განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.11.2019
საქმის ნომერი
330210019002832302
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
04.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210019002832302

საქმე № 2ბ/5683-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

04 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

მოსამართლე - მიხეილ გოგიშვილი

 

სხდომის მდივანი - ნატო გოგიშვილი

 

აპელანტი - ნ------–-----ე;

მოწინააღმდეგე მხარე - შპს მისო „რ---- ე-------ი“;

დავის საგანი - ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული თანხის შემცირება;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება;

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვება, ამავე საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ც-----ი ბ-----ის მიერ 2019 წლის 11 იანვარს გაცემულ №1-------- სააღსრულებო ფურცელში და გაუქმდეს პირგასამტეხლოს და პროცენტის დაკისრების ვალდებულება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

_ ნ------–-----ის სარჩელი მოპასუხეების შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რ---- ე-------ის'', ლ---- პ-------–---–ის და ლ---- ა---–------ის მიმართ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული თანხის შემცირების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

 

_ ცვლილება შევიდა ნოტარიუს ც-----ი ბ-----ის მიერ 2019 წლის 11 იანვარს გაცემულ №1-------- სააღსრულებო ფურცელში, კერძოდ, პირგასამტეხლოს და პროცენტის ნაწილში და აღსასრულებელი ვალდებულება პირგასამტეხლოს ნაწილში განისაზღვრა 246 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო პროცენტის ნაწილში აღსასრულებელი ვალდებულება განისაზღვრა 179.78 აშშ დოლარის ოდენობით;

 

_ ნ------–-----ის სარჩელი მოპასუხეების - ლ---- პ-------–---–ის და ლ---- ა---–------ის მიმართ არ დაკმაყოფილდა;

 

_ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ც-----ი ბ-----ის მიერ 2019 წლის 11 იანვარს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საკრედიტო ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად, სარგებლობის ვადის დამთავრებისას, კრედიტზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სრულად დაფარვის შემთხვევაში, ხელშეკრულების ვადა გაგრძელდება მხოლოდ შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რ---- ე-------ის’’ შეხედულებისამებრ. ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 30 ნოემბრიდან - გრაფიკით დადგენილი სარგებლის გადახდის ბოლო თვიდან - მსესხებლის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება კრედიტორისთვის თანხის ყოველთვიურად, დადგენილი გრაფიკით გადახდის თაობაზე. შესაბამისად, სასამართლომ მიუთითა, რომ მოვალის მიერ არ შესრულებულა საპროცენტო სარგებლის სრულად გადახდის ვალდებულება, რომელიც ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად ანიჭებდა კრედიტორს ხელშეკრულების ვადის გაგრძელების უფლებამოსილებას.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხემ მასზე არსებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ დაადასტურა, ის გარემოება რომ მის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე მოპასუხისთვის პროცენტის დარიცხვა მოვალის მიერ სარგებლის არასრულად გადახდის პირობებში გამომდინარეობდა ხელშეკრულების 2.4 პუნქტიდან და მისი როგორც კრედიტორის ქცევა არ წარმოადგენდა უფლების ბოროტად გამოყენებას. შესაბამისად, ვინაიდან უდავოა მოვალის მიერ მხოლოდ ერთი თვის - 2018 წლის 30 ნოემბერს გადასახდელი სარგებლის გადაუხდელობის ფაქტი, სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული სარგებლის მოცულობაც უნდა განისაზღვროს სწორედ ამ ოდენობით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოვალის მიერ კრედიტორისათვის პროცენტის ნაწილში აღსასრულებელი ვალდებულება განისაზღვრება მის მიერ სესხის გრაფიკით დადგენილი ბოლო თვის - 2018 წლის 30 ნოემბრისათვის გადასახდელი ვალდებულების მოცულობით - 179.78 აშშ დოლარით.

 

სასამართლოს მიერ სადაო ფაქტობრივ გარემოებად არის მიჩნეული, რომ კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 2 457.09 აშშ დოლარი შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეებს შორის სადავო არ არის მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მსესხებლის მიერ დარღვევის ფაქტი. მათ შორის სადავოა დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა. მოსარჩელე ითხოვს სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას, რადგან მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია და იგი უტოლდება ძირითადი თანხის 20.50%-ს.

 

სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება პირგასამტეხლოს არაგონივრულ ოდენობასთან მიმართებით და დადგენილად მიიჩნია, რომ მოვალის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლო მაღალია და უნდა შემცირდეს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მოვალეს სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის გადახდა დააკისრა სასამართლოს მიერ 10-ჯერ შემცირებული ოდენობით, რაც შეადგენს 246 აშშ დოლარს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ერთი მხრივ დააკმაყოფილა სარჩელი ნაწილობრივ და მეორე მხრივ გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც გაჩნდა ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებების დადგომის საფრთხე. კერძოდ, აპელანტის განცხადებით მისი მიზანი იყო კრედიტორის მიერ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს და უსაფუძვლოდ დარიცხული საპროცენტო სარგებლის ნაწილის გაუქმება.

აპელანტი აღნიშნავს, რომ ვინაიდან, უკვე დაწყებული იყო იძულებითი აღსრულება და რეალურად არსებობდა საფრთხე იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციისა, ამიტომ მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნით აღსრულების შესაჩერებლად, რაც სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა. მისი განმარტებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანი იყო აღსრულების შეჩერება, ქონების აუქციონზე გაყიდვის თავიდან აცილება და შეტყობინების ჩაბარებიდან კანონით დადგენილ 7 დღიან ვადაში თანხის გადახდა, რათა თავიდან აეცილებინა აღსრულების სრული საფასურის გადახდა.

 

3.2. აპელანტი მიიჩნევს, რომ თუ სასამართლო გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ნაწილში შევა კანონიერ ძალაში და თანხების შემცირების ნაწილში არა, კრედიტორს/აღმასრულებელს ექნება უფლება გააგრძელოს სააღსრულებო წარმოება, გაყიდოს ქონება აუქციონზე და მოითხოვოს აღსრულების სრული საფასურის გადახდა, მაშინ როცა თანხების შემცირების ნაწილში გადაწყვეტილების ნაწილი არ იქნება შესული კანონიერ ძალაში.

 

3.3. აპელანტი მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის მიხედვით დადგენილია თუ როდის აუქმებს სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას ესენია: სარჩელის მიღებაზე უარის თქმა, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, სარჩელის განუხილველად დატოვება, ან საქმის წარმოების შეწყვეტა. შესაბამისად, აპელანტის განმარტებით, სასამართლოს რომ გამოეყენებინა ეს მუხლი არ გააუქმებდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1. სააპელაციო პალატას უდვოდ მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1.1. 2015 წლის 30 დეკემბერს ლ---- ა---–------ს და შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რ---- ე-------ს’’ შორის დაიდო საკრედიტო მომსახურების შესახებ №13468 ხელშეკრულება/2015 წლის 28 ივლისის ხელშეკრულების დანართი, რომლის თანახმადაც მსესხებელზე 35 თვის ვადით, წლიური სარგებლის სახით 18%-ის გადახდის პირობით გაიცა კრედიტი - 12 000 აშშ დოლარი.

 

4.1.2.ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად, სარგებლობის ვადის დამთავრებისას, კრედიტზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სრულად დაფარვის შემთხვევაში, ხელშეკრულების ვადა გაგრძელდება მხოლოდ შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რ---- ე-------ის’’ შეხედულებისამებრ.

 

4.1.3.ხელშეკრულების 2.6 პუნქტის თანახმად, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენს დარჩენილი სესხის თანხის 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების 3.5.2. მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რ---- ე-------ი’’ უფლებამოსილია მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის მისაღებად.

 

4.1.4. 2015 წლის 28 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ამავე თარიღში შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რ---- ე-------ს'' და ლ---- ა---–------ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა ლ---- ა---–------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, დ------------------------–-------------------------------–-------------, ს/კ 0----------------------.

 

4.1.5. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში 2018 წლის 09 ივლისს რეგისტრირებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე აღირიცხა 2015 წლის 28 ივლისის იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული იპოთეკის საგნის, მდებარე: ქ. თბილისი, დ------------------------–-------------------------------–-------------, ს/კ 0---------------------- მესაკუთრედ.

 

4.1.6. 2018 წლის 30 ნოემბრიდან - გრაფიკით დადგენილი სარგებლის გადახდის ბოლო თვიდან - მსესხებლის მიერ დაირღვა საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება კრედიტორისთვის თანხის ყოველთვიურად, დადგენილი გრაფიკით გადახდის თაობაზე.

 

4.1.7. 2019 წლის 11 იანვარს ნოტარიუს ც-----ი ბ-----ის მიერ მოპასუხე შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რ---- ე-------ის’’ სასარგებლოდ გაიცა სააღსრულებო ფურცელი №1--------, სადაც მოვალედ მითითებულია ლ---- ა---–------ი.

 

სააღსრულებო ფურცლის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა სესხის ძირითადი თანხა - 11 985.81 აშშ დოლარი, მასზე დარიცხული სარგებელი - 423.38 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 2 457.09 აშშ დოლარი, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის ხარჯი - 127.90 ლარი.

4.1.8. 2019 წლის 11 იანვარს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში 2019 წლის 16 იანვარს კერძო აღმასრულებელ ლ---- პ-------–---–ის მიერ მოვალე ლ---- ა---–------ს გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

 

4.2. სააპელაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების კანონიერებას ამოწმებს ნ------–-----ის სააპელაციო საჩივრის ფარგლებში.

 

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის მოთხოვნას წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვება, ამავე საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა ნოტარიუს ც-----ი ბ-----ის მიერ 2019 წლის 11 იანვარს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით კი ნ------–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ცვლილება შევიდა ნოტარიუს ც-----ი ბ-----ის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში, კერძოდ პირგასამტეხლოს და პროცენტის ნაწილში და აღსასრულებელი ვალდებულება პირგასამტეხლოს ნაწილში განისაზღვრა 246 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო პროცენტის ნაწილში აღსასრულებელი ვალდებულება განისაზღვრა 179.78 აშშ დოლარის ოდენობით. იმავე გადაწყვეტილებით, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ც-----ი ბ-----ის მიერ 2019 წლის 11 იანვარს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება;

 

პალატა განმარტავს, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება. მხარეთა ეფექტიანი დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსებობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში. კერძოდ, სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წარმოდგენილი განცხადების, დავის საგნის მოცულობისა და სპეციფიკის ასევე მხარეთა სამართლიანი ბალანსის გათვალისწინებით წყვეტს გამოიყენოს თუ არა კონკრეტულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება არ შემოიფარგლება მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის, სასამართლოს პროცესის სრულყოფილად და კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისი პროცედურებით წარმართვის ან/და ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების უფლებით. იმისთვის, რომ პირმა სრულყოფილად ისარგებლოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით, სახელმწიფო ვალდებულია, შეიმუშაოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაბამისი პროცედურები/რეგულაციები, რომლებიც თანაბრად დაიცავს აღსრულების პროცესში მონაწილე ყველა მხარის უფლებებს ან/და კანონიერ ინტერესებს. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ყოველგვარი აზრი ეკარგება უფლების, მით უფრო − დარღვეული უფლების ნებისმიერ დონეზე აღიარებას, თუკი არ მოხდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის №1/14/184,228 გადაწყვეტილება საქმეზე „სააქციო საზოგადოებები – „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ (ყოფილი „თბილგაზოაპარატი“) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"., II-4).

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება არ გულისხმობს მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას, არამედ უზრუნველყოფს ადამიანის სრულ სამართლებრივ და სასამართლოს გზით კონსტიტუც-----ი უფლებების ადეკვატურ დაცვას. სასამართლოსადმი მიმართვის უფლება მოიცავს სასამართლოს მიერ საქმის სამართლიან განხილვას, კონკრეტული საკითხის გონივრულ ვადაში გადაწყვეტასა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. შესაბამისად, სასამრთლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება და მისი უზრუნველყოფა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების კუთხით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 15 იანვარის გადაწყვეტილება ბურდოვი რუსეთის წინააღმდეგ, §34 და §37).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების, საქმის წარმოების შეწყვეტისა ან მხარეთა მორიგების შემთხვევაში, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.---- ეს არის შესაბამისი საპროცესო პროცედურა, რომლის თანახმად უქმდება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იმ შემთხვევაში თუ სარჩელი არ დაკმაყოფილდება. თუ სარჩელი დაკმაყოფილდება უზრუნველყოფის ღონისძიება არ უნდა გაუქმდეს, რათა მოხდეს იმ მოთხოვნის რეალიზაცია, რაც მოცემული სარჩელის ფარგლებში განიხილებოდა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება, შესაბამისად აუცილებელი ხდება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება, რომლითაც სრულად იყო შეჩერებული სააღსრულებო ფურცლის მოქმედება. ამიტომ უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება და გადაწყვეტილების სხვა ნაწილების ამოქმედება ერთდროულად უნდა განხორციელდეს. ამ დასკვნამდე პალატა მიდის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის ლოგიკური განმარტების შედეგად.

 

პალატის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ნაწილში შევა კანონიერ ძალაში და თანხების შემცირების ნაწილში არა, გაგრძელდება შეჩერებული სააღსრულებო წარმოება ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე და აზრს დაკარგავს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ცვლილება შევიდა ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში და შემცირდა დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო. შესაბამისად, აზრს დაკარგავს ასევე სასამართლოს მიერ 2019 წლის 28 იანვრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებაც, რომლის მიზანიც იყო არ გაგრძელებულიყო სააღსრულებო წარმოება ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომელიც სასამართლოს კონტროლის არეალში არ მოხვედრილა და შედეგად შეუძლებელი არ გამხდარიყო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.

 

4.3. „ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულება ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამასთანავე, სააღსრულებო ფურცლის ან/და იმ სანოტარო დოკუმენტის გასაჩივრება, რომლის აღსასრულებლადაც გაიცა სააღსრულებო ფურცელი, არ აჩერებს აღსრულებას. ამდენად, მითითებული ნორმის როგორც სიტყვა-სიტყვითი, ასევე ლოგიკური და შინაარსობრივი განმარტების შედეგად, ნათელია, რომ კანონი იმ სანოტარო დოკუმენტის გასაჩივრების შესაძლებლობას უშვებს, რომლის აღსასრულებლადაც სააღსრულებო ფურცელი გაიცა. აღნიშნული კი ნიშნავს იმას, რომ პირის უფლება სასამართლო წესით იდავოს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით დარღვეული უფლებისა თუ ინტერესის აღსადგენად, იწვევს რეალური საპროცესო-სამართლებრივი მექანიზმების ამუშავების საჭიროებას. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო, მოთხოვნის იურიდიული მართებულობის პირობებში, არ შეაჩერებს სააღსრულებო ფურცლის მოქმედებას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მოსარჩელის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებლის უფლება ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ლეგიტიმურია. პალატა, მიიჩნევს, რომ თუ გაუქმდება პირველი ინსტანციის მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და შედეგად კვლავ გაგრძელდება ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედება, იმ სანოტარო აქტისა თუ მოქმედების ლეგიტიმურობაზე მსჯელობას, რომლის აღსასრულებლადაც გაიცა სააღსრულებო ფურცელი, აზრი ეკარგება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორმა დაასაბუთა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაუქმებული გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების კანონთან შეუსაბამობა.

 

შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა პოზიციებს შორის ბალანსის დაცვის მიზნით არ უნდა გაუქმდეს სასამრთლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. საწინააღმდეგოს დაშვების შემთხვევაში, შესაძლებელია დაირღვეს სამართლიანი სასამართლოს უფლება.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ამდენად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი, რომლითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და გადაწყვეტილების აღნიშნული პუნქტი კანონიერ ძალაში უნდა შევიდეს გადაწყვეტილების სხვა პუნქტების კანონიერ ძალაში შესვლასთან ერთად.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.

 

6.2. ვინაიდან ნ------–-----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, უნდა დაეკისროს შპს მისო ,,რ---- ე-------ს’’.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ------–-----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ც-----ი ბ-----ის მიერ 2019 წლის 11 იანვარს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება. გადაწყვეტილების ეს პუნქტი ძალაში შევიდეს გადაწყვეტილების სხვა პუნქტების ძალაში შესვლასთან ერთად’’.

 

3. შპს მისო ,,რ---- ე-------ს’’ დაეკისროს სააპელაციო ინსტანციაში ნ------–-----ის მიერ ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი ბაჟის - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მიხეილ გოგიშვილი