განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210116001283613
საქმე №2ბ/3481-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 ოქტომბერი, 2019 წ. ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე – ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები - ოთარ სიჭინავა, თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
სხდომის მდივანი – თამარ ბლიაძე
აპელანტი - ,,ტ------ დ---------ია“ (T------ a-- C------) (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - გ---- ო----–--ე, გ------- ბ----–--ე
მოწინააღმდეგე მხარე - ნ-------- შ---–--ე (მოპასუხე)
წარმომადგენელი - გ------- თ-------–---–ი, ი---- მ-------ე
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება სრულად
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი - სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მოსარჩელე ,,ტ------ დ---------იამ“ (T------ a-- C------) თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ნ-------- შ---–--ის მიმართ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა ბათილად იქნას ცნობილი მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი T------, რეგისტრაციის ნომრით M--------------.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, სასაქონლო ნიშნის T------ საქართველოში მაღალი ცნობადობის შესახებ, ხოლო მისი დაკვეთით IPM ღესეარცი-ის მიერ ქ. თბილისში 200 ქალბატონის გამოკითხვით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა არარელევანტურია, მისი შედეგების საქართველოს მთელ ტერიტორიასა და მოსახლეობაზე განზოგადების მცდელობა არაკორექტულია და ემსახურება სასამართლოს შეცდომაში შეყვანას. განსახილველ დავასთან კავშირში არ არის მოსარჩელის ბიზნეს აქტივობა, რომელსაც იგი ეწევა საქართველოს ფარგლებს გარეთ, რადგან სასამართლომ უნდა შეაფასოს ამ სასაქონლო ნიშნის ცნობადობის ხარისხი და რეპუტაცია საქართველოში და არა მის ფარგლებს გარეთ. ამდენად, T-------ის საზღვარგარეთ სავარაუდო ცნობადობის ამსახველ დოკუმენტებს საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვს. საქართველოში კი ,,ტ------ ე-----------ი“ საერთო არ არის წარმოდგენილი მაღაზიით, ბუტიკით, ან რაიმე წარმომადგენლობითი, გაყიდვების, თუ ნებისმიერი საწარმოს, ოფისის, თუ დაწესებულების სახით. მეტიც, სასაქონლო ნიშანი T------ საქართველოს ტერიტორიაზე მოსარჩელის მიერ კომერციაში არ გამოიყენება, შესაბამისად, მისი ცნობადობა და პოპულარობა საქართველოში თითქმის არ არსებობს, რასაც ადასტურებს 2004 წლიდან 2014 წლის 30 მაისამდე პერიოდში მოსარჩელის ვებ-გვერდზე 52700-მდე ვიზიტორის დაფიქსირება საქართველოს რეგიონიდან. ამდენად, კომპანიის ვებ-გვერდზე 10 წლის განმავლობაში თითქმის 5 მილიონიანი მოსახლეობისაგან მისი 1%-მდე ვიზიტორად დაფიქსირება მიუთითებს, რომ ეს კომპანია არ არის ცნობადი და არც პოპულარული საქართველოში. მოპასუხის განმარტებით, არ უნდა იქნეს გაზიარებული მოსარჩელის მოსაზრება ,,ტ------ ბ----ს” იმდაგვარად გაფორმების შესახებ, რომლითაც თითქოს იქმნება უტყუარი ასოციაცია ამ ბიზნესის უკან ,,ტ------ ე-----------ი“-ს არსებობის შესახებ, რითაც თითქოს მოპასუხე ითვისებს მოსარჩელის ინტელექტუალურ საკუთრებას. გაუგებარია, რას უწოდებს მოსარჩელე ,,ინტელექტუალურ საკუთრებას“ ბარის გაფორმებისა და ფერის კონტექსტში; ასევე, მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მას ეკუთვნის სასაქონლო ნიშანი T------ B---.
მოპასუხე უთითებს, რომ ტ------ ბ---- გახსნილია და ფუნქციონირებს ამერიკის, საერთაშორისო და ფრანგული სავაჭრო პალატების წევრი კომპანიის, საკმაოდ სოლიდური და მაღალი კლასის სასტუმროს ,,R-----------------“ პირველ სართულზე. ეს სასტუმრო და ,,ტ------ ბ----“ ასევე განეკუთვნება ამერიკის სასტუმროთა და განტავსების ობიექტთა ფედერალური ასოსციაციის ოფიციალურ წევრს, ასევე წარმოადგენს გერმანული ეკონომიკური გაერთიანების პარტნიორს საქართველოში. ქართულ და ინგლისურ ენებზე შესრულებული აბრა, რომელიც განთავსებულია ვარის სესასვლელის ზემოთ ,,T------ B--“, ადასტურებს, რომ ობიექტი ფუნაციონირებს, როგორც ბარი და არა მაღაზია. ,,ტ------ ბ----“, როგორც დამოუკიდებელი ბრენდი კვების სფეროში, სარგებლოს საკმაოდ კარგი რეპუტაციით და ცნობადობით საქართველოში და მას გააჩნია მყარი, დამოუკიდებელი, წარმატებული რესტორნის/ბარის იმიჯი. მისი დიზაინი შეიქმნა სრულიად დამოუკიდებლად და გამოყენებულია შავი, თეთრი, ოქროსფერი, ვარდისფერი, ნაცრისფერი და ლურჯი ფერები ინტერიერისა და ავეჯისათვის. სასტუმროს ,,R-----------------“ ოთახების დიზაინი შექმნილია სრულიად დამოუკიდებლად. მოსარჩელის სასაქონლო ნიშანი T------ და T------ &--- საქართველოში არ არის და არც არასდროს ყოფილა წარმოდგენილი რაიმე დაწესებულების სახით და მასრეგისტრაცია ნიცის კლასიფიკაციით სულ სხვა საქონლის კლასში აქვთ (მე-9 და მე-14 კლასი - ძვირფასეულობა, აქსესუარები და სხვა). ეს ნიშნები რეგისტრირებულია, როგორც შავ-თეთრი ნიშანი.
მოსარჩელე განგებ აკავშირებს საკუთარ თავს ცნობილ მსახიობთან ო----- ჰ-------თან და ფილმთან ,,ს------- ტ------სთან“, რაც არსწორია და აღნიშნულს არანაირი კავშირი არ აქვს მოსარჩელესთან და მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანთან. რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას, სასაჩუქრე ყუთებისა და ჩანთებისათვის ცისფერი ფერის გამოყენებას, საინფორმაციო საიტი www.colormaters.com იძლევა განმარტებას, რომ ტ------ს ცისფერი ფერი დაცულია ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც კონკურენტი ძვირფასეულობის მწარმოებელი იყენებს იმავე ფერის ყუთებსა და შეფუთვებს, ხოლო ,,ტ------ ბ----”, როგორც კვების ობიექტი, არ იყენებს არც სასაჩუქრე ყუთებს და არც ანალოგიურ ცისფერ ფერს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არც ფერზეა დაწესებული რაიმე შეზღუდვა და არც ყუთის დიზაინზე. საქართველოში მოსარჩელეს არ აქვს რეგისტირებული ფერი, მითუმეტეს კვების ან/და საცხოვრებლით უზრუნველყოფის სფეროში, რომელშიც მოპასუხე ფლობს განსაკუთრებულ უფლებებს. ცალკე აღებული ფერი, როგორც სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, საქართველოში სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება, რაც შეეხება წარწერას ,,ტ------ს“ შრიფტს ლათინურ ენაზე, აქ გამოიყენება საყოველთაოდ ცნობილი ,,თაიმს ნიუ რომან“ და მის თავისუფალ გამოყენებაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. ამდენად, აღრევა მოსარჩელის ბრენდთან და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა სრულიად გამორიცხულია. მოპასუხის განმარტებით, სიტყვიერი აღნიშვნის T------ შემცველი სასაქონლ ნიშნები მსოფლიოს მასშტაბით არამარტო გამოიყენება ათასობით კვების ობიექტზე, ასეთი ნიშნები ასეულობით არის დარეგისტრირებული/წარდგენილი სარეგისტრაციოდ სხვადასხვა კომპანიებზე, რომელთაც მოსარჩელესთან კავშირი არ აქვთ, როგორც აშშ-ში, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.
მოპასუხე განმარტავს, რომ სასაქონლო ნიშნები იდენტურია, თუმცა აღნიშნულის გარდა, სახეზე უნდა იყოს საქონლის/მომსახურების იდენტურობა ან მსგავსება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ საქპატენტმა რეგისტრაციაში გაატარა მოპასუხის სასაქონლო ნიშანი 35-ე (საკვები პროდუქტებით ვაჭრობა) და 43-ე (სასტუმრო და სარესტორნო მომსახურება) კლასებში, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს უფრო ადრე ჰქონდა რეგისტრირებული იდენტური სასაქონლო ნიშანი მე-9 (საათები და სხვა საქონელი) და მე-14 (საიუველირო ნაწარმი) კლასების მიმართ. მოსარჩელემ ჯერ გაასაჩივრა საქპატენტში მოპასუხის მიერ სადავო ნიშნის რეგისტრაცია, ხოლო ბოლოს დაეთანხმა ამას, რის შედეგადაც მოპასუხემ სრულიად კანონიერად (მათ შორის მოსარჩელესთან მორიგებით) დაასრულა რეგისტრაციის პროცედურა და დაარეგისტრირა სასაქონლო ნიშანი T------ სარეგისტრაციო ნომრით 25100.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ,,ტ------ დ---------იამ“ (T------ a-- C------) სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. სააპელაციო საჩივარი ეფუნება შემდეგ გარემოებებს:
5.1. წინამდებარე სააპელაციო საჩივრით აპელანტი ასაჩივრებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებას.
5.2. აპელანტმა ,,ტ------ დ---------იამ“ (T------ a-- C------) ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. აპელანტის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლომ საქმე განიხილა სერიოზული საპროცესო დარღვევის ფონზე, ვინაიდან სრულიად გაუგებარი მიზეზით არ მისცა მოსარჩელე მხარეს სპეციალისტის დაკითხვის უფლება. სპეციალისტი განმარტებას გააკეთებდა მის მიერ მომზადებული კვლევის მეთოდოლოგიასა და შედეგებზე: რატომ გამოიკითხა მხოლოდ ქალბატონები, რატომ ჩატარდა გამოკითხვა მხოლოდ თბილისში, რა შედეგების მაჩვენებელია 400 პირის გამოკითხვა, აჩვენებს თუ არა შედეგები იმას, რომ T------ a-- C-------ს აქვს კარგი რეპუტაცია. სასამართლომ ისე უგულებელყო კვლევის შედეგები, რომ არც ამის სპეციალური ცოდნა გააჩნდა და არც რაიმე საწინააღდმეგო კვლევა.
გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და გაუგებარი. მაგალითად, გადაწყვეტილებიდან არ იკითხება რა კონკრეტული მტკიცებულების საფუძველზე მოახდინა სასამართლომ სპეციალისტის დასკვნის უგულებელყოფა და მისთვის უცნობი საკითხებისათვის (როგორებიცაა რეპუტაციის კვლევის მეთოდოლოგია) შეფასების მიცემა. ასევე, სარჩელის მეორე მთავარი სამართლებრივი საფუძვლის, არაკეთილსინდისიერი განზრახვის ნაწილში სასამართლომ, ფაქტობრივად, არ იმსჯელა. სასამართლომ მოსარჩელის ის არგუმენტები, რომლებიც სასაქონლო ნიშნის არაკეთილსინდისიერი განზრახვით რეგისტრაციას ამტკიცებდნენ (სარჩელის ძლიერი სამართლებრივი საფუძვლელი), "გააბათილა" საფირმო სახელწოდებაზე მსჯელობისას, რომელიც იყო პერიფერიული არგუმენტი და მოსარჩელემ იგი საპაექრო სიტყვაშიც კი არ ახსენა.
ამასთან, სასამართლომ ერთმანეთში აურია კარგი რეპუტაცია, საყოველთაოდ ცნობილობა და არაკეთილსინდისიერი განზრახვით რეგისტრაცია. ყოველივე ამის დეტალურ დასაბუთებას ქვემოთ მოგახსენებთ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ,,ტ------ დ---------ის“ (T------ a-- C------) სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობაზე უარის თქმას გააჩნია ლეგიტიმური საფუძველი.
საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების თანახმად, ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია.
ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთ ობიექტს წარმოადგენს სასაქონლო ნიშანი. სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს კანონი „სასაქონლო ნიშნების შესახებ”. გარდა ამისა, აღნიშნული ობიექტების სამართლებრივი დაცვის საფუძველს წარმოადგენს “სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია”, რომელიც საქართველოში ძალაშია 1993 წლის 14 ივნისიდან.
„სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან (შემდგომ -საქონელი). ამავე მუხლის მესამე პუნქტით, სასაქონლო ნიშანი დაცულია ”საქპატენტში“ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.
“სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის“ მე-6septies მუხლის თანახმად, (1) იმ შემთხვევაში, როდესაც კავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში დაცული ნიშნის მფლობელი პირის, რწმუნებული ან წარმომადგენელი, კავშირის ერთ ან მეტ ქვეყანაში მფლობელის ნებართვის გარეშე შეიტანს განაცხადს თავის სახელზე ნიშნის რეგისტრაციაზე, მფლობელს უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მოთხოვნილ რეგისტრაციას ან მოითხოვოს მისი გაუქმება, ან თუ ქვეყნის კანონი ამის ნებას იძლევა, აღნიშნული რეგისტრაციის გადაფორმება მის სასარგებლოდ, გარდა შემთხვევისა, როდესაც ასეთი რწმუნებული ან წარმომადგენელი დაასაბუთებს თავისი მოქმედების მართლზომიერებას. (2) ნიშნის მფლობელს, ზემოთ მოყვანილი (1) პუნქტიდან გამომდინარე, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს რწმუნებულის ან წარმომადგენლის მიერ ნიშნის გამოყენებას, თუ მას ასეთი გამოყენებაზე ნებართვა არ გაუცია.
ამავე კონვენციის მე-10bis მუხლის თანახმად, (1) კავშირის ქვეყნები ვალდებული არიან უზრუნველყონ კავშირის ქვეყნების მოქალაქეები არაკეთილსინდისიერი კონკურენციისაგან ეფექტიანი დაცვით. (2) არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აქტს შეადგენს კონკურენციის ნებისმიერი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის პატიოსან ჩვევებს.
„სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუქნტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით; ამავე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა პარიზის კონვენციის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში ამ სასაქონლო ნიშნის მფლობელის წარმომადგენლის ან აგენტის მიერ თავის სახელზე, სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე;
წარმომადგენლის ან აგენტის მიერ სასაქონლო ნიშნის თავის სახელზე რეგისტრაცია წარმოადგენს არაკეთილსინდისიერი განზრახვით სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ერთ-ერთ სახესხვაობას, რომელიც „სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონში რეგისტრაციის ბათილად ცნობის ცალკე საფუძვლად არის გამოყოფილი. ამდენად, როგორც „ბ“, ისე „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის შეფასებისას უნდა განისაზღვროს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის არაკეთილსინდისიერების კრიტერიუმები.
ამდენად, სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპია ის ბერკეტი, რომლითაც უნდა დაბალანსდეს მხარეთა ინტერესები. ეს პრინციპი გამოიყენება სამოქალაქო ბრუნვის იმ მონაწილეთა წინააღმდეგ, რომლებისთვისაც ნების ავტონომია ბაზარზე დაუსაბუთებელი (უსაფუძვლო) უპირატესობის მიღების საშუალებად იქცა.
სამოქალაქო ურთიერთობებში კეთილსინდისიერებას აქვს ორმაგი შინაარსი:
1. კეთილსინდისიერება, როგორც სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, გულისხმობს კეთილსინდისიერებას ობიექტური გაგებით. სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. კეთილსინდისიერება გამოხატავს სამოქალაქო ბრუნვაში, ე.ი. უფლებათა შეძენის, განხორციელების, დაცვის, ასევე ვალდებულებათა შესრულებისას, - სამართლის სუბიექტის ზნეობრივად მოქმედების შესახებ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ წარმოდგენებს. ყოველი პირი უფლების განხორციელებისა თუ ვალდებულების შესრულების დროს უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთ უფლებები და მოვალეობები;
2. მეორე შემთხვევაში კეთილსინდისიერება არის სუბიექტის მიერ არცოდნა იმისა, რომ მისი ქცევა მართლსაწინააღმდეგოა, ლახავს სხვა პირის უფლებას. ასეთ შემთხვევაში საუბარია კეთილსინდისიერებაზე სუბიექტური გაგებით.
კეთილსინდისიერების ერთიანი ცნების შემუშავება შეუძლებელია. სუბიექტის თითოეული ქმედების კეთილსინდისიერების პრინციპთან შესაბამისობაში ანალიზის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული თითოეული ურთიერთობის სპეციფიკა და ამ ურთიერთობის ჩამოყალიბება-განვითარების თავისებურებები.
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისას არაკეთილსინდისიერი განზრახვის დასადგენად მხედველობაში უნდა იქნეს გარემოებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა კონკრეტული განაცხადის შეტანის მომენტისათვის. ასეთ გარემოებებად პალატას მიაჩნია:
- განმცხადებელმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა თუ არა, რომ მესამე პირი სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის წევრ ერთ ქვეყანაში მაინც იყენებს სასაქონლო ნიშნის იდენტურ ან მსგავსი ნიშანს იდენტური ან მსგავსი საქონლისათვის;
- განმცხადებლის განზრახვა, აუკრძალოს მესამე პირს თავისი ნიშნის გამოყენება;
- განცხადებული და მესამე პირის სასაქონლო ნიშნის დაცვის ხარისხი.
(კეთილსინდისიერების კრიტერიუმებთან დაკავშირებით დამატებით მაგალითისათვის შეიძლება ვიხილოთ: Court of Justice of the European Union, judgment of the court (First Chamber) In Case C‑529/07 ).
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადასტურებულია შემდეგი გარემოებები:
,,ტ------ დ---------ი“ (T------ A-- C------) რეგისტრირებულია 1868 წლის 30 მაისს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ძვირფასი მეტალისაგან დამზადებული სამკაულით, მათ შორის ოქროს, ვერცხლისა და ფაიფურის ნაწარმით, ძვირფასი საათებით, სხვადასხვა სახის სასაჩუქრე, მათ შორის საქორწინე სასაჩუქრე პაკეტებით, სუნამოებით, ფაიფურისა და სხვა ძვირფასი მასალისაგან დამზადებული ჭურჭლით, ყავის სერვისითა და ტყავის ნაწარმით, მათ შორის ტყავის ქამრებითა და ხელჩანთებით, სხვა ძვირფასი აქსესუარებით ვაჭრობა. კომპანია 1837 წლიდან იყენებს სასაქონლო ნიშანს T------, როდესაც მისმა დამფუძნებელმა ჩ----–-- ლ---- ტ------მ პირველი მაღაზია გახსნა ნიუ იორკში. მოპასუხის ნიშნის რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენამდე საქართველოში მოსარჩელე ფლობდა განსაკუთრებულ უფლებას სასაქონლო ნიშნებზე:
სიტყვიერი სასაქონლო ნიშანი - T------ (კლასი 9), რეგისტრაციის თარიღი - 16/05/2012წ. ნომერი M------------; სიტყვიერი სასაქონლო ნიშანი T------ &---. (კლასი 9), რეგისტრაციის თარიღი - 16/05/2012წ. ნომერი M------------; სიტყვიერი სასაქონლო ნიშანი T------ &---. (კლასი 9), რეგისტრაციის თარიღი - 16/05/2012წ. ნომერი M------------ საერთაშორისო რეგისტრაცია, სიტყვიერი სასაქონლო ნიშანი T------ (კლასი 14);
- საქპატენტის 06/12/2013წ. N1------ ბრძანებით, მოპასუხე, ნ-------- შ---–--ის სახელზე დარეგისტრირდა სასაქონლო ნიშანი T------, განცხადებული საქონლისა და მომსახურებების მიმართ, კერძოდ 35-ე (რეკლამა; მართვა საქმიან სფეროში; ადმინისტრირება საქმიან სფეროში; საოფისე სამსახური) და 43-ე (საკვები პროდუქტებითა და სასმელებით უზრუნველყოფა; დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) კლასებში.
- აღნიშნული ბრძანება გასაჩივრებული იქნა მოსარჩელე ,,ტ------ ე-----------ის“ მიერ საქპატენტის სააპელაციო პალატაში, რომლის 23/06/2014წ. N4------- გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქპატენტის სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 06/12/2013წ. N1------ ბრძანება მოპასუხე, ნ-------- შ---–--ეზე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც სასაქონლო ნიშანი T------ (საიდენტიფიკაციო N7-------) დარეგისტრირდა საქართველოში 35-ე კლასის სრული განცხადებული ჩამონათვალის მიმართ. ეს სასაქონლო ნიშანი, ნ-------- შ---–--ის სახელზე დარეგისტრირდა საქართველოში 35-ე კლასის შემდეგი მომსახურების მიმართ: ,,რეკლამა დაკავშირებული საკვები პროდუქტებით, სასმელებით და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან, საცალო და საბითუმო ვაჭრობის გარდა“.
- საქპატენტის 28/01/2015წ. გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა სასაქონლო ნიშნის T------ რეგისტრაციაზე, გაცხადებული საქონლისა და მომსახურების მიმართ. კერძოდ, 35-ე კლასი.
- ზემოაღნიშნულ ბრძანებაზე მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განხილული იქნა საქპატენტის სააპელაციო პალატის მიერ, რა დროსაც მოსარჩელემ თანხმობა განაცხადა 35-ე კლასის მომსახურების ჩამონათვალი შეზღუდულიყო შემდეგნაირად:
,,თავყრილობებისა და გამოფენების ორგანიზება საქმიანი და კომერციული მიზნებისათვის; მომსახურებები ვაჭრობის სფეროში; საცალო ვაჭრობის მაღაზიებით მომსახურებები; მომსახურებები ფოსტით შეკვეთაში; უნივერსალური მაღაზიებით მომსახურებები; ვაჭრობით მომსახურებები ინტერნეტით ან მობილური ტელეფონით; საკრედიტო ბართების მომხმარებლების წამახალისებელი პრემიებით დაჯილდოების პროგრამებში ჩართვა; მომხმარებლების ლოიალურობის (ერთგულების) პროგრამების ოპერირება; მომსახურებები საქონლის პირად შეკვეთებში; კონსულტაციები მოდის სფეროში; მომსახურებები დიზაინის და ინტერიერების დიზაინის სფეროში; სასაჩუქრე სერთიფიკატების და სასაჩუქრე ბართების გამოცემა, რომლის ანაზღაურება შეიძლება მოხდეს საქონლით და/ან მომსახურებით; საქონლის დემონსტრირება; მოდების ჩვენების ორგანიზება პრომოუშენის მიზნით; მომსახურება ქორწილში მოწვეული სტუმრებისათვის უპირატესი საჩუქრების სიის შედგენაში; მომსახურება სასურველი საჩუქრების სიის შედგენაში; სასაჩუქრე ბარათებით მომსახურებები; ბიზნეს მენეჯმენტი; ადმინისტრირება საქმიან სფეროში; საოფისე სამსახური.
საქპატენტის სააპელაციო პალატის, 08/06/2015წ. N4------- გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქპატენტის სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 8/01/2015წ. N9---- ბრძანება და სასაქონლო ნიშანი T------ მოსარჩელის სახელზე დარეგისტრირდა 35-ე კლასის ზემოაღნიშნული მომსახურებისათვის.
- მოსარჩელეს საქართველოში არ აქვს რეგისტრირებული პროდუქციის/შეფუთვის (ფერის, სასაჩუქრე ყუთის), ინტერიერის დიზაინი; არ აქვს უფლებები მსახიობ ო----- ჰ-------ის ფოტოებსა და გამოსახულებებზე, კონოფილმზე ,,ს------- ტ------სთან“ და ამ ფილმის მუსიკაზე, სიმღერაზე ,,M--- R----“, ტ------- კ-------ს ავტორობით შექმნილ იმავე სახელწოდების მოთხრობაზე.
- მოსარჩელე საქართველოში არ ეწევა კომერციულ საქმიანობას, არ არის წარმოდგენილი რაიმე დაწესებულების სახით, არ გააჩნია წარმომადგენლობა, მაღაზიები, ბუტიკები ან სხვა ტიპის სავაჭრო, მათ შორის კვების ობიექტები, სასტუმროები და მსგავსი ტიპის დაწესებულებები; არ ჰყავს ოფიციალური დილერი; სადავო ნიშნის განცხადებამდე და/ან მას შემდეგ, საქართველოში არ ეწეოდა სარეკლამო საქმიანობას, გამოფენების, სატელევიზიო და/ან სხვა რაიმე ფორმით.
- მოპასუხე სადავო სასაქონლო ნიშნას იყენებს მისი ოჯახის კუთვნილი ბარის/რესტორნის საქმიანობაში, რომელიც მდებარეობს თბილისში, ეწოდება T------ B--, ,,ტ------ ბ----” და ოფიციალურად გაიხსნა 2014 წლის 9 დეკემბერს.
- საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელის სასაქონლო ნიშანს, სადავო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენამდე, საქართველოში არ ჰქონდა მოპოვებული კარგი რეპუტაცია.
- მოპასუხის მიერ სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია არ მომხდარა არაკეთილსინდისიერი განზრახვით.
8. „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ შეთანხმების“ (TRIPS) მე-15 მუხლის შესაბამისად, „სასაქონლო ნიშანს შეიძლება წარმოადგენდეს ნებისმიერი სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელსაც უნარი შესწევს ერთი საწარმოს საქონელი და მომსახურება სხვა საწარმოს საქონლისა და მომსახურებისაგან განასხვავოს“. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ასეთი სიმბოლო შეიძლება იყოს „სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი; ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით“.
სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის შესაბამისად, სასაქონლო ნიშნის მფლობელს ენიჭება ერთგვაროვან ან მსგავს საქონელზე ამ ნიშნის ან მისი ვარიანტების გამოყენების განსაკუთრებული უფლება. ამავე კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად კი, სასაქონლო ნიშნებზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვებისა და დამცავი დოკუმენტების ძალაში შენარჩუნების წესებს არეგულირებს მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობა.
საქართველოს კანონმდებლობა სასაქონლო ნიშნებზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვებას საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტში“ მათი რეგისტრაციის ფაქტს უკავშირებს. რეგისტრაციით ხდება დაცვის ობიექტის ნამდვილი არსობრივი ფარგლების დაფიქსირება; ამასთან ერთად, რეგისტრაციით აღინუსხება საქონლის ის წრე, რომელთა მიმართ გამოსაყენებლადაც არის განკუთვნილი სასაქონლო ნიშანი. რეგისტრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია „საქპატენტის“ მიერ ყველა რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნებაა, რაც ნიშნის მფლობელის კონკურენტებისათვის გაფრთხილებას წარმოადგენს.
„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, სასაქონლო ნიშანი, ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მისი რეგისტრაციის მომენტიდან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცულ „ქონებას“ წარმოადგენს. შესაბამისად, რეგისტრაციის პროცედურების დასრულების შემდეგომ სასაქონლო ნიშანი ხდება საკუთრების ობიექტი და მასზე ვრცელდება საკუთრების დაცვის ყველა სამართლებრივი რეგულაცია. ზოგიერთ შემთხვევაში არა მხოლოდ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, არამედ თავად რეგისტრაციის განაცხადი და სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მაძიებლის სამართლებრივი სტატუსიც კი უკვე შესაძლებელია წარმოშობდეს ისეთ ქონებრივ უფლებებს, რომლებიც ექცევა პირველი ოქმის პირველი მუხლით გათვალისწინებული „ქონების“ ცნებაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე № ას-1285-1223-2014).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ არ დგინდება „სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეებზე რეგისტრირებულია იდენტური სასაქონლო ნიშნები T------. მოსარჩელეს ეს ნიშანი საქართველოში რეგისტრირებული აქვს მე-9 და მე-14 კლასებში მოპასუხეზე ადრე, ხოლო 35-ე კლასში - მოპასუხეზე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შემდგომ, გადაწყვეტილების 3.1.5. პუნქტში მითითებული ჩამონათვალის მიმართ. რაც შეეხება მოპასუხეს, მას ეს სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებული აქვს 35-ე კლასის შემდეგი მომსახურების მიმართ: ,,რეკლამა დაკავშირებული საკვები პროდუქტებით, სასმელებით და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან, საცალო და საბითუმო ვაჭრობის გარდა“ და 43-ე (საკვები პროდუქტებითა და სასმელებით უზრუნველყოფა; დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) კლასებში. ამდენად, უდავოა, რომ მოპასუხის მიერ რეგისტრირებულ კლასებში მოსარჩელეს არ აქვს წინმსწრები რეგისტრაცია იგივე ან მსგავსი საქონლის/მომსახურების მიმართ.
მოსარჩელის საფირმო სახელწოდებაში ,,ტ------ ე-----------ი”, მთავარი განმასხვავებელი ნაწილია სიტყვა ,,T------", რომელიც, როგორც სასაქონლო ნიშანი, საქართველოში რეგისტრირებულია 2012 წლიდან, მაგრამ მასზე, როგორც საფირმო სახელწოდებაზე, სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე საქართველოში მოსარჩელეს უფლება არ წარმოშობია. ამასთან, ადგილი არ აქვს ამ ნორმით დადგენილი მეორე კუმულატიური პირობის არსებობას - აღრევის შესაძლებლობას, ვინაიდან დაპირისპირებული სასაქონლო ნიშნები რეგისტრირებულნი არიან განსხვავებული საქონლის/მომსახურების მიმართ და რამდენადაც არ დგინდება სადავო რეგისტრაციის განცხადებამდე საყოველთაოდ ცნობილ სასაქონლო ნიშნად მოსარჩელის რეპუტაციის არსებობა საქართველოში, აღნიშნული ვერ გამოიწვევდა აღრევას იმ თვალსაზრისით, რომ მომხმარებლებს გასჩენოდათ რწმენა სადავო ნიშნის მოსარჩელისადმი კუთვნილების შესახებ. მოპასუხეს უკვე დაცლი იდენტური სასაქონლო ნიშნით სარგებლობის მოტივაცია ექნებოდა იმ შენთხვევაში თუ, მოსარჩელეს გააჩნია იდენტური სასაქონლო ნიშნით მოსარჩელის მიერ საქართველოს ბაზარზე იმავე სფეროებში წარმატებული ფუნქციონირება, რომელი საქონლის/მომსახურებისთვისაც მოპასუხემ დაარეგისტრირა სასაქონლო ნიშანი ან საქართველოში მოსარჩელის ცნობადობის მაღალი ხარისხი - კარგი რეპუტაცია, რათა მომხმარებლის ცნობიერებაში მოპასუხის სასაქონლო ნიშანი აღქმული ყოფილიყო მოსარჩელის სასაქონლო ნიშანთან.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსოაზრებას, რომ მხოლოდ რეგისტირირებული დიზაინის უფლების მქონე პირს აქვს განსაკუთრებული უფლება მოითხოვოს ასეთი დიზაინის დაცვა, რასაც (საქართველოში მოსარჩელის დიზაინის რეგისტრაცია) მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ,,ტ------ ბ----სა" და მოსარჩელის მიერ დამკვიდრებული სტილის, ექსტერიერისა და ინტერიერის, ავეჯისა და აქსესუარების, ფერისა და დიზაინის იდენტურობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს ,,ტ------ დ---------ის“ (T------ a-- C------) სააპელაციო საჩივარს და ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და არ არსებობს მისი შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
9. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტმა ვერ შეძლო დაემტკიცებინა გარემოებები, რომელზედაც ამყარებდა თავის მოთხოვნას გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით და გაებათილებინა მტკიცებულებები რომელსაც ეყრდნობა გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
განსახილველ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 53-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ,,ტ------ დ---------იას“ (T------ a-- C------) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება;
3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით დასაბუთებული განჩინების მხარისათვის გადაცემიდან 21 დღის ვადაში;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები ოთარ სიჭინავა
თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი