განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.09.2019
საქმის ნომერი
190310019002803982
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები
თარიღი
30.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/1835-19

N190310019002803982

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი

 

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

წარმომადგენელი - პ------–------–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ--------------------ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილებით გ--------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 21 დეკემბრის №---------- გადაწყვეტილება და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

1.2.1. 2017 წლის 26 მაისიდან გ--------------------ის და დედა მ-----–--------------ის ოჯახს მინიჭებული ჰქონდა სარეიტინგო ქულა 12130 და მათი შემწეობა განსაზღვრული იყო 60-60 ლარით. 2----–-–------------------ს დედა მ-----–--------------ი გარდაიცვალა, დემოგრაფიული მდგომარეობის ცვლილების გამო მოსარჩელემ მიმართა სოციალურ სამსახურს და განმეორებითი შეფასების შემდგომ სარეიტინგო ქულა გახდა 60 220.

 

1.2.2. 2018 წლის 26 დეკემბერს სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით მიმართა გ--------------------მა და ითხოვა 2018 წლის 30 ოქტომბერს წარდგენილი დეკლარაციის გადახედვა, რათა სწორად მოხდეს სარეიტინგო ქულის მინიჭება, რაზედაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 21 დეკემბრის №---------- გადაწყვეტილებით მოსარჩელეს განემარტა, რომ განმეორებითი შეფასების მოთხოვნით ქვემო ქართლის სამხარეო მომსახურების ცენტრს შეუძლია მიმართოს 2019 წლის 29 ნოემბრიდან. ასევე განემარტა, რომ ოჯახის ვადამდელი გადამოწმება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შეიცვალა ოჯახის წევრთა რაოდენობა, ოჯახმა შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, ოჯახის წევრს დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი და მიიღო ლეგალური შემოსავალი ან დაკარგა სამუშაო.

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

1.2.3. სასამართლომ მიუთითა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებული იქნა ფორმალურად, სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე. მოპასუხის მიერ საქმის გარემოებები არ გამოკვლეულა სრულყოფილად, შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისათვის, რომ მოსარჩელის დედის გარდაცვალება მოახდენდა თუ არა გავლენას სარეიტინგო ქულის შემცირება-გაზრდაზე; მოპასუხემ როგორც საჩივარი არ განიხილა მოსარჩელის 2018 წლის 26 დეკემბერის განცხადება, ასევე არ გაეწია სამართლებრივი დახმარება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობით არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმის გარემოებები სრულყოფილად, არ შეუმოწმებია ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული დოკუმენტაცია, კერძოდ შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისათვის, რომ 2017 წლის 26 მაისის მდგომარეობით მოსარჩელის ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენდა 12 130, ხოლო 2018 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით 41 160 ქულას და მისი შემწეობის ოდენობა განსაზღვრული იყო 120 ლარით, ოჯახის თითოეულ წევრზე 60-60 ლარით. გაურკვეველია მოსარჩელის დედის გარდაცვალების შემდგომ 2018 წლის 30 ოქტომბერს შესვებული დეკლარაციის საფუძველზე, 29 ნოემბერს როგორ მიენიჭა მოსარჩელეს სარეიტინგო ქულა 60220. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არის არასაკმარისი, რის გამოც საქმეზე დადგენილი ფაქტები ვერ იქნება მიჩნეული უტყუარად.

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.3.1. რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიუთითა ,,სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს. მითითებული კანონის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებულ წესზე, რომელიც საქართველოში მოქმედი სოციალური დახმარების სისტემის მიზანდასახულობის, ეფექტიანობის ამაღლებისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციას, აღრიცხვასა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას, განსაზღვრავს პროცესის მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილებებსა და კომპეტენციას, მის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ საკითხებს. აღნიშნული წესის პირველი მუხლის მიხედვით, ამ წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი. ამ წესის ამოცანაა შესაბამისი პროცესის ორგანიზება მეთოდოლოგიური და ტექნიკური ბაზისის შესაქმნელად, რომელიც გამოყენებულ იქნება სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე სოციალური დახმარების მიზანმიმართულად და ეფექტიანად განაწილებისათვის. მონაცემთა ბაზის ფორმირება წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

 

მითითებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაძიებელთა აღრიცხვის ორგანიზებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით, ხოლო მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესსაბამისად, კი განაცხადის შეტანის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მეშვეობით, დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესების შესაბამისად.

 

„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილების პირველი მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ან/და რეგისტრირებული ოჯახების (შემდგომში - „ოჯახი" ან „შინამეურნეობა") კეთილდღეობის დონის შესაფასებლად გამოიყენება შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი, რომლის სტრუქტურა განისაზღვრება ამ მეთოდოლოგიის მე-2 მუხლით. ოჯახის კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა ხდება მონაცემთა საფუძველზე, რომელსაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში (შემდგომში - ოჯახის დეკლარაცია) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) უფლებამოსილი პირის დახმარებით და ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოები და/ან სხვა კომპეტენტური ორგანოები/დაწესებულებები აწვდიან სააგენტოს. აღნიშნული ასევე განმტკიცებულია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესით, რომლის მე-11 მუხლის მიხედვით, უფლებამოსილი პირი დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ფარგლებში უზრუნველყოფს მაძიებლის ინტერვიუირებას, ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილ მონაცემთა სიზუსტეს, ახდენს მაძიებლის ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასებას დადგენილი წესების შესაბამისად, ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

ასევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც.

 

სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს არ წარმოუდგენია მოსარჩელის ოჯახის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების დამადასტურებელი მტკიცებულება, რამაც სარეიტინგო ქულის გაზრდა გამოიწვია.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის რეგისტრაციისა და შესაბამისი სარეიტინგო ქულის მინიჭების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ავალდებულებს ოჯახის დეკლარირება მოახდინოს, როგორც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, ისე ამ ინფორმაციის ზემოთ აღნიშნულ საჯარო დაწესებულებებში გადამოწმების გზით. ამასთან, „ოჯახის დეკლარაციის" შევსებისა და სარეიტინგო ქულის განსაზღვრას შორის არსებული დროის მონაკვეთის გათვალისწინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია გადაამოწმოს უშუალოდ სარეიტინგო ქულის მინიჭების დროს არსებული ოჯახის სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებული უკანასკნელი საჯარო ინფორმაციები და სარეიტინგო ქულის განსაზღვრა სწორედ ამგვარ ინფორმაციებზე დაყრდნობით მოახდინოს. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია გ--------------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები. ამასთან, დადგენილია, რომ 2018 წლის 30 აგვისტოს შედგენილი დეკლარაციის საფუძველზე, მოსარჩელეს 2018 წლის 29 სექტემბერს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 41 160, თუმცა დედის გარდაცვალების შემდეგ, 2018 წლის 30 ოქტომბერს შევსებული დეკლარაციის საფუძველზე, 29 ნოემბერს მიენიჭა 60 220 მოქმედი სარეიტინგო ქულა. სასამართლოს მოსაზრებით, გაურკვეველია, რამ გამოიწვია სარეიტინგო ქულის ასეთი ცვლილება, მითუმეტეს, რომ არ არის წარმოდგენილი მოსარჩელის ოჯახის მატერიალური მდგომარეობის ცვლილების ამსახველი რაიმე მტკიცებულება და გაურკვეველია, მხოლოდ ოჯახის წევრის გარდაცვალებამ როგორ გამოიწვია სარეიტინგო ქულის გაზრდა, რაც თავის მხრივ, შემწეობის განახევრების საფუძველი გახდა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 20 დეკემბერს სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით მიმართა გ--------------------მა და ითხოვა 2018 წლის 30 ოქტომბერს წარდგენილი დეკლარაციის გადახედვა, რათა სწორად მომხდარიყო სარეიტინგო ქულის მინიჭება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 21 დეკემბრის №---------- გადაწყვეტილებით მოსარჩელეს განემარტა, რომ განმეორებითი შეფასების მოთხოვნით ქვემო ქართლის სამხარეო მომსახურების ცენტრს შეუძლია მიმართოს 2019 წლის 29 ნოემბრიდან.

 

სასამართლომ განმატა, რომ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის წესს არეგულირებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომლის 178-ე მუხლი ადგენს, რომ თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემითანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი; ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო. სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციული საჩივრის ინსტიტუტის შემოღების მთავარ მიზანს წარმოადგენს პირის უფლებრივი მდგომარეობის სწრაფი და ეფექტური აღდგენა გადაწყვეტილების მართლზომიერების შიდაუწყებრივი შემოწმების გზით, რაც შესაძლებელს ხდის ადმინისტრაციულ სფეროში პრევენციული ზომების მიღებას, ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ან/და სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის გადამოწმებას და მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმებას სასამართლო პროცედურების თავიდან აცილების გზით. ამდენად, ადმინისტრაციული საჩივრის მთავარი დანიშნულებაა, დამატებითი სასამართლო დანახარჯების გარეშე გამოვლინდეს და დადგინდეს პირის მოთხოვნის მართლზომიერება.

 

სასამართლოს მოსაზრებით, მართალია, გ--------------------ის მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში შეტანილი განცხადება არ შეიცავს პირდაპირ მოთხოვნას შეფასების გაუქმების თაობაზე, თუმცა საქმეში წარმოდგენილი განცხადება პასუხობს მისთვის წაყენებულ მთავარ მოთხოვნებს - საჩივრის მიზანს - საკითხზე იმსჯელოს ზემდგომმა თანამდებობის პირმა და გადაამოწმოს ქვემდგომი სტრუქტურული ერთეულის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხეს მოსარჩელესთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, უნდა გაეწია სამართლებრივი დახმარება. იმ შემთხვევაში თუ მიაჩნდა რომ აღნიშნული განცხადება არ წარმოადგენდა საჩივარს უნდა მიეთითებინა მოსარჩელესთვის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ. მით უმეტეს, მოსარჩელე განცხადებაში თავადვე მიუთითებს კანონის მოთხოვნის შესახებ წლის განმავლობაში განმეორებით ოჯახის შეფასების შეუძლებლობის შესახებ და კატეგორიულად ითხოვსდეკლარაციის გადახედვასა და სარეიტინგო ქულის მინიჭების გადამოწმებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 21 დეკემბრის №---------- გადაწყვეტილებით მოსარჩელეს განემარტა, რომ განმეორებითი შეფასების მოთხოვნით ქვემო ქართლის სამხარეო მომსახურების ცენტრს შეუძლია მიმართოს 2019 წლის 29 ნოემბრიდან. ასევე განემარტა, რომ ოჯახის ვადამდელი გადამოწმება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შეიცვალა ოჯახის წევრთა რაოდენობა, ოჯახმა შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, ოჯახის წევრს დაუდგინდა შეძღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი და მიიღო ლეგალური შემოსავალი ან დაკარგა სამუშაო.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ფორმალურად, სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე. მოპასუხეს საქმის გარემოებები არ გამოუკვლევია სრულყოფილად, შეფასება არ მიუცია გარემოებისათვის: მოსარჩელის დედის გარდაცვალება მოახდენდა თუ არა გავლენას სარეიტინგო ქულის შემცირება-გაზრდაზე, მოპასუხეს უნდა განეხილა მოსარჩელის 2018 წლის 20 დეკემბერის განცხადება თავისი შინაარსიდან გამომდინარე, როგორც საჩივარი, ასევე გაეწია სამართლებრივი დახმარება.

 

სასამართლომ მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.1 მუხლზე და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა _ შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტის გამოცემისას ობიექტურად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არ შეასრულა კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობები, რის შედეგადაც მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლზე და აღნიშნა, რომ სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო მოპასუხე ვალდებულია, სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს დაინტერესებულ მხარეთა მოსმენისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით.

 

სასამართლოს განმარტებით, რაც შეეხება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებისა და თანხის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ამ ეტაპზე გამორიცხავს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის მოსაზრებით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები. ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელის ოჯახის დეკლარაცია დაამუშავა დადგენილი წესის შესაბამისად. ოჯახის სარეიტინგო ქულა ძალაში შევიდა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. მოსარჩელემ ვერ მიუთითა გარემოებებზე, რომლებიც შეიძლებოდა ასახულიყო ან არასწორად ყოფილიყო ასახული დეკლარაციაში. მისი პრეტენზია ეყრდნობა მხოლოდ ვარაუდს იმის შესახებ, რომ ოჯახის წევრთა რაოდენობის შეცვლამ არასწორად გამოიწვია სარეიტინგო ქულის შემცირება.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ სარეიტინგო ქულის დათვლის მეთოდოლოგია დადგენილია საქართველოს მთავრობის 31.12.2014წ. N758 დადგენილებით დამტკიცებული "სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიით". სარეიტინგო ქულა დგება იმ მონაცემების საფუძველზე, რომელსაც ოჯახის უფლებამოსილი პირი აწვდის უფლებამოსილ პირს და შემდგომ ქულის დათვლა ხდება სპეციალური პროგრამის შესაბამისად, ზემოაღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული ფორმულით. ამიტომ უსაფუძვლოა მოსაზრება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია რაიმე გარემოება, მითუფრო მაშინ, როდესაც განმცხადებელი ვერ უთითებს რაიმე ფაქტობრივ გარემოებას, ან მონაცემს რომელიც არ არის დაფიქსირებული ოჯახის დეკლარაციაში. აპელანტის მოსაზრებით, მოსარჩელეს დასაბუთებულად და კანონიერად გაეცა პასუხი არასასურველ ქულასთან დაკავშირებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში სრულად გამოიკვლია სადავო საკითხი და გასცა დასაბუთებული, კანონიერი პასუხი მოსარჩელეს. შესაბამისად, არ არსებობდა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილობის სამართლებრივი საფუძვლები. რუსთავის საქალაქო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა მოცემულ შემთხვევაში.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონზე, რომლითაც სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახედ მიჩნეულია საარსებო შემწეობა. კანონის 7.2 მუხლის თანახმად, საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. 7.3 მუხლის თანახმად, საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, ხოლო 7.4 მუხლის შესაბამისად, საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

 

„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.04.2010წ. №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ 1.1 მუხლის თანახმად, ამ წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი. 1.3 მუხლის თანახმად კი, მონაცემთა ბაზის ფორმირება წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. აღნიშნული „წესის“ 10.1 მუხლის თანახმად, განაცხადის შეტანის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მეშვეობით, დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესების შესაბამისად. მე-11 მუხლის თანახმად, უფლებამოსილი პირი, დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ფარგლებში: ა) უზრუნველყოფს მაძიებლის ინტერვიუირებას; ბ) ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილ მონაცემთა სიზუსტეს; გ) ახდენს მაძიებლის ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასებას დადგენილი წესების შესაბამისად. „წესის“ 12.1 მუხლის თანახმად კი, ოჯახის იდენტიფიკაციის შედეგად მოპოვებული ინფორმაციისა და დადგენილი მეთოდოლოგიის გამოყენებით განისაზღვრება სარეიტინგო ქულა.

 

„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 31.12.2014წ. №758 დადგენილების 1.1 მუხლის თანახმად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ან/და რეგისტრირებული ოჯახების კეთილდღეობის დონის შესაფასებლად გამოიყენება შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი, რომლის სტრუქტურა განისაზღვრება ამ მეთოდოლოგიის მე-2 მუხლით, ხოლო 1.2 მუხლის შესაბამისად, ოჯახის კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა ხდება მონაცემთა საფუძველზე, რომელსაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში, სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის დახმარებით.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20.05.2010წ. №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის” 3.2 მუხლის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციის შესახებ ინფორმაციის შეგროვება/აღრიცხვის და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისგან ინტერვიურების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს არ წარმოუდგენია მოსარჩელის ოჯახის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების დამადასტურებელი მტკიცებულება, რამაც სარეიტინგო ქულის გაზრდა გამოიწვია. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის რეგისტრაციისა და შესაბამისი სარეიტინგო ქულის მინიჭების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ავალდებულებს, ოჯახის დეკლარირება მოახდინოს როგორც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, ისე ამ ინფორმაციის ზემოაღნიშნულ საჯარო დაწესებულებებში გადამოწმების გზით. ამასთან, „ოჯახის დეკლარაციის" შევსებასა და სარეიტინგო ქულის განსაზღვრას შორის არსებული დროის მონაკვეთის გათვალისწინებით, სააგენტო ვალდებულია, გადაამოწმოს უშუალოდ სარეიტინგო ქულის მინიჭების დროს არსებული ოჯახის სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებული უკანასკნელი ინფორმაცია და სარეიტინგო ქულა გადამოწმების შედეგებზე დაყრდნობით განსაზღვროს. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იძლევა ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, მოსარჩელის სარეიტინგო ქულის ცვლილების გამომწვევი მიზეზების შესახებ. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე. მოპასუხეს შეფასება არ მიუცია გარემოებისათვის: მოახდენდა თუ არა გავლენას მოსარჩელის დედის გარდაცვალება სარეიტინგო ქულის შემცირება-გაზრდაზე. ამასთანავე, მოპასუხემ არ იმსჯელა გ--------------------ის 20.12.2018წ. განცხადების საჩივრად მიჩნევისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ სადავო საკითხის საჩივრის ფარგლებში განხილვის თაობაზე, იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული განცხადების შინაარსი უკავშირდება მოსარჩელის მიზანს: ოჯახის დეკლარაციიდან გამომდინარე სარეიტინგო ქულის მინიჭების საკითხზე იმსჯელოს ზემდგომმა თანამდებობის პირმა და გადაამოწმოს ქვემდგომი სტრუქტურული ერთეულის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

მართებულია საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების სათანადოდ დადგენა-შეფასება, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ არის შესაბამისობაში კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან. ამდენად, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 21.12.2018წ. №---------- გადაწყვეტილება და მოპასუხეს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი აქტის გამოცემა.

 

პალატა ასევე იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 21.12.2018წ. №---------- გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ამ ეტაპზე გამოირიცხება მოპასუხისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებისა და თანხის ანაზღაურების დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა).

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი