განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210019001841653
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-517 24 ოქტომბერი 2019 წელი
ქ. ქუთაისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ სვანიძე
სხდომის მდივანი: ბექა გიორგაძე
აპელანტი (მოპასუხე): ზ---- ი------ე
წარმომადგენელი: მ--–------ გ----------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ი-------------ი“
წარმომადგენელი: დ----- დ-----ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - პროცენტის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ი-------------ის“ წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა ქ-------ის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე მხარედ ზ---- ი------ე მიუთითა და ითხოვა მოპასუხისათვის 30859,45 ლარის (23 806,71 ლარი არის ძირი; 7052,74 ლარი პროცენტი) დაკისრება. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, ზ---- ი------ის სახელზე რეგისტრირებული, უძრავი ქონების (მდებარე, ქ. ქ-------ი, ქუჩა ა------–------–-ს №-, ფართი ს--------–---, ბინა №--, მიწის საკადასტრო კოდი: 0------------------, იპოთეკის ხელშეკრულება 3587-4818) აუქციონის წესით რეალიზაცია.
2. მოსარჩელის განმარტებით: 2015წლის 16 დეკემბერს, მოქალაქე ზ---- ი------ესთან გაფორმდა N---------- სესხის ხელშეკრულება 23 900 ლარზე 48 თვის ვადით, წლიური 40% სარგებლით, პირგასამტეხლო გათვალისწინებული იქნა გადაცილებული თანხის 0.5% -ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სესხი უზრუნველყოფილი იქნა უძრავი ქონებით, (საფინანსო რესურსების ჩარჩო ხელშეკრულებაა - 3587-4819, იპოთეკის ხელშეკრულება -3--------). მსესხებელი სესხს ფარავდა შეთანხმებული გრაფიკის დარღვევით, ხოლო 2016 წლის 16 ნოემბრის შემდეგ მსესხებელს სესხის გრაფიკით შეთანხმებული თანხა არ დაუფარავს, რითიც მან დაარღვია სესხის ხელშეკრულების 4.3 პუნქტი. ზ---- ი------ეს ჩაბარდა შეტყობინება რომლითაც მას ეთხოვა არსებული დავალიანების დაფარვა, მაგრამ მსესხებელს დავალიანება არ დაუფარავს. სესხის ხელშეკრულების 5.3 და 5.3.1 პუნქტის თანახმად ხელშეკრულება დარღვეულად ითვლება, თუ მსესხებელი სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვერ გადაიხდის სესხის ძირითადი თანხის ნებისმიერ ნაწილს ან მასზე დარიცხულ პროცენტს და თუ ასეთი გადაუხდელობა გაგრძელდება 2 კალენდარულ დღეზე მეტხანს, ხოლო ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად ორგანიზაცია უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება შეტყობინების მიწოდების მეშვეობით და მოსთხოვოს მსესხებელს მთელი სესხი ან მისი ნებისმიერი ნაწილის დაუყოვნებლივ გადახდა, ასევე 5.4 პუნქტის თანახმად, ორგანიზაციას უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს დარჩენილი სესხის თანხის დაბრუნება მთლიანად ან ნაწილობრივ თუ მსესხებლის ქონება შემცირდა, განადგურდა, გაუარესდა მისი მატერიალური და ფინანსური მდგომარეობა ან შეიქმნა ასეთი საფრთხე, ასევე იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს დაიკმაყოფილოს მისი მოთხოვნა.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ ნაწილობრივ, ძირი თანხის - 23806,71 ლარის ნაწილში ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ის კეთილსინდისიერად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, მაგრამ ოჯახური პირობების გამო ვერ გააგრძელა თანხის გადახდა. მან განმარტა, რომ მზად არის მომავალში ვალდებულება შეასრულოს, მხოლოდ დაბალი საპროცენტო განაკვეთით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით, შპს მისო „ი-------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე ზ---- ი------ეს დაეკისრა მოსარჩელე შპს მისო „ი-------------ის“ სასარგებლოდ, სესხის ძირი თანხის - 23,806.71 ლარის და პროცენტის - 7052,74 ლარის (ჯამში - 30,859.45 ლარის) გადახდა. მოპასუხე ზ---- ი------ეს დაეკისრა მოსარჩელე შპს მისო „ი-------------ის“ სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის -211.58 ლარის გადახდა. მოსარჩელე შპს მისო „ი-------------ს“ დაუბრუნდა გადახდილი ბაჟი - 714.20 ლარის ოდენობით.
სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4. 2015წ 16 დეკემბერს, ზ---- ი------ესთან გაფორმდა სესხის ხელშეკრულება I-------- 23 900 ლარზე 48 თვის ვადით. სესხის ხელშეკრულება, I-------- უზრუნველყოფილი იქნა უძრავი ქონებით, მდებარე, ქ. ქ-------ი, ქუჩა ა------–------–-ს №-, ფართი ს--------–---, ბინა №--, მიწის საკადასტრო კოდი: 0------------------.
5. დადგენილი იქნა, რომ მოპასუხეს -მოსარჩელემ გაუგზავნა გაფრთხილება აღებული ვალდებულების შესრულების თაობაზე.
6. დადგენილი იქნა, რომ სარჩელის შეტანისას მოპასუხის - სასესხო დავალიანება შეადგენს 30,859.45 ლარს, საიდანაც ძირი თანხა იყო -23,806.71 ლარი, პროცენტი - 7052,74 ლარი.
7. სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის მითითებას ვალდებულების არსებობის თაობაზე და საჩელი დააკმაყოფილა.
8. სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 411-ე, 427-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე, 208-ე მუხლის მესამე ნაწილზე.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
9. დასახელებული გადაწყვეტილება, პროცენტის დაკისრების ნაწილში სააპელაციო საჩივრით იქნა გასაჩივრებული მოპასუხის ზ---- ი------ის მიერ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება ითხოვა და განმარტა, რომ სასამართლო გადაწყვეტილება წარმოადგენს მართლმსაჯულების აქტს, რომელიც მიიღება საქმის განხილვის შემდეგ და უნდა პასუხობდეს კანონის მოთხოვნებს. სასამართლო გააწყვეტილების უპირველესი ფუნქციაა მოდავე პირებისათვის უფლებათა და ვალდებულებათა არსებობა-არარსებობის დადგენა. რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს მართლწესრიგის დამკვიდრებას. სასამართლო გადაწყვეტილების მნიშვნელობიდან გამომდინარე კანონი აწესებს მკაცრ მოთხოვნებს სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსთან მიმართებით.
10. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. გადაწყვეტილება უსაფუძვლოა როგორც ფაქტობრივი ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, რადგან სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება პროცენტის გადახდის ნაწილში, სარჩელს თან ახლავს მოსარჩელის მიერ სესხის დაფარვის გრაფიკი რომელიც დათარიღებული არის 2017 წლის 14 მარტით. აღნიშნულ გრაფიკში ნათლად არის დადასტურებული, რომ მსესხებლის მიერ გადახდილი არის 5 127 (ხუთიათას ას ოცდაშვიდი) ლარი, ხოლო დარჩენილი სესხის რაოდენობა არის 23 806 (ოცდასამიათას რვაას ექვსი) ლარი. აღნიშნულ დოკუმენტს სასამართლომ შეფასება არ მისცა, რამაც გამოიწვია უკანონო გადაწყვეტილების მიღება პროცენტის დაკისრების ნაწილში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლი:
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
12. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
13. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს ”მისო ი-------------ის” სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებისა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები .
14. დადგენილია, რომ 2015 წლის 16 დეკემბერს, მოქალაქე ზ---- ი------ესთან გაფორმდა N---------- სესხის ხელშეკრულება 23 900 ლარზე 48 თვის ვადით, წლიური 40% სარგებლით, პირგასამტეხლო გათვალისწინებული იქნა გადაცილებული თანხის 0.5% -ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სესხი უზრუნველყოფილი იქნა უძრავი ქონებით, (საფინანსო რესურსების ჩარჩო ხელშეკრულებაა - 3587-4819, იპოთეკის ხელშეკრულება -3--------).
15. მსესხებელს სესხის დაფარვა უნდა ეწარმოებინა პერიოდული გადახდით, სესხის ხელშეკრულების დაფარვის გრაფიკის შესაბამისად. მითითებული გრაფიკი წარმოადგენდა ამავე ხელშეკრულების დანართს. (ს.ფ.16).
16. დადგენილია, რომ მსესხებელი სესხს ფარავდა შეთანხმებული გრაფიკის დარღვევით. კერძოდ, მან განახორციელა სულ 8 გადახდა; 2015 წლის 16 დეკემბერს შეიტანა 267 ლარი, საიდანაც 28.38. შეადგენდა სესხის ძირითად თანხას, ხოლო 239 ლარი - ბანკის მომსახურების საკომისიოს; 2016 წლის 27 იანვარს მსესხებელმა შეიტანა 900 ლარი, რომელიც სრულად მიემართა პროცენტის დასაფარად. 2016 წლის 30 იანვარს გადაიხადა 110 ლარი, საიდანაც 64.91 ლარით დაიფარა ძირითადი თანხა, ხოლო 45.09 პროცენტი. სესხის გრაფიკის თანახმად კი დადგენილია, რომ მსესხებელს 1010 ლარის გადახდა უნდა ეწარმოებია 2016 წლის 20 იანვრამდე. ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 20 თებერვლამდე მსესხებელს ბანკში უნდა გადაეხადა 1010 ლარი, თუმცა თებერვლის თვეში მას გადახდა არ უწარმოებია. დადგენილია, რომ 1010 ლარი უნდა შეეტანა 2016 წლის 21 მარტამდე. მოპასუხემ 2016 წლის 22 მარტს ბანკში შიტანა 1050 ლარი, ხოლო პირველ აპრილს 200 ლარი. აღნიშნული თანხები სრულად მიემართა პროცენტის დასაფარად. მსესხებელს 2016 წლის 20 აპრილს და მის შემდგომ ყოველი თვის 20 რიცხვში უნდა გადაეხადა 1010 ლარი, მაგრამ 2016 წლის 01 აპრილის შემდგომ ამავე წლის 19 ოქტომბრამდე მსესხებელს ბანკში გადახდა არ უწარმოებია, 19 ოქტომბერს კი მან გადაიხადა 1500 ლარი, რომელიც სრულად მიემართა პროცენტის დასაფარად. 28 ოქტომბერს შეტანილი 500 ლარით ასევე დაიფარა, მხოლოდ პროცენტი; 2016 წლის 10 ნოემბერს მსესხებელმა გადაიხადა 600 ლარი, აღნიშნული თანხითაც დაიფარა მხოლოდ პროცენტი. 2016 წლის 16 ნოემბრის შემდეგ მსესხებელს სესხის გრაფიკით შეთანხმებული თანხა არ დაუფარავს. (ს.ფ.38; ს.ფ.16).
17. დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულებით მსესხებელზე გაცემული იყო კლებადი სესხი. კერძოდ, ყოველთვიური შენატანიდან გარკვეული თანხა აკლდებოდა სესხის ძირითად თანხას, გარკვეული თანხით კი იფარებოდა პროცენტი; თავდაპირველად შედგენილი გრაფიკით, ყოველი მომდევნო თვის პროცენტის დაანგარიშება ხდებოდა, სესხის ძირითად თანხაზე წინა თვეში (თვეებში) გადახდილი და გამოკლებული თანხიდან.
18. დადგენილია, რომ ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული არ არის, სააპელაციო პრეტენზია შეეხება სესხის პროცენტის სახით დაკისრებულ თანხას.
19. დადგენილია, რომ შპს „მისო „ი-------------მა“ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 მარტს. მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების ვადა იყო 2019 წლის 20 დეკემბრამდე, დადგენილია, რომ სარჩელის შეტანით მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება შეწყდა - 2017 წლის 14 მარტს.
20. დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ, გრაფიკის დარღვევით ნაწარმოები გადახდებით მხოლოდ მცირეოდენი თანხა დააკლდა ნასესხებ ძირითად თანხას, რის გამოც 2017 წლის 14 მარტამდე მსესხებლის მიერ პროცენტის (წლიური 40%-ის გათვალისწინებით ) სახით გადასახდელმა თანხამ შეადგინა - 7052.74 ლარი.
21 აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ;
სამართლებრივი დასაბუთება:
22. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.
23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-624-ე მუხლებით: სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
24. სამოქალაქო კოდექსის 867-868-ე მუხლების თანახმად: საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
25. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილი, 2007 წლის 29 ივნისის ცვლილების შედეგად ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლებიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნის უფლება არ გააჩნია. კანონმდებელმა აღნიშნული ცვლილებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის საფუძველზე პროცენტის ანაზღაურება იმავდროულად დაუკავშირა მხარეთა შეთანხმების არსებობას, რის გამოც პროცენტის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი არსებობს მხოლოდ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობამდე (სარჩელის შეტანამდე, რომლითაც შეწყდა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა).
26. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის 2012 წლის 22 ოქტომბრის Nას -1701 – 1685-2011 საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „სარგებლის, პროცენტის გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.“
27. ამავე გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილი და აღნიშნა, რომ „მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია ვადაგადაცილებული პერიოდისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლებიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
28. ამ განმარტებიდან გამომდინარე ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, სახელშეკრულებო პროცენტის დარიცხვა არ დაიშვება.
29. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღია სასამართლოში სარჩელის წარდგენის დღე, რომელიც არის 2017 წლის 14 მარტი; ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 14 მარტის მდგომარეობით ზ---- ი------ის დავალიანება პროცენტის სახით გადასახდელი თანხის ნაწილში შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ი-------------ის“ წინააღმდეგ შეადგენდა - 7052.74 ლარს; რის გამოც პალატა თვლის, რომ სწორია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება;
30. სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მითითებული სესხისათვის გათვალისწინებული პროცენტი წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას. დადგენილია, რომ კრედიტორი მხარე წარმოადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომლის ძირითად შემოსავალს სასესხო ურთიერთობიდან პროცენტის სახით მიღებული თანხა წარმოადგენს. საპროცენტო სარგებლის სახით წლიური 40%-ის დარიცხვა არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რის გამო აპელანტის მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და ის არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
32. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ზ---- ი------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახ. ბაჟი გადახდილია.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-5 და მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: თამარ სვანიძე