განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003145393
საქმე №1ბ/1603-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 ნოემერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ა-–---------–-–---–ის,ადვოკატ - გ--–--------–--–---–ის,მსჯავრდებულ - ვ--–------------–---–ის მონაწილეობით,თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-–---------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ვ--–--------------------------–---–ის მიმართ - პირადი N0----------, დაბადებული 1----–-–---------------ს, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბ--–-------------------------------------ში. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტით და სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 03 სექტემრის განაჩენით:
ვ--–------------–---–ი ცნოილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მხულის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 03 (სამი) წელი და 04 (ოთხი) თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 08 (რვა) თვით ჩაეთვალა პირობით.
ვ--–------------–---–ი ცნოილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ვ--–------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნააწილის გამოყენებით, 03 (სამი) წელი და 04 (ოთხი) თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 08 (რვა) თვით, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი.
ვ--–------------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 25 ივნისიდან.
ვ--–------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ვ--–------------–---–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 10:30 საათზე, ქალაქ თბილისში, კ--------------------ში მდებარე სუპერმარკეტ „იოლში“, დანით შეიარაღებული ვ--–------------–---–ი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თავს დაესხა სს „ფუდმარტ“-ის თანამშრომელს ნ--------------ს და დანის გამოყენებით სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით გასტაცა კომპანიის კუთვნილი 70 ლარი.
მანვე ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 10:40 საათზე, ვ--–------------–---–მა განზრახ დააზიანა ქ-------–--–--------------------------ში მდებარე შპს „გ----–--------–-ს“ კუთვნილი სლოტ კლუბ „ა---------ის“ ვიტრაჟის 06 მინა და ვიტრაჟზე განთავსებული სარეკლამო პარკი. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით შპს „გ----–--------–ს“ მიადგა 3148.5 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა-–---------–-–---–მა და ითხოვა მასში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, იმ საფუძვლებზე მითითებით, რომ სასამართლოს განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, თუმცა სასჯელის ნაწილში არ არის სამართლიანი და აშკარად ლმობიერია. პროკურორის განმარტებით, დანიშნული სასჯელი არ გამომდინარეობს დანაშაულის სიმძიმიდან, ხასიათიდან და სპეციფიკიდან.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ა-–---------–-–---–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
მსჯავრდებულმა ვ--–------------–---–მა და მისმა ადვოკატმა გ--–--------–--–---–მა მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-–---------–-–---–ის საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 03 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. ვ--–------------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ნ----------------------------–---------------------------------------–------------------------–---–--------–--–------------ის გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაციით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით; ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით; ამოცნობის ოქმებითა და საქმეში არსებული სხვა, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც მხარეებმა მიიჩნიეს უდავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. წარმოდგენილ მტკიცებულებათა ანალიზი ცხადყოფს, რომ ვ--–------------–---–ის მიზანი იყო კომპანიის კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით, დანის გამოყენებით, „ფუდმარტ“-ის თანამშრომელზე თავდასხმით. ასევე, შპს „გ----–--------–-ს“ კუთვნილი სლოტ კლუბ „ა---------ის“ ვიტრაჟის 06 მინისა და ვიტრაჟზე განთავსებული სარეკლამო პარკის დაზიანება, რაც განახორციელა კიდეც და დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი. შესაბამისად, მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტითა და სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები და პასუხი უნდა აგოს ჩადენილი დანაშაულებისათვის.
რაც შეეხება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას, შემდეგ გარემოებათა გამო:
დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის (მათ შორის, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის) დადგენის შემდეგ, აუცილებელია კონკრეტული ქმედებისათვის სანქციის განსაზღვრა. სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა, ვინაიდან პირის მიერ სისხლის სამართლის კანონის დარღვევა, სასჯელის გამოყენების იურიდიული საფუძველია და შესაბამისად, იგი სახელმწიფოს ბუნებრივ რეაქციას წარმოადგენს ჩადენილ დანაშაულზე. მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება ისეთი სასჯელი, რომელიც თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ხუთიდან, შვიდ წლამდე. ასევე, სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრის დროს პალატა ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის დანაწესს, რომლის თანახმადაც, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ გაითვალისწინა კანონმდებლობის ზემოაღნიშნული მოთხოვნები; შეაფასა ვ--–------------–---–ის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები; მხედველობაში მიიღო ასევე დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და განსაზღვრა სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ვ--–------------–---–ს არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, ბრალდების მხარის მტკიცებულებები გახადა უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას; ერთ-ერთ დაზარალებულს სრულად აუნაზღაურა მიყენებული ზიანი; არ არის ნასამართლევი; ჩადენილი დანაშაულისათვის დადგენილი სანქციიდან გამომდინარე, სასჯელთა პროპორციულობისა და ადეკვატურობის პრინციპის დაცვით, სასამართლოს მიერ დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველიც არ არსებობს. ამასთან, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მსჯავრდებულის მიმართ სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი შეღავათის გამოყენება, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ვ--–------------–---–ის მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, რის გამოც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 03 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 03 სექტემრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
ვ--–------------–---–ი ცნოილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მხულის მე-5 ნაწილის გამოყენებით 03 (სამი) წელი და 04 (ოთხი) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 08 (რვა) თვით ჩაეთვალოს პირობით.
ვ--–------------–---–ი ცნოილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ვ--–------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნააწილის გამოყენებით, 03 (სამი) წელი და 04 (ოთხი) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 08 (რვა) თვით ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.
ვ--–------------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 25 ივნისიდან.
ვ--–------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები 10 ცალ სტერილურ ჩხირზე, სუნის კვალი, ვ--–------------–---–ის ნერწყვისა და სუნის ნიმუში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მინის ნატეხები, ურო და დანა, რომელიც ინახება ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-5 განყფილების ადმინისტრაციულ შენობაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
02 ცალი კომპიუტერული დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე