განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002214855
საქმე N3ბ/2358-18
განჩინება
საქართველოს სახელით
26 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე - ნინო ქადაგიძე
მოსამართლეები - მარიამ ცისკაძე
გელა ბადრიაშვილი
სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი
აპელანტი _ შპს „დ--–--- კ---------ი“;
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
წარმომადგენელი - რ------------–---ა.
მესამე პირი - სსიპ შემოსავლების სამსახური;
წარმომადგენელი - ლ-–--------–---–ი.
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით შპს „დ--–--- კ---------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 29 ივნისის №0------- ბრძანებით ყადაღა დაედო შპს „დ--–--- კ---------ის“ (ს/ნ 2--------; იურიდიული მის: ქ. რუსთავი/გ------------) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას. აღნიშნულ ბრძანებას შპს „დ--–--- კ---------ი“ გაეცნო ელექტრონულად 2016 წლის 4 ივლისს (ს.ფ.115,117);
2016 წლის 14 ივლისს შპს „დ--–--- კ---------ის“ დირექტორმა განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 29 ივნისის №0------- ბრძანების საფუძველში ცვლილების შეტანა, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის შეცვლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 254-ე მუხლით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის გადახდევინების ღონისძიებების დაგეგმვის სამმართველოს 2016 წლის 30 აგვისტოს კორესპონდენციით შპს „დ--–--- კ---------ს“ უარი ეთქვა აღნიშნული ცვლილების განხორციელებაზე იმ მოტივით, რომ შპს „დ--–--- კ---------ს“ სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 330782 ლარის ოდენობით (ს.ფ.23-25);
სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2016 წლის 15 აგვისტოს შუამდგომლობით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა შპს „დ--–--- კ---------ის“ ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის საფუძელზე, რადგან მიიჩნია, რომ შპს „დ--–--- კ---------ს“ არ გაუსაჩირვებია საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV თავით დადგენილი წესით, 2016 წლის 4 ივლისს ჩაბარებული სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 29 ივნისის №0------- ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის ბრძანებით დაკმაყოფილდა აღნიშნული შუამდგომლობა და სსიპ შემოსავლების სამსახურს ნება დაერთო განეხორციელებინა შპს „დ--–--- კ---------ის“ დაყადაღებული ქონების რეალიზაცია ღია აუქციონის წესით (ს.ფ.26-31);
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 სექტემბრის ბრძანებით შპს „დ--–--- კ---------ის“ საჩივრის საფუძველზე გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის ბრძანება იმ მოტივით, რომ 2016 წლის 14 ივლისს შპს „დ--–--- კ---------ის“ დირექტორის განცხადება თავისი შინაარსით წარმოადგენს საჩივარს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გადამხდელის მიერ სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 29 ივნისის №0------- ბრძანების სადავოობის პირობებში არ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 2112-2123 მუხლების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე ბრძანების გამოცემის საფუძველი (ს.ფ.32-37).
შპს „დ--–--- კ---------მა“ 2016 წლის 20 სექტემბრის საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა: 1) სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 29 ივნისის №0------- ბრძანებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის შეცვლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 254-ე მუხლით და 2) სსიპ შემოსავლების სამსახურის გადახდევინების ღონისძიებების დაგეგმვის სამმართველოს 2016 წლის 30 აგვისტოს №2---------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ 2016 წლის 28 სექტემბერს აღნიშნული საჩივარი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 297-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, კუთვნილებისამებრ, გადაიგზავნა სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტში (ს.ფ.38-44, 118);
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 3 ნოემბრის ბრძანებით შპს „დ--–--- კ---------ის“ 2016 წლის 20 სექტემბრის საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ გადამხდელის ბარათზე ირიცხება თანხები, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ითვლება აღიარებულად. გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2016 წლის 29 ივნისის №0------- ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის ნაცვლად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 254-ე მუხლის საფუძველზე ყადაღის გავრცელების სამართლებრივი საფუძველი (ს.ფ.46-48).
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 3 ნოემბრის №3---- ბრძანება ფოსტით გაეგზავნა შპს „დ--–--- კ---------ს“ 2016 წლის 4 ნოემბერს იურიდიულ მისამართზე: ქ. რუსთავი, გ--------------, რომელიც ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს ხ--------------–---–ს 2016 წლის 11 ნოემბერს. ასევე, შპს „დ--–--- კ---------ს“ აღნიშნული ბრძანება გაეგზავნა ელექტრონულ პორტალზე 2016 წლის 7 ნოემბერს, რომელსაც გაეცნო 2016 წლის 13 დეკემბერს (ს.ფ. 146-147);
შპს „დ--–--- კ---------მა“ 2017 წლის 27 ოქტომბერს საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა: 1) სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 29 ივნისის №0------- ბრძანებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის შეცვლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 254-ე მუხლით, 2) სსიპ შემოსავლების სამსახურის გადახდევინების ღონისძიებების დაგეგმვის სამმართველოს 2016 წლის 30 აგვისტოს №2---------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და 3) სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 2016 წლის 3 ნოემბრის №3---- ბრძანების ბათილად ცნობა (ს.ფ.148-152).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით საჩივარი დარჩა განუხილველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე (ს.ფ.153-155).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით განიხილონ გადასახადის გადამხდელის წერილები, საჩივრები და შეკითხვები, საჭიროების შემთხვევაში უსასყიდლოდ მიაწოდონ მას ინფორმაცია მოქმედი გადასახადების, მათი გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში.
ამავე კოდექსის 297-ე მუხის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – დავის განმხილველი ორგანოები).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით.
ამავე კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.
სასამართლოს მითითებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განჩინებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-122-115(2კ-13), სადაც „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას. ზემომითითებულ კონსტიტუციურ პრინციპს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სპეციალური მუხლი ეძღვნება, კერძოდ, მუხლი 12. ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, რომლის მიხედვით გარანტირებულია: 1. ნებისმიერი პირის უფლება - მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს; 2. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული ნორმის სტრუქტურული შინაარსი გულისხმობს, რომ პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - განახორციელოს რეალიზებული საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება.“
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საგადასახადო ორგანოებში დავის განხილვა იწყება საჩივრის წარდგენის გზით. ამასთან, გასაჩივრების უფლება არის პირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესუალური უფლება, რომელიც უზრუნველყოფს მისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების, კანონის უზენაესობის დაცვას, რამეთუ საჩივრის თუ სარჩელის წარდგენისას დავის განმხილველი ორგანო ამოწმებს გადაწყვეტილების კანონიერებას და მისი კანონშეუსაბამისობისას აუქმებს მას, რაც გარანტირებულს ხდის, ერთი მხრივ, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და აღსრულებას და, მეორე მხრივ, ხელს უშლის პირის უფლებათა დაუსაბუთებელ და უკანონო შეზღუდვას. ამასთან, პირის მიერ საჩივრის წარდგენას უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, რომ კანონით დადგენილი წესითა და ვადაში განიხილოს და გადაწყვიტოს წარდგენილი საჩივარი. საჩივრის წარდგენის უფლებას სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულება ხდის ქმედითს, ხოლო პირის უფლებების დაცვას - გარანტირებულს, რამეთუ რომ არა ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ, გასაჩივრების უფლება იქნებოდა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. ვინაიდან გასაჩივრების უფლება პირდაპირ არის დაკავშირებული გადასახადის გადამხდელის კანონით დაცული ინტერესების უზრუნველყოფასა და უფლებების დაცვასთან, კანონი ამომწურავად აწესრიგებს იმ შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, წარდგენილი საჩივარი დატოვოს განუხილველი. აღნიშნული გამოწვეულია სამართლებრივი ურთიერთობის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევით, რათა არ მოხდეს უფლების ბოროტად გამოყენება, საჩივრების მუდმივად წარდგენა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერ ძალაში შესვლის თავიდან ასაცილებლად, ამასთან, აღნიშნული იძლევა შესაძლებლობას თვიდან იქნას აცილებული ადმინისტრაციულ ორგანოთა გადატვირთულობა, რომ დაუსრულებლად არ მოხდეს ერთსა და იმავე საკითხზე მსჯელობა. საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლები მოწესრიგებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლით. მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ გასაჩივრების უფლება გამოყენებულ უნდა იქნეს კანონით გათვალისწინებულ ვადაში. გასაჩივრების ვადის შემოღება მიზნად ისახავს რა სამართალსუბიექტების მიერ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სადავოდ ქცევის ვადის გარკვეულ საზღვრებში მოქცევას, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდგომ, თუკი სახეზე არ არის ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის არარად აღიარების საფუძვლები, რომელზეც საჩივრის წარდგენის ვადა არ ვრცელდება, აქტი იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას და მისით განსაზღვრული მოწესრიგება ძალაში შედის. ამასთან, გასაჩივრების უფლების ჯეროვანი გამოყენება პირდაპირაა დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ადრესატისათვის ჩაბარებასთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობასთან, რაც უკავშირდება როგორც გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას, ისე მხოლოდ აქტის გაცნობის შემდეგ ხდება პირისთვის ცნობილი, რა ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე და რომელი სამართლებრივი ნორმებით იხელმძღვანელა ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტის გამოცემისას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინებაზე საქმე №ბს-770-762(კ-15), სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იმ პირისათვის ოფიციალური გაცნობის მოთხოვნა, რომლის მიმართაც არის იგი გამოცემული, კანომდებლობის კატეგორიული იმპერატივია, ვინაიდან აქტის გამოქვეყნება, მისი ადრესატისთვის გაცნობა არის ადმინისტრაციული წარმოების ფინალი და მისი ნაყოფი - წარმოების შედეგად გამოცემული გადაწყვეტილება ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალური გაცნობით (სზაკ-ის 54-ე მუხ.). აქტის ძალაში შესვლის მომენტის დადგენა მნიშვნელოვანია აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადების დაცულობის გარკვევისათვის. სწორედ აქტის ძალაში შესვლით ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობით იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, გაცნობის შემდეგ ხდება შესაბამისი ადრესატის უფლება-მოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. შესაბამისად, სწორედ ამ მომენტიდან პირს ეძლევა გასაჩივრების შესაძლებლობა. აქტის ოფიციალური გაცნობის სამართლებრივი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მხარე ადასტურებს მისი შინაარსის გაცნობას. გასაჩივრების ვადის დინება არ იწყება მაშინაც კი, როდესაც პირისთვის აქტის შინაარსი ცნობილი გახდა არაოფიციალური წყაროდან ან თუნდაც აქტის პროექტის ან იმ მასალების გაცნობიდან, რომლის საფუძველზე შემდგომში გამოიცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საჩივრის უფლება წარმოიშობა გამოცემული აქტით უფლების ან კანონიერი ინტერესის დარღვევით, რომელიც მხოლოდ ძალაში შესული აქტით და არა აქტის პროექტით არის შესაძლებელი. შეუძლებელია პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი აქტის შესრულება, პირის უფლების ან კანონიერი ინტერესის დარღვევა უმოქმედო აქტით, შესაბამისად არ დაიშვება აქტის გაცნობამდე გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის ათვლა. ამდენად, აქტის გაცნობა არის საჩივრის უფლების წარმოშობის პირობა, აქტის გაცნობამდე საჩივრის შეტანის შესაძლებლობა ადმინისტრაციულ საჩივარს ორგანოს თვითკონტროლის, ადმინისტრაციულ ორგანოთა სისტემის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების გადამოწმების მექანიზმის ნაცვლად აქცევს ორგანოზე ზედამხედველობის საშუალებად, რაც ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული საჩივრის ბუნებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუშვებელია აქტის გაცნობამდე მისი გასაჩივრების ვადის ათვლა.“
სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე თავის სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 3 ნოემბრის №3---- ბრძანება მას ჩაბარდა 2017 წლის 12 ოქტომბერს, რომელიც გაასაჩივრა 2017 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ საფოსტო უკუგზავნილზე ხელმომწერი პირი ხ--------------–---–ი არ არის მისი თანამშრომელი. შესაბამისად, მისთვის 2016 წლის 11 ნოემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 3 ნოემბრის №3---- ბრძანების ჩაბარება არ წარმოადგენს შპს „დ--–--- კ---------ისათვის“ წერილობითი დოკუმენტის ჩაბარებას.
სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით პირველი ინსტანციის სასამართლომ მოიხმო გადასახადის გადამხდელთან მიმოწერის წესის განმსაზღვრელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. მესამე ნაწილის თანახმად კი საგადასახადო ორგანო თავად ირჩევს დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას. ამავე მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილები კი განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელისათვის (გარდა ფიზიკური პირისა) წერილობითი დოკუმენტის ჩაბარების წესს, კერძოდ, წერილობითი დოკუმენტი გადასახადის გადამხდელისათვის (გარდა ფიზიკური პირისა) ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა: ა) უფლებამოსილ პირს; ბ) პირის უფლებამოსილ ან კანონიერ წარმომადგენელს; გ) სარეგისტრაციო დოკუმენტებით განსაზღვრულ იურიდიულ მისამართზე კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს; დ) საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ან/და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების შესახებ უფლებამოსილი პირის ბრძანების შემთხვევაში − გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის უშუალოდ განმახორციელებელ პირს; ე) სარეგისტრაციო დოკუმენტებით იურიდიულ მისამართად განსაზღვრულ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებ ნებისმიერ სრულწლოვან პირს. დოკუმენტის ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე ან ფოსტის შესაბამის დოკუმენტზე მიმღების ხელმოწერით. იქვე აღინიშნება მიმღების სახელი და გვარი და ადრესატთან მისი დამოკიდებულება, აგრეთვე დოკუმენტის ჩაბარების თარიღი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.
სასამართლომ განმარტა, რომ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია (მათ შორის, დეკლარირება) შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge (შემდეგში – სამსახურის ვებგვერდი) გამოყენებით.
ზემოაღნიშნული დანაწესების ანალიზი ცხადყოფს, რომ საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, შემოსავლების სამსახურის მომსახურების პორტალის მეშვეობით. მომსახურების პორტალს ჰყავს ავტორიზებული მომხმარებელი - გადასახადის გადამხდელის სახით, რომელიც ფლობს აღნიშნული პორტალის გამოსაყენებელ სახელწოდებასა და პაროლს. შესაბამისად, 44-ე მუხლის მე-9 ნაწილში დასახელებულ ადრესატში იგულისხმება სწორედ გადასახადის ის გადამხდელი, რომელიც წარმოადგენს აღნიშნული პორტალის ავტორიზებულ მომხმარებელს და ინტერნეტ-პორტალზე განხორციელებული ყველა ქმედება, სწორედ, მისთვის წარმოშობს სამართლებრივ შედეგს.
ვინაიდან, ივარაუდება, რომ ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ყოველ დოკუმენტზე წვდომა გააჩნია, მხოლოდ და მხოლოდ შესაბამის ადრესატს - გადასახადის გადამხდელს, ამიტომ, იგი წარმოადგენს პასუხისმგებელ პირს პორტალზე განხორციელებული ყოველი ქმედებისათვის.
ასევე, უნდა აღინიშნოს ,,ელექტორნული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც, თუ მხარეთა შეთანხმებით ან საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმოწერილი ელექტრონული დოკუმენტი ითვლება მიღებულად იმ მომენტიდან, როდესაც ხელმოწერილი ელექტრონული დოკუმენტი შედის ადრესატის საინფორმაციო სისტემაში და ხელმისაწვდომია მისთვის.
ამასთან, სასამართლომ დამატებით გაამახვილა ყურადღება „გადასახადის ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაზე, რომლის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი სამსახურის ვებგვერდზე ან ელექტრონულ ფოსტაში გაცნობისთანავე, რის თაობაზეც საგადასახადო ორგანოს ინფორმაცია მიეწოდება სამსახურის ვებგვერდიდან. ამგვარად, ადრესატის მიერ საგადასახადო ორგანოს მხრიდან გაგზავნილი ელექტრონული დოკუმენტის გაცნობის ფაქტი დასტურდება პროგრამულად, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდიან, მაშინ, როდესაც ადრესატი გაგზავნილი დოკუმენტის „ლინკს“ გახსნის.
სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 03 ნოემბრის №3---- ბრძანება ფოსტით გაეგზავნა შპს „დ--–--- კ---------ს“ 2016 წლის 04 ნოემბერს იურიდიულ მისამართზე: ქ.რუსთავი, გ--------------. 2016 წლის 11 ნოემბრის საფოსტო უკუგზავნილზე ჩაიბარას გრაფაში აღნიშნულია ხ--------------–---–ი (ორგანიზაციის წარმომადგენელი). სასამართლო ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 24 იანვარს და 08 თებერვალს შპს „დ--–--- კ---------ისათვის“ იურიდიულ მისამართზე გაგზავნილი კორესპონდენციების ჩაბარება მოხდა ხ--------------–---–ის, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ 2018 წლის 25 იანვარსა და 09 თებერვალს (იხ. ს.ფ. 156, 199). სასამართლო დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ შპს „დ--–--- კ---------ს“ სადავო ბრძანება გაეგზავნა ელექტრონულ პორტალზე 2016 წლის 7 ნოემბერს, რომელსაც გაეცნო 2016 წლის 13 დეკემბერს. შესაბამისად, არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 03 ნოემბრის №3---- ბრძანების 2017 წლის 12 ოქტომბერს ჩაბარების შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება გასაჩივრების ვადის დარღვევა, რაც გამოწვეული იქნებოდა გადასახადის გადამხდელისგან დამოუკიდებელი მიზეზით. ასეთი მიზეზის არსებობა არათუ არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, არამედ მოსარჩელეც არ მიუთითებს მსგავს გარემოებასა და საპატიო მიზეზზე, რა შემთხვევაშიც დადგინდებოდა გაშვებული გასაჩივრების ვადის აღდგენის შესაძლებლობა. შესაბამისად, არსებობდა საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, ვინაიდან პირს შესაბამისი წესის დაცვით ჩაბარდა სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანება, ხოლო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის შედეგად მან შეიძინა შესასრულებლად სავალდებულო ძალა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი მსჯელობისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოთხოვნა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.
შპს „დ--–--- კ---------ის“ სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად გაიზიარა მოპასუხის პოზიცია მასზედ, რომ მოსარჩელისათვის ელექტრონული საშუალებებით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარდა გადასახადის გადამხდელის - შპს ,,დ--–--- კ---------ის“ წარმომადგენელს - ვ-------------–--ეს, თუმცა იმის დასტური რომ ასეთი შეტყობინება ვ------------–--ეს, როგორც შპს „დ--–--- კ---------ის“ დირექტორს მიუვიდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის, რაც სასამართლოს არ აძლევდა მსგავსი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ცი ო ნ ა წ ი ლ ი:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს;
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 29 ივნისის №0------- ბრძანებით ყადაღა დაედო შპს „დ--–--- კ---------ის“ (ს/ნ 2--------; იურიდიული მის: ქ. რუსთავი/გ------------) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას. აღნიშნულ ბრძანებას შპს „დ--–--- კ---------ი“ გაეცნო ელექტრონულად 2016 წლის 4 ივლისს.
2016 წლის 14 ივლისს შპს „დ--–--- კ---------ის“ დირექტორმა განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 29 ივნისის №0------- ბრძანების საფუძველში ცვლილების შეტანა, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის შეცვლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 254-ე მუხლით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის გადახდევინების ღონისძიებების დაგეგმვის სამმართველოს 2016 წლის 30 აგვისტოს კორესპონდენციით შპს „დ--–--- კ---------ს“ უარი ეთქვა აღნიშნული ცვლილების განხორციელებაზე იმ მოტივით, რომ შპს „დ--–--- კ---------ს“ სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 330782 ლარის ოდენობით.
სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2016 წლის 15 აგვისტოს შუამდგომლობით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა შპს „დ--–--- კ---------ის“ ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის საფუძელზე, რადგან მიიჩნია, რომ შპს „დ--–--- კ---------ს“ - 2016 წლის 4 ივლისს ჩაბარებული სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 29 ივნისის №0------- ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ - არ გაუსაჩირვებია საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV თავით დადგენილი წესით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის ბრძანებით დაკმაყოფილდა აღნიშნული შუამდგომლობა და სსიპ შემოსავლების სამსახურს ნება დაერთო განეხორციელებინა შპს „დ--–--- კ---------ის“ დაყადაღებული ქონების რეალიზაცია ღია აუქციონის წესით (ს.ფ.26-31);
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 სექტემბრის ბრძანებით შპს „დ--–--- კ---------ის“ საჩივრის საფუძველზე გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის ბრძანება იმ მოტივით, რომ შპს „დ--–--- კ---------ის“ დირექტორის 2016 წლის 14 ივლისის განცხადება თავისი შინაარსით წარმოადგენდა საჩივარს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გადამხდელის მიერ სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 29 ივნისის №0------- ბრძანების სადავოობის პირობებში არ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2112-2123 მუხლების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე ბრძანების გამოცემის საფუძველი (ს.ფ.32-37).
შპს „დ--–--- კ---------მა“ 2016 წლის 20 სექტემბერს საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა: 1) სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 29 ივნისის №0------- ბრძანებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის შეცვლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 254-ე მუხლით და 2) სსიპ შემოსავლების სამსახურის გადახდევინების ღონისძიებების დაგეგმვის სამმართველოს 2016 წლის 30 აგვისტოს №2---------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ ზემოაღნიშნული საჩივარი 2016 წლის 28 სექტემბერს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 297-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ქვემდებარეობისამებრ გადაიგზავნა სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტში.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 3 ნოემბრის ბრძანებით შპს „დ--–--- კ---------ის“ 2016 წლის 20 სექტემბრის საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ გადამხდელის ბარათზე ირიცხება თანხები, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ითვლება აღიარებულად. გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2016 წლის 29 ივნისის №0------- ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის ნაცვლად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 254-ე მუხლის გავრცელების სამართლებრივი საფუძველი.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 3 ნოემბრის №3---- ბრძანება ფოსტით გაეგზავნა შპს „დ--–--- კ---------ს“ 2016 წლის 4 ნოემბერს იურიდიულ მისამართზე: ქ. რუსთავი, გ--------------, რომელიც 2016 წლის 11 ნოემბერს ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს ხ--------------–---–ს. შპს „დ--–--- კ---------ს“ აღნიშნული ბრძანება ასევე გაეგზავნა ელექტრონულ პორტალზე 2016 წლის 7 ნოემბერს, რომელსაც გაეცნო 2016 წლის 13 ნოემბერს (ს.ფ. 146-147);
შპს „დ--–--- კ---------მა“ 2017 წლის 27 ოქტომბრის საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა: 1) სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 29 ივნისის №0------- ბრძანებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის შეცვლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 254-ე მუხლით, 2) სსიპ შემოსავლების სამსახურის გადახდევინების ღონისძიებების დაგეგმვის სამმართველოს 2016 წლის 30 აგვისტოს №2---------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და 3) სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 2016 წლის 3 ნოემბრის №3---- ბრძანების ბათილად ცნობა (ს.ფ.148-152).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს „დ--–--- კ---------ის“ საჩივარი დარჩა განუხილველი.
საგადასახადო ურთიერთობიდან წარმოშობილი დავების განხილვის წესს ადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.
საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძვლებს განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლი, რომლის ,,ე“ ქვეპუნქტი ადგენს, გასაჩივრების ვადის გასვლა იწვევს საჩივრის განუხილველად დატოვებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 03 ნოემბრის №3---- ბრძანება ფოსტის მეშვეობით შპს „დ--–--- კ---------ს“ გაეგზავნა 2016 წლის 04 ნოემბერს, იურიდიულ მისამართზე: ქ.რუსთავი, გ--------------. საქმეში დაცულია 2016 წლის 11 ნოემბრის საფოსტო უკუგზავნილი, საიდანაც დგინდება, რომ გზავნილი ჩაიბარა ორგანიზაციის წარმომადგენელმა - ხ--------------–---–მა.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 24 იანვარს და იმავე წლის 08 თებერვალს შპს „დ--–--- კ---------ის“ იურიდიულ მისამართზე გაგზავნილი კორესპონდენციები ასევე ჩაიბარა ხ--------------–---–მა, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა (იხ. ს.ფ. 156, 199). საგულისხმოა ასევე ის გარემოება, რომ შპს „დ--–--- კ---------ს“ სადავო ბრძანება გაეგზავნა ელექტრონულ პორტალზე 2016 წლის 7 ნოემბერს, ინფორმაციას პორტალის მეშვეობით საწარმოს წარმომადგენელი გაეცნო 2016 წლის 13 ნოემბერს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე. შეტყობინების ადრესატს წარმოადგენდა შპს ,,დ--–--- კ---------ი“. დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მომხმარებლის ავტორიზებულ გვერდზე შესასვლელად საჭირო პაროლი საგადასახადო ორგანოს მიერ ეცნობება მხოლოდ უფლებამოსილ პირს - გადასახადის გადამხდელს, საწარმოს დირექტორს. შესაბამისად, ივარაუდება, რომ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ ყველა დოკუმენტზე წვდომა გააჩნია მხოლოდ ადრესატს - გადასახადის გადამხდელს, რომელიც წარმოადგენს პასუხისმგებელ პირს პორტალზე განხორციელებული ყოველი ქმედებისათვის. დადგენილია, რომ შპს „დ--–--- კ---------ის“ წარმომადგენლის მიერ სადავო ბრძანება გახსნილია ელექტრონულ პორტალზე, რაც ადასტურებს კომპანიის მხრიდან საგადასახადო ორგანოს მიერ გაგზავნილი ელექტრონული დოკუმენტის გაცნობის ფაქტს. სააპელაციო პალატა არ უარყოფს საწარმოს დირექტორის მიერ მომხმარებლის ავტორიზებულ გვერდზე შესასვლელად საჭირო პაროლის სხვა პირთათვის გადანდობის შესაძლებლობას, თუმცა როდესაც შეტყობინების გამხსნელი პირი მიღებული კორესპოდენციის შესახებ ინფორმაციას არ აწვდის ან დაგვიანებით აწვდის საწარმოს დირექტორს, აღნიშნული მიუთითებს საწარმოში არსებულ შიდა ორგანიზაციულ ხარვეზზე, რაც არ შეიძლება იქცეს საჩივრის წარდგენის ვადის აღდგენის საფუძვლად.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ადასტურებს გასაჩივრების ვადის იმ სახის დარღვევას, რაც გამოწვეული იქნებოდა გადასახადის გადამხდელისაგან დამოუკიდებელი მიზეზით. საპატიო მიზეზი, რომელიც შესაძლებელს გახდიდა გასაჩივრების ვადის აღდგენის დაშვების შესაძლებლობას, ასევე წარმოდგენილი ვერ იქნა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, რაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გამორიცხავს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის გადაწყვეტა ეფუძნება საქმეზე დადგენილი ფაქტების ობიექტურ შეფასებას, ადმინისტრაციული ორგანო ასაბუთებს, რომ მიღებული გადაწყვეტილება შეესაბამება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვერ შეფასდება როგორც არამართლზომიერი და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საპროცესო ხარჯები:
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდათი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დაადგინა:
1. შპს „დ--–--- კ---------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე: ნინო ქადაგიძე
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
გელა ბადრიაშვილი