განაჩენი

სისხლის სამართლის 22.11.2019
საქმის ნომერი
330100119003009121
ინსტანცია
თარიღი
22.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100119003009121

საქმე №1ბ/1679-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

19 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: მაია თეთრაული

 

სხდომის მდივანი: ანა გოცირიძე

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ლევან ჟორჟოლაძე

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: გ------- ჯ--–----ე, (პირადი ნომერი: 0----------), დაბადებული 1----–-–------------------, თბილისში, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------------------–-----–-------------ში.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი, 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წელი.

 

ადვოკატი: ია თოდუა

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ------- ჯ--–----ემ და ითხოვა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა.

 

ბრალდების მხარემ ითხოვა აღნიშნული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 9 აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თბილისში, დ-----------–-----------------–--–--------------ში მომხდარი ოჯახური კონფლიქტის დროს გ------- ჯ--–----ემ თავის დედას - ლ------ ს-----–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, მარჯვენა ხელის მაჯაზე უკბინა, ხელი ჰკრა და მიაჯახა საძინებელი ოთახის კედელს, მარჯვენა ხელის მუშტი დაარტყა ნიკაპზე და ასევე, სახისა და თავის არეში ხელის რამდენიმეჯერ დარტყმით სცემა, რის შედეგადაც ლ------ ს-----–---–მა სხეულზე მიიღო დაზიანებები და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 9 აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თბილისში, დ-----------–-----------------–--–--------------ში მომხდარი ოჯახური კონფლიქტის დროს გ------- ჯ--–----ემ დედის - ლ------ ს-----–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობის შემდეგ, განახორციელა უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენის მუქარა. კერძოდ, გ------- ჯ--–----ე ლ------ ს-----–---–ს დაემუქრა მოკვლით, მისი საცხოვრებელი სახლისთვის ცეცხლის წაკიდებით და განადგურებით, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც დახმარებისთვის მიმართა პოლიციას.

 

2019 წლის 10 აპრილს ქ. თბილისში, დ-----------–-----------------–--–--------------ში, ამავე მისამართზე 9 აპრილს მომხდარი ოჯახური კონფლიქტის საფუძველზე, გ------- ჯ--–----ისა და ლ------ ს-----–---–ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, აღმოჩენილი და ამოღებული იქნა მინის ფლაკონები და ერთჯერადი მოხმარების შპრიცები, რომლებშიც აღმოჩნდა ნარკოტიკულ საშუალებები - მეტამფეტამინი (ფუძე) - 0,001208 გრამის ოდენობით და ამფეტამინი - 0,0009 გრამის ოდენობით, რაც გ------- ჯ--–----ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ინახავდა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

უდაოდ ცნობილ დაზარალებულ ლ------ ს-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ გ------- ჯ--–----ე არის მისი შვილი. მეუღლე ადრე გარდაეცვალა და მარტო ზრდიდა შვილებს. გ------- ჯ--–----ე - ბავშვობიდან იყო ძნელად აღსაზრდელი და რამდენჯერმე მოუწია სკოლის შეცვლა. 2009 წელს გ------- ჯ--–----ე დააკავეს ყაჩაღობის ჩადენისათვის, რაზეც მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 12 წელი, რომლის ნაწილი შეუმცირდა შეწყალებით და სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლდა 2014 წლის ოქტომბრის თვეში. გ------- ციხეში სასჯელის მოხდის პერიოდში და მანამდეც ექცეოდა დადებითად, მათ შორის რაიმე შელაპარაკებასაც ადგილი არ ჰქონია, ხოლო მას შემდეგ რაც გათავისუფლდა ციხიდან, მის მიმართ გახდა აგრესიული და ერთმანეთთან ჰქონდათ კონფლიქტური დამოკიდებულება. კერძოდ, მას სახლში აკითხავდნენ ნასამართლევი პირები, რომლებიც რჩებოდნენ გვიანობამდე. მათი სახლში ყოფნა მიუღებელი იყო მისთვის და ამის წინააღმდეგი იყო. მისი თხოვნა გ-------მ არ გაიზიარა, არ მიიტანა გულთან ახლოს და კვლავ აგრძელებდა ნასამართლევი, მისთვის უცნობი პირების სახლში მიყვანას. 2016 წლის 18 ივნისს გ-------მ კვლავ მიიყვანა სახლში ნასამართლევი პირები, რომლებიც იყვნენ გვიან ღამემდე, რაც არ უნდოდა და რის შესახებაც იცოდა გ-------მ. ვერ მოითმინა და უთხრა შვილს, რატომ არ ითვალისწინებდა მის თხოვნას და რატომ მიყავდა სახლში ნასამართლევი პირები. შენიშვნა არ მიიღო გ-------მ და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მისი მეგობრების წასვლის შემდეგ დაუწყო კამათი, რასაც მოჰყვა მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება. შელაპარაკების ნიადაგზე გ-------მ ხელი მოკიდა მარჯვენა ხელზე მწარედ და მიახეთქა სახლის კედელს ორჯერ, რის შედეგად როგორც ხელის მოკიდებისას, ასევე სახლის კედელზე დაჯახებისას განიცადა ძლიერი ტკივილი. სიტყვიერი შეურაცხყოფების მიყენების ფაქტები მის მიმართ ხშირია გ-------ს მხრიდან, უფრო არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნისას და შესაბამისად, როდესაც შეამჩნევს, რომ გ------- არის არაფხიზელ მდგომარეობაში შეგნებულად არიდებს მას თავს, თუმცა იგი მაინც გამოთქვამს მის მიმართ უკმაყოფილებას. 2015 წლამდე ზამთრის პერიოდში გაზის გამათბობელი დაყენებული ჰქონდა მისაღებ ოთახში, სადაც იკრიბებოდნენ მისთვის უცნობი გ-------ს ნასამართლევი მეგობრები. მათი სახლში ყოფნა არ უხაროდა და ვინაიდან, სხვა საძინებელ ოთახში ციოდა, მისი ქალიშვილი თ----- ჯ---–---, რომელიც არის 39 წლის და აქვს გონებრივი ჩამორჩენა, თან მეტყველება უჭირს და ვერ ჩერდებოდა მათთან ერთად ოთახში, იძულებული იყვნენ დასაძინებლად წასულიყვნენ საძინებელ ოთახში, სადაც ციოდა. ძალიან უჭირდა ზამთრის პერიოდში ცივ ოთახში ყოფნა. ერთ-ერთი შეკრებისას ვერ მოითმინა და შვილს უთხრა, რომ ეზიზღებოდა როგორც თვითონ, ისე მისი ნასამართლევი და ნარკომანი მეგობრები, რაზეც გ-------ს მათი თანდასწრებით არაფერი არ უთქვამს, ხოლო მათი წასვლის შემდეგ დაუწყო ჩხუბი, კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დასძინა, რომ სახლს დაუწვავდა თუ არ გაჩერდებოდა. მისი მუქარა აღვიქვა რეალურად, ვინაიდან მას შეეძლო მსგავსი ქმედების განხორციელება და იძულებული გახდა გაჩუმებულიყო. 2015 წელს გაზის გამათბობელი დააყენა მისი და მისი ქალიშვილის საძინებელ ოთახში და შესაბამისად, ცდილობდა გ-------სთვის თავი აერიდებინა. 2019 წლის 9 აპრილს, დღის მეორე ნახევარში, გ------- გავიდა სახლიდან და დაბრუნდა გვიან ღამით, დაახლოებით 23:00 საათზე, არაფხიზელ მდგომარეობაში. მას და მის ქალიშვილს უკვე ეძინათ, რა დროსაც გ-------მ კარის ფანჯრებს დაუწყო ხელის დარტყა. მიხვდა, რომ მისი შვილი ნასვამი იყო და ცდილობდა უცებ ამდგარიყო, რათა კონფლიქტი არ გამოეწვია. მან მოსთხოვა მისთვის საჭმელის მიტანა, რაზეც უთხრა, რომ ჰქონდათ ყველი და პური და ცდილობდა დაეწყო მაგიდაზე, რომ გ-------ს ეჭამა. თან ცდილობდა მისთვის პიჯაკი გაეხადა, რა დროსაც ხელი მოყვა მის ყურსასმენზე რომელიც გ-------ს ეკეთა. მან ყვირილით უთხრა, რომ არ გაეწყვიტა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მარჯვენა ხელზე, მაჯასთან უკბინა ისე, რომ განიცადა ძლიერი ტკივილი, შემდეგ ხელით დაეჯაჯგურა და საძინებელი ოთახის კედლის კუთხეს მიაჯახა, რის გამოც მარჯვენა ხელის მკლავზე მიიღო დაზიანება და განიცადა ძლიერი ტკივილი. ამავე დროს, გ-------მ მარჯვენა ხელის მუშტი დაარტყა ნიკაპსა და თვალის არეში, რამაც გამოიწვია ძლიერი ტკივილი და მიიღო დაზიანებები. ამასთან, ემუქრებოდა, რომ სახლს დაწვავდა და საკუთარი ხელით მოკლავდა, რაც აღვიქვა რეალურად და ძალიან შეეშინდა, ვინაიდან იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, იქცეოდა არაადეკვატურად და აყენებდა ძლიერ ტკივილს, რისი მოთმენა უკვე არ შეეძლო. მაშინვე უნდოდა დაერეკა 112-ის სამსახურში, რათა გამოეძახებინა საპატრულო პოლიცია, თუმცა გ------- გვერდიდან არ შორდებოდა და ამის გაკეთება იმ მომენტში ვერ შეძლო. მას შემდეგ, რაცა გ-------მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ფეხით ჩაამტვრია მისაღებ ოთახში მდგარი სერვანტის მინა და მაცივრის კარი, გვიან ღამით კი ჩაეძინა. მეორე დღეს ანუ 2019 წლის 10 აპრილს, დილით, როცა შეძლო ადგომა, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებით მიმართა პოლიციას. დაზარალებულის განმარტებითვე, მისი შვილი გ------- ჯ--–----ე სახლში ხარშავს გაურკვეველი სახეობის ნარკოტიკულ საშუალებას, რის გამოც ხშირად ხდება შეკრებები მის ოჯახში. ქვაბი, რომლის საშუალებით ბრალდებული ხარშავს ნარკოტიკულ საშუალებას, ასევე ერთჯერადი სამედიცინო შპრიცები არის სახლში, რაზეც შეუძლია მიუთითოს სამართალდამცავებს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს.

 

უდაოდ ცნობილი მოწმე თ------ ფ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 10 აპრილს განყოფილებაში მივიდა ლ------ ს-----–---–ი, რომელიც იყო აცრემლებული. ჰკითხა რა სახის დახმარება ესაჭიროებოდა, რაზეც უპასუხა, რომ 2019 წლის 9 აპრილს მასზე ფიზიკური ძალადობა განახორციელა მისმა შვილმა - გ------- ჯ--–----ემ და აჩვენა დაზიანებები დაჟეჟილობების სახით. დაზარალებულს დაზიანებები აღენიშნებოდა მარცხენა ხელის მაჯაზე და მარცხენა თვალის ქუთუთოზე.

 

ასევე უდავო მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

2019 წლის 10 აპრილის ლ------ ს-----–---–ის სხეულზე არსებული დაზიანებების ფოტოგრაფირების შესახებ ოქმით და მასზე დართული ფოტოსურათებით დადგენილია, რომ „SAMSUNG A5“ მოდელის მობილური ტელეფონის საშუალებით მოხდა მოწმე ლ------ ს-----–---–ის მარცხენა ხელის მაჯის, ნიკაპის, მარცხენა თვალის ქუთუთოს და მარცხენა ხელის მხარზე არსებული დაზიანებების ფოტოგრაფირება, რაზეც დაზარალებულმა განმარტა, რომ აღნიშნული დაზიანებები 2019 წლის 9 აპრილს ღამის საათებში მიაყენა მისმა შვილმა - გ------- ჯ--–----ემ.

 

2019 წლის 10 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებული იქნა ქ. თბილისში, დ-----------–----------–--–-------------ში მდებარე ლ------ ს-----–---–ის საცხოვრებელი სახლი, რა დროსაც ამოღებული იქნა მინის ნატეხები ერთ ფურცლად, ლურჯი ფერის პარკით წიწვოვანი მასა, ორი ცალი საშუალო და პატარა ზომის ჯამი, ერთი ცალი 20 მლ. შპრიცი მოყვითალო ფერის სითხით, ლურჯი ფერის პლასტმასის კოლოფით 7 ცალი საინექციო შპრიცით და ორი ცალი მინის შუშა.

 

2019 წლის 10 აპრილის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებულ იქნა ლაზერული დისკი. დისკზე ასახულია ქ. თბილისი, დ-----------–----------–--–----------------ში მდებარე ლ------ ს-----–---–ის საცხოვრებელი სახლი. კერძოდ, ლოჯში მდგარი მაცივრის დაზიანებული კარი, მისაღებ ოთახში მდგარი ჭურჭლის კარადის დაზიანებული მინა და იატაკზე მიმოყრილი მინის ნამსხვრევები, სახლის წინ ეზოში ნაგავის დასაყრელ ადგილზე ლურჯი პოლიეთილენის პარკით აღმოჩენილი წიწვოვანი მასა, სამზარეულო ოთახში სარეცხ მანქანაზე დადებული ორი ცალი ჯამი და საძინებელ ოთახში მდგარი ტუმბოს ზედაპირზე აღმოჩენილი შპრიცი მოყვითალო სითხით. ასევე, ტუმბოს გვერდზე აღმოჩენილი ლურჯი ფერის პლასტმასის კონტეინერით 7(შვიდი) ცალი შპრიცით და ორი ცალი მინის შუშა.

 

2019 წლის 11 აპრილის ქიმიური ექსპერტიზის N1793/სქ-N1811/ქრ დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ლურჯი ფერის პოლიეთილენის თავმოკრულ პარკში მოთავსებული მომწვანო-მოყავისფრო წიწვისმაგვარი სველი მცენარეული მასა, წონით – 539,63 გრამი შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერება - ეფედრინს - 0,0618 გრამის ოდენობით; 2 ცალი უფერო გამჭვირვალე მინის ცარიელი ფლაკონის შიდა კედლებზე არსებული ყავისფერი ნივთიერებების დანაშრევები შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: მეტამფეტამინს (ფუძე) - 0,000475 გრამის ოდენობით და ამფეტამინს - 0,00045 გრამის ოდენობით; 6 ცალ ერთჯერადი მოხმარების ცარიელი შპრიცებს შიდა კედლებზე აღინიშნება ნარკოტიკული საშუალებები: მეტამფეტამინი (ფუძე) - 0,000733 გრამის ოდენობით და ამფეტამინი - 0,00045 გრამის ოდენობით; 20 მლ. ერთჯერადი მოხმარების შპრიცში მოთავსებული ნავთობპროდუქტებისათვის დამახასიათებელი სუნის მქონე 19,0 მლ მოყვითალო-ყვითლით ორფენიანი სითხე შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერება - ეფედრინს - 0,00304 გრამის ოდენობით. ექსპერტიზაზე წარდგენილ საკვლევ ობიექტებში ნარკოტიკული საშუალებების: მეტამფეტამინის (ფუძე) საერთო წონა შეადგენს - 0,001208 გრამს, ამფეტამინის საერთო წონა შეადგენს - 0,0009 გრამს, ხოლო ფსიქოტროპული ნივთიერება ეფედრინის საერთო წონა შეადგენს - 0,06484 გრამს.

 

2019 წლის 5 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ პირადი შემოწმებით: 2019 წლის 10 აპრილს, მოქ. ლ------ ს-----–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ნაჭდევი. კერძოდ, მარჯვენა თვალის ზედა ქუთუთოზე აღინიშნება უსწორო ფორმის, მუქი მოწითალო მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი, ზომით: 1X0,4სმ. ასეთივე ფერის და ფორმის სისხლნაჟღენთები აღინიშნება მარცხნივ ნიკაპქვეშა მიდამოში, ზომით - 2,5X1სმ; მარჯვენა მხრის ზემო მესამედის გარეთა ზედაპირზე, ზომით - 8X5,5სმ. და მარჯვენა წინამხრის ქვემო მესამედის წინა ზედაპირზე, ზომით - 7X9სმ. ასევე, მარცხნივ შუბლის მიდამოში აღინიშნება უსწორო ფორმის, მოწითალო ფერის, კანის დონიდან ქვემოთ მდებარე ნაჭდევი, ზომით - 0,2X0,2სმ. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ერთობლიობაში, ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

2019 წლის 5 ივლისის სასაქონლო ექსპერტიზის N967/ს დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მაცივრის „PRIME“, მოდელი „KRF-23OTH”, ქვედა კამერის კარის საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს – 60 (სამოც) ლარს. ექსპერტიზაზე წარდგენილი კარადის ვიტრინის კარის ორი ცალი მინის საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს - 34 (ოცდათოთხმეტ) ლარს.

 

მსჯავრდებულმა გ------- ჯ--–----ემ თავი მხოლოდ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშალების უკანონო შეძენა-შენახვაში ცნო დამნაშავად და განაცხადა, რომ მას დედის მიმართ არც ძალადობა და არც მუქარა არ განუხორციელებია.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ გ------- ჯ--–----ეს არ ჩაუდენია ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი და ასევე, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ვინაიდან, დაზარალებულ ლ------ ს-----–---–ის უდაოდ ცნობილი ჩვენებით დადგენილია, რომ მისი შვილი - გ------- ჯ--–----ე ციხიდან გათავისუფლების შემდეგ გახდა აგრესიული და ჰქონდათ კონფლიქტური დამოკიდებულება. 2019 წლის 9 აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე, როდესაც გ-------ს ყურსასმენზე მოუხვდა ხელი, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მარჯვენა ხელზე, მაჯასთან უკბინა ისე, რომ განიცადა ძლიერი ტკივილი, შემდეგ ხელით დაეჯაჯგურა და საძინებელი ოთახის კედლის კუთხეს მიაჯახა, რის გამოც მარჯვენა ხელის მკლავზე მიიღო დაზიანება და განიცადა ძლიერი ტკივილი. ამავე დროს, მსჯავრდებულმა მარჯვენა ხელის მუშტი დაარტყა ნიკაპსა და თვალის არეში, რამაც გამოიწვია ძლიერი ტკივილი და მიიღო დაზიანებები. ამასთან, ემუქრებოდა, რომ სახლს დაწვავდა და საკუთარი ხელით მოკლავდა, რაც აღვიქვა რეალურად და ძალიან შეეშინდა, ვინაიდან იყო ნასვამი. მოწმე თ------ ფ-----მ დაადასტურა ის ფაქტი, რომ 2019 წლის 10 აპრილს განყოფილებაში მივიდა ლ------ ს-----–---–ი, რომელმაც უამბო მისი შვილის მხრიდან ძალადობის ფაქტის შესახებ და ასევე, უჩვენა დაზიანებები მარცხენა ხელის მაჯაზე და მარცხენა თვალის ქუთუთოზე. დაზარალებულის ჩვენება ასევე დასტურდება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით. ასევე, 2019 წლის 5 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც დაცვის მხარეს სადაოდ არ გაუხდია. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია მსჯავრდებულ გ------- ჯ--–----ის მიერ ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი და ასევე, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

რაც შეეხება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვას, აღნიშნულ დანაშაულს მსჯავრდებული გ------- ჯ--–----ე აღიარებს, თუმცა სასამართლოს სთხოვს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებისათვის გათვალისწინებული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლება აქვს როგორც სასამართლოს, ასევე ნებისმიერ ფიზიკურ პირს და შესაბამისად, მას თვითონაც შეეძლო მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსადმი აღნიშნული მოთხოვნით. (ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის გათვალისწინებული სასჯელის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შეტანილია სარჩელი, რაზედაც გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს ამ დროისთვის არ აქვს მიღებული).

 

ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენი გ------- ჯ--–----ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ------- ჯ--–----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გ------- ჯ--–----ეს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენი გ------- ჯ--–----ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საქმეთა კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები: - მომწვანო-მოყავისფრო წიწვისმაგვარი სველი მცენარეული მასა, საშუალო და პატარა ზომის ორი ცალი ჯამი, ერთი ცალი 20(ოც) მილიგრამიანი ერთჯერად საინექციო შპრიცი მასში მოთავსებული მოყვითალო-ყვითლით ორფერიანი სითხით, ლურჯი ფერის პლასტმასის კონტეინერი და მასში მოთავსებული სამი ცალი 20(ოც) მილიგრამიანი, ერთი ცალი 10(ათ) მილიგრამიანი და სამი ცალი 3(სამ) მილიგრამიანი ერთჯერადი საინექციო შპრიცები, ორი ცალი უფერო გამჭვირვალე ფლაკონი მათში არსებული ნარკოტიკული საშუალებით და მინის ნატეხები, რომლებიც ინახება შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-9 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით; შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტომასალა ერთ ცალ „DVD-R“ ფორმატის დისკზე, უნდა დაერთოს საქმეს და შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ------- ჯ--–----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

გ------- ჯ--–----ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ------- ჯ--–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით.

 

გ------- ჯ--–----ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 10 აპრილიდან.

 

გ------- ჯ--–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

გ------- ჯ--–----ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10(ათი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

აღნიშნულის თაობაზე ეცნობოს შესაბამის სამსახურებს.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტის მიღების შემდეგ: მომწვანო-მოყავისფრო წიწვისმაგვარი სველი მცენარეული მასა, საშუალო და პატარა ზომის ორი ცალი ჯამი, ერთი ცალი 20(ოცი) მილიგრამიანი ერთჯერად საინექციო შპრიცი მასში მოთავსებული მოყვითალო-ყვითლით ორფერიანი სითხით, ლურჯი ფერის პლასტმასის კონტეინერი და მასში მოთავსებული სამი ცალი 20(ოცი) მილიგრამიანი, ერთი ცალი 10(ათი) მილიგრამიანი და სამი ცალი 3(სამი) მილიგრამიანი ერთჯერადი საინექციო შპრიცები, ორი ცალი უფერო გამჭვირვალე ფლაკონი მათში არსებული ნარკოტიკული საშუალებით და მინის ნატეხები, რომლებიც ინახება შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-9 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით; შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტომასალა ერთ ცალ „DVD-R“ ფორმატის დისკზე, დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /მ. თეთრაული/