განაჩენი

სისხლის სამართლის 12.11.2019
საქმის ნომერი
330100115002833468
ინსტანცია
თარიღი
12.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1ბ/203-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე : მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებელ - დ-------------ის

ადვოკატ - ნ--------–--–--ის

მსჯავრდებულ - ა--------------ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ა--------------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ--------–--–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ა--------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 17 ივლისს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №2----------), ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების კასპი, მ---------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ა--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით - 2015 წლის 31 მარტიდან 2015 წლის 6 აპრილის ჩათვლით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ა--------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

ა--------------ემ 2015 წლის 31 მარტს, გასაღების მიზნით დაამზადა და გაასაღა №ე------------ საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომელშიც შეიტანა ფიქტიური ოპერაციის ამსახველი ინფორმაცია, თითქოსდა შპს „მ--------“ (ს/ნ 4-------) შპს „მ------–----“ (ს/ნ 2--------) გაუწია 501 277 ლარის ღირებულების საკონსულტაციო მომსახურება, რის სანაცვლოდაც ა--------------ემ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ჩართული პირისგან აიღო ფულადი თანხა 40 000 ლარის ოდენობით.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა--------------ემ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ--------–--–--ემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩვრებული განაჩენის გაუქმება და ა--------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტების განმარტებით, ა--------------ის მიერ განხორციელებული ქმედება არ წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს დანაშაულია, აშკარაა, რომ მსჯავრდებული ამ დანაშაულის ჩადენაში წააქეზა თ----------–---–მა, რომელიც, გამოცდილი აგენტ- პროვოკატორია, რომელსაც არაერთი მსგავსი პროვოკაცია აქვს მოწყობილი სხვა პირთა მსჯავრდების მიზნით. აპელანტის მითითებით, თ----------–---–ის აგენტ-პროვოკატორობა დასტურდება მის მიერვე სასამართლოში დაკითხვისას გადმოცემული ინფორმაციით იმის შესახებ, რომ ის არის პროფესიით ექიმი, აქვს გარკვეული ფულადი ვალდებულებები, რის გამოც შეყვანილია მოვალეთა რეესტრში. აპელანტის განმარტებით, თ----------–---–ი საეჭვოდ მეგობრობს ფინანსური პოლიციის თანამშრომელ გ------სთან და ხშირად დადის ფინანსულ პოლიციაში, მსგავს საქმეებზე დაგეგმილ, ფარულ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში მიღებული აქვს მონაწილეობა ორჯერ, მოცემულ საქმეზე ა--------------ესთან ურთიერთობისას მსჯავრდებულს გაეცნო როგორც სამშენებლო კომპანია „მ------–-----“ თანამშრომელი, რომელსაც დირექტორისაგან, დ-------------–--–---–-საგან ჰქონდა მინდობილობა, რომელიც სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა. აპელანტის მითითებით, ხელოვნებასთან შორს მყოფი, პროფესიით ექიმი, მოვალეთა რეესტრში და ფინანსულ პოლიციასთან მეგობრულ დამოკიდებულებაში მყოფი, სამშენებლო კომპანიის თანამშრომელი და სხვა დროს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე თ----------–---–ი, აპირებდა ჩართულიყო კულტურულ ღონისძიებაში და ქალაქ კ---–- ჩაეტარებინა მხატვართა კავშირის წევრის, ღირსების ორდენის კავალერის, გამომგონებელთა მსოფლიო ასოციაციის ნამდვილი წევრის, აკადემიკოს ნ-----–----------–--ის გამოფენა „მსოფლიო ტერორიზმის გარეშე“. ამ მიზნით, მან, როგორც ფიზიკურმა პირმა და არა როგორც შპს „მ------–-----“ წარმომადგენელმა, განცხადებით მიმართა ქალაქ კ---–- მდებარე კულტურის ცენტრ „ჰარმონიას“ დირექტორს ზ-------------–---–ს, რომელსაც შესთავაზა ფულადი თანხა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც უარი მიიღო, ხელშეკრულება გააუქმა.

აპელანტის განმარტებით, ზემოაღნიშნულის გარდა თ----------–---–ის აგენტ-პროვოკატორობის ფაქტს ადასტურებს ის გარემოება, რომ მან საგამოძიებო ორგანოს დაკითხვის შემდეგ წარუდგინა მასსა და ა--------------ეს შორის მომავალში ხელმოსაწერი ხელშეკრულების პროექტი და დამალა რეალური ხელშეკრულება, რომლის ერთი ეგზემპლარი მსჯავრდებულთან ინახებოდა და მასში მითითებულია მხარეთა შეთანხმება იურიდიული და კომპილაციური მომსახურების ღირებულების შესახებ და ხელშეკრულება ხელმოწერილია თ----------–---–ის მიერ, მასზე ასევე დასმულია შპს „მ------–-----“ ბეჭედი. აპელანტის აზრით, თ----------–---–ი, ისევე როგორც სხვა დროს სხვა რეგიონებში, ქალაქ კ---–- ჩასული იყო მუნიციპალიტეტის გამგეობის სხვადასხვა თანამშრომელთა გარკვეულ პროვოკაციაში ჩართვის მიზნით და მან ეს შეძლო ა--------------ესთან მიმართებაში, რაშიც დაეხმარა მსჯავრდებულთან ინტიმური ურთიერთობის დამყარება.

აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი ანგარიშფაქტურის შესაბამისად, შპს „მ-------“ დაბეგრილ იქნა შემოსავლების სამსახურის მიერ და მისი ანგარიშიდან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოიხსნა 38 000 ლარამდე თანხა. ამასთან, შესაძლო დანაშაულის თარიღად მითითებულია 2015 წლის 31 მარტი და შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ანგარიშფაქტურა გაუქმებულია ორი წლის შემდეგ - 2017 წლის 27 აპრილს. დღემდე არ გაუქმებულა ხსენებული ოპერაციის ამსახველი ზედნადები და ჩეკი. შესაბამისად, შპს „მ-------ს“ დღემდე გააჩნია საგადასახადო ვალდებულება მითითებული ანგარიშფაქტურიდან გამომდინარე. აპელანტმა განმარტა, რომ ანგარიშფაქტურა ფიქტიურად რომ ყოფილიყო მიჩნეული, მას საგადასახადო ვალდებულებების იძულებითი შესრულების პროცედურები არ მოჰყვებოდა და ვინაიდან ეს განხორციელდა, თვით შემოსავლების სამსახურის ასეთი მოქმედება ადასტურებს, რომ რაიმე ფიქტიურ მოქმედებას ა--------------ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

აპელანტმა აღნიშნა, რომ თ----------–---–სა და ა--------------ეს შორის ორივე მხარის თანხმობით 2014 წლის 03 იანვარს დაიდო №0--- ხელშეკრულება იურიდიული და კომპილაციური მომსახურების შესახებ, რაც მხარეებმა დაადასტურეს ბეჭდითა და ხელმოწერებით. ხელშეკრულების საფუძველზე, ა--------------ემ დამკვეთს პირველ ეტაპზე გაუწია იურიდიული კონსულტაცია და შეუდგინა აგრო ბიზნეს-გეგმა, რაც გადასცა თ----------–---–ს, შემდეგ კი მოითხოვა ხელშეკრულების ღირებულების 40%-ის გადახდა, რომელიც მოხმარდებოდა ნახაზების და ფინანსური გაანგარიშების (პროექტის შედგენის) ანაზღაურებას, ასევე დღგ-ს და სხვა გადასახადებს. ა--------------ეს დამკვეთისათვის არ მოუთხოვია 40 000 ლარის გადახდა და მოთხოვილი თანხა იყო გაცილებით მეტი. აპელანტის აზრით, ანგარიშფაქტურა №ე-------------ში სრული სიზუსტით აისახა მხარეებს შორის, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ზუსტი მონაცემი და ასეთ ვითარებაში გაუგებარია, თუ რაში გამოიხატა ხსენებულ ანგარიშფაქტურაში ფიქტიური ოპერაციის ამსახველი ინფორმაციის განთავსების ფაქტი.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებული ა--------------ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ--------–--–--ე დაეთანხმნენ მათ მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მისი დაკმაყოფილება ითხოვეს, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ა--------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას მსჯავრდებულ ა--------------ის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ ა--------------ემ ნამდვილად ჩაიდინა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი.

 

უპირველეს ყოვლისა, პალატა აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ, (Hirvisaari v. Finland), განაცხადი N49684/99; §30; ECtHR; 25.12.2001).

 

სააპელაციო საჩივარში ძირითადი აქცენტი კეთდება იმ გარემოებაზე, რომ ა--------------ე აღმოჩნდა დანაშაულის პროვოკაციის მსხვერპლი თ----------–---–ის მხრიდან. პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მოიხმობს მოწმე თ----------–---–ის ჩვენებას, რომლის თანახმად, ის არის შპს „მ------–-----“ ფინანსური დირექტორი. ა--------------ე გაიცნო დაახლოებით 2013-2014 წლებში, სოციალური ქსელის მეშვეობით. მოგვიანებით მათი ურთიერთობა გადაიზარდა შეხვედრებშიც. ერთ-ერთ შეხვედრაზე ა--------------ემ მას შესთავაზა, ვითომდა იურიდიული მომსახურების გაწევა, რაც ამ უკანასკნელისთვის არ ყოფილა პირველი შემთხვევა, თუმცა მისი მხილება სახელმწიფომ ვერ შეძლო. აღმოაჩინა რა დანაშაულის ნიშნები, ჩაუტარებელ სამუშაოში გასამრჯელოს მიღების სახით, რა შემთხვევაშიც ა--------------ეს მოგების სახით დარჩებოდა ნაშთი, თ----------–---–მა მიმართა ფინანსურ პოლიციაში მომუშავე დიდი ხნის მეგობარს - მ-----– გ------ს, რომელმაც დაიწყო საქმის მოკვლევა. ამის შემდეგ, იგი ორჯერ შეხვდა ა--------------ეს, რა დროსაც პოლიციის მიერ აღჭურვილი იყო შესაბამისი წესით. პირველი შეხვედრა შედგა 2015 წლის გაზაფხულზე, ქ. თბილისში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, რა დროსაც ა--------------ემ დაუკონკრეტა, რომ ხელშეკრულების საფუძველზე ითანამშრომლებდა შპს „მ------–-------“ და განახორციელებდა ზემოაღნიშნულ ღონისძიებას. მოწმის განმარტებით, შეხვედრაზე ა--------------ე გახსნილად საუბრობდა საპროცენტო განაკვეთზეც. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შეხვედრა მიმდინარეობდა 2015 წელს, მეტი მარწმუნებლობისთვის (თითქოს დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა შპს „მ------–----ა“ და შპს „მ-------ს შორის ურთიერთობა), ისინი შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულება დათარიღებული ყოფილიყო 2014 წლის 3 იანვრით. მოწმის განმარტებით, მეორე შეხვედრა შედგა კასპის რაიონში მდებარე რესტორან „ა-------–-“. შეხვედრას მისი და ა--------------ის გარდა, ესწრებოდნენ სხვა პირებიც. მოწმემ დაადასტურა, რომ შეხვედრის მიმდინარეობისას ის გარეთ გაიხმო ა--------------ემ, რა დროსაც უთხრა, რომ მის მიერ მიტანილი თანხა გადაეცა აღნიშნული რესტორნის მიმტან დოდოსთვის, რომელიც იყო მისი ნდობით აღჭურვილი პირი. მოწმის განმარტებით, მან ამის შემდეგ დაუძახა მ-----– გ------ს, რომელმაც ფულადი თანხა 40 000 ლარის ოდენობით (მოწმეს მიტანილი ჰქონდა ბეს სახით) გადასცა მიმტანს. მოწმის თქმით, აღნიშნული ფული მას გადასცეს საგამოძიებო ორგანოში და შესაბამისად ეკუთვნის სახელმწიფოს.

 

აგენტ-პროვოკატორის მონაწილეობით ჩადენილი ქმედების დანაშაულად მიჩნევის თვალსაზრისით, პალატა მოიხმობს ევროპული სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებას №31536/07 საქმეზე ჭოხონელიძე საქართველოს წინააღმდეგ, სადაც მითითებულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ცნო საიდუმლო აგენტების გამოყენება, როგორც სერიოზული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ლეგიტიმური საგამოძიებო მეთოდი, ის მაინც მოითხოვს, მკაფიო, ადეკვატურ და საკმარის საპროცესო გარანტიებს, რათა მოხდეს პოლიციის დასაშვები ქმედებების წაქეზებისგან (პროვოკაციისგან) განცალკევება, რადგანაც საზოგადოებრივი ინტერესი ვერ გაამართლებს პოლიციის მიერ პროვოკაციის გზით მოპოვებული სამხილების გამოყენებას (იხ. Teixeira de Castro v. Portugal, 9 ივნისი 1998, §36, მოხსენებები განაჩენებისა და გადაწყვეტილებების შესახებ 1998-IV, და Nosko and Nefedov v. Russia, no. 5753/09 და 11789/10, §50, 30 ოქტომბერი 2014). ამ თვალსაზრისით, პროვოკაციის შესახებ საჩივრების სასამართლო განხილვა განვითარდა ორი ტესტის საფუძველზე - წაქეზების არსებითი ტესტი და პროცედურული ტესტი (იხ. მაგ. Bannikova v. Russia, no. 18757/06, §§37 და 51, 4 ნოემბერი 2010). არსებითი ტესტის მიხედვით დანაშაულის წაქეზების საკითხზე დასაბუთებული საჩივრის განხილვისას სასამართლო პირველ რიგში არკვევს, ჰქონდა თუ არა ხელისუფლების ორგანოებს მყარი საფუძველი ფარული ოპერაციების ჩასატარებლად. კერძოდ, მათ უნდა აჩვენონ, რომ ისინი ფლობდნენ კონკრეტულ, ობიექტურ და გადამოწმებულ მტკიცებულებებს, რომლებიც გვიჩვენებს, რომ თავდაპირველი ნაბიჯები, რომლებიც დანაშაულის შემადგენელ ქმედებებს წარმოადგენდა, უკვე გადადგმული იყო, იმ დროს, როდესაც პოლიცია ჩაერია (იხ. ზოგადად, Shannon v. the United Kingdom (dec.), no. 67537/01, ECHR 2004-IV; Eurofinacom v. France, (dec.), no. 58753/00, ECHR 2004-VII; და Furcht v. Germanyno. 54648/09, §51, 23 ოქტომბერი 2014). ეს პრინციპი გამორიცხავს ნებისმიერ ქმედებას, რომელიც შეიძლება განიმარტოს, როგორც მომჩივნის წაქეზება დანაშაულისკენ, რომელსაც სხვაგვარად იგი არ ჩაიდენდა, როგორიცაა, მაგალითად, მომჩივანთან დაკავშირების ინიციატივა თავდაპირველი უარის მიუხედავად, განმეორებითი შეთავაზება, დაჟინებითი მოთხოვნები, ფინანსური სარგებლის დაპირება, ან მომჩივნის თანაგრძნობის გამოწვევა. უმნიშვნელოვანესია თითოეულ შემთხვევაში დადგინდეს, დანაშაულებრივი ქმედება უკვე მიმდინარეობდა თუ არა იმ დროს, როდესაც წყარომ თანამშრომლობა დაიწყო პოლიციასთან. პროვოკაციის შესახებ საჩივრების განხილვისას ასევე მნიშვნელოვანია იმის გაანალიზება, ხომ არ ჰქონდა რაიმე ფარული მოტივები იმ პირს, რომელმაც ორგანოებს შეატყობინა მომჩივნის სავარაუდო უკანონო ქმედებების შესახებ.

 

პალატა ასევე მიუთითებს, რომ კონვენცია ირღვევა, როდესაც აგენტები უბიძგებენ პირს დანაშაულის ჩადენისკენ და სახეზე არ არის არგუმენტი, რომ მოცემული დანაშაული მათი მონაწილეობის გარეშეც იქნებოდა ჩადენილი (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Teixeira de Castro v. Portugal, 09/06/1998, № 44/1997/828/1034); ფარულ თანამშრომელთა მონაწილეობა სისხლის სამართლის პროცესში უნდა განხორციელდეს მხოლოდ პასიურად და მათ არ უნდა ჰქონდეთ როლი ბრალდებულთა განზრახვის ფორმირების პროცესში (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania, 05/02/2008, № 74420/01); თუ ფარული აგენტი აქტიურად არის ჩართული და არსებითად უღვივებს პირს დანაშაულის ჩადენის სურვილს, სახეზეა დანაშაულის პროვოკაცია (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Malininas v. Lithuania, 01/07/2008, № 10071/04); ხოლო როცა მიმდინარე/დაწყებულ დანაშაულებრივი ქმედების ფარგლებში ხდება ფარული თანამშრომლის ჩართვა, ეს ითვლება პასიურ მოქმედებად და, შესაბამისად, მისი ქმედება არ არის მაპროვოცირებელი (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Miliniene v. Lithuania, 24/06/2008, № 74355/01).

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ნათელია, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე ა--------------ემ თ----------–---–ს თვითონ შესთავაზა ვითომდა იურიდიული მომსახურების გაწევა, რა დროსაც დანაშაულის ნიშნად თ----------–---–მა მიიჩნია სამუშაოს შესრულებამდე გასამრჯელოს მიღება. სწორედ აღნიშნული შეთავაზების მიღების შემდეგ მიაკითხა თ----------–---–მა საგამოძიებო ორგანოს და მიაწოდა ინფორმაცია. ამ მიმართებით ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გაანალიზების შედეგად, ნათელია, რომ თ----------–---–ის როლი ამ პროცეში იყო პასიური, მას წამქეზებლური მოქმედებები არ განუხორციელებია, არამედ თავდაპირველი ნაბიჯები, რომლებიც დანაშაულის შემადგენელ ქმედებებს წარმოადგენდა, უკვე გადადგმული იყო, იმ დროს, როდესაც საგამოძიებო ორგანო ჩაერია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტს სადავოდ არ გაუხდია მოწმე თ----------–---–ის მიერ მიცემული ჩვენების სანდოობა, არამედ მის პიროვნებაზე და მოცემულ საქმეში მინიჭებულ სტატუსზე მითითებით მიიჩნია, რომ ა--------------ის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მოწმე თ----------–---–ის ჩვენება გამყარებულია ისეთი მტკიცებულებებით, როგორიცაა მოწმეების - მ-----– გ-------, გ---–---------–----, დ-------------–---–-- ჩვენებები, პირადი ჩხრეკის ოქმი, საგადასახადო ანგარიშფაქტურა №ე------------, ფულადი ნიშნების დაფიქსირებისა და გადაცემის ოქმი, აღჭურვის №8- და №8- ოქმები, ვიდეოჩანაწერები და სხვა მტკიცებულებები.

 

პალატა ეხმიანება სააპელაციო საჩივრის ერთ-ერთ არგუმენტს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შედგენის თარიღის არათანხვედრას ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ ინფორმაციასთან. პალატა ამ ნაწილშიც სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ სადავო ხელშეკრულების 2014 წლით დათარიღების საკითხი ახსნილია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ისეთი უტყუარი მტკიცებულებით, როგორიც არის ფარული საგამოძიებო ღონისძიების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც ჩაწერილია 2015 წლის 31 მარტს, რა დროსაც მხარეები საუბრობენ იმ ფაქტზეც, რომ ხელშეკრულება ძველი თარიღით უნდა ყოფილიყო გაფორმებული. სწორედ ამიტომ აისახა ბრალდების შესახებ დადგენილებაში 2015 წლის 31 მარტი, რაც საქმის მასალების მიხევით, წარმოადგენს აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების რეალურ თარიღს. აღნიშნულ საკითხზე რაიმე საწინააღმდეგო არგუმენტი ან წონადი მტკიცებულება დაცვის მხარეს არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარმოუდგენია, მან მხოლოდ მიუთითა ხელშეკრულების თარიღების წინააღმდეგობაზე, რაც სრულიად არგუმენტირებულად იქნა ახსნილი სასამართლოს მხრიდან.

 

პალატა ასევე ვერ დაეთანხმება აპელანტის მითითებას, რომ შპს „მ-------ს“ დრემდე გააჩნია საგადასახადო ვალდებულება სადავო ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი ანგარიშფაქტურიდან გამომდინარე, ვინაიდან, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო მართლებულად აღნიშნავს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი 2017 წლის 27 აპრილის წერილის თანახმად, ელექტრონულ ანგარიშ-ფაქტურას №ე----------- შემოსავლების სამსახურის მიერ მინიჭებული აქვს სტატუსი „გაუქმებული“. ანუ აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, შპს „მ-------“ გათავისუფლებულია შპს „მ------–-----“ სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოს საფუძველზე რაიმე მოსაკრებლის დარიცხვისგან.

 

აპელანტი განმარტავს, რომ თ----------–---–სა და ა--------------ეს შორის 2014 წლის 03 იანვარს დაიდო №0--- ხელშეკრულება იურიდიული და კომპილაციური მომსახურების შესახებ, რაც მხარეებმა დაადასტურეს ბეჭდითა და ხელმოწერებით. ხელშეკრულების საფუძველზე, ა--------------ემ დამკვეთს პირველ ეტაპზე გაუწია იურიდიული კონსულტაცია და შეუდგინა აგრო ბიზნეს-გეგმა, რაც გადასცა თ----------–---–ს, შემდეგ კი მოითხოვა ხელშეკრულების ღირებულების 40%-ის გადახდა, რომელიც მოხმარდებოდა ნახაზების და ფინანსური გაანგარიშების (პროექტის შედგენის) ანაზღაურებას, ასევე დღგ-ს და სხვა გადასახადებს. ამასთან, ანგარიშფაქტურა №ე-------------ში სრული სიზუსტით აისახა მხარეებს შორის, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ზუსტი მონაცემი. პალატას მიაჩნია, რომ ერთი შეხედვით კანონის სრული დაცვით გაფორმებული ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების საფუძველზე ამოწერილი ანგარიშფაქტურა ფიქტიურ მონაცემებს შეიცავს, რადგან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა--------------ემ 2015 წლის 31 მარტს, გასაღების მიზნით დაამზადა და გაასაღა №ე------------ საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომელშიც შეიტანა ფიქტიური ოპერაციის ამსახველი ინფორმაცია, თითქოსდა შპს „მ--------“ შპს „მ------–----“ გაუწია 501 277 ლარის ღირებულების საკონსულტაციო მომსახურება, რის სანაცვლოდაც ა--------------ემ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ჩართული პირისგან აიღო ფულადი თანხა 40 000 ლარის ოდენობით. აღნიშნულს ადასტურებს ანგარიშფაქტურაში მითითებული „შესრულებული სამუშაოს ღირებულება“, რომელიც არ შეესაბამებოდა რეალობას, რადგან ასეთი სამუშაოს შესრულებას მითითებულ მეწარმეთა მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი უტყუარობის, ასევე ა--------------ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ა--------------ემ ჩაიდინა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ე. ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ა--------------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული სასჯელის შეცვლის საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენი ა--------------ის მიმართ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო მსჯავრდებულ ა--------------ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ--------–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ა--------------ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ--------–--–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

ა--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით (2015 წლის 31 მარტიდან 2015 წლის 6 აპრილის ჩათვლით), სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მსჯავრდებულის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 აპრილის განჩინებით ა--------------ის მიმართ გირაოს სახით განსაზღვრული 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის სანაცვლოდ, შ---------–---- (პირადი №6----------) კუთვნილი უძრავი ქონების ექვივალენტურ ნაწილზე (მდებარე: ქ. კასპი, კ--------------ში, საკადასტრო კოდი 6-----------) დადებული ყადაღა.

 

ნივთიერი მტკიცებულებები - 2 ცალი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე