განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.10.2019
საქმის ნომერი
190210019002809390
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ, მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
04.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N2ბ/4468-19

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

მოსამართლე - მაია სულხანიშვილი

სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი

 

აპელანტი - ზ----- მ------ი

წარმომადგენელი - მ---------–----ე

 

მოწინააღმდეგე მხარე – რ----- მ------ა

წარმომადგენელი - ზ---- ნ-------

 

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით ალიმენტის ოდენობის შემცირება;

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რ----- მ------ას სარჩელი; შეწყდა რ----- მ------ასა (პირადი N 1----------) და ზ----- მ------ს (პირადი N6----------) შორის 2017 წლის 7 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინება სააქტო ჩანაწერი N----------- და ზ----- მ------ს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - 2017 წლის 21 ნოემბერს დაბადებული რ----– მ------ის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის 300 ლარის გადახდა. ალიმენტის გადახდა დაიწყო 2019 წლის 18 იანვრიდან. ამასთან, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების შესახებ 150 ლარის ოდენობით.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. რ----- მ------ა და ზ----- მ------ი აღარ ცხოვრობენ ერთად. მათი არასრულწლოვანი შვილი რ----– მ------ი ცხოვრობს დედასთან, მოსარჩელე რ----- მ------ასთან ერთად.

 

2.2. რ----- მ------ა ამჟამად დასაქმებული არ არის. მას სტაბილური, ყოველთვიური შემოსავალი ხელფასის სახით არ გააჩნია. მას მატერიალურად ეხმარებიან მშობლები. რ----- მ------ამ ონკოლოგიური დაავადების გამო 2017 წლის დეკემბრის თვეში შპს ,,მ-----–----------–---------–------------------------------–-----ში” ჩაიტარდა ქირირგიული ოპერაცია, მარჯვენა წვივის სიმსივნური უბნის ამოკვეთა. მისი დიაგნოზია მარჯვენა წვივის ძვლის დისტალური ბოლოს კეთილთვისებიანი სიმსივნე (გიგანტურ უჯრედოვანი სიმსივნე, კისტოზური ფორმა.)

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.3. რ----- მ------ასა და ზ----- მ------ს შორის ქორწინება რეგისტრირებულია 2017 წლის 7 აგვისტოს სააქტო ჩანაწერი N-----------. რ----- მ------ას და ზ----- მ------ს ჰყავთ ერთი არასრულწლოვანი შვილი რ----– მ------ი.

 

საქმეში წარმოდგენილი ქორწინების მოწმობის თანახმად, 2017 წლის 7 აგვისტოს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში რეგისტრირებულია ქორწინება რ----- ნ--------ს (პირადი N1----------) და ზ----- მ------ს (პირადი N6----------) შორის სააქტო ჩანაწერი N-----------. ქორწინების შედეგად რ----- ნ--------მ მიიღო მეუღლის გვარი „მ------ა“.

 

მხარეებს ჰყავთ ერთი არასრულწლოვანი შვილი. წარმოდგენილი დაბადების მოწმობების თანახმად, რ----– მ------ი დაბადებულია 2017 წლის 21 ნოემბერს. მის მშობლებად რეგისტრირებული არიან: დედა რ----- მ------ა, მამა – ზ----- მ------ი.

 

2.4. მოპასუხე ზ----- მ------ი არის ჯანმრთელი, შრომისუნარიანი პიროვნება იგი პერიოდულად სამუშაოდ მიემგზავრება საზღვარგარეთ. იგი არ განიცდის სოციალურ გაჭირვებას.

