განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140100119003083029
საქმე № 1 ბ/1845-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 ნოემბერი, 2019 წ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილმა
გ-----------------–--------------------- პროკურორის რ--------- ლ----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
დ----- გ--------–---–ის მიმართ, დაბადებული 1----–-–---------–---, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, მცხოვრები: გორის რაიონის ს------–-------–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 29 მაისის და 2019 წლის 30 მაისი), ორი ეპიზოდი.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 3 სექტემბრის განაჩენით დ----- გ--------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 29 მაისის და 2019 წლის 30 მაისის) ორი ეპიზოდი და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 29 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 30 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, დ----- გ--------–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი.
დ----- გ--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 30 მაისიდან, 2019 წლის 03 ივნისის ჩათვლით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----- გ--------–---–მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი).
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2019 წლის 29 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, გორის რაიონის სოფელ დ-–--------–--- ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასოფლო გზაზე, დ----- გ--------–---–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილი მეუღლის დედას - თ----- ხ-------ს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, შეაგინა და უთხრა, რომ დაახრჩობდა. დ----- გ--------–---–ის ქმედების შედეგად თ----- ხ-------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ასევე, 2019 წლის 30 მაისს, 10:55 საათზე, გორის რაიონის სოფელ ქ------–- მდებარე ტ------– მ-------ის ოჯახის საცხოვრებელი სახლის ეზოში დ----- გ--------–---–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილი მეუღლის დედას - თ----- ხ-------სა და ყოფილი მეუღლის მამას - ტ------– მ-------ეს და დაემუქრა მათ სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, შეაგინა და უთხრა, რომ ყელს გამოჭრიდა ორივეს. დ----- გ--------–---–ის ქმედების შედეგად თ----- ხ-------სა და ტ------– მ-------ეს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
გორის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 3 სექტემბრის, განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ-----------------–--------------------- პროკურორმა რ--------- ლ----ემ და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ სასჯელის დამძიმება. საჩივრის თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დ----- გ--------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის მსუბუქი და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მიზნების განხორციელებას. ბრალდება უთითებს, რომ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას.
საჩივრის თანახმად, გ--------–---–მა დროის ხანმოკლე მონაკვეთში ორჯერ ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის განზრახი დანაშაული, ყოფილი მეუღლის მშობლების მიმართ. მართალია ამ პირების მიმართ დანაშაულის ჩადენა, კანონის თანახმად, არ წარმოადგენს ოჯახურ დანაშაულს, მაგრამ მსჯავრდებულსა და დაზარალებულებს შორის არსებული უთანხმოება შინაარსობრივად მაინც ოჯახური ხასიათისაა და დაზარალებულები არ შერიგებიან მსჯავრდებულს.
სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია ასევე, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის ერთ-ერთი მიზანია ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული მსუბუქი სასჯელი კი ვერ უზრუნველყოფს როგორც ზოგადი, ისე სპეციალური პრევენციის მიზნებს. დ----- გ--------–---–ისათვის შეფარდებული მსუბუქი სასჯელი ვერ გახდება შემაკავებელი იმისთვის, რომ მან მომავალშიც არ ჩაიდინოს დანაშაული.
მსჯავრდებულმა საჩივრის ირგვლივ წარადგინა შესაგებელი და ითხოვა გორის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 3 სექტემბრის, განაჩენის უცვლელად დატოვება. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი ფაქტობრივი გარემოებები, მისი პიროვნება და მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება. პროკურორის საჩივარი კი დაუსაბუთებელია და მისი დაკმაყოფილება ვერანაირ სარგებელს ვერ მოიტანს.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. განსახილველი საქმე სწორედ ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს საჩივარში მითითებული არგუმენტების გასამყარებლად, რაიმე დამატებითი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და არც გამოკვლეული მტკიცებულების ხელმეორედ გამოკვლევის საჭიროებაზე მიუთითებია. ანალოგიური სიტუაციაა დაცვის მხარესტან მიმართებაშიც. აღსანიშნავია, რომ საქმის არსებითი განხილვისას მხარეებმა მტკიცებულებები სადავოდ არ გახადეს და არ გამოკვლეულა. ამ გარემოებების გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევა და გადაწყვეტა შესაძლებელია ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ-----------------–--------------------- პროკურორის რ--------- ლ----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ დ----- გ--------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი. მნიშვნელოვანია, რომ მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ და შესაბამისად სადავოდ არ ხდიან დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და კვალიფიკაციას.
ამდენად მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში თავის დამნაშავედ ცნობის, ასევე საქმეზე შეკრებილი უდავო უმტკიცებულებების, კერძოდ დაზარალებულების: თ----- ხ-------ის და ტ------– მ-------ის; მოწმეების: ა-–---------------------------------------------------------–---–------------------------–---–-----------------------------–--------------------–---–-ს, თვითონ დ----- გ--------–---–ის გამოკითხვის ოქმების, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმების, ჩხრეკის ოქმის და საქმეში არსებულ სხვა, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების შემდეგ სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ----- გ--------–---–მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 29 მაისის და 2019 წლის 30 მაისის) ორი ეპიზოდი.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისთვის სასჯელის დამძიმების თაობაზე, მას პალატა არ ეთანხმება შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ დანიშნულია მსუბუქი სასჯელი. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი, სანქციის სახით ითვალისწინებს არაერთ ალტერნატივას, მათ შორის: ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს, შინაპატიმრობას და თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა მათგან ყველაზე მძიმე სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა. გარდა ამისა, მოცემულ შემთხვევაში დანიშნულია ამ მუხლით გათვალისწინებული საჯელის მაქსიმალური ზომა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად სააპელაციო პალატას მსჯავრდებულისთვის სასაჯელის დამძიმების სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია.
ამავდროულად სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლის თაობაზე და განმარტავს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. მოცემულ შემთხვევაში დ----- გ--------–---–ი თავს დამნაშავედ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და უდავოდ გახადა მტკიცებულებები, ამასთან არ არის ნასამართლევი. შესაბამისად სახეზეა სასჯელის პირობით ჩათვლის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
გარდა ამისა უნდა აღინიშნოს, რომ დანაშაულის აღიარება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა. როგორც წესი, აღიარებით დანაშაულის ჩამდენი პირი ადასტურებს, რომ ის აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი, საზოგადებისათვის ზიანის მომტანი ქმედების უარყოფით ხასიათს და ცდილობს მისი შედეგების თავიდან აცილებას. ამავდროულად, დანაშაულის აღიარება ხელს უწყობს სრულყოფილ, ობიექტურ სამართალწარმოებას და სახელმწიფო რესურსის დაზოგვას. შესაბამისად ეს გარემოება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და მათ შორის სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტისას.
კონკრეტულ შემთხვევაში მსჯავრდებულის პიროვნება, არა მხოლოდ ფორმალურად აკმაყოფილებს საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს, არამედ იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ მის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის შემთხვევაში. საქმე ისაა, რომ დ----- გ--------–---–ს აღკვეთის ღონისძიებად შერჩეული ჰქონდა გირაო და მის პირობებს იცავდა განუხრელად. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოება, რომ არა თუ ამ პირობების დარღვევის შესახებ რაიმე მტკიცებულებაა წარმოდგენილი, არამედ ამაზე სიტყიერი აპელირებაც კი არ ყოფილა. გარდა ამისა, როგორც აღინიშნა არსებობს არაერთი შემამსუბუქებელი გარემოება, კერძოდ: დ----- გ--------–---–ი თავს დამნაშავედ ცნობს, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ ხდის მტკიცებულებებს და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების აღსრულებას. ამ ფონზე ვარაუდი იმისა, რომ სასჯელის მიზნები პირობითი მსჯავრის შედეგადაც იქნება მიღწეული სავსებით გონივრულია.
სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნებისათვის მსჯავრდებულის მიერ სასჯელის რეალურად მოხდა წარმოადგენს არა თვითმიზანს, არამედ მხოლოდ კერძო და ზოგადი პრევენციის უზრუნველყოფის საშუალებას. მით უმეტეს ეს ეხება სასჯელის ისეთ სახეს, როგორიცაა პატიმრობა. ამ კონტექსტში პალატის მხედველობის გარეშე ვერ დარჩება ის გარემოება, რომ: ერთის მხრივ, დანიშნულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელი, მეორეს მხრივ კი, არსებობს დანიშული სასჯელის პირობითად ჩათვლის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. ამ მოცემულობის ფონზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერი და სამართლიანია. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დასტურდება, რომ დ----- გ--------–---–ს გაცნობიერებული აქვს არა მხოლოდ ჩადენილი ქმედების ხასიათი, არამედ გამოსაცდელი ვადის პირობების დარღვევის კანონით განსაზღვრული შედეგები, მათ შორის დანიშნული საპატიმრო სასჯელის რეალურად მოხდის გარდუვალობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ დ----- გ--------–---–ს განესაზღვრა ადეკვატური, სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 3 სექტემბის, განაჩენი დ----- გ--------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ-----------------–--------------------- პროკურორის რ--------- ლ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
გორის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 3 სექტემბის, განაჩენი დ----- გ--------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
დ----- გ--------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 29 მაისის და 2019 წლის 30 მაისის ეპიზოდები) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 29 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 30 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, დ----- გ--------–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაევალოს მსჯავრდებულ დ----- გ--------–---–ს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება ჩააბას იგი ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.
პირობით მსჯავრდებულ დ----- გ--------–---–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და მისადმი დახმარება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
დ----- გ--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონსძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს.
დ----- გ--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 30 მაისიდან, 2019 წლის 03 ივნისის ჩათვლით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №6) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი