განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №030310517002206366
საქმე №3/ბ-26-19წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 ივნისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): მურთაზ მეშველიანი
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ხათუნა ხომერიკი
სხდომის მდივანი: ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი _ სს ,,ნ---------’’
წარმომადგენელი _ გ-------–-–-----
მოწინააღმდეგე მხარე: 1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი _ მ------------------
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
წარმომადგენელი _ ც-----------–---–-
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება
1. აპელანტების მოთხოვნა: ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2017 წლის 27 მაისს სს ,,ნ-------ის“ წარმომადგენელმა გ--–----------მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 თებერვლის N1------ წერილის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 25 ოქტომბრის N1------ ბრძანების ბათილად ცნობა.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 25 ოქტომბრის N1------ ბრძანებით უარი ეთქვა სს ,,---------ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილი იყო სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 თებერვლის N1------ წერილის ბათილობაზე, რიმლითაც სს ,,---------ს“ უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე. გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო. სს ,,ნ---------ს“ მოთხოვნა გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან, კერძოდ: სს ,,ნ---------ს“ წარმომადგენლის 2016 წლის 11 ოქტომბრის განცხადების საფუძველზე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 20 ოქტომბრის N5------ წერილით წარმოდგენილ იქნა სს ,,ნ---------ს“ კაპიტალში არსებული ქონების შესახებ ინფორმაცია შესაბამისი დოკუმენტებით. აღნიშნული დოკუმენტებით ირკვევა, რომ სს ,,---------ს“ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსაგან გამოსყიდული აქვს არამარტო საწარმოს აქციები, არამედ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი, კერძოდ, წარმოდგენილი დოკუმენტებით დგინდება, რომ სს ,,ნ---------ს“ მიერ აქციების გამოსყიდვასთან ერთად, რაც არ არის სადავო, გამოსყიდულია და პრივატიზირებული იქნა ის უძრავი ქონება, რომელიც ეკუთვნოდა ხობის N1 ჩ--ს ფაბრიკას. აქციების გამოსყიდვის პროცესში მისი თანმხლები და განუყოფელი ნაწილი იყო ხობის N1 ჩ--ს ფაბრიკის პრივატიზაციის გეგმა, რომელიც განსაზღვრავდა საპრივატიზაციო დოკუმენტს. აღნიშნული პრივატიზაციის გეგმის თანახმად, პრივატიზებას დაექვემდებარა ხობის N1 ჩ--ს ფაბრიკა, როგორც მისი აქციებით, ისე ქონებით. ამასთან საპრივატიზაციო ქონებით ცალკე გამოიყო ის ქონება, რომელიც არ ექვმდებარებოდა პრივატიზებას. შესაბამისად პრივატიზებული იქნა ხობის N1 ჩ--ს ფაბრიკის დანარჩენი უძრავ-მოძრავი ქონება. აღსანიშნავია, რომ პრივატიზებულ ქონებას სს ,,ნ---------“ ფლობს და სარგებლობს წლების განმავლობაში, იხდის გადასახადებს და ეს ქონება იმყოფება სააქციო საზოგადოების ბალანსზე. თავად სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ წარდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ სს ,,---------ს“ გამოსყიდული აქვს აქციებთან ერთად მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილიც პრივატიზაციის გეგმის შესაბამისად, ამდენად, იმის მითითება, რომ სს ,,---------ს“ გამოსყიდული აქვს მხოლოდ აქციები და არა მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი დაუსაბუთებელია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციუოლ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სს ,,ნ---------ს’’ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ფოთის საქალაქო სასამართლოს
მოპასუხეების სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იყო კანონიერი და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით სს ,,ნ---------ს“ სარჩელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 25 ოქტომბრის N1------ ბრძანების და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 თებერვლის N1------ წერილის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
საქალაქო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტები:
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 თებერვლის N1------ წერილით სს ,,---------ს“ 2013 წლის 17 მაისის N17------ განცხადების პასუხად ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიწის მიკუთვნების საკითხს განიხილავს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, ,,იმ შემთხვევაში, როდესაც კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ გაასხვისა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მიწის ნაკვეთზე, ამ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდება საკუთრების უფლების აღიარება, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთს განსაზღვრავს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქონების მმართველი“. ვინაიდან სს ,,---------ს“ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართის სამინისტროსაგან ეტაპობრივად აქვს გამოსყიდული საწარმოს აქციები და არა მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი სააგენტო არ არის უფლებამოსილი განიხილოს განცხადებაში დასმული საკითხი.
სს ,,ნ---------ს“ 2017 წლის 10 მარტის ადმინისტრაციული საჩივრის თანახმად, სს ,,---------მა“ მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს და მოითხოვა 2017 წლის 16 თებერვლის N1------ წერილის გაუქმება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, მოითხოვა განცხადების დაკმაყოფილება და სს ,,ნ---------ს“ მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის განსაზღვრა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 25 ოქტომბრის N1------ ბრძანებით, სს ,,---------ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1995 წლის 27 მარტის N1------ ბრძანების შესაბამისად, სახელმწიფო საწარმოების, სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის1993 წლის 14 აპრილის N2-- დადგენილების მე-8 მუხლის 8.1 პუნქტისა და ,,სახელმწიფო საწარმოების, სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 20 ივლისის N571 დადგენილების 3.3. პუნქტის შესაბამისად, სააქციო საზოგადოება ,,ნ---------ს“ მეთვალყურეთა საბჭოში დაინიშნა სახელმწიფო წარმომადგენელი.
1995 წლის 23 თებერვლის სააქციო საზოგადოება ,,ნ---------ს“ შრომითი კოლექტივის საერთო კრების N1 ოქმის შესაბამისად, კრებაზე სადაც განიხილებოდა სააქციო საზოგადოება ,,ნ---------ს“ კოლექტივის წევრებზე უფასო და შეღავათიანი აქციების განაწილება დადგინდა, რომ კოლექტივის წევრებს გაუნაწილდებოდათ უფასო აქცია 1334 ცალი, ხოლო ფასდაკლებით 667 ცალი.
1995 წლის 07 თებერვლის სერთიფიკატის მიხედვით, სს ,,ნ---------ს“, რომლის სახელწოდებას გარდაქმნამდე წარმოადგენდა ხობის N1 ჩ--ს ფაბრიკა, საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 35422 ცალ აქციას. ერთი აქციის მინიმალური ღირებულება 1000 კუპონს.
1995 წლის 28 მარტის სააქციო საზოგადოება ,,ნ---------ს“ მუშაკთა საერთო კრების N2 ოქმის მიხედვით, აქციათა პირდაპირი ყიდვის უფლება მიეცა სს ,,ნ---------ს“ შრომითი კოლექტივის 71 წევრს.
1997 წლის 29 ოქტომბრის მინისტრის პირველი მოადგილის წერილის შესაბამისად, სააქციო საზოგადოება ,,ნ---------ს“ გენერალურ დირექტორს ეცნობა, რომ სამინისტროს ბუღალტერიის მონაცემებით, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1995 წლის 30 მარტის N0--------- წერილის მიხედვით სააქციო საზოგადოება ,,ნ---------ს“ 667 ცალი 20%-ით ფასდაკლებული აქციის საფასურად გადახდილია 780.4 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხა. აღნიშნული თანხის გადამხდელებს არსებული სიის შესაბამისად, სულ 20% ფასდაკლებით გასაცემი 667 ცალი აქციიდან საკუთრების უფლება უდასტურდებათ საერთო ჯამში 667 ცალ აქციაზე.
სს ,,ნ---------ს“ 1997 წლის 19 სექტემბრის წერილით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ეცნობა, რომ ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მიხედვით, სააქციო საზოგადოება ,,ნ---------“ გატარდა ხელახალ რეგისტრაციაში, რაზედაც წარმოგიდგენთ ხობის რაიონის სასამართლოს დადგენილებას“. დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ სააქციო საზოგადოება ,,ნ---------ს“ საწესდებო კაპიტალი შეფასებულია 51 785 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხის ოდენობით და ნაცვლად ადრე გამოშვებული 35422 ცალი 1000 კუპონიანი ნომინალური ღირებულების აქცია.
მინისტრის პირველი მოადგილის 1997 წლის 17 ნოემბრის წერილის თანახმად, სააქციო საზოგადოება ,,---------ს“ ეცნობა, რომ სულ გამოშვებული 1 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების 51785 ცალი აქციიდან სახელმწიფოს მიერ გასხვისებულად ითვლება: უფასოდ საერთო ჯამში 2387 ცალი აქცია ანუ საწ. კაპიტალის 4.61 %, 20%-ის ფასდაკლებით 974 ცალი აქცია ანუ 1.88%; ამასთან სახელმწიფოს საკუთრებაში ირიცხება 48 424 ცალი აქცია ანუ 93.51 %. სულ 51 785 ცალი აქცია ანუ 100 %. გევალებათ აღნიშნული განაწილება ასახოთ აქციონერთა აღრიცხვის ჟურნალ-რეესტრში და მესაკუთრეებზე გასცეთ აქციები თითოეულ ცალკეულ მესაკუთრეზე საწესდებო კაპიტალში ხელახალ რეგისტრაციამდე არსებული პროცენტული წილის შენარჩუნებით.
მინისტრის პირველი მოადგილის 1998 წლის 06 მაისის წერილით სააქციო საზოგადოება ,,---------ს“ გაეგზავნა ფულადი აუქციონის შედეგების შესაბამისად სააქციო საზოგადოება ,,ნ---------ს“ აქციების მიმღებ პირთა სია. ასევე, დაევალა სიაში მითითებულ თითოეულ პირზე აქციების გაცემა სიაში მითითებული რაოდენობის მიხედვით. აქციების გაცემა, აგრეთვე შემდგომში აქციების მესაკუთრის შესაძლო შეცვლა აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს აქციების მფლობელთა რეგისტრაციის ჟურნალში.
საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ხობის რაიონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის საფინანსო განყოფილების 1995 წლის 08 თებერვლის N0----- წერილის თანახმად, სს ,,ნ---------ს“ 1993 წლის 14 აპრილის N2-- განაცხადისა და განაცხადზე დართული დოკუმენტაციის საფუძველზე, 1995 წლის 07 თებერვალს მოხდა სააქციო საზოგადოება ,,ნ---------ს“ აქციების გამოცემის სახელმწიფო რეგისტრაცია და აქციების გამოშვებას მინიჭებული აქვს კოდი N6----------, რაც გატარებულია რაიონის საფინანსო განყოფილების შესაბამის, აქციათა გამოშვების რეგისტრაციის სპეციალურ ჟურნალ-რეესტრში N6-ით.
პრივატიზების გეგმის შესაბამისად, განისაზღვრა საწარმოს იურიდიული მისამართი: საქართველოს რესპუბლიკა, ქ.-----, მიხ. ჯ-----–---–ის ქ.N2. ობიექტი წარმოადგენდა სახელმწიფო საწარმოს. ასევე, განისაზღვრა ძირითადი საშუალებებიდან რა ობიექტები არ ექვემდებარებოდა პრივატიზებას. ამავე გეგმით განისაზღვრა აქციათა განლაგებისა და გაყიდვის წესი, კერძოდ: განაწილების ფორმა -უფასოდ 71 პირზე 1633 აქცია, ხოლო შეღავათიან ფასად ასევე, 71 პირზე 816 აქცია. დანარჩენი აქციების გაყიდვა განისაზღვრა მსხვილ და წვრილ ინვესტორებზე.
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მიერ 1998 წლის 23 აპრილს დამტკიცდა სპეციალიზებული აუქციონის ჩატარების შედეგები სს ,,ნ---------ს“ აქციების მიმღებთა სია. ამდენად გამოსყიდულ იქნა სს ,,ნ---------ს“ აქციების მიმღებთა სია. ამდენად გამოსყიდულ იქნა სს ,,ნ---------ს“ აქციათა 100%.
ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის“ 2013 წლის 21 თებერვლის N5----- ცნობის თანახმად, საჩივრის ავტორს ერიცხებოდა დავალიანება 35.16 ლარის ოდენობით, მათ შორის ქონების გადასახადის დავალიანება.
2013 წლის 17 მაისს სს ,,---------მა“ მიმართა სააგენტოს და მოითხოვა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, სარგებლობაში არსებული შენობების ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის სს ,,ნ---------სათვის“ მიკუთვნება.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ ის გამოიცეს: უფლებამოსილი ორგანოს მიერ, მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით.
უფლებამოსილება გულისხმობს, რომ ადმინისტრაციული აქტი უნდა გამოსცეს საგნობრივად და ტერიტორიულად უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ.
საგნობრივი უფლებამოსილება უკავშირდება მოწესრიგების საგანს. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი იყო მოეწესრიგებინა კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა.
ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციული აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულებისაკენ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ამავე კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა წერილობით ან ზეპირად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაინტერესებული მხარის მოთხოვნით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზღუდავს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ასევე კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებიდან 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით.
სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიცავს იმ სამართლებრივ და ფაქტობრივ წინამძღვრებს, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ის.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2017 წლის 16 თებერვლის N1------ წერილი ფორმალურად კანონიერია.
ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერება დაკავშირებულია აქტის შინაარსთან და მოითხოვს, რომ ადმინისტრაციულ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან.
ბუნებრივია, რომ ადმინისტრაციული აქტი, როგორც სამართლის ნორმის კონკრეტიზაციისა და ინდივიდუალიზაციის აქტი, უნდა შეესაბამებოდეს სამართლის ნორმებს, რომელთა აღსრულებასაც ის ახდენს. გარდა ამ კონკრეტული ნორმებისადმი შესაბამისობისა, ზოგადად, ის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედ სამართლის ნორმებს და კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს და იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს. ამავე მუხლის 11 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, როდესაც კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ გაასხვისა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მიწის ნაკვეთზე, ამ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდება საკუთრების უფლების აღიარება, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთს განსაზღვრავს „სახელმწიფო ქონების შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქონების მმართველი (რომელსაც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო).
საქართველოს მთავრობის N144 დადგენილებით დამტკიცებული ,,მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დადგენილია, ასევე, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის განსაზღვრის წინაპირობები. მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის განსაზღვრა ამავე წესის მოთხოვნათა დაცვით ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ: კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ გაასხვისა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მიწის ნაკვეთზე ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე ვერ განხორციელდება საკუთრების უფლების აღიარება.
მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიწის ნაკვეთის მიკუთვნებისათვის ზემოაღნიშნული ორივე წინაპირობა უნდა არსებობდეს კუმულაციურად - კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ გასხვისებული უნდა იყოს მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და საკუთრების უფლების აღიარება შეუძლებელი უნდა იყოს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის თანახმად, 2012 წლის 01 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.
ხსენებული კანონიდან გამომდინარე სს ,,ნ---------ს“ საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა გამოირიცხება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის N144 დადგენილებით დამტკიცებული ,,მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის წესის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი წინაპირობა სახეზეა (მიწის ნაკვეთზე ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე ვერ განხორციელდება საკუთრების უფლების აღიარება).
პრივატიზების დროს მოქმედი ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 09 აგვისტოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პრივატიზება იყო მოქალაქეთა, მათი გაერთიანებების და არასახელმწიფო იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა, რომლის შედეგად ისინი თავის თავზე იღებდნენ ამ უფლებიდან გამომდინარე ქონებრივ, საფინანსო და სხვა ვალდებულებებს. მე-2 პუნქტის თანახმად, პრივატიზების შედეგად სახელმწიფო კარგავდა პრივატიზებული ქონების (ობიექტის) ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებებს, ხოლო სახელმწიფო ორგანოები - მათი მართვის უფლებას. ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საწარმოთა პრივატიზება აქციების (პაის) გაყიდვის გზით ხორციელდებოდა სახელმწიფო საწარმოთა სახელმწიფო სააქციო საზოგადოებებად და ამხანაგობებად წინასწარი გარდაქმნის შემდეგ. გარდაქმნის წესი განისაზღვრებოდა შესაბამისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებდა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა.
საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ხობის რაიონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის საფინანსო განყოფილების 1995 წლის 08 თებერვლის N0----- წერილის თანახმად, სს ,,ნ---------ს“ 1993 წლის 14 აპრილის N2-- განაცხადისა და განაცხადზე დართული დოკუმენტაციის საფუძველზე, 1995 წლის 07 თებერვალს მოხდა სააქციო საზოგადოება ,,ნ---------ს“ აქციების გამოცემის სახელმწიფო რეგისტრაცია და აქციების გამოშვებას მინიჭებული აქვს კოდი N6----------, რაც გატარებულია რაიონის საფინანსო განყოფილების შესაბამის, აქციათა გამოშვების რეგისტრაციის სპეციალურ ჟურნალ-რეესტრში N6-ით.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის N2-- დადგენილების შესაბამისად, სახელმწიფო საწარმოს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა განხორციელებულია აქციების გაყიდვის თანხლებით. ამავე დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების შესაბამისად შექმნილი სააქციო საზოგადოებების სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ყველა აქციის გაყიდვა ან გადაცემა შესაძლებელი იყო მხოლოდ პრივატიზაციის შესახებ საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დადგენილების შესაბამისად.
,,სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 25 ივლისის კანონის (ძალადაკარგულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის N578 დადგენილებით) მე-18 მუხლის შესაბამისად, სააქციო საზოგადოება წარმოადგენდა ხელშეკრულების საფუძველზე ერთობლივი საქმიანობისათვის ფიზიკური და (ან) იურიდიული პირების გაერთიანებას, რომელთაც ჰქონდათ აქციებად დაყოფილი საწესდებო კაპიტალი. მისი ქონება იქმნებოდა მონაწილეთა შენატანებით, აქციების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლებით და სხვა კანონიერი წყაროებით. აქციების თავისუფალი გაყიდვა ნებადართული იყო და იგი შეიძლება შეზღუდულიყო მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი პირობებით. სააქციო საზოგადოება წარმოადგენდა იურიდიულ პირს, რომლის მონაწილეები სააქციო საზოგადოების ვალდებულებებზე პასუხს აგებდნენ მხოლოდ საკუთარი შენატანების (მათი კუთვნილი აქციების პაკეტის) ფარგლებში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებაში მითითებულია, ,,აქციას საკმაოდ სპეციფიური სამართლებრივი ბუნება აქვს. ერთი მხრივ აქცია მოიცავს სააქციო საზოგადოების წევრობისა და მის მართვაში მონაწილეობის კომპონენტს. ამ მიმართებით, აქციონერს, სააქციო საზოგადოებაში მისი მონაწილეობის შესაბამისად, აქვს ხმის უფლება, ინფორმაციის მიღების უფლება, კონტროლის უფლება, საერთო კრების გადაწყვეტილების გასაჩივრების და ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებები. მეორე მხრივ აქცია არის სააქციო საზოგადოების ქონებაში მესაკუთრის წილობრივი საკუთრების გამომხატველი და წილზე უფლების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ის არის ,,წილობრივი ფასიანი ქაღალდი“ ,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონის განმარტებით. საკუთრება აქციაზე მატერიალიზებადია აქციის განკარგვის შემთხვევაში, ასევე, საზოგადოების ლიკვიდაციისას, რადგანაც ის აძლევს აქციონერს უფლებას მიიღოს ლიკვიდირებული სააქციო საზოგადოების ქონება თავისი წილის შესაბამისად. გარდა ამისა, აქცია აძლევს მის მესაკუთრეს საწარმოს მოგებიდან წილის მიღების უფლებას. ამდენად, აქცია არ არის სავარაუდოდ მისაღები, ვირტუალური შემოსავალი, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე დივიდენდებს შეეხება. ის არის აქციონერის სამართლებრივად განმტკიცებული ქონებრივი უფლებებისა და პოზიციის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ სიკეთეს წარმოადგენს“.
სს ,,ნ---------ს“ სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ 1994 წლის 07 ივლისის N24 ბრძანებით დამტკიცებული პრივატიზაციის გეგმით განსაზღვრულია აქციების განლაგებისა და გაყიდვის წესი, მოცულობა და ვადები.
მინისტრის პირველი მოადგილის 1997 წლის 17 ნოემბრის წერილის თანახმად, სააქციო საზოგადოება ,,---------ს“ ეცნობა, რომ სულ გამოშვებული 1 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების 51785 ცალი აქციიდან სახელმწიფოს მიერ გასხვისებულად ითვლება: უფასოდ საერთო ჯამში 2387 ცალი აქცია ანუ საწ. კაპიტალის 4.61 %, 20%-ის ფასდაკლებით 974 ცალი აქცია ანუ 1.88%; ამასთან სახელმწიფოს საკუთრებაში ირიცხება 48 424 ცალი აქცია ანუ 93.51 %. სულ 51 785 ცალი აქცია ანუ 100 %.
საპრივატიზებო დოკუმენტიდან ცალსახად დგინდება, რომ პრივატიზების საგანს წარმოადგენდა მხოლოდ სს ,,ნ---------ს“ აქციები და სააგენტო ვერ იმსჯელებდა მისთვის სადავო უძრავი ქონების მიკუთვნების თაობაზე.
რაც შეეხება, შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 21 თებერვლის N5----- ცნობას ქონების გადასახადის დავალიანების თაობაზე, იგი ვერ იქნება გამოყენებული, როგორც მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მიწის არსებითი შემადგენელი ნაწილი გამოსყიდული იქნა აქციებთან ერთად საპრივატიზაციო გეგმის შესაბამისად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემული იყო კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და შესაბამისად, სს ,,---------ს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უთხრა უარი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს ,,ნ---------ს’’ წარმომადგენელმა გ--–----------მ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
აპელანტის განმარტებით სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ საპრივატიზაციო დოკუმენტიდან ცალსახად დგინდება, რომ პრივატიზების საგანს წარმოადგენდა მხოლოდ სს ,,ნ---------ს“ აქციები და სააგენტო ვერ იმსჯელებდა მისთვის სადაო უძრავი ქონების მუკუთვნების თაობაზე. სასამართლოს ასეთი მსჯელობა არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან და დაუსაბუთებელია, რადგან სს ,,---------ს“ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსაგან გამოსყიდული აქვს არამარტო საწარმოს აქციები, არამედ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი, კერძოდ, წარმოდგენილი დოკუმენტებით დგინდება, რომ სს ,,ნ---------ს“ მიერ აქციების გამოსყიდვასთან ერთად, გამოსყიდული- პრივატიზებული იქნა ის უძრავი ქონება, რომელიც ეკუთვნოდა ხობის N1 ჩ--ს ფაბრიკას. განსაზღვრული იყო საპრივატიზაციო ობიექტი, აღნიშნული პრივატიზაციის გეგმის თანახმად პრივატიზებას დაექვემდებარა ხობის N1 ჩ--ს ფაბრიკა, როგორც მისი აქციებით ისე ქონებით. ამასთან, საპრივატიზაციო გეგმით ცალკე გამოიყო ის ქონება, რომელიც არ ექვემდებარებოდა პრივატიზაციას. შესაბამისად პრივატიზებულ იქნა ხობის N1 ჩ--ს ფაბრიკის ყველა დანარჩენი უძრავ-მოძრავი ქონება. მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ რაიმე მტკიცებულება იმის დამადასტურებლად, რომ თუ სს ,,ნ---------ს“ მიერ მოხდა მხოლოდ აქციების გამოსყიდვა, ხობის N1 ჩ--ს ფაბრიკის ბალანსზე ქონებას რა ბედი ეწია. იმ ქონებას, რომელიც არ შედიოდა იმ ჩამონათვალში, რომლის პრივატიზება არ მოხდა.
აპელანტის განმარტებით საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 მარტის N144 დადგენილების ზოგადი დებულების პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად იმ შემთხვევაში, როდესაც კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ გაასხვისა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მიწის ნაკვეთზე ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე ვერ განხორციელდება საკუთრების უფლების აღიარება, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთის ფართობს განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომში - ქონების სააგენტო) ამ წესის მოთხოვნათა დაცვით.
ამავე დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი - შენობა/ნაგებობა, რომელიც გაასხვისა კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგაომ შესაბამისი მიწის ნაკვეთის გარეშე, ხოლო ,,ბ1’’ პუნქტის შესაბამისად შენობა-ნაგებობა, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონები ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტუქციებით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს ,,ნ---------ს“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი გადაწყვეტილება ყოველთვის ჩ--თვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ იგი იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთაც არსებითად არც აპელანტები ხდიან სადავოდ. პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მტკიცების ტვირთი მხარეებზე გაანაწილა სწორად, ასევე სწორად დადგინა ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა არასწორი შეფასება მისცა მათ.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მსჯელობის საგანია მხოლოდ სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება, კერძოდ, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშესაბამისობა.
დადგენილია, რომ სს ,,ნ---------ს“ წარმომადგენელმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოთხოვა: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 თებერვლის N1------ წერილის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 25 ოქტომბრის N1------ ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დავალდებულება სს ,,ნ---------ს“ მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
საქმეში დაცული მასალით ირკვევა, რომ 1994 წლის 07 ივლისს სახელმწიფო ქონების მართვის ხობის განყოფილების მიერ ,,ხობის N1 ჩ--ს ფაბრიკის ბაზაზე დაფუძნებულ იქნა სააქციო საზოგადოება ,,ნ---------“ (07.07.1994 წლის N24 ბრძანება).
საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ხობის რაიონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის საფინანსო განყოფილების 1995 წლის 08 თებერვლის N0----- წერილის თანახმად, სს ,,ნ---------ს“ 1993 წლის 14 აპრილის N2-- განცხადებისა და განცხადებაზე დართული დოკუმენტაციის საფუძველზე, 1995 წლის 07 თებერვალს მოხდა სს ,,ნ---------ს“ აქციების გამოცემის სახელმწიფო რეგისტრაცია და აქციების გამოშვებას მიენიჭა კოდი N6----------, რაც გატარებული იქნა რაიონის საფინანსო განყოფილების შესაბამის, აქციათა გამოშვების რეგისტრაციის სპეციალურ ჟურნალ-რეესტრში N6-ით. იმავე კორესპოდენციით საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გაეგზავნა პრივატიზების გეგმის ასლი.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1995 წლის 27 მარტის N73/332 ბრძანებით სს ,,ნ---------ს“ (შემდგომში საწარმო) მეთვალყურეთა საბჭოში დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენელი (ს.ფ. 91, ტ.1).
1995 წლის 23 თებერვლის სს ,,ნ-------ის“ შრომითი კოლექტივის საერთო კრების N1 ოქმის თანახმად, სააქციო საზოგადოების დამტკიცებული პრივატიზების გეგმის შესაბამისად კოლექტივის წავრებზე განაწილდა 1334 ცალი უფასო და 667 ცალი შეღავათიანი აქცია. ოქმის დანართით განისაზღვრა სს ,,ნ---------ს“ აქციების უფასო და ფასდაკლებით მიმღებ პირთა სია 1993 წლის 01 აპრილის მდგომარეობით. შედეგად დადგინდა, რომ 52 თანამშრომელზე უფასოდ უნდა გაცემულიყო 1334 აქცია, 52 თანამშრომელზე შეღავათიან ფასებში - 667 აქცია (ს.ფ. 92-93, ტ.1).
1995 წლის 28 მარტის სს ,,ნ---------ს“ აქციათა პაკეტის პირდაპირი მიყიდვის შესახებ მუშაკთა საერთო კრების სხდომის ოქმის შესაბამისად სს ,,ნ---------ს“ კოლექტივის 71 წევრმა გამოთქვა თანხმობა აქციათა პაკეტის შესყიდვის თაობაზე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში 1995 წლის 30 მარტის N2--- წერილის თანახმად, ხობის N1 ჩ--ს ფაბრიკამ წარადგინა სს ,,ნ-------ის’’ (ხობის N1 ჩ--ს ფაბრიკად წოდებული) აქციათა საკონტროლო პაკეტის პირდაპირი შესყიდვის სია.
სს ,,ნ---------ს’’ (N549) დირექტორს, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 29 ოქტომბრის N0-------- წერილით ეცნობა, რომ ვინაიდან სამინისტროს ბუღალტერიის მონაცემებით (1997წ. 02.10. Nპ-6------
) სახელმწიფო მართვის სამინისტროს 1995 წლის 30 მარტის N0--------- წლის წერილის შესაბამისად, სააქციო საზოგადოება ,,ნ---------ს’’ 667 ცალი 20%-ით ფასდაკლებული აქციის საფასურად გადახდილია 780.4 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხა. აღნიშნული თანხის გადამხდელებს არსებული სიის შესაბამისად, სულ 20% ფასდაკლებით გასაცემი 667 ცალი აქციიდან უფლება უდასტურდებათ საერთო ჯამში 667 ცალ აქციაზე.
სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის პირველი მოადგილის 1998 წლის 06 მაისის N 06/154 კორესპოდენციით, სს ,,ნ---------ს’’ გენერალურ დირექტორს გაეგზავნა ფულადი აუქციონის (ნულოვანი საწყისი ფასით) შედეგების შესაბამისად სააქციო საზოგადოება ,,ნ---------ს’’ აქციების მიმღებ პირთა სია. ასევე, განემარტა, რომ აუქციონის შედეგები დამტკიცებულ იქნა სახელმწიფო მართვის მინისტრის 1998 წლის 11 თებერვლის N 1-3/272 ბრძანებით. სს ,,ნ---------ს’’ გენერალურ დირექტორს ასევე დაევალა სიაში მითითებულ პირებზე (ან ამ პირის ნოტარიულად დამოწმებული განაცხადით განსაზღვრულ პირზე) გაეცა აქციები სიაში მითითებული რაოდენობის მიხედვით.
იმავე კორესპოდენციით გაიგზავნა ინფორმაცია სააქციო საზოგადოება ,,ნ---------ს’’ პრივატიზების დამტკიცებული გეგმის შესაბამისი პუნქტის მიხედვით, დაფუძნების შესახებ.
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მიერ 1998 წლის 23 აპრილს დამტკიცდა სპეციალიზებული (ნულოვანი საწყისი ფასით) აუქციონის ჩატარების შედეგები სს ,,ნ---------ს’’ აქციების მიმღებთა სია. ამდენად გამოსყიდულ იქნა სს ,,ნ---------ს’’ აქციათა 100%.
ფინასთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 21 თებერვლის N5----- ცნობის თანახმად, სს ,,---------ს“ ერიცხებოდა დავალიანება 35.16 ლარის ოდენობით, მათ შორის ქონების გადასახადის დავალიანება.
2013 წლის 17 მაისს სს ,,---------მა’’ N17------ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად სარგებლობაში არსებული შენობების ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის სს ,,ნ---------სათვის’’ მიკუთვნება.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 20 ოქტომბრის N5------ წერილით გ-------–-–-----ს გადაეგზავნა სს ,,ნ---------ს’’ კაპიტალში არსებული ქონების შესახებ ინფორმაცია (ს.ფ. 89, ტ.1).
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 თებერვლის N1------ წერილით სს ,,---------ს“ ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიწის მიკუთვნების საკითხს განიხილავს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, ,,იმ შემთხვევაში, როდესაც კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ გაასხვისა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მიწის ნაკვეთზე, ამ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდება საკუთრების უფლების აღიარება, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთს განსაზღვრავს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქონების მმართველი“. ვინაიდან სს ,,---------ს“ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართის სამინისტროსაგან ეტაპობრივად აქვს გამოსყიდული საწარმოს აქციები და არა მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი სააგენტო არ არის უფლებამოსილი განიხილოს განცხადებაში დასმული საკითხი.
ზემოაღნიშნული წერილი (16.02.2017წ. N1------) ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებულ იქნა სს ,,ნ---------ს“ წარმომადგენელ გელა ფერაძის მიერ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 25 ოქტომბრის N1------ ბრძანებით, სს ,,---------ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა იმ დასაბუთებით, რომ სს ,,ნ---------ს’’ პრივატიზებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიხედვით, პრივატიზების საგანს წარმოადგენდა მხოლოდ სს ,,ნ---------ს’’ აქციები. აღნიშნულს ადასტურებს საპრივატიზაციო დოკუმენტებში მითითებული ნორმატიული საფუძველიც კერძოდ, ,,სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის ორგანიზაციული ღონისძიებათა შესახებ, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის N2-- დადგენილება და მის საფუძველზე ,,პრივატიზაციის პროცესის მოწესრიგებისა და დაჩქარების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო საწარმოების გაერთიებების გარდაქმნის გზით შექმნილი სააქციო საზოგადოებების პრივატიზაციის პროცესთა მუშაკების უფლებათა გაფორმების, აქციათა პაკეტების პირდაპირი მიყიდვის შესახებ’’ დებულება.
ამდენად, ვინაიდან გასაჩივრებული აქტით წარმოდგენილი საპრივატიზაციო დოკუმენტების მიხედვით პროვატიზაციის საგანს წარმოადგენდა სს ,,ნ---------ს’’ აქციები და არა მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი, სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა განცხადებაში მითითებული უძრავი ქონების სს ,,ნ---------სათვის’’ მიკუთვნების შესახებ.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის 09.08.1991წ. კანონით (სამოქმედოდ შემოღებული იქნა 01.10.1991 წლიდან, ხოლო ძალადაკარგულია - “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონით გამოქვეყნებიდან (09.07.1997წ)) განისაზღვრა სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზება და არა სახელმწიფო ქონების პრივატიზება იმ გაგებით, რაც მოგვიანებით ამოქმედებული ნორმატიული აქტებით დადგინდა. ეს იყო ქვეყანაში მიმდინარე სახელმწიფო საწარმოებისა და ორგანიზაციების განსახელმწიფოებრიობის საწყისი ეტაპი, რაც საკანონმდებლო სივრცეში შემოღებულ სრულიად ახალი ნორმებით რეგულირდებოდა. კანონი განსაზღვრავდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ და სოციალურ საფუძვლებს.
ხსენებული კანონის პირველი მუხლით „პრივატიზება“ ნიშნავდა მოქალაქეთა, მათი გაერთიანებების და არასახელმწიფო იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენას, რის შედეგად ისინი თავის თავზე იღებდნენ ამ უფლებებიდან გამომდინარე ქონებრივ, საფინანსო და სხვა ვალდებულებებს. კანონის 1.2 მუხლით დადგინდა, რომ პრივატიზაციის შედეგად სახელმწიფო კარგავდა პრივატიზებული ქონების (ობიექტების) ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ხოლო სახელმწიფო ორგანოები - მათი მართვის უფლებას.
საქართველოს მთავრობის 11.08.1993წ N829 დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მოქმედების ვადა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესაბამისი დადგენილებებით გაგრძელდა ჯერ 1994 წლის ბოლომდე, ხოლო შემდეგ - 1995 წლის ბოლომდე (17.11.1993წ. N809 და 31.12.1994წ. N916 დადგენილებები).
,,სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის N2-- დადგენილების საფუძველზე (ცვლილებები შევიდა 16.09.1993წ N689 დადგენილებით) სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო და მისი ტერიტორიული ორგანოები შეუდგნენ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებას მათი სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის გზით. (პუნქტი 1).
დადგენილების მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საწარმოთა გარდაქმნა სააქციო საზოგადოებებად ხორციელდებოდა ყველა საწარმოში შექმნილი პრივატიზაციის სამუშაო კომისიის მიერ, ხოლო მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ დადგენილების შესაბამისად, შექმნილი სააქციო საზოგადოებების დამფუძნებლები სახელმწიფო მხრიდან გახდნენ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანოები ადგილებზე. დადგენილების მე-5 პუნქტით გადაწყდა, რომ დადგენილების შესაბამისად შექმნილი სააქციო საზოგადოების ყველა აქცია, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში იყო შეიძლებოდა გაყიდულიყო ან გადაცემულიყო მხოლოდ პრივატიზების შესახებ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. მაშასადამე, კანონმდებლობით დადგინდა სახელმწიფო საწარმოთა გარდაქმნა სააქციო საზოგადოებებად, ხოლო შემდეგ აქციათა გაყიდვა.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 14.04.1993წ. N2-- დადგენილების დანართი N1-ით დამტკიცდა სახელმწიფო საწარმოთა სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის შესახებ დებულება. დებულების მე-6 პუნქტის მე-2 აბზაცით, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან ტერიტორიული ორგანოს მიერ დამტკიცებული საწარმოს პრივატიზაციის გეგმა წარმოადგენდა გადაწყვეტილებას მისი გარდაქმნის შესახებ სააქციო საზოგადოებად. დებულების მე-7 პუნქტის თანახმად, იმ საწარმოთა სიებს, რომლებიც პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამით და ამ დებულების შესაბამისად ექვემდებარებოდნენ სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნას, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო წარუდგენდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს დასამტკიცებლად, რის შესახებაც აცნობებდა შესაბამის სამინისტროს ან უწყებას. იმ შემთხვევაში თუ მინისტრთა კაბინეტი ორი კვირის ვადაში არ მიიღებდა მოტივირებულ გადაწყვეტილებას საპრივატიზაციო ობიექტის პრივატიზაციის შეჩერების შესახებ, პრივატიზაციის გეგმა ითვლებოდა დამტკიცებულად და საწარმო ექვემდებარებოდა პრივატიზაციას.
დებულების მე-10 პუნქტით, სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის მომენტიდან საწარმოს ქვედანაყოფის პასივები და აქტივები მიიღებოდა სააქციო საზოგადოების მიერ. იგი ხდებოდა გარდაქმნილი საწარმოს უფლებებისა და მოვალეობების მემკვიდრე. მე-10 პუნქტის მე-2 აბზაცის მიხედვით, სააქციო საზოგადოების ქონების შემადგენლობა მისი დაარსების მომენტში აისახებოდა მისი შეფასების აქტში. მე-13 პუნქტის მე-2 აბზაცით, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ დამტკიცებული საწარმოს პრივატიზაციის გეგმა წარმოადგენდა მისი აქციების ემისიის პროსპექტს. მე-14 პუნქტის შესაბამისად კი აქციათა გაყიდვა ხორციელდებოდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ საწარმოს პრივატიზაციის გეგმის შესაბამისად.
,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის 09.08.1991წ. კანონის 6.1 მუხლით, საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებაში მყოფი სახელმწიფო სააქციო საზოგადოებებისა და ამხანაგობების საწესდებო კაპიტალის იმ ნაწილის (პაი, აქციის) გამყიდველს, რომელიც საქართველოს რესპუბლიკას ეკუთვნოდა, წარმოადგენდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების ფონდი - სახელმწიფო საფინანსო კომპანია, რომელიც კომერციულ საწყისებზე მოქმედებდა. კომიტეტი იქმნებოდა საქართელოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით და ექვემდებარებოდა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას. ფონდის უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა აქციების გაყიდვა. კანონის 9.1. მუხლით, პრივატიზება ხორციელდებოდა საწარმოთა შესყიდვით ა) კონკურსის, ბ) აუქციონის ფორმით. 10.1 მუხლით, პრივატიზაციისთვის საწარმოს მომზადება გულისხმობდა მისი ძირითადი საწარმო და არასაწარმო ფონდების ინვენტარიზაციას, აგრეთვე საწარმოს სტრუქტურულ რეორგანიზაციას იმ მიზნით, რომ მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, ეკონომიკურად გამართლებულ საზღვრებში, საჭიროების შემთხვევაში გამოცალკევდნენ და გარდაიქმნენ დამოუკიდებელ საწარმოებად. კანონის მე-16 მუხლი ითვალისწინებდა სახელმწიფო სააქციო საზოგადოებისა და ამხანაგობათა აქციების (პაიას) შეძენას. 16.1 მუხლით, საწარმოთა პრივატიზება აქციების (პაიას) გაყიდვის გზით ხორციელდებოდა სახელმწიფო საწარმოთა სახელმწიფო სააქციო საზოგადოებებად და ამხანაგობებიდან წინასწარი გარდაქმნის შემდეგ. სახელმწიფო სააქციო საზოგადოების დამფუძნებლები ხდებოდნენ კომიტეტები და მისი ტერიტორიული ორგანოები. სახელმწიფო სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის შემდეგ კომიტეტი მისი აქციების პაკეტს გადასცემდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტს, რომელიც აწყობს მათ გაყიდვის საკონკურსო საწყისებზე; გაუყიდველი აქციები (პაია) რჩებოდა ფონდის კომიტეტის განკარგულებაში.
საქმეში არსებული მასალით დადგენილია და არც მხარეები ხდიან სადაოდ, რომ სააქციო საზოგადოება „ნ-------ის“ აქციები პრივატიზებულია აქციათა პრივატიზებისთვის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით და სახელმწიფო საწარმოთ პრივატიზების შესახებ კანონით დადგენილი წესით, თუმცა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიაჩნია, რომ აქციათა პრივატიზება არ გულისხმობდა სახელმწიფო საწარმოს კუთვნილი შენობა-ნაგებობების პრივატიზებას და ამიტომაც სახელმწიფოს არ გაუცია საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. ასეთი განმარტება სააპელაციო სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული. პალატა მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N18.05.2007წ გადაწყვეტილებას (N 2/1-370,382,390,402,40 _ საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), რომელშიც განიმარტა: „...საკუთრების უფლება უმნიშვნელოვანესი ძირითადი უფლებაა. ამავდროულად, საკუთრება არის ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფოს ეკონომიკურ საფუძველს წარმოადგენს. საკუთრების უფლების დაცვა უცხოა ტოტალიტარული სახელმწიფოსათვის, ხოლო დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ერთი მხრივ, საკუთრების, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ხოლო, მეორე მხრივ – მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას, არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში. აქედან გამომდინარე, 21-ე მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტის დამრღვევი ნორმა, რომელიც არ შეესაბამება საკუთრების უფლების შეზღუდვისადმი ან საკუთრების ჩამორთმევისადმი წაყენებულ კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, იმავდროულად წინააღმდეგობაში მოვა ამავე მუხლის პირველ პუნქტთანაც. სახელმწიფოს ვალდებულება, უზრუნველყოს საკუთრების უფლება, მოითხოვს შესაბამისი სამართლებრივი წესრიგის შექმნას...
საკონსტიტუციო სასამართლომ ხსენებულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ კანონით აქცია განმარტებულია, როგორც ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებს პარტნიორის (აქციონერის) მიმართ და აქციონერის უფლებებს სააქციო საზოგადოებაში“... . სააქციო საზოგადოებების ჩამოყალიბების პროცესი საქართველოში, ისევე როგორც იმ სახელმწიფოებში, სადაც ეკონომიკის სოციალისტური სისტემა მოქმედებდა, გარკვეული თავისებურებებით წარიმართა. სააქციო საზოგადოებების ძირითადი ნაწილი პრივატიზების შედეგად არის შექმნილი... საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 9 აგვისტოს კანონი „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ იმისათვის, რომ საწარმოს მუშაკები გამხდარიყვნენ საწარმოს მყიდველები და ესარგებლათ კანონით დაშვებული შეღავათებით, მოითხოვდა ამხანაგობის შექმნას. სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზება მისი მუშაკების მიერ წარმოადგენდა მიზანმიმართულ მოქმედებას და ეს პროცედურა თავისთავად გულისხმობდა მუშაკების მხრიდან თავისუფალი ნების გამოვლენას. 1994 წლის 14 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო დადგენილება №287 „საქართველოს რესპუბლიკაში საპრივატიზაციო ბარათების სისტემის შემოღების შესახებ“, რომლითაც საქართველოს რესპუბლიკის ყოველ მოქალაქეს 1993 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით უფლება მიენიჭა, მიეღო ერთი საპრივატიზაციო ბარათი, რომელიც საშუალებას მისცემდა საკუთრებაში უფასოდ მიეღო განსაზღვრული საერთო სახელმწიფო (საპრივატიზაციო) ქონებიდან თანაბარი წილი. ამ დადგენილებით დამტკიცებული „საპრივატიზაციო ბარათების შესახებ“ დებულების შესაბამისად, საპრივატიზებო ბარათებით განხორციელდა სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საწარმოების, მათი ქვედანაყოფების, ქონების, სააქციო საზოგადოებაში და ამხანაგობებში აქციებისა და წილის საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქებისადმი უსასყიდლოდ გადაცემის მექანიზმის რეალიზაცია. საპრივატიზებო ბარათები მოქმედებდა, როგორც გადახდის საშუალება. მოქალაქეს ჰქონდა სრული თავისუფლება, თავისი ნების შესაბამისად განეკარგა თავისი კუთვნილი ვაუჩერი – მოეხდინა მისი რეალიზაცია ან გამოეყენებინა ვაუჩერი რომელიმე სააქციო საზოგადოების აქციების შესაძენად. სწორედ ასეთ სამართლებრივ პირობებში ჩამოყალიბდა სააქციო საზოგადოებების უმრავლესობა“.
ზემოთ მოხსენიებულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობით, „აქციას საკმაოდ სპეციფიური სამართლებრივი ბუნება აქვს. ერთი მხრივ, აქცია მოიცავს სააქციო საზოგადოების წევრობისა და მის მართვაში მონაწილეობის კომპონენტს. ამ მიმართებით, აქციონერს, სააქციო საზოგადოებაში მისი მონაწილეობის შესაბამისად, აქვს ხმის უფლება, ინფორმაციის მიღების უფლება, კონტროლის უფლება, საერთო კრების გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და „მეწარმეთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებები. მეორე მხრივ, აქცია არის სააქციო საზოგადოების ქონებაში მესაკუთრის წილობრივი საკუთრების გამომხატველი და წილზე უფლების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ის არის „წილობრივი ფასიანი ქაღალდი“ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონის განმარტებით. საკუთრება აქციაზე მატერიალიზებადია აქციის განკარგვის შემთხვევაში, ასევე საზოგადოების ლიკვიდაციისას, რადგანაც ის აძლევს აქციონერს უფლებას მიიღოს ლიკვიდირებული სააქციო საზოგადოების ქონება თავისი წილის შესაბამისად. გარდა ამისა, აქცია აძლევს მის მესაკუთრეს საწარმოს მოგებიდან წილის მიღების უფლებას. ამდენად, აქცია არ არის სავარაუდოდ მისაღები, ვირტუალური შემოსავალი, თუნდაც იმ შემთხევვაში, როდესაც საქმე დივიდენდებს შეეხება. ის არის აქციონერის სამართლებრივად განმტკიცებული ქონებრივი უფლებებისა და პოზიციის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ სიკეთეს წარმოადგენს“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა 2003 წლის 06 ნოემბრის განჩინებაში (საქმე №3გ-ად-15-გ-03) განმარტავს, რომ: „საწარმოს დაფუძნება სამართლებრივად წარმოადგენს გარიგებას საზოგადოების შექმნაზე. სახელმწიფოს მიერ კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნება იმავდროულად ნიშნავს სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობას (განკარგვას), ვინაიდან ამ დროს ხდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემა კერძოსამართლის იურიდიული პირის საკუთრებად, თუნდაც ამ იურიდიული პირის წილთა 100%-ის მესაკუთრედ სახელმწიფო დარჩეს“.
დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტოს 16.02.2017 წლის N1------ წერილით სს „ნოჯიხევს“ 2013 წლის 17 მაისის N17------ განცხადებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სპს ,,ზურაბ მამულაშვილი-იურისტთა და აუდიტთა სახლის’’ 2013 წლის 24 ივნისის N23013/07, 26 ივლისის N27885/ფ და 27 სექტემბრის N36911/07 წერილის პასუხად ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიწის მიკუთვნების საკითხს განიხილავდა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, ,,იმ შემთხვევაში, როდესაც კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ გაასხვისა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მიწის ნაკვეთზე, ამ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდება საკუთრების უფლების აღიარება, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთს განსაზღვრავს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქონების მმართველი“. ვინაიდან სს ,,---------ს“ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართის სამინისტროსაგან ეტაპობრივად აქვს გამოსყიდული საწარმოს აქციები და არა მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი სააგენტო არ იყო უფლებამოსილი განეხილა განცხადებაში დასმული საკითხი.
საქმეში წარმოდგენილი 1994 წლის 07 ივლისის ხობის N1 ჩ--ს ფაბრიკის პრივატიზების გეგმის N8 პუნქტით დადგენილია, თუ რა ობიექტები არ ექვემდებარებოდა პრივატიზებას, ესენია: 1) საბავშვო ბაღი; 2) საბავშვო ბაღის საწყობი; 3)სასადილო; 4)სასადილოს საწყობი; 5) პურსაცხობი და 6) მაღაზია (ს.ფ. 46-59, ტ.2).
1998 წლის 10 სექტემბრის ინვენტარიზაციისა და მიღება-ჩაბარების აქტით ირკვევა, რომ სააქციო საზოგადოება ,,ნ---------ს“ დირექტორმა ალეკო ზაქარაიამ, ამავე ორგანიზაციის მთავარმა ბუღალტერმა სევდარი ჭითანავამ ერთის მხრივ და მეორე მხრივ სს ,,ნ---------ს’’ ყოფილმა დირექტორმა ვალერი კოდუამ და ყოფილმა ბუღალტერმა რუსუდან ცხადაიამ შეადგინეს ზემოაღნიშნული აქტი იმაზე, რომ ერთმა მხარემ ჩააბარა, ხოლო მეორე მხარემ მიიღო სს ,,ნ---------ს“ ბალანზე რიცხული ქონება (ს.ფ. 6-13, ტ.1).
მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელთა სიით ირკვევა, რომ სს ნ--------- (ჩ--ს ფაბრიკა), რომელიც დარეგისტრირებულია 111 ნომრად, 45690 კვ.მ. ფართობზე იხდიდა მიწის გადასახადს (ს.ფ. 2-3, ტ.2).
ამდენად პალატა იზიარებს სს ,,ნ---------ს“ წარმომადგენლის განმარტებას იმის შესახებ, რომ სს ,,---------ს“ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსაგან გამოსყიდული აქვს არამარტო საწარმოს აქციები, არამედ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი, კერძოდ, ზემოაღნიშნული დოკუმენტებით დგინდება, რომ სს ,,ნ---------ს“ მიერ აქციების გამოსყიდვასთან ერთად, რაც არ არის სადავო, გამოსყიდულია და პრივატიზირებული იქნა ის უძრავი ქონება, რომელიც ეკუთვნოდა ხობის N1 ჩ--ს ფაბრიკას. აქციების გამოსყიდვის პროცესში მისი თანმხლები და განუყოფელი ნაწილი იყო ხობის N1 ჩ--ს ფაბრიკის პრივატიზაციის გეგმა, რომელიც განსაზღვრავდა საპრივატიზაციო დოკუმენტს. აღნიშნული პრივატიზაციის გეგმის თანახმად, პრივატიზებას დაექვემდებარა ხობის N1 ჩ--ს ფაბრიკა, როგორც მისი აქციებით, ისე ქონებით. ამასთან საპრივატიზაციო ქონებით ცალკე გამოიყო ის ქონება, რომელიც არ ექვმდებარებოდა პრივატიზებას. შესაბამისად პრივატიზებული იქნა ხობის N1 ჩ--ს ფაბრიკის დანარჩენი უძრავ-მოძრავი ქონება.
ამასთან დადგენილია, რომ პრივატიზებულ ქონებას სს ,,ნ---------“ ფლობს და სარგებლობს წლების განმავლობაში, იხდის გადასახადებს და ეს ქონება იმყოფება სააქციო საზოგადოების ბალანსზე. თავად სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ წარდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ სს ,,---------ს“ გამოსყიდული აქვს აქციებთან ერთად მიწის ნაკვეთის არებითი შემადგენელი ნაწილიც პრივატიზაციის გეგმის შესაბამისად, ამდენად, იმის მითითება, რომ სს ,,---------ს“ გამოსყიდული აქვს მხოლოდ აქციები და არა მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი დაუსაბუთებელია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორევ ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩ--თვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
პალატა განმარტავს, რომ აქტის მომზადებისა და გამოცემის წესის აშკარა დარღვევად ჩ--თვლება შემთხვევა, როდესაც ასეთი დარღვევის არ არსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ კანონის აღიშნული ნორმით დადგენილი წესის გამოყენებით ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 25 ოქტომბრის N1------ ბრძანება და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 თებერვლის N1------ წერილი და დაევალოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სს ,,ნ---------ს’’ მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
5. საპროცესო ხარჯები
სს ,,ნ---------ს’’ მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 250 ლარის (პირველი ინსტანციის სასამართლოში -100 ლარი და სააპელაციო სასამართლოში -150 ლარი) ოდენობით, რაც უნდა აუნაზღაურდეს აპელანტს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსაგან და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაგან თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილისა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ნ---------ს’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. სს ,,ნ---------ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს
- ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 25 ოქტომბრის N1------ ბრძანება და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 თებერვლის N1------ წერილი;
- დაევალოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სს ,,ნ---------ს’’ მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
4. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სს ,,ნ---------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 250 (ორსა ორმოცდაათი) ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).
თავმჯდომარე: მურთაზ მეშველიანი
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ხათუნა ხომერიკი