 

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მზაობა გამოთქვა შვილის რჩენისათვის ყოველთვიურად გადაეხადა 150 ლარი. მოპასუხის ამ პოზიციის საფუძველია ის გარემოება, რომ მას არა აქვს საკმარისი შემოსავალი, საკუთრებაში არა აქვს უძრავი ქონება.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მძიმე მატერიალური მდგომარეობა არ დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან, რომლის მიხედვით, 2017-2018 წლებში ზ----- მ------ს დასაბეგრი შემოსავალი არ უფიქსირდება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 30 იანვრის წერილში მითითებულია, რომ ზ----- მ------ის საკუთრებად არ არის რეგისტრირებულია უძრავი ქონება.სასამართლოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ ზ----- მ------ს არაერთხელ აქვს დატოვებული საქართველოს საზღვარი 2010-2019 წლებში სხვადასხვა სახელმწიფოს მიმართულებით. კერძოდ, 2010-2013 წლებში სისტემატიურად მიემგზავრებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიმართულებით. 2013 წლის 17 დეკემბერს საქართველოში დაბრუნდა რუსეთის ფედერაციიდან, რის შემდეგ კვლავ არაერთხელ გაემგზავრა აზერბაიჯანში. 2016 წლის 2 ნოემბრიდან 2018 წლის 17 აპრილამდე პერიოდში იგი ორჯერ ერთი დღით გადავიდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. 2018 წლის 17 აპრილს გაემგზავრა სარფის სასაზღვრო პუნქტის გავლით თურქეთის რესპუბლიკაში, ხოლო დაბრუნდა 2018 წლის 19 ნოემბერს. 2019 წლის 12 თებერვალს გაემგზავრა აზერბაიჯანში და დაბრუნდა 2019 წლის 21 თებერვალს, ხოლო 2019 წლის 25 თებერვალს გაემგზავრა თურქეთში სარფის სასაზღვრო პუნქტის გავლით.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა მძიმეა. ამ გარემოების დადასტურებას საფუძვლად ვერ დაედება მხოლოდ შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2017-2018 წლებში მოპასუხის დასაბეგრი შემოსავალი არ ფიქსირდება. სასაზღვრო პოლიციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციით დასტურდება, რომ ზ----- მ------ი 2018 წლის 17 აპრილიდან 2018 წლის 19 ნოემბრამდე იმყოფებოდა თურქეთში, მხარეთა განმარტებით მუშაობდა თურქეთში. სწორედ ამით არის გამოწვეული ის გარემოება, რომ საქართველოს შემოსავლების სამსახურში მას შემოსავალი არ უფიქსირდება. ამდენად, სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით დასტურდება, რომ ზ----- მ------ი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სისტემატიურად მიემგზავრება სხვადასხვა ქვეყანაში, რომლის მიზანია გარკვეული სამუშაოების შესრულება. საზღვარგარეთ გამგზავრების მიზანი რაიმე სახის განსაკუთრებული გარემოება არ არის, მაგალითად მკურნალობა. მოპასუხის არ მიუთითებია, რომ მას აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, რომელთა გამოც დასაქმების შესაძლებლობა არა აქვს ან მნიშვნელოვნად შემცირებულია. როგორც მითითებული მტკიცებულებებით დასტურდება, იგი სისტემატიურად საზღვარგარეთ სამუშაოდ მიემგზავრება, რის გამოც შეუძლია შვილის რჩენისათვის საკმარისი თანხის ყოველთვიურად გადახდა. როგორც მხარეთა განმარტებით დასტურდება, ზ----- მ------ს სხვა არასრულწლოვანი შვილი არ ჰყავს, მის კმაყოფაზე ასევე არ არის ოჯახის სხვა შრომისუუნარო წევრები.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.5. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური). ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ რ----- მ------ას და ზ----- მ------ს შორის ქორწინება უნდა შეწყვეტილიყო შესარიგებელი ვადის განსაზღვრის გარეშე, რადგან მოპასუხემ ცნო განქორწინების შესახებ მოთხოვნა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ამასთან მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი.განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ ამ ნორმით მინიჭებული უფლება გამოიყენა და სრულად ცნო სარჩელი, თანხმობა განაცხადა განქორწინებაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რის გამოც განქორწინების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო ალიმენტის შესახებ მოთხოვნა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით განსაზღვრულია მშობლების მოვალეობა არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ასევე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათ შორის დავას წყვეტს სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

მშობლებისა და შვილის ურთიერთობის საკითხი მოწესრიგებულია გაეროს მიერ მიღებული ,,ბავშვის უფლებათა კონვენციით”, რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ”ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. შესაბამისად, მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში კანონმდებელი უპირატესობას ბავშვის ინტერესს მიიჩნევს და აკეთებს დათქმას, რომ მშობლის უფლებები უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების შესაბამისად.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ”ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ამ ნორმებით დეკლარირებულია ბავშვებთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტის ძირითადი პრინციპი, რომლის თანახმად, მშობლის უფლების განხორციელების საკითხში განმსაზღვრელია ბავშვის ინტერესი. ბავშვთა უფლებების პრიმატი აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის თანახმად დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. შესაბამისად, კონსტიტუციის ეს ნორმა აღიარებს ბავშვის უფლებათა უპირატესობას როგორც მშობლებთან ურთიერთობაში, ისე ბავშვთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, - მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით. მშობლის უფლება-მოვალეობები მოიცავს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი შინაარსის მქონე უფლებამოსილებებს, თუმცა ორივე შემთხვევაში მათი რეალიზაცია უნდა ხორციელდებოდეს „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის განუხრელი დაცვით. სასამართლომ განმარტა, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის დაცვა ალიმენტის განსაზღვრის საკითხში იმაზე მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ცნო სარჩელი მისთვის ალიმენტის სახით 150 ლარის დაკისრების ნაწილში, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ დასახელებული თანხა მისი მატერიალური და ოჯახური პირობების და ბავშვის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით მცირე ალიმენტის თანხაა.

 

სასამართლოს შეფასებით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია, რომ მხარებს ჰყავთ ერთი არასრულწლოვანი შვილი, რომელიც არის 1 წლის 5 თვის ასაკის. მას სწორი აღზრდა განვითარებისათვის ესაჭიროება მატერიალური უზრუნველყოფა, ბავშვებს ასაკის გამო აქვს განსაკუთრებული კვების რაციონი, რის გამოც სჭირდებათ განსაკუთრებული საკვები პროდუქტების შეძენა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივი ზრუნვა, ამის გამო სამედიცინო მეთვალყურეობა, სეზონური სამოსი და ბავშვის შემეცნების განვითარებისათვის აუცილებელი გასართობი საშუალებები. ამ საჭიროებების უზრუნველყოფა კი მხოლოდ დედის მიერ ვერ მოხდება და ეს ორივე მშობლის ვალდებულებაა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს სრულფასოვნად დასაქმების და შემოსავლის მიღების შესაძლებლობა არა ჰქონდა, ბავშვი იყო ჩვილ ასაკში, რის გამოც მას მუდმივად მეთვალყურეობა და დედისგან განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდებოდა და ამის გამო მოსარჩელეს დასაქმების ობიექტური შესაძლებლობა არ ჰქონდა. ამასთან, სასამართლოს შეფასებით, მოპასუხემ ვერ დაადასტურა, მისი იმგვარად მძიმე მატერიალური მდგომარეობა, რაც დაასაბუთებდა, რომ მოპასუხეს 150 ლარზე მეტი თანხის გადახდა შვილის რჩენისათვის არ შეეძლო.

 

1984 წლის 22 ნოემბერს მიღებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-7 ოქმის მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეებს გააჩნიათ კერძო სამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებები და მოვალეობები ერთმანეთთან და თავიანთ ბავშვებთან ურთიერთობებში, ისეთ საკითხებში რომლებიც ეხება ქორწინებაში შესვლას, ქორწინებაში ყოფნას და განქორწინებას. წინამდებარე მუხლი ხელს არ შეუშლის სახელმწიფოებს მიიღონ აუცილებელი ზომები ბავშვების ინტერესების დასაცავად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ბავშვთან დაკავშირებულ დავებში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები, ასევე, უფლებები და თავისუფლება და, განსაკუთრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი უფლებები კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი N. 71776/12), განმარტებულია, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს (იხილეთ, სხვა მრავალთა შორის, ოლსონი (No.2), § 90, იგნაკოლო–ზენიდი, § 94; პლაზა პოლონეთის წინააღმდეგ, No. 18830/07, § 71). აღნიშნული დავა შეეხებოდა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, თუმცა ეს პრინციპი საერთოა ბავშვთან დაკავშირებულ ყველა სადაო სამართალურთიერთობაში, რაც გამომდინარეობს ბავშვთა უფლებების კონვენციიდან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმიდან. ამდენად, შვილის აღზრდა, მათზე ზრუნვა და მათი რჩენა არის მშობლის ძირითადი ვალდებულება, რაც მშობელს ეკისრება მისი უნარების, ჯანმრთელობის და ოჯახური მდგომარეობის, შემოსავლის ოდენობის, შემოსავლის წყაროს და საქმიანობის ხასიათის გათვალისწინებით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ალიმენტი არის პერიოდულად გადასახდელი ფულადი თანხა, რომელსაც ვალდებული პირი იხდის პირის სარჩენად. ამ შემთხვევაში ალიმენტი მოთხოვნილია არასრულწლოვანი შვილის სარჩენად, რომელიც არის 1 წლის და 5 თვის ასაკში. მშობლის მიერ შვილის რჩენის ვალდებულება განსაზღვრულია ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციით. შესაბამისად, რჩენისათვის აუცილებელი სახსრების მიღება ბავშვის უფლებაა. ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს კი ეკისრება ბავშვის უფლებების დაცვა კონვენციის პრინციპების საფუძველზე. ალიმენტის, როგორც განსაკუთრებული ქონებრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე მიუთითებს ის სამართლებრივი დანაწესი, რომლის მიხედვით, ალიმენტის გადახდა იწყება სასამართლოში სარჩელის აღძვრის დღიდან (1234-ე მუხლის), ასევე ის პრინციპი, რომლის მიხედვით დასაშვებია წარსული დროის ალიმენტის გადახდევინება სარჩელის საფუძველზე. ამდენად, ამ ნორმების საფუძველზე ბავშვის რჩენის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე კანონი ითვალისწინებს ალიმენტის დაკისრებას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე განვლილი დროისათვის, ხოლო მისი გადახდის ვალდებულება ძალაშია ბავშვის სრულწლოვანებამდე. ამდენად, საალიმენტო ვალდებულებას აქვს დროში განგრძობადი ხასიათი და მისი გადახდის ვალდებულება ერთჯერადად ვალდებულების შესრულებისკენ მიმართული ქმედებით არ სრულდება. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ორივე მშობლის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა, რომელთა შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს ალიმენტის სამართლიანი ოდენობა, ის თანხა რაც ბავშვის რჩენისათვის აუცილებელია და რომლის რეალურად გადახდა მშობელს მისი უნარების და ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლია.

 

”ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით მშობლებს ევალებათ შვილების ცხოვრების ისეთი დონით უზრუნველყოფა, რაც მათი უნარების და ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარეობს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ნორმის მიზანი არ არის მშობლების ქონებრივი უფლებების დაცვა. ეს დებულება არის იმ ფაქტის აღიარება, რომ თითოეული ოჯახის მატერიალური მდგომარეობა განსხვავებულია და მშობლებს მათი ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ეკისრებათ შვილების სათანადო რჩენის, ფინანსური უზრუნველყოფის ვალდებულება. ამავე ნორმით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციაში მითითებული დებულებები ბავშვის უფლებებია, შესაბამისად ბავშვის უფლებაა იგი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის სათანადო ცხოვრების დონით უზრუნველყონ, შესაბამისად, მშობლებმა უნდა იზრუნონ ბავშვის ამ უფლების რეალიზაციისათვის, თავიანთი უნარების შესაბამისად გააუმჯობესონ ბავშვების ცხოვრების დონე. კონვენციის ეს ნორმა არ აწესებს შეღავათს მშობლის ქონებრივი უფლებების საკითხში, ნორმის მიზანი მშობლის ქონებაზე, მათ ქონებრივ უფლებებზე ზრუნვა არ არის. კონვენციის მიზანია ბავშვის უფლების დაცვა, მისი მატერიალური უზრუნველყოფის უფლების დაცვა, რა დროსაც გასათვალისწინებელია მშობლების პატივსადები ინტერესები - მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური პირობები, შემოსავლების ოდენობა, შემოსავლის მიღების წყაროები. ალიმენტი არის ყოველთვიურად გადასახდელი ფულადი თანხა, რომელიც აუცილებელია ბავშვის ნორმალური აღზრდის და მატერიალური მოთხოვნილებების სათანადოდ დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, მშობლების მატერიალური მდგომარეობა უნდა შეფასდეს ამ პრინციპის რეალიზაციის მიზნებიდან გამომდინარე და არა მშობლის უფლებების, მისი ქონებრივი ინტერესების დაცვის პრინციპიდან გამომდინარე.

 

საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა. სწორედ ამ მიზნით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის, აგრეთვე, გაზრდის საკითხის განხილვისას, უპირატესად უნდა განისაზღვროს ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც დგინდება მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით, ამ უკანასკნელის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბერის განჩინება საქმე №ას-1313-2018)

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე დასაქმებული არ არის, ყოველთვიურად სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით არა აქვს, იგი ზრუნავს მოპასუხის მონაწილეობის გარეშე მცირეწლოვან შვილზე, რის გამოც უწევს მის სარჩენად ყოველდღიურად ხარჯების გაღება. ამავდროულად, მოპასუხე ბავშვი აღზრდაში ჩართული არ არის და არც მატერიალურად მონაწილეობს შვილის ყოველდღიური საჭიროებების უზრუნველყოფაში. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და მისი საქმიანობიდან გამომდინარე აქვს შესაძლებლობა შვილის სარჩენად ალიმენტის სახით გადაიხადოს ყოველთვიურად 150 ლარზე მეტი თანხა. მოპასუხე სისტემატიურად იმყოფება საქართველოს საზღვრებს გარეთ სამუშაოდ. იგი არ იღებს სოციალურ დახმარებას, არა აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, მას სხვა არასრუწლოვანი შვილი არ ჰყავს, ასევე არ ჰყავს კმაყოფაზე შრომისუუნარო ოჯახის წევრები. აღნიშნული გარემოებების გამო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს აქვს საკმარისი შესაძლებლობა, რომ შვილისათვის გადაიხადოს 150 ლარზე მეტი თანხა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხისათვის მოთხოვნილი ალიმენტის თვეში 450 ლარის დაკისრების საფუძველი არ არსებობდა და განმარტა, რომ ალიმენტის გადახდა ემსახურება პირის რჩენის უზრუნველყოფას. კანონის თანახმად, ალიმენტის ოდენობა უნდა იყო გონივრული და სამართლიანი. შესაბამისად, საალიმენტო ვალდებულება უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, რეალურად რა ოდენობის თანხის გადახდა შეუძლია მოპასუხეს. ალიმენტის მიმღების ინტერესია რეალურად მიიღოს თანხა და იგი რეალურად მოხმარდეს შვილის აღზრდას. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს სტაბილური შემოსავალი, ყოველთვიური ხელფასი არა აქვს, მისთვის ყოველთვიურად 450 ლარის დაკისრება მოპასუხის რეალურ მატერიალურ მდგომარეობასთან შეუსაბამო ვალდებულების დაკისრება იქნება. სასამართლოს შეფასებით, მოპასუხეს ჯანმრთელობის პრობლემები არა აქვს, იგი შრომისუნარიანია, დასაქმებულია, რის გამოც აქვს შესაძლებლობა არჩინოს როგორც საკუთარი თავი და ოჯახის წევრები, ისე მისგან განცალკევებით მცხოვრები მცირეწლოვანი შვილი. მოპასუხის ჯანმრთელობის და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მას ამჟამად სტაბილური შემოსავალი არა აქვს, ყოველთვიურად ალიმენტის 300 ლარის გადახდა გონივრულია, რადგან მოპასუხეს აქვს შესაძლებლობა გამოიმუშავოს ყოველთვიურად ეს თანხა და მატერიალურად დაეხმაროს მეორე მშობელს ბავშვის აღზრდაში. აქვე სასამატრთლომ მიუთითა, რომ თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან, რის გამოც ალიმენტის გადახდა უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2019 წლის 18 იანვრიდან.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლო ალიმენტის ოდენობის დაკისრების დროს უსაფუძვლოდ დაეყრდნო საზღვრის კვეთის დეპარტამენტის ცნობებს და დაუსაბუთებლად მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ ზ----- მ------ის მიერ სახელმწიფო საზღვრის რამოდენიმეჯერ გადალახვა მის მყარ ფინანსურ შესაძლებლობებსა თუ მატერიალურ მდგომარეობაზე მეტყველებდა. ამავდროულად, სასამართლომ არ გაიზიარა მთავარი გარემოება, რომ აპელანტს არ უფიქსირდება შემოსავლები და არ მიიღო მხედველობაში საქართველოში მოქმედი საარსებო მინიმუმის ოდენობა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი, აპელანტი თვლის, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თავისი შინაარსით შეუსაბამოა რეალობასთან და მზაობას აცხადებს, გადაუხადოს არასრულწლოვან შვილს ყოველთვიურად მხოლოდ 130 ლარი, მატერიალური შესაძლებლობიდან გამომდინარე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ ვალიკო ალოიანის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

· რ----- მ------ა და ზ----- მ------ი აღარ ცხოვრობენ ერთად. მათი არასრულწლოვანი შვილი რ----– მ------ი ცხოვრობს დედასთან, მოსარჩელე რ----- მ------ასთან ერთად.

· რ----- მ------ა ამჟამად დასაქმებული არ არის. მას სტაბილური, ყოველთვიური შემოსავალი ხელფასის სახით არ გააჩნია. მას მატერიალურად ეხმარებიან მშობლები. რ----- მ------ამ ონკოლოგიური დაავადების გამო 2017 წლის დეკემბრის თვეში შპს ,,მ-----–----------–---------–------------------------------–-----ში” ჩაიტარდა ქირირგიული ოპერაცია, მარჯვენა წვივის სიმსივნური უბნის ამოკვეთა. მისი დიაგნოზია მარჯვენა წვივის ძვლის დისტალური ბოლოს კეთილთვისებიანი სიმსივნე (გიგანტურ უჯრედოვანი სიმსივნე, კისტოზური ფორმა.)

· რ----- მ------ასა და ზ----- მ------ს შორის ქორწინება რეგისტრირებულია 2017 წლის 7 აგვისტოს სააქტო ჩანაწერი N-----------. რ----- მ------ას და ზ----- მ------ს ჰყავთ ერთი არასრულწლოვანი შვილი რ----– მ------ი.

· საქმეში წარმოდგენილი ქორწინების მოწმობის თანახმად, 2017 წლის 7 აგვისტოს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში რეგისტრირებულია ქორწინება რ----- ნ--------ს (პირადი N1----------) და ზ----- მ------ს (პირადი N6----------) შორის სააქტო ჩანაწერი N-----------. ქორწინების შედეგად რ----- ნ--------მ მიიღო მეუღლის გვარი „მ------ა“.

· მხარეებს ჰყავთ ერთი არასრულწლოვანი შვილი. წარმოდგენილი დაბადების მოწმობების თანახმად, რ----– მ------ი დაბადებულია 2017 წლის 21 ნოემბერს. მის მშობლებად რეგისტრირებული არიან: დედა რ----- მ------ა, მამა – ზ----- მ------ი.

· მოპასუხე ზ----- მ------ი არის ჯანმრთელი, შრომისუნარიანი პირი, იგი პერიოდულად სამუშაოდ მიემგზავრება საზღვარგარეთ.

 

4.2. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც მხარეებს უფლებებთან ერთად თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს აკისრებს, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისთვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამასთან, სააპელაციო სასამართლო აპელანტის ყურადღებას ამახვილებს მტკიცების საპროცესო სამართლებრივ სტანდარტებზე და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ზ----- მ------ის მიერ საზღვრის კვეთის არაერთი ფაქტი მის მყარ მატერიალურ მდგომარეობაზე მეტყველებს. მართალია, აპელანტმა დაადასტურა, რომ იგი სამსახურის შოვნის მიზნით რამოდენიმეჯერ ეწვია მეზობელ რესპუბლიკებს, თუმცა ოფიციალური შემოსავალი მას არ უფიქსირდება, ხოლო საზღვრის კვეთის თაობაზე ცნობიდან იკვეთება, რომ იგი 2010-2013 წლებში სისტემატიურად მიემგზავრებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიმართულებით. 2013 წლის 17 დეკემბერს საქართველოში დაბრუნდა რუსეთის ფედარაციიდან, რის შემდეგ კვლავ არაერთხელ გაემგზავრა აზერბაიჯანში. 2016 წლის 2 ნოემბრიდან 2018 წლის 17 აპრილამდე პერიოდში იგი ორჯერ ერთი დღით გადავიდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. 2018 წლის 17 აპრილს გაემგზავრა სარფის სასაზღვრო პუნქტის გავლით თურქეთის რესპუბლიკაში, ხოლო დაბრუნდა 2018 წლის 19 ნოემბერს. 2019 წლის 12 თებერვალს გაემგზავრა აზერბაიჯანში და დაბრუნდა 2019 წლის 21 თებერვალს, ხოლო 2019 წლის 25 თებერვალს გაემგზავრა თურქეთში სარფის სასაზღვრო პუნქტის გავლით. მოცემული მდგომარეობით, აპელანტი იმყოფება საქართველოში და აღსანიშნავია ისიც, რომ ფაქტობრივი თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ აპელანტი მხოლოდ ორჯერ იმყოფებოდა გასული ქვეყნის ფარგლებიდან, ისიც - ხანმოკლე ვადით. შესაბამისად, პალატა ვერ დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ზ----- მ------ი ,,სისტემატიურად საზღვარგარეთ სამუშაოდ მიემგზავრება, რის გამოც შეუძლია შვილის რჩენისათვის საკმარისი თანხის ყოველთვიურად გადახდა“. პალატა მიუთითებს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც აპელანტის მიერ საზღვარგარეთ მუშაობის ფაქტს დაადასტურებდა, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი, საქმეში დევს შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ 2017-2018 წლებში აპელანტს დასაბეგრი შემოსავალი არ უფიქსირდება.

 

პალატა აქვე შნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ასევე სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობაც (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2019 წლის აგვისტოს თვისათვის - 189.2 ლარს. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

 

4.3. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

პალატა მიუთითებს, რომ „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. პალატის შეფასებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლით გათვალისწინებულია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმები. კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელი არ მუშაობს და მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვის განვითარებისათვის საჭირო პირობების შექმნას. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე, ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, პალატა ერთის მხრივ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობს დედასთან - რ----- მ------ასთან, რომელიც უმუშევარია, ამასთან, არასრულწლოვანი არის ჩვილობის ასაკის და მის გაზრდაში მოწინააღმდეგე მხარეს ეხმარებიან მშობლები, ხოლო, მეორე მხრივ, პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ აპელანტი ზ----- მ------ი არ არის დასაქმებული და არ გააჩნია ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი, ასევე - მის კმაყოფაზე სხვა პირები არ იმყოფებიან, თუმცა იგი ცხოვრობს მამასთან და მის ოჯახთან (მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი) ერთად. ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ აპელანტი არ ითხოვს საალიმენტო ვალდებულებებისგან გათავისუფლებას და იგი მზადაა გა2019 წლის 17 სექტემბრის განცხადება/შუამდგომლობა, ს.ფ. 177), ამასთან, პალატის შეფასებით, აპელანტი შრომისუნარიანი და გადახდისუნარიანია.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი, პალატა მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანის ასაკიდან გამომდინარე, მისი საჭიროებებისა და მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციასა“ და სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლების თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს 200 ლარით, სარჩელის აღძვრიდან, (2019 წლის 18 იანვრიდან) - ბავშვის სრულწლოვანებამდე, ან სხვა გარემოების შეცვლამდე.

 

4.4. სააპელაციო სასამართლო განუმარტავს მხარეებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აპელანტმა ზ----- მ------მა დაუმტკიცა სასამართლოს საკუთარი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ პოზიციის საფუძვლიანობა, რის გამოც პალატა თვლის, რომ მისი მოთხოვნა საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ზ----- მ------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ზ----- მ------ისთვის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა განისაზღვროს 200 ლარით, სარჩელის აღძვრიდან, (2018 წლის 18 იანვრიდან) - ბავშვის სრულწლოვანებამდე, ან სხვა გარემოების შეცვლამდე.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, 1. იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. 2. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. 3. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილს ”ა” ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე, შესაბამისად ამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს მოპასუხემ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის ”გ” პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელში დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით, ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. ამავდროულად, ალიმენტის დაკისრების შესახებ საქმე სსსკ 16-ე მუხლის მიხედვით, არის მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საოჯახო-სამართლებრივი დავა, რის გამოც გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი ნახევრდება

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზ----- მ------ს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით გადასახდელად დაეკისრა ყოველთვიურად 200 ლარი, სარჩელის აღძვრიდან, 2018 წლის 18 იანვრიდან - ბავშვის სრულწლოვანებამდე, ან სხვა გარემოების შეცვლამდე. ამდენად, დავის საგნის ღირებულება მოცემულ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს (200x12) 2400 ლარით, ხოლო, სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 7%-ით, რაც შეადგენს ჯამში 168 ლარს, რომლის ნახევარიც 84 ლარია.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ზ----- მ------ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 150 ლარი, მისი სააპელაციო საჩივარი კი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - 65%-ით, აღნიშნული თანხიდან 84 ლარი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად, მოწინააღმდეგე მხარეს - რ----- მ------ას აპელანტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს 31.5 ლარი, დაკმაყოფილებული სააპელაციო საჩივრის ოდენობის პროპორციულად, ხოლო აპელანტის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 66 ლარი უნდა დაუბრუნდეს მასვე.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ზ----- მ------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის 1.2 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,1.2. ზ----- მ------ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის 2017 წლის 21 ნოემბერს დაბადებული რ----– მ------ის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის - 200 ლარის გადახდა. ალიმენტის გადახდა დაიწყოს 2019 წლის 18 იანვრიდან“.

 

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში, დარჩეს უცვლელად;

 

4. რ----- მ------ას აპელანტ ზ----- მ------ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული ხარჯის ნაწილის - 31.5 ლარის ანაზღაურება;

 

5. ზ----- მ------ს დაუბრუნდეს თეიმურაზ ბიჭოშვილის მიერ 2019 წლის 13 მაისს ოქტომბერს N0 საგადასახადო დავალებით სს ,,თიბისი ბანკში“ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 150 ლარიდან - 66 ლარი;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მაია სულხანიშვილი