განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.09.2019
საქმის ნომერი
330210018002737416
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
27.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002737416

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/4701-19 27 სექტემბერი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე – ქეთევან მესხიშვილი

 

სხდომის მდივანი – ანა ჩიკვაიძე

 

აპელანტი - ს----------–----–-----------------------------

 

წარმომადგენელი - ო-------------–---

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს--------------------------–---“

 

წარმომადგენელი - ა-–--------------------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

დავის საგანი - სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. ს----------–----–-----------------------------მ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სს „ს--------------------------–---ს“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოპასუხისთვის, „შკოდა ოქტავიას“, სახ/ნომ: N------- აღდგენა, ნ-----–--------------- (მესამე პირი) სასარგებლოდ ავტომანქანა „მერსედესის“ სახ/ნომ: N--------- დაზიანების გამო მიყენებული ზიანის - 3 300 ლარის ანაზღაურება და ნ-----–--------------- (მესამე პირი) სასარგებლოდ, ავტომანქანა „მერსედესის“ სახ/ნომ: N--------- ექსპერტიზისთვის გადახდილი საფასურის 200 ლარის ანაზღაურების დაკისრების ვალდებულება მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით, ს----------–----–-----------------------------ს სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ს----------–----–-----------------------------მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2017 წლის 29 დეკემბერს, ერთი მხრივ, ს----------–----–-----------------------------ს, როგორც „შემსყიდველსა“ და მეორე მხრივ, სს „ს--------------------------–---ს“, როგორც „მიმწოდებელს“ შორის, N8-- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. შესყიდვის ობიექტს შემსყიდველის ბალანსზე არსებული, დანართი N2-ით განსაზღვრული, ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების შესყიდვა წარმოადგენდა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 მარტის ჩათვლით განისაზღვრა (ს.ფ. 20-33).

 

6. 2018 წლის 25 თებერვალს დამდგარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ს----------–----–-----------------------------ს ბალანსზე რიცხული, დაზღვეული ავტომანქანა „შკოდა ოქტავია“ სახელმწიფო ნომრით C------ დაზიანდა, რომელსაც უფლებამოსილი მძღოლი დ----------------–---–- მართავდა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, ავტომანქანა „შკოდა ოქტავიას“ მძღოლის მიერ ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევამ გამოიწვია. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა, თუმცა, დ----------------–---–- ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი (ს.ფ. 20-33, 52-70).

 

7. 2018 წლის 25 თებერვალს განხორციელებული ავტოავარიის შედეგად მესამე პირის -ნ-----–--------------- კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება „MERCEDES BENZ CLK 230“, გამოშვების წელი 2001, სახელმწიფო ნომრით A-------- დაზიანდა. მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა, საორიენტაციოდ, 3300 ლარით განისაზღვრა (ს.ფ. 42-50).

 

8. სს „ს--------------------------–---მ“ ს----------–----–-----------------------------ს ბალანსზე რიცხული „შკოდა ოქტავიას“ სახელმწიფო ნომრით C------ დაზიანებასთან დაკავშირებით ზიანის ანაზღაურების შესახებ, უარი განაცხადა და მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობაზე მიუთითა (ს.ფ. 38).

 

9. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ აპელანტის მიერ დანიშნული უფლებამოსილი მძღოლის ქმედება, რომელმაც ავარია გამოიწვია, უხეშ გაუფრთხილებლობას წარმოადგენდა.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ კონკრეტული სატრანსპორტო შემთხვევა განპირობებულია ავტომობილ „შკოდა ოქტავიას“ მძღოლის - დ----------------–---–-ს მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა უგულებელყოფით, რომელთა დაცვის დროსაც ავტოსატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. ექსპერტიზის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ შემთხვევის ადგილზე დატოვებული სამუხრუჭე კვალის სიგრძის მიხედვით ავტომობილი „მერსედესი“ დამუხრუჭების დაწყების წინ მოძრაობდა დაახლოებით 83 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო, რაც შეეხება ავტომობილ „შკოდა ოქტავიას“ სიჩქარეს, მისი დადგენა ექსპერტიზის გზით შეუძლებელია, ვინაიდან აღნიშნულ ავტომობილს, შემთხვევის ადგილზე, არც დამუხრუჭების, არც მოცურების და არც გათრევის კვალი, რომელიც საშუალებას მისცემდა კომპეტენტურ ორგანოს - მისი სიჩქარე განესაზღვრა, არ დაუტოვებია. მძღოლ ნ-----–---- ბ-------ეს თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით დასაშვები 60 კმ/სთ სიჩქარითაც, რომ ემოძრავა, მას ტექნიკური თვალსაზრისით, კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ შეინიშნება. კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა განპირობებულია, ავტომობილ „შკოდა ოქტავიას“ მძღოლის დ----------------–---–-ს მიერ, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა უგულებელყოფით („მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით, როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულების და სიჩქარის გათვალისწინებით“), რომლის დაცვის დროსაც, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად რა მანევრს ასრულებდა „შკოდა ოქტავია“ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ იგი ასრულებდა არა მესამე სამოძრაო ზოლიდან მეოთხე სამოძრაო ზოლში გადასვლის მანევრს, არამედ იგი მარჯვნიდან მარცხნივ მობრუნების მანევრს ახორციელებდა, რა დროსაც, დაახლოებით, 20 მეტრის მანძილში ავტომობილ „მერსედესს“ გზას უჭრიდა, ამავე დროს მოხდა ღერძულა ხაზის გადაკვეთაც.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ დავაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა მართებულად შეფასდეს, მძღოლის ქმედება, კერძოდ, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა უხეშ გაუფრთხილებლობას, თუ ვლინდება მარტივი გაუფრთხილებლობისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ავტოსატრანსპორტო საშუალება მომეტებული საფრთხის წყაროს წარმოადგენს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ დადგენილია მთელი რიგი რეგულაციები ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა მიმართ და მათ ევალებათ იცოდნენ თავიანთი ვალდებულებები, დაიცვან ისინი ზედმიწევნით და ავტოსატრანსპორტო საშუალება გონივრული და სათანადო წინდახედულობის ფარგლებში მართონ. შესაბამისად, თუ დადგინდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ არ ჰქონდა ადგილი კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევას და იგი ავტომანქანას მართავდა სათანადო წინდახედულობის ფარგლებში, მისი ქმედება არ შეიძლება შეფასდეს განზრახ ან უხეშ გაუფრთხილებლობად. ამასთან, სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მოძრაობის წესებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დადგენილი სიჩქარის ფარგლებში, დაწესებულ ზოლებში, მოძრაობა, რისი დარღვევაც უპირატესად მძიმე შედეგს იწვევს. შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლს ევალება აღნიშნული წესები, განსაკუთრებული გულისხმიერებით და ზედმიწევნით, დაიცვას.

 

აქვე, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს დადგენილ სასამართლო პრაქტიკას, რომლის თანახმად, ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციისას გამოვლენილი უხეში და მარტივ გაუფრთხილებლობის გამიჯვნის თაობაზე საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა: გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას არ წარმოადგენს, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალებში არსებული ექსპერტიზის დასკვნით სამართალდამრღვევი ავტომობილის „შკოდა ოქტავიას“ სიჩქარის განსაზღვრა ვერ მოხერხდა, დადგენილი გარემოებაა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი არა მესამე სამოძრაო ზოლიდან მეოთხე სამოძრაო ზოლში გადასვლის მანევრს, არამედ მარჯვნიდან მარცხნივ მობრუნების მანევრს ახორციელებდა, რა დროსაც, დაახლოებით 20 მეტრის მანძილში ავტომობილ „მერსედესს“ გზა გადაუჭრა და ღერძულა ხაზი გადაკვეთა. ზემოაღნიშნულის თანახმად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დარღვევა, რომელიც განსახილველ დავაში სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს, ობიექტურად მომხდარი გარემოებების, ქმედების სუბიექტის (მისი ნების) და მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შინაარსისა და დადგენილი სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, უხეშ გაუფრთხილებლობად უნდა იქნეს მიჩნეული. სასამართლო გარდა ყოველივე ზემოთქმულისა ასევე, იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ მართალია, ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებულ დადგენილებას კანონიდან გამომდინარე პრეიუდიციული ხასიათი არ გააჩნია, მაგრამ სამართალდარღვევის ოქმი აპელანტ მხარეს სადავოდ არ გაუხდია და ჯარიმა დადგენილ ვადაში გადაიხადა, რაც გულისხმობს იმას, რომ ის ოქმში მოყვანილ გარემოებათა კვალიფიკაციას დაეთანხმა, კერძოდ, იმას, რომ მძღოლმა იმოქმედა რა, მანევრირების წესების დარღვევით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125.0.0 მუხლის მე-6, 6.2, მე-7 და მე-8 პუნქტების თანახმად, შესაბამისი თანხით დაჯარიმდა (ს.ფ. 37). ზემოთქმულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის აპელირებას მასზედ, რომ ადგილი ჰქონდა მარტივ გაუფრთხილებლობას და ამ მიმართებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობას სრულად იზიარებს.

 

10. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N8-- ხელშეკრულებით, უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული შემთხვევებიც ისეთ სადაზღვევო შემთხვევას წამოადგენდა, რომლებიც სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ანაზღაურებას ექვემდებარებოდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სადაზღვევო შემთხვევის შეფასებისათვის, ანუ იმისათვის, რომ სადაზღვევო რისკი განხორციელებულად და შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევა დამდგარად ჩაითვალოს, უნდა დადგინდეს, სადაზღვევო შემთხვევა შეიცავს თუ არა ხელშეკრულებით შეთანხმებულ გამონაკლის შემთხვევებს, რამდენადაც ამგვარი შემთხვევა გამორიცხავს სადაზღვევო შემთხვევის კვალიფიკაციის და სადაზღვევო კომპანიის მხრიდან თანხის გადახდის, სამართლებრივ საფუძველს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.

 

სააპელაციო პალატა უპირველესად მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსში დაზღვევის სამართლის მომწესრიგებელი ნორმები, ამ თავში გაწერილი თავისებურების გათვალისწინებით, არა იზოლირებულად არამედ, სამოქალაქო კოდექსის ზოგად დებულებებში მითითებულ ნორმებთან ერთობლიობაში მოქმედებს. სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის დეფინიცია ნათლად განმარტავს, რომ მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რაც იმას ნიშნავს, რომ სადაზღვევო ხელშეკრულება, სწორედ იმ სპეციფიკურების გათვალისწინებით, რაც ამ ინდუსტრიას ახასიათებს (დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შესაბამისად, სადაზღვევო პოლისის პირობების შედგენა, რაც მეტია დაზღვეული რისკი - იზრდება სადაზღვევო შენატანის ოდენობაც) მზღვეველის ანაზღაურების ვალდებულების განსასაზღვრად ამოსავალია დაზღვევის ხელშეკრულება, ხოლო, ისეთ დროს, როდესაც მხარეები სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლში მითითებულ რომელიმე გარემოებაზე არ თანხმდებიან, ასეთ შემთხვევებში მოქმედებას იწყებს აღნიშნული ნორმა და მხარეთათვის მბოჭავი ხდება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N8---ე ხელშეკრულების დანართი N3, ისეთი რისკების სრულ/ამომწურავ ჩამონათვალს განსაზღვრავს, რომლებიც დაზღვეული არ არის (ს.ფ. 28-29). კერძოდ, აღნიშნული დანართის მე-2 პუნქტი შემდეგი სახითაა ჩამოყალიბებული: დაზღვეული არაა შემთხვევა, რომელიც მოხდა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული უფლებამოსილი მძღოლის ალკოჰოლური ან ნარკოტიკული (ფსიქოტროპული) ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დროს. უფლებამოსილი მძღოლის თვითმკვლელობა ან თვითმკვლელობის მცდელობა ან ისეთი განზრახი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავდა შემთხვევით გამოწვეული შედეგის დადგომას. ასევე, მე-11 პუნქტში მითითებულია, რომ დაზღვეული არაა სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული განზრახ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, როდესაც ავტომობილი გამოყენებულია სისხლის სამართლის დანაშაულის იარაღად. ცალსახაა, რომ ხელშეკრულების საგამონაკლისო შემთხვევები სადაზღვევო შემთხვევად დაკვალიფიცირებას გამორიცხავს განზრახი მოქმედებების დროს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს საკვლევ გარემოებათა წრეს, აპელანტის მიერ, დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმებისას, გამოხატული ნების განმარტება წარმოადგენს, რათა საბოლოოდ დადგინდეს, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით, განზრახი მოქმედებებით გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევების გამონაკლის შემთხვევად მიჩნევა, თავისთავად გულისხმობდა თუ არა მხარეთა მიერ გაუფრთხილებლობით (როგორც მარტივი ასევე, უხეში) გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების ვალდებულებაზე შეთანხმებას.

 

11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. პალატა განმარტავს, რომ ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება, მის ნამდვილ ნებას შეესაბამება. სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტა მხარეთა ნების განმარტების და არა სასამართლოს მიერ კანონის განმარტების ან/და ნორმის შეფარდების მართებულობის დადგენას ეხება, ამიტომ, მსგავსი კატეგორიის დავების გადაწყვეტისას მხარეთა ახსნა-განმარტებებს და საქმეში არსებულ სხვა სახის მტკიცებულებებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ნების განმარტება უნდა მოხდეს იმდაგვარად, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, გარემოებები, ასევე, მხარეთა განმარტებები ერთ მთლიან ლოგიკურ ჯაჭვს ქმნიდეს და ობიექტური დამკვირვებლისთვის, განვითარებულ ფაქტებსა და გამოხატულ ნების განმარტებას შორის დადგენილი კანონზომიერება, მოულოდნელი/გაუგებარი არ იყოს.

 

ხელშეკრულება მხარეთა თანმხვედრი ნების გამოვლენა და მისი წერილობითი ფორმირებაა, სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში ნების განმარტება უნდა განხორციელდეს განსამარტ ტექსტთან მჭიდრო კავშირში, ნების განმარტება ადექვატური უნდა იყოს ხელშეკრულების დადებისას არსებულ ფაქტებთან, ვითარებასთან და მოვლენათა განვითარებასთან, ასევე, ნების განმარტება გონიერი ადამიანის განსჯის სტანდარტიდან უნდა გამომდინარეობდეს.

 

დაზღვევის ხელშეკრულების მიზანს, დაინტერესებული პირისთვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ისეთი რისკების დაზღვევა წარმოადგენს, რომელიც მის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის ყველაზე მეტად მოსალოდნელია. ასეთ დროს, სადაზღვევო კომპანია აფასებს რა, დასაზღვევი რისკების ხდომილების ალბათობას, შესაბამისად განსაზღვრავს სადაზღვევო პრემიის ოდენობასაც, ვინაიდან რაც მეტია ხდომილება, მით მეტია ხდომილების მოხდენის შესაძლებლობაც. ს----------–----–-----------------------------ს დანიშნულებიდან, მის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მოსარგებლე მძღოლების მრავალფეროვნების გათვალისწინებით, ასევე საჯარო ინტერესის მხედველობაში მიღებით, გონივრულია თუ ვივარაუდებთ, რომ სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმებისას სამინისტროს მიზანს, შეძლებისდაგვარად, მეტი რისკის დაზღვევა წარმოადგენდა. ამ მიმართებით უმნიშვნელოვანესია ყურადღება მიექცეს საქმეში არსებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დანართ N2-ს სადაც მითითებულია, რომ სადაზღვევო რისკს წარმოადგენს ავტოსაგზაო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით მოხდება ავარია), სადავო არაა, რომ ფრჩხილებში მითითებული ტერმინი სამართლებრივად განზრახვას და გაუფრთხილებლობას გულისხმობს. დანართ N2-თან კუმულაციურად უნდა იქნეს წაკითხული დანართ N3-ში მითითებული საგამონაკლისო შემთხვევები, სადაც განმარტებულია, რომ სადაზღვევო ხელშეკრულებით დაზღვეული არ არის ისეთი განზრახი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავდა შემთხვევით გამოწვეული შედეგის დადგომას, შესაბამისად ნათელია, რომ ამ დანაწესით ხელშემკვრელმა მხარეებმა დანართ N2-ში მითითებული ზოგადი შემთხვევა დააკონკრეტეს და დაზღვევის არეალიდან მხოლოდ განზრახი მოქმედებები გამორიცხეს. ნიშანდობლივია ასევე, რომ დანართი N3 ამომწურავი ხასიათისაა, მასში არ არის ნახსენები იმგვარი სიტყვათა შეთანხმებები, ან/და წინადადების ისეთი წყობა არ არის გამოყენებული, რომელიც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას ევარაუდა, რომ საგამონაკლისო შემთხვევები მხარეთა მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, უნდა შეფასებულიყო.

 

სააპელაციო პალატა მხარეებს განუმარტავს, რომ მისთვის ცნობილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა, რომლის თანახმად, უხეში გაუფრთხილებლობა მხოლოდ მაშინ შეიძლება დაკვალიფიცირდეს სადაზღვევო შემთხვევად და მხოლოდ მაშინ შეიძლება დაექვემდებაროს სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურებას, თუ აღნიშნული ხელშეკრულებაში პირდაპირ არის მითითებული, თუმცა, საქმეში არსებული მტკიცებულების შინაარსობრივი, ლოგიკური, სიტყვა-სიტყვითი და გონივრული განსჯის შედეგად, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ განსახილველი შემთხვევაც ხსენებული პრაქტიკის იდენტურია, იმ განსხვავებით, რომ მხარეებმა მოცემულ შემთხვევაში დედუქციის მეთოდი გამოიყენეს, ანუ დანართ N2-ით განსაზღვრეს, რომ ნებისმიერი შემთხვევა იქნებოდა დაზღვეული, ხოლო დანართი N3-ით დააკონკრეტეს მოვლენები და, სხვა შორის, მხოლოდ განზრახი მოქმედებით (გაუფრთხილებლობაზე მითითება არ არსებობს) გამოწვეული ზიანი საგამონაკლისო შემთხვევებს მიაკუთვნეს.

 

შეჯამების სახით, სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოდავე მხარეთა მიერ ხელშეკრულებით დაზღვეულ იქნა მათ შორის, უფლებამოსილი მძღოლის მიერ უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული ზიანიც. ვინაიდან არც წერილობით შესაგებელში და არც სასამართლოს ზეპირ სხდომაზე მოპასუხე/მოწინააღმდეგე მხარეს აპელანტის მიერ მოთხოვნილ ფულად თანხის ოდენობასთან მიმართებით შედავება არ განუხორციელებია და მხოლოდ მისი წარმოშობის სამართლებრივ საფუძვლებს შეედავა, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ მოთხოვნილი ფულადი თანხის ოდენობა განმტკიცებულია და ემთხვევა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და შესაბამისად, სრულად უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N8-- ხელშეკრულების, დანართი N2-ით სადაზღვევო კომპანიამ მესამე პირის მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაც იკისრა, ამიტომ ავარიის შედეგად დაზარალებულ მესამე პირ - ნ-----–---- ბ-------ეს, ავტომანქანა „მერსედესის“ სახ/ნომ: N--------- დაზიანების გამო, მიყენებული ზიანი, 3300 ლარის ოდენობით და ექსპერტიზის ჩატარებისთვის გაწეული ხარჯი 200 ლარის ოდენობით უნდა აუნაზღაურდეს. ამასთან, ვინაიდან აპელანტი ავარიის შედეგად დაზღვეული ავტომობილის - „შკოდა ოქტავიას“ აღდგენას და არა მიყენებული ზიანის ფულადი თანხით ანაზღაურებას მოითხოვს, მოწინააღმდეგე მხარე სს „ს--------------------------–---ს“ აპელანტ ს----------–----–-----------------------------ს სასარგებლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალების „შკოდა ოქტავიას“, სახ/ნომ: N------- აღდგენა უნდა დაევალოს (ს.ფ. 34-36, 37, 41-50)

 

12. სამოქალაქო პროცესში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სადაზღვევო ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტი თავად მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სწორედ აპელანტის მტკიცების საგანში შემავალი გარემოება იყო ისეთი მტკიცებულებების სასამართლოსთვის წარდგენა, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ ხელშეკრულებით მხარეები უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული ზიანის დაზღვევის თაობაზე შეთანხმდნენ, რაც სადაზღვევო შემთხვევის დადგომას ნიშნავდა და შესაბამისად, დამზღვევს სადაზღვევო თანხის ანაზღაურების ვალდებულებას წარმოუშობდა.

 

მოსარჩელემ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების სამტკიცებლად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, ს--------------------------–---ს მიერ გაგზავნილი წერილი და სხვა წერილობითი მტკიცებულებები წარმოადგინა. ასევე, ზეპირი-ახსნა განმარტებით, სასამართლოს შეუქმნა დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მხარეები ხელშეკრულების დადების დროს უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზეც შეთანხმდნენ. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ისეთი ქმედების განხორციელების ფაქტი, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა მტკიცებულებით გამყარებულ შინაგან რწმენას მასზედ, რომ მხარეები ხელშეკრულების დადებისას, მხოლოდ მარტივი გაუფრთხილებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე შეთანხმდნენ. ამ მიმართებით მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლზე მითითება საკმარისი არ არის ვინაიდან, დაზღვევის ხელშეკრულებაში, ამ ნორმის საპირისპირო შინაარსის მქონე დათქმის არსებობისას, სადაზღვევო ხელშეკრულების პირობებს ენიჭება უპირატესობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, წარდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასებით სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტმა მისთვის კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი დასძლია, მან სადაზღვევო შემთხვევის დადგომისა და ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არსებობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი დაადასტურა. რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარეს, მან მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პირობებში ვერ შეძლო იმგვარი საპირწონე მტკიცებულებათა (ახსნა განმარტება, ხელშეკრულება) წარდგენა, რომლებიც ს----------–----–-----------------------------ს მიერ განვითარებულ მსჯელობას ეჭვქვეშ დააყენებდა და სასამართლოს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის არარსებობის შესახებ დასაბუთებულ ვარაუდს შეუქმნა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, დამატებით უნდა განიმარტოს, რომ იძულებითი აღსრულების პირობებში ნ-----–--------------- სასარგებლოდ აღიარებული მოთხოვნის რეალიზებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - მოსარჩელე ს----------–----–-----------------------------ა.

 

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ს----------–----–-----------------------------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად (სარჩელი არ დაკმაყოფილდა), შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარე სს „ს--------------------------–---ს“ აპელანტის სასარგებლოდ, მის მიერ სააპელაციო და პირველი ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება - 245 ლარის ოდენობით უნდა დაეკისროს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 47-ე, 48-ე, 53-ე მუხლებით, იხელმძღვანელა და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ს----------–----–-----------------------------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. ს----------–----–-----------------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

4. სს „ს--------------------------–---ს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს მის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება „შკოდა ოქტავიას“ სახ/ნომ: N------- აღდგენა;

 

5. სს „ს--------------------------–---ს“ ნ-----–--------------- (მესამე პირის) სასარგებლოდ დაეკისროს ავტომანქანა „მერსედესის“ სახ/ნომ: N---------, დაზიანების გამო მიყენებული ზიანის 3300 ლარის ოდენობით ანაზღაურებისა და ექსპერტიზის ჩატარებისთვის გაწეული ხარჯის 200 ლარის ოდენობით ანაზღაურების ვალდებულება;

 

6. სს „ს--------------------------–---ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი ჯამში - 245 ლარის ოდენობით.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი