განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.07.2019
საქმის ნომერი
330310018002361021
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
17.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002361021

საქმე N3ბ/2969-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

17 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ნინო ქადაგიძე

 

სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი

 

აპელანტი - შპს „ს-------- ფ-----ი“;

წარმომადგენლები - ნ-------------–---–ი, ლ--–------–--ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო;

წარმომადგენელი - ე---------------–--–ი;

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება;

 

II ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

აპელანტ შპს „ს-------- ფ-----ის“ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით, შპს „ს-------- ფ-----ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ 2015 წლის 15 აპრილის N1------------- ბრძანებით დგინდება, რომ შპს ,,ს-------- ფ-----ის’’ სასარგებლოდ პ----- ჩ---------–--ეს დაეკისრა დავალიანების გადახდა 942,40 ლარის ოდენობით (ს/ფ 45).

 

2015 წლის 21 აპრილს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროში, კრედიტორ შპს ,,ს-------- ფ-----ის’’ მიერ წარდგენილი იქნა განცხადება N5----- და სააღსრულებო ფურცელი მოვალე პ----- ჩ---------–--ის მიმართ, დავალიანების იძულებითი აღსრულების მიზნით. აღმასრულებლის მიერ სააღსრულებო წარმოება დაწყებულია 2015 წლის 24 აპრილს (ს/ფ 48-49).

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 24 აპრილის N A---------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ გაიგზავნა მოვალე პ----- ჩ---------–--ესთან ზესტაფონის რაიონის სოფელ პირველ ს----ში. მოვალეს მიეცა წინადადება, რომ შეტყობინების მიღებიდან 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით გადაეხადა დაკისრებული თანხა. მოვალეს ასევე ეცნობა, რომ უკვე რეგისტრირებული იყო მოვალეთა რეესტრში, რის შედეგადაც შეეზღუდა რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების განკარგვის (გასხვისების და უფლებრივად დატვირთული) უფლება. ამასთან განემარტა, რომ მის მიმართ განხორციელდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები - დაყადაღდებოდა საბანკო ანგარიშები, აღიწერებოდა, დაყადაღდებოდა და შეფასდებოდა მის საკუთრებაში არსებული ქონება. ქონებაზე ყადაღის დადებიდან ერთ თვეში ჩატარდებოდა პირველი იძულებითი აუქციონი. N A---------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ პ----- ჩ---------–--ეს გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით 2015 წლის 08 მაისს, თუმცა გზავნილი ვერ ჩაბარდა ადრესატს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 24 აპრილის A------------ შეტყობინება ქონების ნუსხის წარმოდგენის თაობაზე პ----- ჩ---------–--ეს გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით 2015 წლის 24 აპრილს, თუმცა გზავნილი ვერ ჩაბარდა ადრესატს ( ს/ფ 50-61)

 

2015 წლის 24 აპრილს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ გ---------------ის მიერ, შედგენილი იქნა სააღსრულებო მოქმედების შესახებ ოქმი. აღნიშნული ოქმის მიხედვით, სააღსრულებო საქმეზე N--------- აღმასრულებელი გამოცხადდა მოვალის პ----- ჩ---------–--ის მისამართზე: ზესტაფონი, სოფელი ს----ი, სადაც სახლი დახვდა დაკეტილი, ხოლო წინ მცხოვრები მეზობლების განმარტებით (რომელმაც ვინაობა არ გაამხილა) პ----- ჩ---------–--ე დიდი ხანია არ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე, წასულია თბილისში სამუშაოდ. მოვალისა და მისი ქონების მოძიება ვერ მოხერხდა (ს/ფ 85).

 

2015 წლის 24 აპრილს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ, A------------ წერილით გამოთხოვილი იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ინფორმაცია, მოვალე პ----- ჩ---------–--ის სახელზე ირიცხებოდა თუ არა უძრავი ქონება, არის თუ არა აღნიშნული უძრავი ქონება იპოთეკით დატვირთული, ან სხვა სანივთო უფლებით დატვირთული, როდის და ვის სასარგებლოდ, რეგისტრირებულია თუ არა აღნიშნული უძრავი ქონებაზე ყადაღა, როდის და ვის სასარგებლოდ. მითითებული წერილით გამოთხოვილ იქნა ასევე ინფორმაცია, არის თუარა პ----- ჩ---------–--ე რეგისტრირებული მეწარმე- გადამხდელად, ფლობს თუარა წილს კომერციულ საწარმოში.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 30 აპრილის N104090 წერილით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს უფროს აღმასრულებელს გ--------------–--ეს ეცნობა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის (საქართველოს მასშტაბით მოქმედებს 2009 წლის მაისიდან) მონაცემებით ინფორმაციის მოთხოვნის მომენტისათვის პ----- ჩ---------–--ის (პ/ნ 1----------) საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.

 

2015 წლის 08 მაისის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N1----- წერილით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს უფროს აღმასრულებელ გ--------------–--ეს ასევე ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით პ----- ჩ---------–--ე (პ/ნ 1----------) რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ 2008 წლის 07 აგვისტოდან, საგადასახადო ინსპექციის მიერ იურიდიულ მისამართზე - ქ. ზესტაფონი, ა----–-----–---------, არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად (ს/ფ 62-66).

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღსრულების მხარისათვის და სხვა მონაწილე პირისათვის სააღსრულებო მოქმედების საჯარო შეტყობინების შესახებ 2015 წლის 02 ივნისის №A------------ განკარგულებით დადგინდა, რომ №A-------- სააღსრულებო წარმოების მოვალის - პ----- ჩ---------–--ის მიმართ საჯაროდ გავრცელებულიყო წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 02 ივნისის A------------ გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადებაში აღნიშნულია, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ “ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულების თანახმად ქვეყნდება წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, რომელიც მოვალეს ჩაბარებულად ეთვლება ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. აღნიშნული შეტყობინება ვებ-გვერდზე განთავსდა 2015 წლოის 5 ივნისს (ს/ფ 67-74, 79).

 

2016 წლის 9 თებერვალს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ შედგენილი იქნა მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების აქტი, რომლითაც აღწერილი და დაყადაღებული იქნა, მოვალის - პ----- ჩ---------–--ის მოძრავი ქონება და მიბარებული იქნა მ------ ჩ---------–--ისათვის (ს/ფ 86-87).

 

№A-------- სააღსრულებო საქმე გართულებულ კატეგორიის საქმეების აღმასრულებელთა ჯგუფს გადაეცა 2016 წლის 5 აპრილს (ს/ფ 49).

 

2018 წლის 18 იანვარს, ელექტრონული კომუნიკაციის სერვისის მეშვეობით, შპს ,,ს-------- ფ-----ის“ წარმომადგენლის მიერ, აღსრულების ეროვნული ბიუროდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, ყველა იმ ქმედებაზე, რაც განხორციელდა აღმასრულებლის მიერ პ----- ჩ---------–--ის მიმართ, ამასთან ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის გახდა საქმე პასიური სტატუსის მქონე.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 22 იანვრის№A---------012/001 წერილით შპს ,,ს-------- ფ-----ს’’ ეცნობა, რომ 2015 წლის 24 აპრილს მოვალე პ----- ჩ---------–--ის მიმართ დაიწყო სააღსრულებო წარმოება, იგი დარეგისტრირებული იქნა მოვალეთა რეესტრში, მოძიებული იქნა რეგისტრირებული უძრავ-მოძრავი ქონება, 2015 წლის 24 აპრილს აღმასრულებელის მიერ შედგენილი იქნა ოქმი სააღსრულებო მოქმედების შესახებ, რომლის მიხედვითაც მოვალე არ დახვდათ მისამართზე და ვერ განხორციელდა ქონების აღწერა-დაყადაღება, აღმასრულებელი განმეორებით გამოცხადდა მისამართზე 2016 წლის 09 თებერვალს და დააყადაღა მისამართზე არსებული მოძრავი ქონება, რის შემდეგაც მოვალეს შეეცვალა სოციალური ქულა, მიენიჭა სტატუსი: სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და საქმე გადაეცა გართულებულ ჯგუფს 2016 წლის 05 აპრილს, 2016 წლის 07 აპრილს საქმეს მიენიჭა სტატუსი ,,პასიური’’ (ს/ფ 13, 88).

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 22 იანვრის №A---------012/002 წერილით შპს ,,ს-------- ფ-----ს’’ ეცნობა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 11 პუნქტის თანახმად ,,თუ თანხის გადახდევინების შესახებ სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 წლის განმავლობაში ვერ დაკმაყოფილდა კრედიტორის მოთხოვნა იმის გამო, რომ მოვალეს არ გააჩნია ქონება, რომლიდანაც შესაძლებელია გადახდევინება, სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება უბრუნდება კრედიტორს’’. ხოლო ამავე მუხლის 12-ლი პუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან ზემოთ აღნიშნული ვადის გასვლამდე კრედიტორი უფლებამოსილია აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართოს განცხადებით და მოითხოვოს სააღსრულებო წარმოების ერთი წლით გაგრძელება, რისთვისაც იგი იხდის საფასურს 200 ლარის ოდენობით. კრედიტორი უფლებამოსილია ყოველწლიურად მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააღსრულებო წარმოების გაგრძელების თაობაზე ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტით დადგენილი ვადის ამოწურვამდე.

 

შპს ,,ს-------- ფ-----ს’’ მიეცა წინადადება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ერთი თვის ვადაში წარედგინა განცხადება სააღსრულებო წარმოების გაგრძელების შესახებ ამავე მუხლის 11-ლი პუნქტით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. წინააღდეგ შემთხვევაში დაუბრუნდებოდა სააღსრულებო ფურცელი (ს/ფ 16-17).

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 06 მარტის N1---- წერილით, შპს ,,ს-------- ფ-----ს’’ მის განცხადება/საჩივარზე ეცნობა რომ სააღსრულებო საქმეში არსებული დოკუმენტაციის თანახმად, აღსასრულებელი აქტით გათვალისწინებული მოთხოვნის აღსრულების უზრუნველსაყოფად განხორციელდა სააღსრულებო მოქმედებები. კერძოდ, მოვალე დარეგისტრირდა მოვალეთა რეესტრში, რითაც მას შეეზღუდა შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა მატერიალური ქონებრივი სიკეთის დარეგისტრირების შემთხვევაში შემდგომი განკარგვის (უფლებრივად დატვირთვის) უფლება. ასევე მას გაეგზავნა წინადადება სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე და მოძიებული იქნა მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოვალის სახელზე უძრავი ქონება და ავტოსატრანსპორტო საშუალება არ ირიცხებოდა. სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული მოთხოვნის ფარგლებში, გაიგზავნა მიმართვები საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში, სადაც დადებითი ნაშთი არ ფიქსირდებოდა. ამასთან, საქმეში არსებული ოქმით დასტურდება, რომ 2016 წლის 9 თებერვალს აღმასრულებლის მიერ ყადაღა დაედო მოვალის საცხოვრებელ მისამართზე არსებულ მოძრავ ნივთებს. აღნიშნულის შემდგომ მოვალე დარეგისტრირდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სტატუსით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ.„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ყადაღას არ ექვემდებარება იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრის ქონება, გარდა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონებისა, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელიც საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, აღსრულების ეროვნული ბიურო მოკლებული იყო შესაძლებლობას განახორციელებინა იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები დასახელებული წარმოების ფარგლებში.

 

ზიანის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით განმცხადებელს განემარტა, რომ მოცემული საკითხების კვლევა და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იყო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, რის გამოც მოკლებული იყო აღსრულების ეროვნული ბიურო შესაძლებლობას, დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა.

 

ამდენად, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიიჩნია შპს ,,ს-------- ფ-----ის’’ მიერ წარმოდგენილი განცხადებით წამოჭრილი საკითხები მართებულია განხილული და დადასტურებული ყოფილიყო სასამართლო წესით, შესაბამისად, თვლიდა, რომ მიზანშეწონილია დადგენილი წესითა და პირობებით მხარეს მიემართა სასამართლოსთვის (ს/ფ 18-19).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.

 

სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებლის ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც „ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული მუხლების თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი, მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებას და უთითებს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად განუხორციელებლობით მიადგა მატერიალური ზიანი, კერძოდ აღმასრულებელმა კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულებები არასათანადოდ (არაგონივრულ ვადებში) შეასრულა, 2016 წლის 07 აპრილს კი მოვალე პ----- ჩ---------–--ის საქმეს მიენიჭა პასიურის სტატუსი, რის გამოც სააღსრულებო ბიურო თავის მოქმედებეში შეიზღუდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით ზიანის ანაზღაურებისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი წინაპირობები. კერძოდ, პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), დამდგარი ზიანი, მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და შედეგს შორის და ზიანის მიმყენებლის ბრალეულობა. მოხელის ქმედება, რომელმაც ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მოვალეობიდან და იყოს მართლსაწინააღმდგო და ბრალეული, რაც გამოიხატება პირის შეგნებულ, მიზანმიმართულ უმოქმედობაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში ანუ პირი შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს მის თავიდან ასაცილებლად. ამასთან, ქმედების უკანონობა დადასტურებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით.

 

საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს აწესრიგებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე, გარდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლით განსაზღვრული გირავნობის მოწმობის, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადების, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების და აღსრულების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებული საქმეებისა. ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ;ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები;,ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები.8. მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააღსრულებო წარმოების დაწყების საფუძველი გახდა კრედიტორის მიერ წარდგენილი განცხადება სააღსრულებო ფურცელთან ერთად, რომლითაც მოვალე პ----- ჩ---------–--ეს კრედიტორ შპს ,,ს-------- ფ-----ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა 942,40 ლარის ანაზღაურება. აღმასრულებლის მიერ სააღსრულებო წარმოება დაწყებულია 2015 წლის 24 აპრილს. 2015 წლის 24 აპრილს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ. A---------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ გაგზავნილი იქნა მოვალე პ----- ჩ---------–--ესთან ზესტაფონის რაიონის სოფლ პირველ ს----ში. მოვალეს მიეცა წინადადება, რომ ნებაყოფლობით შეტყობინების მიღებიდან 7 დღის ვადაში გადაეხადა დაკისრებული თანხა.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია დაავალდებულოს მოვალე, წარმოადგინოს თავისი ქონების ნუსხა და ინფორმაცია ამ ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ. ქონების ნუსხაში მოვალემ უნდა მიუთითოს აგრეთვე მესამე პირის მიმართ თავისი მოთხოვნის საფუძველი და მტკიცებულებები. ქონების ნუსხაში უნდა აღინიშნოს ასევე ის ქონება, რომლის მოთხოვნის უფლებაც აქვს მას მესამე პირის მიმართ.

 

ასევე, დადგენილია, რომ 2015 წლის 24 აპრილს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ, პ----- ჩ---------–--ესთან გაგზავნილი იქნა A------------ შეტყობინება ქონების ნუსხის წარმოდგენის თაობაზე. აღნიშნული შეტყობინება ქონების ნუსხის წარმოდგენის თაობაზე პ----- ჩ---------–--ეს გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით 2015 წლის 24 აპრილს თუმცა გზავნილი ვერ ჩაბარდა ადრესატს. გარდა ამისა, აღმასრულებლის მიერ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია მოვალის ქონებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრიდან.

 

აღმასრულებლის უფლება-მოვალეობები მოცემულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლში. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმისა, ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად, აღმასრულებელს სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელებისას უფლება აქვს, შევიდეს მოვალის ბინაში, დაათვალიეროს ყველა სათავსი და მოვალის ქონება. დათვალიერება ფორმდება ოქმით. მითითებული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.

 

მითითებული კანონის 251 მუხლის თანახმად, თანხის გადახდევინების საქმეებზე სააღსრულებო წარმოების ეტაპებია: ა) აღსრულების დაწყება; ბ) ქონებაზე ყადაღის დადება; გ) აუქციონის ჩატარება; დ) კრედიტორისათვის თანხის გადაცემა.

 

ამავე კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში, ხოლო 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ აღნიშნა, რომ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ხდება რა მოვალის ქონების დაყადაღება, რაც გულისხმობს მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას, სააღსრულებო ბიურომ ამავდროულად უნდა უზრუნველყოს მოვალის ქონების როგორც აღწერა, ისე ქონების შესანახავად გადაცემა, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას.

 

საქმის მასალების მიხედვით, 2016 წლის 9 თებერვალს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ შედგენილი იქნა მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების აქტი, რომლითაც აღწერილი და დაყადაღებული იქნა, მოვალის - პ----- ჩ---------–--ის მოძრავი ქონება და მიბარებული იქნა მ------ ჩ---------–--ისათვის.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრის ქონება, გარდა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონებისა, რომლის სოციალურ- ეკონომიკური მაჩვენებელიც საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია.

 

დადგენილია, რომ მოვალეს შეეცვალა სოციალური ქულა, მიენიჭა სტატუსი: სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და საქმე გადაეცა გართულებულ ჯგუფს 2016 წლის 05 აპრილს, 2016 წლის 07 აპრილს საქმეს მიენიჭა სტატუსი ,,პასიური’’.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ აღმასრულებლის მიერ რომ მომხდარიყო კანონით დადგენილ ვადაში აუქციონის ჩატარება, ამასთან გონივრულ ვადებში რომ განეხორციელებია სააღსრულებო მოქმედებები, სააღსრულებო ფურცელი აღუსრულებელი არ დარჩებოდა. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, შეუსაბამობებია აღმასრულებლის მიერ შედგენილ დოკუმენტებში, კერძოდ აღსრულება დაწყებულია 2015 წლის 24 აპრილის 16:31 საათზე, ხოლო 2014 წლის 24 აპრილის ოქმი, რომლის მიხედვითაც აღმასრულებელი მოვალის საცხოვრებელ ადგილზე გამოცხადდა შედგენილია 13:10 საათზე, რაც მათი განმარტებით ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ ის ადგილზე არ გასულა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ აღმასრულებლის მიერ კონკრეტული სააღსრულებო მოქმედების შესრულების შედეგად მხარეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის შესაძლებლობას ითვალისწინებს კანონმდებლობით მხარეთათვის მინიჭებული უფლება, გაასაჩივრონ აღმასრულებლის ნებისმიერი ქმედება. კერძოდ, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის მიხედვით, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში.

 

ამდენად, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონმდებლობით დადგენილია აღმასრულებლის ქმედებების გასაჩივრების უფლებამოსილება, რაც უზრუნველყოფს კრედიტორისა და მოვალის უფლებების დაცვას აღმასრულებლის უკანონო ქმედებისგან. მხარეს, რომელიც არ ეთანხმება აღმასრულებლის ქმედებას და მიაჩნია, რომ შედეგად მისი ინტერესები შეილახა, შეუძლია, კანონით დადგენილი წესითა და ვადაში სადავოდ გახადოს აღმასრულებლის ქმედება. განსახილველ შემთხვევაში, აღმასრულებლის ქმედების უკანონოდ მიჩნევის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის თუ სასამართლოს გადაწყვეტილება არ არსებობს. მხარეს არ გაუსაჩივრებია აღმასრულებლის ქმედებები.

 

მოსარჩელის წარმომადგენლები მიუთითებდნენ, რომ მათ მიმართეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს აღმასრულებლის ქმედებებთან დაკავშირებით. წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2018 წლის 18 იანვარს, ელექტრონული კომუნიკაციის სერვისის მეშვეობით, შპს ,,ს-------- ფ-----ის“ წარმომადგენლის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, ყველა იმ ქმედებაზე, რაც განხორციელდა აღმასრულებლის მიერ პ----- ჩ---------–--ის მიმართ, ამასთან ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის გახდა საქმე პასიური სტატუსის მქონე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 6 მარტის N1---- წერილის მიხედვით, კი მოსარჩელე 2018 წლის 6 თებერვლის განაცხადება/საჩივრით ითხოვდა აღსრულების გაჭიანურების გამო კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დგინდება, რომ მათ გაასაჩივრეს აღმასრულებლის ქმედებები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებაზე საქმე №ბს-345-478-კ-03, სადაც განმარტებულია, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კასატორს, თუ იგი არ ეთანხმებოდა სასამართლოს აღმასრულებლის მოქმედებას, უფლება ჰქონდა, მათი მოქმედება გაესაჩივრებინა სააღსრულებო მოქმედების განხორციელებიდან ერთი თვის ვადაში, რაც მათი მხრიდან არ ყოფილა გაკეთებული. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად არ არის დადგენილი აღმასრულებლის უკანონო, მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ფაქტი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და, შესაბამისად, არ შეიძლება ქონებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მოპასუხისთვის, როდესაც არ არის კანონით გათვალისწინებული წესით დადგენილი მისი ბრალი მოსარჩელის მიერ მითითებული ზიანის მიყენებაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი ისაა, რომ ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ზიანი იყო პირდაპირი (და არა ირიბი) და გარდაუვალი შედეგი ზიანის მიმყენებლის ქმედებისა თუ უმოქმედობისა. ამასთან, საქმეზე №ბს-648-623(2კ-13) (10.04.2014წ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა, რომ „ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის.“ კონკრეტულ შემთხვევაში კი არ დგინდება, რომ აღმასრულებლის მიერ სააღსრულებო წარმოების პროცესში უმოქმედობის ფაქტი ან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებები აღმასრულებლის ქმედებების მართლწინააღმდეგობასთან დაკავშირებით. სასამართლოს მითითებით, აღნიშნული ქმედებები კანონით დადგენილი წესით არ არის უკანონოდ ცნობილი და ამასთან, არ იკვეთება მიზეზ-შედეგობრივი კავშირი აღმასრულებლის ქმედებასა და მოსარჩელისთვის მიყენებულ ზიანს შორის. შესაბამისად, სარჩელი ფაქტობრივ-სამართლებრივად დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მითითებით, 2018 წლის 18 იანვარს ელექტრონული კომუნიკაციის სერვისის მეშვეობით, შპს „ს-------- ფ-----ის“ წარმომადგენლის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ყველა იმ ქმედებაზე, რაც განხორციელდა აღმასრულებლის მიერ პ----- ჩ---------–--ის მიმართ, ამასთან ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის გახდა საქმე პასიური სტატუსის მქონე. აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო შპს „ს-------- ფ-----ის“ საქმის დეტალები, მათ შორის ის გარემოება, რომ აღმასრულებლის მიერ 2016 წლის 09 თებერვალს დაყადაღებული მოძრავი ქონების 1 თვის ვადაში არ გამოტანის, მათი ვადაში შეუფასებლობის და აუქციონის არ ჩანიშვნის თაობაზე ცნობილი გახდა 2018 წლის 22 იანვრის წერილით. სააპელაციო საჩვრის ავტორის მითითებით, აღნიშნული შპს „ს-------- ფ-----ის“ წარმომადგენლის მიერ ერთჯერადად გასაჩივრებულ იქნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან და როგორც 2018 წლის 06 მარტის წერილით დასტურდება - არ დაკმაყოფილდა. ყოველივე ზემოაღნიშნული აპელანტის მითითებით ცხადყოფს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და კანონთან შეუსაბამოა.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის `გ~ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სარჩელის საფუძველზე მოთხოვნილია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება იმ საფუძვლით, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შპს ,,ს-------- ფ-----ს’’, მასზე დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების შედეგად, მიაყენა მატერიალური ზიანი. კერძოდ, აღმასრულებელმა კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულებები არასათანადოდ (არაგონივრულ ვადებში) შეასრულა, რის შედეგადაც 2016 წლის 07 აპრილს მოვალე პ----- ჩ---------–--ის საქმეს მიენიჭა პასიური სტატუსი და კრედიტორული დავალიანება გახდა აღუსრულებადი.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს: მიყენებული ზიანის კომპენსირების უფლება მიეკუთვნება კონსტიტუციით დაცულ უფლებათა კატეგორიას. საქართველოს კონსტიტუციის 18.4 მუხლი ადგენს: ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

სახელმწიფოს, ასევე სახელმწიფო მოსამსახურის მხრიდან მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაზღვრის ანალოგიურ წესს ადგენენს ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. იმავე ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის საფუძველზე, სახელმწიფო პასუხისმგებლობისათვის განსაზღვრულია კერძო სამართალში დამკვიდრებული პასუხისმგებლობის საფუძვლების გავრცელების შესაძლებლობა, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც ეს მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. ეს წინაპირობები სახეზეა, როდესაც პირი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში ბრალეული ქმედებით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, რაც ხდება ზიანის წარმოშობის მიზეზი. ამასთან, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

 

განსახილველ შემთხვევაში აპელანტი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ზიანი მიადგა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს უმოქმედობის გამო, ვინაიდან აღმასრულებელმა მისთვის დაკისრებული მოვალეობები/ქმედებები არ შეასრულა კანონით დადგენილ ვადაში, სანამ მოხდებოდა საქმისათვის „პასიური“ სტატუსის მინიჭება. სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ წარმოდგენილი არგუმენტაცია ვერ ასაბუთებს ზიანის არსებობის ფაქტს და თვლის, იმისათვის, რომ გაჩნდეს ზიანის ანაზღაურების საფუძველი, უნდა დასტურდებოდეს აღმასრულებლის ქმედების უკანონობა.

 

საქმეში წარმოდგენილი სააღსრულებო წარმოების მასალებით დასტურდება, რომ აღსასრულებელი აქტით გათვალისწინებული მოთხოვნის აღსრულების უზრუნველსაყოფად განხორციელდა რიგი სააღსრულებო მოქმედებები. კერძოდ, მოვალე დარეგისტრირდა მოვალეთა რეესტრში, რითაც მას შეეზღუდა შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა მატერიალური ქონებრივი სიკეთის დარეგისტრირების შემთხვევაში შემდგომი განკარგვის (უფლებრივად დატვირთვის) უფლება. ასევე მას გაეგზავნა წინადადება სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე და მოძიებული იქნა მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება. დადგინდა, რომ მოვალის სახელზე უძრავი ქონება და ავტოსატრანსპორტო საშუალება არ ირიცხებოდა. სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული მოთხოვნის ფარგლებში, გაიგზავნა მიმართვები საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში, სადაც მოვალეზე დადებითი ნაშთი არ ფიქსირდებოდა. საქმეში წარმოდგენილია ოქმი, რომლითაც დასტურდება, რომ 2016 წლის 9 თებერვალს აღმასრულებლის მიერ ყადაღა დაედო მოვალის საცხოვრებელ მისამართზე არსებულ მოძრავ ნივთებს. აღნიშნულის შემდგომ მოვალე დარეგისტრირდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სტატუსით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ყადაღას არ ექვემდებარება იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრის ქონება, გარდა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონებისა, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელიც საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია.

 

სააპელაციო სასამართლო ადასტურებს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეეზღუდა შესაძლებლობა დასახელებული წარმოების ფარგლებში განეხორციელებინა იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები.

 

სააპელაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის დანაწესზე მითითებით ადასტურებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და თვლის, რომ პასუხისმგებლობის დაკისრების სავალდებულო პირობას წარმოადგენს იმ გარემოების დადგენა-დადასტურება, რომ აღმასრულებელი მოქმედებდა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით და არღვევდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში.

 

საქმეში აპელანტის მხრიდან წარმოდგენილი არ არის არცერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ შპს ,,ს-------- ფ-----ის’’ მიერ სადავოდ გახდა აღმასრულებლის ქმედება, კერძოდ, აღმასრულებლის პასიურობა აღსრულების პროცესთან მიმართებაში.

 

საქმეზე დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით, სააპელაციო პალატას აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, არ დგინდება აღმასრულებლის უკანონო, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, რაც გამორიცხავს ქონებრივი პასუხისმგებლობის მოპასუხისათვის დაკისრების შესაძლებლობას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის მასალებს, რის გამოც სახეზე არ არის მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, 12-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. აპელანტ შპს „ს-------- ფ-----ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება;

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: ნინო ქადაგიძე