განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.10.2019
საქმის ნომერი
330210118002570022
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
29.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/4046-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 ოქტომბერი 2019 წ. ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე _ მაია სულხანიშვილი

მოსამართლეები - ირაკლი ბონდარენკო, ნატალია ნაზღაიძე

 

სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშილი

 

აპელანტი - ქ------- ჭ------ე, დ-------- ჭ------ე

წარმომადგენელი - ი--- ჩ--–----–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე _ ო----- ბ-------–---–ი

წარმომადგენელი - დ----- გ-------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით, ქ------- ჭ------ის და დ-------- ჭ------ის სარჩელი ო----- ბ-------–---–ის მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. დადგენილია, რომ უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ჭ------–--ს ქუჩა №1--, დაზუსტებული ფართობი 155 კვ. მეტრი, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი N1, N2, საკადასტრო კოდი 0---------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ო----- ბ-------–---–ის სახელზე.

 

2.2. დადგენილია, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათების თანახმად, უძრავი ნივთი, მდებარე: მისამართზე ქ. თბილისი, ჭ------–--ს ქუჩა №--, შენობა-ნაგებობა ლიტერი ,,ა’’ (საცხოვრებელი), სართული 1, 250 კვ. მეტრი; ლიტერი ,,ბ-გ-ვც’’ (დამხმარე), ფართობი 40 კვ. მეტრი, რეგისტრირებულია გ------- ბ-------–---–ის საკუთრების უფლებით.

 

2.3. დადგენილია, რომ ქ------- ჭ------ე 1983 წლის 22 აპრილიდან რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, ჭ------–--ს ქუჩა №--. ამავე მისამართზეა რეგისტრირებული დ-------- ჭ------ე 2002 წლის 11 ოქტომბრიდან.

 

2.4. დადგენილია, რომ ქ------- ჭ------ის მამა და დ-------- ჭ------ის მეუღლე - ნ------- ჭ------ე გარდაიცვალა 2002 წლის 14 ნოემბერს.

 

2.5. დადგენილია, რომ დ-------- ჭ------ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ო----- ბ-------–---–ის მიმართ და მოითხოვა ო----- ბ-------–---–ისთვის ქ. თბილისში, ჭ------–--ს ქუჩა №1---ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 0---------------) გაუმჯობესების შედეგად ფასთა შორის სხვაობის 6412 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 აპრილის №2-------- გადაწყვეტილებით დ-------- ჭ------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ო----- ბ-------–---–ს დ-------- ჭ------ის სასარგებლოდ დაეკისრა 4274,67 აშშ დოლარის გადახდა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის განჩინებით, მხარეთა მორიგების გამო შეწყდა საქმის წარმოება დ-------- ჭ------ის სარჩელზე მოპასუხე ო----- ბ-------–---–ის მიმართ და ამავე განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 აპრილის №2-------- გადაწყვეტილება. მორიგების პირობის თანახმად, ო----- ბ-------–---–მა აიღო ვალდებულება, დ-------- ჭ------ეს გადაუხადოს 2500 აშშ დოლარი 2018 წლის 12 ოქტომბრამდე. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის განჩინება აღსრულებულია.

 

2.6. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივნისის №2--------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ო----- ბ-------–---–ის სარჩელი მოპასუხე დ-------- ჭ------ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე. დადგინდა, რომ გამოთხოვილი იქნას მოპასუხე დ-------- ჭ------ის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისში, ჭ------–--ს ქუჩა №1---ში (ს/კ 0---------------) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს ო----- ბ-------–---–ის. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივნისის №2--------- გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და მასზედ გაცემულია სააღსრულებო ფურცელი.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.7. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა მითითება, რომ ისინი წარმოადგენენ ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლე პირებს უძრავ ნივთზე თბილისი, ჭ------–--ს ქ. №1--, კერძოდ: ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები მოითხოვენ დადებულად იქნას ცნობილი 1983 წლის 27 მარტს ნ------- ჭ------ესა და თ------ ბ-------–---–ს შორს გაფორმებული ხელშეკრულება საცხოვრებელ სადგომზე მდებარე თბილისი, ჭ------–--ს ქ. №1-- და მიუთითებენ, რომ ისინი წარმოადგენენ აღნიშნული უძრავი ქონების კანონიერ მოსარგებლეებს.

 

სასამართლოს შეფასებით, მართალია საქმეში წარმოდგენილია 1983 წლის 27 მარტით დათარიღებული მოსარჩელეთა მეუღლისა და მამის - ნ------- ჭ------ესა და მოპასუხის მამის - თ------ი ბ-------–---–ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის თანახმად თ------ ბ-------–---–მა 12000 მანეთად მიყიდა ნ------- ჭ------ეს ერთი ოთახი აივნით უძრავი ქონებისა მდებარე ქ. თბილისი, ჭ------–--ს ქუჩა №-- (ს.ფ. 21), მაგრამ საყურადღებოა, რომ საქმეში თავად მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილია კიდევ ერთი ხელწერილი, რომლის შესაბამისად 1989 წელს ნ------- ჭ------ემ ყ------ ბ-----ს დაუთმო ერთი ოთახი და სარდაფი, საცხოვრებლად და სახელოსნოს მოწყობისათვის, რის სანაცვლოდაც ნ------- ჭ------ემ მიიღო 17000 მანეთი, საიდანაც 3000 მანეთს იგი გადაუხდიდა სახლის მეპატრონეს ბ-------–---–ს (ს.ფ. 27). აღნიშნული ხელშეკრულებები მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ ნ------- ჭ------ემ დათმო თ------ ბ-------–---–ისაგან მიღებული საცხოვრებელი სადგომი. თ------ ბ-------–---–ისაგან შეძენილი ფართი რომ სრულად დაუთმო ნ------- ჭ------ემ ყ------ ბ-----ს, დაადასტურა თავად მოსარჩელემ (იხ. სხდომის ოქმი 08.02.2019, 13:05:45 - 13:08:00). საქმეში წარმოდგენილი სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათით (ს.ფ. 30-32) დასტურდება, რომ ყ------ი ბ-----ის მეუღლე ფ-–------–-- შ---–---–ი (იხ. ქორწინების მოწმობა ს.ფ. 28) რეგისტრირებული იყო მისამართზე ჭ------–--ს ქუჩა №--. ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა. მოცემულ შემთხვევაში მართალია მოსარჩელე ქ------- ჭ------ის რეგისტრაცია მისამართზე განხორციელებულია 1983 წლის 22 აპრილის, მაგრამ საქმეში წარმოდგენილი კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრები (ს.ფ. 96-99) და სს ,,თელასის’ მიერ გაცემული აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 82-94) ადასტურებს, რომ მისამართზე ჭ------–--ს ქუჩა №-- აბონენტს წარმოადგენდა ბ-----ი და არა მოსარჩელეთა ოჯახი.

 

მართალია მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ მათ მიერ მოხდა ყ------ ბ-----ისაგან საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა, მაგრამ გარდა იმისა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება, ამასთან სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თავად მოსარჩელეთა განმარტებით გამოსყიდვა მოხდა 1999 წელს (იხ. 13.02.2019, 15:18:30 – 15:25:20), ხოლო ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონი არეგულირებს 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ ურთიერთობებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის 7 შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების და საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელეთა მითითებას, რომ მოწმეების ი------- შ-----–--ს, ც---- ბ-------–---–ის და ჯ---–----- ზ--------ს ჩვენებით დასტურდება, რომ ისინი წარმოადგენენ ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლე პირებს უძრავ ქონებაზე მდებარე ჭ------–--ს ქუჩა №1--.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ბ’’ პუნქტის შესაბამისად მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივნისის №2--------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ო----- ბ-------–---–ის სარჩელი მოპასუხე დ-------- ჭ------ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე. დადგინდა, რომ გამოთხოვილი იქნას მოპასუხე დ-------- ჭ------ის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისში, ჭ------–--ს ქუჩა №1---ში (ს/კ 0---------------) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს ო----- ბ-------–---–ის. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივნისი №2--------- გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და მასზედ გაცემულია სააღსრულებო ფურცელი.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელე დ-------- ჭ------ის მითითება, რომ იგი წარმოადგენს კანონიერ მოსარგებლეს უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისში, ჭ------–--ს ქუჩა №1--. რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 აპრილის №2-------- გადაწყვეტილებას, რომლითაც დ-------- ჭ------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ო----- ბ-------–---–ს დ-------- ჭ------ის სასარგებლოდ დაეკისრა 4274,67 აშშ დოლარის გადახდა, პირველ რიგში სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ დასახელებული გადაწყვეტილება გაუქმებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის განჩინებით და შესაბამისად მასზედ დადგენილ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება ვერ მოხდება. ამავდროულად საყურადღებოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, დ-------- ჭ------ე არის არამართლზომიერი კეთილსინდისიერი მფლობელი, რაც არ ადასტურებს დ-------- ჭ------ის კანონიერ სარგებლობას სადაო საცხოვრებელ სადგომზე.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.8. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.

 

ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე.

 

დადგენილია, რომ უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ჭ------–--ს ქუჩა №1--, დაზუსტებული ფართობი 155 კვ. მეტრი, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი N1, N2, საკადასტრო კოდი 0---------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ო----- ბ-------–---–ის სახელზე. ასევე დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათების თანახმად უძრავი ნივთი მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ჭ------–--ს ქუჩა №--, შენობა-ნაგებობა ლიტერი ,,ა’’ (საცხოვრებელი), სართული 1, 250 კვ. მეტრი; ლიტერი ,,ბ- გ-ვც’’ (დამხმარე), ფართობი 40 კვ. მეტრი, რეგისტრირებული იყო გ------- ბ-------–---–ის საკუთრების უფლებით, რომელიც წარმოადგენს მოპასუხის პაპას.

 

საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოსარგებლე, რომელმაც მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადო წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება და რომელიც არანაკლებ 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ სადგომს, უფლებამოსილია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა (ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ სარჩელი).

 

სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, მართალია საქმეში წარმოდგენილია 1983 წლის 27 მარტით დათარიღებული მოსარჩელეთა მეუღლისა და მამის - ნ------- ჭ------ესა და მოპასუხის მამის - თ------ი ბ-------–---–ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის თანახმად თ------ ბ-------–---–მა 12000 მანეთად მიყიდა ნ------- ჭ------ეს ერთი ოთახი აივნით უძრავი ქონებისა მდებარე ქ. თბილისი, ჭ------–--ს ქუჩა №--, მაგრამ საქმეში წარმოდგენილია კიდევ ერთი ხელწერილით და მხარეთა განმარტებით დასტურდება, რომ 1989 წელს ნ------- ჭ------ემ 17 000 მანეთის გადახდის სანაცვლოდ ყ------ ბ-----ს დაუთმო თ------ ბ-------–---–ისაგან შეძენილი ფართი.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო ფაქტობრივი გარემოებები, რომ მოსარჩელეები წარმოადგენდნენ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლე პირებს, რომლებიც უძრავ ნივთს ფლობენ არანაკლებ 30 წლის განმავლობაში უწყვეტად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტების განმარტებით, მოსამართლემ არასწორად მიუთითა, რომ მოსარჩელემ სრულად დაუთმო საცხოვრებელი სადგომი სხვა მოსარგებლეს, პირიქით, მან არაერთხელ განმარტა, რომ მხოლოდ სახელოსნო დაუთმო ყ------ ბ-----ს (მოწყობილი ჰქონდა საძინებელიც) და თვითონ ამავე ფართში რეგისტრირებულ ყ------ ბ-----ის მეუღლესთან-ფ-–------–-- შ---–---–თან ერთად ცხოვრობდა ზემოთ ოთახში, ამავე მისამართზე და არ შეუწყვეტია აღნიშნული ფართით სარგებლობა. აპელანტების განმარტებით, მოსამართლემ ყურადღება არ მიაქცია წარმოდგენილ მტკიცებულებებს და იმ გარემოებას, რომ ელექტრო ენერგიის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები და "თელასის" ბრუნვის ისტორიის ამონაწერი, სადაც აბონენტად მითითებულია ყ------ ბ-----ი, გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ელ. ენერგიის დამონტაჟება და გამრიცხველიანება მოხდა ყ------ ბ-----ის მიერ ფართით სარგებლობის დროს, შესაბამისად, აბონენტის შეცვლა არ მომხდარა, ხოლო ის გარემოება, რომ აღნიშნული ქვითრები ხელთ ჰქონდათ მოსარჩელეებს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი იყვნენ ერთადერთი მოსარგებლეები.

 

აპელანტები ასევე უთითებენ, რომ სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი, ვერ შეძლო დაესაბუთებინა საწინააღმდეგო მოსაზრება იმის შესახებ, რომ ისინი, რეალურად, წარმოადგენენ “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლე პირებს უძრავ ნივთზე თბილისი, ჭ------–--ს ქ.№1--. ამასთან, მოსამართლემ არ ჩათვალა მოსარჩელეები მოსარგებლეებად იმის მიუხედავად, რომ ისინი კანონის ამოქმედების მომენტიდან ფაქტობრივად ფლობენ საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის საფუძველზე - მოპასუხესთან (მამასთან-თ------ ბ-------–---–თან) დადებული აქვთ არასანოტარო ფორმის ნასყიდობის ხელშეკრულება, რეგისტრირებულნი არიან აღნიშნულ მისამართზე, მათ შორის - ქ------- ჭ------ე 1983 წლიდან და დღემდე იხდიან კომუნალურ გადასახადებს.

 

აპელანტები უთითებენ, რომ სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის მხოლოდ ზეპირსიტყვიერ განმარტებას, რომ მოსარჩელის მიერ ყ------ ბ-----ისგან ფართის გამოსყიდვა მოხდა 1999 წელს და ამიტომ ის არ არის 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილი ურთიერთობა. აპელანტები განმარტავენ, რომ მოსარჩელე ქ------- ჭ------ეს არ შეუწყვეტია სადავო ფართით სარგებლობა, შესაბამისად, მასა და ყ------ ბ-----ს (მეუღლე- ფ-–------–-- შ---–---–ს) შორის რეალურად (შინაარსობრივად) ჰქონდათ დადებული გარიგება დათმობის შესახებ საცხოვრებელი სადგომზე. შესაბამისად, მფლობელობის უფლება ჰქონდათ მიღებული გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ, რასაც არ სჭირდებოდა რაიმე დამატებითი დოკუმენტი გამოსყიდვის შესახებ. მხარის განმარტებით, გამოისყიდიდა თუ არა მოსარჩელე აღნიშნული სადგომის ნაწილს ბ-----ისაგან, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია, რადგანაც თავადვე აგრძელებდა ამავე ფართში ცხოვრებას და მით უმეტეს, მათი ურთიერთობიდან (ახლო ნათესავი) გამომდინარე, არ იყო მისი დოკუმენტურად დადასტურების საჭიროება.

 

ამდენად, აპელანტთა შეფასებით, მოსამართლემ სრულიად დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მოწმეთა ჩვენება, რომელთაც დაადასტურეს, რომ მოსარჩელეები არიან კანონით "საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” გათვალისწინებული პირები. ამასთან, აპელანტების აზრით, იურიდიულად არასწორადაა განმარტებული სასამართლოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ 2018 წლის 12 ივლისის სასამართლოს გადაწყვეტილებით დ-------- ჭ------ე არის არამართლზომიერი კეთილსინდისიერი მფლობელი, რაც არ ადასტურებს დ-------- ჭ------ის კანონიერ სარგებლობას სადავო საცხოვრებელ სადგომზე. ის გარემოება, რომ დედა-შვილი დ-------- და ქ------- ჭ------ეები არიან მფლობელები და ,,კეთილსინდისიერების" ცნების განმარტება ამ შემთხვევაში გავლენას არ ახდენს მოსარჩელეთა მიერ აღნიშნული სადგომით მრავალი წლის მანძილზე უწყვეტად სარგებლობის ფაქტზე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ჭ------–--ს ქუჩა №1--, დაზუსტებული ფართობი 155 კვ. მეტრი, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი N1, N2, საკადასტრო კოდი 0---------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ო----- ბ-------–---–ის სახელზე.

დადგენილია, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათების თანახმად, უძრავი ნივთი, მდებარე: მისამართზე ქ. თბილისი, ჭ------–--ს ქუჩა №--, შენობა-ნაგებობა ლიტერი ,,ა’’ (საცხოვრებელი), სართული 1, 250 კვ. მეტრი; ლიტერი ,,ბ-გ-ვც’’ (დამხმარე), ფართობი 40 კვ. მეტრი, რეგისტრირებულია გ------- ბ-------–---–ის საკუთრების უფლებით.

ქ------- ჭ------ე 1983 წლის 22 აპრილიდან რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, ჭ------–--ს ქუჩა №--. ამავე მისამართზეა რეგისტრირებული დ-------- ჭ------ე 2002 წლის 11 ოქტომბრიდან.

ქ------- ჭ------ის მამა და დ-------- ჭ------ის მეუღლე - ნ------- ჭ------ე გარდაიცვალა 2002 წლის 14 ნოემბერს.

დ-------- ჭ------ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ო----- ბ-------–---–ის მიმართ და მოითხოვა ო----- ბ-------–---–ისთვის ქ. თბილისში, ჭ------–--ს ქუჩა №1---ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 0---------------) გაუმჯობესების შედეგად ფასთა შორის სხვაობის 6412 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 აპრილის №2-------- გადაწყვეტილებით დ-------- ჭ------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ო----- ბ-------–---–ს დ-------- ჭ------ის სასარგებლოდ დაეკისრა 4274,67 აშშ დოლარის გადახდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის განჩინებით, მხარეთა მორიგების გამო შეწყდა საქმის წარმოება დ-------- ჭ------ის სარჩელზე მოპასუხე ო----- ბ-------–---–ის მიმართ და ამავე განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 აპრილის №2-------- გადაწყვეტილება. მორიგების პირობის თანახმად, ო----- ბ-------–---–მა აიღო ვალდებულება, დ-------- ჭ------ეს გადაუხადოს 2500 აშშ დოლარი 2018 წლის 12 ოქტომბრამდე. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის განჩინება აღსრულებულია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივნისის №2--------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ო----- ბ-------–---–ის სარჩელი მოპასუხე დ-------- ჭ------ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე. დადგინდა, რომ გამოთხოვილი იქნას მოპასუხე დ-------- ჭ------ის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისში, ჭ------–--ს ქუჩა №1---ში (ს/კ 0---------------) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს ო----- ბ-------–---–ის. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19

ივნისის №2--------- გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და მასზედ გაცემულია სააღსრულებო ფურცელი.

4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ; მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად უნდა დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტების არსებობა–არარსებობის საკითხი. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში, ურთიერთშეჯერებით და მხოლოდ ამის შემდეგ ღებულობს დასკვნას საქმისათვის მნიშნელოვანი გარემოებების არსებობის შესახებ.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატა ვერ გაითვალისწინებს აპელანტების მტკიცებას მასზედ, რომ სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა საქმის მასალები არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები.

 

პალატა განმარტავს, რომ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ, თავისი შინაარსით, არატიპურ სახელშეკრულებო ურთიერთობას წარმოადგენდა და იგი საბჭოთა სინამდვილეში ფაქტობრივი ქონებრივი ურთიერთობის სახით არსებობდა. ეს სახელშეკრულებო ურთიერთობა შეიცავდა სხვადასხვა გარიგების ნიშნებს (ქირავნობა, სესხი, გირავნობა), თუმცა დაუხმარებლად რადიკალურად განსხვავდებოდა მათგან თავისი შინაარსით და სპეციფიკური პირობებით, კერძოდ, მისი არსებობისას: მოსარგებლე მესაკუთრეს ერთჯერადად უხდიდა გარკვეული რაოდენობის თანხას ფართის სარგებლობაში მიღების სანაცვლოდ, ამასთან, მესაკუთრეს ყოველთვიურად უხდიდა ბინის ქირასაც; მოსარგებლე რეგისტრირდებოდა საცხოვრებელ ფართში და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს; მესაკუთრის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში, მოსარგებლე ვალდებული იყო, გამოეთავისუფლებინა დაკავებული ფართი, თუმცა, ხშირ შემთხვევებში, მესაკუთრე თანხას ვერ აბრუნებდა, ურთიერთობა ხანგრძლივ ხასიათს იღებდა და უფლება მემკვიდრეებზე გადადიოდა; მესაკუთრის მიერ საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის უფლების გადაცემა მოსარგებლეზე ფაქტობრივად ხდებოდა „სამუდამოდ“, ანუ ეს ურთიერთობა არ ატარებდა დროებით (ხანმოკლე) ხასიათს; ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარგებლე იძენდა დათმობილი სარგებლობის უფლების გასხვისების შესაძლებლობასაც, რაც მოსარგებლეთა შეცვლას იწვევდა. ამ სპეციფიკური ნიშნებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების სუბიექტთა სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება მსგავსი ხელშეკრულებების (ქირავნობა, სესხი, გირავნობა) ნორმებით შეუძლებელი იყო და კანონმდებელმაც სპეციალური კანონით მოწესრიგებას დაუქვემდებარა.

 

,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინში ,,მოსარგებლედ“ მოიაზრება პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობდა საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო განსახილველი ნორმის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ტერმინი ,,რეგისტრაცია“ განიმარტება, როგორც საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონის ამოქმედებამდე არსებული წესით რეგისტრაცია (ჩაწერა) საცხოვრებელ ფართობში. განსახილველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე - მათ უფლებამონაცვლეებზე. ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე ცალსახად ჩანს, რომ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების არსებობის დასამტკიცებლად არ არის აუცილებელი მხარეთა მიერ ამ ურთიერთობის დამადასტურებელი გარიგების წარდგენა. ამისათვის კანონი საკმარისად მიიჩნევს სადავო სახლში რეგისტრაციას, კომუნალური გადასახადების გადახდის ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდის ფაქტის არსებობას.

 

პალატა განმარტავს, რომ ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგებისთვის აუცილებელი ერთ-ერთი პირობა - სადავო ქონებაში რეგისტრაციის ფაქტის არსებობა, - ნაწილობრივ სახეზეა, საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტი ქ------- ჭ------ე ნამდვილად რეგისტრირებულია სადავო ფართში 1983 წლიდან, თუმცა დ-------- ჭ------ის რეგისტრაცია 2002 წლიდან არის განხორციელებული, ანუ იმ პერიოდში, რომელიც უკვე აღარ წარმოადგენს ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ’’ საქართველოს კანონით რეგულირებად დროის მონაკვეთს.

 

საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ აპელანტთა მეუღლისა და მამის - ნ------- ჭ------ესა და მოპასუხის მამის - თ------ი ბ-------–---–ს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად, თ------ ბ-------–---–მა 12000 მანეთად მიყიდა ნ------- ჭ------ეს სადავო ფართის ერთი ოთახი აივნით, ხოლო 1989 წელს ნ------- ჭ------ემ 17 000 მანეთის გადახდის სანაცვლოდ ყ------ ბ-----ს დაუთმო თ------ ბ-------–---–ისაგან შეძენილი ფართი. ამავდროულად, საქმის მასალებით დგინდება ისიც, რომ კომუნალური გადასახადების ქვითრები და სს ,,თელასის“ აბონენტის ბრუნვის ისტორია 1989 წლიდან სწორედ ბ-----ის სახელზეა აღრიცხული.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კი, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტთა მტკიცებას მასზედ, რომ მათ ბ-----ს დროებით სარგებლობაში დაუთმეს საცხოვრებელი სადგომის ნაწილი და თავადაც აგრძელებდნენ ფართში ცხოვრებას. აღნიშნული დასკვნის გამოტანის საფუძველს სააპელაციო სასამართლოს აძლევს ერთი მხრივ ის გარემოება, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც ხსენებულს ფაქტს დაადასტურებდა, ხოლო, მეორე მხრივ, გაუგებარია, თუკი ჭ------ეებმა მოგვიანებით ბ-----ისგან გამოისყიდეს უძრავი ქონება, რატომ არ მოახდინეს კომუნალური გადასახადების აბონენტის საკუთარ სახელზე აღრიცხვა. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ საცხოვრებელი სადგომი შედგებოდა ერთი ოთახისა და აივნისაგან და ბუნდოვანია, ბ-----ისათვის სადგომის დათმობის შემდგომ, როგორ აგრძელებდნენ ჭ------ეები იმავე ფართში ცხოვრებას. ამასთან, საქმეში აპელანტთა მიერ კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ქვითრები მართალია წარმოდგენილია, თუმცა მხოლოდ ორ მათგანს აქვს დატანებული თარიღი - 28.07.2003 წელი და 18.06.2005 წელი და არცერთ მათგანზე არ არის მითითებული, თუ ვის მიერ არის განხორციელებული გადახდა, შესაბამისად, პალატა თვლის, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ადასტურებს ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის დანაწესის მიზნებიდან გამომდინარე აპელანტების მიერ ბოლო პერიოდში საცხოვრებელი სადგომის უწყვეტად ფლობას. შეიძლება ითქვას, რომ მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც შესაძლებელობა მიეცემოდა მოსარჩელეს დაედასტურებინა ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ’’ კანონით მოსარგებლის სტატუსის მინიჭებისათვის აუცილებელი გარემოებები.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ სახეზე არ არის ფაქტობრივი გარემოებები, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლე პირებს, რომლებიც უძრავ ნივთს ფლობენ არანაკლებ 30 წლის განმავლობაში უწყვეტად.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება გამოტანილია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გრანტ კაზაროვის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1. მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქ------- ჭ------ისა და დ-------- ჭ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე მაია სულხანიშვილი

 

მოსამართლეები: ნატალია ნაზღაიძე

 

ირაკლი ბონდარენკო