნიშნულზე თანხმობა განაცხადა. ამ მიმართებით სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, მომხმარებელთან დადებული გარიგების დადების სპეციფიურობასა და მომხმარებლის, როგორც ნაკლებად დაცული მხარის, ინფორმირების სტანდარტზე.
უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ „ასოცირების შესახებ შეთანხმება“ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოვების სამოქმედო გეგმაა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. დარგობრივი პოლიტიკის სფეროებში თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოს ეტაპობრივ დაახლოვებას ევროკავშირის სტანდარტებთან. შეთანხმება ითვალისწინებს თითოეულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და ევროკავშირის მხრიდან შესაბამისი რეფორმების მხარდაჭერას. საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულება მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში ევროკავშირის კარგი პრაქტიკის გათვალისწინებასაც გულისხმობს, კერძოდ, შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწასა და ევროკავშირის შესაბამისი სტანდარტების დანერგვას, საქართველოსა და ევროკავშირის მომხმარებელთა უფლებების დამცველ დამოუკიდებელ ასოციაციებს შორის კონტაქტების გაღრმავებას, ინფორმაციისა და გამოცდილების ურთიერთგაცვლას და ა.შ.
განსახილველ დავასთან პირდაპირ კავშირშია ევროკავშირის 93/13/EEC დირექტივა უსამართლო სახელშეკრულებო პირობების შესახებ (), რომლის მიერ დანერგილი პრინციპების იმპლემენტაცია, საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებით ივალდებულა. დირექტივის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროკავშირის ბაზრის განვითარებას მომხმარებელთა იმ სამართლებრივი და ეკონომიკური რისკებისგან დაცვის გზით, რომელიც შემთავაზებელმა, როგორც უკეთ ინფორმირებულმა/უფრო ძლიერმა ბაზრის მოთამაშემ, ხელშეკრულების სტანდარტული პირობების მეშვეობით ხელშეკრულების უფრო სუსტ მხარესთან - მომხმარებელთან შეიძლება გადაამისამართოს. ასეთ დროს მომხმარებლებს, როგორც წესი, წართმეული აქვთ შესაძლებლობა, სერვისის მიმწოდებელს/მეწარმეს მოელაპარაკოს ან/და სტანდარტული პირობები მოლაპარაკების საგნად აქციოს. აღნიშნული დირექტივის თანახმად, იმისათვის, რათა სტანდარტული პირობა ბათილად არ იქნეს მიჩნეული, იგი შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, უნდა იყოს სამართლიანი (საქმეზე C-415/11 პარაგრაფი 76, მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ სამართლიანობა გულისხმობს აშკარა დისბალანსის არარსებობას. მომხმარებლის საუარესოდ აშკარა დისბალანსის ცნება კი ნიშნავს პირობების გაანალიზებას მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მხედველობაში მიღების გარეშე, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, რათა დადგინდეს დადებული გარიგება მომხმარებელს ნაკლებად სახარბიელო მდგომარეობაში აყენებს თუ არა, და თუ აყენებს, მაშინ, რა დოზით. იმ შემთხვევაში თუ სამართლებრივი შეფასების შედეგად დადგინდება პირობის უსამართლობა, მაშინ მომხმარებელს უნდა მიეცეს ასეთი პირობის შემდგომში გამოყენების აკრძალვის მოთხოვნის უფლებაც) და კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით მიღებული (საქმეზე C-415/11 პარაგრაფი 76, მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ იმის დასადგენად მხარეთა შორის უფლებრივი დისბალანსი კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევით წარმოიშვა, თუ არა, უნდა შეფასდეს მიმწოდებელს/გამყიდველს, სამართლიანი/თანაბარი მოლაპარაკების წარმოების პირობებში, შეეძლო ევარაუდა, თუ არა, რომ მომხმარებელი იგივე პირობას იმ შემთხვევაშიც დაეთანხმებოდა, თუ მათი შეთანხმება მხარეთა მიერ პირადად/ინდივიდუალურად იქნებოდა შეთანხმებული) (დირექტივის 3.1 მუხლი). ასევე დირექტივის მე-4 მუხლის თანახმად, კონკრეტული პირობის შეფასების დროს, ყურადღება უნდა მიექცეს მიწოდებული საქონლის/სერვისის ბუნებას და ხელშეკრულების დადების დროს არსებულ ყველა იმ მნიშვნელოვან გარემო-პირობებს, რომელთა გათვალისწინებითაც ხელშეკრულება დაიდო.
დირექტივით მომხმარებელთა დასაცავად სამი ძირითადი მექანიზმია გათვალისწინებული, 1) როდესაც პირობა ცალსახად არასამართლიანი არაა, თუმცა, ორაზროვანია/ბუნდოვანია ან/და მისი შინაარსი საეჭვოა, ასეთი პირობა ყოველთვის მომხმარებელთა სასარგებლოდ უნდა განიმარტოს (5.1 მუხლი), 2) არასამართლიანი სტანდარტული პირობა უპირობოდ ბათილია, იგი დადების მომენტიდან, მომხმარებლისთვის სავალდებულოდ არ ითვლება, აღნიშნული არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც მომხმარებელი პირობის ბათილობას არ ითხოვს (მე-6 მუხლი) C-137-08 (49-ე პარაგრაფი) და 3) მომხმარებელს, რომელიც თავს არასამართლიანი პირობის მსხვერპლად გრძნობს, უფლება აქვს არასამართლიანი პირობებისგან დაცვის ეფექტური სამართლებრივი მექანიზმით ისარგებლოს. ამ მიმართებით ძალიან საინტერესოა დირექტივის ნოვაცია, რომლის ძალითაც, თუ მომხმარებელი არასამართლიანი პირობის შემდგომი გამოყენების აკრძალვის შესახებ მოთხოვნას დააყენებს, პირობა ბათილად ითვლება არა მხოლოდ ამ კონკრეტული მომხმარებლისთვის, არამედ ყველა სხვა ისეთი მომხმარებლისთვის, რომელსაც მიმწოდებელთან იდენტური შინაარსის ხელშეკრულება აქვს დადებული (მუხლი 7.2 და 7.3 ასევე ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე C-472-10).
განსახილველ დავასთან მიმართებით, მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს მართლმსაჯულების სასამართლოს 2006 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებას, საქმეზე C-168/05, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ საქმეებში სადაც მომხმარებელი მონაწილეობს, სასამართლოს არა უფლება, არამედ ვალდებულებაა საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს სტანდარტული პირობების ნამდვილობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუღწეველი დარჩება 93/13/EEC დირექტივის მთავარი მიზანი - დაეცვას მომხმარებელი, როგორც ხელშეკრულებაში მონაწილე ნაკლებად ინფორმირებული/სუსტი რგოლი (საქმე C-397-11 (38-ე პარაგრაფი), ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რომ მას შემდეგ, რაც კონკრეტული პირობის არასამართლიანობა დადგინდება, სასამართლომ თავისივე ინიციატივით უნდა შეაფასოს თუ რამდენად შეიძლება ხელშეკრულება, აღნიშნული პირობის გარეშე დარჩეს ძალაში).
გარდა ამისა, სხვადასხვა დროს მიღებულ გადაწყვეტილებებში, C-137-08 (46-ე პარაგრაფი), C-40/08, C-240/98 სასამართლომ მიუთითა, რომ მომხმარებელთა დაცვის სისტემა, რომელიც აღნიშნული დირექტივითაა რეგლამენტირებული, ემყარება იდეას, მასზედ, რომ მომხმარებელი მიმწოდებელთან შედარებით „სუსტი მხარეა“ არა მხოლოდ მოლაპარაკების შესაძლებლობის არქონის, არამედ მისი დაბალი ინფორმირებულობის სტანდარტის გამო.
მომხმარებელთა დაცვის მიზნებისთვის, ასევე ყურადსაღებია მტკიცების ტვირთის გადანაწილების სტანდარტიც. დირექტივის თანახმად, მიმწოდებელია ვალდებული ამტკიცოს, რომ სადავო პირობა არ არის უსამართლო სტანდარტული პირობა. ასევე, საქმეზე C 243/08 (პარაგრაფი 28) ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ აღნიშნა, რომ მომხმარებელი თავისუფლდება ამტკიცოს, რომ იგი უსამართლო სტანდარტული პირობებით არ იბოჭება, ამგვარი მტკიცების გარეშეც, უსამართლო სტანდარტული პირობა მისთვის სავალდებულო არაა.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზემოაღნიშნული მსჯელობა დღის წესრიგში დადგებოდა, აღნიშნული სააპელაციო პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენდა, ვინაიდან აპელანტები საბანკო დაწესებულების მომხმარებლებს წარმოადგენდნენ, რომლებმაც ავტოსატრანპორტო საშუალების შესაძენად სესხად გარკვეული თანხა აიღეს და სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით შეძენილი სატრანსპორტო საშუალება დატვირთეს, საქმის მასალებში კი, მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ აპელანტს სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებისა და მისი მდგომარეობის თაობაზე სრული ინფორმაცია მიეწოდა, რის შემდეგაც მომხმარებელმა ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღო და ავტომანქანა საბაზრო ღირებულებაზე ორჯერ ძვირად შეიძინა, არ არსებობს. საწინააღმდეგოს დაშვების პირობებში, კვლავ პასუხგაუცემელი რჩება კითხვა თუ რა გარემოებამ გამოიწვია გირავნობის საგნის საფასურის განახევრება მაშინ, როდესაც ავტომანქანაზე გარეგნულ ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია და იგი აპელანტის მფლობელობაში მხოლოდ სამი თვისა და სამი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.
12. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ აპელანტებს, სოლიდარულად, სესხის ძირი თანხის სახით მხოლოდ 2000 ლარის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროთ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ვინაიდან, როგორც პირველი ასევე, მეორე ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვისას მსესხებლები სარჩელით მოთხოვნილი თანხიდან (სესხის ძირი თანხა) მხოლოდ 2000 ლარის დაკისრებას ეთანხმებოდნენ, შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში აპელანტებმა სასარჩელო მოთხოვნა ცნეს და მათ სესხის ძირითადი თანხის სახით 2000 ლარი სოლიდარულად უნდა დაეკისროთ.
13. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ შპს „მ----------- კ--------ის“ მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო გონივრულ ოდენობამდე უნდა შემცირდეს და აპელანტებისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა 60 ლარით უნდა განისაზღვროს.
კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე, პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს. თუმცა, სამოქალაქო პროცესში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპისგან ერთ-ერთ გამონაკლისს სწორედ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს ინიციატივით შემცირება წარმოადგენს. სასამართლოსთვის აღნიშნული უფლების მინიჭების მნიშვნელობაზე სააპელაციო სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს, მანამდე კი პირგასამტეხლოს სამართლებრივ ბუნებასა და მისი მოვალისთვის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლებზე გაამახვილებს ყურადღებას.
14. პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის. პირგასამტეხლოს არსებობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება და მისი ფულადი თანხით გამოხატვა, რომელიც იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. აღნიშნული წინაპირობებიდან ორივე, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ვინაიდან სადავო ხელშეკრულებაში პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმება არსებობს და იგი ფულადი სახითაა -გამოსახული (ტომი I, ს.ფ. 17-24).
პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობა სადავოდ არ არის გამხდარი.
საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელშეკრულებით დგინდება, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს ანაზღაურება იყო შეთანხმებული. კერძოდ, ხელშეკრულების 3.4 პუნქტით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის, რომელიც ერთიდან ხუთი კალენდარული დღის ჩათვლით გადაცილებისათვის, თითოეულ გადაცილებულ დღეზე - 12 ლარს, ხოლო, გადახდის ვადის მე-6 დღიდან თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის - 6 ლარს შეადგენდა.
საქმეზე უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გირავნობის საგანი აპელანტებმა, ნებაყოფლობით, 2017 წლის 02 აგვისტოს, შპს „მ----------- კ--------ს“ დაუბრუნეს.
რაც შეეხება მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობას, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ იგი შეუსაბამოდ მაღალია და შემცირებას ექვემდებარება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კერძოდ, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ანუ ფულადი თანხის ოდენობა, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი ხელშეკრულებითაა შეთანხმებული, სასამართლო თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, მოკლებულია შესაძლებლობას პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი შეცვალოს. რაც შეეხება იმ გარემოებას, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.
პირგასამტეხლოს შემცირებაზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად, მხარისვე მიერ მითითებულ ფარგლებში და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ, შეუძლია გამოიყენოს სასამართლოს დისკრეცია, რაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას გულისხმობს.
პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონომიკურ შედეგებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც პირგასამტეხლოს პრაქტიკული შეფასების მიზნებს ემსახურება მდგომარეობს იმაში, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში იწყებს.
პალატა განმეორებით განმარტავს, რომ კანონით დადგენილი გამონაკლისი - სასამართლო ჩაერიოს კერძო სამართლის სუბიექტებს შორის, თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, დადებულ გარიგებით გამოვლენილ ნებაში, შეეხება მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობას და იგი სუსტი მხარის დაცვისა და მოვალის ხარჯზე კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან აცილების ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება. თუმცა, სასამართლოს უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს მის შეუზღუდავ უფლებამოსილებას - ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში და თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე დადებული გარიგების პირობები შეცვალოს. ანუ იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულებით მხარეები ცალსახად და არაორაზროვნად არიან შეთანხმებულნი პირგასამტეხლოს ოდენობის გამოთვლის პრინციპზე, ამ შემთხვევაში სასამართლო არ არის უფლებამოსილი საკუთარი გადაწყვეტილებით ხელშეკრულების მხარეებს პირგასამტეხლოს გამოთვლის სხვაგვარი პრინციპი დაუწესოს. სულ სხვა შემთხვევაა, როდესაც ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი შეთანხმებული არ არის და მხარეებმა კონსენსუსს მხოლოდ ოდენობის შესახებ მიაღწიეს, ამ შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს კრედიტორის მოქმედების ფარგლები და სამოქალაქო სამართალში მოქმედი კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე, განსაჯოს, თუ რამდენად სამართლიანი პრინციპით მოხდა პირგასამტეხლოს გამოთვლა.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, პალატამ მხედველობაში მიიღო რა, შესრულების ღირებულება, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის ვადა და მოცულობა, გაითვალისწინა პირგასამტეხლოს ფუნქცია, ასევე, მხედველობაში მიიღო აპელანტების მიერ გირავნობის საგნის ნებაყოფლობით დაბრუნება და აღნიშნული გირავნობის საგნის რეალიზაციის გზით მოგირავნის მიერ სესხის ძირითადი ნაწილის ამოღების შესაძლებლობა, მივიდა დასკვნამდე, რომ საკრედიტო ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულია და იგი ათჯერ უნდა შემცირდეს, რაც, საბოლოო ჯამში, 60 ლარით უნდა განისაზღვროს (12*5=60 (5 დღის ვადაგადაცილება); 90*6=540 (სამთვიანი ვადაგადაცილება); 60+540=600 (სახელშეკრულებო დათქმის შესაბამისად, დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ჯამი); 600/10=60 (სასამართლოს მიერ ათჯერ შემცირებული პირგასამტეხლო))
15. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ მ--- უ----------სა და ვ------- კ--–---ს ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, სარგებლის გადახდის ვალდებულება არ უნდა დაეკისროთ და მხარეთათვის დასაკისრებელი საპროცენტო სარგებელი, ჯამში, 1026 ლარით უნდა განისაზღვროს.
მოდავე მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებებში, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, მოვალისთვის თანხის სრულად დაბრუნებამდე, ყოველთვიური სარგებლის გადახდის ვალდებულების შესახებ დათქმა არ არსებობს. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის დანაწესს, რომლის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტ ორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტიდან პროცენტის გადახდევინება დასაშვებია მხოლოდ ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. იმისათვის, რათა მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, აუცილებელია, იგი დამფუძნებელი ნორმის დისპოზიციაში მოყვანილ ყველა ელემენტს აკმაყოფილებდეს. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მხარეთა შორის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ ფულადი ვალდებულების სრულად შესრულებამდე სარგებლის გადახდის ვალდებულება მოვალეს არ უკისრია, შესაბამისად, 403-ე მუხლით დადგენილი ერთ-ერთი მთავარი პირობა - გადახდის პირობაზე შეთანხმება, არ არსებობს, რაც ნორმის გამოყენების შესაძლებლობას იმთავითვე გამორიცხავს.
საქმეზე დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ მოპასუხეებმა ხელშეკრულება 2017 წლის 02 აგვისტოს შეწყვიტეს, როდესაც შპს „მ----------- კ--------ის“ გაფრთხილების შესაბამისად, გირავნობის საგანი, ნებაყოფლობით უკან გადასცეს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დგინდება, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისთვის ანუ, 2017 წლის 02 აგვისტოსთვის აპელანტებისთვის სოლიდარულად დასაკისრებელ საპროცენტო სარგებელს 1026 ლარი შეადგენდა, შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული სარგებელი სწორედ აღნიშნულ ოდენობამდე უნდა შემცირდეს.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, როგორც უკვე აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, სწორედ შპს „მ----------- კ--------ს“ უნდა ემტკიცებინა სამი თვის შემდეგ გირავნობის საგნის თითქმის ორჯერ შემცირებული ღირებულების მართებულობა. ამ მიმართებით საქმეში მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა მტკიცებულებით გამყარებულ შინაგან რწმენას გირავნობის საგნის კეთილსინდისიერად შეფასების თაობაზე. ამასთან, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს, მოწინააღმდეგე მხარემ ვერც ახსნა-განმარტებით შეძლო განემარტა, თუ რა ობიექტურ გარემოებებს შეეძლო, მოკლე დროში გარავნობის საგნის ღირებულების განახევრება. გარდა ამისა, მოწინააღმდეგე მხარემ ვერ შეძლო ემტკიცებინა, თუ რატომ უნდა მომხდარიყო აპელანტებზე პირგასამტეხლოსა და სარგებლის სარჩელის აღძვრის დღემდე დაკისრება მაშინ, როდესაც ხელშეკრულება მისი დადებიდან სამი თვის შემდეგ, 2017 წლის 02 აგვისტოს შეწყდა, და ამასთან, გარიგება სარგებლის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ დაკისრების ვალდებულებას არ ითვალისწინებდა.
ზემოთ თქმულის საწინააღმდეგოდ, აპელანტებმა დასაბუთებული შედავების წარმოდგენის გზით, შეძლეს სასამართლოსთვის შეექმნათ ვარაუდი მასზედ, რომ სატრანსპორტო საშუალების შეფასება სამართლიანად არ მომხდარა და მისი ღირებულება სათანადო პირობების დაცვით არ განსაზღვრულა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტებმა მათზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი დასძლიეს რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი შეიძლება გახდეს.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და შპს „მ----------- კ--------ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, იმ სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა, შპს „მ----------- კ--------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ბაჟის სახით, 116 ლარის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს, ხოლო, შპს „მ----------- კ--------ის“ მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი იმ ბაჟის ნაწილი, რა ნაწილშიც სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ანუ 93 ლარი, აპელანტებს შპს „მ----------- კ--------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 390-ე, 53-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ--- უ----------სა და ვ------- კ--–---ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება;
3. შპს „მ----------- კ--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. მ--- უ----------სა და ვ------- კ--–---ს შპს „მ----------- კ--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროთ 3086 ლარის გადახდა;
5. მ--- უ----------სა და ვ------- კ--–---ს შპს „მ----------- კ--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროთ ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება 93 ლარის ოდენობით;
6. შპს „მ----------- კ--------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს ბაჟის სახით გადასახდელი თანხის ანაზღაურება 116 ლარის ოდენობით;
7. შპს „მ----------- კ--------ს“ დაუბრუნდეს 2018 წლის 25 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 293.46 ლარიდან 60 ლარი;
8. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი