განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.11.2019
საქმის ნომერი
351210019002804505
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
26.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/8239-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - შ--–-----------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - ააიპ ,,ს-------–--------------–---------------------–--------------------------–-------“

 

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის 21.08.2019 წლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის 21.08.2019 წლის გადაწყვეტილებით:

 

1. ა--------------–--------------–---------------------–----------------------------–------ის სარჩელი დაკმაყოფილდა;

2. გამოთხოვილ იქნა მოპასუხე - შ--–-----------–---–-ს უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონება (1250 მ2 მიწის ნაკვეთი და 581,54 მ2 შენობა-ნაგებობა #1), მდებარე მისამართზე: გა---------------–-------–----------–----–------, საკადასტრო კოდი: 8----------- და აღნიშნული უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელე - ა--------------–--------------–---------------------–----------------------------–------ს;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მოპასუხის წარმომადგენელმა თ----------------–---–-- 22.06.2018 წელს წერილობით მიმართა ორგანიზაციის თავჯდომარეს - შ--–-------------- ულტიმატუმით იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის პოზიციების ვერ შეჯერების შემთხვევაში, საზაფხულო ბანაკში მისულ ბავშვებს მოუწევდათ მტრულ გარემოში ყოფნა. მოსარჩელის მხრიდან მოპასუხე მხარესთან და მათი ოჯახის წევრებთან გამართული მოლაპარაკება იყო მოსარჩელის მხრიდან კეთილი ნების გამოხატვის ჟესტი, მაგრამ მოლაპარაკებები ვერ შედგა, ვინაიდან მოპასუხე მხარის შემოთავაზებული პირობები იყო მხოლოდ და მხოლოდ სიცრუე და დროის გაჭიანურების მცდელობა. მოპასუხე და მისი ოჯახის წევრები თვითნებურად შეიჭრნენ და დაიკავეს მესაკუთრის კუთვნილი ფართი მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ მოსარჩელე მხარე მათ შემოთავაზებებს არასერიოზულად აღიქვამდა და არ აპირებდა მათთვის დროის გაჭიანურებაში ხელშეწყობას.

 

მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, საქართველოს შსს ქ-------------–-- პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სასამართლოს ვ-------- პოლიციის განყოფილებაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მოსარჩელის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში სავარაუდო შეჭრის ფაქტთან დაკავშირებით და საქმეზე ზედამხედველობას ახორციელეს ქ. რუსთავის რაიონული პროკურატურა. 2018 წლის აგვისტოდან სარჩელის აღძვრამდე გამოძიება არ არის დასრულებული. მოსარჩელემ 2018 წლის 26 ნოემბერს განცხადებით მიმართა ვ-------- პოლიციის განყოფილებას და მოითხოვა ცნობა მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებულ ფართში უკანონო შეჭრის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით. მიღებულ პასუხში არ არის მითითებული ვის მიმართ არის აღძრული საქმე, რომელ უძრავ ქონებაში შეჭრის ფაქტზე არის აღძრული საქმე და როდის აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

 

სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

05.06.2018 წელს ა--------------–--------------–---------------------–----------------------------–------მა, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შეიძინა უძრავი ქონება (ს/კ 8-----------) ჯ---–---------–-–---–----- 28000 ლარად, რომელიც იურიდიული პირის სახელზე აღირიცხა საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 21.06.2018 წელს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

ადამიანის უფლებათადა ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის შესაბამისად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებშითავისუფლადფლობდეს დასარგებლობდეს ქონებით(ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ქონების მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას. ეს არის სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს.

 

ამდენად, სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე ნივთის მესაკუთრეა, მოპასუხე კი ნივთის მფლობელი, რომელსაც ამ ნივთის ფლობის უფლება არ გააჩნია. სამივე გარემოების არსებობის დადგენის შემთხვევაში, სარჩელი მიიჩნევა საფუძვლიანად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლებიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე - გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ს------–----–------, ს/კ 8----------- საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ა-------–--------------------–----–---------------–----------------–--------------–---------------------–----------------------------–------ის საკუთრებად.

 

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიმართ, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამდენად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე - ა-------–--------------------–----–---------------–----------------–--------------–---------------------–----------------------------–------ი წარმოადგენს უძრავი ქონების (1250 მ2 მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული #1 შენობა-ნაგებობის, მდებარე: გ----------------–-------–----------–---–------, ს/კ8-----------) მესაკუთრეს.

 

სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონება არის მოპასუხე - შ--–-----------–---–-ს მფლობელობაში. მიუხედავად იმისა, რომ საქმის ზეპირი განხილვისას, ასევე, შესაგებლით მოპასუხემ განმარტა, რომ შ--–-----------–---–- არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს, 07.02.2019 წელს წარმოდგენილ შესაგებელში, შ--–-----------–---–მა სასამართლოს მის ძირითად (ფაქტობრივ) მისამართად მიუთითა - გარდაბანი, ს------–----–------.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელიმტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,ს-------–--------------–---------------------–----------------------------–-------“ არის უძრავი ქონების მესაკუთრე, ხოლო, მოპასუხეა შ--–-----------–---–-, რომელსაც არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად, მან ვერ დაადასტურა მისი მხრიდან ქონების მართლზომიერად ფლობის ფაქტი. ამასთან, მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაშიარსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. სასამართლოს აზრით, მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო მასზე განაწილებული მტკიცების ვალდებულების შესრულება და ვერ დაადასტურა სადავო ნივთის მფლობელობის გამამართლებელ გარემოებათა არსებობა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე სადავო ნივთს ფლობს კანონისმიერი და/ან სახელშეკრულებო საფუძვლის გარეშე, რაც გამორიცხავს მესაკუთრის მხრიდან მის ნივთზე მოპასუხის მფლობელობის განხორციელებისადმი თმენის ვალდებულების არსებობას. შესაბამისად, მოსარჩელეს აქვს უფლება გამოითხოვოს ნივთი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიუთითა, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,ს-------–--------------–---------------------–----------------------------–-------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე შ--–-----------–---–-ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნეს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის განმარტებით, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული უდავო ფაქტობრივი გარემოებები არასწორია, ამასთან, რეალურად უნდა მოხდეს მისი გამოსახლება უძრავი ქონებიდან მაშინ, როდესაც, ის არ ფლობს ქონებას. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მოცემული დავა უნდა განეხილა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და არა მაგისტრ მოსამართლეს იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელის ფასი სახლის ღირებულების მიხედვით არის 28000 ლარი, როგორც ეს განისაზღვრა ნასყიდობის ხელშეკრულებით. ამასთან, სააპელაციო საჩივარში აპელანტის მიერ მითითებულია ფაქტობრივი გარემოებები მოცემულ დავაზე წარდენილი შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობისა და მისი განსახილველად მიღების წინაპირობების არსებობის თაობაზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: გა---------------–-------–----------–----–------, საკადასტრო კოდი: 8-----------, (1250 მ2 მიწის ნაკვეთი და 581,54 მ2 შენობა-ნაგებობა #1) მესაკუთრეა ააიპ ,,ს-------–--------------–---------------------–--------------------------–-------“.

 

ააიპ ,,ს-------–--------------–---------------------–--------------------------–-------ს“ საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებას, მდებარე მისამართზე: გა---------------–-------–----------–----–------, საკადასტრო კოდი: 8----------- (1250 მ2 მიწის ნაკვეთი და 581,54 მ2 შენობა-ნაგებობა #1) ფლობს შ--–-----------–---–-.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი აბზაცით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთი გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო, ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: გა---------------–-------–----------–----–------, საკადასტრო კოდი: 8-----------, (1250 მ2 მიწის ნაკვეთი და 581,54 მ2 შენობა-ნაგებობა #1), საკუთრების უფლებით ეკუთვნის ა--------------–--------------–---------------------–----------------------------–------ს“.

 

პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ა--------------–--------------–---------------------–----------------------------–------ი“ არის უძრავი ქონების მესაკუთრე, ხოლო, აპელანტს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან კანონისმიერი საფუძველი მესაკუთრის უფლების შებოჭვისათვის და შესაბამისად, ა--------------–--------------–---------------------–----------------------------–------ი“ უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ამასთან, პალატა დამატებით განმარტავს, რომ ვერ იქნება სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრება გაზიარებული მასზედ, რომ იგი მოცემულ დავაში არ წარმოდგენს სათანადო მოპასუხეს და აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას მიაქცევს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის 06.06.2019 წლის საოქმო განჩინებაზე, რომლითაც მოპასუხეს (აპელანტს) უარი ეთქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე მისი არასათანადო მოპასუხედ ცნობის თაობაზე, რაც არ გასაჩივრებულა აპელანტის მიერ.

 

რაც შეეხება აპელანტის მოსაზრებას მასზედ, რომ მოცემული დავა წარმოადგენს რუსთავის საქალაქო სასამართლოს და არა მაგისტრატი მოსამართლის განსჯად დავას, აღნიშნულთან დაკავშირებით მსჯელობის საფუძველი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აღარ არსებობს, ვინაიდან, საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას მოპასუხემ იშუამდგომლა საქმის განსჯადობით რუსთავის საქალაქო სასამართლოსათვის გადაგზავნის თაობაზე, რაზედაც რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის 05.03.2019 წლის საოქმო განჩინებით ეთქვა უარი. აღნიშნული საოქმო განჩინება შ--–-----------–---–-ს მიერ გასაჩივრდა კერძო საჩივრით, ხოლო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.03.2019 წლის განჩინებით, კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აღარ არსებობს პალატის მიერ მსჯელობის საფუძველი. ასევე, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში არ არსებობს სააპელაციო საჩივარში მითითებულ შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით მსჯელობის წინაპირობა, ვინაიდან აღნიშნული სცილდება სააპელაციო საჩივრის ფარგლებს. პალატა დამატებით მიუთითებს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის 25.03.2019 წლის განჩინებით, შ--–-----------–---–-სა და მ---------------ის შეგებებული სარჩელი არ იქნა წარმოებაში მიღებული, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა მათ მიერ, თუმცა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.06.2019 წლის განჩინებით, აღნიშნული კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება.

 

ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ფიზიკური პირისათვის, არ უნდა აღემატებოდეს 5 000 ლარს. საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის „კ“ პუნქტის შესაბამისად, კი თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა, დავის საგნის ფასი 4 000 ლარით განისაზღვრება. ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, რადგან შ--–-----------–---–-ს მიერ სახელმწიფო ბაჟი 160 ლარის ოდენობით იქნა გადახდილი, ამიტომ, საქმეზე 2019 წლის 07 ოქტომბერს, სს „თიბისი ბანკის“ მეშვეობით, №0 საგადასახადო დავალებით, სახელმწიფო ხაზინაში, ბანკის კოდით TBCBGE22, სახაზინო კოდით 300773150, თ----------------–---–ის მიერ შ--–-----------–---–-ს სასარგებლოთ გადახდილი 160 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 80 ლარი უკან უნდა დაუბრუნდეს შ--–-----------–---–-ს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შ--–-----------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის 21.08.2019 წლის გადაწყვეტილება;

3. საქმეზე 2019 წლის 07 ოქტომბერს, სს „თიბისი ბანკის“ მეშვეობით, №0 საგადასახადო დავალებით, სახელმწიფო ხაზინაში, ბანკის კოდით TBCBGE22, სახაზინო კოდით 300773150, აპელანტის წარმომადგენლის თ----------------–---–ის მიერ, სახელმწიფო ბაჟის სახით, 160 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 80 ლარი დაუბრუნდეს შ--–-----------–---–ს.

4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

5.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი