განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310019002923625
საქმე N3/ბ-178-19წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 მაისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე (მომხსენებელი)
მურთაზ მეშველიანი, ხათუნა ხომერიკი
სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე
საჩივრის ავტორი − დ-----------–---–--–---–ი
წარმომადგენელი − შ-----------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. ბათუმის პოლიციის II განყოფილება
მესამე პირი − მ--------------------ა
დავის საგანი − შემაკავებელი ორდერის გაუქმება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება − ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა − გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე და საჩივრის შემომტანი პირის მოთხოვნებზე მითითება:
2019 წლის 01 აპრილს, დ-----------–---–--–---–მა (წარმომადგენელი შ-----------–--ე) სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. ბათუმის პოლიციის II განყოფილების მიმართ, რომლითაც მოითხოვა ინსპექტორ-გამომძიებლის, ო-----–---–-----ის მიერ 2019 წლის 31 მარტს გამოცემული №------ შემაკავებელი ორდერის გაუქმება.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ 2019 წლის 31 მარტს, ქ. ბათუმის პოლიციის II განყოფილების მიერ დ-----------–---–--–---–ის მიმართ გამოიცა №------ შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად დ-----------–---–--–---–ი წარმოადგენს მოძალადეს მ--------------------ას მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ძალადობაში. №------ შემაკავებელი ორდერის შესაბამისად, დ-----------–---–--–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა მსხვერპლის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას, რაც იმაში გამოიხატა, რომ 2019 წლის 31 მარტს, იგი თითქოსდა უთვალთვალებდა მსხვერპლს. კერძოდ, დ-----------–---–--–---–მა ავტომანქანით ჩაიარა ქ. ბათუმში, ჰ-----------–---- ქუჩა 20-ში მდებარე სილამაზის სალონში, სადაც მითითებული დროისათვის იმყოფებოდა მ--------------------ა, შემდეგ კი მოძალადე სატრანსპორტო საშუალებით აედევნა მას, უკან მიჰყვებოდა ტაქსს, რომლითაც გადაადგილდებოდა მსხვერპლი.
მოსარჩელის მტკიცებით, მსხვერპლის თვალთვალს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც მითითებულია შემაკავებელ ორდერში და რაც გახდა მისი გამოცემის საფუძველი, რეალურად ადგილი არ ჰქონია, კერძოდ, დ-----------–---–--–---–ისთვის უცნობი იყო იმ გარემოების შესახებ, რომ მ--------------------ა იმყოფებოდა იმ ტაქსში, რომლის უკან მიდიოდა თავისი ავტომანქანით, ეს შემთხვევითობა იყო და მას საფუძვლად არ უდევს მოსარჩელის ისეთი ქმედება, რაც ფსიქოლოგიური ძალადობის განმაპირობებელია. №------ შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და მასში ჩამოყალიბებული აკრძალვების შესახებ დ-----------–---–--–---–ისთვის უცნობი იყო, ორდერი შედგენილია არასრულყოფილად, მასში არ არის მითითებული მსხვერპლის დაცვის მიზნით გამოყენებული რომელიმე კონკრეტული ღონისძიების შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, მოცემულ ეტაპზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის განხილვა დ-----------–---–--–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, ამავე კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1511 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო. სასამართლოში საქმის მსვლელობის პროცესში, მოსარჩელის მიმართ ორჯერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომელთა მოქმედების ვადა ამოიწურა ისე, რომ ,,მოძალადის’’ მხრიდან ორდერის პირობების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. №------ შემაკავებელი ორდერის გამოცემის დღეს, დ-----------–---–--–---–ი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა სხვა საფუძვლით, რა დროსაც მას გადასცეს ზემოაღნიშნული შემაკავებელი ორდერი და მან პოლიციის თანამშრომელს მისცა ახსნა-განმარტება საქმის ირგვლივ.
მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ გასაჩივრებული ორდერი იყო უკანონო, არ არსებობდა მისი გამოცემის არანაირი საფუძველი. როგორც ჩანს პოლიციამ სრულად გაიზიარა მ--------------------ას მიერ შეთხზული ინფორმაცია, რაც თავის მხრივ წარედგინება სასამართლოს სისხლის სამართლის საქმის მსვლელობისას. ეს ყოველივე კი იმ მიზანს ემსახურება, რომ შეიქმნას ფონი დ-----------–---–--–---–ის მოძალადედ მიჩნევისათვის. ბრალდების მხარე მოქმედებს მიზანმიმართულად, სარგებლობს თავისი მდგომარეობით და ბოროტად იყენებს მასზე დაკისრებულ უფლებამოსილებას. დ-----------–---–--–---–ის მტკიცებით №------ შემაკავებელ ორდერში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება სინამდვილეს და იგი გამოცემულია საქმის გარემოებების გამოკვლევის გარეშე, ამდენად, შემაკავებელი ორდერი წინააღმდეგობაში მოდის კანონის მოთხოვნებთან.
მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. ბათუმის პოლიციის II განყოფილების წარმომადგენელი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ არ არსებობდა შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი.
მესამე პირმა, მ--------------------ამ აღნიშნა, რომ დ-----------–---–--–---–ის მხრიდან, მის მიმართ განხორციელებულ ძალადობას სისტემატური, უწყვეტი ხასიათი აქვს, რის საფუძველზეც მოძალადის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის წარმოება. 2019 წლის 31 მარტს, მ--------------------ა იმყოფებოდა ქ. ბათუმში, ჰ-----------–---- ქუჩა 20-ში მდებარე სილამაზის სალონში, რა დროსაც შენიშნა დ-----------–---–--–---–ი, რომელიც ავტომანქანით შეჩერდა რამდენიმე წუთით და შემდგომ განაგრძო გზა. მ--------------------ას გამოძახებული ჰყავდა ტაქსი და ავტომანქანასთან მისულმა კვლავ შენიშნა დ-----------–---–--–---–ი, რომელმაც მანქანით განმეორებით ჩაიარა სილამაზის სალონთან. მოძალადე უკან მიჰყვებოდა ტაქსით მოძრავ მ--------------------ას. მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი დარწმუნდა, რომ დ-----------–---–--–---–ი მას სდევნიდა, გადაწყვიტა პოლიციის განყოფილებაში მისვლა. შეშინებული და აღელვებული მ--------------------ა სწრაფად შევიდა პოლიციის განყოფილების შენობაში, ვინაიდან შიშობდა, რომ მოძალადე რაიმეს დაუშავებდა და მიაყენებდა ზიანს. დ-----------–---–--–---–ი თავისი ქმედებებით არა მარტო მ--------------------ას არ აძლევს მშვიდად ცხოვრების საშუალებას, არამედ ხელს უშლიდა მის თანამშრომლებსაც მუშაობის პროცესში.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილებით დ-----------–---–--–---–ის სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის II განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის, ო-----–---–-----ის მიერ 2019 წლის 31 მარტს გამოცემული №------ შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
ამ დასკვნამდე საქალაქო სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. ეს კანონი, ამ კანონით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ასევე იმ ურთიერთობებზე, რომლებითაც ირღვევა არასრულწლოვნის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ამავე კოდექსის 151-ე მუხლის თანახმად, 1-ელი ნაწილის თანახმად, სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. 1511 მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაშია №1-6--------------------------) სისხლის სამართლის საქმე დ-----------–---–--–---–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1511 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო. 2019 წლის 23 იანვარს, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის მიერ მიღებულ იქნა N---------- დადგენილება სისხლის სამართლის საქმის გამოყოფის შესახებ, რომლითაც N------------ საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე დ-----------–---–--–---–ის მიერ მ--------------------ას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების სახით შემაკავებელი ორდერის გამოცემა სავალდებულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 137-ე და 138-ე მუხლებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით, 144-ე მუხლის მე2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით, 1441−1443 და 151-ე მუხლებით, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით და 3811 მუხლით გამოძიების დაწყების ან გამოძიების მიმდინარეობის შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით. დადგენილია, რომ 2019 წლის 31 მარტს, პოლიციის II განყოფილებაში შევიდა №1-6--------------------------) სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირის, მ--------------------ას შეტყობინება, რომელიც ითხოვდა დახმარებას დ-----------–---–--–---–ის მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო.
ამასთან, დადგენილია, რომ 2019 წლის 31 მარტს, სილამაზის სალონში ყოფნისას მ--------------------ამ შენიშნა, თუ როგორ უთვალთვალებდა მას მოძალადე, ხოლო სალონიდან გამოსვლის შემდეგ, უკან მიჰყვებოდა ტაქსს, რომლითაც მგზავრობდა მ--------------------ა, აღნიშნული მსხვერპლის მიერ აღქმულ იქნა თვალთვალად, რის გამოც დახმარების მიზნით მიმართა პოლიციას. პოლიციის II განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის, ო-----–---–-----ის მიერ დ-----------–---–--–---–ის მიმართ, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 11 ნაწილზე დაყრდნობით გამოიცა №------ შემაკავებელი ორდერი.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა)ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე 1) არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმადაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამ გარემოებებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებულ წესს არ ადგენს.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ მისი მხრიდან 2019 წლის 31 მარტის №------ შემაკავებელ ორდერში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას ადგილი არ ჰქონია. მხარეები ადასტურებენ და სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2019 წლის 31 მარტს, მ--------------------ა იმყოფებოდა თავის სამუშაოზე ქ. ბათუმში, ჰ-----------–---- ქუჩა N20-ში მდებარე სილამაზის სალონში და ელოდებოდა გამოძახებულ ტაქსს, სადაც თავისი კუთვნილი ავტომანქანით მივიდა დ-----------–---–--–---–ი, რა დროსაც მათ ერთმანეთი დაინახეს. ამის შემდეგ, მ--------------------ა ტაქსით წავიდა, ხოლო დ-----------–---–--–---–ი უკან მიყვებოდა მას. სასამართლომ არ გაიზიარა დ-----------–---–--–---–ის მტკიცება, რომ მ--------------------ას შეეშალა და მის უკან მიმავალი სხვა სატრანსპორტო საშუალება ჩათვალა შეცდომით დ-----------–---–--–---–ის ავტომანქანად. სასამართლომ წინა ფაქტობრივი მოცემულობების გათვალისწინებით, მიიჩნია რომ მ--------------------ამ მანამდე დაინახა მასთან სამუშაოზე მისული დ-----------–---–--–---–ის ავტომანქანა, ადვილად შეძლებდა მისთვის ყურადღების მიქცევას და ბუნებრივია დაინახავდა, როდესაც მთელი გზის მანძილზე უკან მისდევდა იგი. მ--------------------ას მტკიცება ამ მხრივ შეესაბამებოდა საქმის გარემოებებს.
სასამართლომ მიუთითა იმ უდავო გარემოებაზეც, რომ მოსარჩელის მიმართ ორჯერ იქნა გამოცემული შემაკავებელი ორდერი, რომლითაც დადგინდა ძალადობის ფაქტი მ--------------------ას მიმართ. ამასთან, სასამართლოში მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმის წარმოება დ-----------–---–--–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1511 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტიდან გამომდინარე, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების სახით, შემაკავებელი ორდერი გამოცემულია, კანონით დადგენილი დათქმის - სავალდებულოობის პირობის დაცვით. მხარეთა განმარტებებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის II განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის ო-----–---–-----ის მიერ 2019 წლის 31 მარტს №------- შემაკავებელი ორდერი გამოცემული იყო „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობდა მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა დ-----------–---–--–---–ის მიერ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლით:
საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, სილამაზის სალონი მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ უბანში, რომლის მახლობლადაც დ------ ცხოვრობს და მას დღის განმავლობაში შეიძლება არაერთჯერ მოუხდეს იმ ქუჩაზე თავისი მანქანით გავლა და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დ------ ვინმეს უთვალთვალებს, თუნდაც იქ იყოს მ--------------------ვა. დავითს არა აქვს აკრძალული ქალაქში საკუთარი ავტომანქანით გადაადგილება და არც მაშინ ჰქონდა აკრძალული, როდესაც ჩაბარებული ჰქონდა შემაკავებელი ორდერი. ის ფაქტი, რომ თითქოს დავითმა მ. კ-----------ა სილამაზის სალონთან დაინახა, შემდეგ ტაქსში ჩაჯდა და მას აედევნა, არის მხოლოდ მ. კ-----------ას მიერ პოლიციისა და სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია, რომელსაც დ------ უარყოფდა პოლიციაში მიცემული ახსნა-განმარტებაში, ადმინისტრაციულ საჩივარში და სასამართლოზე გაკეთებულ ახსნა-განმარტებაში. თუკი დ------ აედევნა ტაქსს და გარკვეულ დროში მიყვებოდა, რა დროსაც მ. კ-----------ამ იგრძნო მისგან საფრთხე და ტაქსით მიადგა პოლიციის განყოფილებას, იგი აუცილებლად დაიმოწმებდა ტაქსის მძღოლს ანდა მიუთითებდა ავტომანქანის ნომერს, რათა პოლიციელს გამოეძახა ტაქსი და გამოეკითხა ადევნების ფაქტზე. მ. კ-----------ას, როგორც ყოფილ პოლიციელს, აქვს იმის გამოცდილება, თუ როგორ შეაგროვოს მტკიცებულება. დ------ს მიერ ტაქსზე ადევნებას ადგილი რომ ჰქონოდა, იგი ტაქსისტის მოწმეობას ხელიდან არ გაუშვებდა. იმ შემთხვევაში, თუ მას ტაქსში ყოფნის დროს თითქოს დ------ს ადევნებით ე.წ. მსხვერპლს ჰქონდა ფსიქოლოგიური განცდები და ემოციები, ამას ტაქსის მძღოლიც შეამჩნევდა. რეალურად, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც ვერც მ. კ-----------ამ უზრუნველყო მოწმის წარდგენა პოლიციაში და არც პოლიცია დაინტერესებულა მოეძებნა და გამოეკითხა მოწმე.
საჩივრის ავტორის მოსაზრებით სასამართლომ ფაქტობრივად მიიჩნია, რომ პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს ყოველთვის გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, თუ ამას მოითხოვს ე.წ. მსხვერპლი. სასამართლოს ეს განმარტება არასწორია, რადგან ახალი შემეკავებელი ორდერის გამოცემას ჭირდება ე.წ. მოძალადის მიერ ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც ე.წ. მსხვერპლს გაუჩენს შიშს ან ვარაუდს შესაძლო ძალადობის ჩადენაზე. მითუმეტეს, რომ 2019 წლის 10 თებერვალს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ პოლიციამ გამოსცა ერთთვიანი შემაკავებელი ორდერი და მისი მოქმედების პერიოდში ახალი ორდერის გამოცემის საფუძველი არ გაჩენილა.
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გაანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ დ-----------–---–--–---–ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებას და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.
ამავე კანონის მე-4 მუხლის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მსხვერპლი არის ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება, ხოლო „თ” ქვეპუნქტის თანახმად, „მოძალადეა ოჯახის წევრი, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ოჯახის სხვა წევრის მიმართ“.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ფსიქოლოგიური ძალადობად განიხილება შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ შემაკავებელი ორდერი არის დროებითი სახის ღონისძიება და მისი გამოცემის საფუძველს მსხვერპლის მოძალადისაგან დაცვა წარმოადგენს. აღნიშნულ ორდერში მითითებული აკრძალვებით მოძალადეს ეზღუდება მსხვერპლის მიმართ გარკვეული მოქმედებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მსხვერპლის მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
პალატა განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე უფლებამოსილი და ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა პირდაპირ და არსებით გავლენას ახდენს დავაზე და შესაბამისად, განაპირობებს სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე.
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. ბათუმის პოლიციის II განყოფილების მიერ შედგენილი შემაკავებელი ორდერის და თავად მხარეთა ახსნა-განმარტებების მიხედვით პალატას დადგენილად მიაჩნია დ-----------–---–--–---–ის მიერ მ--------------------ას მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი, შესაბამისად, სახეზეა ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფსიქოლოგიური ძალადობა. რა გარემოებაც სრულყოფილად არის ასახული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, შესაბამისად პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნები დასაბუთებულია, ხოლო საჩივრის ავტორის არგუმენტები არის უსაფუძვლო. შესაბამისად დ-----------–---–--–---–ს საჩივარი შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 აპრილის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 2113 მუხლის 71 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ-----------–---–--–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
მურთაზ მეშველიანი
ხათუნა ხომერიკი