განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210016001577527
საქმე № 2ბ/7256-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 ივლისი, 2019 წ. ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე – ამირან ძაბუნიძე
სხდომის მდივანი – თამარ ბლიაძე
აპელანტი - კ------------ე მ--–--ე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - თ----- ს-------ა
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,თ----------ი“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ა-- ნ-----–--–---–ი
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება
დავის საგანი - განკარგულების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მოსარჩელე კ------------ე მ--–--ემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე სს ,,თ----------ის“ მიმართ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სს ,,თ----------ის“ ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის 2016 წლის 13 სექტემბრის №347.00 განკარგულება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე; ბათილად იქნეს ცნობილი სს ,,თ----------ის“ ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის 2016 წლის 14 სექტემბრის №348.00 განკარგულება; ბათილად იქნეს ცნობილი სს ,,თ----------ის“ ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის 2016 წლის 14 სექტემბრის №353.00 განკარგულება; მოსარჩელე კ------------ე მ--–--ე აღდგენილ იქნას სს ,,თ----------ის“ დისტანციური სერვისების განყოფილების დისტანციური გაყიდვების ქვე-განყოფილების დისტანციური გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე; მოპასუხე სს ,,თ----------ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლებიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 900 ლარის ოდენობით;
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე არ გათავისუფლებულა 2016 წლის 13 სექტემბრის №347.00 განკარგულების საფუძველზე, ვინაიდან აღნიშნული განკარგულება გაუქმებულია და აღარ არსებობს. მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე, ვინაიდან მოპასუხემ მოამზადა მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანება, თუმცა მოსარჩელემ თავად მიმართა განცხადებით მოპასუხეს და მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლება. მოპასუხე მიუთითებს, რომ სახეზე იყო მოპასუხის გათავისუფლების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები, ვინაიდან მის მიერ ჩადენილი იყო სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევა და ამასთან, მოსარჩელეს მიღებული ჰქონდა საბოლოო გაფრთხილება შესაბამისი ბრძანებით, თუმცა ვინაიდან 2016 წლის 14 სექტემბერს მოსარჩელემ თავად მოითხოვა განცხადებით სამსახურიდან გათავისუფლება, მოპასუხემ თანამშრომლის მიმართ გამოიჩინა ლოიალური დამოკიდებულება, გაითვალისწინა რა სამუშაო ბაზარზე დღეს არსებული დასაქმების სირთულე და 2016 წლის 14 სექტემბრის №348.00 განკარგულებით გააუქმა 2016 წლის 13 სექტემბრის №347.00 განკარგულება და 2016 წლის 14 სექტემბერს გამოსცა ახალი განკარგულება №353.00 მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ, რისი საფუძველიც ამჯერად გახდა თავად დასაქმებულის - მოსარჩელის პირადი განცხადება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება კ------------ე მ--–--ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. სააპელაციო საჩვარი ეფუნება შემდეგ გარემოებებს:
5.1. წინამდებარე სააპელაციო საჩივრით აპელანტი ასაჩივრებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებას და მოითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 გვისტოს გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდეს.
5.2. აპელანტმა ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
აპელანტი განმარტავს, რომ დამსაქმებლის შიანაგანაწესი არ არის სათანადოდ ინკორპორირებული შრომით ხელშეკრულებაში, რადგან დამსაქმებელმა ვერ უზრუნველყო შრომის შიანაგანაწესის სათანადოდ გაცნობა დასაქმებულისთვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
სასამართლო გადაწყვეტილებაში გათავისუფლების მართლზომიერების დადგენისას, მარტივად შემოიფარგლა ფაქტობრივი გარემოებების აღწერით და არ დაუსაბუთებია თუ რა სამართლებრივი გზებით იქნებოდა შესაძლებელი 2016 წლის 13 სექტემბრის უკვე გათავისუფლებული პირის განმეორებით გათავისუფლება 2016 წლის 14 სექტემბერს. სასამართლომ აქცენტი გააკეთა გათავისუფლებული პირის ნების ნამდვილობაზე, თუმცა არ უმსჯელია გათავისუფლებული პირის უფლებამოსილებაზე დაწეროს განცახდება სამსახურის დატოვების თაობაზე.
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ ზედაპირულად იმსჯელა მოსარჩელის მიერ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ხელწერილის დაწერის ფაქტზე, განიხილა რა აღნიშნული დოკუმენტი განყენებულად და არა არსებულ ფაქტობრივ გარემოებებთან კონტექსტში (დამატებით იხილეთ სააპელაციო საჩივარი ს.ფ. 173-186).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ კ------------ე მ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით), 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394.1-ე (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები.
7. სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ კ------------ე მ--–--ის 13.09.2016წ. განცხადება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, არ არის დაწერილი მის მიმართ განხორციელებული იძულების, ზეწოლისა და მუქარის შედეგად.
საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები) პირველი ნაწილის ’’დ’’ პუნქტი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ - ერთ საფუძვლად დასაქმებულის მიერ თანანმდებობის (სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვებას მიიჩნევს.
შესაბამისად განსახილველ შემთხვევაში სახეზეა არა დამსაქმებლის ინიციატივით სამუშაოდან კ------------ე მ--–--ის გათავისუფლება, არამედ პირადი განცხადების საფუძველზე, (რასაც ნამდვილად ჰქონდა მიზეზი, განცხადების დაწერას წინ უძღოდა მის მიერ შრომის შინაგანაწესის უხეში დარღვევა) - სამუშაოდან დათხოვნა. ასეთი შემთხვევისათვის კი არც მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება და არც საქართველოს შრომის კანონმდებლობა დამსაქმებლის მიერ, სამსახურშ აღდგენასა და იძულებითი განაცდურის გადახდის ვადებულებას არ ითვალისწინებს.
სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
8. მოცემული კატეგორიის დავის სწორად გადაწყვეტის მიზნებისათვის, სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოყენებული უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მოსარჩელის მიერ ხელმოწერილი განცხადებების არსებობის პირობებში, მოქმედებს აღნიშნულ დოკუმენტში მხარის მიერ გამოხატული ნების ნამდვილობის პრეზუმფცია. საწინააღმდეგოს დადასტურება კი იმ მხარის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა, რომელიც აღნიშნულ განცხადებას სადავოდ ხდის. შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ნების ფორმირებაზე ზემოქმედების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენს.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2016 წლის 13 სექტემბერს, მოპასუხის მიერ მომზადდა №347.00 განკარგულება მოსარჩელის საბოლოო გაფრთხილებისა და სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე შრომის შინაგანაწესის უხეში დარღვევის გამო. ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 13 სექტემბერს, მოპასუხის მიერ მომზადდა №347.00 განკარგულება მოსარჩელის საბოლოო გაფრთხილებისა და სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, შრომის შინაგანაწესის უხეში დარღვევის გამო. მოპასუხემ 2016 წლის 14 სექტემბერის N348.00 განკარგულებით თავად გააუქმა მოსარჩელის მიმართ გამოცემული №347 განკარგულება და გამოსცა 2016 წლის 14 სექტემბრის №353.00 განკარგულება მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, რომლის საფუძველი გახდა მოსარჩელის 2016 წლის 14 სექტემბრის განცხადება საკუთარი ნებით თანამდებობის დატოვების თაობაზე.
9. შრომითი დავის განხილვისას სასამართლომ უნდა შეაფასოს, დაირღვა თუ არა მხარეთა უფლებები ამა თუ იმ სამართლებრივი აქტის თუ მოქმედების განხორციელების შედეგად, უნდა დადგინდეს დაირღვა თუ არა მხარეთა თანასწორობის პრინციპი, ხომ არ განხორციელდა დისკრიმინაცია და ა.შ.
სასამართლო განმარტავს, რომ გარიგების ნამდვილობასთან დაკავშირებით, მარტოოდენ ნების არსებობა არ იწვევს გარიგების დადებას, აუცილებელია, რომ ნება გამოვლენილ იქნას. გარდა ამისა, ნება მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ნება შინაგანი სუბიექტური კატეგორიაა და იგი სამართლებრივ შედეგებს იწვევს მხოლოდ მისი გარეგანი გამოხატვის შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი შედეგისადმი მიმართული ნება იურიდიულად ქმედითი ხდება მისი გამოვლენის შემდეგ. ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. ამდენად, ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს, მაგალითად, პირის იძულება, მოტყუება, და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მართოს ნების გამოხატვის ფორმები. ეს ის შემთხვევებია, როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნებას არ შეესაბამება ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ). ასეთ შემთხვევებში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანამდევი შედეგებისაგან. სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა ეფუძნება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მსჯელობას მის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში, რაც გაზიარებული იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ (იხ. სუს #ას-649-616-2014).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ მან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ თავდაპირველი განკარგულების გაუქმება და გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა 2016 წლის 14 სექტემბრის განცხადებით მოითხოვა თანამშრომლის რჩევის შედეგად, ამასთან, 2016 წლის 14 სექტემბერს დაწერილი განცხადება არ შეიძლება გამხდარიყო 2016 წლის 13 სექტემბრის განკარგულების გაუქმების საფუძველი. დაუშვებელია დასაქმებული ორჯერ იქნეს გათავისუფლებული ერთი და იგივე თანამდებობიდან. პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხემ მისივე 2016 წლის 14 სექტემბრის განკარგულებით გააუქმა 2016 წლის 13 სექტემბრის განკარგულება, რომელშიც მითითებული იყო მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების სხვა სამართლებრივი საფუძველი.
10. სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით (საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი). მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ გამოცემული ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ კანონიერია, შესაბამისად არ არსებობს მოსარჩელის სამსახურში აღდგენის საფუძველი.
11. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სს ,,თ----------ის“ 13.09.2016წ. ბრძანებას საფუძვლად დაედო თავად დასაქმებულის, კ.მ--–--ის პირადი განცხადება და ამასთან, არ დადასტურდა ისეთი გარემოებები, რაც ამ უკანასკნელის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძვლად შეფასდებოდა, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა მოიშალა არა დამსაქმებლის, არამედ თავად დასაქმებულის ინიციატივით. შესაბამისად, ვინაიდან, დადგენილია, რომ შრომითი ურთიერთობა მხარეთა შორის შეწყდა არა მოპასუხის, არამედ თავად მოსარჩელის ინიციატივით, მისი პირადი განცხადების საფუძველზე, იძულებითი განაცდურის მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, რის გამოც კ.მ--–--ეს მართებულად ეთქვა უარი მის დაკმაყოფილებაზე (სშკ-ს 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად).
12. სააპელაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან პალატამ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. კ------------ე მ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება მის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე