განაჩენი

სისხლის სამართლის 12.11.2019
საქმის ნომერი
330100119002874552
ინსტანცია
თარიღი
12.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002874552

საქმე №1ბ/1480-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

08 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - დ---------------ის,ადვოკატ - გ--------------ის,მსჯავრდებულ - გ---------------ის მონაწილეობით,თბილისის, ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ---------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გ---------------ის მიმართ - დაბადებული 19---–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ-------–-------------–---–------- შესახვევი, ს---–-----; ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------------------------–-----. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქ/პუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 05 აგვისტოს განაჩენით:

 

გ---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

გ---------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5 000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2019 წლის 19 თებერვლიდან - 2019 წლის 27 თებერვლის ჩათვლით) გათვალისწინებით გ---------------ს შეუმცირდა ჯარიმის ოდენობა 200 (ორასი) ლარით და საბოლოოდ, განესაზღვრა ჯარიმა 4 800 (ოთხიათასრვაასი) ლარის ოდენობით.

 

გ---------------ს ჩამოერთვა მატერიალური პასუხისმგებლობის პირის სახით საქმიანობის უფლება 1 (ერთი) წლის ვადით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ გ---------------მა ჩაიდინა მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 08 აგვისტოს, შუადღის საათებში, ბენზინგასამართი სადგურის შპს ,,ბ---ს“ უფროსმა ოპერატორმა გ---------------მა, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, საწვავის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა 7656 (შვიდიათასექვსასორმოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით, რითაც დაზარალებულ შპს ,,ბ---ს“ მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის, ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ---------------ემ და ითხოვა მასში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, იმ საფუძვლებზე მითითებით, რომ სასამართლოს განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, თუმცა სასჯელის ნაწილში არ არის სამართლიანი და აშკარად ლმობიერია. პროკურორის განმარტებით, დანიშნული სასჯელი არ გამომდინარეობს დანაშაულის სიმძიმიდან, ხასიათიდან და სპეციფიკიდან.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა დ---------------ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

მსჯავრდებულმა გ---------------მა და მისმა ადვოკატმა გ--------------ემ მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის, ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ---------------ის საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 05 აგვისტოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. გ---------------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ მოწმეების: ბ--------------------------------–--------------------–-----ის, არკადი მალიჩავას გამოკითხვის ოქმებიდან მიღებული ინფორმაციით; თავად გ---------------ის გამოკითხვის ოქმებიდან მიღებული ინფორმაციით; სააღრიცხვო ჟურნალის დათვალიერების ოქმით; თანდართული ჟურნალის გვერდების და ქვითრის ასლებით და საქმეში არსებული სხვა, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც მხარეებმა მიიჩნიეს უდავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. წარმოდგენილ მტკიცებულებათა ანალიზი ცხადყოფს, რომ გ---------------ის მიზანი იყო მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, საწვავის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა 7656 (შვიდიათასექვსასორმოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით, რაც განახორციელა კიდეც და შპს ,,ბ---ს“ მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი. შესაბამისად, მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშული და პასუხი უნდა აგოს ჩადენილი დანაშაულისათვის.

 

რაც შეეხება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის (მათ შორის, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის) დადგენის შემდეგ, აუცილებელია კონკრეტული ქმედებისათვის სანქციის განსაზღვრა. სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა, ვინაიდან პირის მიერ სისხლის სამართლის კანონის დარღვევა, სასჯელის გამოყენების იურიდიული საფუძველია და შესაბამისად, იგი სახელმწიფოს ბუნებრივ რეაქციას წარმოადგენს ჩადენილ დანაშაულზე. მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება ისეთი სასჯელი, რომელიც თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.

 

საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ოთხიდან, შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრის დროს პალატა ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის დანაწესს, რომლის თანახმადაც, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ გაითვალისწინა კანონმდებლობის ზემოთაღნიშნული მოთხოვნები; შეაფასა გ---------------ის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები; მხედველობაში მიიღო ასევე დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და განსაზღვრა სასჯელი ჯარიმის სახით. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ გ---------------ს არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, ზიანი ნაწილობრივ ანაზღაურებულია, ყავს ერთი არასრულწლოვანი შვილი, არ არის ნასამართლევი, ჩადენილი დანაშაულისათვის დადგენილი სანქციიდან გამომდინარე, სასჯელთა პროპორციულობისა და ადეკვატურობის პრინციპის დაცვით, სასამართლოს მიერ დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველიც არ არსებობს. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ გ---------------ის მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელი - ჯარიმა 4 800 (ოთხიათასრვაასი) ლარის ოდენობით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, რის გამოც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 05 აგვისტოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 05 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად;

 

გ---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

გ---------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2019 წლის 19 თებერვლიდან - 2019 წლის 27 თებერვლის ჩათვლით) გათვალისწინებით გ---------------ს შეუმცირდეს ჯარიმის ოდენობა 200 (ორასი) ლარით და საბოლოოდ, განესაზღვროს ჯარიმა 4 800 (ოთხიათასრვაასი) ლარის ოდენობით.

 

გ---------------ს ჩამოერთვას მატერიალური პასუხისმგებლობის პირის სახით საქმიანობის უფლება 1 (ერთი) წლის ვადით.

 

გ---------------ის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

გ---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით შეტანილი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს, კანონით დადგენილი წესით და ვადებში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

ნივთმტკიცება:

 

ბ----------------ან ამოღებული ჟურნალი, რომელიც შესანახად ჩაბარებული აქვს ბ-------------ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე