განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003181250
საქმე №1ბ/1828-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2 დეკემბერი 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ---------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ---------------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 19---–-–---------–---- საქართველოს მოქალაქის, პირადი №------------ ნასამართლობის მქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის: ყ--------------------------–-----–---ში, ფაქტობრივადმცხოვრების: ქ------–-----–-----------–---–--------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით კ------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა 2019 წლის 31 ივლისიდან - 2019 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით და გადასახდელად დაეკისრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს - ჯარიმას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ნაწილობრივ დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 6 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
კ------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 03:25 საათზე, ქ.-----–--–-----------–---–------------------------------------ მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ბარის დაცვის თანამშრომელმა კ------------–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჯ--–--–---------ს, კერძოდ, მუშტი დაარტყა მარჯვენა თვალის არეში და რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავის არეში, რა დროსაც ჯ--–--–---------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ---------------–-–---–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახედ მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს არ იქნა გათვალისწინებული კ------------–---–ის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი. შეფარდებული მსუბუქი სასჯელი ვერ გახდება შემაკავებელი ხასიათის იმისა, რათა მსჯავრდებულმა მომავალშიც არ ჩაიდინოს დანაშაული.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა კ------------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. კ------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, პირის ამოცნობის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, კ------------–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის, მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, აგრეთვე გათვალისწნებული იქნა ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულის მიერ ძალადობრივი ქმედება ჩადენილია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სადაც მას წესრიგის დაცვა და კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვა ევალება, ხოლო მეორეს მხრივ, მისი გაღიზიანება გამოიწვია დაზარალებულის აგრესიულმა ქცევამ და შეურაცხყოფამ (რაც კ---------–---–ის თქმით, გამოიხატა გინებაში), ამასთან, ძალადობა არ ატარებდა დაუნდობელ ხასიათს და მსჯავრდებულს ჰყავს ოჯახი - მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, რომელთა ერთადერთი მარჩენალია და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ კ------------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო სასჯელის შეცვლის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ---------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
კ------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს 2019 წლის 31 ივლისიდან - 2019 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით და გადასახდელად დაეკისროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს - ჯარიმას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ნაწილობრივ დაემატოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 6 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გაუქმდეს კ------------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 აგვისტოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 2.000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
ბ---------“-ის ვიდეო-ჩანაწერი, განთავსებული 1 (ერთ) ცალ დისკზე და საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალა, განთავსებული 1 (ერთ) ცალ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი