განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210013290717
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/4614-18
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური
მოსამართლეები: ნათია გუჯაბიძე, გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე
აპელანტი - შ-- ,,ა-------------------------------’’
წარმომადგენელი - გ------- კ-----–---–-
მოწინააღმდეგე მხარე - შ-- „N- G------’’
წარმომადგენელი - ზ------ ვ---–---–-
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შ-- ,,ა-------------------------------”-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შ-- ,,N- G------“-ს შ-- ,,ა-------------------------------”-ს სასარგებლოდ დაეკისრა 68 770.91 ლარის გადახდა; შ-- ,,N- G------“-ს შ-- ,,ა-------------------------------”-ს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 6877.09 ლარის გადახდა; შ-- ,,ა-------------------------------”-ს მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე შ-- ,,N-G------“-ს მოთხოვნა შ-- ,,ა-------------------------------”-სათვის ზიანის სახით 1926.66 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე შ-- ,,N- G------“-ს მოთხოვნა შ-- ,,ა-------------------------------”-სათვის პირგასამტეხლოს სახით7126.19ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2013 წლის 10 ივნისს, შ-- ,,ა-------------------------------ს“ და შ-- ,,N- G------“- ს შორის დაიდო ხელშეკრულება N18/13, რომლის საფუძველზეც შემსრულებელს დამკვეთი კომპანიისთვის უნდა უზრუნველეყო ანტრესოლის და კიბის მოწყობა მისამართზე: თ---–--------–------------ში. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელშეკრულების ღირებულება 3.1. პუნქტის შესაბამისად შეადგენდა 41 583.50 ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.
ხელშეკრულების 4.1. პუნქტის შესაბამისად, დამკვეთი იღებს პასუხისმგებლობას გადაუხადოს შემსრულებელს წინასწარი სრული თანხის 50% და 50% მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე სამუშაოთა სრული მოცულობით ჩაბარების შემდეგ საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე სამუშაოთა დასრულების შემდეგ % საბანკო დღის განმავლობაში.
შემსრულებელს უნდა დაეწყო წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ხელშეკრულების ხელის მოწერის მომენტიდან და დაესრულებინა 30 კალენდარული დღის განმავლობაში (ხელშეკრულების 51.1 პუნქტი). სამუშაოთა დასრულების ვადად ჩაითვლებოდა მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის თარიღი (ხელშეკრულების 4.4. პუნქტი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- #18/13 ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 14-21);
- სამშენებლო სამუშაოების და სამშენებლო მასალების დანახარჯების დასახელება (ტომი 1, ს.ფ. 22-24);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.2. 2013 წლის 10 ივნისს, შ-- ,,ა-------------------------------ს“ და შ-- ,,N- G------“- ს შორის დაიდო ხელშეკრულება N19/13, რომლის საფუძველზეც შემსრულებელს დამკვეთი კომპანიისთვის უნდა უზრუნველეყო საყრდენი კედლების და ღიობების კონსტრუქციების გამაგრება და სარდაფის გადახურვა თანდართული ნახაზებისა და ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, მისამართზე: თ---–--------–------------ში.
წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელშეკრულების ღირებულება 3.1. პუნქტის შესაბამისად შეადგენდა 29678.41 ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.
შემსრულებელს უნდა დაეწყო წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ხელშეკრულების ხელის მოწერის მომენტიდან და დაესრულებინა 20 კალენდარული დღის განმავლობაში (ხელშეკრულების 51.1 პუნქტი). სამუშაოთა დასრულების ვადად ჩაითვლებოდა მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის თარიღი (ხელშეკრულების 4.4. პუნქტი). ხელშეკრულების 4.1. პუნქტის შესაბამისად, დამკვეთი იღებს პასუხისმგებლობას გადაუხადოს შემსრულებელს წინასწარი სრული თანხის 30%, 40% შესრულებული სამუშაოს მიხედვით და 30% მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე სამუშაოთა სრული მოცულობით ჩაბარების შემდეგ საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე სამუშაოთა დასრულების შემდეგ % საბანკო დღის განმავლობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება #19/13 (ტომი I ს.ფ. 25-32);
- სამშენებლო სამუშაოების და სამშენებლო მასალების დანახარჯების დასახელება (ტომი I, ს.ფ. 33-35);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.3. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოდგენს, რომ 2013 წლის N18/13 და N19/13 ხელშეკრულებების 4.1. პუნქტების დანაწესის შესაბამისად შემკვეთის მიერ არ მომხდარა წინასწარ თანხის გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება #19/13 (ტომი I ს.ფ. 25-32);
- 18/13 ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 14-21);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.4. ასევე, მხარეთა შორის სადავოს არ წარმოდგენს, რომ 2013 წლის N18/13 და N19/13 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოს მიღების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტები გაფორმებული არ ყოფილა და დამკვეთის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება არ განხორციელებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.5. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოდგენს, რომ 2013 წლის N18/13 და N19/13 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოს დასრულების შემდგომ შემკვეთმა ჩაატარა ფართში სრული სარემონტო სამუშაოები (კოსმეტიკური რემონტი) და ობიექტში დაიწყო ტანსაცმლის მაღაზიამ ფუნქციონირება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- აღსრულების ეროვნული ბიუროს ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ (ტომი I ს.ფ. 379-384);
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.6. . სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მენარდის მიერ 2013 წლის N18/13 და N19/13 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სამუშაოების შესრულება მოხდა ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში, შემკვეთის მხრიდან მოხდა მისი მიღება და სამუშაოს მიღებისას შემკვეთის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზია არ გაცხადებულა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი დადაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეულისახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოქალაქოსამართალწარმოებაშეჯიბრებითობისპრინციპისდაცვითუნდაგანხორციელდეს,რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით,განკარგოსფაქტობრივიგარემოებებისდადგენისსაპროცესოსაშუალებები.ამდენად,სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლოამოწმებს უფლების გამოყენების დავალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია, მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.
წარმოდგენილ შემთხვევაში სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თავად შესრულების სამუშაოების დასულების შემდეგ დამკვეთის მირ მოხდა მთელი რიგი მაშტაბური კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოების შესრულება. მხოლოდ ის გარემოება, რომ მიღება-ჩაბარების აქტი არ არის დადგენილი წესით მხარეთა მიერ ხელმოწერილი ვერ გახდება აღნიშნული სახელშეკრულებო ვადის დარღვევის უალტერნატივოდ მიჩნევის საფუძველი. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტები არ არის ხელმოწერილი არსებული მდგომარეობითაც. მეტიც, ნათელია, რომ 2013 წლის 10 ივნისის ხელშეკრულებების 20 და 30 დღიანი ვადების გასვლის შემდგომ, ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 2013 წლის 08 აგვისტოს მენარდემ სარჩელით მომართა სასამართლოს. შესაბამისად, ნათელია, რომ სამუშაოს შესრულებისა და მიღების მიუხედავად აგვისტოს თვეში ფულადი ვალდებულების შესრულება არ მომხდარა და მეტიც, აღნიშნულის თაობაზე სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით მხარემ არსებითი დავა დაიწყო და არ დაეთანხმა მოთხოვნის არ ერთ ნაწილს უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების, სატანადო დოკუმენტების არ არსებობის და შესრულებული სამუშაოების ციფრობრივი მაჩვენებლის შეუსაბამობის მოტივით.
საგულისხმოა, რომ შ-- ,,N- G------“-ს საქმის განხილვისას მითითებაც კი არ განუხორციელებია სამუშაოების მიღებისას პრეტენზიის წარდგენასთან დაკავშირებით (თუნდაც ზეპირის სახით). ერთადერთი მითითება გაკეთდა კიბის მოწყობასთან დაკავშირებით, რომლის მონტაჟიც მოგვიანებით არც მომხდარა მენარდის მიერ. შესაბამისად, მხარეს არ განუხორციელებია შედავება სასამართლო განხილვისას, სამუშაოთა მიღების დროს პრეტენზიის არსებობასთან და მენარდესთვის მისი წარდგენის თაობაზე, რაიმე სახის დამატებითი ვადის მიცემისა თუ აღნიშნული ვადის უშედეგოდ გასვლასთან დაკავშირებით. მიუხედავად დამკვეთის მხრიდან სარემონტო სამუშაოების წარმოებისა, ვერ უთითებს თუნდაც საორიენტაციოდ თუ არა ვადაში რა ვადის დარღვევით მოხდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია დადგენილ ვადაში მენარდის მიერ სამუშაოს დასრულების ფაქტი, შემკვეთის მირ მისი მიღებისა და დადგენილად მიიჩნია (მხარის მიერ აღნიშნული მიუთითებლობის გამო), რომ მას რაიმე სახის პრეტენზია სამუშაოების ხარისხზე მისი მიღების მომენტში არ განუხორცილებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- აღსრულების ეროვნული ბიუროს ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ (ტომი I ს.ფ. 379-384);
2.7. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 10 ივნისის N18/13 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა შეთანხმების შესაბამისად კიბის დამზადება განხორციელდა მენარდის მიერ, თუმცა მოგვიანებით მისი მონტაჟი მას არ განუხორციელებია შემკვეთის მითითების (სურვილის) შესაბამისად.
მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხართა ახსნა-განმარტებებით, საქმეში არსებული ფოტო მასალით და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #5004858614 ექსპერტის დასკვნით. საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალის გარდა, ექპერტიზის დასკვნაში დაფიქსირებულია, რომ საწყობში დაწყობილი მასალა (კიბის საფეხურები) ვიზუალურად და რაოდენობრივად შეესაბამება ხელშეკრულების თანდართულ პროექტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ექსპერტის დასკვნა #5004858614 (ტომი I, ს.ფ. 286-294);
- 01/08/2013 წლის მომსახურების ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 92-93);
- 05/09/2013 წლის მიღება-ჩაბარების აქტი (ტომი I, ს.ფ. 94);
2.7. სასამართლომ არ გაიზიარა შ-- ,,N- G------“-ს მითითება 2013 წლის 10 ივნისის N18/13 და 19/13 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოს ხარისხობრივ (მათ შორის პროექტთან შესაბამისობა, მასალების შეთანხმებული ოდენობის გამოყენება) ნაკლთან დაკავშირებით.
მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლების დანაწესით და მიუთითებს, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნები კონკრეტული სამუშაოების უხარისხოდ შესრულების (პროექტით გათვალისწინებული მასალების დანაკლისი) თაობაზე. სასამართლო განხილვისას გაცემული საექსპერტო დასკვნის ფარგლებში გამოკითხული იყვნენ ექპერტებიც. თუმცაღა სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი დასკვნები იძლევიან საალბათო პასუხის ჩატარებული სამუშაოების მოცულობასთან დაკავშირებით და იქვე კეთდება მითითება კონკრეტული ხელსაწყოებით გარკვეული მასალის მიუგნებლობისა და რაც არსებითია, შესრულებული სამუშაოს სრული მაშტაბით დადგენის შეუძლებლობაზე კოსმეტიკური რემონტის გამო. დადგენილია, რომ შემკვეთს სამუშაოთა მიღების მომენტში პრეტენზია არ გამოუთქვამს და შესაბამისი პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, მის მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე მარტივად იქნებოდა შესაძლებელი (ასეთი პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში) საექსპერტო კვლევა.
საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 06/05/2014 წლის დასკვნის თანახმად, შ-- ,,N- G------“-ს მომართვის საფუძველზე ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა: კედლების არმატურის ბადეებით გამაგრებაში გამოყენებულია 694.44 კგ.Ф10მმ-ის დიამეტრის არმატურა, ღიობების მოჩარჩოებაში გამოყენებულია კუთხოვანა L100X10- ზე - 116.4 მეტრი ანუ მასით 1757.6 კგ-ს, თაღოვანი ღიობების მოჩარჩოებაში გამოყენებულია: შველერი #16 სიგრძით 673 მ მასით 1140.3 კგ-ს. აქვე გამოყენებულია 7.2 მ კუთხოვანა L100X10, რაც მასით შეადგენს 108.72 კგ-ს; გადახურვის ფილაში გამოყენებულია: არმატურა Ф 12 მმ დიამეტრის 187 კგ. აქვე გამოყენებული ორტესებრის რაოდენობა აღმოჩნდა 6 ცალი X3.5 მ=21 მ, რაც მასით შეადგენს 287.7 კგ-ს. გამოყენებული მილკვადრატის რაოდენობამ სარდაფში და ანტრესოლში მთლიანად შეადგინა 44 მ. ანტრესოლში გამოყენებულია ორტესებრი 18 მთლიანი სიგრძით 24 მ. შველერი 8 - რაოდენობის დადგენა ვერ მოხერხდა. კუთხოვანა 50X50X5 - რაოდენობის დადგენა ვერ მოხერხდა. ასევე ვერ მოხერხდა გამოყენებული ლითონის ფირფიტების რაოდენობის დადგენა. ექსპერტმა საექსპერტო დასკვნის გამოკვლევით ნაწილში მიუთითა, რომ ფილაში არმირების შემოწმება მის ხელთ არსებული აპარატით შეუძლებელი აღმოჩნდა ამიტომ არმატურის რაოდენობა აღებულ იქნა წარმოდგენილი პროექტის მიხედვით და აღმოჩნდა Ф12მმ დიამეტრის 104+83=187 კგ. აქვე გამოყენებული ორტესებრის რაოდენობა აღმოჩნდა 6 ცალი X 3.5მ=21მ., რაც აღმოჩნდა 287.7კგ. ექსპერტმა ასევე მიუთითა, რომ ვერ მოხერხდა გამოყენებული ლითონის ფირფიტების რაოდენობის დადგენა. ასევე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 18/11/2014 წლის წერილის თანახმად, იმისთვის, რომ დადგინდეს კედლის არმირების რეალური სიმაღლეები, რომელიც შემსრულებლის განმარტებით მეტია პროექტში ნაჩვენებ სიმაღლეებთან შედარებით და დადგინდეს ღიობების თავზე ჩატარებული გამაგრებითი სამუშაოების მოცულობა, საჭიროა კედლების შიდა მოპირკეთების (თაბაშირ მუყაოს ფილა) მთლიანად მოხსნა, რის შემდეგ შესაძლებელი იქნება ზუსტად აღირიცხოს შესრულებული სამუშაოს მოცულობა. რაც შეეხება ანტრესოლის მე-9 კოლონას, რომელიც ჩამალულია კედელში, შემოწმების პერიოდში, ექსპერტის ხელთ არსებული ხელსაწყოთი ვერ მოხერხდა მითითებული სვეტის დაფიქსირება. აქაც აუცილებელია კედლის მოხსნა. წერილში ასევე მითითებულია, რომ გამომდინარე აქედან დაზუსტებული, სრულმასშტაბიანი ექსპერტიზის ჩატარებას ექსპერტი შეძლებს იმ შემთხვევაში თუ თქვენს მიერ უზრუნველყოფილი იქნება მოცემულ ფართობზე შიდა მოპირკეთების მოხსნა.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან არც ერთი მტკიცებულებას, მათ შორის არც ექსპერტის დასკვნას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა და მათი შეფასება ხდება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, საქმეზე კონკრეტული მოვლენებისა და გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოგვიანებით ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის შემდგომ მხარის პრეტენზიები ხელშეკრულებით დადგენილი სამუშაოების მოცულობებისა და ხარისხის თაობაზე ვერ იქნება დადასტურებული იმ მტკიცებულებებით (ექპერტიზის დასკვნებით), რომლებიც ვერ იძლევიან კონკრეტულ პასუხს. ასევე, დადგენილია, რომ თავის დროზე სამუშაოთა მიღებისას თავად მხარეს მათი ხარისხი, მოცულობა და პროექტთან შესაბამისობა სადავო არ გაუხდია, ასეთი პრეტენზიის წარგდენა მისი მხრიდან არ განხორციელებულა, რაც შესაძლებელს გახდიდა ასეთი არსებობის შემთხვევაში მენარდის შესაბამისი მოქმედებების (დამატებითი ვადის, დამატებითი სამუშაოების შესრულების) ან/და აღნიშნული გარემოების სადავოობის პირობებში სამუშაოების ხარისხის, მოცულობის თაობაზე სრულფასოვანი კვლევის ჩატარებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტის წერილი #5005448614 (ტომი I, ს.ფ. 295-296)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- ექსპერტის დასკვნა #002253114 (ტომი I, ს.ფ. 242-250);
2.8. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მენარდის - შ-- ,,ა-------------------------------”-ს მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 2013 წლის 10 ივნისის N18/13 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 39 083.50 ლარს, ხოლო 2013 წლის 10 ივნისის N19/13 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 29687.41 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. წარმოდგენილ შემთხვევაში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხართა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით (თანდართული ხარჯთაღრიცხვებით). აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქმეზე მოპასუხე მხარის მირ წარმოდგენილი იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნები, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების გათვალისწინებით შესრულებული სარემონტო სამუშაოების ღირებულების გაანგარიშების თაობაზე. აღნიშნული დასკვნის კვლევითი ნაწილში ეთითება, რომ შესრულებული სამუშაოები განკუთვნება ფარულ სამუშაოთა კატეგორიას და შესაბამისად, არსებული მდგომარეობით ვერ ხერხდება რეალური მოცულობების დადგენა, ხოლო გაანგარიშების დაკორექტირება მოხდა ექსპერტის მიერ ხარჯებში მისი მიხედულებით არსებული გაურკვეველი გრაფების (მაგ ,,სამუშაობის ლიკვიდაცია“, ,,გაუთვალისწინებელი ხარჯები“) და რემონტისათვის გამოყენებული მასალის ფასის და შრომით ბაზარზე არსებული ს.რ.ფ. 2013 წლის მე-3 კვარტლის დონეზე არსებული ღირებულებებით.
სასამართლომ მიუთითა, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში გადაწყვეტილების 4.2.3 პუნქტით დადგენილია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მხარეთა შორის არსებული შეთანხმებასთან შესაბამისობა, მისი ხარისხი და მოცულობა; მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა კონკრეტული საზღაური არსებული სამუშაოებისათვის (ამ შემთხვევაში გამოკლებულია კიბის მონტაჟის ღირებულება 2500 ლარი) და არსებული მომენტისთვის, როდესაც თავად საექსპერტო კვლევა ფარული სამუშაოების პირობებში იძლევა საალბათო პასუხს, სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 14.10.2013 წლის ექპერტიზის დასკვნა (ტომი I, ს.ფ. 84-90)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- 04.06.2014 წლის ექსპერტის დასკვნა (ტომი I, ს.ფ. 252-259);
- #19/13 ხელშეკრულება, ხარჯთაღრიცხვა (ტომი I ს.ფ. 25-32, 33-34);
- 18/13 ხელშეკრულება, ხარჯთაღრიცხვა (ტომი I, ს.ფ. 14-21, 22-23);
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 630-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 639-ე მუხლის თანახმად, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 641-ე მუხლის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისაგან განსხვავებულ ან უფრო ნაკლები რაოდენობის ნაკეთობას.
წარმოდგენილ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, 2013 წლის 10 ივნისს, შ-- ,,ა-------------------------------ს“ და შ-- ,,N- G------“-ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შემსრულებელს დამკვეთი კომპანიისთვის უნდა უზრუნველეყო ანტრესოლის და კიბის მოწყობა მისამართზე: თ---–--------–------------ში. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 41583.50 ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით. დადგენილია, რომ მენარდის მიეე სასამართლო განხილვისას აღნიშნულ ოდენობას გამოაკლდა კიბის მონტაჟისათვის გათვალისწინებული თანხა - 2500 ლარი.
ასევე, 2013 წლის 10 ივნისს, შ-- ,,ა-------------------------------ს“ და შ-- ,,N- G------“-ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შემსრულებელს დამკვეთი კომპანიისთვის უნდა უზრუნველეყო საყრდენი კედლების და ღიობების კონსტრუქციების გამაგრება და სარდაფის გადახურვა თანდართული ნახაზებისა და ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, მისამართზე: თ---–--------–------------ში. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 29678.41 ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.
განსახილველ შემთხვევაში შ-- ,,ა------------------------------ის“ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ნარდობის ურთიერთობიდან გამომდინარე, გაწეული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება, მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. მოპასუხე მხარე შ-- ,,N- G------“ წარმოდგენილი შეგებებული სარჩელით ითხოვს ზიანის ანაზღაურებას და პირგასამტეხლოს დაკისრებას. სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე წარმოდგენილია სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირების, კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რამდენიმე დასკვნა, რომლებიც არაერთგვაროვან და შეიძლება ითქვას განსხვავებულ მონაცემებს შეიცავენ ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, შ-- ,,ა------------------------------ის“ მიერ წარმოებული სამშენებლო სამუშაოების თაობაზე. თუმცა არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვან და საყურადღებო ინფორმაციას შეიცავს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 18.11.2014 წლის წერილი, სადაც ექსპერტი მიუთითებს, რომ სადავო ფართზე სრულმასშტაბიანი ექსპერტიზის ჩატარებას შეძლებს იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფილი იქნებოდა მოცემულ ფართობზე შიდა მოპირკეთების მოხსნა, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ექსპერტებს სრულყოფილი ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ. ამასთან, ექსპერტმა წერილში მიუთითა, რომ საჭირო იყო ფარული სამუშაოების ჩატარება. ამასთან, ხელშეკრულებებით შემსრულებლის მიერ ფარული სამუშაოები გათვალისწინებული არ ყოფილა. შემსრულებელს ე.წ. ,,შავი კარკასი“ უნდა მოემზადებინა, კერძოდ, ჩაეტარებინა ამოყვანილი ძველი კედლების გამაგრებითი სამუშაოები. მას შემდეგ რაც, შემსრულებლის მიერ აღნიშნული სამუშაოები სრულყოფილად იქნა შესრულებული, დამკვეთს არანაირი პრეტენზია არ განუცხადებია და თავის ობიექტზე, უკვე თავისი ძალებით ჩაატარა სრულმასშტაბიანი სარემონტო სამუშაოები. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე გახდა საჭირო ფარული სამუშაოების ჩატარება სრულმასშტაბიანი ექსპერტიზის ჩასატარებლად. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, შემსრულებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა კეთილსინდისიერად, ხოლო დამკვეთმა მიიღო არსებული შესრულება. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შ-- ,,ა------------------------------ის“ სასარჩელო მოთხოვნა გაწეული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
2.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეთა შორის არსებული 2013 წლის 10 ივნისის ხელშეკრულების მე-7 პუნქტი განსაზღვრავს სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილებისას და ასევე, სამუშაოების ანაზღაურების ვადის გადაცილებისას პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით დაკისრებას. ხელშეკრულების 7.3 პუნქტის შესაბამისად, საურავის საერთო ოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს ხელშეკრულების ღირებულების 10%-ს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად დადგენილია, რომ შემსრულებელმა ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ ვადაში, ხოლო დამკვეთმა მიღებული მომსახურების ღირებულება არ აანაზღაურა. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შ-- ,,ა------------------------------ის“ მოთხოვნა მოპასუხე მხარისთვის პირგასამტეხლოს 6877.09 ლარის დაკისრების თაობაზე სრულად უნდა დაკმაყოფილდეს (შესრულებული სამუშაოს სრული მოცულობის 10%), რაც ავტომატურად გამორიცხავს დამოუკიდებელი სარჩელის მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას პირგასამტეხლოს 7126.19 ლარის დაკისრების თაობაზე, ვიანიდან დადგენილია, რომ მენარდის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშველოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
ასევე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის საჭიროა იკვეთებოდეს მოწინააღმდეგე მხარისათვის მისი დადგომის სავარაუდოობა, ვინაიდან როგორც მითითებული ნორმის დათქმიდან ჩანს ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი რომელიც სავარაუდო იქნებოდა სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილისათვის. სასამართლომ განმარტა, რომ ზიანის სავარაუდოობა გულისხმობს მოწინააღმდეგე მხარისათვის არა დეტალური ინფორმაციის მიწოდებას იმის თაობაზე, თუ რა სახის და რა ოდენობის ზიანი შეიძლება მიადგეს კრედიტორს ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, არამედ ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდინს.
წარმოდგენილ შემთხვევაში საქმეზე მიუღებელი შემოსავლის ოდენობა მისი მიღების შესაძლებლობა კონკრეტული სარწმუნო მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული იმ პირის მიერ ვინც ახდენს მითითებული მოთხოვნის დაყენებას და ასევე, აღნიშნულის მოწინააღმდეგ მხარისათვის სავარაუდოობის ფაქტი. სასამართლომ მიუთითა, რომ მეწარმე სუბიექტები, მათი საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით შესაძლებელი მუდმივად საჭიროებდნენ საბრუნავი კაპიტალის არსებობას, რაც სრულებით შესაძლებელია მიუღებელი ფულადი ვალდებულების ფარგლებში უქმნიდეთ ფინანსურ დაბრკოლებებს და აყენებდეთ მათ დამატებით ზიანს, მაგრამ იმაზე მითითება რომ მეწარმე საშუალოდ აღნიშნული თანხის ბრუნვის შედეგად წმინდა მოგებას მიღებდა (წლიური 15.(%-ის ოდენობით) და ეს იმთავითვე ნათელი უნდა ყოფილიყო მოწინააღმდეგე მხარისათვის, მოკლებულია დასაბუთებას და სასამართლოს მიხედულებით არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.13. შეგებებული სარჩელის მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას 1912.66 ლარის ოდენობით და მიუთითებს, რომ სამუშაოს შემსრულებელმა დამკვეთის კუთვნილი ობიექტის გარემონტებისას ნაცვლად ორი ტონა არმატურისა, გამოიყენა 1304 კგ-ით ნაკლები. ასევე მოპასუხემ სხვა მრავალ ადგილას დააკლო ობიექტს არმატურა, რის შედეგადაც ობიექტი არ შეესაბამება სიმტკიცით, ღირებულებით და ხარისხით საპროექტო მაჩვენებლებს და შესაბამისად, მოპასუხის მიერ ჯერ არ დასრულებულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება და დაკლებული არმატურის ღირებულება როგორც ზიანის ოდენობა უნდა დაეკისროს მხარეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული ზიანის მოთხოვნის უფლების წარმოშობისათვის; კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის.
სასამართლომ განმარტა, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას, ამასთან, ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც ვალდებულების დარღვევის შედეგად განიცადა კრედიტორმა. სსკ-ის 394-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება დაკლებული არმატურის ღირებულების, როგორც ზიანის ანაზღაურებას, თუმცა დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შესაბამისად (იხ. გადაწყვეტილების 4.2.3 პუნქტი) მენარდის მიერ სამუშაოები წარმოებულ იქნა მხარეთა შორის შეთანხმებული პირობების შესაბამისად, შეთანხმებული მოცულობით. ასევე, სასამართლო მიუთითებს, რომ არმატურის სათანადო ოდენობის არ არსებობა და მის საფუძველზე კედლების არასათანადომდგრადობა, სიმტკიცე რაც ჩვეული გამოყენებისათვის/უსაფრთოხებისათვის არის საჭირო, საქმეზე სადავო სათანადო ფორმით არ გამხდარა და ზიანის თანხა მხოლოდ მოსარჩელე მხარის მირ ექსპერტიზის დასკვნაში ასახული შესაძლო დაკლებული არმატურის ღირებულების მათემატიკურ ჯამს წარმოადგენს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელის მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს დასკვნას მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ და განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ გაზიარებული იქნა მოსარჩელის პოზიცია ძირი თანხის დავალიანების არსებობის შესახებ, სასამართლოს ასევე უნდა გაეზიარებინა მოსარჩელის მსჯელობა ვალდებულების დროულად შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის არსებობის შესახებ. აპელანტის განმარტებით, როდესაც მეწარმე სუბიექტი კონტრაგენტის მიმართ არ ასრულებს ვადამოსულ ვალდებულებას, მისთვის იმთავითვე ნათელი უნდა იყოს, რომ ვალდებულების დროულად შეუსრულებლობით კრედიტორს ზიანი ადგება. ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით აპელანტმა ყურადღება გაამახვილა კომპანიის დეკლარაციებზე და განმარტა, რომ კომპანიის საშუალო მოგების დადგენის მიზნით სასამართლოს აღნიშნული დოკუმენტები საკმარის მტკიცებულებად უნდა მიეჩნია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4.1 ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.1 სააპელაციო პალატა პირველ რიგში შენიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას ამოწმებს შ-- ,,ა-------------------------------ს’’ მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, რომლითაც ეს უკანასკნელი პრეტენზიას აცხადებს მიუღებელი შემოსავლის დაკისრების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით. (გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.3 პუნქტი)
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება შ-- ,,ა-------------------------------ს’’ სარჩელის დაკმაყოფილების (რომლითაც ამ უკანასკნელის სასარგებლოდ შ-- ,,N- G-------ს’’ დაეკისრა შეუსრულებელი ძირითადი ვალდებულების სახით 68 770.91 ლარის, ხოლო პირგასამტეხლოს სახით 6877.09 ლარის გადახდა) და შ-- ,,N- G-------ს’’ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში (რომლითაც შ-- ,,N- G-------ს’’ უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის ფარგლებში ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე) შესულია კანონიერ ძალაში.
საკასაციო პალატამ თავის ერთ-ერთ განჩინებაში განმარტა, რომ პრეიუდიციული ძალის მქონე არ არის გადაწყვეტილების/განჩინების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ყველა გარემოება, ასევე, პრეიუდიციული ძალა არ ვრცელდება ამ ფაქტების სამართლებრივ შეფასებაზე. ეს საკითხი უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, სასამართლოს მიერ დადგენილი რომელი ფაქტები ამართლებს სარეზოლუციო ნაწილში ჩამოყალიბებულ დასკვნებს. საკასაციო პალატის განმარტებით კანონიერ ძალაში შედის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც, კანონის თანახმად, ასაბუთებენ, ამართლებენ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს. იხ. სუსგ №ას-323-2019. 05.06.2019წ.)
ზემოაღნიშნული მსჯელობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილის (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-1.2 და 2-3 პუნქტები) გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ შ-- ,,N- G-------ს’’ და შ-- ,,ა-------------------------------ს’’ შორის 2013 წლის 10 ივნისს გაფორმებული #18/13 და #19/13 გარიგებების საფუძველზე შ-- ,,ა-------------------------------ს’’ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიუხედავად შ-- ,,N- G-------ს’’ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემხვედრი ვალდებულება - 68 770.91 ლარის გადახდის შესახებ არ შეუსრულებია.
4.1.2. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია შ-- ,,N- G-------ს’’ მიერ შ-- ,,ა------------------------------ისთვის’’ 2013 წლის 15 ივნისიდან 68 770.91 ლარის დაუბრუნებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელე ზიანს ითხოვს არა ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისათვის. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას შ-- ,,ა-------------------------------ს’’ წარმომადგენელმა შეამცირა მოთხოვნა და ყოველწლიური მიუღებელი შემოსავლის სახით 10 315.63 ლარის ნაცვლად მოპასუხისთვის 8 940 ლარის დაკისრება მოითხოვა.
4.1.3. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველი დავის საგნის, სასარჩელო მოთხოვნისა და მის საფუძვლად მოსარჩელე აპელანტის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი, გვაძლევს იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 411-ე, ასევე, 394-ე მუხლები წარმოადგენს.
სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა. ამასთან, ზიანი ობიექტური მოცემულობით უნდა შეფასდეს და არა სუბიექტური დამოკიდებულებით.
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამდენად, კანონმდებელი დაზარალებულს (კრედიტორს) უფლებას აძლევს ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ იმ ანაცდენი სარგებლისათვის, რომელსაც დაზარალებული მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. მთავარი წინაპირობა მოცემული მუხლის გამოყენებისათვის არის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რასაც შედეგად მოჰყვა ზიანის დადგომა.
პალატა განმარტავს, რომ ზოგადი პრინციპის თანახმად, განსახილველი კატეგორიის დავაში, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების (მტკიცების საგანი), ასევე მათი დამტკიცების ტვირთი (მტკიცების ტვირთი). შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე იყო ვალდებული მიეთითებინა და სარწმუნოდ დაემტკიცებინა, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა. ამასთან, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, მოსარჩელეს იმგვარი მტკიცებულებები უნდა წარმოედგინა, რომელიც შექმნიდა ობიექტურ, რეალურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით და არა ვარაუდს, ალბათობას შემოსავლის მიღების თაობაზე, გამომდინარე იქიდან, რომ სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი მხოლოდ იმ შემოსავლის ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც ობიექტური მოცემულობითაა ნაკარნახევი და არა კრედიტორის სუბიექტური შეფასებით. ამ თვალსაზრისით, პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მეორე წინადადებას, რომლის თანახმად, „მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო“. საგულისხმოა უშუალოდ ტერმინი „მიუღებელი შემოსავალი“, სახელდობრ შინაარსი, რომელიც მის მიღმა დგას.
პალატა განმარტავს, რომ მიუღებელი შემოსავალი ეს არის ანაცდენი სარგებელი (მოგება), რომელიც არ გულისხმობს ერთობლივ შემოსავალს, ყოველგვარი ხარჯების გამოქვითვების გარეშე და რომელსაც დაზარალებული ობიექტურად მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად“ (იხ. სუსგ, საქმე №ას-218-210-2013, 10 მარტი, 2014წ.).
4.1.4. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ მოსარჩელე აპელანტი მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანის დასადასტურებლად, რომელსაც როგორც აღინიშნა ის მიუღებელი შემოსავლის სახით ითხოვს საწარმოს 2011-2012 წლების მოგების გადასახადის დეკლარაციებზე უთითებს და განმარტავს, რომ რადგან სადავო პერიოდამდე (2011-2012 წლებში) კომპანია მოგებაუნარიანი იყო აღნიშნული პრეზუმირებულს ხდის ფაქტს მასზედ, რომ მოპასუხის მხრიდან 68770.91 ლარის დროულად დაბრუნების შემთხვევაში მიღებული თანხით საწარმო წინა პერიოდის ოდენობის შემოსავალს მიიღებდა.
მოცემულ შემთხვევაში, მიუღებელ შემოსავლად განხილული ვერ იქნება შ-- ,,ა-------------------------------ს’’ 2011-2012 წლების მოგების გადასახადის დეკლარაციაში მითითებული ერთობლივი შემოსავლის და დასაბეგრი მოგების კომპანიის წარმომადგენლის მიერ მითითებული ფორმულით გამოანგარიშებული თანხები, რადგან მხოლოდ წინა წლების მოგების გადასახადის დეკლარაციების საფუძველზე შეუძლებელია ზიანის სახით მოთხოვნილი კომპანიის მიუღებელი შემოსავლის განსაზღვრა. ამ მიმართებით მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ შ-- ,,ა-------------------------------’’ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის დადასტურებას მხოლოდ საზოგადოების მოგების გადასახადის დეკლარაციებზე მითითებით ცდილობდა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გარდა ზემოაღნიშნული დოკუმენტებისა მისი მხრიდან მითითებული არ ყოფილა რომელიმე კონკრეტულ ბენეფიციარზე ან რომელიმე კონკრეტულ ხელშეკრულებაზე, რომლის გაფორმებასაც აპელანტი საწარმო შ-- ,,N- G-------სგან’’ 2013 წლის 10 ივნისის #18/13 და #19/13 გარიგებების საფუძველზე მისაღები თანხით აპირებდა, უფრო მეტიც, მითითებული არ ყოფილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო პერიოდში შ-- ,,N- G-------ს’’ მიერ თანხის დროულად გადაუხდელობის გამო მას, როგორც მეწარმე სუბიექტს კონკრეტულ ბენეფიციართან კონკრეტული გარიგების დადების შესაძლებლობა წაერთვა. მითუმეტეს საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა რაიმე მტკიცებულება სადავო პერიოდში სადავო თანხით კონკრეტულ გარიგებაში შესვლის შედეგად დაგეგმილი მისაღები შემოსავლის შესახებ. პალატა ხაზგასმით შენიშნავს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების დადასტურების გარეშე მხოლოდ კომპანიის წინა წლების დეკლარაციები არ ქმნის ზიანის დადგენისათვის ურყევ რწმენას, მისი მეშვეობით არ დგინდება მიუღებელი შემოსავლის არსებობის ფაქტი, მით უფრო, მიუღებელი შემოსავლის ოდენობა, რადგან ფაქტი მასზედ, რომ საწარმომ სადავო პერიოდამდე გარკვეული მოგების გენერირება შეძლო, პრეზუმირებულს ვერ გახდის ფაქტს მასზედ, რომ საწარმო ყოველ მომდევნო წელს წინა წლებში მიღებული ოდენობის მოგებას მიიღებდა. ამ მიმართებით ნიშანდობლივია თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოგების გადასახადებში მითითებული მონაცემები, საიდანაც ირკვევა, რომ საწარმოს შემოსავალი თითოეული წლისთვის განსხვავებულია. ამრიგად, იმ ფაქტის სარწმუნოდ დადასტურების გარეშე, რომ მოპასუხე მხარისგან მისაღები თანხით მოსარჩელე საწარმო კონკრეტული გარიგების დადებას გეგმავდა, რომლითაც ის სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული ოდენობით მოგების მიღებას შეძლებდა, მოპასუხის ქმედებით კი მას ასეთი გარიგების დადების შესაძლებლობა წაერთვა, პალატა ვერ გაიზიარებს მოსარჩელე აპელანტის მსჯელობას, რომ მას მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი მიადგა.
ყოველივე ზემოაღნიშნული ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს იმაზე, რომ საქმის მასალებით არ არის სათანადოდ დასაბუთებული და სარწმუნოდ დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ რომ არა შ-- ,,N- G-------ს მიერ ვალდებულების დარღვევა შ-- ,,ა-------------------------------’’ ნამდვილად მიიღებდა მოთხოვნილი ოდენობის შემოსავალს. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზიანის ფაქტთან დაკავშირებით აპელანტმა ვერ შეძლო დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე აპელანტმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნის ნაწილზე, კერძოდ, ნაცვლად 10 315.63 ლარისა მოითხოვა მოპასუხისთვის ზიანის სახით ყოველწლიურად 8 940 ლარის დაკისრება. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოთხოვნის შემცირებული ნაწილის გათვალისწინებით პალატა ასკვნის, რომ სახეზეა ამ ნაწილში წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევრის აპელანტისთვის დაბრუნების საფუძველი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში 144.44 ლარს შეადგენს. (10315,63-8940=1375,63*3/100*7)
6.2. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფლდა სსსკ-ის 53-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახ. ბაჟი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ-- ,,ა-------------------------------ს’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.
3. შ-- ,,ა-------------------------------ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 144.44 ლარი.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /
მოსამართლეები: /ნათია გუჯაბიძე /
/გოდერძი გიორგიშვილი /