განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.11.2019
საქმის ნომერი
330310119002925810
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
13.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3ბ/2222-19, 330310119002925810

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე დავით ახალბედაშვილი

მოსამართლეები: ხატია არდაზიშვილი

ლეილა მამულაშვილი

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - მა-- მო-----–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით მა-- მო-----–--ის სარჩელი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 07 თებერვლის N01/2012/გ გადაწყვეტილების, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 11 მარტის N01/77981/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მა-- მო-----–--ის სახელზე არაელექტრონული პირადობის მოწმობის 10 წლის ვადით გაცემის დავალების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

დადგენილია, რომ მა-- მო-----–--ემ 2019 წლის 14 იანვარს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პირადობის მოწმობის გაცემა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 07 თებერვლის N01/2012/გ გადაწყვეტილებით მა-- მო-----–--ეს 2019 წლის 14 იანვრის N0101719007011 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-10 პუნქტების თანახმად, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გაიცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა; ამასთანავე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ და ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემას გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ დაკმაყოფილდა მა-- მო-----–--ის განცხადება და უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემაზე.

 

მა-- მო-----–--ემ 2019 წლის 12 თებერვალს N34149 საჩივრით და 2019 წლის 14 თებერვალს N36594 განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 07 თებერვლის N01/2012/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მის სახელზე პირადობის მოწმობის გაცემა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 11 მარტის №01/77981/გ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მა-- მო-----–--ის 2019 წლის 12 თებერვლის N34149 საჩივარი (დაზუსტებული მოთხოვნა) და ძალაში დარჩა სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 07 თებერვლის N01/2012/გ გადაწყვეტილება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ასაჩივრებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 07 თებერვლის N01/2012/გ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 11 მარტის N01/77981/გ გადაწყვეტილებებს. სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

სასამართლომ მიუთითა ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს.

 

ამავე კანონის მე-7 მუხლის ადგენს ნორმატიულ აქტთა ურთიერთმიმართებას, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნის საქართველოს კანონმდებლობას. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მიხედვით, საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობა 2011 წლის ივლისიდან შემოვიდა და მათი სავალდებულო მოქმედების ძალა კანონითა და კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ მიღებულია საკანონმდებლო აქტის - ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მისი ამოქმედების შემდეგ და მის შესასრულებლად, რაც დადასტურებულია კანონის პრეამბულაში. მოცემულ შემთხვევაში, კანონქვემდებარე აქტი ავსებს იმ დებულებებს, რომელიც გათვალისწინებულია იერარქიულად ზემდგომი, დროში წინმსწრები საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე აქტის შესაბამისი ნორმა (მოსარჩელის მითითებით წესის 25-ე მუხლი) წინააღმდეგობაში არ მოდის საკანონმდებლო აქტის ნორმებთან და საქართველოს იუსტიციის მინისტრის N98 ბრძანების გამოცემა გამოწვეული იყო შესაბამისი ურთიერთობის მოწესრიგების მიზნებიდან გამომდინარე. ამდენად, სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია ნორმატიული აქტების უპირატეს ძალასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ კანონი და მის შესასრულებლად გამოცემული ბრძანება არ მოდის ურთიერთწინააღმდეგობაში, არამედ ავსებს და აკონკრეტებს ცალკეულ დებულებებს და სადავო ურთიერთობაც განხილული იქნება

მითითებული ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით.

 

,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. ამავე ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოქალაქისა და სახელმწიფოს სამართლებრივი კავშირი, განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორებით, ეს კავშირი ამ ფაქტორების კომპლექსური ნაზავია და არის ორი სუბიექტის - სახელმწიფოს, როგორც უმაღლესი სუვერენის, ძალაუფლების მპყრობელისა და მოქალაქის, როგორც ,,სახალხო სუვერენიტეტის“ სახელმწიფო ხელისუფლების წყაროს ურთიერთობა. აღნიშნული ურთიერთობა შედგება პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური და ზნეობრივ უფლებებით და რაც მთავარია, ამ სუბიექტებს შორის, უფლებების გარდა, არსებობს ურთიერთვალდებულებები.

 

მოცემულ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, ამ ორი სუბიექტის - მოქალაქის (მოსარჩელე) და სახელმწიფოს (მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო) შორის წარმოქმნილი პრობლემის არსის გაანალიზება-გარკვევა და შესაბამისად, წინამდებარე დავის საგნის შინაარსიდან გამომდინარე, კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების დებულებების განმარტება უნდა მოხდეს თითოეული მხარის როგორც უფლებების, ისე ვალდებულებების ჭრილში.

 

,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანისა და მოქალაქის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტების შესაბამისად ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, გარანტირებული აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო – უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.

 

ამავე კანონის მე-3 თავში მოცემულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურების წესი. კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტებია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და ბინადრობის მოწმობა. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე. ამავე ნორმის მე-10 პუნქტით კი დადგენილია, რომ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.

 

სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ მა-- მო-----–--ემ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოითხოვა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 07 თებერვლის N01/2012/გ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მა-- მო-----–--ის განცხადება და უარი ეთქვა მას საქართველოს მოქალაქის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემაზე, ხოლო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 11 მარტის N01/77981/გ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მა-- მო-----–--ის ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის გადაწყვეტილება. მოსარჩელეს ასევე განემარტა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, მოქალაქეზე გაიცემოდა პირადობის მოწმობა მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის ელექტრონული მოწმობა). ხოლო, გამონაკლისებს ადგენდა ასევე, მითითებული მუხლი.

 

მოსარჩელე არ იზიარებს აღნიშნულ განმარტებას და მიუთითებს, რომ კანონი მას აძლევს საშუალებას სურვილის შემთხვევაში მიიღოს ელექტრონული პირადობის მოწმობა.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი არეგულირებს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის (შემდგომში – რეგისტრაცია) და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის (შემდგომში – პასპორტი), საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტის (შემდგომში – სამგზავრო პასპორტი) და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის (შემდგომში – სამგზავრო დოკუმენტი) გაცემის საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

 

წესის III თავით განსაზღვრულია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის წესი. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მცხოვრები უცხოელის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია: პირადობის მოწმობა.

 

ამავე წესის 25-ე მუხლით განსაზღვრულია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის სახეები. მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილმა ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა). პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით; ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის; გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); ე) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

 

სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელის მიერ კანონის ასეთი სახით განმარტებას და მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 35-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი ვალდებულია შეცვალოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევებში.

 

,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ობიექტური, კანონით დადგენილი კონკრეტული მიზეზების ჩამონათვალს, რომელიც იძლევა შესაძლებლობას დროებით მოქმედების (6 თვის ვადით) ძალის მქონე არაელექტრონული პირადობის მოწმობა იქნეს აღებული, მოცემულია წესის 25-ე მუხლში. მითითებული მუხლი ადგენს იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც მოქალაქეს ფიზიკური, ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობების, ბუნებრივი მოვლენებისა თუ სხვა, ამავე მუხლში მითითებული გარემოების გამო, არ შესწევს უნარი მიიღოს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა. ობიექტური გარემოება არ მოიცავს პირის სუბიექტურ განწყობას და სურვილს, არამედ, იგი დამყარებულია კონკრეტულ გარემოებებზე. ამასთან, ამავე წესის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი განმარტავს, რომ ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცემა არა უმეტეს 6 თვემდე ვადით. ასეთი საგამონაკლისო შემთხვევების გათვალისწინების აუცილებლობა გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებიდან, რომ მისი მოქალაქე არ დარჩეს სამართლებრივი ურთიერთობის მიღმა მისგან დამოუკიდებელი ან მისი ნების საწინააღმდეგოდ შექმნილი ვითარების გამო. იმ დროს, როდესაც, მოსარჩელე ითხოვდა არალექტრონული პირადობის მოწმობის გაცემას, სახეზე არ იყო წესის 25-ე მუხლით დადგენილი ობიექტური გარემოება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა შესაძლებლობას განმცხადებელზე გაეცა პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. სხვა შემთხვევებს, რომლებიც იძლევიან იმის დაშვების უფლებას, რომ გაცემული იქნეს არალექტრონული პირადობის მოწმობა, მოქმედი კანონმდებლობა არ ცნობს. ამდენად, ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს მხოლოდ ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულოობას იმ გამონაკლისების გთვალისწინებით, რაც თავად ამავე ნორმებში არის მითითებული.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ საკანონმდებლო რეგულაციით, სავალდებულო სახით დაადგინა ელექტრონული პირადობის მოწმობის არსებობა, თუმცა გონივრული მიდგომის შედეგად განსაზღვრა, მოქალაქეების მიერ მათი აღებისა და გამოყენების დრო. იმ პირების მიმართ, რომლებსაც 2011 წლისათვის ჯერ კიდევ ჰქონდათ ძალაში მყოფი პირადობის მოწმობა, დაწესდა მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სავალდებულოობა. შესაბამისად, მოსარჩელეებს, რომელთა პირადობის მოწმობების მოქმედების ვადა გავიდა, შესასრულებლად სავალდებულოდ განისაზღვრა ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის აღება. კანონმა არ გაითვალისწინა პირის სუბიექტური სურვილის პირობებში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რამეთუ სახელმწიფო გარკვეული სახის რეგულაციების მიღებისას, ითვალისწინებს კაცობრიობის განვითარების ეტაპზე ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენების უპირატესობასა და აუცილებლობას, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობის სასარგებლოდ. სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისათვის შემოთავაზებული პირადობის ელექტრონული მოწმობა წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ დოკუმენტს, რომელიც სახელმწიფოსა და მოქალაქის საერთო სამართლებრივი მიზნების გაერთიანების შედეგად არის მიღებული, რათა დაცული იქნეს მოქალაქეთა ინტერესები მათი პირადი დოკუმენტაციისა გაყალბებისა და ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების თვალსაზრისით.

 

მოსარჩელე, არაელექტრონული პირადობის მოწმობის აღების მიზანს, უკავშირებს უბრალოდ სურვილს. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ იმ დროს, როდესაც, მოსარჩელე მა-- მო-----–--ემ მოითხოვა არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემა, სახეზე არ იყო წესის 25-ე მუხლით დადგენილი ობიექტური გარემოება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა შესაძლებლობას, განმცხადებელზე გაეცა პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. სხვა შემთხვევებს, რომლებიც იძლევა იმის დაშვების უფლებას, რომ გაიცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა, მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს. ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს მხოლოდ ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულოობას იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რაც თავად ამავე ნორმებშია მითითებული.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონის განმარტებისას, მართლმსაჯულება ვერ დაეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას და სურვილს, თუნდაც მისი არგუმენტაცია დასაბუთებულობის მაღალი ხარისხის მქონეს წარმოადგენდეს. მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს კანონმდებლობიდან და უნდა იყოს ლეგიტიმური. მოთხოვნა კანონიერია, თუ მსგავსი მდგომარეობა ასახულია კანონში, ხოლო მოთხოვნა ლეგიტიმურია, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არღვევს კანონში ასახულ და განმტკიცებულ დებულებებს, რომლის გამოც ილახება მოქალაქის უფლება და ინტერესი.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ გამომდინარეობს კანონის განმარტებიდან, რაც ნიშნავს, რომ ვერ იქნება გაზიარებული არგუმენტაცია მისი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვისა და დარღვევის თაობაზე. მოსარჩელის ინტერესი მხოლოდ მაშინ არის დაცვის ღირსი, როდესაც ეს ინტერესი პატივსადებია და შესაბამისად, კანონით არის დაცული. ხოლო ინტერესი, რომელიც სცილდება კანონით დადგენილ წესებს, ვერ იქნება სასამართლოს მსჯელობის საგანი. დავის გადაწყვეტის მიზნით გამოსაყენებელი ნორმატიული აქტების დებულებების გათვალისწინებით, არ იკვეთება დასაბუთებული წინაპირობა იმისა, რომ სასამართლომ უნდა დაავალდებულოს ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელეზე გასცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა. აღნიშნული ქმედების განხორციელების დავალდებულება წინააღმდეგობაში მოდის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებასთან, მატერიალურ სამართალთან და კანონის მიზნებთან.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 05 ივლისის #ბს-389-389(კ-18) განჩინებაზე, სადაც, საკასაციო სასამართლომ ანალოგიურ საქმეზე განმარტა, რომ უფლებისა თუ ხელშესახები კანონიერი ინტერესის მოსალოდნელი შელახვა უნდა იყოს არა ჰიპოთეტური, არამედ, რეალური. თავის მხრივ, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მხარის არააბსტრაქტული, კონკრეტული მითითებების გარეშე დაადგინოს სუბიექტურ შეხედულებებთან დაკავშირებული უფლების დარღვევა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის დაკმაყოფილების პირობებს, ამავე კოდექსის 331-ე მუხლი შეიცავს, რომელიც სარჩელის დაკმაყოფილებას უკავშირებს სარჩელის დასაშვებობის რამოდენიმე პირობას, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე კანონს უნდა ეწინააღმდეგებოდეს, ამასთანავე ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. შესაბამისად, არ არსებობს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ - სამართლებრივი საფუძვლები. მოსარჩელის მოთხოვნა, როგორც უსაფუძვლო, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სახეზე არ არის ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოქმედების განხორციელებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს და ამასთანავე ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად მხოლოდ ელექტრონული პირადობის მოწმობის სავალდებულოობა კანონითა და კანონქვემდებარე აქტით, მაშინ როცა კანონით მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია პირადობის მოწმობა (შემდგომშიც ყველგან პირადობის მოწმობაში იგულისხმება პირადობის არაელექტრონული მოწმობა), ხოლო პირადობის ელექტრონული მოწმობა კანონმდებლის მიერ "შეიძლებას" სახით და არა იმპერატიული მოთხოვნის სახით არის დაშვებული.

 

კანონის "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" მუხ.11-ის თანახმად სავალდებულოა მოქალაქეს თავისი ვინაობის, მოქალაქეობისა და საცხოვრებელი ადგილის დასადასტურებლად ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტი - პირადობის მოწმობა, რომლის ფორმა და შემადგენელი ელემენტები განსაზღვრულია კანონის მუხ.14-ის პ.1; პ.3;-ით

 

რაც შეეხება სასამართლოს მიერ სავალდებულოდ დადგენილად მიჩნეული ე.წ. პირადობის ელექტრონული მოწმობას კანონის მუხ.14-ის პ.4-ის საფუძველზე დაშვებულია "შეიძლება"-ს სახით, რაც მის სავალდებულოობას არც ერთ შემთხვევაში არ ადგენს. კანონმდებლის იმპერატიული მოთხოვნაა მოქალაქემ აიღოს პირადობის მოწმობა, მაგრამ რომელი სახით ეს მის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძველზე იქნება განსაზღვრული და არა იძულებით, მოტყუებით, შეფარვით შედგენილი კანონქვემდებარე აქტების ძალმომრეობით გამოყენების გზით.

 

აპელანტის მითითებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონი და მის შესასრულებლად გამოცემული 98-ე ბრძანების 25-ე მუხლი არ მოდის ურთიერთწინააღმდეგობაში, არამედ ავსებს და აკონკრეტებს ცალკეულ დებულებებს და სადაო ურთიერთობანიც განხილული იქნება მითითებული ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით.

 

სასამართლოს მითითება უსაფუძვლოა და კანონისა და მის შესასრულებლად იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული როგორც #118-ე, ასევე No98 ბრძანებების ურთიერთშეჯერების გარეშე, რამეთუ მოსარჩელე სადაოდ არ ხდის #98-ე ბრძანების მუხ.25-ს, არამედ მთელი სარჩელი აგებულია იმ უდაო ფაქტზე, რომ კანონი ცალსახად ადგენს ძირითადად პირადობის მოწმობას არაელექტრონულს, რომელსაც გასცემს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით, ხოლო "შეიძლება"-ს სახით როგორც გამონაკლისი დაშვებული ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილება მიანიჭა იმ სამსახურებს, რომელთაც ეს უფლება განესაზღვრებათ იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. შეუსაბამო და სადაო ბრძანებაა 13.07.2012წლის #118 - ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა სააგენტოს დებულება, რომლის თანახმად სწორედაც, რომ კანონის საწინააღმდეგოდ ყველა ტერიტორიულ სამსახურს მიენიჭა ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილება, რის გამოც შეუძლებელი/გაურკვეველი გახდა როგორც კანონით სააგენტოსათვის მინიჭებული უფლების - გასცეს პირადობის მოწმობა 4-10 წლის ვადით სააგენტოს მიერ ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით, ასევე #98-ე ბრძანების მუხ.25-ის პ.2-ის მეორე წინადადების ასევე მუხ.58-ის პ.1-ით ტერიტორიული სამსახურების მიერ არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის აღსრულება.

 

აპელანტი აღნიშანვს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ მის მიერ გამოყენებულია საქართველოს კონსტიტუცია, ნორმატიული აქტების შესახებ კანონი, საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ვრცლად არის საუბარი კანონის "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" და მის საფუძველზე გამოცემულ კანონქვემდებარე აქტზე No98 ბრძანების 25-ე მუხლზე, მაგრამ სარჩელის სამართლებრივი საფუძვლის კანონის მუხ.11.-ის პ.1-ის, მუხ.13-ის პ.1-ის; მუხ.14-ის პ.3-ის; მუხ.14-ის პ.2-ის მეორე წინადადების არასწორი განმარტების შედეგად მიღებულია არაობიექტური გადაწყვეტილება, კერძოდ: სასამართლომ გააკეთა არასწორი განმარტება - თითქოსდა 1996 წლიდან მოქმედ კანონში 2011წლის ივლისიდან შეტანილი ცვლილების საფუძველზე "შეიძლება"-ს სახით გამონაკლისით შემოსული ელექტრონული პირადობის მოწმობის სავალდებულოობა კანონითა და კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრა და აღნიშნავს, რომ იუსტიციის მინისტრის მიერ No98 ბრძანებაც გამოცემულია კანონის შესასრულებლად, რაც დადასტურებულია კანონის (სავარაუდოდ უნდა იყოს ბრძანების) პრეამბულაში - მაშინ, როცა კანონის მუხ.14-ის პირველი პუნქტის თანახმად პიროვნების დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია პირადობის მოწმობა, რომელიც არის ორგვერდიანი ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში აფხაზურ ენაზე და რომელიც "შეიძლება" შეიცავდეს ელექტრონულ ინფორმაციის მატარებელს და იგი იწოდება პირადობის ელექტრონული მოწმობად, რომელიც მსგავსად არაელექტრონულისა არის ორგვერდიანი, ოღონდ განსხვავებით არაელექტრონულისაგან ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან ელექტრონული მოწობა უნდა შეიცავდეს ელექტრონული ინფორმაციის მატარებელს, რომელიც თავისი ტევადობით შემდგომში შესაძლებელს ხდის მისი მფლობელის სხვადასხვა პირადი ინფორმაციით შევსებას მოწმობის გამოცვლის გარეშე.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით (15.02.2017წლის გადაწყვეტილება საქმე No3/1/659 / ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) კანონმდებლის მიერ "შეიძლება"-ს სახით დაშვება წარმოადგენს საერთო წესიდან გამონაკლისს, სწორედაც რომ კანონით საერთო წესით ძირითადად გასაცემი არაელექტრონული პირადობის მოწმობიდან დაშვებულია გამონაკლისი "შეიძლებას"-ს სახით შემოტანილი ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის თვალსაზრისით. სწორედ ამ გამონაკლისის შესასრულებლად დაუშვა კანონმდებელმა კანონის მუხ.13-ის პ.1-ით განსაზღვრული პირადობის მოწმობის გამცემი ტერიტორიული სამსახურებიდან იმ ნაწილის გამოყოფა, რომლებიც უფლებამოსილი იქნებოდნენ გაეცათ ელექტრონული პირადობის მოწმობა, თუმცა ეს სამსახურები მხოლოდ ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილებით არ შეზღუდა კანონმდებელმა, არამედ ამ სამსახურებისათვისაც დაუშვა გამონაკლისი 6 თვის ვადით არაელექტრონულის ობიექტური გარემოებების არსებობისას გაცემაზე. თუმცა სასამართლოს მიერ სავალდებულოდ დადგენილად მიჩნეულია მხოლოდ მეორე ნაწილი, რაც შეეხება პირველ ნაწილს - ძირითადად, საერთო წესით დადგენილი არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით - საერთოდ უარყოფილია, რის გამოც სარჩელის მოთხოვნა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა არა იმ გარემოებით რომ სარჩელის მოთხოვნა მიმართულია არაუფლებამოსილ მოპასუხის მიმართ არამედ იმ საფუძვლით, რომ თითქოსდა კანონი საერთოდ არ ითვალისწინებს არაელექტრონულ პირადობის მოწმობის 4-10 წლის ვადით გაცემას.

 

კანონქვემდებარე #98-ე ბრძანება სწორედაც, რომ გამოცემულია კანონის მუხ.20.2-ის შესასრულებლად, და შესაბამისად ის უნდა ითვალისწინებდეს არა მარტო უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურების მიერ პირადობის ელექტრონული მოწმობის, ხოლო ობიექტური პირობების არსებობისას არაელექტრონული პირადობის მოწმობის 6 თვის ვადით გაცემის უზრუნველყოფას, არამედ კანონის მუხ.13-ის პ.1-ით განსაზღვრული ე.წ. არაუფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი პირადობის (არაელექტრონული) მოწმობის 4-10 წლის ვადით გაცემის პირობებსაც, რასაც 98-ე ბრძანება გარკვეულწილად ითვალისწინებს: ბრძანების მუხ.25-ის პ.2-ის მე-2 წინადადება და გარდამავალი დებულების მუხ.58-ის პ.1-ის დანაწესი, თუმცა არაუფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურის მიერ პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობა საერთოდ განხილვის გარეშეა, მაშინ როცა კანონის მუხ.13-ის პ.1 და მუხ.14-ის პ.2-ის პირველი წინადადების დანაწესით "პირადობის მოწმობის გაცემა და შეცვლა უნდა უზრუნველყოს სააგენტომ ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით 4-10 წლის მოქმედების ვადით". თუმცა 98-ე ბრძანების მუხ.27-ში ცალსახად მითითებულია: პირადობის მოწმობა გაიცემა უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურების მიერ, რაც თავისთავად ეწინააღმდეგება კანონის მუხ.13-ის პ.1-ის დანაწესს და ფაქტიურად ნორმატიული აქტების შესახებ კანონის მუხ.7-ის პ.7-ის საწინააღმდეგოდ გამოცემული ბრძანება 118-ით დამტკიცებული სააგენტოს დებულების საფუძველზე ყველა ტერიტორიული სამსახურისათვის ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მინიჭებით, 98-ე ბრძანების მუხ.27-ის დანაწესით, ნორმატიული აქტების შესახებ კანონის მუხ.7-ის პ.7-ის თანახმად უკანონოდ გაუქმებულია კანონის მუხ.13-ის პ.1-ით სააგენტოსათვის მინიჭებული უფლებამოსილება - გასცეს და შეცვალოს არაელექტრონული პირადობის მოწმობა 4-10 წლის ვადით. რაც სასამართლოს არც გამოუკვლევია და არც არანაირი შეფასება არ გაუკეთებია.

 

სასამართლო მიუხედავად იმისა, რომ მიუთითებს კანონის დანაწესზე მუხ.-13-ის პირველი პუნქტი - "პირადობის მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით მიმართოს საკონსულოს, ასევე მიუთითებს კანონის მე-14 უხლის პირველ პუნქტზე და ა.შ., აკეთებს არასწორ განმარტებას და შესაბამისად დასკვნებს: კანონმდებელი ადგენს, რომ პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შესაძლებელია გაიცეს მხოლოდ ობიექტურ მიზეზთა გამო, “შესაბამისად კანონმდებელმა პირადობის არაელექტრონული მოწმობის გაცემა დაუშვა საგამონაკლისო წესით, რომელიც სუბიექტურ განწყობას და სურვილს არ ითვალისწინებს. კანონქვემდებარე აქტის შესაბამისი ნორმა (წესის მუხ.25) არ მოდის წინააღმდეგობაში საკანონმდებლო აქტის ნორმებთან, კანონი და მის შესასრულებლად გამოცემული ბრძანება არ მოდის ერთმანეთთან წინააღმდეგობაში. ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს მხოლოდ ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულოობას იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რაც თავად ამ ნორმებშია მითითებული, რასაც ასაბუთებს შემდეგი განმარტებით: სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ საკანონმდებლო რეგულაციებით სავალდებულო სახით დაადგინა ელექტრონული პირადობის მოწმობის არსებობა, დაწესდა მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ პირადობის მოწმობის აღების სავალდებულოობა (თუმცა კანონის რომელი „მუხლის საფუძველზე აკეთებს სასამართლო ამ დასკვნას გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის) კანონმა არ გაითვალიწინა პირის სუბიექტური სურვილის პირობებში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რამეთუ მოქალაქეთა ინტერესების დაცული იქნეს მათი პირადი დოკუმენტაციის გაყალბებისა და ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების თვალსაზრისით.

 

აღნიშნულიდან ნათლად ჩანს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა და არავითარი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შესწავლილია იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე პირადობის მოწმობის გაცემის საკითხი და იმის გამო, რომ მოპასუხის მოქმედებით ადგილი აქვს მოქალაქის უფლებების დარღვევას ჯერ კიდევ 2014წელს შემუშავებული იქნა რეკომენდაცია, სადაც მითითებულია, რომ 2004 წელს ევროკავშირის საბჭომ მიიღო დადგენილება 2252 2004 ბიომეტრიული მონაცემების პასპორტებში და სამგზავრო დოკუმენტებში და არა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში, რომელიც გაიცემა წევრ სახელმწიფოთა მოქალაქეებზე, შეტანის შესახებ. აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება იმ დოკუმენტებზე, რომელიც გამოიყენება ქვეყნის საზღვრების გადაკვეთის შემთხვევაში, რაც თავისთავად ადგენს, რომ აღნიშნული არ ვრცელდება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტაციაზე, რომელსაც სახელმწიფო გასცემს თავის მოქალაქეზე მისი მოქალაქეობის, ვინაობისა და საცხოვრებელი მისამართის დადასტურების მიზნით.

 

კომიტეტი აღნიშნავს, რომ ბიომეტრიული მონაცემების გაცემა პირის ავტონომიური ნებიდან უნდა გამომდინარეობდეს და არა იძულებიდან. ამ შემთხვევაში პირის არჩევანი შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა ასპექტით, როგორიცაა: პიროვნული თავისუფლება, ინფორმაციული თვითგამორკვევა და ა.შ. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა - მიიღოს არაელექტრონული მოწმობა სავსებით ლეგიტიმურია, რათა არ დარჩეს სამართლებრივ სივრცის მიღმა და კონსტიტუციური უფლებების გარეშე.

 

თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ ადგილი აქვს მოსარჩელის იძულებას აიღოს ელექტრონული პირადობის მოწმობა, რომელიც იმის გამო, რომ თავისი ნებით უარს აცხადებს კანონმდებლის მიერ არაელექტრონული პირადობის მოწმობის საერთო წესიდან გამონაკლისის სახით "შეიძლება"-ს სახით დაშვებული ელექტრონული მოწმობის მიღებაზე, თავისთავად იძულებულია უარი თქვას მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებზე: დაიწყოს მუშაობა, ისარგებლოს ჯანდაცვის მომსახურებით, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და ა.შ. მხოლოდ იმის გამო, რომ შესრულდეს ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული დადგენილება, რომელიც ითვალისწინებს პასპორტებში და სამგზავრო დოკუმენტებში ბიომეტრიული მონაცემების შეტანას და არა ქვეყანაში პირადობის მოწმობის ელექტრონული სახით სავალდებულოობას.

 

იუსტიციის მინისტრმა კანონქვემდებარე აქტით 2012 წლის 13 ივლისის No118-ე ბრძანებით სააგენტოს ყველა ტერიტორიულ სამსახურს მიანიჭა ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილება, რითაც გააუქმა როგორც კანონით, ასევე 98-ე ბრძანების მუხ.58-ის პ.1-ით სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებისათვის მინიჭებული უფლება გასცენ არაელექტრონული პირადობის მოწმობა 4-10 წლის ვადით, იმის გამო, რომ პირადობის არაელექტრონულ მოწმობის გამცემი ტერიტორიულ სამსახური აღარ არსებობს, სააგენტო კი თვითონ არ ახდენს პირადობის მოწმობის გაცემას/შეცვლას. რაზეც სასამართლო არც რაიმე განმარტებას აკეთებს და შესაბამისად არც აღნიშნული გარემოება გამხდარა მისი მსჯელობის საგანი, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს კანონს და არა მის შესასრულებლად კანონის შეუსაბამოდ გამოცემულ კანონქვემდებარე აქტებს ან/და No98-ე ბრძანების მუხ.25-ს.

 

სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს კანონმდებლობიდან. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ გამომდინარეობს კანონის განმარტებიდან. თუმცა არანაირ შეფასებას არ აძლევს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს და როგორც მოპასუხე, სასამართლოც ცდილობს საკითხი მოაქციოს კანონმდებლის მიერ არაელექტრონული პირადობის მოწმობის საერთო წესიდან გამონაკლისის სახით დაშვებული ელექტრონული პირადობის მოწმობის ამოქმედებასთან დაკავშირებით კანონის მუხ.14-ის მე-10 პუნქტის საფუძველზე იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული #98-ე ბრძანების მუხ.25-ის პირობებში. რაც ყოვლად დაუშვებელია და საკითხის არასრულად გამოკვლევისა და შეფასების შედეგად არაობიექტური გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. სასამართლო ვალდებულია სრულად გამოიკვლიოს და სწორი განმარტება მისცეს როგორც ძირითად კანონს, ასევე საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც ადგენს მოქალაქის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპებს და ა.შ. ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (10.12.1948წ.), რომელიც მუხ.4 -ის თანახმად ცალსახად ადგენს "არავინ არ უნდა იმყოფებოდეს ძალმომრეობით მორჩილებაში";

 

აპელანტი მიუთითებს, რომ საერთოდ არანაირი განმარტება არ არის გაკეთებული იმ ძირითად მუხლებსა და პუნქტებზე, რომლებიც სწორედაც, რომ ასაბუთებენ სასარჩელო მოთხოვნის კანონიერებას:

 

კანონის "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" მუხ.13-ის პ.1 ცალსახად ადგენს, რომ პირადობის მოწმობა (და არა მხოლოდ პირადობის ელექტრონული მოწმობა, როგორც ამას სასამართლო ადგენს თავისი დასკვნებით) გაიცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით 18 წლამდე პირებზე 4 წლის მოქმედების ვადით,18 წელს მიღწეულ პირებზე 10 წლის მოქმედების ვადით, თუმცა აქვე აკეთებს დიფერენცირებას (მუხ.14-ის პ.10), "ხოლო ის ტერიტორიული სამსახური, რომელიც უფლებამოსილია გასცეს პირადობის ელექტრონული მოწმობა განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, რომელიც ამავე დროს უფლებამოსილია გასცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა მხოლოდ ობიექტური პირობების არსებობის დროს 6 თვის ვადით".

 

მოცემულ ტექსტში სიტყვა "ხოლო"-ს კანონმდებლის მიერ გამოყენება ნათლად ადგენს, რომ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებიდან, რომლებიც კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე ახორციელებენ სააგენტოს უფლებამოსილებას გასცეს და შეცვალოს პირადობის მოწმობა, გამოყოფილია ის სამსახურები, რომელთაც ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-3.10 საფუძველზე იუსტიციის მინისტრის ბრძანებით მინიჭებული აქვთ უფლებამოსილება ძირითადად მხოლოდ გასცენ პირადობის ელექტრონული მოწმობა, და რაც არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება მიჩნეული იქნეს მხოლოდ პირადობის - ელექტრონული მოწმობის სავალდებულოდ და ერთადერთ დოკუმენტად დადგენად, როგორც ამას აცხადებს და დადგენილად მიიჩნევს სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით უარი თქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე იუსტიციის მინისტრის 98-ე ბრძანებით მოპასუხეს მინიჭებული აქვს ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილება, სწორედაც რომ აღნიშნულის გათვალისწინებით წარმოდგენილ სარჩელში მოპასუხე მხარედ მითითებულია როგორც სააგენტო, ასევე ტერიტორიული სამსახური, რადგან როგორც ავღნიშნეთ სააგენტო თვითონ არ ახორციელებს პირადობის მოწმობის გაცემას, ხოლო არაუფლებამოსილი ტერიტორიული სამსახური დღეისათვის აღარ მოქმედებს, სასამართლომ არ გამოარკვია და საერთოდ არ იმსჯელა სააგენტოს, რომელსაც ევალება გასცეს და შეცვალოს პირადობის მოწმობა ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით, აქვს თუ არა ან/და უნდა ჰქონდეს კი ასეთი ტერიტორიული სამსახური, რომელიც კანონის მუხ.13-ის პ.1-ის თანახმად ვალდებულია გასცეს და შეცვალოს პირადობის მოწმობა 4-10 წლის ვადით? სწორედაც რომ ნორმატიული აქტების შესახებ კანონის მუხ.-7-ის პ.7-ის გათვალისწინებით იუსტიციის მინისტრის 118-ე ბრძანებით სააგენტოს ყველა ტერიტორიული სამსახურებისათვის პირადობის ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მინიჭება არ შეიძლება ჩაითვალოს სააგენტოსათვის კანონით მინიჭებული პირადობის არაელექტრონული მოწმობის გაცემის უფლებამოსილების გაუქმების საფუძვლად და შესაბამისად მოპასუხე მხარის ფორმალური განსაზღვრაც გამოწვეულია სწორედ ამ გარემოებით, თუმცა სასამართლოს აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი განმარტება არ გაუკეთებია რამეთუ მიღებული გადაწყვეტილებით ცალსახად ადგენს რომ კანონმდებლობით სავალდებულოა მხოლოდ ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემა.

 

ასევე სასამართლომ არანაირი შეფასება არ მისცა სიტყვა „შეიძლება“-სთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რამეთუ მათი განმარტებით "შეიძლება" თავისთავად, არ უნდა იქნეს გაგებული, სახელმწიფოსათვის მინიჭებულ უპირობო თავისუფლებად. კანონმდებლისთვის რაიმე შესაძლებლობის მინიჭება არ ნიშნავს მისი ქმედების აბსოლუტურ თავისუფლებას, (საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 ის 15 თებერვალს გადაწყვეტილება No3/1/659 საქმე, საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.) მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებელი ხელისუფლების განხორციელებისას შებოჭილია ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით, რაც მას არ აძლევს შესაძლებლობას, თვითმიზნური, არაგონივრული და არაპროპორციული საშუალებების გამოყენებით შეზღუდოს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული ადამიანის ძირითადი უფლებები. ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებელი დაუშვებს კონსტიტუციით დადგენილი ზოგადი წესიდან გამონაკლისს და ადგენს პირისათვის კონსტიტუციის მინიჭებული უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, მას ეთხოვება ასეთი გადაწყვეტის აუცილებლობის დასაბუთება. რაც არც ერთ მოპასუხე მხარეს წარმოუდგენია. მოპასუხეთა განმარტებით, რაც ასევე გაზიარებულია სასამართლოს მიერ, ელეექტრონული პირადობის მოწმობის იძულებით გავრცელება ემსახურება მოქალაქეთა ინტერესს, მათი პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცულობას, რაც სასამართლოსათვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ''შეიძლება"-ს სახით დაშვებული ელექტრონული პირადობის მოწმობის სავალდებულოდ დადგენისათვის. მოსარჩელის აზრით კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებების გათვალისწინებით აღნიშნული უნდა განხორციელდეს მოქალაქის ნებით შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, რასაც ითვალიწინებს კანონი, როცა აწესებს პირადობის მოწმობის მისაღებად შესაბამისი მოთხოვის წარდგენის აუცილებლობას, და არა იძულებითი მორჩილების საფუძველზე, ასევე .N#98-ე ბრძანების მუხ. 58-ის მე-2 პუნქტში პირდაპირ არის მითითებული "დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში", ან/და საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეზე მხოლოდ მისი სურვილის შემთხვევაში გაიცემა ელექტრონული პირადობის მოწმობა, ბრძანება 98-ის მუხ.25-ის დანაწესიდან არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის ერთ-ერთ ობიექტურ გარემოებას წარმოადგენს "პირის მიერ ნების გამოხატვის შეუძლებლობა, რაც დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი ცნობით" და ა.შ. ზოგიერთისათვის საჭიროა ნება-სურვილი, ზოგიერთისათვის არა? რითაც ირღვევა მოქალაქეთა კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი? რა თქმა უნდა არც ეს საკითხი ყოფილა სასამართლოს მსჯელობის და ასევე შეფასების საგანი.

 

სასამართლომ არანაირი შეფასება არ მისცა, იმ უდაო ფაქტს, რომ კანონით აკრძალული არ არის მუდმივად მოქმედი პირადობის არაელექტრონული მოწმობები (განსხვავებით პასპორტისაგან), რომლითაც სარგებლობენ მოქალაქეები, რომლებიც ნამდვილად არ განეკუთვნებიან ბრძანების 25-ე მუხლში მითითებულ პირებს. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელისათვის პირადობის მოწობის გაცემაზე სასამართლო გადაწყვეტილებით უარის თქმა და იმაზე მითითება, რომ თითქოსდა კანონმდებლობა და კანონქვემდებარე აქტები არ იცნობს სხვა პირადობის მოწმობას, კონსტიტუციით აღიარებული მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევაა მოსარჩელის როგორც მუდმივად მოქმედი პირადობის მოწმობის მქონე პირებთან, ასევე 25-ე მუხლით მოსარგებლე პირებთან მიმართებაში.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”. „კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ეს ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის No1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II - 1).

 

სასამართლო განმარტავს, რომ თითქოსდა მოპასუხე იცავს მოქალაქის ინტერესებს როცა აიძულებს მისი ნების საწინააღმდეგოდ აიღოს ტექნიკურად პროგრესული პირადობის ელექტრონული მოწმობა, მაშინ როცა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (1948წ.) მე-4 მუხლით იკრძალება ყოველგვარი ძალმომრეობა და იძულებით მორჩილებაში ყოფნა.

 

კანონმდებელი ადგენს, რომ მოქალაქის ვინაობა, მოქალაქეობა, საცხოვრებელი მისამართის დადასტურება ხდება პირადობის მოწმობით, მხოლოდ და მხოლოდ ამ ინფორმაციის დასადასტურებლად. მოპასუხე მხარეს არანაირი მტკიცებულება ელექტრონული პირადობის მოწმობის მაღალტექნოლოგიურად დაცვის დასადასტურებლად არ წარმოუდგენია. სრულყოფილი ბუნებაში არაფერი არ არსებობს, ელექტრონული პირადობის მოწმობის საინფორმაციო ბაზის გატეხვის არაერთი შემთხვევაა ცნობილი დღეს როცა კიბერდანაშაული იმ სიმაღლეებზეა, რომ დაინტერესებულ პირებს არ უჭირთ პენტაგონის, ნატოს ინტერნეტსივრცეში შესვლა, სახელმწიფო უზრუნველყოფს და იძლევა გარანტიას ელექტრონული პირადობის მოწმობის სრულ დაცულობაზე? ეს არ არის საფუძველი იმისა რომ იუსტიციის მინისტრმა (და არა კანონმა) კანონის შეუსაბამოდ გამოცემული კანონქვემდებარე აქტით აიძულოს მოქალაქე მისი ნების საწინააღმდეგოდ მიიღოს ის პირადობის მოწმობა, რომელსაც თვითონ ირჩევს. რითი იზღუდება სახელმწიფო, ან/და რაში ეშლება ხელი სახელმწიფო ორგანოებს მოსარჩელისათვის პირადობის არაელექტრონული მოწმობის გაცემით, რა აღმატებული ინტერესია სახელმწიფოსი, რომლისათვისაც მოქალაქემ უარი უნდა განაცხადოს ამავე სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციით, არაერთი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით (მათ შორის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით) დადგენილი პიროვნების თავისუფლებაზე, კანონის წინაშე მოქალაქეთა თანასწორობაზე და ა.შ. არც სასამართლოზე ყოფილა მოპასუხეთა მხრიდან დასაბუთებული და არც სასამართლოს შეუფასებია ეს გარემოება თავის გადაწყვეტილებაში.

 

თანაზომიერების პრინციპის თანახმად, „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის No3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).

 

ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის No 2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზე „რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24).

 

აპელანტის მითითებით, სასამართლოს არ გამოუკვლევია სააგენტო, რომელიც საქმეში წარმოადგენს მხარეს - მესამე პირის სტატუსით, რომელი ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით ახორციელებს პირადობის მოწმობის გაცემას (არაელექტრონული პირადობის მოწმობა) 18 წლამდე - 4 წლის ვადით, ხოლო 18 წელს მიღწეულ პირებზე 10 წლის ვადით, კანონმდებლის დანაწესით აღნიშნული უფლებამოსილება ხომ ორივე სახის პირადობის მოწმობაზე ვრცელდება? რატომ არ მოხდა მოპასუხის მიერ ზაკ-ის მუხ.80-ით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება?

 

კანონმდებელმა მიანიჭა უფლებამოსილება იუსტიციის მინისტრს გამოეცა ბრძანება და განესაზღვრა პირადობის ელექტრონული მოწმობის გამცემი ტერიტორიული სამსახურები, რაც მის მიერ განხორციელდა 15.07.2011წელს ბრძანება #93-ით, როცა ცვლილება შეიტანა #213-ე ბრძანებაში და გააკეთა დეფინიცირება, რომელ სამსახურებს შეეძლოთ გაეცათ ელექტრონული და რომელს არა, შემდგომში კი ერთი წლის თავზე უკვე იუსტიციის მინისტრის 13.07.2012წლის #118-ე ბრძანებით დამტკიცებული ტერიტორიული სამსახურების დებულებით ტერიტორიულ სამსახურისათვის ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მინიჭებით გაურკვეველი გახადა კანონით დადგენილი არაელექტრონული პირადობის მოწმობის გამცემი ორგანოს არსებობა. თუმცა კანონის მუხ.13-ის პ.1 და მუხ.14-ის პ.2-ით განსაზღვრული პირადობის მოწმობის მოქმედების ვადა 10 წელი მოქმედებდა "შეიძლება"-ს სახით ელექტრონული პირადობის მოწმობის დაშვებამდეც და დღესაც იმავე სახით არსებობს, რატომღაც კანონმდებელმა არ ჩათვალა საჭიროდ მათში ცვლილების შეტანა იმიტომ ხომ არა, რომ ტერიტორიულ სამსახურებს უნდა გაეგრძელებინათ იმავე ფუნქციის განხორციელება, ხოლო არსებული ყველა ტერიტორიული სამსახურებიდან გარკვეული ნაწილისათვის ელექტრონული პირადობის მოწმობის უფლებამოსილების მინიჭებით მოხდა იმ ტერიტორიული სამსახურის გამოყოფა, რომლებიც უფლებამოსილნი არიან გასცენ ელექტრონული პირადობის მოწმობა, ხოლო ობიექტური გარემოებების არსებობისას არაელექტრონული 6 თვის ვადით.

 

სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს უზენასი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 5.07.2018 წლის განჩინებაზე "უფლებისა თუ ხელშესახები კანონიერი ინტერესის მოსალოდნელი შელახვა უნდა იყოს არა ჰიპოთეტური, არამედ რეალური, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დაადგინოს მხარის არააბსტრაქტული, კონკრეტული მითითების გარეშე სუბიექტურ შეხედულებასთან დაკავშირებული უფლების დარღვევა", სამწუხაროდ უზენაესი სასამართლოს მიერ არ მოხდა მითითებული საქმის განხილვა დაუშვებლობის მოტივით საერთოდ თავი აარიდა საქმის სრულყოფილად გამოკვლევას და კანონის სრულფასოვან განმარტებას, რის გამოც მითითებულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილია საკონსტიტუციო სარჩელი (25.02.2019წ. N#1404); ის რაც სასამართლოსათვის არის ჰიპოთეთური, მოქალაქეთა გარკვეული ნაწილისათვის არის არსებითი, შინაგანი რწმენა/აზრი/შეხედულება რომლის საფუძველიც არის რელიგიური რწმენა, რაც ეყრდნობა წმინდა წერილის გაფრთხილებას, წმინდა მამათა სწავლებას, თვით საქართველოს საპატრიარქოს სინოდის 2012 წლის განჩინებას და ა.შ. სასარჩელო მოთხოვნის საფუძველია სწორედ რელიგიური შინაგანი რწმენა, რომლის განხორცილების უფლებასაც იძლევა კანონი და თუ კი მოხდება 118-ე ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში გარკვეული ცვლილების შეტანა, სააგენტოს რომელიმე სამსახურისათვის ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილების ჩამორთმევის სახით, ყოველგვარი დაბრკოლების, დამატებითი საკანონმდებლო თუ სახელმწიფო ხარჯების გარეშე შესაძლებელია განხორციელდეს მოქალაქეზე პირადობის არაელექტრონული მოწმობის გაცემა, ვინაიდან კანონით აღნიშნული დადგენილია და შესასრულებელი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს, რომ სახეზეა ნორმატიული აქტების შესახებ კანონის დარღვევა, რამეთუ ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-7, მე-9 პუნქტების გათვალისწინებით კანონქვემდებარე აქტი უნდა შეესაბამებოდეს კანონს, რომლის შესასრულებლად იქნა ის გამოცემული. ფაქტია რომ იუსტიციის მინისტრის მიერ კანონის შესრულების მიზნით გამოცემულ როგორც #118, ასევე No98 ბრძანებები ეწინაღმდეგება კანონის დანაწესს პირადობის არაელექტრონული მოწმობის 18 წლამდე 4 წლის ვადით,ხოლო 18 წელს მიღწეულ პირებზე 10 წლის ვადით სააგენტოს მიერ ე.წ. არაუფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურების, რომლებიც 118-ე ბრძანებით დამტკიცებული დებულების გამოცემამდეც ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ახორციელებდნენ პირადობის მოწმობის გაცემას 4-10 წლის ვადით, მეშვეობით გაცემასა და შეცვლაზე. თუმცა სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აღნიშნული გარემოებების გამოკვლევის გარეშე უსაფუძვლოდ აცხადებს, რომ კანონქვემდებარე აქტები არ არის კანონთან წინააღმდეგობაში და გადაწყვეტილების დასაბუთებისათვის დასკვნებს აკეთებს სწორედ ნორმატიული აქტების შესახებ კანონის დარღვევით მიღებულ კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მიხედვით, საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობა 2011 წლის ივლისიდან შემოვიდა და მათი სავალდებულო მოქმედების ძალა კანონითა და კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ მიღებულია საკანონმდებლო აქტის - ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მისი ამოქმედების შემდეგ და მის შესასრულებლად, რაც დადასტურებულია კანონის პრეამბულაში. მოცემულ შემთხვევაში, კანონქვემდებარე აქტი ავსებს იმ დებულებებს, რომელიც გათვალისწინებულია იერარქიულად ზემდგომი, დროში წინმსწრები საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე აქტის შესაბამისი ნორმა (მოსარჩელის მითითებით წესის 25-ე მუხლი) წინააღმდეგობაში არ მოდის საკანონმდებლო აქტის ნორმებთან და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანების გამოცემა გამოწვეული იყო შესაბამისი ურთიერთობის მოწესრიგების მიზნებიდან გამომდინარე. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება ნორმატიული აქტების იერარქიით დადგენილი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ურთიერთქმედებით სამართლებრივი განსაზღვრულობის დარღვევის შესახებ და მიიჩნია, რომ კანონი და მის შესასრულებლად გამოცემული ბრძანება არ მოდის ურთიერთწინააღმდეგობაში, არამედ ავსებს და აკონკრეტებს ცალკეულ დებულებებს და სადავო ურთიერთობაც განხილული იქნება მითითებული ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით.

 

პალატა მიუთითებს, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე თავით განსაზღვრულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურების წესი. მითითებული კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, რომელიც ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს (12.1 მუხლი).

 

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამავე კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე. ამავე ნორმის მე-10 პუნქტით კი დადგენილია, რომ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.

 

სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, მა-- მო-----–--ემ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოითხოვა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემა, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე, 10 წლის ვადით. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს 2019 წლის 07 თებერვლის N01/2012/გ გადაწყვეტილებით მა-- მო-----–--ეს მისი 2019 წლის 14 იანვრის N0101719007011 განცხადების პასუხად, რომლითაც ითხოვდა ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემას, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-10 პუნქტების თანახმად განემარტა, რომ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გაიცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა, ამასთანავე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ და ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემას გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესზე“. აღნიშნული „წესის“ 24.1 მუხლის „ა“ ქვეპუნტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მცხოვრები უცხოელის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია პირადობის მოწმობა. ამავე „წესის“ 25.1 მუხლის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილმა ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა). პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით; ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის; გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); ე) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. ამავე „წესის“ 35.1 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი ვალდებულია შეცვალოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევებში.

 

პალატის შეფასებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ ობიექტური, კანონით დადგენილი კონკრეტული მიზეზების ჩამონათვალს, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, დროებით მოქმედების (6 თვის ვადით) ძალის მქონე არაელექტრონული პირადობის მოწმობა იქნეს აღებული, მოცემულია „წესის“ 25-ე მუხლში. მითითებული მუხლი ადგენს იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც მოქალაქეს ფიზიკური, ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობების, ბუნებრივი მოვლენებისა თუ სხვა, ამავე მუხლში მითითებული გარემოების გამო, არ შესწევს უნარი მიიღოს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა. ობიექტური გარემოება არ მოიცავს პირის სუბიექტურ განწყობას და სურვილს, არამედ, იგი დამყარებულია კონკრეტულ გარემოებებზე. ამავე „წესის“ 33.2 მუხლის თანახმად, ამ „წესის“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცემა არა უმეტეს 6 თვემდე ვადით. ასეთი საგამონაკლისო შემთხვევების გათვალისწინების აუცილებლობა გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებიდან, რომ მისი მოქალაქე არ დარჩეს სამართლებრივი ურთიერთობის მიღმა მისგან დამოუკიდებელი ან მისი ნების საწინააღმდეგოდ შექმნილი ვითარების გამო. იმ დროს, როდესაც, მოსარჩელე ითხოვდა არალექტრონული პირადობის მოწმობის გაცემას, სახეზე არ იყო წესის 25-ე მუხლით დადგენილი ობიექტური გარემოება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა შესაძლებლობას განმცხადებელზე გაეცა პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. სხვა შემთხვევებს, რომლებიც იძლევიან იმის დაშვების უფლებას, რომ გაცემული იქნეს არალექტრონული პირადობის მოწმობა, მოქმედი კანონმდებლობა არ ცნობს. ამდენად, ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს მხოლოდ ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულოობას იმ გამონაკლისების გთვალისწინებით, რაც თავად ამავე ნორმებში არის მითითებული.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ სახელმწიფომ საკანონმდებლო რეგულაციით, სავალდებულო სახით დაადგინა ელექტრონული პირადობის მოწმობის არსებობა, თუმცა გონივრული მიდგომის შედეგად განსაზღვრა, მოქალაქეების მიერ მათი აღებისა და გამოყენების დრო. იმ პირების მიმართ, რომლებსაც 2011 წლისათვის ჯერ კიდევ ჰქონდათ ძალაში მყოფი პირადობის მოწმობა, დაწესდა მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სავალდებულოობა. შესაბამისად, მოსარჩელეებს, რომელთა პირადობის მოწმობების მოქმედების ვადა გავიდა, შესასრულებლად სავალდებულოდ განისაზღვრა ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის აღება. კანონმა არ გაითვალისწინა პირის სუბიექტური სურვილის პირობებში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რამეთუ სახელმწიფო გარკვეული სახის რეგულაციების მიღებისას, ითვალისწინებს კაცობრიობის განვითარების ეტაპზე ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენების უპირატესობასა და აუცილებლობას, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობის სასარგებლოდ. სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისათვის შემოთავაზებული პირადობის ელექტრონული მოწმობა წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ დოკუმენტს, რომელიც სახელმწიფოსა და მოქალაქის საერთო სამართლებრივი მიზნების გაერთიანების შედეგად არის მიღებული, რათა დაცული იქნეს მოქალაქეთა ინტერესები მათი პირადი დოკუმენტაციისა გაყალბებისა და ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების თვალსაზრისით.

 

სააპელაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებით მას ეზღუდება არჩევანის უფლება და კარგავს არჩევანის თავისუფლებას. უდავოა, რომ იმ დროს, როდესაც, მოსარჩელე მა-- მო-----–--ემ მოითხოვა არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემა, სახეზე არ იყო ზემოაღნიშნული „წესის“ 25-ე მუხლით დადგენილი ობიექტური გარემოება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა შესაძლებლობას, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაეცა განმცხადებელზე პირადობის მოწმობა. სხვა შემთხვევებს, რომლებიც იძლევა იმის დაშვების უფლებას, რომ გაიცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა, მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს. ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს მხოლოდ ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულოობას იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რაც თავად ამავე ნორმებშია მითითებული.

 

მართებულია საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ კანონის განმარტებისას, მართლმსაჯულება ვერ დაეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას და სურვილს, თუნდაც მისი არგუმენტაცია დასაბუთებულობის მაღალი ხარისხის მქონეს წარმოადგენდეს. მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს კანონმდებლობიდან და უნდა იყოს ლეგიტიმური. მოთხოვნა კანონიერია, თუ მსგავსი მდგომარეობა ასახულია კანონში, ხოლო მოთხოვნა ლეგიტიმურია, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს არღვევს კანონში ასახულ და განმტკიცებულ დებულებებს, რომლის გამოც ილახება მოქალაქის უფლება და ინტერესი. მოსარჩელის მოთხოვნა არ გამომდინარეობს კანონის განმარტებიდან, რაც ნიშნავს, რომ ვერ იქნება გაზიარებული არგუმენტაცია მისი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვისა და დარღვევის თაობაზე. მოსარჩელის ინტერესი მხოლოდ მაშინ არის დაცვის ღირსი, როდესაც ეს ინტერესი პატივსადებია და შესაბამისად, კანონით არის დაცული, ხოლო ინტერესი, რომელიც სცილდება კანონით დადგენილ წესებს, ვერ იქნება სასამართლოს მსჯელობის საგანი. დავის გადაწყვეტის მიზნით გამოსაყენებელი ნორმატიული აქტების დებულებების გათვალისწინებით, არ იკვეთება დასაბუთებული წინაპირობა იმისა, რომ სასამართლომ უნდა დაავალდებულოს ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელეზე გასცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა. აღნიშნული ქმედების განხორციელების დავალდებულება წინააღმდეგობაში მოდის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებასთან, მატერიალურ სამართალთან და კანონის მიზნებთან. ამასთანავე, საქალაქო სასამართლომ მოცემულ შემთხვევასთან მიმართებაში სწორად მიუთითა სუს 05.07.2018წ. Nბს-389-389(კ-18) განჩინებაზე, სადაც, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ უფლებისა თუ ხელშესახები კანონიერი ინტერესის მოსალოდნელი შელახვა უნდა იყოს არა ჰიპოთეტური, არამედ, რეალური. თავის მხრივ, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მხარის არააბსტრაქტული, კონკრეტული მითითებების გარეშე დაადგინოს სუბიექტურ შეხედულებებთან დაკავშირებული უფლების დარღვევა.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. შესაბამისად, არ არსებობს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ - სამართლებრივი საფუძვლები, სახეზე არ არის ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოქმედების განხორციელებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მა-- მო-----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე დავით ახალბედაშვილი

 

მოსამართლეები: ხატია არდაზიშვილი

 

ლეილა მამულაშვილი