განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 200100119002906855
საქმე №1ბ/1284-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
22 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თავმჯდომარე: მაია თეთრაული
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის მდივანი: ანა გოცირიძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორები - ვლადიმერ ბექიშვილი, ლევან კლდიაშვილი
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: ე-–------- ს---–--------ი (პირადი ნომერი: №2----------), დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თელავის რაიონი ს------–----------–-ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები.
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 10 წელი და 6 თვე.
ადვოკატები: მურად პოპიაშვილი, ბადურ გულიაშვილი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა კახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ვლადიმერ ბექიშვილმა და ითხოვა მსჯავრდებულ ე-–------- ს---–--------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
აღნიშნული განაჩენი ასევე გაასაჩივრეს ე-–------- ს---–--------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მურად პოპიაშვილმა და ბადურ გულიაშვილმა და ითხოვეს მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირება.
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 1 თებერვალს, დღის საათებში, თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალის ცენტრში არსებული მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე-–------- ს---–--------ი ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო მასალით შეიარაღებული მივიდა რ----- ყ----------თან, რომელთანაც წარსულში ჰქონდა კონფლიქტი, რის გამოც ე-–------- ს---–--------ს შურისძიების მოტივით გადაწყვეტილი ჰქონდა რ----- ყ----------ის განზრახ მკვლელობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ე-–------- ს---–--------მა, „BERETAS“ სიტემის პისტოლეტიდან დამიზნებით განახორციელა 4 გასროლა რ----- ყ----------ის მიმართულებით, რომელსაც თავისა და ტანის არეში მიაყენა ცეცხლსასროლი ჭრილობები, მიღებული მძიმე ჭრილობების გამო რ----- ყ----------ი ადგილზე გარდაიცვალა. მიზნის მიღწევის შემდეგ ე-–------- ს---–--------ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ე-–------- ს---–--------მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი, კერძოდ, 9 მმ კალიბრის, კუსტარულად დამზადებული, „BERETTA“ სისტემის პისტოლეტი გათვლილი 9X19მმ კალიბრის ვაზნებზე და აღნიშნული პისტოლეტისთვის განკუთვნილი 4 ცალი საბრძოლო მასალა, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.
2019 წლის 1 თებერვალს, თელავის რაიონის ს------–----------–-ში, ე-–------- ს---–--------ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას, კერძოდ, „BERETTA“ სისტემის პისტოლეტსა და აღნიშნული პისტოლეტისთვის განკუთვნილი 4 ვაზნა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ე-–------- ს---–--------ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, უდაოდ იქნა ცნობილი და მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დათვალიერების ოქმებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ნივთებით და საქმეში არსებულ სხვა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ე-–------- ს---–--------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ე-–------- ს---–--------მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილითა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ე-–------- ს---–--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მან აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
ე-–------- ს---–--------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სრულყოფილად შეაფასა ზემოთაღნიშნული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, ხასიათდება დადებითად; ის ფაქტი, რომ ე-–------- ს---–--------მა აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული ქმედება, სადავოდ არ გაუხდია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას; დანაშაულის მოტივის, მიზნის, მისი სიმძიმის, საზოგადოებრივი საშიშროების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ე-–------- ს---–--------ის მიმართ, დადგენილი სანქციის ფარგლებში დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რომლის დამძიმების ან შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს. სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი ე-–------- ს---–--------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საქმეთა კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები: სისხლისმაგვარი ლაქა, 4 ცალი მასრა, ნერწყვის ნიმუში, ანაწმენდები, ფრჩხილის ნიმუში, თმის ნიმუში, მეტალის უცხო სხეულები უნდა განადგურდეს; კეპიანი ქუდი და ტანსაცმელები უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს; ცეცხლსასროლი იარაღი უნდა გადაეცეს შს სამინისტორ შეიარაღების სამსახურს; ხოლო CD დისკი შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ვლადიმერ ბექიშვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ ე-–------- ს---–--------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების მურადი პოპიაშვილის და ბადურ გულიაშვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ე-–------- ს---–--------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ე-–------- ს---–--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით.
ე-–------- ს---–--------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 1 თებერვლიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: სისხლისმაგვარი ლაქა, 4 ცალი მასრა, ნერწყვის ნიმუში, ანაწმენდები, ფრჩხილის ნიმუში, თმის ნიმუში, მეტალის უცხო სხეულები განადგურდეს; კეპიანი ქუდი და ტანსაცმელები დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს; ცეცხლსასროლი იარაღი გადაეცეს შს სამინისტორ შეიარაღების სამსახურს; CD დისკი შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: /მ. თეთრაული/
მოსამართლეები: /ნ. სანდოძე/
/გ. ჯეირანაშვილი/