განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.06.2019
საქმის ნომერი
140310117002026777
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სარჩელის უზრუნველყოფის ღონიძიების გამოყენება, სხვა სახის დავები
თარიღი
20.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/419-19, 140310117002026777

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

20 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - გელა ბადრიაშვილი

 

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

 

ნინო ქადაგიძე

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტები (მოპასუხეები) - შპს ,,ს---–-- 500“, შპს ,,ა-–---+“, ა-–--ი ს---------აძე, ა-–----ა ა-–---ი

წარმომადგენელი- ი-------------

 

აპელანტი (მოსარჩელე) - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - ნ----------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - რ----- ა--------ი

წარმომადგენელი - ი-------------

 

დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება

 

სასარჩელო მოთხოვნა

 

შპს ,, ს---–-- 500’’-ის, შპს ,,ა-–---+’’-ის, ა-–--ი ს---------აძის, ა-–----ა ა-–---ის და რ----- ა--------ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება.

 

მოპასუხეების პოზიცია

 

მოპასუხეებმა სსიპ შემოსვლების სამსახურის სარჩელი არ ცნეს, მიიჩნიეს იგი უსაფუძვლოდ და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს ,,ს---–-- 500’’, შპს ,,ა-–---+’’, ა-–--ი ს---------აძე და ა-–----ა ა-–---ი აღიარებულ იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად; სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი რ----- ა--------ის ცრუმაგიერ პირად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები

 

შპს ,,ს---–-- 500’’ (4--------) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2016 წლის 05 იანვრიდან, მისი იურიდიული მისამართია: კასპის რ/ნი სოფელი ფ---მა, მე-20 ქ. №3. შპს ,,ს---–-- 500’’-ის (ს/ნ 4--------) აღიარებული საგადასახადო დავალიანება 2018 წლის 18 აპრილის მდგომარეობით შეადგენს 97557.83 ლარს.

 

შპს ,,ა-–---+” (ს/ნ 4--------) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2017 წლის 10 იანვრიდან, მისი იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, გ-–----ი-ნაძალადევის რ/ნი, გ-–----ის მას, მე-3ა მ/რ, №15ა/36. შპს ,,ა-–---+’’-ის (ს/ნ 4--------) ზედმეტობა 2018 წლის 17აპრილის მდგომარეობით შეადგენს 95.59 ლარს.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 27 ივლისს შპს ,,ა-–---+’’- ის მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N CB 7-----.

 

შპს ,,ს---–-- 500’’-ის და შპს ,,ა-–---+’’-ის იდენტური ელექტრონული ფოსტის მისამართი.

 

შპს ,,ა-–---+’’-ში დასაქმებულია შპს ,,ს---–-- 500’’-ის ყოფილი თანამშრომლები.

 

შპს ,,ა-–---+’’-ის იურიდიული მისამართი - ქ.თბილისი, გ-–----ი, მე-3ა მ/რ, N15ა, 2017 წლის 10 იანვრის ამონაწერის მიხედვით, არის ა-–-- ს---------აძის კუთვნილი ბინის იურიდიული მისამართი.

 

დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ მოპასუხეებს ა-–----ა ა-–---ს და რ----- ა--------ს შორის არსებობდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობები, არ დასტურდება. მოსარჩელის მიერ საქმეზე არ იქნა წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ა-–----ა ა-–---მა ნამდვილად შეიძინა ავტომანქანა რ----- ა--------ის სახელზე, თუმცა ასეთი ვითარების არსებობის შემთხვევაშიც, სასამართლო თვლის, რომ ავტომანქანით სარგებლობა ვერ იქნებოდა მოპასუხეებს - ა-–----ა ა-–---ს და რ----- ა--------ს შორის განსაკუთრებული ეკონომიკური ურთიერთობის დამადასტურებელი გარემოება და მათი ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა-–----ა ა-–---ი და რ----- ა--------ი წარმოადგენენ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ფიზიკურ პირებს, რადგან არ დგინდება მათ შორის განსაკუთრებული ურთიერთობები სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის, როგორც აღინიშნა, საქმეზე წარმოდგენილი არ არის არც ერთი სახის მტკიცებულება, რაც უტყუარად მიუთითებდა, ერთი მხრივ, ა-–----ა ა-–---ის და მეორე მხრივ, რ----- ა--------ის ერთმანეთისაგან გაუმიჯნაობაზე და განზრახ ერთობლივი - გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მოქმედებაზე, რადგან რ----- ა--------ის კუთვნილი ავტომანქანით ა-–----ა ალივის მიერ სარგებლობა ვერ გახდება ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველი. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ რ----- ა--------მა აღნიშნული ავტომანქანა ,,MERCEDES BENZ E 320’’ სახელმწიფო ნომრით X-- 500, შეიძინა 2014 წლის 16 ივნისს, ხოლო შპს ,,ა-–---+’’-ს და შპს ,,ს---–-- 500’’-ს საგადასახადო დავალიანების შესახებ მოთხოვნა წარედგინათ 2017 წელს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, სარჩელი რ----- ა--------თან მიმართებით უსაფუძვლოა და ვერ იქნება დაკმაყოფილებული.

 

სასამართლოს მითითებით, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში უნდა შედიოდეს სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყოს მათი განსხვავება.

 

გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5. შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6. ე. წ. ჩრდილოვანი დირექტორის” თეორია.

 

უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

შპს ,,ს---–-- 500’’-ის, შპს ,,ა-–---+’’-ის, ა-–--ი ს---------აძის და ა-–----ა ა-–---ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებასთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 2016 წლის 15 იანვარს რეგისტრირებული შპს ,,ს---–-- 500’’-ის დირექტორი ა-–--ი ს---------აძე 2017 წლის 10 იანვარს სამეწარმეო რეესტრში, კუთვნილი ბინის იურიდიულ მისამართზე არეგისტრირებს შპს ,,ა-–---’’+ს, რომლის დირექტორი და 100% წილის ა-–--ი ს---------აძეა. შპს ,,ს---–-- 500’’-ის 100% წილის მფლობელი ა-–----ა ა-–---ი ხელფასს შპს ,,ა-–---+’’ის მეშვეობით იღებს, რაც ადასტურებს ძველი ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელებას ახალი შპს ,,ა-–---+’’-ის მეშვეობით. ასევე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, ის გარემოება, რომ შპს ,,ა-–---+’’-ს აქვს იგივე ელექტრონული ფოსტის მისამართი, რაც შპს ,,ს---–-- 500’’-ს. ელექტრონული ბაზის მონაცემებით, მასში დასაქმებულია შპს ,,ს---–-- 500’’-ის ყოფილი თანამშრომლები, ხოლო საქმიანობის სახეს, შპს ,,ს---–-- 500’’-ის მსგავსად წარმოადგენს გადაზიდვების მომსახურეობის გაწევა.

 

ამასთან, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ შპს ,,ს---–-- 500’’-ის და შპს ,,ა-–---+”- ის საქმიანობის სახეს წარმოადგენდა გადაზიდვები (თურქეთი-საქართველო), მათი ელექტრონული ფოსტის მისამართი არის ერთი და იგივე და შპს ,,ა-–---+’’-ში დასაქმებული თანამშრომლები წარმოადგენენ შპს ,,ს---–-- 500’’-ის ყოფილ თანამშრომლებს - აღნიშნული და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ერთობლიობაში ადასტურებს იმ ფაქტს და სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ შპს ,,ა-–---+“-ის დაფუძნება რეალურად ემსახურებოდა შპს ,,ს---–-- 500’’-ის საგადასახადო ვალდებულებებისაგან თავის არიდების მიზანს და შპს ,,ს---–-- 500’’-ის და შპს ,,ა-–---+’’-ის ერთმანეთისაგან გამიჯვნა პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, შპს ,,ს---–-- 500’’, შპს ,,ა-–---+’’, ა-–----ა ა-–---ი და ა-–--ი ს---------აძე აღიარებული უნდა იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის მითითებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სასარჩელო მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა რ----- ა--------ის მიმართ ცრუმაგიერი მფლობელობის დადგენა იმ მოტივით, რომ ამ მოპასუხის მიმართ არსებობდა საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის ორივე სავალდებულო კრიტერიუმი.

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, ცრუმაგიერი მფლობელობის დადგენის შესახებ სასამართლო დავებში, უმეტეს შემთხვევაში მოყვანილია კლასიკური ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დასაბუთებულია პირთა შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულებით, მათ შორის ამ კონკრეტულ საქმეშიც.

 

"Alter ego"–ს იურიდიულ დოქტრინაში გაბატონებული მოსაზრებით, ცრუმაგიერი მფლობელობის პირველი კრიტერიუმი, პირთა ერთმანეთისაგან განსხვავების შეუძლებლობა გულისხმობს ორი ან რამდენიმე სამართალსუბიექტის მიერ ერთი საქმიანობის განხორციელებასა და სართო დოკუმენტაციის წარმოებას, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების გზით შემოსავლის მიღების საერთო მიზანს, ერთი სამართალსუბიექტის მიერ მეორე სამართალსუბიექტის სამართლებრივი სიკეთის გამოყენებას, როგორც საკუთარის, პირთა ბიზნესაქტივობების აღრევას და ა.შ. პირთა განუსხვავებლობის დადგენისათვის ურთიერთდამოკიდებულების კრიტერიუმის არსებობა აუცილებელია იმ შემთხევაში თუ სახეზეა მოგების მიღების საერთო მიზანი და ერთი ბიზნესის წარმოება, ასევე საერთო ბიზნესაქტივობები, ამ უკანასკნელის შემთხვევაში დადგენილია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით (გს-1125-1189(კ-17).

 

კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს სხვა პირის საკუთრების გამოყენება, როგორც საკუთარის, ანუ შემთხვევა, როდესაც პირთა განუსხვავებლობა სახეზეა იმ მოცემულობით, რომელიც ეხება ეკონომიკური საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლების საშუალებით - შეძენითი-მატერიალური აქტივების გაუმიჯნავობას, რომელიც დამოუკიდებლად არსებობის შემთხვევაშიც იძლევა განსხვავებლობის მოცემულობას და ამასთან, ასეთი აღრევა პირდაპირ დაკავშირებულია ცრუმაგიერობის მეორე კრიტერიუმთან - გადასახადის უზრუნველყოფის ღონისძიების თავიდან აცილებასთან.

 

აპელანტის მითითებით, ა-–----ა ა-–---ს შეძენილი აქვს ავტომობილი MERCEDESBENZ E 320 მეგობრის რ----- ა--------ის სახელზე 2014 წლის 16 ივნისს. ყოველივეს ადასტურებს ის ფაქტი, რომ ხსენებული ავტომანქანის მართვის დროს საპატრულო პოლიციის მიერ არაერთხელ დაჯარიმებულია ა-–----ა ა-–---ი, მის მიერ ხორციელდება ამ აქტივის გამოყენება, როგორც საკუთარის, მაშინ როდესაც იგი რეგისტრირებულია სხვა პირის სახელზე. ამასთან, აწ უკვე დადგენილი ცრუმაგიერი მფლობელობის საფუძველზე აღნიშნულ მატერიალურ აქტივზე გავრცელდებოდა უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმ ნაწილში, რა ნაწილშიც გამოირიცხა რ----- ა--------ის, როგორც სუბიექტის, ინდივიდის გამოყნება ქონების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან გარიდების მიზნით.

 

შპს ,,ს---–-- 500“, შპს ,,ა-–---+“, ა-–--ი ს---------აძე, ა-–----ა ა-–---ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მითითებით შპს „ა-–---+“-სა და შპს „ს---–-- 500-“ს რეგისტრირებული აქვთ ერთი და იმავე ელექტრონული მისამართი, რაც არ შეიძლება პირის ცრუმაგიერ პირად აღიარების საფუძველი იყოს. აპელანტის მითითებით, მას შემდეგ რაც შპს ,,ს---–-- 500“-მა კომპანიაში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო შეწყვიტა საქმიანობა ა-–--ი ს---------აძე დარჩა უმუშევარი, მას კი სესხი ჰქონდა აღებული სს „თიბისი ბანკში“, რომელსაც უმუშევრობის გამო ვეღარ იხდიდა ამიტომ გადაწყვიტა დამოუკიდებლად დაეწყო საქმიანობა. შესაბამისად, დაარსა კომპანია შპს „ა-–---+" დამოუკიდებლად, რომელსაც არც შპს ,,ს---–-- 500 "-თან და შპს „ს---–-- 500"-ის დამფუძნებელ ა-–----ა ა-–---თან არანაირი შეხება არ ჰქონია. სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე თავის კომპანიაში ა-–-- ს---------აძემ კვლავ თავისი პირადი ელექტრონული მისამართი დაარეგისტრირა.

 

აპელანტის განმარტებით, ვინაიდან ა-–--ი ს---------აძე იცნობდა და ფლობდა ინფორმაციას შპს „ს---–-- 500“-ის რამდენიმე თანამშრომლის ცოდნისა და გამოცდილების შესახებ, რომლებიც ასევე დარჩნენ უმუშევრად დაასაქმა მის კუთვნილ კომპანიაში, რაც არ შეიძლება გახდეს ცრუმაგიერ პირად აღიარების საფუძველი.

 

აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ისე აღიარა ა-–--ი ს---------აძე და ა-–----ა ა-–---ი ცრუმაგიერ პირებად რომ არ დაუსაბუთებია, თუ რის საფუძველზე და რა მტკიცებულებების საფუძველზე მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის კანონით დადგენილი ღონისძიებების გამოყენება იწვევს პირის კანონით დაცული უფლებების, მათ შორის, საკუთრებით თავისუფლად სარგებლობისა და განკარგვის შეზღუდვას. ამასთან, პირს ეკისრება აღნიშნულის თმენის ვალდებულება, რადგან მსგავსი ღონისძიებების გატარება ემსახურება საჯარო ლეგიტიმურ მიზანს -საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და მათი გამოყენების საფუძველი სწორედ გადასახადის გადამხდელის ქმედება - საგადასახადო ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობაა. ამრიგად, არ ასრულებს რა ნაკისრ მოვალეობებს, გადასახადის გადამხდელისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ აღნიშნული გამოიწვევს მის მიმართ სათანადო ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობას, რათა აღსრულდეს კანონით დადგენილი ვალდებულება. სწორედ ამიტომ, საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი ხდება გადამხდელის ქონება. საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი მესამე პირის ქონება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია ან როდესაც მესამე პირი იძენს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებას. გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული მიზნად ისახავს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების გამორიცხვას, რათა გადასახადის გადამხდელმა ბოროტად არ გამოიყენოს ის გარემოება, რომ მესამე პირის ქონებაზე გადახდევინების მიქცევა არ ხდება და არ მოახდინოს მხოლოდ აღნიშნული მიზნით სხვა პირის შექმნა და მისთვის ქონების გადაცემა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, მიიჩნევა, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

„საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი არის მათი განსხვავება.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე Nბს 103-96(კ-13)). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის შინაარსიდან ცხადია, რომ კანონმდებელი არ მიუთითებს კონკრეტულ გარემოებებზე, რომელთა ერთობლიობა ქმნის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. ამდენად, სასამართლომ კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად უნდა განსაზღვროს მოცემული ნორმის საკანონმდებლო მიზანი. ცალსახაა, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება. ვინაიდან ცრუმაგიერ პირებად ცნობა უშუალოდ არის დაკავშირებული პირის საკუთრების უფლების შეზღუდვასთან, მის ქონებაზე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან, აუცილებელია, რომ აღნიშნული ფაქტი დადგინდეს კანონით დადგენილი ყველა დანაწესის სრული დაცვითა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად. აღნიშნული ასევე არის დაკავშირებული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან, რამეთუ მხოლოდ კონკრეტული ერთი ფაქტის საფუძველზე პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერად ცნობამ შეიძლება გამოიწვიოს მისი დაუცველ მდგომარეობაში ყოფნა, მისი უფლებებისა და კანონით დაცული ინტერესების უკანონო ხელყოფა. კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა დადგინდეს, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული გარემოების დადგენის თვალსაზრისით, პრინციპულია იმ ფაქტის დადასტურება, რომ დაფუძნებულ კომპანიას არ გააჩნია რეალური დამოუკიდებლობა, შექმნილია ფორმალურად, საწარმოები შექმნილია ერთი და იგივე გარიგებების განხორციელების მიზნით, ერთ საწარმოზე ფორმდება აქტივები, ხოლო მეორეზე ვალდებულებები, საწარმო გამოიყენება სხვა საწარმოს ან პარტნიორის ვალდებულებების დასაფარავად და საწარმოების დამოუკიდებულების ხარისხი არ იძლევა მათი გამიჯვნის შესაძლებლობას.

 

აპელანტის მითითებით, შპს „ს---–-- 500" -ისა და შპს ,,ა-–---+"-ს საქმიანობის მსგავსება და ერთი და იმავე დირექტორის ყოლა ვერცერთ შემთხვევაში ვერ გახდება ცრუმაგიერ პირად ცნობის საფუძველი. ნებისმიერ პირს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით დააარსოს იურიდიული პირი და დამოუკიდებლად განსაზღვროს იურიდიული პირის საქმიანობის სფ---ო. მხოლოდ ის ფაქტი, რომ რამდენიმე საწარმოს ერთი და იგივე დირექტორი ჰყავს და ისინი ეწევიან მსგავს, თუმცაღა არა იდენტურ საქმიანობას და მით უფრო, მათი საქმიანობის ადგილები განსახვავებულია, არ გულისხმობს ავტომატურად აღნიშნულ პირთა პრაქტიკულად გამიჯვნის შეუძლებლობას. კანონის ამგვარად გაგება გამოიწვევს თავისუფალი მეწარმეობის უფლებაში ჩარევას, რომელიც, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, არ უკრძალავს პირს, რომ დააარსოს რამდენიმე იურიდიული პირი, იყოს რამდენიმე საწარმოს დირექტორი და თუკი აღნიშნული იწვევს ინტერესთა კონფლიქტს, საწარმოს წარმოექმნება უფლება, რომ მიმართოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკუთარი უფლებების დაცვის საშუალებებს, მაგრამ მოცემული ვერ გახდება იურიდიულ პირთა იდენტურობის დამადასტურებელი გარემოება.

 

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა სრულყოფილად, ამასთან, საქმეზე სწორი სამართლებრივი შედეგი იქნა დამდგარი, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს. ამდენად, სააპელაციო სასამართლო იურიდიული შედეგის თვალსაზრისით ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, თუმცა რიგ საკითხებზე სამოტივაციო ნაწილში განვითარებულ მსჯელობას არ იზიარებს და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:

 

განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს პირთა ცრუმაგიერად აღიარება, რასაც არეგულირებს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

მითითებული ნორმის შინაარსის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებელი არ ასახელებს გარემოებებს, რომელთა ერთობლიობა ქმნის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. სასამართლომ კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად უნდა განსაზღვროს მოცემული ნორმის საკანონმდებლო მიზანი. ცალსახაა, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირთა ცრუმაგიერად ცნობა წარმოადგენს საგადასახადო დავალიანების გადახდევინებისათვის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში საგადასახადო ორგანოს წარმოეშვება სამართლებრივი საფუძველი აამოქმედოს კოდექსით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ნებისმიერი ღონისძიება ცრუმაგიერ პირთა მიმართ. უზრუნველყოფის ღონისძიების კანონდარღვევით გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ერთის მხრივ, გადასახადის გადამხდელის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების გაუმართლებელი ხელყოფა, ხოლო მეორეს მხრივ, კონფლიქტში მოვიდეს ამავე კონსტიტუციის იმპერატიულ დანაწესთან გადასახადების სავალდებულო წესით გადახდასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუცია წარმოადგენს საკუთრების უფლების დაცვის გარანტს, ისევე როგორც 94-ე მუხლი ადგენს გადასახადთა გადახდის გარდუვალობას. მოცემული დავის მნიშვნელობა განსაკუთრებულია, ვინაიდან გადაწყვეტილების შედეგით არ უნდა მოხდეს ბალანსის დარღვევა, როგორც საჯარო და კერძო ინტერესებს შორის, ასევე, სახელმწიფოს, როგორც კრედიტორის და გადასახადის გადამხდელის, როგორც მოვალის კანონიერ ინტერესებს შორის. სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა იცავს სახელმწიფოს კანონიერ ინტერესს და გადასახადის გადამხდელთ უზღუდავს შესაძლებლობას თავი აარიდონ მათზე დაკისრებულ ვალდებულებას - სახელმწიფო ბიუჯეტში სავალდებულო შენატანს.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირთა ცრუმაგიერად დადგენის მიზნით, მნიშვნელოვანია სწორად შეფასდეს საგადასახადო ვალდებულების მქონე პირის მიერ განხორციელებული ოპერაციები, დადგინდეს ჭეშმარიტი მიზანი, ოპერაციაში მონაწილე პირთა ნამდვილი ნება. აღნიშნულის ფარგლებში უნდა შეფასდეს გადასახადის გადამხდელთან მჭიდრო კავშირში მყოფ პირთა ქმედება თანხვედრაში მოდის თუ არა გადამხდელის სურვილთან/მიზანთან თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების ღონისძიებას. სწორედ პირთა ცრუმაგიერად ცნობის ბედს განსაზღვრავს გადამხდელის მიზნის დადგენა. 246-ე მუხლის დეფინიციაც აქცენტს აკეთებს გადამხდელის მიზანზე. თუ გადამხდელი სხვა პირთან ერთად მოქმედებს იმ მიზნით, რომ შექმნას იმგვარი ფაქტობრივი თუ სამართლებრივი მოცემულობა, რომ შეუძლებელი გახდეს საგადასახადო დავალიანებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, ისინი აკმაყოფილებენ ცრუმაგიერად ცნობის წინაპირობებს. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ ამგვარი მოცემულობის შექმნა შესაძლებელია წინ უსწრებდეს დავალიანების წარმოშობას. გადამხდელი იმ მოლოდინით, რომ წარმოეშვება საგადასახადო ვალდებულება, მისგან თავის არიდების მიზნით ახორციელებს კონკრეტულ ქმედებებს, იქნება ეს აქტივების გარიდება, საწარმოს საქმიანობის დანაწევრება თუ სხვა. საგადასახადო ვალდებულების არსებობის პირობებში, გადასახადის გადამხდელი, ფაქტობრივად, მოკლებულია შესაძლებლობას გაარიდოს აქტივი, ვინაიდან კანონმდებლობა დავალიანების წარმოშობის მომენტიდანვე ითვალისწინებს უზრუნველყოფის ღონისძიების გავრცელებას გადამხდელის სრულ ქონებაზე და როგორც წესი, ამგვარი ღონისძიების გავრცელებას ადგილი აქვს ავტომატურ რეჟიმში. შემოსავლების სამსახურში არსებული გადასახადის გადამხდელთა მონაცემთა ელექტრონული ბაზა უზრუნველყოფს უზრუნველყოფის ღონისძიების გავრცელებას საგადასახადო დავალიანების წარმოშობის მომენტიდანვე. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ცრუმაგიერი მფლობელობის ნორმა ვრცელდება არამარტო იმ პირთა მიმართ, ვინც საგადასახადო ვალდებულებათა თავის არიდების მიზნით განახორციელეს კონკრეტული ოპერაციები დავალიანების წარმოშობის შემდგომ, არამედ ამ დავალიანების წარმოშობის მომენტამდეც. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გადასახადის გადამხდელის მიზანი - მოქმედებს თუ არა იგი საგადასახადო ვალდებულების გადახდევინებისაგან თავის არიდების მიზნით, იქნება ეს უკვე წარმოშობილი თუ მოსალოდნელი ვალდებულების პირობებში. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულების თავის არიდების შემთხვევებში, საგადასახადო ორგანოს ეკისრება მტკიცების ტვირთი - დაადასტუროს, რომ ქონების გარიდების მომენტში გადამხდელმა იცოდა მოსალოდნელი დავალიანების შესახებ და სწორედ მისგან თავის არიდების მიზნით განახორციელა კონკრეტული ოპერაცია.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობა იმავდროულად არ ქმნის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს ამ პირების ცრუმაგიერად აღიარებისათვის, რამდენადაც ურთიერთდამოკიდებულ პირებად აღიარება გავლენას ახდენს ურთიერთდამოკიდებული პირების მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე. პალატა განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლი განსაზღვრავს ურთიერთდამოკიდებული პირების ცნებას, იგი მოიცავს ჩამონათვალს იმ შემთხვევებისა, როდესაც პირები ითვლებიან ურთიერთდამოკიდებულებად. ნორმაში ასახული ჩამონათვალი ცხადჰყოფს, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებს გააჩნიათ ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი, იქნება ეს ეკონომიკური თუ ნათესაური კავშირი. პირთა ცრუმაგიერად დადგენის ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მათ ურთიერთდამოკიდებულების საკითხსაც, ვინაიდან პირთა შორის ახლო კავშირი მაღალი რისკის მატარებელია იმ კუთხით, რომ არსებობს დიდი შანსი ამგვარმა კავშირმა გავლენა იქონიოს გარიგების შინაარსზე და მის სამართლებრივ შედეგებზე. სასამართლომ ჯეროვანი ანალიზის საფუძველზე უნდა განსაზღვროს სახეზეა თუ არა ურთიერთდამოკიდებულების გავლენა მხარეებს შორის ჩამოყალიბებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ურთიერთდამოკიდებული პირების არარსებობა, იმავდროულად არ გამორიცხავს პირთა ცრუმაგიერობას. ასეთ შემთხვევებში უნდა შეფასდეს გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ისტორია, მის მიერ განხორციელებული ოპერაციები, გარიგებაში მონაწილე კონტრაჰენტი პირების დამოკიდებულება გარიგების შინაარსის, შედეგის მიმართ და მასზედ, თუ როგორი ეკონომიკური ეფექტის მომტანი იქნება მხარეთა შორის განხორციელებული გარიგება მასში მონაწილე თითოეულ პირზე.

 

ამდენად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა დადგინდეს, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიკური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული გარემოების დადგენის თვალსაზრისით, პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტის დადასტურებას, რომ დაფუძნებულ კომპანიას არ გააჩნია რეალური დამოუკიდებლობა, შექმნილია ფორმალურად, საწარმოები შექმნილია ერთი და იგივე გარიგებების განხორციელების მიზნით, ერთ საწარმოზე ფორმდება აქტივები, ხოლო მეორეზე ვალდებულებები, საწარმო გამოიყენება სხვა საწარმოს ან პარტნიორის ვალდებულებების დასაფარავად და საწარმოების დამოკიდებულების ხარისხი არ იძლევა მათი გამიჯვნის შესაძლებლობას.

 

განსახილველ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით დადგენილია, რომ 2017 წლის 14 ივლისის მდგომარეობით შპს „ს---–-- 500“ ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 90 815.85 ლარის ოდენობით. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, შპს „ს---–-- 500“-ის ქონებაზე 2017 წლის 03 აპრილის შეტყობინებით რეგისტრირებულ იქნა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რასაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2017 წლის 05 აპრილს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე 2017 წლის 03 მაისს შპს „ს---–-- 500“-ის მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N0-----7 ბრძანება, რომელსაც შპს „ს---–-- 500“-ის წარმომადგენელი ელექტრონულად გაეცნო 2017 წლის 15 მაისს, თუმცა კომპანიის მიერ არ იქნა წარდგენილი ქონების ნუსხა, რის გამოც მის მიმართ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. შპს „ს---–-- 500“-ის მიმართ საგადასახადო დავალიანება წარმოშობილ იქნა 2017 წლის მარტის თვეში ჩაბარებული 2016 წლის მოგების დეკლარაციის საფუძველზე.

 

საქმის მასალებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2016 წლის 15 იანვარს რეგისტრირებული შპს ,,ს---–-- 500’’-ის დირექტორმა ა-–-- ს---------აძემ 2017 წლის 10 იანვარს სამეწარმეო რეესტრში, კუთვნილი ბინის იურიდიულ მისამართზე დაარეგისტრირა შპს ,,ა-–---’’+ს, რომლის დირექტორი და 100% წილის მფლობელი ასევე ა-–--ი ს---------აძეა. შპს ,,ს---–-- 500’’-ის 100% წილის მფლობელი ა-–----ა ა-–---ი ხელფასს შპს ,,ა-–---+’’ის მეშვეობით იღებდა, რაც ადასტურებს ძველი ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელებას ახალი შპს ,,ა-–---+’’-ის მეშვეობით. ასევე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, ის გარემოება, რომ შპს ,,ა-–---+’’-ს აქვს იგივე ელექტრონული ფოსტის მისამართი, რაც შპს ,,ს---–-- 500’’-ს. ელექტრონული ბაზის მონაცემებით, მასში დასაქმებულია შპს ,,ს---–-- 500’’-ის ყოფილი თანამშრომლები, ხოლო საქმიანობის სახეს, შპს ,,ს---–-- 500’’-ის მსგავსად წარმოადგენს გადაზიდვების მომსახურეობის გაწევა.

 

ამასთან, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ შპს ,,ს---–-- 500’’-ის და შპს ,,ა-–---+”- ის საქმიანობის სახეს წარმოადგენდა გადაზიდვები (თურქეთი-საქართველო), მათი ელექტრონული ფოსტის მისამართი არის ერთი და იგივე და შპს ,,ა-–---+’’-ში დასაქმებული თანამშრომლები წარმოადგენენ შპს ,,ს---–-- 500’’-ის ყოფილ თანამშრომლებს - აღნიშნული და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ერთობლიობაში ადასტურებს იმ ფაქტს, რომ შპს ,,ა-–---+“-ის დაფუძნება რეალურად ემსახურებოდა შპს ,,ს---–-- 500’’-ის საგადასახადო ვალდებულებებისაგან თავის არიდების მიზანს და შპს ,,ს---–-- 500’’-ის და შპს ,,ა-–---+’’-ის ერთმანეთისაგან გამიჯვნა პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

შესაბამისად, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ შპს ,,ს---–-- 500’’, შპს ,,ა-–---+’’, ა-–----ა ა-–---ი და ა-–--ი ს---------აძე აღიარებული უნდა იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.

 

რაც შეეხება რ----- ა--------ის ცრუმაგიერ პირად აღიარების საკითხს, აღნიშნულ ნაწილშიც სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ მოპასუხეებს ა-–----ა ა-–---ს და რ----- ა--------ს შორის არსებობდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობები.

 

საგულისხმოა, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ა-–----ა ა-–---მა ნამდვილად შეიძინა ავტომანქანა რ----- ა--------ის სახელზე, თუმცა ასეთი ვითარების არსებობის შემთხვევაშიც, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ავტომანქანით სარგებლობა ვერ იქნება მოპასუხეებს - ა-–----ა ა-–---ს და რ----- ა--------ს შორის განსაკუთრებული ეკონომიკური ურთიერთობის დამადასტურებელი გარემოება და მათი ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველი. საქმის მასალებით, ა-–----ა ა-–---ი და რ----- ა--------ი წარმოადგენენ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ფიზიკურ პირებს, რადგან არ დგინდება მათ შორის განსაკუთრებული ურთიერთობები სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის არცერთი სახის მტკიცებულება, რაც უტყუარად მიუთითებდა, ერთი მხრივ, ა-–----ა ა-–---ის და მეორე მხრივ, რ----- ა--------ის ერთმანეთისაგან გაუმიჯნაობაზე და განზრახ ერთობლივი - გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით მოქმედებაზე, რადგან რ----- ა--------ის კუთვნილი ავტომანქანით ა-–----ა ალივის მიერ სარგებლობა ვერ გახდება ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველი. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ რ----- ა--------მა აღნიშნული ავტომანქანა ,,MERCEDES BENZ E 320’’ სახელმწიფო ნომრით X-- 500, შეიძინა 2014 წლის 16 ივნისს, ხოლო შპს ,,ა-–---+’’-ს და შპს ,,ს---–-- 500’’-ს საგადასახადო დავალიანების შესახებ მოთხოვნა წარედგინათ 2017 წელს.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებით ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.

 

პროცესის ხარჯები:

 

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

შპს „ს---–-- 500“ (ს/ნ 4--------) შპს „ა-–---+“-ს (ს/ნ 4--------), ა-–--ი ს---------აძეს (პ/ნ 2----------) და ა-–----ა ა-–---ს (პ/ნ 2---------9) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 01 მარტის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს ,,ს---–-- 500“, შპს ,,ა-–---+“, ა-–--ი ს---------აძე, ა-–----ა ა-–---ისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

 

3. შპს „ს---–-- 500“-ს (ს/ნ 4--------) შპს „ა-–---+“-ს (ს/ნ 4--------), ა-–--ი ს---------აძეს (პ/ნ 2----------) და ა-–----ა ა-–---ს (პ/ნ 2---------9) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდა;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე გელა ბადრიაშვილი

 

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

 

ნინო ქადაგიძე