განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.10.2019
საქმის ნომერი
330210017002174262
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
07.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017002174262

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/3504-19 07 ოქტომბერი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე – ქეთევან მესხიშვილი

 

სხდომის მდივანი – ანა ჩიკვაიძე

 

აპელანტი - ბ--–------- ა-------ა

 

წარმომადგენელი - მ------------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - ა-------------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. ა-------------მ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ბ--–------- ა-------ას მიმართ სარჩელი აღძრა და მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება - თვეში 300,00 ლარის ოდენობით, 2016 წლის 15 ივნისიდან 2019 წლის 18 აპრილამდე (სულ 10 200 ლარს), მოითხოვა .

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბ--–------- ა-------ას მოსარჩელის სასარგებლოდ 4080 ლარის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით ბ--–------- ა-------ამ გაასაჩივრა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2016 წლის 19 მაისიდან უძრავი ქონება მდებარე თბილისში, ვ------------------------- კორპუსი, ბინა №--- ფართით 100 კვ.მ. (საკადასტრო კოდი 0----------------------) ა-------------ს საკუთრებად არის რეგისტრირებული (ს.ფ. 20).

 

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ა-------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა. ბ--–------- ა-------ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში ვ------------------------- კორპუსი, ბინა №--- ფართით 100 კვ.მ. (საკადასტრო კოდი 0----------------------) და მოპასუხეს უძრავი ქონების მოსარჩელისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა დაევალა (ს.ფ. 14-18).

 

7. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სადავო უძრავი ქონების, არა ბ--–------- ა-------ას, არამედ მესამე პირის მიერ ფლობის ფაქტი დადასტურებული არ არის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმით რეგრამენტირებულია სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილება დაადგინოს ახალი ფაქტობრივი გარემოებები, შეამოწმოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სისწორე და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ მოახდინოს მათი სამართლებრივი შეფასება. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მხარე განმარტავს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, თითქოს მხარეთა შორის სადავო არ არის გარემოება მასზედ, რომ ბ--–------- ა-------ა თავად არ ფლობს სადავო ქონებას, არამედ მას ქონება მესამე პირზე იჯარით აქვს გაცემული. ამ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, აპელანტი სამართლებრივად დაუსაბუთებლად მიიჩნევს აპელანტისთვის მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრების ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. თავად პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რომლებიც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება როგორც იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია ასევე სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე თანდართულ მტკიცებულებებში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ვკითხულობთ, რომ ა-------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა. ბ--–------- ა-------ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში ვ------------------------- კორპუსი, ბინა №--- ფართით 100 კვ.მ. (საკადასტრო კოდი 0----------------------) და მოპასუხეს უძრავი ქონების მოსარჩელისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა დაევალა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამართულ ზეპირ სხდომაზე მხარეებს ხსენებული გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალის თაობაზე შედავება არ განუხორციელებიათ, აღნიშნეს რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და იგი აღსრულებულია. ვინაიდან საქმეში არსებობს სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება სადაც მხარეებად იდენტური პირები გვევლინებიან და იგი კანონიერ ძალაშია შესული, ნათელია, რომ საქმე გვაქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლით გათვალისწინებულ პრეიუდიციული ძალის მქონე მტკიცებულებასთან.

 

მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს პრეიუდიციული მნიშვნელობა გააჩნია, ანუ სასამართლოსთვის კვლევის, შეფასებისა და განსჯის საგანს აღარ წარმოადგენს, მასში დადგენილი ფაქტები მხარისთვის და სასამართლოსთვის წარმოადგენენ მატერიალურ-სამართლებრივ მტკიცებულებას, რომელიც გარკვეული სამართალურთიერთობის არსებობას პრეზუმირებს მანამ, სანამ მისი გაქარწყლება კანონით დადგენილი წესით არ მოხდება. პრეზუმირებული ფაქტები ერთმნიშვნელოვნად განაპირობებს იმას, რომ მხარე, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს ასეთ ფაქტებზე აფუძნებს, თავისუფლდება მტკიცების ტვირთისგან და იგი უბრუნდება მოწინააღმდეგე მხარეს, რომელსაც მისი გაქარწყლება ევალება.

 

აქვე სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს პრეიუდიციული ძალის მქონე გადაწყვეტილების ობიექტური ფარგლებზე, კერძოდ, პრეიუდიციული ძალის მქონე არ არის გადაწყვეტილების/განჩინების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ყველა გარემოება, ასევე, პრეიუდიციული ძალა არ ვრცელდება ამ ფაქტების სამართლებრივ შეფასებაზე. ეს საკითხი უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, სასამართლოს მიერ დადგენილი რომელი ფაქტები ამართლებს სარეზოლუციო ნაწილში ჩამოყალიბებულ დასკვნებს.

 

საქმეში წარმოდგენილ გადაწყვეტილებაში მხარეებად იგივე მხარეები გამოდიან სასარჩელო მოთხოვნას კი, ბ--–------- ა-------ას უკანონო მფლობელობიდან ა-------------ს კუთვნილი უძრავი ქონების გამოთხოვა წარმოადგენდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით, დაადგინა რა, ვინდიკაციური სარჩელის დასაკმაყოფილებლად საჭირო წინაპირობები კერძოდ, ა-------------ს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, ბ--–------- ა-------ას მიერ ნივთის უკანონოდ მფლობელობა და მესაკუთრის თანხმობის არარსებობა, დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა. შესაბამისად, ხსენებულ გადაწყვეტილებაში პრეიუდიციული ძალა ენიჭება იმ გარემოებას, რომ ბ--–------- ა-------ა ფლობდა სადავო უძრავ ქონებას, რადგან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სწორედ ამ ფაქტობრივ გარემოებას ემყარება.

 

როგორც წინამდებარე განჩინებაში აღინიშნა, პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტები სამოქალაქო სამართალწარმოებაში მტკიცების ტვირთის გადანაწილებაზე ახდენს გავლენას, კერძოდ, მხარე, რომელიც სასამართლოს წარუდგენს პრეიუდიციულ ფაქტებს თავისუფლება ამ ფაქტების მტკიცების ტვირთისგან, იგი დადასტურებულად მიიჩნევა გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოპასუხე შებრუნებულ მტკიცების ტვირთს წარმატებით დასძლევს და პრეიუდიციული ფაქტების გაქარწყლებას შეძლებს. განსახილველ შემთხვევაში მართალია, აპელანტი ზეპირსიტყვიერად აცხადებს, რომ იგი სადავო უძრავ ქონებას არ ფლობდა და იგი გადაცემული ჰქონდა მესამე პირ -გ------------–---–-- თუმცა, მიუხედავად ზეპირი შედავებისა, საქმის მასალებში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მითითებულ ფაქტს დაადასტურებდა, ასევე, საქმის მასალებში არ მოიძებნება დოკუმენტი, რომლითაც 2017 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულებისას, სადავო ქონების არა ბ--–------- ა-------ას არამედ სხვა მესამე პირის მიერ გამოთავისუფლება დადასტურდებოდა. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დასძლია და ვერ დაადასტურა, რომ იგი არამართლზომიერ მფლობელს არ წარმოადგენდა.

 

8. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ბ--–------- ა-------ას ზიანის ანაზღაურების ვალდებულება 4080 ლარის ოდენობით მართებულად დაეკისრა.

 

სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი, პალატა მიიჩნევს, რომ დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის აუცილებელია შეფასდეს ნორმის დისპოზიციით გათვალისწინებული ელემენტები განხორციელებულია თუ არა.

 

ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ - გამდიდრების გათანაბრების შემთხვევას, რა დროსაც გასათვალისწინებელია, რომ მოხმობილი ნორმა უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტს განეკუთვნება, აღნიშნული კი მიუთითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან.

 

9. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის მიხედვით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მართალია საკუთრების უფლება ცალსახად აბსოლუტური უფლება არაა, თუმცა, იგი ამ რანგის უფლებათა რიგს განეკუთვნება, რადგან კანონით ამომწურავადაა ჩამოთვლილი ის წინაპირობები, როდესაც საკუთრების უფლების შეზღუდვა დასაშვებია, კერძოდ, მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. საქმეში სკორიტსი უნგრეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ყურადღება მიაქცია შემდეგ ფაქტებს: მომჩივანს ჰქონდა პირველი ოქმის პირველი მუხლით დაცული საკუთრების უფლება, მიუხედავად იმისა, მოიპოვა თუ არა მან ფაქტობრივი მფლობელობა სადავო მიწის ნაკვეთზე, როგორც ამას შიდა კანონმდებლობა მოითხოვდა.

 

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან დადგენილია აპელანტის მიერ სადავო ქონების მესაკუთრის თანხმობის გარეშე ფლობა, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა-------------მ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო მფლობელობის გამო, გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა დაკარგა, ამიტომ მას უფლება აქვს, ამოიღოს ეს ქონება ხელმყოფისაგან. სწორედ აღნიშნული ქონებრივი წონასწორობის აღდგენას ემსახურება სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა.

 

10. სააპელაციო საჩივრით შედავებულია არა მხოლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი, არამედ მისი ოდენობაც. აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ გათანაბრების ოდენობის განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: საყურადღებოა შესრულების კონდიქციის რეგულირების მექანიზმი, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით... იმის გათვალისწინებით, რომ „შესრულების დაბრუნება“ (მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების უკანონო სარგებლობით მიღებული სიკეთე) შეუძლებელია, ზემოხსენებული ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, უფლების მქონე პირმა (მოსარჩელემ) შეიძლება გამოიყენოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა, რაც შეიძლება დადგინდეს მსგავსი უძრავი ქონების ქირის ოდენობით.

 

რაც შეეხება, აპელანტისთვის დაკისრებული ფულადი კომპენსაციის ოდენობას, რომელიც ჯამში 4080 ლარის ოდენობით განისაზღვრა, სასამართლოს იგი ხელყოფის პროპორციულად მიაჩნია. საქმის მასალებში, მოსარჩელის მიერ, წარმოდგენილია ელექტრონული პლატფორმიდან ამონაწერი, სადაც მესაკუთრეთა მიერ გასაქირავებლად/გასაყიდად უძრავი ქონებების მახასიათებლების განთავსება ხდება. ხსენებული მტკიცებულებით დასტურდება, რომ მსგავსი მახასიათებლების ბინა (მდებარეობა, ფართი) 720 ლარად ქირავდება, თუმცა ყურადსაღებია, რომ მოსარჩელის მიერ ელექტრონულ პლატფორმაზე მხოლოდ ერთი ბინის განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი იქნა წარდგენილი. აქვე აღსანიშნავია, რომ მოწინააღმდეგე მხარემ, ზიანის ოდენობის სხვაგვარად განსაზღვრის მიზნებისთვის, მტკიცებულების სახით, უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება წარმოადგინა, საიდანაც ირკვევა, რომ იდენტური უძრავი ქონება 120 ლარად იყო გაქირავებული. ხსენებული მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ დაასკვნა, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება 2016 წლის 15 ივნისიდან 2019 წლის 18 აპრილამდე, სულ, 4080 ლარის ოდენობით უნდა განსაზღვრულიყო. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოთვლილი ზიანის ოდენობა მართებულია და მისი სხვაგვარად განსაზღვრის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ იკვეთება.

 

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის სრული, ობიექტური და სამართლიანი გამოკვლევის შედეგად პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის არსი საფუძვლიანად შეისწავლა, სწორად დაადგინა დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და მართებული სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი ბ--–------- ა-------ას მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი 81,6 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად უნდა ჩაითვალოს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102, 386-ე, 377-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ბ--–------- ა-------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი