განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.09.2019
საქმის ნომერი
080310017002157141
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა–არარსებობის დადგენის შესახებ
თარიღი
27.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310017002157141 (3/ბ-133-2019წ.)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

27 სექტემბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ხათუნა ხომერიკი

 

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ-----–- ქ---–--ე

 

მესამე პირები - სსიპ შემოსავლების სამსახური (ასკ-ის 16.1 მუხლით), სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (ასკ-ის 16.2 მუხლით)

 

დავის საგანი - სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და მ-----–- ქ---–--ის სარჩელის უარყოფა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2017 წლის 06 ოქტომბერს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ-----–- ქ---–--ემ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის, ვანის სამომხმარებლო კოოპერატივის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის მიმართ.

 

სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენა, კერძოდ, ვანის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2000 წლის 28 სექტემბრის N6 განკარგულების ნამდვილობის აღიარება.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ 2000 წლის 28 სექტემბერს ვანის აღმასრულებლის მიერ გამართულ აუქციონზე მოსარჩელემ შეიძინა რ-----–---ის საკუთრებაში არსებული მაღაზიის შენობა, მდებარე: ქ. ვანი, რ---------–ის ქუჩა N3 (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია). მან იმავე დღეს სრულად გადაიხადა აუქციონის წესით შეძენილი უძრავი ნივთის ღირებულება და ვანის აღმასრულებლის გოგიტა ვაშაყმაძის მიერ გაცემულ იქნა N6 განკარგულება.

 

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ აღმასრულებლის მიერ გაცემული მსგავსი განკარგულების საფუძველზე, სხვა პირებმა, რომლებმაც ასევე აუქციონზე შეიძინეს ქონება, დაირეგისტრირეს კიდეც შეძენილი ქონება საჯარო რეესტრში, მას კი არ დაუკმაყოფილეს რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნა და აცნობეს, რომ აღნიშნული აუქციონის შესახებ მონაცემები არ იძებნებოდა. მოსარჩელემ ასევე მიმართა სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა ჩატარებული აუქციონის საქმის მასალები, რაზეც განუმარტეს, რომ საქმე არქივში არ იყო დაცული.

 

მოსარჩელეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი, იმ საფუძვლით რომ მოსარჩელე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროსთან ერთად მოპასუხედ ასევე ასახელებდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრს, ვანის სამომხმარებლო კოოპერატივს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისს, თუმცა მათ მიმართ მოთხოვნა არ ჰქონდა მითითებული და ასევე დავის საგნის ფაქტობრივ გარემოებებში არ მიუთითებდა მათი მხრიდან არამართლზომიერი მოქმედებების შესახებ, რამაც გამოიწვია მოსარჩელის უფლების დარღვევა. ამდენად მოსარჩელეს მოეთხოვა მოპასუხეთა წრის დაზუსტება.

 

2017 წლის 19 ოქტომბრის განცხადებით მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და მიუთითა, რომ მის აღიარებით სარჩელზე მოპასუხეს წარმოადგენს მხოლოდ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო და მოითხოვა ვანის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2000 წლის 28 სექტემბერს გაცემული N6 განკარგულების ნამდვილობის აღიარება.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით მ-----–- ქ---–--ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

 

მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნო და მისი უარყოფა მოითხოვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით მ-----–- ქ---–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგინდა სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, კერძოდ, აღიარებული იქნა ვანის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2000 წლის 28 სექტემბერს გაცემული N6 განკარგულების ნამდვილობა. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხე იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მ-----–- ქ---–--ის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლომ დაადგინა, რომ მ-----–- ქ---–--ე რეგისტრირებულია მეწარმე სუბიექტად, ს/კ -1-------- (ძველი), 1----------; იურიდიული მისამართი - ვანის რაიონი, სოფელი სალხინო; ეკონომიკური საქმიანობის მისამართია - ვანი, რ---------–ის ქ. N3 (უნ.კოდი 0001).

2000 წლის 28 სექტემბერს ვანის რაიონულ სასამართლოში ჩატარდა აუქციონი, სადაც წარმოდგენილი იქნა ვანის რ-----------–---ის უძრავ-მოძრავი ქონება. აუქციონზე გამოცხადდა მყიდველი მ-----–- ქ---–--ე, რომელმაც სურვილი გამოთქვა აღნიშნული ქონებიდან მხოლოდ ვანის რ-----------–---ის კუთვნილი N1 მაღაზიის შეძენაზე. რომელშიც მ-----–- ქ---–--ე აწარმოებდა სავაჭრო საქმიანობას. მ-----–- ქ---–--ის მიერ გადახდილ იქნა მაღაზიის მთლიანი ღირებულება - 2500 ლარი, რომელიც იმავე დღეს შეტანილი იქნა ვანის რაიონული სააღსრულებო ბიუროს დეპოზიტურ ანგარიშზე.

 

ვანის რ-----–---ის თავმჯდომარის 2017 წლის 19 აპრილის ცნობით დადგენილია, რომ მ-----–- ქ---–--ემ 2000 წლის 28 სექტემბერს ვანის სააღსრულებო ბიუროს მიერ ვანის რ-----–---ის სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების გამო გამართულ აუქციონზე შეიძინა ვანის რ-----–---ის ყოფილი მაღაზია N1, მდებარე: ქ. ვანი, რ---------–ის ქუჩაზე, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორია და მის სახელზე გაიცა ვანის სააღსრულებო ბიუროს მიერ N6 განკარგულება.

 

2017 წლის 18 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულ ოფისს განცხადებით მიმართა მ-----–- ქ---–--ემ და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ქალაქ ვანში, რ---------–ის ქუჩაზე მდებარე 25 კვ.მ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მ-----–- ქ---–--ის მიერ წარდგენილი იქნა საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები, ვანის რაიონული სააღსრულებო ბიუროს 2000 წლის 28 სექტემბრის N6 განკარგულება.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 ივლისის N3----- გადაწყვეტილებით მ-----–- ქ---–--ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოძიებული დოკუმენტაციით/ ინფორმაციით არ დასტურდებოდა ქალაქ ვანში, რ---------–ის ქუჩაზე არსებული უძრავ ნივთზე მ-----–- ქ---–--ის საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი. გადაწყვეტილებაში ასევე განმარტებულია, რომ ვანის რაიონული სააღსრულებო ბიუროს 2000 წლის 28 სექტემბრის N6 განკარგულებაში არ არის მითითებული აუქციონზე გადაცემული უძრავი ნივთის კონკრეტული მახასიათებლები.

 

ვანის რაიონულ სასამართლოში 2000 წლის 28 სექტემბერს გამართულ აუქციონზე მიღებული N6 განკარგულება, რომლითაც გასხვისდა ვანის რ----------------ის უძრავი ქონება მდებარე ქ. ვანში, რ---------–ის ქუჩაზე არსებული ფართი და ამ აუქციონთან დაკავშირებული დოკუმენტები საქართველოს ეროვნულ არქივში არ ინახება. ასევე არ ინახება ვანის რაიონულ სასამართლოში გამართული აუქციონის განკარგულებები და დოკუმენტაცია სსიპ საერთო სასამართლოების არქივში.

 

2000 წლის 28 სექტემბერს ვანის რაიონულ სასამართლოში ჩატარდა აუქციონი, სადაც წარმოდგენილი იქნა ვანის რ-----------–---ის უძრავ-მოძრავი ქონება. აუქციონზე გამოცხადდა მყიდველი ჯ------- პ-----ე, რომელმაც სურვილი გამოთქვა აღნიშნული ქონებიდან მხოლოდ ვანის რ-----------–---ის კუთვნილ N5 მაღაზიის 70%-ის შეძენაზე.

 

ქ. ვანის 2000 წლის 28 სექტემბრის N8 განკარგულების საფუძველზე ქ. ვანში, რ---------–ის ქ.N5-ში მდებარე ფართი აღირიცხა ჯ------- პ-----ის სახელზე.

 

ასევე დადგენილია, რომ ქ. ვანის 2000 წლის 28 სექტემბრის N5 განკარგულების საფუძველზე ქ. ვანში, ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ მდებარე ფართი აღირიცხა კ---- ძ-----ის სახელზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ძ-----ემ განმარტა, რომ ის არის ვანის რ-----------–---ის თავმჯდომარე. 2000 წლისთვის საბიუჯეტო დავალიანების გამო ყადაღა დაედო ვანის რ-----------–---ის ობიექტებს და დაიწყო სააღსრულებო წარმოება ვანის სააღსრულებო ბიუროს მიერ, აუქციონი ჩაატარა აღმასრულებელმა გოგიტა ვაშაყმაძემ 2000 წლის 28 სექტემბერს, სადაც ქ. ვანში რ---------–ის ქუჩაზე მდებარე N1 მაღაზია შეიძინა მ-----–- ქ---–--ემ, რომელიც იყო მისი თანამშრომელი.

 

მოწმის სახით დაკითხულმა კ---- ძ-----ემ განმარტა, რომ 2000 წლის 28 სექტემბერს ჩატარდა აუქციონი სასამართლოს შენობაში აღმასრულებელ გოგიტა ვაშაყმაძის მიერ. დარბაზში აუქციონში მონაწილე პირები ერთობლივად ესწრებოდნენ აუქციონს, სადაც მან და რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის მ-----–- ქ---–--ემ შეიძინა მაღაზია (დაახლოებით 24 კვ.მ). ყველამ ის მაღაზია შეიძინა რომელშიც თავად ახორციელებდა საქმიანობას.

 

მოწმე ც----- ბ----–---–მა განმარტა, რომ 2000 წლის ჩატარდა აუქციონი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მან და სხვადასხვა პირებმა, მათ შორის მ-----–- ქ---–--ემ, რომლებმაც აუქციონზე შეიძინეს მაღაზიები. მ-----–- ქ---–--ე წლების განმავლობაში მასთან ერთად მუშაობდა მის გვერდით მდებარე მაღაზიაში. მისივე განმარტებით, მ-----–- ქ---–--ემ შემდგომ 29.04.2015 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მისგან შეიძინა 18.00 კვ.მ ფართის მაღაზია, რომელიც ც----- ბ----–---–მა ასევე შეიძინა 2000 წლის 28 სექტემბერს ვანის აღმასრულებლის მიერ გამართულ აუქციონზე N7 განკარგულების საფუძველზე.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე უფლების ან სამართლებრივ ურთიერთობაში მოიაზრება კონკრეტული უფლებისა და შინაარსის ურთიერთობა რომელიც არსებობს ორ სუბიექტს შორის, და რომელიც, თავის მხრივ, ასევე მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებებისგან შედგება, რაც სამართლებრივი ნორმებიდან უნდა გამომდინარეობდეს. კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიდან, ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან და სხვ. ამდენად, სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენის აღიარების კანონიერი ინტერესი შესაძლოა წარმოიშვას კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე სუბიექტებს შორის. თავის მხრივ, სამართლებრივი ურთიერთობა მოიცავს სამ ელემენტს: კონკრეტული საქმის გარემოება, საჯარო სამართლებრივი ურთიერთობა და ურთიერთობა პირებს (სუბიექტებს) შორის. კონკრეტული დავის გათვალისწინებით მოპასუხე მხარე წარმოადგენს იმ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე სუბიექტს, რომლის მიმართაც არსებობს იურიდიული ინტერესის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენის თაობაზე. ამდენად, აღიარებითი სარჩელი, როგორც სარჩელის ერთ-ერთი სახე, ყოველთვის გულისხმობს მოდავე მხარეებს: მოსარჩელეს და მოპასუხეს. ამასთან მას წაეყენება დამატებითი წინაპირობა - კანონიერი ინტერესის არსებობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ასეთი სარჩელის აღძვრისას უნდა არსებობდეს ან პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება, ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში ან არარსებობაში. აღიარებითი სარჩელის განხილვისას პირველ რიგში უნდა დადგინდეს სარჩელის დაკმაყოფილების გზით შესაძლებელი გახდება თუ არა მოსარჩელის კანონით დაცული ინტერესის რეალიზება ანუ სასამართლოს გადაწყვეტილება უზრუნველყოფს თუ არა დაინტერესებული პირის ინტერესის დაცვას. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რრომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს დადგინდეს სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა მოსარჩელე მ-----–- ქ---–--ესა და მოპასუხე იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს შორის, კერძოდ, აღიარებული იქნეს ვანის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2000 წლის 28 სექტემბერს გაცემული N6 განკარგულების ნამდვილობა. მოთხოვნის დაკამყოფილების შემდეგ, ცხადია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელე მიმართავს საჯარო რეესტრს და მოახდენს უფლების რეგისტრაციას, ანუ მხარეს აქვს წინამდებარე სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესი.

 

სასამართლო წესით სარჩელის აღძვრის შესაძლებლობა სუბიექტური უფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც იცავს უფლებას გაქარწყლებისგან, არარად ქცევისგან. ამიტომაა, რომ საპროცესო სამართალში სარჩელის აღძვრის უფლების (სარჩელზე უფლების) არსებითი ელემენტია, უწინარეს ყოვლისა, თავად უფლების არსებობა მატერიალური შინაარსით რომლის დაცვის ღირსი ინტერესიც მოსარჩელეს გააჩნია. თუკი განცხადებულ მოთხოვნაზე უფლება ნამდვილად ეკუთვნის მოსარჩელეს და მას ნამდვილად აქვს ამ უფლების დაცვაზე კანონიერი ინტერესი, ხოლო სადავოდ გამხდარ უფლებაზე ვალდებულ პირს ნამდვილად წარმოადგენს მოპასუხე, მაშინ საქმის განხილვისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა _ მხარეთა ლეგიტიმური შემადგენლობა სახეზეა.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ 2000 წლის 28 სექტემბერს ვანის რაიონულ სასამართლოში ჩატარდა აუქციონი, სადაც წარმოდგენილი იქნა ვანის რ-----------–---ის უძრავ - მოძრავი ქონება. აუქციონზე გამოცხადდა მყიდველი მ-----–- ქ---–--ე, რომელმაც სურვილი გამოთქვა აღნიშნული ქონებიდან მხოლოდ ვანის რ-----------–---ის კუთვნილ NI მაღაზიის შეძენაზე, რომელშიც მ-----–- ქ---–--ე ახორციელებდა სავაჭრო საქმიანობას. მ-----–- ქ---–--ის მიერ გადახდილ იქნა მაღაზიის მთლიანი ღირებულება 2500 ლარი, რომელიც იმავე დღეს შეტანილი იქნა ვანის რაიონული სააღსრულებო ბიუროს დეპოზიტურ ანგარიშზე. დადგენილია, რომ მ-----–- ქ---–--ის სახელზე გაიცა ვანის სააღსრულებო ბიუროს მიერ N6 განკარგულება.

საქალაქო სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა, დაადასტურეს, რომ 2000 წლის 28 სექტემბერს ვანის რაიონულ სასამართლოში ჩატარდა აუქციონი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მ-----–- ქ---–--ემ და შეიძინა ვანის რ-----------–---ის კუთვნილ NI მაღაზია.

სადავო პერიოდში მოქმედი ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 74-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო აქტებს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღასრულებენ სასამართლო აღმასრულებლები. 1999 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც ახლებურად მოწესრიგდა საერთო სასამართლოებისა და ადმინისტრაციული თანამდებობის პირების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების წესი და პირობა. ამავე კანონით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაევალა კანონის მიღებისთანავე უზრუნველყოს სააღსრულებო სამსახურების შექმნა და სასამართლო აღმასრულებელთა სწავლების ორგანიზაცია.

 

,,სააღსრულებო სამსახურის ტერიტორიული ორგანოების - სააღსრულებო ბიუროების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 20 მაისი №145 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს სააღსრულებო სამსახურის ტერიტორიული ორგანოს-სააღსრულებო ბიუროს ტიპიური დებულება, რომლის მე-9 მუხლის შესაბამისად, ბიუროს მიზანია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აქტების აღსრულება და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

 

ამდენად საქალაქო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----–- ქ---–--ის სარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო, შესაბამისად, დადგინდა სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა მოსარჩელე მ-----–- ქ---–--ესა და მოპასუხე იმერეთის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს შორის იმის შესახებ, რომ ვანის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2000 წლის 28 სექტემბერს გაცემული N6 განკარგულების ნამდვილია.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში 3/ბ-133-2019 (მოსარჩელე: მ-----–- ქ---–--ე, მოპასუხეე: სხდომაზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე ჩაება სსიპ შემოსავლების სამსახური (ს/ნ 204525585), ხოლო 16.2 მუხლის საფუძველზე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (ს/ნ 205005910).

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურომ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და მ-----–- ქ---–--ის სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

 

აპელანტის განმარტებით, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 75-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით (28.09.2000 წ. მდგომარეობით) სააღსრულებო წარმოების ფარგლებში იძულებით აუქციონზე უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად, სათანადო წინაპირობების არსებობისას გამოიცემა განკარგულება, რომელიც წარმოადგენს საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტს, შესაბამისად პირს, რომლის სასარგებლოდაც გაიცა განკარგულება უჩნდება შესაძლებლობა ისარგებლოს მესაკუთრის უფლებამოსილებით. თუმცა გასათვალისწინებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლი, რომლის მიხედვით უძრავ ნივთზე საკუთრების მოპოვება უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივ და ფორმალური სამართლებრივი პირობების ერთდროულ არსებობას, კერძოდ, აუცილებელია მატერიალურ-სამართლებრივი გაგებით უფლების დამდგენი დოკუმენტი წარდგენილ იქნას მარეგისტრირებელ ორგანოში და უძრავი ნივთი აღირიცხოს შემძენის სახეზე, ანუ შესრულდეს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობისთვის აუცილებელი ფორმალურ-სამართლებრივი წინაპირობა.

 

მოცემული დავის ფარგლებში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს უფლების არსებობა-არარსებობის დადგენა, კერძოდ, N6 განკარგულების ნამდვილობის აღიარება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მიხედვით აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. ზეოაღნიშნულული მუხლი აღიარებით სარჩელს დავის საგნის მიხედვით ყოფს რამდენიმე სახედ, თუმცა განურჩევლად იმისა, რა სახის აღიარებითი სარჩელი იქნება აღძრული, სავალდებულია რომ სარჩელი იყოს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცვის საშუალება და პირის უფლებებში აღდგენის წინაპირობა.

 

მოსარჩელის ინტერესი სარჩელის მიმართ გამოიხატება იმაში, რომ მოახდინოს აუცქიონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რაც სარჩელის დაკმაყოფილებით მიიღწევა, შესაბამისად მოსარჩელის კანონით დაცული ინტერესის რეალიზება შესაძლებელი გახდება სასამართლოს გადაწყვეტილებით.

 

აპელანტის მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ არასწორად დაადგინა სამართალურთიერთობის მონაწილე მხარე - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო, ამასთან არ გამოიკვლია სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, კერძოდ ის უფლებამოსილი პირი, რომელსაც სადავო უძრავ ნივთზე გააჩნია საკუთრების უფლება, ვინაიდან ეს უკანასკნელი საქმეში უნდა ყოფილიყო მოწვეული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლით გათვალისწინებული მესამე პირის სტატუსით, რადგან უდავოა, რომ სასამართლოს სადავო გადაწყვეტილება შეეხო მის საკუთრების უფლებას, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მოვალედ, რომლის ქონების რეალიზაცია მოხდა სადავო აუქციოზე, მიიჩნია ვანის რ-----–---ი, საქმეში არ დევს მტკიცებულება იმისა, რომ სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეს სწორედ ეს უკანასკნელი წარმოადგენს.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტი თვლის, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას არასწორად მიიჩნია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო იმ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილედ, რომლის დადგენის მიზნითაც წარდგენილ იქნა აღიარებითი სარჩელი და საქმეში არ ჩართო სადავო ქონებაზე რეალური უფლებრივი ინტერესის მქონე პირი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებულ მხარეთა და მესამე პირთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს ვანის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2000 წლის 28 სექტემბერს გამოცემული N6 განკარგულების ნამდვილობის აღიარებას.

 

მოსარჩელის მოთხოვნისა და საქმის ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ადმინისტრაციული სარჩელის ერთ-ერთი ფორმა - აღიარებითი სარჩელი, ვინაიდან მოსარჩელის კანონიერ ინტერესს წარმოადგენს მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების მიმართ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენა, რაც საბოლოოდ (იურიდიული ინტერესი) საკუთრების უფლების წარმოშობას გულისხმობს.

 

პირმა თავისი უფლების დასაცავად უნდა გამოიყენოს ისეთი სახის სარჩელი, რომელიც მას იურიდიულად მისცემს შესაძლებლობას, მოიპოვოს საკუთრების უფლება ამა თუ იმ ქონებაზე. აღიარებითი სარჩელის აღძვრა უნდა გამომდინარეობდეს მოსარჩელის სამართლებრივი ინტერესებიდან აღიარებითი სარჩელის სპეციალური ფორმის მიმართ და ამავე დროს აღიარებითი სარჩელი დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს.

 

აღიარებითი სარჩელის აღძვრის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით, რომლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას, თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22-24-ე მუხლების საფუძველზე.

 

პალატა მიუთითებს, რომ აღიარებითი სარჩელის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მისი მიზანია სასამართლო გადაწყვეტილებით მოხდეს მხარეთა უფლებებისა და სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის, ასევე დოკუმენტის ნამდვილობის დადგენა. აღიარებითი სარჩელის მიზანი დავის მონაწილე მხარის უფლების თუ ურთიერთობების შექმნა-დაფიქსირებაა. ამდენად, აღიარებითი სარჩელის აღძვრა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც საქმის შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა შესაძლებლობა აღეძრა შეცილებითი ან მავალდებულებელი სარჩელი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე-24-ე მუხლებით დადგენილი საფუძვლით, ანუ პირიქით რომ ითქვას, შეცილებისა და მავალდებულებელი სარჩელის აღძვრის ფაქტობრივი შესაძლებლობა ობიექტურად უნდა გამორიცხავდეს, განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის მოთხოვნით, აღიარებითი სარჩელის აღძვრის იურიდიულ შესაძლებლობას.

 

აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების თავისებურება ასევე გამოიხატება იმაში, რომ იგი არ ითვალისწინებს გარკვეული მოქმედების განხორციელებას, ანუ სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებს - ადმინისტრაციულ ორგანოებს, არ ავალდებულებს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას საქმიანობის რომელიმე ფორმის მეშვეობით, რაც შესაძლოა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაინტერესებული პირის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდეს. ამდენად, აღიარებითი სარჩელი სახეზეა, როდესაც მოსარჩელე არ მოითხოვს მოპასუხისგან აქტის გამოცემას ან რაიმე ქმედების განხორციელებას და სამართლებრივი თვალსაზრისითაც აღნიშნული შეუძლებელია, რადგან აღიარებითი სარჩლის მოთხოვნას - საფუძველში უკვე უდევს გარკვეული სახის ურთიერთობა, რომელიც ხარვეზისა თუ სხვა გარემოების გამო დადასტურებას მოითხოვს, რის გამოც საკუთრების უფლების მინიჭება/აღდგენა/მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ აღიარებითი სარჩელით.

 

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში დააბრკოლა იმ გარემოებამ, უფლების დამდგენი დოკუმენტი, აღმასრულებლის განკარგულება და სააღსრულებო წარმოების მასალები დედნის სახით, რომლის ფარგლებშიც მან მოიპოვა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება _ არ იძებნება.

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ასევე ტექინვენტარიზაციის ბიუროს არქივის მონაცემებით მ-----–- ქ---–--ის ინტერესში შემავალი ქ. ვანში, რ---------–ის ქუჩა N3-ში (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია) მდებარე მაღაზიის შენობა ვისიმე საკუთრებად არ არის რეგისტრირებული.

 

ვანის რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის თავმჯდომარე გ.ძ-----ე 27.09.2019წ. N12 წერილით ადასტურებს, რომ 2000 წლის 28 სექტემბერს, ვანის რ-----–---ის სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების გამო გამართულ აუქციონზე, მ-----–- ქ---–--ემ შეიძინა ვანის რ-----–---ის ყოფილი მაღაზია N1 მდებარე - ვანი, რ---------–ის ქუჩა, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორია და ვანის სააღსრულებო ბიუროს მიერ შემძენის სახელზე გაიცა განკარგულება 28.09.2000წ. N6, რომელიც დაცულია სამომხმარებლო კოოპერატივის არქივში.

 

მესამე პირის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პოზიციით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა უძრავი ნივთის იდენტიფიცირების შესაძლებლობას (იხ. 27.09.2019წ. სხდ. ოქმი 17:03:40-17:04:38 სთ). სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ ვანის რ----------------ის აღიარებული საგადასახადო ვალდებულების უზრუნველსაყოფად განხორციელდა მისი კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაცია და ამით შესრულდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება, თუმცა ვინ გახდა ქონების შემძენი სამსახურისთვის უცნობია (იხ. 27.09.2019 წ. სხდ. ოქმი - 17:05:50-17:06:12 სთ).

 

რაც შეეხება თავად სასარჩელო მოთხოვნას, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას სადავო პერიოდში მოქმედი ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 74-ე მუხლზე, რომლის თანახმად სასამართლო აქტებს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღასრულებენ სასამართლო აღმასრულებლები. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონით, რომელიც ამოქმედდა 1999 წლის 15 მაისიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაევალა კანონის მიღებისთანავე უზრუნველეყო სააღსრულებო სამსახურების შექმნა და სასამართლო აღმასრულებელთა სწავლების ორგანიზაცია. ,,სააღსრულებო სამსახურის ტერიტორიული ორგანოების - სააღსრულებო ბიუროების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 20 მაისი №145 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს სააღსრულებო სამსახურის ტერიტორიული ორგანოს-სააღსრულებო ბიუროს ტიპიური დებულება, რომლის მე-9 მუხლის შესაბამისად, ბიუროს მიზანია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აქტების აღსრულება და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (2000 წელის 28 სექტემბერს მოქმედი რედაქციით) შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულებას ახორციელებენ სააღსრულებო ბიუროები სასამართლო აღმასრულებლის მეშვეობით, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამავე კანონის 26-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აღმასრულებელი სააღსრულებო მოქმედებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. სასამართლო აღმასრულებელს უფლება აქვს კრედიტორის მიერ კანონით გათვალისწინებული წინასწარი ხარჯის გაუღებლობის შემთხვევაში უარი თქვას გადაწყვეტილების აღსრულებაზე. ამავე კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულებას ახორციელებს ის სააღსრულებო ბიურო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც იმყოფება უძრავი ქონება. ამავე კანონის 75-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილ პირს, გადაეცემა შესაბამისი განკარგულება, რომელშიც უნდა აღინიშნოს შეძენილი ქონება, აუქციონზე ქონების შემძენი, შემოთავაზებული ფასი და აუქციონის პირობები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აუქციონზე ქონების შემძენს ევალება გადასახდელი თანხის ნაწილი ორი კვირის განმავლობაში შეიტანოს სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე. ხოლო, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, განკარგულება ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე. განკარგულების ძალაში შესვლის შემდეგ აუქციონზე ქონების შემძენს შეუძლია ამ ქონების მიმართ გამოიყენოს თავისი კანონიერი უფლება მხოლოდ ფასის სრული გადახდის შემდეგ.

 

მითითებული საკანონმდებლო ნორმის განმარტების საფუძველზე პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ 2000 წლის 28 სექტემბერს ვანის რაიონულ სასამართლოში ჩატარდა აუქციონი, სადაც წარმოდგენილი იქნა ვანის რ-----------–---ის უძრავ - მოძრავი ქონება. აუქციონზე გამოცხადდა მყიდველი მ-----–- ქ---–--ე, რომელმაც სურვილი გამოთქვა აღნიშნული ქონებიდან მხოლოდ ვანის რ-----------–---ის კუთვნილ NI მაღაზიის შეძენაზე, რომელშიც მ-----–- ქ---–--ე აწარმოებდა სავაჭრო საქმიანობას. მ-----–- ქ---–--ის მიერ გადახდილ იქნა მაღაზიის მთლიანი ღირებულება 2 500 ლარი, რომელიც იმავე დღეს შეტანილი იქნა ვანის რაიონული სააღსრულებო ბიუროს დეპოზიტურ ანგარიშზე. დადგენილია, რომ მ-----–- ქ---–--ის სახელზე გაიცა ვანის სააღსრულებო ბიუროს მიერ N6 განკარგულება.

 

საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა, დაადასტურეს, რომ 2000 წლის 28 სექტემბერს ვანის რაიონულ სასამართლოში ჩატარდა აუქციონი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მ-----–- ქ---–--ემ და შეიძინა ვანის რ-----------–---ის კუთვნილ NI მაღაზია.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. იგივე პრინციპებია განმტკიცებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. აღნიშნული ნორმების შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებითა და მოწმეთა ახსნა-განმარტებებით, რაც საქმეში მონაწილე სუბიექტთა განმარტებებთან ერთობლიობაში სააპელაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს გაიზიაროს მოსარჩელის მტკიცება და ის სამართლებრივად დასაბუთებულად მიიჩნიოს.

 

რაც შეეხება მოპასუხეთა მტკიცების ტვირთს, სასამართლო, მტკიცების საგნის განსაზღვრისას ხელმძღვანელობს მხარეთა მიერ სარჩელისა თუ შესაგებლის დასაბუთებისათვის მითითებული ფაქტებით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარემ ვერ გაართვა თავი თავისი წილი მტკიცების ტვირთს და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველჰყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ამყარებს თავის პოზიციას.

 

ამასთან საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად აპელანტი მიუთითებს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია სამართალურთიერთობის მონაწილე მხარედ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო. გაცემული განკარგულების ავთენტურობა, რომლის ნამდვილობის დადგენასაც მოსარჩელე მოითხოვდა, განკარგულების გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით ეჭვქვეშ არ დაუყენებია. ის ფაქტი, რომ არქივში დაცული არ არის იმ სააღსრულებო საქმის წარმოების მასალები, რომლის ფარგლებშიც გაიცა ვანის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 28 სექტემბრის N6 განკარგულება, ვერ გახდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, მითუმეტეს იმ პირობებში როცა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა განკარგულების ნამდვილობის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები (წერილობითი მტკიცებულებები, მოწმეთა ახსნა-განმარტებები).

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები

აპელანტ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი არ უბრუნდება სააპელაციო საჩივარზე უარყოფის გამო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე; 390-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).

 

ხათუნა ხომერიკი

მოსამართლე