განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.11.2019
საქმის ნომერი
330310019003269413
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
19.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310019003269413

საქმე N3ბ/2720-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

19 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გიორგი გოგიაშვილი

 

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ზუ-------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო) - შსს თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილება

 

დაინტერესებული პირი - თა-------------ე

 

დავის საგანი - შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების მარლთწესრიგის ოფიცერის გიორგი ბარბაქაძის მიერ 2019 წლის 04 ნოემბერს გამოცემული №021486 შემაკავებელი ორდერის გაუქმება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5

განყოფილების მარლთწესრიგის ოფიცერის გიორგი ბარბაქაძის მიერ 2019 წლის 04 ნოემბერს გამოცემული №021486 შემაკავებელი ორდერის გაუქმება.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების მარლთწესრიგის ოფიცერის გიორგი ბარბაქაძის განმარტებით, თბილისის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს მე-5 განყოფილებას განცხადებით მიმართა თა-------------ემ, სადაც აღნიშნა, რომ ზუ-------------–---–ის მხრიდან ხორციელდებოდა მასზე ფსიქოლოგიური ძალადობა. განცხადებაში თა-------------ემ ასევე მიუთითა წარსულში მის მიმართ ზუ-------------–---–ის მხრიდან განხორციელებულ ირიბი მინიშნების ფიზიკურ ძალადობაზე, ჯანმრთელობის დაზიანების მიყენების მიზნით. ე.წ. მსხვერპლმა განცხადებაში მიუთითა, რომ აგვისტოს თვიდან მას აღარ ჰქონდა სურვილი მოსარჩელე მხარესთან ურთიერთობის გაგრძელების.

 

მოპასუხე მხარემ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის განცხდებაში მითითებული ფაქტები ქმნიდა იმის რეალურ საფრთხეს, რომ ზუ-------------–---–ის მხრიდან თა-------------ის მიმართ კვლავ ადგილი ექნებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელების ფაქტს. დაინტერესებულ პირის მიმართ, შედგა შემაკავებელი ორდერის ოქმი, ასევე შეივსო ძალადობის რისკის განმსაზღვრელი კითხვარი, სადაც პასუხების მიხედვით დაფიქსირებული ქულათა რაიოდენობა მიუთითებდა შემაკავებელი ორდერის გამოცემის აუცილებლობაზე, რის გამოც მოპასუხემ მიიჩნია, რომ ძალადობრივი ფაქტების პრევენციის მიზნით, აუცილებელი იყო შემაკავებელი ორდერის გამოცემა. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით

კი მოპასუხე მხარემ სარჩელი მიიჩნია უსაფუძვლოს და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. დაინტერესებული პირის პოზიცია:

 

3.1. დაინტერესებული პირი თა-------------ე არ დაეთანხმა წარმოდგენილ სარჩელს და განმარტა, რომ იგი ორ წელზე მეტი პერიოდით ცხოვრობდა ზუ-------------–---–თან, თუმცა არ იმყოფებოდნენ ოფიციალურ ქორწინებაში. იგი ამ ხნის განმავლობაში დროის

დიდ ნაწილს მასთნ ერთად ატარებდა, ვიდრე ოჯახის წევრებთან. მას ზუ-------------–---–თან ურთიერთობის გაგრძელების სურვილი აღარ აქვს, თუმცა მოსარჩელე

მხარის მხრიდან ხდება ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელება. მოსარჩელე მხარე ყველა გზას მიმართავდა, რომ დაეთანხმებინა ურთიერთობაზე, რის გამოც მიმართავდა სხვადასხვა ხერხს, მათ შორის ადგილი ჰქონდა შანტაჟსაც კი. ზუ-------------–---–ი 2019 წელს იარაღით მივიდა მის სახლში, რაც ერთ-ერთი ფაქტია ფსიქოლოგიური ზეწოლის და დაშინების. დაინტერესებული პირი მიუთითებს, რომ ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფებიან ასევე მისი შვილები, რადგან განიცდიან შიშს, რომ ზურაბ ბარნაბიშილის მხრიდან არ მოხდეს რაიმე სახის ინციდენტი. იგი ნებართვის გარეშე მიდის მათ სახლში, ცდილობს ბინაში შეღწევას და ურთიერთობის გაგრძელებას მისი ნების საწინააღმდეგოდ. თა-------------ემ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით მოითხოვა სადავო შემაკავებელი ორდერის ძალაში დატოვება და სარჩელზე უარის თქმა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ზუ-------------–---–ის სარჩელი, არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების მარლთწესრიგის ოფიცერის გიორგი ბარბაქაძის მიერ 2019 წლის 04 ნოემბერს გამოცემული №021486 შემაკავებელი ორდერი;

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

5.1. შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების მარლთწესრიგის ოფიცერის გიორგი ბარბაქაძის მიერ 2019 წლის 04 ნოემბერს შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერის ოქმი, სადაც თა-------------ე მიუთითებს, რომ ზუ-------------–---–ი მასთან პერიოდულად ახორციელებს ზარებს და ვიზიტებს. ასევე, ზემოაღნიშნული პირის მხრიდან ყოფილა ირიბი მინიშნება ჯანმრთელობის დაზიანებაზე. 2018 წლის მარტის თვეში, ზუ-------------–---–მა მის საცხოვრებელ ფართში, მისი მისამართით, იარაღის დემონსტრირებით და დამიზნებით გაიხუმრა. ხოლო 2019 წლის აგვისტოს თვეში, ზუ-------------–---–მა ავსტრიაში, ქალაქ

ვენაში მასთან დაამყარა არასასურველი სექსუალური ხასიათის ქმედება. მისი განმარტებით, მისი მხრიდან, პერიოდულად ხორციელდება შემაწუხებელი ზარები და ვიზიტები, როგორც მასთან, ასევე მის დედასთან.

 

5.2. 2019 წლის 04 ნოემბერს, თა-------------ის განცხადების საფუძველზე, შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების მარლთწესრიგის ოფიცერის გიორგი ბარბაქაძის მიერ გამოცემული იქნა №021486 შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმადაც, ზუ-------------–---–ს აეკრძალა თა-------------ის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელება. ასევე მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; მოძალადეს შეეზღუდა ასევე იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობა. მოძალადეს ჩამოერთვა პირად საკუთრებაში არსებული იარაღი (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო) და იგი იქნა შენახული კანონით დადგენილი წესით. მოძალადეს დაეკისრა სხვა ღონისძიება, რომელიც აუცილებელია განმეორებითი ძალადობის თავიდან ასაცილებლად და მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან კომუნიკაცია, მესამე პირის საშუალებით. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღის ვადით, 2019 წლის 04 დეკემბრამდე.

 

6. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

6.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი ეს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და

 

ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე კოდექსის 12.4 მუხლის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, მსხვერპლი/სავარაუდო მსხვერპლი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით.

 

პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ: ამავე მუხლის„ „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად: ა.ა) დროებითი ღონისძიების სახით გამოსცემს შემაკავებელ ორდერს ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერს;

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პოლიცია ვალდებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამავე კანონის, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი ძალადობის ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე, მიუხედავად იმისა, პოლიციის ორგანოებს მიმართა დაზარალებულმა, ძალადობის მოწმემ თუ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულმა პირმა. 3. ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია: ა) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის აღსაკვეთად მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები; ბ) განცალკევებულად გამოკითხოს სავარაუდო მსხვერპლი, მოწმე, მოძალადე, მათ შორის, არასრულწლოვანი, რაც წერილობით უნდა დაფიქსირდეს; გ) მსხვერპლს მიაწოდოს

 

ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ; დ) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი).

 

ამდენად, მითითებული საკანონმდებლო აქტების დანაწესების გათვალისწინებით, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი აქვს თუ არა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ისეთი სახის ძალადობის გამოყენებით, როგორიცაა ფსიქოლოგიური ძალადობა.

 

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ‘’ ქვეპუნტის თანახამდ, მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი). მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესები უგულებელყოფილია და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომელიც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე ფაქტობრივად

 

იმყოფება/ცხოვრობს სხვა პასუხისმგებელ პირთან ან ნებისმიერ სხვა პირთან, რომელმაც დაარღვია მისი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით, და რომელიც მოძალადისგან სოციალურმა მუშაკმა განაცალკევა. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა; ხოლო ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახის წევრი არის ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. ამავე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით.

 

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა განმარტებულია, როგორც შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.

 

ფსიქოლოგიური ძალადობა არის ძალადობის არაპირდაპირი, ,,ფარული“ ფორმა,, რომელიც შესაძლოა დიდი დროის განმავლობაში იყოს კულტივირებული და მხოლოდ გარკვეული პირობების არსებობისას გახდეს დეკლარირებული. ფსიქოლოგიური ძალადობა შესაძლოა შეიცავდეს ემოციურ ან/და მორალური ძალადობის ნიშნებს და არსებობდეს ერთდროულად ან ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. შესაბამისად, ასევე, დამოუკიდებლად ან/და ერთდროულად იწვევდეს მსხვერპლის ფსიქოლოგიურ ტრავმირებას - შფოთვას, დეპრესიას, სტრესულ, ნერვიულ მოშლილობას, დათრგუნულობას, ღირსების გრძნობის შელახვას. ამ სახის ძალადობა დამახასიათებელია მხარეთა ურთიერთობის დისბალანსის დროს, მათ შორის კონფლიქტის აღმოცენების, განვითარებისა და შემდგომ ეტაპზეც კი. ამდენად, გამონათქვამები (ვერბალური თუ წერილობითი სახით გავრცელებული) რომლებიც იწვევენ ადამიანის წყენას, შეურაცხყოფას, გაღიზიანებას, აგრესიას, თვითშეფასების დაქვეითებას, მიმართულია მისი ავტორიტეტის დაკნინებისა და პატივის და ღირსების შელახვისკენ, ბუნებრივია ექცევა ფსიქოლოგიური ძალადობის დეფინიციის სფეროში.

 

აღსანიშნავია, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის შემცველი ქმედების ერთეული შემთხვევისათვის ძალადობის კვალიფიკაციის მინიჭება საკმაოდ რთულ საკითხს წარმოადგენს, რადგან ამ სახის ძალადობისათვის დამახასიათებელია შესაბამისი ე.წ.

,,კლიმატის“ ფორმირება. ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლენისათვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ძალადობის სისტემატიური და განმეორებადი ხასიათი. ფსიქოლოგიური ძალადობის შეიძლება იყოს გამიზნული, მიზანმიმართული, თუმცა მოძალადის მხრიდან შესაძლებელია ქმედება გაუაზრებელიც კი იყო და მის ემოციურ მდგომარეობიდან გამომდინარეობდეს, მაგრამ აღნიშნული თითქმის ყოველთვის განგრძობადი ხასიათის ქმედებაა. თუმცა, არსებობს გამონაკლისი

 

ერთეული შემთხვევებიც, რომლებიც ასევე ექცევა ფსიქოლოგიური ძალადობის კვალიფიკაციის სფეროში, რაც დამოკიდებულია მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობაზე, მათ სოციალურ მდგომარეობაზე, ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობას და ძალადობის გამოვლინების ხარისხზე. ამდენად, ფსიქოლოგიური ძალადობის არსებობის დადასტურება რთულია, თუმცა შესაძლებელია მთელი რიგი ისეთი სახის მტკიცებულებებით, როგორიცაა წერილობითი, ვიდეო, აუდიო ჩანაწერებით, მოწმეთა ჩვენებები და ა.შ.

 

სასამართლომ განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერის დანიშნულებას უნდა წარმოადგენდეს მსხვერპლის დაცვა და მოძალადისათვის ისეთი ქმედებების განხორცილების აკრძალვა, რაც ადამიანს აქცევს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ- ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

აღნიშნული კანონის მიზანს წარმოადგენს: ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობის აღიარებით მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის, ოჯახური ღირებულებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა; ქალთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური და ეკონომიკური ხელშეუხებლობის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა; ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისათვის, აღკვეთისა და თავიდან აცილებისათვის ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნა; გ) მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სისტემის შექმნა; დ) მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შექმნა;ე) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის თავიდან აცილებისათვის და ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად სხვადასხვა ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფა; ვ) მოძალადეთა დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა. ხოლო რა იგულისხმება ოჯახურ ძალადობაში განმარტებულია ამ კანონის მე-3 მუხლში, კერძოდ, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას

 

უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ამ ინსტიტუტის ძირითადი დანიშნულებაა მოძალადის მიერ ძალადობის სხვადასხვა ფორმის გამოყენებისას დაცული იყოს მსხვერპლის კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები, რათა მოძალადის მიერ განხორციელებული ქმედებით არ მოხდეს მათი დაუსაბუთებელი და უკანონო შეზღუდვა. ქმედება, რომელიც არ შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსითა და „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ან/და იძულების სხვადასხვა ფორმის (ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით) გამოყენებას, არ შეიძლება ჩათვლილ იქნეს დარღვევად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს იმ სოციალურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ და სხვა ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლებიც მიმართულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მიზეზებისა და წინაპირობების თავიდან აცილებისკენ, ძალადობის აღკვეთისკენ, მოძალადის სამართლებრივი დევნისკენ, მისი დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ, მსხვერპლის რეაბილიტაციისა და ადაპტაციისკენ. შესაბამისად ყველა სხვა დავა ან/და პრეტენზია რომელიც წარმოიშობა სხვადასხვა მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაც თავისი არსით არ გამომდინარეობს შემაკავებელი ორდერის მიზნებიდან, მხარეთა მიერ შესაძლებელია გადაწყდეს მორიგებით ან/და ასეთის მიუღწევლობის შემთხვევაში სასამართლოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით, თითოეული მათგანის მიერ განხორციელებული ქმედება რაც არ გამომდინარეობს დამცავი ორდერის მიზნებიდან, არ ანიჭებთ მათ რაიმე სახით შეუზღუდონ მეორე მხარეს მისთვის გარანტირებული უფლება.

 

სასამართლოს განმარტებით, ამ ინსტიტუტის ძირითადი დანიშნულებაა მოძალადის მიერ ძალადობის სხვადასხვა ფორმის გამოყენებისას დაცული იყოს მსხვერპლის კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები, ამავდროულად უპირობოდ და დაუსაბუთებლად არ მოხდეს მეორე მხარის უფლებების შეზღუდვა. შეფასებისას მნიშვნელოვანია, რომ იძულების გამოხატულება მისი ნებისმიერ ფორმით იქნება ეს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური თუ სხვა, იყოს ნამდვილი, არსებობდეს კონკრეტულ შემთხვევაში და იყოს რეალურად აღქმადი, რათა გონიერი დამკვირვებლის მიერ არ იქნას შეტანილი ეჭვი იძულებისა თუ ძალადობის ფაქტის არსებობასთან მიმართებაში. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებების და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა შორის მიმდინარე უთანხმოების გათვალისწინებით, დასტურდება, რომ 2019 წლის 04 ნოემბრის N021486 შემაკავებელი ორდერი გამოცემულია კანონის სრული დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების არც ფაქტობრივი და არ სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი და ძალაში უნდა დარჩეს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების მარლთწესრიგის ოფიცერის გიორგი ბარბაქაძის მიერ 2019 წლის 04 ნოემბერს გამოცემული №021486 შემაკავებელი ორდერი.

 

7. ზუ-------------–---–ის სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

7.1. ზუ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულყოფილად არ შეისწავლა საქმეში არსებული მტკიცებულებები, ყურადღება არ მიაქცია მის მიერ გაკეთებულ ახსნა-განმარტებებს და დაეყრდნო მხოლოდ თა-------------ის განმარტებებს.

 

8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

 

8.2. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული კანონის მიზანია უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, დახმარების და რეაბილიტაციის საფუძვლები.

 

სააპელაციო სასამართლო კანონის მესამე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

8.3. პალატა მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ, ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების სახით გამოსცემს შემაკავებელ ორდერს ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერს.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტების დანაწესების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი აქვს თუ არა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ისეთი სახის ძალადობის გამოყენებით, როგორიცაა ფსიქოლოგიური ძალადობა.

 

8.4. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა განმარტებულია, როგორც შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.

 

პალატა განმარტავს, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა არის ძალადობის არაპირდაპირი, ფარული ფორმა, რომელიც შესაძლოა დიდი დროის განმავლობაში იყოს კულტივირებული და მხოლოდ გარკვეული პირობების არსებობისას გახდეს დეკლარირებული. ფსიქოლოგიური ძალადობა შესაძლოა შეიცავდეს ემოციურ ან/და მორალური ძალადობის ნიშნებს და არსებობდეს ერთდროულად ან ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. შესაბამისად, ასევე, დამოუკიდებლად ან/და ერთდროულად იწვევდეს მსხვერპლის ფსიქოლოგიურ ტრავმირებას - შფოთვას, დეპრესიას, სტრესულ, ნერვიულ მოშლილობას, დათრგუნულობას, ღირსების გრძნობის შელახვას. ამ სახის ძალადობა დამახასიათებელია მხარეთა ურთიერთობის დისბალანსის დროს, მათ შორის კონფლიქტის აღმოცენების, განვითარებისა და შემდგომ ეტაპზეც კი. ამდენად, გამონათქვამები (ვერბალური თუ წერილობითი სახით გავრცელებული), რომლებიც იწვევენ ადამიანის წყენას, შეურაცხყოფას, გაღიზიანებას, აგრესიას, თვითშეფასების დაქვეითებას, მიმართულია მისი ავტორიტეტის დაკნინებისა და პატივის და ღირსების შელახვისკენ, ბუნებრივია ექცევა ფსიქოლოგიური ძალადობის დეფინიციის სფეროში.

 

პალატის მოსაზრებით, ფსიქოლოგიური ძალადობის შემცველი ქმედების ერთეული შემთხვევისათვის ძალადობის კვალიფიკაციის მინიჭება საკმაოდ რთულ საკითხს წარმოადგენს, რადგან ამ სახის ძალადობისათვის დამახასიათებელია შესაბამისი ე.წ. კლიმატის ფორმირება. ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლენისათვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ძალადობის სისტემატური და განმეორებადი ხასიათი. ფსიქოლოგიური ძალადობა შეიძლება იყოს გამიზნული, მიზანმიმართული, თუმცა მოძალადის მხრიდან შესაძლებელია ქმედება გაუაზრებელიც კი იყო და მისი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარეობდეს, მაგრამ აღნიშნული თითქმის ყოველთვის განგრძობადი ხასიათის ქმედებაა. თუმცა, არსებობს გამონაკლისი ერთეული შემთხვევებიც, რომლებიც ასევე ექცევა ფსიქოლოგიური ძალადობის კვალიფიკაციის სფეროში, რაც დამოკიდებულია მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობაზე, მათ სოციალურ მდგომარეობაზე, ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ძალადობის გამოვლინების ხარისხზე. ამდენად, ფსიქოლოგიური ძალადობის არსებობის დადასტურება რთულია, თუმცა შესაძლებელია მთელი რიგი ისეთი სახის მტკიცებულებებით, როგორიცაა წერილობითი, ვიდეო, აუდიო ჩანაწერებით, მოწმეთა ჩვენებები და ა.შ.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 04 ნოემბრის N021486 შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად, 2018 წლის მარტის თვეში ზუ-------------–---–მა მის საცხოვრებელ ფართში იარაღის დემონსტრირებითა და დამიზნებით გაიხუმრა თა-------------ის მიმართ, იმავე წლის აგვისტოს თვეში ზუ-------------–---–მა ავსტრიაში ქ. ვენაში ყოფნისას თა-------------ის მიმართ განახორციელა არასასურველი სექსუალური ხასიათის ქმედება. აღნიშნულ ოქმში ასევე მითითებულია, რომ ზუ-------------–---–ის მხრიდან პერიოდულად ხორციელდება შემაწუხებელი ზარები და ვიზიტები როგორც თა-------------ესთან, ასევე მის დედასთან ნანა ქუმსიაშვილთან.

 

საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტმა ზუ-------------–---–მა განმარტა, რომ მასსა და თა-------------ეს შორის ყველანაირი ურთიერთობა შეწყვეტილია, თუმცა არ სურს შემაკავებელი ორდერის ძალაში დატოვება, რადგან არსებობს რისკი, რომ თა-------------ესთან ქუჩაში შემთხვევითი შეხვედრისას, ამ უკანასკნელის მიერ გამოძახებულ იქნას საპატრულო პოლიცია, რაც დაკავშირებულია დისკომფორტთან. თა-------------ის განცხადებით კი, ზუ-------------–---–ი მისი ცოლად შერთვის მიზნით ახორციელებს თა-------------ის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას, დაშინებას, რის გამოც მუდმივ სტრესში იმყოფებიან თავად ის და მისი ოჯახის წევრები. ამდენად, თა-------------ისათვის შემაკავებელი ორდერის ძალაში დატოვებას არსებითი მნიშვნელობა აქვს.

 

პალატა განმარტავს, რომ შემაკავებელი ორდერი თავისი არსით ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ მექანიზმის ერთ-ერთი სახეს, დროებითი ღონისძიებას წარმოადგენს, რომელსაც უფლებამოსილი ორგანო მიმართავს ამგვარი ძალადობის ფაქტის არსებობისას მასზე მყისიერი, ოპერატიული რეაგირების მიზნითა და მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად. სახელმწიფოს იძულების მექანიზმის გამოყენება ოჯახურ ურთიერთობებში უკავშირდება იმგვარ კონფლიქტურ ურთიერთობას, როდესაც სხვა საკანონმდებლო აქტები ვერ უზრუნველყოფს მათ გადაჭრას გამომდინარე იქედან, რომ ოჯახის ერთი წევრი სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს არღვევს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით, ურთიერთობის სუბიექტებს კი მოძალადე და მსხვერპლი წარმოადგენენ.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებითა და სააპელაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარისა და მოპასუხის ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ, პალატა მიიჩნევს, რომ დადასტურებულია ზუ-------------–---–ის მხრიდან თა-------------ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტი და N021486 შემაკავებელი ორდერი გამოცემულია პრევენციის, სამომავლოდ დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით. ამდენად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა თავის საჩივარში ვერ გააქარწყლა სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება; შესაბამისად, საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ ზუ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

9. საპროცესო ხარჯები:

 

9.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2112-ე; 2114-ე; ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; 372-ე; 383-ე; 386-ე; 390-ე; 391-ე, 397-ე მუხლებით,გ ა ნ ა ჩ ი ნ ა:

 

1. ზუ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

მოსამართლე: გიორგი გოგიაშვილი