განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 110224019002856204
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-813-2019 19 ნოემბერი, 2019 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ლაურა მიქავა
ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - დ-------- ა--–--ე
წარმომადგენელი - ე----- ტ--–----ე
აპელანტი - მ------- კ-------–--ე
წარმომადგენელი - დ-------- ა--–--ე, ე----- ტ--–----ე
მესამე პირი - სსიპ ს--–---–-----------------------------------------------------------–------------–--ა
წარმომადგენელი - ი----------------–---–ი
დავის საგანი - მხარდაჭერის ფარგლების განსაზღვრა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ნაწილობრივ, გაუქმება და განცხადების სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დ-------- ა--–--ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მ------- კ-------–--ე ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებ პირად შემდეგ სფეროებში: შრომითი საქმიანობა; წვრილმანი გარიგების დადება; საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა; სახელმწიფო გასაცემლის - სოციალური პაკეტის - სოციალური დახმარების/სახელმწიფო პენსიის დანიშვნა-განახლებისათვის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამისი რაიონული განყოფილებისათვის მიმართვა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედების შესრულება; საბანკო დაწესებულებებიდან სახელმწიფო გასაცემლის - სოციალური პაკეტის - სოციალური დახმარების/სახელმწიფო პენსიის ან სხვა ნებისმიერი თანხის მიღება/განკარგვა, მათ შორის ყველა საბანკო ოპერაციის შესრულება და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედების შესრულება; მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვა ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით; (მათ შორის, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება, მედიკამენტების შეძენა და მიღება, სამედიცინო მომსახურების მიღება); მხარდაჭერის მიმღების უფლებების დასაცავად უფლება-მოვალეობების განხორციელება ნებისმიერ სახელმწიფო, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, კერძო პირებთან ურთიერთობაში; მხარდაჭერის მიმღების უფლებების დასაცავად ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობა, ადვოკატის შერჩევა, სასამართლო სხდომებში მონაწილეობის უფლება; სანოტარო ბიუროსათვის მემკვიდრეობის მისაღებად განცხადების წარდგენა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედების შესრულება, სამკვიდრო მოწმობის მიღება; უძრავი ქონების მართვა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მხარდაჭერის მიმღები პირის ქონების მესაკუთრედ რეგისტრაცია; სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება, მათ შორის მესამე პირებთან საიჯარო ხელშეკრულებების დადება და მასში ცვლილებების შეტანა. დ-------- ა--–--ე დაინიშნა დედის მ------- კ-------–--ის მხარდამჭერ პირად შემდეგ უფლება/მოვალეობათა განხორციელების ფარგლებში: ა) შრომითი საქმიანობა; ბ) წვრილმანი გარიგების დადება; გ) საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა; გ) ზიანის მიყენების თავიდან აცილება; დ) სახელმწიფო გასაცემლის - სოციალური პაკეტის - სოციალური დახმარების/სახელმწიფო პენსიის დანიშვნა-განახლებისათვის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამისი რაიონული განყოფილებისათვის მიმართვა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედების შესრულება; ე) საბანკო დაწესებულებებიდან სახელმწიფო გასაცემლის - სოციალური პაკეტის - სოციალური დახმარების/სახელმწიფო პენსიის ან სხვა ნებისმიერი თანხის მიღება/განკარგვა, მათ შორის ყველა საბანკო ოპერაციის შესრულება და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედების შესრულება; ვ) მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვა (მათ შორის, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება, მედიკამენტების შეძენა და მიღება, სამედიცინო მომსახურების მიღება); ზ) მხარდაჭერის მიმღების უფლებების დასაცავად უფლება-მოვალეობების განხორციელება ნებისმიერ სახელმწიფო, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, კერძო პირებთან ურთიერთობაში; თ) მხარდაჭერის მიმღების უფლებების დასაცავად ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობა, ადვოკატის შერჩევა, სასამართლო სხდომებში მონაწილეობის უფლება; ი) სანოტარო ბიუროსათვის მემკვიდრეობის მისაღებად განცხადების წარდგენა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედების შესრულება, სამკვიდრო მოწმობის მიღება; კ) უძრავი ქონების მართვა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მხარდაჭერის მიმღები პირის ქონების მესაკუთრედ რეგისტრაცია; ლ) სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება, მათ შორის მესამე პირებთან საიჯარო ხელშეკრულებების დადება და მასში ცვლილებების შეტანა. მხარდამჭერს დაევალა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მის მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, სასამართლოსათვის მიწოდება გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაციის. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერმა უნდა მიუთითოს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს. მხარდამჭერს დაევალა სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს. მხარდამჭერს მიენიჭა უფლება მხარდაჭერის მიმღების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, განახორციელოს აღნიშნული უფლება-მოვალეობები. მ------- კ-------–--ის მხარდაჭერის ვადა და მისი გადასინჯვის პერიოდულობა განისაზღვრა 5 წლით. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. მ------- კ-------–--ე დაიბადა 1----–-–------------------ს; ცხოვრობს ზესტაფონში, თ----------ის ქუჩა N--. აღენიშნება დაუზუსტებელი დემენცია - კოდი F03; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით. 2.2. მ------- კ-------–--ეს აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. მისი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევების ხარისხი, მკვეთრადაა გამოხატული. მ------- კ-------–--ის მოქმედებები საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მკვეთრად. მ------- კ-------–--ის სოციალური ადაპტაციის ხარისხი მკვეთრადაა დაქვეითებული და ესაჭიროება მხარდამჭერი შრომითი საქმიანობის,წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვა/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, სოციალური დახმარების (პენსია, დახმარება) მიღების და უფლებისა და მოვალეობებისგანხორციელების სხვა სფეროში, რომელსაც განსაზღვრავს სასამართლო. მ------- კ-------–--ის მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა პრაქტიკულად არ არის მოსალოდნელი, მას არ შეუძლია გააცნობიეროს სასამართლო განხილვის დანიშნულება და მონაწილეობა მიიღოს სასამართლო განხილვაში მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა რეკომენდირებულია განისაზღვროს ხუთი წლით. 2.3 მხარდამჭერად დასანიშნი პირი - დ-------- ა--–--ე არის მ------- კ-------–--ის შვილი. 2.4. ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოსოციალური ექსპერტიზის დასკვნიდან, კერძოდ, სოციალური მუშაკის შეფასებიდან დგინდება, რომ მ------- კ-------–--ე ცხოვრობს მის მომვლელთან თ----- ს--–------ესთან ერთად. დღეის მდგომარეობით დაქვეითებული აქვს მეხსიერება. სწორად ახსოვს მხოლოდ საკუთარი სახელი და გვარი. ის ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად, არის მწოლიარე მდგომარეობაში. მას არა აქვს უნარი თვითონ განსაზღვროს შესასრულებელი მარტივი ყოფითი აქტივობები, დახმარება ესაჭიროება პირადი ჰიგიენის დაცვაში, ჩაცმაში, ჭამისა წყლის დალევის დროს. არ შეუძლია ტელეფონით სარგებლობა და ვერ დაუკავშირდება დახმარებისათვის სათანადო ორგანოებს. სოციალური მუშაკის შეფასებით, ესაჭიროება მხარდამჭერი სამოქალაქო ცხოვრების ყველა სფეროში მისი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. 2.5. მ------- კ-------–--ის მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობისა და მხარდამჭერად დანიშვნის თაობაზე განცხადებით მომართა 2019 წლის 19 თებერვალს მხარდასაჭერი პირის მ------- კ-------–--ის შვილიშვილმა თ----- კ-------–--ემ , მაგრამ 2019 წლის 13 ივნისს მან სასამართლოს მომართა შუამდგომლობით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის საფუძველზე განცხადება გაიხმო. 2.6. თ----- კ-------–--ის შუამდგომლობა განცხადების გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის განჩინებით და განცხადება დატოვებული იქნა განუხილველად. 2.7. განმცხადებელი დ-------- ა--–--ე დღეის მდგომარეობით ცხოვრობს სხვა ქვეყანაში, კერძოდ საბერძნეთში. იგი ვერ შეძლებს მხარდამჭერის უფლება-მოვალეობების განხორციელებას მ------- კ-------–--ის მიმართ. მხარდაჭერის მიმღები პირი საჭიროების შემთხვევაში დარჩება მხარდაჭერის გარეშე და საფრთხე შეექმნება მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.8. ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია“ რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წლის 26 დეკემბერს. აღნიშნული კონვენციის 1-ლი მუხლის შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიეკუთვნებიან პირები, ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული მყარი დარღვევებით, რომელთა ურთიერთქმედებამ სხვადასხვა დაბრკოლებებთან შესაძლოა ხელი შეუშალოს ამ პირის სრულ და ეფექტურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სხვებთან თანაბარ პირობებში. კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად კონვენციის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მათ შორის ოჯახის დონეზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებაში; ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ღირსების პატივისცემას; ებრძოლონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებაში, ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სქესსა და ასაკზე დაფუძნებულ სტერეოტიპებს, ცრურწმენებსა და ზიანის მომტან ჩვევებს. პოპულარიზაცია გაუწიონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოტენციალსა და წვლილს. კონვენციის მე-19 მუხლით აღიარებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირის თანაბარი უფლება, სხვებთან თანასწორი არჩევანით იცხოვრონ საზოგადოებაში. ამ მხრივ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ამ უფლების სრულ რეალიზებასა და მათ სრულყოფილ ჩართვას ადგილობრივ საზოგადოებაში. 2.9. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები დაცულია ასევე ეროვნული კანონმდებლობით. სამოქალაქო კოდექსის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა - უნარი, ჰქონდეს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა დაბადების მომენტიდან. სამოქალაქო უფლებაუნარიანობა გულისხმობს პირის უფლებას, ჰქონდეს (ფლობდეს) სამოქალაქო უფლებები და ვალდებულებები, რომელიც წარმოიშობა დაბადების მომენტიდან და წყდება გარდაცვალებისთანავე. კანონმდებლობა დაუშვებლად მიიჩნევს პირისათვის უფლებაუნარიანობის წართმევას, რამდენადაც იგი განუყოფელია ადამიანის პიროვნებისგან, უფლებაუნარიანობა ადამიანის ღირსების განუყოფელი ნაწილია. ამავე კოდექსის მე-12 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ქმედუნარიანობა, ანუ ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა სრულწლოვანების მიღწევისთანავე. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ქმედუნარიანად ითვლება ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი (შემდგომ – მხარდაჭერის მიმღები), ანუ პირი, რომელსაც აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში, თუ ეს პირი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილის პირობებს, ამასთანავე, აღნიშნული დაბრკოლებები სათანადო რჩევისა და დახმარების გარეშე მნიშვნელოვნად ართულებს პირის მიერ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვას და ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროში. 2.10. სამოქალაქო კოდექსი დამოუკიდებლად ითვალისწინებს მხარდაჭერის ინსტიტუტს. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მხარდაჭერის მიმღები პირი ქმედუნარიან პირად მიიჩნევა, როდესაც მას, საკუთარი ნების შესაბამისად, შეუძლია განახორციელოს სამართლებრივი შედეგების წარმომშობი უფლებები და ვალდებულებები. მხარდაჭერის მიმღებ პირთა უფლება, სხვებთან თანაბარ პირობებში, მხარდაჭერითი მექანიზმის საშუალებით განახორციელონ უფლებები, გულისხმობს მხარდაჭერის მიმღებისათვის მხარდამჭერის დანიშვნას, რომელიც გაცნობიერებული გადაწყვეტილების მისაღებად ახდენს მხარდაჭერის მიმღების ინფორმირებას, შესაბამისი საკომუნიკაციო საშუალებებით, მისთვის გასაგები ფორმით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-12 მუხლით აღიარებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებაუნარიანობა სხვებთან თანასწორად, ცხოვრების ყველა სფეროში. კონვენციის მე-12 მუხლის შინაარსი ემყარება დოკუმენტის ძირითადი პრინციპების - პირის ღირსების, არჩევანის თავისუფლების, პიროვნული ავტონომიის, საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილი და ეფექტური მონაწილეობის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების განსხვავებულობისა და განსაკუთრებულობის პატივისცემასა და დაცვას. როგორც თანასწორობის იდეის მატარებელი ნორმა-პრინციპი, იგი წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სხვა უფლებათა დაცვის ფუნდამენტს და მათით სხვებთან თანასწორად სარგებლობის ერთგვარ გარანტიას. კონვენციის მე-12 მუხლი განსაზღვრავს სამართალსუბიექტობის უნივერსალურ და თანდაყოლილ ხასიათს, რაც გულისხმობს მის თანაბრად ფლობას ყველას, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ. სამართალსუბიექტობა აუცილებელია სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებებით სარგებლობისთვის. სამართალსუბიექტობა მოიცავს როგორც უფლებებისა და ვალდებულებების ქონის უნარს, ასევე შესაძლებლობას დაუბრკოლებლად განახორციელო კანონით მინიჭებული უფლებები. ამდენად, პირის მხარდაჭერის საკითხის გადაწყვეტის დროს უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იქნას მხარდასაჭერი პირის ნება, ინტერესი და საჭიროება. 2.11. დადგენილია, რომ მ------- კ-------–--ეს აღენიშნება დაუზუსტებელი დემენცია - კოდი F03, დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით. აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები. ნაკლებად აქვს განვითარებული თვითმოვლის უნარ-ჩვევები, ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად, არის მწოლიარე მდგომარეობაში და საჭიროებს დახმარებას პირადი ჰიგიენის დაცვაში; ჩაცმაში, კვებაში. დამოუკიდებლად ვერ იღებს წამალს, დაქვეითებული აქვს მეხსიერება სწორად ახსოვს მხოლოდ საკუთარი სახელი და გვარი. მას არა აქვს უნარი თვითონ განსაზღვროს შესასრულებელი მარტივი ყოფითი აქტივობები. არ შეუძლია ტელეფონით სარგებლობა, ვერ დაუკავშირდება დახმარებისათვის სათანადო ორგანოებს. მართალია, მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ გაცემული დასკვნით მ------- კ-------–--ეს ესაჭიროება მხარდაჭერა სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა ყველა სფეროში, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე მას არ ჰქონდა მხარდაჭერის საჭიროება უძრავი ქონების განკარგვის, ნასყიდობის ჩუქების სფეროში. მაგრამ განმცხადებლის მიერ მოთხოვილ სხვა სფეროებში მას უნდა დანიშვნოდა მხარდამჭერი. 2.12. სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის 1-ლი ნაწილი თანახმად, სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ მხარდამჭერის ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული პირებისაგან არჩევა ვერ მოხერხდა, სასამართლო მხარდამჭერად ნიშნავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ პირს, ხოლო თუ მხარდაჭერის მიმღები სპეციალიზებულ დაწესებულებაშია მოთავსებული – ამ დაწესებულების წარმომადგენელს. სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ პირი მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით. 2.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1278-ე მუხლის თანახმად მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოები ვალდებული არიან დაიცვან და გააძლიერონ მხარდაჭერის მიმღები პირები და დაეხმარონ მხარდამჭერებს თავიანთი მოვალეობების შესრულებაში. მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ზედამხედველობის მიზანია მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების კონტროლი, მხარდაჭერის მიმღების უნარების განვითარების შეფასება და შესაბამისი რეაგირება.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, გაასაჩივრეს დ-------- ა--–--ემ და მ------- კ-------–--ემ: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. მ------- კ-------–--ე ცხოვრობს არა მომვლელ თ----- ს--–------ესთან, არამედ მომვლელ ი--------------–---–თან ერთად, რომელიც აყვანილ იქნა მ------- კ-------–--ის მომვლელად დ-------- ა--–--ის მიერ და რომელიც ყოველდღიურად უწყვეტ რეჟიმში ახდენს დაკვირვებას მომვლელის მიერ განხორციელებულ მოვალეობებზე. მედიკამენტების მიღებაზე (საჭიროების შემთხვევაში) ყოველდღიური საკვების შერჩევაზე, ჰიგიენის დაცვაზე და ა.შ. 3.2. მ------- კ-------–--ის მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობისა და მხარდამჭერის დანიშვნის თაობაზე 2019 წლის 19 თებერვალს მ------- კ-------–--ის შვილიშვილმა თ----- კ-------–--ემ მიმართა სასამართლოს, მაშინ, როდესაც იმავე თ----- კ-------–--ეს დებთან - დებთან, მ--- და მ----- კ-------–--ეებთან და დედასთან - ი----- კ-------–--ესთან ერთად 2018 წლის 17 დეკემბერს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში აღძრული ჰქონდა სარჩელი მოპასუხეების დ-------- ა--–--ის, ნინო ჩალაძის და მ------- კ-------–--ის მიმართ ხელშეკრულებების ბათილად ცნობაზე, მინდობილობების ბათილად ცნობის, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანის და ქონების მესაკუთრედ ცნობაზე. თ----- კ-------–--ე, რომელიც ქონებრივად ედავებოდა მხარდაჭერის მიმღებად საცნობ ბებიას, მოითხოვდა მის მხარდამჭერად ცნობას მხოლოდ მ------- კ-------–--ის ინტერესების საწინააღმდეგოდ და არა მის დასაცავად. მას შემდეგ, რაც დ-------- ა--–--ისათვის ცნობილი გახდა თ----- კ-------–--ის ჩანაფიქრი და მან დააფიქსირა თავისი პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით, თ----- კ-------–--ე იძულებული გახდა გაეხმო განცხადება, რაც კიდეც დაკმაყოფილდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ 2019 წლის 21 ივნისის განჩინებით, რომლითაც განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული. 3.3. სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ ასახულა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სასამართლომ მ------- კ-------–--ეს კანონის დარღვევით დაუნიშნა ადვოკატი იმ დროს, როდესაც მ------- კ-------–--ეს ადვოკატი ე----- ტ--–----ის სახით უკვე ჰყავდა. სასამართლომ არ გაათავისუფლა მხარდასაჭერი პირის წარმომადგენლობისაგან სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი ნ-----–------ე, მიუხედავად იმისა, რომ აღარ არსებობდა მისი პროცესში წარმომადგენლობის გაგრძელების სამართლებრივი საფუძველი. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ სახაზინო წესით მოწვეულ ადვოკატთან ერთად პროცესში დატოვა მ------- კ-------–--ის ადვოკატი, ე----- ტ--–----ე, მას, როგორც მ------- კ-------–--ის წარმომადგენელს წაართვა უფლება თავისი პოზიციის დაფიქსირებისა განსახილველ საკითხთან მიმართებაში. მაშინ, როდესაც საქმის განხილვამ აჩვენა, რომ სახაზინო წესით მოწვეული ადვოკატი მოქმედებდა არა კანონის მოთხოვნათა დაცვით, თავისი მარწმუნებლის ინტერესების სასარგებლოდ, არამედ აშკარად იზიარებდა თ----- კ-------–--ის და მისი დების ინტერესებს და ფაქტობრივად, უარს ამბობდა მხარდაჭერის მიმღები პირის დაცვაზე. სასამართლომ უგულებელყო მ------- კ-------–--ის ინტერესები, როდესაც არ დააკმაყოფილა ადვოკატ ე----- ტ--–----ის შუამდგომლობა სახაზინო წესით მოწვეული ადვოკატის აცილებასთან დაკავშირებით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ მ------- კ-------–--ეს (მხარდაჭერის მიმღები) აღენიშნება დაუზუსტებელი დემენცია - კოდი F03, დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით. მას ნაკლებად აქვს განვითარებული თვითმოვლის უნარ-ჩვევები, ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად, არის მწოლიარე მდგომარეობაში და საჭიროებს დახმარებას პირადი ჰიგიენის დაცვაში; ჩაცმაში, კვებაში. დამოუკიდებლად ვერ იღებს წამალს, დაქვეითებული აქვს მეხსიერება სწორად ახსოვს მხოლოდ საკუთარი სახელი და გვარი. მას არა აქვს უნარი თვითონ განსაზღვროს შესასრულებელი მარტივი ყოფითი აქტივობები. არ შეუძლია ტელეფონით სარგებლობა, ვერ დაუკავშირდება დახმარებისათვის სათანადო ორგანოებს. 4.2. მხარდაჭერის მიმღებს აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. მისი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევების ხარისხი, მკვეთრადაა გამოხატული. მ------- კ-------–--ის მოქმედებები საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მკვეთრად. მ------- კ-------–--ის სოციალური ადაპტაციის ხარისხი მკვეთრადაა დაქვეითებული და ესაჭიროება მხარდამჭერი შრომითი საქმიანობის,წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვა/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, სოციალური დახმარების (პენსია,დახმარება) მიღების და უფლებისა და მოვალეობებისგანხორციელების სხვა სფეროში, რომელსაც განსაზღვრავს სასამართლო. მ------- კ-------–--ის მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა პრაქტიკულად არ არის მოსალოდნელი, მას არ შეუძლია გააცნობიეროს სასამართლო განხილვის დანიშნულება და მონაწილეობა მიიღოს სასამართლო განხილვაში მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა რეკომენდებულია განისაზღვროს ხუთი წლით. 4.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მ------- კ-------–--ის მხარდამჭერად დ-------- ა--–--ე დაინიშნა. სამართლებრივი დასაბუთება 4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ამოწმებს. 4.4.1. მხარეებს გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილების ნაწილში არ გაუსაჩივრებიათ. 4.4.2. ამის შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში იგი კანონიერ ძალაში არის შესული და პალატა მას ვერ შეამოწმებს. 4.4.3. ამრიგად, სააპელაციო პალატის მსჯელობის საგანი არის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მხარდამჭერის განცხადება უძრავი ქონების განკარგვის ნაწილში მხარდაჭერის დანიშვნის თაობაზე. 4.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს... მიმღების ინტერესებს. 4.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315-ის 1-ლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კი პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადებაში უნდა მიეთითოს პირის მხარდაჭერის საჭიროება მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით. 4.7. ამ ნორმათა შესაბამისად, ამა თუ იმ, სფეროში მხარდაჭერის დასანიშნად მხარდაჭერის მიმღების ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევის ხარისხის დადგენა საკმარისი არ არის. 4.7.1. ამავდროულად, აუცილებელია ამ სფეროში მხარდაჭერა მხარდამჭერის მიმღების ინტერესებს შეესაბამებოდეს, ე.ი. მიმართული იყოს მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებისკენ. 4.8. განსაკუთრებით, ეს ეხება მხარდაჭერას უძრავი ქონების განკარგვის სფეროში, რადგან ამგვარმა გარიგებამ, შესაძლებელია, მხარდაჭერის მიმღების საცხოვრისის, ე.ი. მინიმალური საარსებო პირობების გარეშე დატოვება გამოიწვიოს. 4.9. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 18 აპრილის დასკვნით დასტურდება, რომ მხარდაჭერის მიმღები უძრავი ქონების განკარგვის თაობაზე გარიგებას ვერ დადებს; 4.9.1. თუმცა, მხარეებს არც მხარდაჭერის დანიშვნის თაობაზე განცხადებაში, არც სააპელაციო საჩივარსა და არც სასამართლოს სხდომაზე არ მიუთითებიათ, რომ უძრავი ქონების გასხვისება მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს შეესაბამებოდა და რომ ამ სფეროში მხარდაჭერის დანიშვნა მხარდაჭერის მიმღებისათვის ზიანის მიყენების აცილებისკენ იყო მიმართული. 4.9.2. მხოლოდ ის, რომ ამ სფეროში მხარდაჭერის დანიშვნაზე უარს მხარდამჭერი შეურაცხმყოფლად მიიჩნევს, მხარდაჭერის დანიშვნის საფუძველი არ არის. 4.10. საქმის მასალებით, ასევე, დგინდება, რომ მესამე პირებს სარჩელი აქვთ აღძრული მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების წინააღმდეგ გარიგებათა ბათილად ცნობის და სამკვიდროს მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნით; 4.10.1. თუმცა, უძრავი ქონების განკარგვის სფეროში მხარდაჭერის დადგენა, პალატის აზრით, ამ სასარჩელო მოთხოვნასთან კავშირში არ არის. 4.10.2. მხარდაჭერის მიმღებს დანიშნული ჰყავს მხარდამჭერი ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის, ადვოკატის შერჩევისა და სასამართლო სხდომებში მონაწილეობის სფეროში და ეს სამართალწარმოების პროცესში მხარდაჭერის მიმღების უფლებების დაცვას სავსებით უზრუნველყოფს. 4.11. პალატის აზრით, სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მითითებული გარემოებები დავის საგანთან კავშირში არ არის და პალატა მათ ვერ შეაფასებს. 4.12. ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარჩეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახისაგან გათავისუფლებულნი არიან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დ-------- ა--–--ისა და მ------- კ-------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება;
3. მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახისაგან გათავისუფლებულნი არიან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ლაურა მიქავა
ინდირა მაშანეიშვილი