განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003060346
საქმე №1ბ/1360-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 ნოემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი
სხდომის მდივანი - სოფიკო კაპანაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ-------------–--ე;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ბ---------------–---–ი (პ/ნ №-----------, დაბადებულის 1----–-–------------ს, რეგისტრირებულის ა-------------------------–------------ და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: თ---–----------–----–--------------------------ში);
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით;
სხდომის სახე - ღია.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 12 მაისს, დაახლოებით 03:30 საათზე, თბილისში, ლ-----------------ში მდებარე სააქციო საზოგადოება „ფ----------ის“ კუთვნილ მარკეტ „სპარში“ დანით შეიარაღებული ბ---------------–---–ი თავს დაესხა მოლარე-ოპერატორ ლ---------------ს, რომელიც ერთი ხელით დაიჭირა თმებით და ძლიერად მოქაჩა, ხოლო მეორე ხელით მოუღერა დანა. ბ---------------–---–მა სიცოცხლის მოსპობის მუქარით ლ---------------ს მოსთხოვა და გასტაცა სააქციო საზოგადოება „ფ----------ის“ კუთვნილი 690 ლარის ოდენობით ფულადი თანხა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 ივლისის განაჩენით:
ბ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, საჯელის ნაწილი 3 წელი და 4 თვე განესაზღვა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი და 8 თვე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-------------–--ემ და ითხოვა მსჯავრდებულისთვის სასჯელის დამძიმება.
3. მხარეთა პოზიციები:
აპელანტის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 ივლისის განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, რაც გამოიხატება მასში, რომ ბ---------------–---–ს სასამართლომ განუსაზღვრა სასჯელის ისეთი ზომა, რომელიც არ შეესაბამება მის პიროვნებას და ჩადენილი ქმედების ხასიათს. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბ---------------–---–მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მტკიცებულებები გახადა უდაო, დანაშაული ჩაიდინა მთვრალ მდგომარეობაში, გამოცხადდა ბრალის აღიარებით და დაზარალებულს აუნაზღაურა ზიანი. საამართლო მხოლოდ ამ გარემოებებით არ უნდა შემოფარგლულიყო, ვინაიდან, ყაჩაღობა არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში დანაშაული, ვინაიდან ის ემუქრება არა მარტო ადამიანის საკუთრებას, არამედ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. დანაშაულის ჩამდენი პირი ყაჩაღობის დროს იყენებს სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობას და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარას. კანონმდებელმა ყაჩაღობას მისგან მომდინარე მომეტებული საფრთხის გათვალისწინებით დამთავრებულად თვლის ქმედების დაწყების მომენტიდან და მნიშვნელობა არ აქვს პირი მოიყვანს თუ არა მას სისრულეში. ბ---------------–---–მა დანაშაული ჩაიდინა მთვრალ მდგომარეობაში, რაც გაიზიარა სასამართლომ როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რასაც არასწორია, ვინაიდან მთვრალ მდგომარეობაში დანაშაულის ჩადენა უფრო ამძიმებს ქმედებას, უფრო მეტი რისკია დადგეს ფატალური შედეგი. ბ---------------–---–მა ნამდვილად აანაზაურა მარკეტიდან გატაცემული თანხა - 690 ლარი. სასამართლო დაზარალებულის პოზიციას მხოლოდ კომპანიის პრეტენზიის არქონას მიიჩნევს და საერთოდ უგულებელყოფილია დაზარალებულ ლ---------------ის პიროვნება, რომელსაც ბ---------------–---–მა ცალი ხელი თმებში ჩაავლო და მოქაჩა და დანა მოუღერა, რის შედეგადაც ლ---------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მორალური ზიანიც. მოცემულ შემთხვევაში ჩადენილია ყაჩაღობა მარკეტში, სადაც თითქმის უწყვეტად დადიან მოქალაქეები, საზოგადოებაში ჩნდება დაუცველობის განცდა, უკმაყოფილებას იწვევს მომხდარი ყაჩაღობის ფაქტები სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, მომხდარი ყაჩაღობა გაშუქდა ტელევიზიით, დანაშაულის ჩასადენად გამოყენებულია დანა, რომელიც შემდეგ გაანადგურა ბ---------------–---–მა, მათ შორის მარკეტში მომუშავე პირები და დაზარალებული განიცდიან ფსიქოლოგიურ ტანჯვას და ამ გარემოებების ფონზე დანაშაულის ჩამდენი პირის ბ---------------–---–ის მიმართ მოხდა მაქსიმალური შეღავათების გაწევა, რაც უკანონოა.
მეორე მხარის - მსჯავრდებულ ბ---------------–---–ის პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 ივლისის განაჩენი სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.
4. სასამართლოს შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე, განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 ივლისის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ვალერი დემეტრაშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით: (მოწმეების: თ--------------------------–---------–---–----------–----–----–---–ის, ლ---------------ის, მ----------------------------------–---–---ს, თავად ბ---------------–---–ის (აღიარებს ბრალად წარდგენილ ქმედებას) გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბ---------------–---–ის დაკავების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ბ---------------–---–ის ამოცნობის ოქმით, ვიდეოჩანაწერის გამოთხოვის ოქმებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით), რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებული იქნა პრეიუდიციად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მსჯავრდებულ ბ---------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სააპელაციო პალატა გაეცნო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ბ---------------–---–ს ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (დანაშაულები ჩადენილია სხვისი ფულადი თანხის გატაცების მიზნით), ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (დამნაშავის მყარ სურვილს დაზარალებულზე თავდასხმით, მასზე ფიზიკური ძალადობითა და დანის დემონსტრირებით ჩაედინა დანაშაული), ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული), დანაშაულის ჩადენის ხერხსა და საშუალებას (დანაშაული ჩადენილია ფიზიკური ძალადობისა და იარაღად - დანის გამოყენებით), ასევე მართლსაწინააღმდეგო შედეგს (სახეზეა როგორც ლ---------------ასთვის მიყენებული ფიზიკური და მორალური, ასევე სს ,,ფ----------ისთვის“ მიყენებული 690 ლარის ზიანი, რომელიც ანაზღაურებულია და კომპანიას პრეტენზია არ გააჩნია), ასევე ბ---------------–---–ის პიროვნებას (აღიარა ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ბრალის აღიარებით გამოცხადდა პოლიციაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მისი უარყოფითად დახასიათების შესაძლებლობას არ იძლევა) და მიიჩნევს, რომ ბ---------------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით იქნება ზომიერი სასჯელი და სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ სასჯელის დანიშვნის დროს უნდა მოხდეს ინდივიდუალური მიდგომა, ინდივიდუალური ქმედებისა და ამ ქმედებიდან მომდინარე კონკრეტული საფრთხის გაანალიზება, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად ბ---------------–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა, რადგან ეს იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც დანაშაულის ძალადობრივი ხასიათის, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ ბ---------------–---–ი დანაშაულის ჩადენის დროს იყო მთვრალი, დანაშაული ჩაიდინა საჯარო ადგილას და დანაშაულის ჩასადენად გამოიყენა დანა, არათუ ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების შესრულებას, არამედ პირიქით, წაახალისებს დამნაშავეს, რათა ჩაიდინოს ახალი დანაშაული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 ივლისის განაჩენი ბ---------------–---–ის მიმართ უნდა შეიცვალოს სასჯელის ნაწილში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-------------–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 ივლისის განაჩენში;
ბ---------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით;
ბ---------------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 12 მაისიდან;
ბ---------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;
ნივთიერი მტკიცებულები:
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვლები, ხელის კვლები და ბ---------------–---–ისაგან ამოღებული ნიმუშები, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოილუსტრაცია 1 დისკზე, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- ბ---------------–---–ისაგან ამოღებული ფულადი თანხა და ტანსაცმელი, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
- საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოილუსტრაცია და დანაშაულის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი