განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001959163
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმეN2ბ/6103-17 22 ოქტომბერი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ლევან გვარამია
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტი _ ზ------------;
მოწინააღმდეგე მხარე _ ს----------------------;
წარმომადგენელი _ გ-----------–--------–---–- (დირექტორი);
დავის საგანი _ თანხის დაკისრება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება;
1. აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით ს- „მ---------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
მ------- მ--–---–---–ს და ზ------------ს, ს- „მ---------------ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ დავალიანების - 2849,52 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1907,83 აშშ დოლარი, სარგებელი - 625,89აშშ დოლარი ხოლო პირგასამტეხლო - 315,8 აშშ დოლარი. თავდების ზ---- ა-----ის პასუხისმგებლობა განისაზღვრა - 2257,41 აშშ დოლარის ოდენობით.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. პირველი ინსტანციის სასამართლო არ მიუთითებს უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.2. 2014 წლის 17 დეკემბერს, ს- ,,მ---------------ს“ და მ------- მ--–---–---–ს შორის, დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მ------- მ--–---–---–-ა სესხის სახით მიიღო 2257.41 აშშ დოლარი, 24 თვის ვადით, წლიური 36% -იანი სარგებლით, სესხის გაცემის საკომისიო 0%, სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო 2%. პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0,25%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 15-17);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.3. 2014 წლის 17 დეკემბერს, ს- ,,მ---------------ს“ და მ------- მ--–---–---–ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2014 წლის 17 დეკემბერს, ს- „მ---------------ს“ და ზ------------ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ზ------------მ სოლიდარულად ივალდებულა სესხის ხელშეკრულების სრული და ჯეროვანი შესრულება თავდებობის ზღვრული თანხის 2257.41 აშშ დოლარის ფარგლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-19);
- მხარეთა წერილობითი და ზეპირი ახსნა-განმარტება.
2.4. მოპასუხეებმა დაარღვიეს 2014 წლის 17 დეკემბერს, ს- ,,მ---------------ს“ და მ------- მ--–---–---–ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი დავალიანება შეადგენს 4112.76 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1907.83 აშშ დოლარი, პროცენტი 625.89 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 1579.44 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 20-28);
- გაფრთხილების წერილები (ს.ფ.54-59);
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ.29).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის შესაბამისად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2014 წლის 17 დეკემბერს, ს- ,,მ---------------ს“ და მ------- მ--–---–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მ------- მ--–---–---–-ა სესხის სახით მიიღო 2257.41 აშშ დოლარი, 24 თვის ვადით, წლიური 36% -იანი სარგებლით, სესხის გაცემის საკომისიო 0%, სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო 2%.
დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა სრულად და ჯეროვნად შესრულებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი სესხის დაფარვის ვალდებულება და მოპასუხეების დავალიანება შეადგენს 4112.76 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1907.83 აშშ დოლარი, პროცენტი 625.89 აშშ დოლარი. მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, თუმცა ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. შესაბამისად არსებობს მოპასუხისათვის სესხის ძირი თანხის და სარგებლის დაკისრების და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898.1-ე მუხლით თავდები პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
დადგენილია, რომ ზ---- ა-----ემ სოლიდარულად მ------- მ--–---–---–თან ერთად იკისრა მოსარჩელისათვის თანხის დაბრუნების ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, ის მ------- მ--–---–---–თან ერთად წარმოადგენს ვალდებულ პირს და უნდა დაეკისროს თავდებობის ფარგლებში თანხის გადახდა. თავდებობის ხელშეკრულების მიხედვით, თავდებობის ზღვრული ოდენობა განსაზღვრულია 2257.89 აშშ დოლარით, შესაბამისად ზ---- ა-----ის პასუხისმგებლობა ამ თანხით უნდა განისაზღვროს.
2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
დადგენილია, რომ მხარეებს მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლებამოსილია მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო
ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრედიტორმა ბოროტად უნდა ისარგებლოს მისთვის ხელშეკრულებით ან/და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს არაგონივრულად მიაჩნია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში 2014 წლის 17 დეკემბერს, ს- ,,მ---------------ს“ და მ------- მ--–---–---–ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. შესაბამისად, მოპასუხეებისათვის დაკისრებული ჯარიმა 1579.44 აშშ დოლარი უნდა შემცირდეს 315.8 აშშ დოლარამდე.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327.1-ე 325-ე, 316.2-ე, მე-3.3-ე 115-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არაკეთილსინდისიერად ითხოვდა მასზე შეუსაბამოდ მაღალი თანხების დაკისრებას, რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
აპელანტი სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი იყო. მიუხედავად იმისა რომ სასამართლომ ნაწილობრივ შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა, ის კიდევ უნდა შემცირდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე.
3.2. აპელანტის მითითებით, პროცენტი, რომელიც მოპასუხის მიერ იყო მოთხოვნილი წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენბითა და მოვალის ინტერესების სრული უგულებელყოფის შედეგად დარიცხულ თანხას. რომლის შესახებ მიუთითა შესაგებელშიც.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მითითებით, მოსარჩელის მოთხოვნა მის მიმართ არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. ს- „მ---------------სა“ (გამსესხებელი) და მ------- მ--–-----ს (მსესხებელი) შორის 2014 წლის 17 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით, გამსესხებელმა მსესხებელს სესხის სახით გადასცა 2 257.41 აშშ დოლარი. სესხის ვადა განისაზღვრა - 24 თვით გაცემიდან; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 36%-ით; სესხის გაცემის საკომისიო - 0%; სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო - 2%. სესხის ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის - 0,25%-ის ოდენობით (იხ. ტ.1, ს.ფ. 15-17)
4.2. მითითებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება მსესხებელთან ერთად სოლიდარულად იკისრა ზ------------მ, 2014 წლის 17 დეკემბრის თავდებობის ხელშეკრულებით. თავდებმა სოლიდარულად ივალდებულა სესხის ხელშეკრულების სრული და ჯეროვანი შესრულება თავდებობის ზღვრული თანხის 2 257.41 აშშ დოლარის ფარგლებში (იხ. ტ.1, ს.ფ. 18-19)
4.2. დადგენილია და სადავოდ არ ხდება ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს 2014 წლის 17 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და სარჩელის წარდგენის დროისათვის დავალიანება შეადგენდა 4112.76 აშშ დოლარს საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1 907.83 აშშ დოლარი, პროცენტი 625.89 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო 1 579.44 აშშ დოლარი (იხ. გადახდების ისტორია, ცნობა დავალიანების შესახებ ტ.1, ს.ფ. 20-29)
4.3. აპელანტი სააპელაციო საჩივრით სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას. აპელანტის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ნაწილობრივ შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა, ის კიდევ უნდა შემცირდეს, ვინაიდან სასამართლო უფლებამოსილია სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 1 579.44 აშშ დოლარი, შემცირდა 315.8 აშშ დოლარამდე. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა მიიჩნია არაგონივრულად ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში 2014 წლის 17 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
4.4. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე - კრედიტორის ეკონომიური ინტერესი. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესახებ აპელანტის მიერ წარმოდგენილი პრეტენზია და გარემოებები საჭიროებს შეფასების გაკეთებას და მხოლოდ მითითება იმის თაობაზე, რომ შემცირებული პირგასამტეხლო დამატებით კიდევ უნდა შემცირდეს, არ არის საკმარისი ამ გარემოების გაზიარებისათვის.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 1579.44 აშშ დოლარი - სესხის ძირის, პროცენტის და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე მართებულად მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და სწორად შეამცირა იგი 315.8 აშშ დოლარამდე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრ ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული ოდენობით, რის გამოც მისი დამატებით, შემცირების საფუძველი აღარ არსებობს.
4.5. სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას პროცენტის ოდენობის შემცირების შესახებ და აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა შემდეგი: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.“ ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და კასატორი [სარგებლის მიმღები] მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 72%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა.......... ამრიგად ხელშეკრულების დებულება, რომლითაც კასატორმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ, როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე“ (იხილეთ საქმე №ას-663-629-2015, 28 ივლისი 2015 წელი).
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სესხით სარგებლობის წლიური საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრული იყო - 36%-ით, რაც პალატის შეფასებით არ წარმაოდგენს მაღალ საპროცენტო განაკვეთს და შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
შესაბამისად, პალატის შეფასებით, არც ამ ნაწილში არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში პირველი ინსტანციის სასამართლომ გააკეთა სწორი სამართლებრივი შეფასებები საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და სწორად შეაფასა მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობები, რის შედაგადაც სასამართლო მივიდა სწორ გადაწყვეტილებამდე, სააპელაციო საჩივარი კი უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ---- ა-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ლევან გვარამია