განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.10.2019
საქმის ნომერი
330210019002858090
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
29.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/5071-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე _ მაია სულხანიშვილი

სხდომის მდივანი _ მარინე თათრიაშვილი

 

აპელანტი – შ------- მ---------ე

წარმომადგენელი - თ------- გ--------–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე – მ----- ა----–--ე

 

გასაჩივრებული გადაწყევტილება - თბილისის საქალაქო სასამართოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 მაისის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მ----- ა----–--ის სარჩელი შ------- მ---------ის მიმართ დაკმაყოფილდა: შეწყდა ქორწინება მ-----ი ა----–--ეს (პ/ნ 4----------, დაბადებული 1--------- წელს) და შ------- მ---------ეს (პ/ნ 0----------, დაბადებული 2--------- წელს) შორის, რეგისტრირებული 2012 წლის 29 ოქტომბერს (ქორწინების მოწმობა N0----------, სააქტო ჩანაწერი N0----------). შ------- მ---------ის შეგებებული სარჩელი მ----- ა----–--ის მიმართ ალიმენტისა და დამატებითი ხარჯების დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე მ-----ი ა----–--ეს (პ/ნ 4----------) არასრულწლოვანი შვილის, 2----–-–------------------ დაბადებული ქ------- ა----–--ისა (პ/ნ 0----------) და არასრულწლოვანი შვილის, 2----–-–---------------- დაბადებული მ------ ა----–--ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200-200 (ორასი) ლარის გადახდა 2019 წლის 04 მარტიდან მათი სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;

შ------- მ---------ის მოთხოვნა მოპასუხე მ-----ი ა----–--ისთვის (პ/ნ 4----------) არასრულწლოვანი შვილის, 2----–-–------------------ დაბადებული ქ------- ა----–--ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ მკურნალობისათვის საჭირო თანხის ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. მოსარჩელე მ----- ა----–--ე და მოპასუხე შ------- მ---------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2012 წლის 29 ოქტომბრიდან. ქორწინების პერიოდში - 2----–-–------------------ შეეძინათ შვილი - ქ------- ა----–--ე, ხოლო 2----–-–---------------- - მ------ ა----–--ე.

 

2.2. მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ, მოპასუხე შ------- მ---------ე ცხოვრობს შვილებთან - ქ------- ა----–--ესთან და მ------ ა----–--ესთან ერთად.

 

2.3. მოსარჩელე მ-----ი ა----–--ეს და მოპასუხე შ------- მ---------ეს შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებს.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.4. 2019 წლის 15 მარტის შემოსავლების სამსახურიდან წარმოდგენილი მომართვის თანახმად, 2018 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 14 მარტამდე მ-----ი ა----–--ის მიღებული შემოსავალი შეადგენს 16475 ლარს, საიდანაც დაკავებული გადასახადი არის 3295 ლარი, შესაბამისად, საშუალოდ მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს -1098,33 ლარს.

 

2.5. 2019 წლის 15 მარტის შემოსავლების სამსახურიდან წარმოდგენილი მომართვის თანახმად, 2018 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 14 მარტამდე შ------- მ---------ის მიღებული შემოსავალი შეადგენს 7134.86 ლარს, საიდანაც დაკავებული გადასახადი არის 1426.97 ლარი.

 

2.6. საქმეში წარმოდგენილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერნის მოწმობა- N1----------ის მიხედვით გ------- ა----–--ე არის ომის პირველი ჯგუფის ინვალიდი.

 

2.7. 2019 წლის 06 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების N1----------------ის მიხედვით ხელშეკრულების მიხედვით, ერთის მხრივ სს ,,თ----- ბანკსა“ და მეორე მხრივ მ----- ა----–--ეს შორის დაიადო საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით კრედიტის თანხა შეადგენს 10280.00 ლარს, ხოლო კრედიტის ვადა 813 დღეს, ხოლო ყოველთვიური გადასახდელი თანხა დაახლოებით 449 ლარს.

 

2.8. კ-------------------–-----------------–--–------ის მიერ გაცემული პაციენტის დანიშნულების მიხედვით, ქ------- ა----–--ის დიაგნოზი არის ატიპიური დერმატიტი L20.

 

2.9. სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე ყოველთვიურად რჩენისათვის დახმარებას უწევს მამას, ვინაიდან აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება, მოსარჩელეს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. დადგენილია, რომ მოპასუხის მშობელი - მამა არის პირველი ჯგუფის ინვალიდი, რომელიც იღებს კანონით განსაზღვრულ ფინანსურ დახმარებას. მ----- ა----–--ეს რაიმე მტკიცებულება, რომ მამის რჩენა მხოლოდ მისი კანონისმიერი ვალდებულებაა არ წარმოუდგენია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.10. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის ,,გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით, ხოლო 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს შესარიგებელი ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი №1” (პარიზი, 1952 წლის 20 მარტი) მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეები სარგებლობენ კერძოსამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით ერთმანეთს შორის და შვილებთან ურთიერთობაში, დაქორწინების დროს, ქორწინების განმავლობაში და მისი შეწყვეტის შემთხვევაში.

 

1966 წლის 16 დეკემბრის ,,საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის თანახმად, 1. ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ. 2. მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც მიაღწიეს ქორწინების ასაკს, აქვთ უფლება შექმნან ოჯახი. 3. არც ერთი ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე. 4. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად.

 

ქორწინება ოჯახის საფუძველია. მასში, პირველ ყოვლისა, ასახვას პოულობს სულიერი, ზნეობრივი, ასევე პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გაერთიანება. ქორწინებისათვის დამახასიათებელი იურიდიული ნიშნების გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, კანონმდებელს საშუალება მიეცა შემოეთავაზებინა ქორწინების შემდეგნაირი განსაზღვრება: ქორწინება მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირია, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს. როგორც კანონმდებელი განმარტავს, ქორწინების ერთ-ერთი საფუძველია ,,ოჯახის შექმნის მიზანი”. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან, საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ როგორც დაქორწინებისათვის ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებლის მიერ შესარიგებელი ვადის განსაზღვრა ემსახურება მხოლოდ ოჯახის აღდგენის რეალურ მიზანს, რაც მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის კატეგორიული პოზიციიდან გამომდინარე სასამართლომ შეუძლებლად მიიჩნია, შესაბამისად, მეუღლეთა თანაცხოვრება ფაქტობრივად შეწყვეტილია, ხოლო სასამართლო სხდომაზე მხარეთა მორიგების შესაძლებლობა არ გამოკვეთილა. მოსარჩელე კვლავ წინააღმდეგია ოჯახის აღდგენის და მხოლოდ მოპასუხის სურვილი მოსარჩელესთან საქორწინო ურთიერთობაში ყოფნის, არ არის საკმარისი ოჯახის შესანარჩუნებლად. შესაბამისად, სასამართლომ მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, ვინაიდან მ----- ა----–--ის და შ------- მ---------ის ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, სარჩელი ქორწინების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

2.11. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილები, 2--- წლის 0-------------ს დაბადებული - ქ------- ა----–--ე და 2----–-–---------------- დაბადებული მ------ ა----–--ე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

დადგენილია, რომ მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვნები ცხოვრობენ დედასთან, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე შ------- მ---------ესთან ერთად.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება. ,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში N14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. ამავე კონცენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

სასამართლომ აგრეთვე მიუთითა მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვნების უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარის საერთო შვილები უზრუნველყოფილი იყვნენ ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ისინი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებენ. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხე არის შრომისუნარიანი პირი. იგი დასაქმებულია დადგენილია რომ მ----- ა----–--ე არის დასაქმებული პირველი არხის ოპერატორად და მისი საშუალო ხელფასი შეადგენს 1098.33 ლარს, შესაბამისად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ალიმენტვალდებული პირის სამუშაო გამოცდილებისა და შრომისუნარიანობის შესახებ, იძლევა იმ პრეზუმფციის დაშვების შესაძლებლობას, რომ მოპასუხეს აქვს შესაძლებლობა იყოს დასაქმებული და ჰქონდეს შემოსავალი. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებსაც, რომ მხარეთა საერთო შვილები ცხოვრობენ დედასთან, რომელიც უზრუნველყოფს მის აღზრდა-განვითარების ხარჯებს. შ------- მ---------ე დასაქმებულია და მისი ყოველთვიური შემოსავალი ორი შვილის რჩენა-აღზრდის გათვალისწინებით არის მცირე - 350 ლარი.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას.

 

სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებასაც, რომ მხარეთა საერთო შვილები ცხოვრობენ დედასთან, რომელიც უზრუნველყოფს მათ აღზრდა-განვითარების ხარჯებს, რაც არ არის საკმარისი მოსარჩელე მხარის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვები საჭიროებენ მშობლების დახმარებას, ვინაიდან არიან არასრულწლოვნები და მათი აღზრდა-განვითარების ყოველდღიური საჭიროებებიდან გამომდინარე, მხოლოდ დედის დახმარება არ არის საკმარისი. მშობლებმა უპირველესად უნდა გაითვალისწინონ შვილების საჭიროებები. მამა ასევე ვალდებულია ჩაერთოს შვილის რჩენა-აღზრდის საკითხებში, რათა უზრუნველყოფილი იქნას ბავშვის საარსებო მინიმალური მოთხოვნილებები. სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, იმასთან დაკავშირებით, რომ, რადგან მას აქვს ფინანსური ვალდებულებები საკრედიტო დაწესებულებების წინაშე, ვერ შეძლებს მის მიერ მითითებულზე მეტი თანხის გადახდას, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. მოპასუხეს ფინანსური ვალდებულება აღებული აქვს გარკვეული ვადით, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან - ბავშვის სრულწლოვანებამდე. ამასთან, საკრედიტო ხელშეკრულების დადება მეტყველებს მოპასუხის გადახდისუნარიანობაზე და არა სახსრების უქონლობაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ მესამე პირების მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებების არსებობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ პირს განუსაზღვროს არაგონივრულად მცირე ალიმენტი და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე. მხარის საკრედიტო ვალდებულებას, ასევე, მის ყოველდღიურ საჭიროებებს, მათ შორის, საწვავის ხარჯს, არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით, უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.

 

სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მის კმაყოფაზე მყოფი მამის ყოფნის ფაქტი, ვინაიდან აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება. სასამართლომ განმარტა, რომ ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობის შეფასებისას სარჩენ პირთა წრე განისაზღვრება არა სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმით და მასში მოიაზრებიან მხოლოდ ის პირები, რომელთა რჩენა პირის კანონისმიერი ვალდებულება და რომლებსაც სხვა გზით სარჩოს მიღების შესაძლებლობა არ გააჩნიათ (არიან ქმდუუნაროები, არ ეძლევათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული დახმარება პენსიის ან სხვა გასაცემელის სახით).

 

სასამართლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი ბავშვის ასაკს და აქედან გამომდინარე მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს, გარემოებას იმის თაობაზე, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილების ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად. შვილების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას, ვალდებულება უპირობოა და არ არის დამოკიდებულია ტერიტორიულად სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრებაზე. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობაც (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2019 წლის მარტის თვისათვის - 181.2 ლარს. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, ბავშვის ასაკისა და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, სარჩელის აღძვრიდან მიმდინარე ალიმენტის ყოველთვიურად გადასახდელი გონივრული და სამართლიანი ოდენობა არასრულწლოვანი შვილებისთვის უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად თითოეულისათვის 200-200 (ორას-ორასი) ლარით. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. შესაბამისად, მოპასუხეს ალიმენტის გადახდა დაეკისრა 2019 წლის 04 მარტიდან ქ------- ა----–--ის და მ------ ა----–--ის სრულწლოვანებამდე.

 

2.12. რაც შეეხება არასრულწლოვანი შვილის, 2----–-–------------------ დაბადებული ქ------- ა----–--ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ მკურნალობისათვის 100 ლარის დაკისრების მოთხოვნას, სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლის თანახმად, მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა). ამდენად, არასრულწლოვანის სარჩენად ალიმენტის გადამხდელი მშობლისათვის დამატებითი ხარჯის სახით თანხის გადახდის დაკისრება დასაშვებია მხოლოდ ისეთი განსაკუთრებული გარემოებების დადასტურებისას, როგორიცაა ბავშვის მძიმე ავადმყოფობა, დასახიჩრება და სხვა ობიექტური ფაქტორები.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე შვილის სასარგებლოდ ითხოვდა დამატებითი ხარჯის სახით მოპასუხისათვის ყოველთვიურად 100 ლარის გადახდას. მართალია, საქმეში წარმოდგენილია კ-------------------–-----------------–--–------ის მიერ გაცემული პაციენტის დანიშნულების მიხედვით, ქ------- ა----–--ის დიაგნოზი არის ,,ატოპიური დერმატიტი L20“, მაგრამ სარჩელს თან არ ერთვის მკურნალობის გარკვეული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ამ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძველი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა გათვალისწინებული არასრულწლოვანი ბავშვების საჭიროებები, ბავშვის ნორმალურ პირობებში რჩენა-აღზრდისათვის საჭირო ხარჯები, შესაბამისად, სასამართლოს მიერ არასწორი პრინციპითა და პროპორციულობით იქნა გამოთვლილი და განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა. აპელანტის შეფასებით, სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა არასრულწლოვანი ბავშვის მკურნალობის საჭიროებები და თვლის, რომ დაკისრებული ალიმენტის თანხა არათუ ბავშვების მაქსიმალურ ინტერესს ითვალისწინებს, არამედ ატარებს მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს, არ მოიცავს იმ გარანტირებულ მინიმუმსაც კი რითაც შესაძლებელი იქნება უზრუნველყოფილ იქნას ბავშვის რჩენა და მკურნალობის ხარჯები, მით უფრო მაშინ, როდესაც მოპასუხეს უფიქსირდება მაღალი შემოსავალი.

 

ამასთან, აპელანტის განმარტებით, იგი არ ეთანხმება გადაწყვეტილებას განქორწინების ნაწილშიც, ვინაიდან თვლის, რომ ოჯახის შენარჩუნება შესაძლებელია და მათ შორის მხოლოდ დროებით გაუგებრობას აქვს ადგილი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული სასამართლო აქტების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასმართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოსარჩელე მ----- ა----–--ე და მოპასუხე შ------- მ---------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2012 წლის 29 ოქტომბრიდან. ქორწინების პერიოდში - 2----–-–------------------ შეეძინათ შვილი - ქ------- ა----–--ე, ხოლო 2----–-–---------------- - მ------ ა----–--ე.

მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ, მოპასუხე შ------- მ---------ე ცხოვრობს შვილებთან - ქ------- ა----–--ესთან და მ------ ა----–--ესთან ერთად.

მოსარჩელე მ-----ი ა----–--ეს და მოპასუხე შ------- მ---------ეს შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებს.

2019 წლის 15 მარტის შემოსავლების სამსახურიდან წარმოდგენილი მომართვის თანახმად, 2018 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 14 მარტამდე მ-----ი ა----–--ის მიღებული შემოსავალი შეადგენს 16475 ლარს, საიდანაც დაკავებული გადასახადი არის 3295 ლარი, შესაბამისად, საშუალოდ მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს -1098,33 ლარს.

2019 წლის 15 მარტის შემოსავლების სამსახურიდან წარმოდგენილი მომართვის თანახმად, 2018 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 14 მარტამდე შ------- მ---------ის მიღებული შემოსავალი შეადგენს 7134.86 ლარს, საიდანაც დაკავებული გადასახადი არის 1426.97 ლარი.

საქმეში წარმოდგენილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერნის მოწმობა- N1----------ის მიხედვით გ------- ა----–--ე არის ომის პირველი ჯგუფის ინვალიდი.

2019 წლის 06 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების N1----------------ის მიხედვით ხელშეკრულების მიხედვით, ერთის მხრივ სს ,,თ----- ბანკსა“ და მეორე მხრივ მ----- ა----–--ეს შორის დაიადო საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით კრედიტის თანხა შეადგენს 10280.00 ლარს, ხოლო კრედიტის ვადა 813 დღეს, ხოლო ყოველთვიური გადასახდელი თანხა დაახლოებით 449 ლარს.

კ-------------------–-----------------–--–------ის მიერ გაცემული პაციენტის დანიშნულების მიხედვით, ქ------- ა----–--ის დიაგნოზი არის ატიპიური დერმატიტი L20.

 

4.2. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური). ამავე კოდექსის 1122-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

ზემოაღნიშნული ნორმები ცხადყოფს, რომ ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს. როგორც დაქორწინებისათვის, ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა ორმხრივ ნებას ოჯახის შენარჩუნებისათვის ადგილი არ აქვს. კერძოდ, მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) კატეგორიულად მოითხოვს განქორწინებას.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას, რომ არ არსებობდა ქორწინების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან, მხარეთა შორის ოჯახის აღდგენა შესაძლებელი იყო. პალატა შენიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე თავდაპირველმა მოსარჩელემ კატეგორიულად გამორიცხა მოპასუხესთან ოჯახის აღდგენის შესაძლებლობა და საქორწინო ურთიერთობის გაგრძელება მათ შორის დაძაბული ურთიერთობის არსებობის გამო. ამდენად, მ----- ა----–--ის მხრიდან აპელანტის მიმართ გამოვლენილი მძაფრი უარყოფითი დამოკიდებულება ცხადჰყოფს იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია და დამატებით კიდევ შესარიგებელი ვადის მიცემა არავითარ შედეგს არ გამოიღებს.

 

გარდა ამისა, პალატა განმარტავს ასევე, რომ აპელანტს მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებების აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება კი, როდესაც, მას უარყოფს მეორე მხარე, ვერ გახდება მითითებული გარემოების დადგენილად მიჩნევის საფუძველი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად კი, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103.1. მუხლის პირველი წინადადების თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი შესარიგებელი ვადის დანიშვნის თაობაზე არის სასამართლოს უფლება და არა ვალდებულება, ანუ სასამართლო ყველა შემთხვევაში არაა ვალდებული მეუღლეებს დაუნიშნოს შესარიგებელი ვადა. აღნიშნულ უფლებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლოს უყალიბდება შინაგანი რწმენა იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება.

 

სააპელაციო პალატა შენიშნავს, რომ მხარეებს შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია 2014 წლიდან, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე კატეგორიული წინააღმდეგია ერთად ცხოვრებისა და ოჯახის შენარჩუნებისა. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეები უკვე წლებია ერთად აღარ ცხოვრობენ და არც ორივე მხარის მზაობაა შესარიგებელი ვადის დაწესებისათვის, პალატა თვლის, რომ ყოველივე აღნიშნული წარმოადგენს ქორწინების შეწყვეტის კანონით გათვალისწინებულ საფუძველს. ამდენად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები მხარეთა შორის ქორწინების შეწყვეტის ნაწილში.

 

4.3. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე, გასათვალისწინებელია მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერი ინტერესი. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

 

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის გადანაწილების ობიექტური სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტ შ------- მ---------ის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს მოწინააღმდეგე მხარის იმგვარი ქონებრივი და მატერიალური მდგომარეობის არსებობის დადასტურება, რაც პალატას საშუალებას მისცემს, იმსჯელოს მ----- ა----–--ისთვის არასწრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის სახით ჯამში 600 ლარისა და დამატებითი ხარჯის - 100 ლარის დაკისრების თაობაზე. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს მოთხოვნის მართლზომიერებაში დაარწმუნებდა.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეები 2014 წლიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობს დედასთან ერთად. დადგენილია, რომ როგორც აპელანტი, ასევე მოწინააღმდეგე მხარეც დასაქმებულია და მოცემული მდგომარეობით, მ----- ა----–--ის შემოსავალი ყოველთვიურად შეადგენს 1250 ლარს, რომელიც იბეგრება კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადებით. პალატა მიუთითებს, რომ არასრულწლოვანთა აღზრდა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანთათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მათ საუკეთესო ინტერესებს. ამასთან, არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვისთვის აუცილებელ ხარჯს. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობენ ბავშვები, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. ამასთან, მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც.

 

პალატა შენიშნავს, რომ „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ამავე კონვენციის მე-18 მუხლზე, რომლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ბავშვის უპირატესი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის საგანს. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას ეთმობა. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები მიიღოს. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება მის მშობლებს ეკისრებათ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-58-49-2011).

 

პალატა შენიშნავს, რომ ქართული კანონმდებლობითა და სასამართლო პრაქტიკით ბავშვის მოვლისთვის გაწეული ხარჯის გადანაწილების კონკრეტული ფორმულა არ არსებობს. სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც ბავშვი დედასთან ცხოვრობს, მშობლებს შორის ბავშვის მოვლის ხარჯი პროპორციულად არ უნდა გადანაწილდეს. ეს დასკვნა სიტუაციის ობიექტური და სამართლიანი შეფასებიდან გამომდინარეობს. ზოგადი პრინციპის თანახმად, ივარაუდება, რომ დედას, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს, მისი აღზრდისთვის მეტი ხარჯის გაწევა უწევს, ვიდრე მამას, რომელიც მხოლოდ ალიმენტს იხდის. შესაბამისად, მიუხედავად საკანონმდებლო დანაწესისა, რომლის თანახმად ბავშვის რჩენის ვალდებულება მშობლებს თანაბრად ეკისრებათ, ალიმენტის განსაზღვრისას სხვა გარემოებებთან ერთად, მხედველობაში მიიღება ის, თუ რომელ მშობელთან ცხოვრობს ბავშვი და რომელს უფრო მეტი ხარჯის გაწევა უწევს. ამასთანავე, ალიმენტის გაზრდის საკითხის განხილვისას, უპირატესად განსასაზღვრია ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით დგინდება. შესაბამისად, სასამართლოსთვის შეფასების მთავარ საგანს არასრულწლოვნის რეალური საჭიროებები და მოპასუხის გაუმჯობესებული მატერიალური მდგომარეობა წარმოადგენს. როგორც ქართული, ისე საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობაა ბავშვსა და მის ინტერესებზე ზრუნვა. სახელმწიფო ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას ეთმობა.

 

როგორც აღინიშნა, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე - ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობის შეცვლა არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას რეალურად უნდა უზრუნველჰყოფდეს.

 

პალატა შენიშნავს, რომ მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავლების, ყოველთვიური ხარჯისა და არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი ხელფასის სახით, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი თანხით. პალატა დამატებით განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები, იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც აუცილებელია მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ას-1011-931-2017). პალატა შენიშნავს, რომ, როგორც უკვე აღინიშნა, ალიმენტის ოდენობის დაანგარიშებას, უპირატესად, ბავშვის საჭიროებანი განაპირობებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის აღზრდის პასუხისმგებლობის უდიდესი ნაწილი აპელანტზეა გადატანილი, მამა აქტიურად არ/ვერ იღებს მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე, მათი ინტერესების დაბალანსებისას, გასათვალისწინებელია, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობენ ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილების მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით, გარკვეულწილად იზღუდება, მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით უზრუნველყოს.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე ა----–--ე არის დასაქმებული და მისი საშუალო ხელფასი შეადგენს 1098.33 ლარს, ამასთან, მხარეთა საერთო შვილები ცხოვრობენ დედასთან, რომელიც უზრუნველყოფს მის აღზრდა-განვითარების ხარჯებს, დადგენილია ისიც, რომ თავად აპელანტიც დასაქმებულია და მისი ყოველთვიური შემოსავალი ორი შვილის რჩენა-აღზრდის გათვალისწინებით არის მცირე - 350 ლარი. შესაბამისად, პალატა თვლის, რომ მშობლის სტაბილური შემოსავლის არსებობა საშუალებას აძლევს სასამართლოს დაადგინოს ალიმენტის ოდენობა იმ ფარგლებში, რომელიც ბავშვს უზრუნველყოფს დამატებითი შესაძლებლობებით და უქმნის მას განვითარების ფართო წინაპირობებს. მინიმალური ზღვრის ზემოთ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. აღნიშნული მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მ----- ა----–--ისთვის არასრულწლოვანი შვილებისთვის გადასახდელი ალიმენტის თანხა - 200-200 ლარის ოდენობით სავსებით სამართლიან და გონივრულ ოდენობას წარმოადგენს, არასრულწლოვნების ინტერესების და აპელანტის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით. ამასთან, პალატა აგრეთვე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ დამატებითი ხარჯის - 100 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში შ------- მ---------ის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია, ვინაიდან, მართალია საქმეში წარმოდგენილია კ-------------------–-----------------–--–------ის მიერ გაცემული პაციენტის დანიშნულება, რომლის მიხედვით, ქ------- ა----–--ის დიაგნოზი არის ატიპიური დერმატიტი, მაგრამ სარჩელს თან არ ერთვის მკურნალობის გარკვეული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ან რაიმე სხვა სახის მტკიცებულება, შესაბამისად, პალატა თვლის, რომ არ არსებობდა ამ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძველი.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე კი, პალატა მიიჩნევს, რომ შ------- მ---------ის სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრების დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შ------- მ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 მაისის გადაწყვეტილება.

 

3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია სულხანიშვილი