განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210017001924026
საქმე №2ბ/7893-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
1 ნოემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე – ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები - გოგიტა თოთოსაშვილი, გელა ქირია
სხდომის მდივანი – თამარ ბლიაძე
აპელანტი - მ------ ა---–------ი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - გ------- ო--------–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - მ------ მ---------ე, ე-- ბ----–-ა, ა-----– თ--–-----ე, თ-- წ---–------ი, ზ----- ძ--------ი, ლ---- გ-------–---–ი, გ------- ხ---------ა, ნ-----–---- მ–------ე (მოპასუხეები)
წარმომადგენელი - გ--- კ----------–--ე
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა, მორალური ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. მოსარჩელე მ------ ა---–------მა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების მ------ მ---------ის, ე-- ბ----–-ას, ა-----– თ--–-----ის, თ-- წ---–------ის, ზ----- ძ--------ის, ლ---- გ-------–---–ის, გ------- ხ---------ასა და ნ-----–---- მ–------ის მიმართ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე, მ------ მ---------ეს დაევალოს მის მიერ გავრცელებული ცნობების უარყოფა შემდეგი სახით - ,,თუმცა იმ აქტივებზე საუბარი, რომელსაც თქვენ არ ახმაურებთ და რომელზეც გინდათ საუბარი, ესე, ესე ვერ გავატარებთ ამ ამბავს, იმიტომ, რომ ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, ბმაში, მისი რეალური ქონება, მათ შორის ობშერებთან დაკავშირებული საკითხები და მათ შორის ის ჩანაწერი...და ეს ყველაფერი ბმაშია გ--------ს და ამ მოსამართლის საუბართან, როდესაც ისინი ამაზე საუბრობდნენ სწორედ და ჩვენ ვნახეთ შემდეგ გმირად გამოყვანილი ეს ადამიანი, როგორ დატოვა სასამართლო და ასე შემდეგ. ეს არის მთავარი მტკიცებულება, რაც დამტკიცებულია, რაც არის რელევანტური და ავთენტური;“... - მე სხვათა შორის არ ვიცი თქვენ რაში გადაუხადეთ ა---–------ს ფული;“... - ამ ადამიანს აღმოაჩნდა დიდი აქტივები, დიდი ქონება, დიდი კრედიტების შესაძლებლობები და ასე შემდეგ. ეს არის ჩემთვის სწორედ მტკიცებულება და მათი კონტაქტი რომ დადასტურებული იყო ამაზე მგონი ამ ქვეყანაში არავინ დაობს;“ - არ შეესაბამება სინამდვილეს“; აღნიშნული ინფორმაციის უარყოფა მოხდეს სამაუწყებლო კომპანია ,,რ----------“-ის,საშულებით. ,,ბატონი გ-------- ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა სასამართლოს ერთ- ერთ ხელმძღვანელთან -ბატონ ა---–------თან. დღეს უკვე ცნობილი ხდება, რომ ბატონი ა---–------ის ხელში, როდესაც ის იყო მოსამართლე და ბატონი ა---–------ის განკარგულებაში, როდესაც ის სასამართლოში მუშაობდა თავს იყრის კოლოსალური რაოდენობით ფინანსური რესურსები, ეს არის 800000 დოლარი, ეს არის 1600000 დოლარი, რომელსაც იგი ფლობდა და განკარგავდა;“ ,,1600000 დოლარი, რომლითაც იგი ისტუმრებს კრედიტორს;“ აღნიშნული ინფორმაციის უარყოფა მოხდეს სამაუწყებლო კომპანია ,,ი----ის“ საშულებით. მოპასუხე, ა-----– თ--–-----ეს დაევალოს მის მიერ გავრცელებული ცნობების უარყოფა შემდეგი სახით - ,,მოგვიანებით უკვე ცნობილი ხდება ჩვენთვის, მთელი საზოგადოებისთვის, რომ მოსამართლე ბატონი ა---–------ი, რომელთანაც თვითონ იმყოფებოდა ფარულ კავშირში და აწარმოებდა ფარულ მოლაპარაკებებს“ - არ შეესაბამება სინამდვილეს“; აღნიშნული ინფორმაციის უარყოფა მოხდეს სამაუწყებლო კომპანია ,,ი----ის“ საშულებით. . მოპასუხე, გ------- ხ---------ას დაევალოს მის მიერ გავრცელებული ცნობების უარყოფა შემდეგი სახით - ,, ყველას გვახსოვს ჩვენ მისი საუბარი მ------ ა---–------თან. ორივემ დაადასტურა ამ საუბრის ავთენტურობა, ორივე, ერთმაც და მეორემაც. მეტსაც გეტყვით ა---–------ი ესე ვთქვათ დაემუქრა გ--------ს როცა გაცხადდა ეს საუბარი, რომ სარჩელს შეიტანდა და აღძრავდა საქმეს, ბოდიშის მოხდას მოითხოვდა და ა.შ. იქ ფიგურირებდა თანხა 6 მილიონი. აღმოჩნდა, რომ ბატონ მ------ ა---–------ს ამ თანხის ქონება შეძენილი ჰქონდა აი სულ ეხლახან 2016 წლის დეკემბერში, ნაწილი საქართველოში, ნაწილი ობშორულ ზონაში და ეს დადასტურდა არა ვიღაცის ლაპარაკით, გ--------სი, არამედ დადასტურდა დოკუმენტებით, რომელიც ამოღებულ იქნა საჯარო რეესტრიდან. ნათლად ჩანს, რომ რასაც იქ ლაპარაკობდნენ ის შედგა.“ - არ შეესაბამება სინამდვილეს; აღნიშნული ინფორმაციის უარყოფა მოხდეს სამაუწყებლო კომპანია ,,ი----ის“ საშუალებით. მოპასუხე, თ-- წ---–------ს დაევალოს მის მიერ გავრცელებული ცნობების უარყოფა შემდეგი სახით - ,,ეს საუბარი ნამდვილად შედგა და ა---–------ი დღესაც, თქვენ თუ დააკვირდებით, არის ისევ და ისევ ნაციონალური მოძრაობის მიერ სასამართლოს წინააღმდეგ დაგეგმილი კამპანიის ნაწილი“... არის ხალხი, მაგალითად ა---–------ი, რომელმაც ეს ვერ შეძლო, მოაწყო პოლიტიკური შოუ, რომელსაც აგრძელებს“ - არ შეესაბამება სინამდვილეს. აღნიშნული ინფორმაციის უარყოფა მოხდეს სამაუწყებლო კომპანია ,,ი----ის“ საშუალებით. მოპასუხე, ზ----- ძ--------ს დაევალოს მის მიერ გავრცელებული ცნობების უარყოფა შემდეგი სახით - ,,გაჯანსაღება რომ მიმდინარეობს, ეს, თუნდაც ის ადასტურებს, რომ მ------ ა---–------ის მსგავსი მოსამართლეები უკვე აღარ არიან ამ სისტემაში“ - არ შეესაბამება სინამდვილეს. აღნიშნული ინფორმაციის უარყოფა მოხდეს სამაუწყებლო კომპანია ,რ--------2“-ის საშუალებით. მოპასუხე, ე-- ბ----–-ას დაევალოს მის მიერ გავრცელებული ცნობების უარყოფა შემდეგი სახით - ,,აშკარაა, რომ დანაშაულის ნიშნები სახეზე“... ,,ამასობაში ვხედავთ, რომ საჯარო რეესტრიდან არის ა---–------ის მიმართ უკვე კონკრეტული ფაქტები, რომ რამდენიმე მილიონიან ქონებას ეუფლება იქამდე, ვიდრე კრედიტს გააფორმებდა და ამ აქ ქონების, ესე ვთქვათ ხელში გადასვლის იურიდიული დოკუმენტები ჩნდება, ყოფილი თავმჯდომარის, სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ“ - არ შეესაბამება სინამდვილეს. აღნიშნული ინფორმაციის უარყოფა მოხდეს სამაუწყებლო კომპანია ,,ი----ის“ საშუალებით. მოპასუხე, ნ-----–---- მ–------ეს დაევალოს მიერ მიერ გავრცელებული ცნობების უარყოფა შემდეგი სახით - ,, მრავალმილიონიანი ქონება, რომელიც მან რაღაცა, მან უკანონო გზებით არ არის შეტანილი დეკლარაციაში... ეს ყველაფერი გვაძლევს საფუძველს იმისა, რომ დავადანაშაულოთ მ------ ა---–------ი იმ კორუფციულ სქემებში, იმ მრავალმილიონიან ესე ვთქვათ კორუფციულ სქემებში და დანაშაულებებში და მის მიმართ დადგეს სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შემდეგ ბრალეულობა;“ აღნიშნული ინფორმაციის უარყოფა მოხდეს სამაუწყებლო კომპანია ,,ი----ის„ საშუალებით. ნ-----–---- მ–------ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია - ,,ჩვენს მიერ მოძიებულ იქნა ოფიციალური დოკუმენტები საჯარო რეესტრიდან, ასაბუთებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მ------ ა---–------ის (საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე 2012-2016) მიერ არადეკლარირებული ქონების არსებობას და მის სავარაუდო კორუფციულ სქემაში მონაწილეობას...ის რომ მ------ ა---–------ი გარკვეულ კორუფციულ სქემებშია გახვეული, ეს ბოლო პერიოდშიგავრცელებული აუდიო ჩანაწერებიდანაც ირკვევა... 6 თებერვალს ნ--- გ--------სა და ზ------ ა----–---–ს შორის გავრცელებულ აუდიოჩანაწერშიც, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის ქრთამის მიცემაზეა საუბარი ნ--- გ-------- ამბობს: ა---–------მა მაგაზე მეტი ბევრი ფასის სამუშაო შეასრულაო... თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მ------ ა---–------ის სახელი საქართველოში ძვირადღირებული ქონების შეძენის გარდა, ოფშორულ ბიზნესშიც ფიგურირებს"- არ შეესაბამება სინამდვილეს. აღნიშნული ინფორმაციის უარყოფა მოხდეს ვებ გვერდი ჰტტპ://ეხცლუსივენეწს.გე-ს საშუალებით. მოპასუხე, ლ---- გ-------–---–ს დაევალოს მის მიერ გავრცელებული ცნობების უარყოფა შემდეგი სახით - ,, მეორე მხრივ ნ--- გ-------- მოსყიდვის გზით და, რომელიც უკვე დადასტურდა ამ ჩანაწერის ავთენტურობა, ცდილობს...მეორეს მხრივ ნ--- გ-------- ა---–------ს სთავაზობს თანხებს, რა საშუალებითაც ა---–------მა უნდა უზრუნველყოს ურთმელიძის ბულინგი პირდაპირი მნიშვნელობით სასამართლოში... და რა ხდება ამ დროს, ამ დროს ხდება ის, რომ დემოკრატიული პროცესი მიდის სასამართლოში, სასამართლო ინელებს ახვლდიანს და უშვებს სასამართლო სისტემიდან, ანუ იმ სქემების გათამაშება ვერ ხდება და რა ხდება მერე, როცა ა---–------ი მიდის სასამართლოდან, ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში იყო მოსამართლე და მას ჰქონდა კონკრეტული თავისი ქონება დეკლარირებული, როგორც კი აღარ არის სასამართლოს თავმჯდომარე თუ მოსამართლე, უცებ მის ანგარიშზე და მისი ოჯახის წევრების ანგარიშზე ჩნდება ზუსტად იმ თანხის ქონება, რა თანხაზეც არის იმაში კონკრეტულ ჩანაწერში საუბარი. და კიდე მეტს გეტყვით, ვახტანგ ბალავაძე, რომელიც იყო ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი და ნაციონალური მოძრაობის წევრი, მასთან ერთად ა---–------ს აქვს ობშერული კომპანია კვიპროსში დარეგისტრირებული და არის ოფიციალური ინფორმაცია, ი----ზე გავიდა... ერთი გასაღები უჭირავს ბალავაძეს და მეორე გასაღების უჭირავს ა---–------ს, ანუ როდესაც, სავარაუდო სქემაზე ვსაუბრობ, როდესაც თანხები ირიცხებოდა აი ამ ობშორულ კომპანიაში, სანამ ეს ადამიანი თავის საქმეს არ გააკეთებდა ბალავაძე გასაღებს არ ატრიალებდა, აი ამასთან გვაქვს ჩვენ საქმე, აი ესეთ მავნებლობასთან გვაქვს ჩვენ საქმე“ - არ შეესაბამება სინამდვილეს. aღნიშნული ინფორმაციის უარყოფა მოხდეს სამაუწყებლ კომპანია ,,მ-------ოს“ საშუალებით. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ მორალური ზიანის სახით 10000-10000 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება მ------ ა---–------მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. სააპელაციო საჩივარი ეფუნება შემდეგ გარემოებებს:
5.1. წინამდებარე სააპელაციო საჩივრით აპელანტები ასაჩივრებენ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებას. აპელანტმა დააზუსტა მოთხოვნა და განმარტა, რომ ამცირებს მოთხოვნის ოდენობას მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და თითოული მოპასუხისათვის 10 000 ლარის დაკისრების ნაცვლად, თითოეულ მოპასუხეს დაეკისროს 1 ლარის ანაზღაურება მორალური ზიანის სახით.
5.2. აპელანტმა მ------ ა---–------მა ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
აპელანტი განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეული იქნა სიტყვისა და გამოხატვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები - სასამართლომ მოპასუხეთა მიერ გავრცელებული განცხადებების შეფასებისას არ გამოიყენა ზემოაღნიშნული კანონის 1-ლი მუხლის "ე" ქვეპუნქტი და მე-14 მუხლი, კერძოდ სასამართლომ მოპასუხეთა განცხადებები არ შეაფასა ცილისწამებად და არ დააკისრა სამოქალაქო პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდებოდა, რომ მოპასუხეთა განცხადებები შეიცავდა არსებითად მცდარ ფაქტს უშუალო მოსარჩელის შესახებ, მოპასუხეთა განცხადებებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი და განცხადებული ფაქტების მცდარობა მოპასუხეთათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპაუხეებმა გამოიჩინეს აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.
აპელანტის მითითებით, ასევე, არასწორია სასამართლოს დასაბუთება, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო სპეციალური კანონის მე-14 მუხლით დადგენილი კუმულატიური პირობების არსებობის დადასტურება. საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება მე-14 მუხლის გამოყენებოს ყველა წინაპირობა, რაც შეეხება მოწმე - ნ--- გ--------ს დაკითხვაზე უარს, აღნიშნული გავლენას ვერ იქონიებს საქმის გადაწყვეტაზე, ვინაიდან ის ფაქტობრივი გარემოება, რაც უნდა დაედასტურებინა მოწმე ნ--- გ--------ს - აუდიო ჩანაწერის არაავთენტურობა, დადასტურებული იქნა სხვა მტკიცებულებით, კერძოდ მოპასუხის წარმომადგენლის მიერ საქმეში წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერით სადაც ნ--- გ-------- უარყოფს ჩანაწერის ავთენტურობას, ამბობს რომ მასში თანხაზე არ ესაუბრება მ------ ა---–------ს და საერთოდაც იქ საუბარია რ-----------ის ვალებზე.
5.3. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ სასამართლომ მოპასუხეთა განცხადებების შეფასებისას გამოიყენა სიტყვისა და გამოხატვის შესახებ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის "გ" ქვეპუნქტი და მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი, რაც არ უნდა გამოეყენებინა. მოპასუხეთა განცხადებები არ წარმოადგენდა არც შეფასებით მსჯელობას, თვალსაზრისს, კომენტარს, შეხედულების გამოხატვას, არამედ მათი გამონათქვამები შეიცავს დადასტურებად ფაქტს მ------ ა---–------ის მიერ ქონების შეძენის და გავრცელებული აუდიო ჩანაწერის მიმართ და წარმოადგენდა არსებითად მცდარი ფაქტების შემცველ და ზიანის მიმყენებელ, სახელის გამტეხ განცხადებას.
შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ სრულად და უპირობოდ არასწორად გაათავისუფლა მოპასუხეები კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან.
სამოტივაციო ნაწილი
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ------ ა---–------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სსკ-ის მე-18 მუხლი, რომელიც ბლანკეტური შინაარსისაა და შეიცავს დათქმას სპეციალურ კანონზე, რომელიც საქართველოში ძალაშია 2004 წლის 16 ივლისიდან, კერძოდ, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი. სსკ-ის მე-18 მუხლის მეორე ნაწილი განსაზღვრავს, რომ ,,პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან“. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, სადავო საკითხის გადასაწყვეტად, პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტობრივი გარემოებების გამოსარკვევად და დასადგენად სსკ-ის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის სამართლებრივი განმარტებიდან გამომდინარე, უნდა ვიხელმძღვანელოთ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ სპეციალური კანონით, რომელიც წარმოადგენს ღირსების და პატივის სამოქალაქო რეგულირების შემავსებელ ნორმას და საბოლოოდ, ქმნის საკითხის სამოქალაქო კოდექსით გადაწყვეტის წინაპირობას.
8. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს
9. სააპელაციო სასამართლოს შესაფასებელია, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მოპასუხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის თუ არა მოსარჩელის სსკ-ის მე-18 მუხლითა და „სიტყვისა და გამოხატვისა თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით დაცულ სფეროში იმგვარი ჩარევა, რასაც სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მოჰყვება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მიხედვით, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მიხედვით, პირს ეკისრება სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა. ასევე, სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად, კერძო პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან დაიცვას. ასევე სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სპეციალური კანონით საჯარო და კერძო პირის ცილისწამება გამიჯნულია და სხვადასხვა მუხლებითაა მოწესრიგებული („სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 და მე-14 მუხლები). აღნიშნულს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა გააჩნია, ვინაიდან კერძოსამართლებრივ ურთიერთობებს, ჩვეულებრივ, შესაძლოა, თან ახლდეს მორალური ტკივილი, სულიერი განცდები, მაგრამ სამოქალაქო პასუხისმგებლობა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეუძლია დაზარალებულს, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის (სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი). განსახილველი სამართლებრივი დანაწესის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი უზრუნველყოფილი იქნეს. ასევე, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლი, რომელიც კერძო პირის ცილისწამებისთვის სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, საჯარო პირის ცილისწამებისგან განსხვავებით, შეურაცხმყოფელი განცხადების გავრცელების ფაქტის დადგენას სავალდებულოდ არ მიიჩნევს, შესაბამისად, კერძო პირის შემთხვევაში, მას უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს თავისი პატივისა და ღირსების დასაცავად, მაშინაც კი, როდესაც ცილისწამების გავრცელება არ მომხდარა, თუმცა, ასეთ დროს, მან უფრო მაღალი ლეგიტიმაციის არგუმენტებით უნდა დაადასტუროს პატივისა და ღირსების შელახვის ვარაუდი. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ, ზოგადად, შეურაცხმყოფელი ფაქტების ფართო მასებში გავრცელება პირის პატივსა და ღირსებას საზოგადოების თვალში აკნინებს, შესაბამისად, მას უფრო მეტ ზიანს აყენებს ვიდრე პირად სივრცეში, თუნდაც, იმავე სახის შეურაცხყოფის მიყენება.
10. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის, რათა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, აუცილებელია, მოთხოვნა დამფუძნებელი ნორმის დისპოზიციით გათვალისწინებულ ყველა კუმულატიურ ელემენტს აკმაყოფილებდეს. შესაბამისად, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის ასამოქმედებლად, აუცილებელია, დადგინდეს, რომ მოპასუხეთა განცხადებები უშუალოდ მოსარჩელის შესახებ არსებითად მცდარ ფაქტს შეიცავს და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლზე, რომლის თანახმად 1. ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას ჰქონდეს მოსაზრებანი და მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად... 2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, იმის გამო, რომ იგი მოიცავს ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ ფორმალობებს, შეზღუდვებს ან სასჯელს, რომლებიც გათვალისწინებული არიან კანონით და აუცილებლობას წარმოადგენენ დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებიდან გამომდინარე, უწესრიგობისა და დანაშაულის აღკვეთისათვის, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დაცვისათვის, კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილებისა და სასამართლო ხელისუფლების უზრუნველსაყოფად. უდავოა, რომ გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს წარმოადგენს და მისი რეგლამენტირების დროს მაქსიმალური ყურადღება უნდა იქნეს გამოჩენილი.
11. ნათელია, რომ განსახილველი კატეგორიის დავებში ერთმანეთს ორი, დემოკრატიული საზოგადოებისთვის ძალიან ღირებული და კანონის ძალით დაცული უფლება უპირისპირდება, კერძოდ, ერთი მხრივ, პირის პატივისა და ღირსების დაცვის ვალდებულება და, მეორე მხრივ, გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა. ორივე ინტერესის დაცვა იმგვარად უნდა მოხდეს, რომ მოსარჩელეს პატივისა და ღირსების შელახვის შეგრძნება არ დარჩეს, ხოლო მოპასუხეს გამოხატვის თავისუფლება უპირობოდ არ შეეზღუდოს. სწორედ აღნიშნული სულისკვეთების გამოძახილია, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიერ „აზრისა“ (შეფასებითი მსჯელობის) და „არსებითად მცდარი ფაქტის“ გამიჯვნა. აღნიშნული კანონის მე-3 პუნქტის თანახმად, აზრი აბსოლუტური პრივილეგიით არის დაცული, რაც ამავე კანონის პირველი პუნქტის მიხედვით, კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრულ და უპირობო გათავისუფლებას იწვევს.
ზემოაღნიშნული სპეციალური სამართლებრივი მოწესრიგების გათვალისწინებით, განსახილველ დავაში, იმის გადასაწყვეტად, მოპასუხეთა გამონათქვამი შეიცავს, თუ არა, ცილისმწამებლურ განცხადებას, უნდა გაირკვეს მოპასუხეთა მსჯელობა წარმოადგენს „აზრს“ თუ „არსებითად მცდარ ფაქტს“. მათ შორის განსხვავების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ „აზრის თავისუფლება“ მიჩნეულია კერძო საკითხად, რომელიც გონების სფეროს მიეკუთვნება და ამდენად, იგი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და სხვა უფლებებისაგან განსხვავებით, არ შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ ფორმალობებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვისათვის. აზრის საწინააღმდეგოდ კი, „ფაქტში“ იგულისხმება ნამდვილი, რეალური ან არსებული გარემოებები და საგნები, რომლებიც ექვემდებარება მტკიცებულებებით დადასტურებას და იგი მიეკუთვნება რელატიურ (შეფარდებით) უფლებათა კატეგორიას.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ამგვარი კატეგორიის დავების გადაწყვეტისას განმარტა, რომ სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას გულისხმობს, რომლის სისწორე თუ მცდარობა მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზეა დამოკიდებული. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებიან და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, ჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის, როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს, შესაძლებელია, გამოთქმის კონტექსტის მიხედვით, მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია, გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-1278-1298-2011).
აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო, მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, ის თუ გამონათქვამი რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 03 აპრილის განჩინება საქმეზე Nას-1477-1489-2011.). „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითებაა, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე - სუბიექტური, და, რაც მთავარია, მისი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 01 ოქტომბერის განჩინება საქმეზე Nას-179-172-2012.)
განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხეთა მიერ განცხადებები გაკეთებული იქნა მოსარჩელესთან დაკავშირებით მიმდინარე საჯარო დებატების ფარგლებში, რასაც გზა გაუხსნა მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ, მოსარჩელის, როგორც სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლის - მოსამართლისა და საქართველოში ყველაზე დიდი სასამართლოს - თბილისის საქალაქო სასამართლოს - თავმჯდომარის მიერ, შესაძლო კანონდარღვევის ჩადენის შესახებ, რომელიც ამავე ინფორმაციით, უკავშირდებოდა საქართველოს სასამართლოების მიერ ბოლო დროს განხილულ, ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ, ტელეკომპანია ,,რ----------"-ის საქმეს. გამოთქმის კონტექსტის შეფასების, შინაარსისა და ნამდვილი აზრის გათვალისწინებით, მოპასუხეთა გამონათქვამი აზრის გამოთქმად, უნდა ჩაითვალოს, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად. სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეთა სუბიექტური შეფასების გამომხატველი სადავო გამონათქვამები, შეურაცხმყოფელი, მტკივნეული, უარყოფითი ემოციისა და გარკვეული დისკომფორტის შემქმნელია მოსარჩელისათვის, წინამდებარე განჩინებაში განვითარებული მოტივაციით, ცილისწამების გამო, სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივ შესაძლებლობას გამორიცხავს.
10. სპეციალური კანონი, ამ ნორმატიული აქტის მიზნებისათვის, შემდეგნაირად განმარტავს ტერმინებს: „აზრი – შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვაა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს“ (პირველი მუხლის ‘ბ“ ქვეპუნქტი), ხოლო ცილისწამება – არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადებაა“ (დასახელებული კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). პირს ეკისრება სამოქალაქო პასუხისმგებლობა, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა.
11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მოსაზრების (შეფასებითი მსჯელობის) ფაქტებით დამტკიცება შეუძლებელია, ამიტომ არც ის შეიძლება, რომ ვინმეს ამ მოსაზრების სისწორის დამტკიცება დაევალოს. „შეფასებითი მსჯელობის სიმართლის დამტკიცება გადაუჭრელი ამოცანაა. ფაქტის არსი შეიძლება დემონსტრირებული იქნეს, მაგრამ შეფასებითი მსჯელობის სიმართლე არ შეიძლება მტკიცების საგანი იყოს. შეფასებითი მსჯელობის სიმართლის დამტკიცების მოთხოვნა წარმოადგენს იერიშის მიტანას აზრის თავისუფლებაზე“ (იხ. სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ“, 08.08.1986). იმ დროს, როდესაც შესაძლებელია ფაქტების არსებობის დემონსტრირება, სუბიექტური შეფასების ჭეშმარიტების დამტკიცება შეუძლებელია. „სუბიექტური შეფასების ჭეშმარიტების დამტკიცების მოთხოვნა შეუსრულებელია და ეს მოთხოვნა არღვევს თვით აზრის თავისუფლებას. როდესაც გამონათქვამი სუბიექტურ შეფასებას უთანაბრდება, შეზღუდვის პროპორციულობა შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, არსებობს თუ არა საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი განსახილველი გამონათქვამისათვის, ვინაიდან სუბიექტური შეფასებაც კი, ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლით გამყარების გარეშე შეიძლება ზედმეტი იყოს“ (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „დიჩანდი და სხვები ავსტრიის წინააღმდეგ“, 2002წ., ასევე, სუსგ # ას-1052-1007-2014, 30.09.2015 წ.)
12. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად „საჯარო პირი“ არის - „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; პირი რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება“. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტი მიუთითებს, რომ ტერმინში „თანამდებობის პირი“ იგულისხმება - საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების თანამდებობის პირები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელი, მისი მოადგილე და რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი., თავისმხრივ ხსენებული ორგანული კანონის 32-ე მუხლის (მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირები არიან: ა)მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე; დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე; ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე;) (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება, საქმეზე ას-790-739-2017). ზემოაღნიშნულის თანახმად, პალატა იზიარებს პირველის ინსტანციის სასმართლოს მოსაზრებას, რომ მოპასუხეთა მიერ გაკეთებული განცხადებებები - ეფუძნებოდა რა მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრთა ქონებრივი მდგომარეობის, წილების შეძენასთან დაკავშირებით სამეწარმეო რეესტრში არსებულ საჯარო და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლითაც საზოგადოებას ეცნობა, რომ ტელეკომპანია ,,რ----------“-ის გენერალური დირექტორი, ნ--- გ-------- მოსარჩელეს, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, ამ თანამდებობიდან გადადგომის სანაცვლოდ სთავაზობდა 6 მილიონ დოლარს; მ------ ა---–------ის სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გადაყენების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ იგი, საბანკო კრედიტის აღებამდე, ფლობდა მრავალმილიონიან არადეკლარირებულ ქონებას, რომელიც შემდგომ ოჯახის წევრებზე გადააფორმა, - წარმოადგენს აზრს, შეფასებით მსჯელობას, დამყარებულს საკმარის ფაქტობრივ საფუძველზე, გამოთქმულს მოსარჩელის, როგორც სასამართლო სისტემის ყოფილი მაღალი თანამდებფობის პირის მიმართ, რომლისკენაც, მის მიერ დაკავებული თანამდებობისა და გახმაურებულ სასამართლო დავასთან კავშირში შესაძლო კანონდარღვევის ჩადენის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შედეგად, მიმართული იყო საზოგადოების ნამდვილი და ლეგიტიმური ინტერესი. არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარის საფუძველს არ ქმნის სარჩელის დაკმაყოფილებისთვის, მით უფრო მაშინ, როდესაც აპელანტს საწინააღმდეგოდ რაიმე გამომრიცხავი მტკიცებულება არ წარუდგენია.
13. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის 13-ე მუხლის გამოსაყენებლად საჭირო ერთ-ერთი წინაპირობა - არსებითად მცდარი ფაქტის გავრცელება არ დასტურდება, რაც მოთხოვნის დაკმაყოფილებას საფუძველშივე გამორიცხავს, ამიტომ სააპელაციო სასამართლო ნორმის დისპოზიციით განმტკიცებული მეორე ელემენტის - მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტის გამოკვლევასა და მის სამართლებრივ შეფასებას აღარ შეუდგება.
14. სააპელაციო სასამართლო დამატებით, მიუთითებს, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად. ამიტომ, სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია ყურადღება მიაპყროს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას. სასამართლომ არაერთხელ მიუთითა, რომ აბსოლუტური უფლებაა აზრის ქონა, ხოლო მისი გამოხატვა გარკვეულ შეზღუდვებს შეიძლება დაექვემდებაროს. გამოხატვის თავისუფლება მოვალეობებისა და პასუხისმგებლობისაგან განუყოფელია. მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის დარღვევამ შეიძლება გამოხატვის თავისუფლების დარღვევა გამოიწვიოს. აზრის ქონის უფლება მოვალეობებისა და პასუხისმგებლობებთან დაკავშირებული არ არის. მოვალეობებთან და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულია გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლებით მოსარგებლე სუბიექტი უნდა ცდილობდეს შეძლებისდაგვარად სხვა ინტერესებთან დაპირისპირებას თავი აარიდოს. სხვათა ინტერესებში კი, პირველ რიგში, სხვათა უფლებებისა და რეპუტაციის დაცვა იგულისხმება. შესაბამისად, შერჩეულ უნდა იქნეს გამოხატვის ის ფორმა, რომლითაც სხვა ღირებულებათა (სხვათა პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია) იგნორირება არ მოხდება. მით უფრო, როდესაც გამოხატვის უფლების რეალიზაცია სხვა ღირებულებათა ნაკლები ხელყოფით არის დასაშვები (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „Müller v. Switzerland“). ასევე, განსხვავება ფაქტებსა და შეხედულებებს (აზრს) შორის და მათი სისწორის დამტკიცების მოთხოვნის აკრძალვა ამ უკანასკნელთან მიმართებაში (აზრთან მიმართებით) შიდასამართლებრივ სისტემაში ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო, როდესაც საკვლევ გარემოებას ცილისწამებასთან დაკავშირებული საქმეების განხილვა წარმოადგენს. ერთმანეთისაგან განასხვავა რა, ინფორმაცია (ფაქტები) და შეხედულებები (შეფასებითი მსჯელობა, აზრი), სასამართლომ განაცხადა, რომ ფაქტების არსებობა შეიძლება დამტკიცებულ იქნეს, მაშინ როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა მტკიცებას არ ექვემდებარება. რაც შეეხება შეფასებითი მსჯელობის, მტკიცების ვალდებულების დაკისრებას, იგი თავისთავად ხელყოფს შეხედულებების თავისუფლებას, რაც სასამართლოს აზრით, კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლების ფუნდამენტურ ნაწილს წარმოადგენს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე „Lingens v. Austria“ და „Dichand and Others v. Austria“). შეფასებითი მსჯელობის სისწორის დამტკიცების მოთხოვნა აზრის თავისუფლებაზე იერიშის მიტანას წარმოადგენს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „Lingens v. Austria“).
15. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს განამტკიცებს, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი მთლიანად მოსარჩელეს ეკისრება, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას მოსარჩელეა ვალდებული, ამტკიცოს შემდეგი: ა) მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება; ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია; გ) განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი, ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა; დ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებასა ან/და საქმიან რეპუტაციას.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება ვერ მოახდინა, მოპასუხეთა მიერ არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გაკეთება, რომელიც ცილისწამებას გაუთანაბრდებოდა არ დადასტურდა, რაც შეეხება ზიანის მიყენების ფაქტს სასამართლომ მისი შეფასება უმნიშვნელოდ მიიჩნია, ვინაიდან ნორმის დისპოზიციაში მითითებული კუმულატიურიი ელემენტებიდან პირველი სახეზე არ იყო.
16. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მოყვანილი მსჯელობა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს არ ქმნის და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოპასუხეების აზრისა და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის მართლზომიერი საფუძველი მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მ------ ა---–------ის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 53-ე მუხლებით და
დაადგინა
1. მ------ ა---–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს მ------ ა---–------ს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით დასაბუთებული განჩინების მხარისათვის გადაცემიდან 21 დღის ვადაში;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები გოგიტა თოთოსაშვილი
გელა ქირია