განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.10.2019
საქმის ნომერი
080210019002835286
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
24.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210019002835286

საქმე №2/ბ-970-19წ.

განჩინება

საქართველოს სახელით

24 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - თამარ სვანიძე

აპელანტი: თ------ კ-------–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე: შპს „მისო რ-------------ი“

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

აღწერილობითი ნაწილი

1აპელანტის მოთხოვნა

1.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

2019 წლის 05 თებერვალს ქ-------ის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა შპს მისო ,,რ-------------მა“ (შემდგომში მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) მოპასუხის (შემდგომში მოპასუხე, აპელანტი) თ------ კ-------–---–ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით. (იხ.ს.ფ. 2-13).

 

2.1.სარჩელის საფუძვლები

 

2.1.1.მოსარჩელის განმარტებით, შპს მისო ,,რ-------------მა“ 2018 წლის 08 ნოემბერს აუქციონზე შეიძინა უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. ქ-------ი, რ----------–---–-ს ქ. 8- ბინა 6---------------- საკადასტრო კოდი: №0------------------. აღნიშნული ქონება ფაქტობრივად დაკავებულია და მფლობელობას ახორციელებენ მოპასუხე: თ------ კ-------–---–ი, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია ფლობდეს ამ ქონებას, რის გამოც მიმართა სასამართლოს და ითხოვს ქონების გამოთავისუფლებას.

 

2.2.მოპასუხის პოზიცია

 

2.2.1. მოპასუხე თ------ კ-------–---–მა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი სადაო სახლში ცხოვრობდა 2018 წლის 8 ნოემბრამდე. შემდეგ ბინა აუქციონზე შეიძინა მოსარჩელემ. მას მოსარჩელესთან ქონდა დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. მძიმე ოჯახური პირობების გამო ვერ გადაიხადა სესხი და სახლი გავიდა აუქციონზე. ვინაიდან ყავს მცირეწლოვანი შვილი და სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია, მიმდინარეობს მოლაპარაკება მოსარჩელესთნ სახლის გამოსყიდვის შესახებ (იხ. შესაგებელი ს.ფ. 30-37).

 

2.3.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით:

1. შპს მისო რ-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა;

2. ქ. ქ-------ში, რ----------–---–-ს ქუჩა #8-, ბინა 6-----------------ში, მდებარე, შპს მისო რ-------------ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0------------------, გამოთხოვილ იქნა თ------ კ-------–---–ის (პ/ნ 6----------) უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელე შპს მისო რ-------------ს.

 

2.4.დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტებობრივი გარემოებები:

 

2.4.1. ქ. ქ-------ში, რ----------–---–-ს ქუჩა #8-, ბინა 6-----------------ში, მდებარე უძრავი ქონება, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0------------------, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს #A---------------- განკარგულების საფუძველზე, 2018 წლის 27 ნოემბრიდან საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რ-------------ის საკუთრების უფლებით.

 

2.4.2. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რ-------------ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ნივთს, მდებარე ქ. ქ-------ში, რ----------–---–-ს ქუჩა #8-, ბინა 6----------------- ში, ფაქტობრივად ფლობს მოპასუხე თ------ კ-------–---–ი და იმყოფება მის უკანონო მფლობელობაში.

 

2.5.გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 160-162-ე, 170-ე, 172-ე, 312-ე მუხლებზე და განმარტა შემდეგი:

 

2.5.1.სასამართლომ მიუთითა, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რ-------------ი არის უძრავი ქონების მესაკუთრე. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რ-------------ის კუთვნილ უძრავ ქონებას მდებარე, ქ. ქ-------ში, რ----------–---–-ს ქუჩა #8-, ბინა 6-----------------ში, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს თ------ კ-------–---–ი. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში, რადგან მოპასუხე არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.

 

3.სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება გაასაჩივრა თ------ კ-------–---–მა და მისი გაუქმება მოითხოვა შესაგებელში აღნიშნული საფუძვლით, სახელდობრ, აპელანტმა მიუთითა, რომ:

 

სასამართლომ მხედველებაში არ მიიღო საქმის ფაქტობრივი გარემოებები. არ გაითვილისწინა, რომ 2016 წლის 19 ოქტომბერს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება თ------ კ-------–---–სა და რ------------- შორის. აპელანტის სახელზე რიცხული უძრავი ქონება /მდებარე ქ.ქ-------ი თ------–---–-ს ქუჩა #8-, ბინა 6----------------, ფართით 104. 42 კვ.მ საკადასტრო კოდით 0------------------/ 2018 წლის 06 ნოემბერს გამართულ აუქციონზე შ.პ.ს ,,მისო რ-------------მა" შეიძინა 5900 ლარად /ხუთიათას ცხრაას ლარად/. როდესაც აპელანტმა მიმართა მოსარჩელეს მორიგებისათვის და გამოსყიდვისათვის თავდაპირველად ზეპირი ფორმით უპასუხეს, რომ გამოსყიდვა შესაძლებელი იქნებოდა 91 000 ლარად /ოთხმოცდათერთმეტი ათასი/, ხოლო შემდგომ შეთავაზა რომ მორიგდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გადაუხდიდა ერთიანად 32 000 დოლარს/ოცდათორმეტი ათას/ რაც ექვივალენტი ლარებში გამოდის 85 000 ლარამდე. შემოთავაზებული თანხა ბევრად აღემატება 5900 ლარს. რ-------------ი აუქციონის გზით გახდა მესაკუთრე და რომ არა აღნიშნულ აუქციონი, ის ვერ შეიძენდა საკუთრების უფლებას ზემოთხსენებულ უძრავ ქონებაზე.

 

შპს ,,მისო როკო ექსპრესი'' ბოროტად იყენებს საკუთრების უფლებას და ზიანს აყენებს სხვა პირებს, კერძოდ აპელანტის ინტერესებს, ვინაიდან რ-------------მა იცის რამდენად მნიშვნელოვანი და ძვირფასია თ------ კ-------–---–ისთვის და მისი მცირეწლოვანი შვილებისთვის თავიანთი საცხოვრებელი ბინა და იმაშიც დარწმუნდნენ, რომ არ ძალუძთ სხვა საცხოვრისის შეძენა, ამიტომ პრინციპულად ითხოვენ საკმაოდ სოლიდურ თანხას, რომ იძულებული გახადონ თ------ კ-------–---–ი გადაიხადოს ათჯერ მეტი ოდენობა იმაზე რაც რეალურად გადახდილი აქვს შ.პ.ს ,,მისო რ-------------ს“ აუქციონზე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.1.ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

პალატა სრულად იზიარებს წინამდებარე გადაწყვეტილების პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 2.4.1.-2.4.2. პუნქტებში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე ამავე განჩინების 2.5.1-პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, ასევე დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა განსახილველი სამართაურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები.

 

4.2.სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სანივთო უფლებიდან, შესაბამისად განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა-შეფასება აპელანტს(მოპასუხეს) თ------ კ-------–---–ს გააჩნიას თუ არა უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის უფლება და არსებობს თუ არა რეგისტრირებული მესაკუთრის - შპს მისო ,,რ-------------ის“ ვინდიკაციური მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოება.

 

4.3. პალატის მოსაზრებით, სრულიად მართებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებზე დაყრდნობით, რომელთა თანახმადაც, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. როგორც ზემოხსენებული ნორმების ანალიზი ცხადჰყოფს, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება მესაკუთრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და მისი უზრუნველყოფა სავინდიკაციო სარჩელის შეტანის გზით ხდება. მოთხოვნა დაკმაყოფილდება სამი წინაპირობის არსებობის შემთხვევაში: უნდა არსებობდეს ნივთის მესაკუთრე, უნდა არსებობდეს ნივთის მფლობელი და მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

ამდენად, დასახელებული ნორმების შესაბამისად, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ანუ ხორციელდება, თუ არა მფლობელობა საამისო უფლების მქონე პირის გარეშე.

 

4.4.განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

4.4.1. ქ. ქ-------ში, რ----------–---–-ს ქუჩა #8-, ბინა 6-----------------ში, მდებარე უძრავი ქონება, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0------------------, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს #A---------------- განკარგულების საფუძველზე, 2018 წლის 27 ნოემბრიდან საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რ-------------ის საკუთრების უფლებით.

 

4.4.2. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რ-------------ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ნივთს, მდებარე ქ. ქ-------ში, რ----------–---–-ს ქუჩა #8-, ბინა 6----------------- ში, ფაქტობრივად ფლობს მოპასუხე თ------ კ-------–---–ი და იმყოფება მის უკანონო მფლობელობაში.

 

4.4.3. პალატის განმარტებით, ცალსახად დგინდება, რომ მოპასუხე/აპელანტი (მის მიერ წარდგენილ როგორც შესაგებელში, ისე სააპელაციო საჩივარში), ადასტურებს მისი მხრიდან სადაო უძრავი ქონების ფლობის ფაქტს, საიდანაც მის გამოსახლებას ითხოვს მოსარჩელე.

 

4.4.4.პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას მასზედ, რომ მოპასუხეს/აპელანტს არ აქვს მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონების ფართის ფლობის უფლება, რადგან საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რაც უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლად საქმის განხილვის დროისათვის შეიძლება განხილულიყო.

 

4. 5.სააპელაციო სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოების სამართლებრივი შეფასების მიზნით უპირველესად მიუთითებს იმაზე, რომ ვინდიკაციურ სარჩელებზე მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: მოსარჩელე მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომ ის წარმოადგენს იმ ნივთის მესაკუთრეს, რომლის გამოთხოვასაც ის ითხოვს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და რომ ეს ნივთი იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში, მოპასუხის მტკიცების ტვირთს კი წარმოადგენს მის მიერ სადავო ნივთის ფლობის მართლზომიერების დადასტურება.

 

4.5.1 განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად უტყუარად დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ-------ში, რ----------–---–-ს ქუჩა #8-, ბინა 6-----------------ში, საკადასტრო კოდით: 0------------------, -საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელე შპს მისო ,,რ-------------ის“ სახელზე. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიმართ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული დავის სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილვის ეტაპზე, მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი გაუქმებული არ არის და ამ მიმართებით არც ადმინისტრაციული და არც სხვა სახის წარმოება, რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრეზუმფციას ეჭვქვეშ დააყენებდა, არ მიმდინარეობს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედი უტყუარობის პრეზუმფცია შედავებული არ არის. დავა არ მიმდინარეობს არც აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის კუთხით.შესაბამისად აუქციონის შედეგებიც ძალაშია.

 

4.5.2.სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში აპელანტის- თ------ კ-------–---–ის- მიერ ვერ იქნა დადასტურებული მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოების - უძრავი ნივთის ფლობის მართლზომიერების დადასტურება.სახელდობრ, დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის საკუთრების უფლება შეცილებულ და სადავოდ გამხდარი არ არის, უძრავ ქონებას ვალდებულებით-სამართლებრივი შეზღუდვა არ გააჩნია.

 

4.5.3. შესაბამისად, პალატა დადგენილად მიიჩნევს სადავო უძრავი ქონების მოსარჩელისადმი კუთვნილებისა და მოპასუხის მხრიდან აღნიშნული ქონების არამართლზომიერად ფლობის ფაქტს.

4.6.სააპელაციო სასამართლო ზემოხსენებულთან ერთად მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ კანონმდებლის ნებით, საკუთრების არსებითი შინაარსი მის ექსკლუზიურობაშია - გამორიცხოს ყველა ადამიანი სხვა პირის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვისაგან. საკუთრების უფლების ექსკლუზიურობა პირს აძლევს ძალაუფლებას დაუპირისპირდეს სხვა ნებისმიერი პირის ჩარევას. საკუთრების უფლება თავისი სრული, ექსკლუზიური ხასიათის გამო განსაკუთრებული უფლებაა, თუმცა მის გამოყენებასაც ახლავს შეზღუდვები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესების უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. განსახილველ შემთხვევაში კი მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ აქვს უფლების ბოროტად გამოყენებას, რადგან პირის ქმედება ობიექტურად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეფასდეს საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენებად, თუ მის ქმედებას სხვა მიზანი არ ჰქონდა, გარდა სხვა პირისათვის ზიანის მიყენებისა და მისი განხორციელება მესაკუთრის ინტერესში არ შედიოდა. ამდენად, უფლების ბოროტად გამოყენება ნიშნავს უფლებით ისეთ სარგებლობას, როდესაც უფლების გამოყენება მხოლოდ სხვა პირებისათვის არის ზიანის მომტანი, ხოლო მესაკუთრის კანონიერი ინტერესებისათვის არ არის სარგებლის მომტანი, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არაა, სახელდობრ მოცემულ შემთხვევაში უტყუარად დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აპელანტი უკანონოდ ფლობს მოსარჩელის (მოწინააღმდეგე მხარის) უძრავ ქონებას, რადგან მხარეთა შორის არ არსებობს კანონშესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მესაკუთრე შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან (აპელანტთან) მიმართებაში, ისინი არ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს, შესაბამისად, არ არსებობს კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები და გამოითხოვოს ნივთი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაკმაყოფილდა სარჩელი.

 

4.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს მიაჩია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, ასევე დავის განხილვისას საპროცესო ნორმათა მოთხოვნები არ დაურღვევია და შპს მისო ,,რ-------------ის“ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თ------ კ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 53-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო წარმოებისათვის აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი, ამასთან აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150(ასორმოცდაათი) ლარიდან ზედმეტად გადახდილი 70(სამოცდაათი) ლარი შემდეგ გარემოებათა გამო: მოცემული დავის საგანია უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, სადაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4000 (ოთხი ათასი) ლარით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუქტში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს. ამდენად, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე წინამდებარე დავა განეკუთვნა მაგისტრატი სასამართლოს განსჯად საქმეთა კატეგორიას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო საჩივრისათვის, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150(ასორმოცდაათი) ლარისა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოცემული კატეგორიის საქმეზე სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 4000-ის 4%-ის ნახევარს, ანუ 160 (ასსამოცი) ლარის ნახევარს-80 (ოთხმოცი)ლარს.

 

განსახილველ შემტხვევაში დადგენილია, რომ აპელანტ დაზმირ ჩახაიას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 150(ასორმოცდაათი) ლარი, მან დავა წააგო, შესაბამისად მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 70(სამოცდაათი) ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი 80 (ოთხმოცი) ლარი კი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 2591-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ------ კ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

 

4. აპელანტ თ------ კ-------–---–ს (პ/ნ №6----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 03 სექტემბერს №1 საგადასახადო დავალებით სს ,,თიბისი ბანკში“ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი - 70(სამოცდაათი) ლარის ოდენობით. მიმღების ბანკი-ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, მიმღების ანგარიში/ სახაზინო კოდი 300183150.

 

5. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 80 (ოთხმოცი)ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

6.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

7.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ სვანიძე