განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.11.2019
საქმის ნომერი
330310017002110271
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
21.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002110271

საქმე №3ბ/1990-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი) ნანა დარასელია

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

მარიამ ცისკაძე

 

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ--–-------–-–---–ი

წარმომადგენელი - მ-----------–-–---–ი

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება

 

1.1. აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილებით, გ--–-------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 6 ივლისის N-------- საგადასახადო სამართალადარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 3 აგვისტოს N----- ბრძანება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.2.1 სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ 2017 წლის 6 ივლისს 10:10 საათზე შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის №-------- ოქმი, რომლის თანახმად, გადამოწმებისას გამოვლინდა, რომ გ--–-------–-–---–ი სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნის დარღვევით (პირის მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევა), შესაბამისად, გ--–-------–-–---–ი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის საფუძველზე 500 ლარით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 6 ივლისის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ.28).

 

2.2.2 გ--–-------–-–---–მა საჩივრით მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 6 ივლისის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 3 აგვისტოს №----- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

ბრძანების თანახმად, 2017 წლის 16 ივლისს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლების მიერ მისამართზე: ქ.თბილისი, დ------------------------------------------–------, გადამოწმებულ იქნა ავტო-სატრანსპორტო საშუალება, რა დროსაც დადგინდა, რომ განხორციელდა ფ/პ გ--–-------–-–---–ის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება №---------- სასაქონლო ზედნადებით. ზემოაღნიშნული კონტროლის პროცედურის განხორციელებისას დადგინდა, რომ ფ/პ გ--–-------–-–---–ი ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით. აღნიშნული დარღვევის გამო მას შეუდგინეს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №--------, რომლითაც იგი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლით დაჯარიმდა 500 ლარის ოდენობით. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით დგინდება, რომ გ--–-------–-–---–ი ზემოხსენებული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დარეგისტრირდა გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად 2017 წლის 16 ივლისს. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით დგინდება, რომ ოქმში მითითებული და ფ/პ გ--–-------–-–---–ის სახელზე გამოწერილი №---------- ზედნადებით ხდებოდა 4 ტომარა „ევროპული შაქარი 50 კგ.“-ის ტრანსპორტირება. ამავე ელექტრონული საინფორმაციო ბაზის მონაცემებით ასევე დგინდება, რომ ფ/პ გ--–-------–-–---–ის სახელზე 2012-2017 წლებში ფიქსირდება ზემოაღნიშნულ სასაქონლო ზედნადებში მითითებული საქონლის მსგავსი საქონლის ტრანსპორტირების არაერთი ფაქტი (სულ 83 ზედნადები ჯამური ღირებულებით 11488.5 ლარი) მათ შორის დიდი ოდენობით. შესაბამისად, საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან საქმის ირგვლივ არსებული მასალებით დასტურდება ფ/პ გ--–-------–-–---–ის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, რაც გამოიხატა გადასახადის გადამხდელის აღრიცხვის წესების დარღვევით ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებაში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 6 ივლისის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი და მის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 3 აგვისტოს №----- ბრძანება (ს.ფ.11-12).

 

2.2.3. გ--–-------–-–---–ი 2010 წლის 18 მარტიდან მუშაობს შპს „ა-–---ში“.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს „ა-–---ს“ 2017 წლის 27 სექტემბრის №31 ცნობა (ს.ფ.13).

 

2.2.4. შპს „ა-–---ს“ ეკონომიკურის საქმიანობის სახეებია: საბითუმო ვაჭრობა მარცვლეულით, დაუმუშავებელი თამბაქოთი, თესლებით და ცხოველების საკვებით; საბითუმო ვაჭრობა ხორცით და ხორცის პროდუქტებით; საბითუმო ვაჭრობა რძის პროდუქტებით, კვერცხით, საკვები ზეთებით და ცხიმებით; საბითუმო ვაჭრობა შაქრით; საბითუმო ვაჭრობა შოკოლადით და შაქრიანი საკონდიტრო ნაწარმით; საბითუმო ვაჭრობა ყავით, ჩაით, კაკაოთი და სანელებლებით; საბითუმო ვაჭრობა ფქვილით და ბურღულეულით; საბითუმო ვაჭრობა სხვა საკვებით; საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან (ს.ფ.14-15);

- ინფორმაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან კვების პროდუქტების მწარმოებელ/დისტრიბუტორ საწარმოდ რეგისტრაციის შესახებ (ს.ფ.16).

 

2.2.5. შპს „ა-–---ს“ მიერ გ--–-------–-–---–ზე 2017 წლის პირველ ივლისს გამოწერილია №ელ-0--------- სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმად, გ--–-------–-–---–ი დაფიქსირებულია მყიდველის (მიმღების) გრაფაში, ტრანსპორტის დაწყების ადგილად მითითებულია - თბილისი, თ-----------------–-----, ტრანსპორტის დასრულების ადგილად მითითებულია - თბილისი, ჩ------–---–-----. საქონლის დასახელებად მითითებულია ევროპული შაქარი 50 კილოგრამიანი, 4 ტომარა, ჯამში 314 ლარის ღირებულების.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის პირველი ივლისის №ელ-0--------- სასაქონლო ზედნადები (ს.ფ.121).

 

2.2.6. შპს „ა-–---ს“ მიერ გ--–-------–-–---–ის სახელზე 2012-2017 წლებში გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები, კერძოდ: 2012 წლის 6 ივნისს - 50 კილოგრამიან თეთრ შაქარ ბ--–----ზე, 2 ტომარა, 154 ლარის ღირებულებით; 18 ივნისს - ძ---------------------------–--ა გასახსნელი 525 გრ (24ც) – 2 ცალი, ძ----------------------–------ი 320 გრ (45ც) – 2 ყუთი, 14.2 ლარის ღირებულებით; 29 ივნისს - 25 კილოგრამიანი თეთრი შაქარი ბ--–----, 1 ტომარა, 39.7 ლარის ღირებულებით; 16 ივლისს - ასანთი (1000ც), 1 ყუთი, შაქარი აგარა 50 კილოგრამიანი, 1 ტომარა, 106.35 ლარის ღირებულებით; 17 აგვისტოს - ტუ 55გ (რუსეთი), 72 ცალი, 21.6 ლარის ღირებულებით; 27 აგვისტოს - 50 კილოგრამიან თეთრ შაქარ ბ--–----, 4 ტომარა, 324 ლარის ღირებულებით; 29 აგვისტოს - ბ-------------–--–-----------ო - 12 ცალი, 96 ლარის ღირებულებით; 24 ოქტომბერს - მზესუმზირის ზ-----------ა 0.5ლ., 15 ცალი, 27.45 ლარის ღირებულებით; პირველ დეკემბერს - მზესუმზირის ზ-----------ა 5ლ., 15 ცალი, 230.1 ლარის ღირებულებით; 7 დეკემბერს - შვრიის ფანტელი 25 კილოგრამიანი, ღირებულებით 161.2238 ლარით; 14 დეკემბერს - ხიზილალა 250გ. პლასტმასის შეფუთვა, ხიზილალა 140გ. რ/ქ, 55 ლარის ღირებულებით; 19 დეკემბერს - წიწიბურა 25 კილოგრამიანი, 10 ტომარა; 20 დეკემბერს - მზესუმზირის ზ-----------ა 1ლ., 15 ცალი, 44.25 ლარის ღირებულებით; 22 დეკემბერს - ბ------------ე 8 კილოგრამიანი, პ----–----------–------– ბსტ 8 კილოგრამიანი, ს------------------ 8 კილოგრამიანი, ს--–--–----–---- ბეგ 8 კილოგრამიანი, 44 ლარის ღირებულებით;

 

2013 წლის 12 თებერვალს - ხიზილალა 140 გ რ/ქ, მზესუმზირის ზ-----------ა 5ლ., 153 ლარის ღირებულებით; 12 თებერვალს - პ----–----------–------– ბსტ 1 კილოგრამიანი, ბ------------ე 1 კილოგრამიანი, ღირებულებით 25 ლარით; 7 მარტის - მაკარონი (კალამი) 5 კილოგრამიანი, მაკარონი სპირალი 5 კილოგრამიანი, 13 ლარის ღირებულებით; 25 მარტის - შესქელებული რძე მოხარშული 360გ. (უკრაინა), 1.27 ლარის ღირებულებით; 29 მარტის - მაკარონი (კალამი) 5-კილოგრამიანი, მაკარონი სპირალი 5-კილოგრამიანი, 13 ლარის ღირებულებით; 12 აპრილის - ჰალვა მიწის თხილით 5-კილოგრამიანი, 15 ლარის ღირებულებით; 19 აპრილის - შაქარი (უკრაინა) 50-კილოგრამიანი, ჰალვა მიწის თხილით 5-კილოგრამიანი, ლ----------------–ი 50-კილოგრამიანი, ფ----–------------ა 5-კილოგრამიანი, ფ----–------------ა 2-კილოგრამიანი, 193.1 ლარის ღირებულებით; 19 ივნისის - მზესუმზირის ზ-----------ა 1ლ., მზესუმზირის ზ------------- 5ლ., 187.7 ლარის ღირებულებით; 29 ივნისის - მზესუმზირის ზ------------- 5ლ., 15.5 ლარის ღირებულებით; 20 ივლისის - მზესუმზირის ზ-----------ა 1ლ., 87.9 ლარის ღირებულებით; 16 აგვისტოს - მზესუმზრის ზეთი 1ლ. ზ---–------, შაქარი დაფასოებული ბ--–----უსიის 1-კილოგრამიანი, ლ----------------–ი 50-კილოგრამიანი, 99.99 ლარის ღირებულებით; 21 დეკემბერს - კ--------------–ი პ/ხ 50-კილოგრამიანი, მზესუმზირის ზ-----------ა 1ლ., 80.9 ლარის ღირებულებით;

 

2014 წლის 21 თებერვალს - მზესუმზირის ზეთი კ-------------- 1ლიტრიანი, 15 ცალი, 31.95 ლარის ღირებულებით; 21 მაისის - გაყინული ქათამი 1.2 კილოგრამიანი, 54 ლარის ღირებულებით; 5 ივნისის - შაქარი აგარა 50 კილოგრამიანი, 1 ტომარა, 66.5 ლარის ღირებულებით; 25 ივნისის - მზესუმზირის ზეთი კახური ზეთი 1ლიტრიანი, 6 ცალი, 18.6 ლარის ღირებულებით; 17 სექტემბერს - ა--------------–ი) 500გ. მაკარონი, 5ცალი, 7.5 ლარის ღირებულებით; 25 სექტემბერს - შედედებული რძე 320 გ. ტუ, 135 ცალი, 148.5 ლარის ღირებულებით; 3 ოქტომბერს - მზესუმზირის ზ-----------ა 1-ლიტრიანი - 105 ცალი, 273 ლარის ღირებულებით; 15 ოქტომბერს - დ-------------- 04 სპაგეტი 500გ., 24 ცალი, 37.2 ლარის ღირებულებით; 17 ოქტომბერს - გაყინული ქათამი 1-კილოგრამიანი, 20 ცალი, 102 ლარის ღირებულებით;

 

2015 წლის 26 იანვარის - ლობიო ღია ფერის 25 კილოგრამიანი, 3 ტომარა, 207 ლარის ღირებულებით; 28 იანვარის - მზესუმზირის ზ-----------ა 5 ლიტირიანი, 3 ცალი, 42.75 ლარის ღირებულებით; ფქვილი ბ--–----–-------ი უ/ხ 50 კილოგამიანი, 4 ცალი, 48 ლარის ღირებულებით; 4 თებერვლის - ლობიო ღია ფერის 25 კილოგრამიანი, 50 ტომარა, 3400 ლარის ღირებულებით; 21 თებერვლის - ლობიო ღია ფერის 25 კილოგრამიანი, 1 ტომარა, 68 ლარის ღირებულებით; 2 აპრილის - მზესუმზირის ზეთი კახური ზეთი 1ლიტრიანი, 3.1 ლარის ღირებულების; 11 მაისის - სიმინდის ზეთი 1ლ., 5 ცალი, 25 ლარის ღირებულებით; პირველი აგვისტოს - მზესუმზირის ზ---------–---- 5ლ., 1 ცალი, 13.17 ლარის ღირებულებით; 28 აგვისტოს - ზ--------–--------- 425გ შავი, 7 ცალი, 15.4 ლარის ღირებულების; 16 სექტემბრის - გაყინული ქ----------- 1.3კგ ახალი, 1ცალი, გაყინული ქ----------- 1.4კგ ახალი, 3 ცალი, გაყინული ქ----------- 1კგ ახალი, 1ცალი, 26 ლარის ღირებულებით. 2 ნოემბერს - გაყინული ქ----------- 1.4კგ ახალი, 10 ცალი, 75.5 ლარის ღირებულებით;

 

2016 წლის 2 მარტის - ს---------------–ის, 1ცალი, ს------- ქათმის, 1ცალი, ს------- სოკოსი, 1ცალი, 1.14 ლარის ღირებულებით; 8 სექტემბერს - შაქარი (უკრაინა) 50 კილოგრამიანი, 1 ტომარა, 82 ლარის ღირებულებით; 26 სექტემბერს - შაქარი (უკრაინა) 50 კილოგრამიანი, 2 ტომარა, 169 ლარის ღირებულებით; 3 ოქტომბერს - შაქარი (უკრაინა) 50 კილოგრამიანი, 1 ტომარა, 60 ლარის ღირებულებით; 7 ოქტომბერს - შპროტი ზ---–----------- სახსნელით 160გრ., 72 ცალი, ბარდა დაკონსერვებული 400გრ., 7 ცალი, 75.5 ლარის ღირებულებით; 19 ოქტომბერს - გაყინული ქ----------- 1.1კგ., 8 ცალი, 35.2 ლარის ღირებულებით; 22 ნოემბერს - შაქარი დაფასოებული 0.9 კგ, 12 ცალი, 22.8 ლარის ღირებუებით; 12 დეკემბერს - მარილი იოდიზირებული 25 კილოგრამიანი, 1 ტომარა, 9.5 ლარის ღირებულებით; 16 დეკემბერს - ბ--–----უსიის შაქარი 5კილოგრამიანი, 1ცალი, 10 ლარის ღირებულებით; 2017 წლის 14 იანვრის - მზესუმზირის ზ---------–----ი 5ლ., 1ცალი, 15 ლარის ღირებულებით; 2017 წლის 22 თებერვალს - ზეითუნის ზეთი 1ლ., 1ცალი, ზეითუნი ზეთი 0.5ლ., 1 ცალი, 16 ლარის ღირებულებით; 3 აპრილის - ქ------–- ტომატის სოუსში სახსნ. „-------“ 240 გრ., 48 ცალი, 48 ლარის ღირებულებით; 12 მაისის - ტომატის სოუსში სახსნ. „-------“ 240 გრ., 24ცალი, შპროტი ზ---–----------- 240გრ., 24 ცალი, 48 ლარის ღირებულებით; 24 მაისის - შაქარი 1კილოგრამიანი ბ--–----., 10 ცალი, 21 ლარის ღირებულებით; 22 ივნისის - შაქარი 1კილოგრამიანი ბ--–----, 10 ცალი, 20 ლარის ღირებულებით; 24 ივნისის - ფქვილი ე---------–----ი 50კილოგრამიანი, 1 ტომარა, 46 ლარის ღირებულებით; პირველი ივლისის - ევროპული შაქარი 50კილოგრამიანი, 4 ტომარა, 78.5 ლარის ღირებულებით; 7 ივლისის - შპროტი ზ---–----------- 190გრ., 20 ცალი, 20 ლარის ღირებულებით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ. 89-122).

 

3. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

3.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავოდ გამხდარი დოკუმენტები სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 6 ივლისის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 3 აგვისტოს №----- ბრძანება, წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს განსახილველი დავის ფარგლებში., საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

 

სასამართლომ მიუთითა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-222-219(კ-14), რომლითაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობას გააჩნია სამი საფუძველი: 1. ფორმალური (ნორმატიული), ე.ი. მისი მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების სისტემა, რომლებიც ადგენენ საგადასახადო სამართალდარღვევათა შემადგენლობებს, სამართალდაცვითი ურთიერთობის მონაწილეთა უფლებებს და ვალდებულებებს, განსაზღვრავენ საგადასახადო პასუხისმგებლობის პრინციპებს, გამოყენების წესს და პროცესუალურ ფორმას; 2. ფაქტობრივი, ე.ი. საგადასახადო სამართლის კონკრეტული სუბიექტის ქმედება, რომელიც არღვევს პასუხისმგებლობის ზომებით დაცულ სამართლებრივ ნორმებს; 3. პროცესუალური, ე.ი. უფლებამოსილი ორგანოს აქტი (გადაწყვეტილება) კონკრეტული საგადასახადო სამართალდამრღვევის მიმართ კონკრეტული სანქციის დაკისრების შესახებ.

 

საგადასახადო პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ამასთან, საფუძვლები მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით უნდა წარმოიშვას. აუცილებელია, არსებობდეს ვალდებულების დამდგენი ნორმა და სანქცია მისი შეუსრულებლობისათვის. შემდეგ უნდა წარმოიშვას ფაქტობრივი საფუძველი საგადასახადო სამართალდარღვევა. ნორმისა და საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი, კანონით დადგენილი წესით, განსაზღვრავს საგადასახადო სანქციას საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 66-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი, გარდა იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან, ვალდებულნი არიან ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართონ საგადასახადო ორგანოს მათთვის საიდენტიფიკაციო ნომრების მინიჭების მიზნით. გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო რეგისტრაციას (აღრიცხვას) ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. ეს წესი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო). ამ პირებისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

 

ამავე კოდექსის 273-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევა, იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრანებით დამტკიცებული ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციაზე, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა მოიცავს გადასახადის გადამხდელისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებასა და რეგისტრირებული მონაცემების ერთიან კომპიუტერულ ბაზაში (საგადასახადო აღრიცხვის ერთიან რეესტრში) შეტანას. ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (გარდა იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება გადახდის წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან), ვალდებულია, ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე საგადასახადო აღრიცხვის შესახებ განცხადებით მიმართოს შემოსავლების სამსახურს, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხოლო სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-4 პუნქტზე მითითებით, სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა) უფლებამოსილია წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების დეკლარირებისას და საბანკო დაწესებულებაში გადასახადის გადახდისას, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვის პროცედურების გავლის გარეშე, მიუთითოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო ნომერი). მითითებული ინსტრუქციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ თუ პირი საგადასახადო აღრიცხვის გარეშე ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, საგადასახადო ორგანო ვალდებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოს მისი საგადასახადო აღრიცხვა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, ცალსახაა, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესების დარღვევისათვის არა მხოლოდ სამეწარმეო საქმიანობის, არამედ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების დროს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამდენად, სასამართლოს განმარტებით, კანონმდებლობით დადგენილია ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე საგადასახადო ორგანოსათვის მიმართვის ვალდებულება. გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია ემსახურება გადასახადების გადამხდელების კონტროლს, რათა არ მოხდეს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდება და პირმა, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, დროულად და სრულად გადაიხადოს გადასახადები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-205-203(კ-14), რომელშიც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „ეკონომიკური საქმიანობა, როგორც შემოსავლების მიღების მიზნით წარმოებული პროცესი, შეიძლება სულაც არ უკავშირდებოდეს მოგების მიზანს. ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების დროს მთავარია მიზანი, რომ რაიმე საქმიანობა ანუ რაიმეს შესყიდვა განხორციელდეს მოგების მისაღებად, შესაბამისად, კვალიფიკაციის მოხდენისას უნდა დადგინდეს სწორედ საქმიანობის მიზანი. რაიმე საქონლის შეძენა შეუძლებელია მიჩნეულ იქნეს ეკონომიკურ საქმიანობად, რამდენადაც შეძენას ფართო დატვირთვა აქვს, იგი სხვადასხვა მიზნებით და საჭიროებებით არის განპირობებული.“ „საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარით. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული მუხლით პირის პასუხისმგებლობის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ის გარემოება, ახორციელებდა თუ არა პირი ეკონომიკურ საქმიანობას. ეკონომიკურ საქმიანობად კი დაკვალიფიცირდება ქმედება - საქონლის ყიდვა შემდგომ მოგების მიზნით, ან რაიმე მომსახურების გაწევა ან სხვა რაიმე მოქმედების შესრულება რომელიც ხორციელდება პირის მიერ მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად.“ ამავე გადაწყვეტილებაში, სასამართლო განმარტავს, რომ „კანონიერი საჯარო მმართველობის სტანდარტიდან გამომდინარე ფიზიკური პირის საქმიანობის კვალიფიკაცია ეკონომიკურ საქმიანობად მოითხოვს ამგვარი საქმიანობის დამადასტურებელი/გამაქარწყლებელი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევას, მათ ობიექტურ და მიუკერძოებელ შეფასებას, რომლის საფუძველზე უტყუარად უნდა დადგინდეს საქმიანობის სტატუსი. მმართველობითი ხასიათის გადაწყვეტილებების კანონიერებას სწორედ მათი დასაბუთებულობა განსაზღვრავს.“

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლით პირის პასუხისმგებლობის დაკისრებისას გამოკვლეული უნდა იყოს ის გარემოება, ახორციელებდა თუ არა პირი ეკონომიკურ საქმიანობას. ეკონომიკურ საქმიანობად კი დაკვალიფიცირდება ქმედება - საქონლის ყიდვა შემდგომ მოგების მიზნით, ან მომსახურების გაწევა ან სხვა რამე მოქმედების შესრულება, რომელიც ხორციელდება პირის მიერ მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, კომპენსაცია არის პირის მიერ საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ან ხარჯების დანაკარგის ან დანაკლისის ანაზღაურების მიზნით მიღებული ქონება ან/ და სარგებელი. ამავე მუხლის 30-ე ნაწილის თანახმად, ქონება არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა შეუზღუდავი შეძენა, ფლობა, განკარგვა და სარგებლობა შეუძლიათ პირებს.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-1635-1589(კ-08)), რომელშიც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. საქმის გარემოებების გამორკვევა და ფაქტების დადგენა მართლმსაჯულების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, სწორედ დადგენილი ფაქტების საფუძველზე ხდება ნორმათშეფარდება.“

 

სასამართლომ განმარტა, რომ ფაქტობრივი გარემოების დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

ამრიგად, სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთვევაში სასამართლომ დადგენილად, მიიჩნია რომ საგადასახადო მონიტორინგის უფლებამოსილმა პირებმა 2017 წლის 6 ივლისს ქ.თბილისი, დ------------------------------------------–-------ში გადაამოწმეს გ--–-------–-–---–ის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რა დროსაც მოსარჩელეს გადაჰქონდა 2017 წლის პირველ ივლისის №ელ-0--------- სასაქონლო ზედნადებით განსაზღვრული - ევროპული შაქარი 50კილოგრამიანი, 4 ტომარა, ჯამში 314 ლარის ღირებულების. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ 2017 წლის 6 ივლისს 10:10 საათზე შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის №-------- ოქმი და გ--–-------–-–---–ი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის საფუძველზე 500 ლარით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი წარმოადგენს საგადასახადო მოთხოვნას და განიხილება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტად, თუმცა, იგი იმავდროულად საგადასახადო სამართალდარღვევის დადგენისა და დამრღვევისთვის სანქციის შეფარდებას ახდენს, რის გამოც მისი კანონიერების შეფასების მიზნით უნდა შემოწმდეს ასევე სამართალდარღვევის დადგენისა და სახდელის დაკისრების ზოგად პრინციპებთან შესაბამისობა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს მის მიერ გამოცემული სადავოდ ქცეული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის შინაარსის კანონშესაბამისობის მტკიცება. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საკითხი შეეხება სამართალდარღვევის ჩადენის გამო პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რადგანაც პასუხისმგებლობის დაკისრება სწორედ კანონიერების მკაცრი დაცვის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2017 წლის პირველი ივლისის №ელ-0--------- სასაქონლო ზედნადებით ტრანსპორტირების დასრულების ადგილად არის მითითებული - თბილისი, ჩ------–---–-----. იგივე მისამართია მითითებული საქმეში წარმოდგენილ 2012-2017 წლებში გაცემული ზედნადებების უმეტეს ნაწილში (ზოგიერთ მათგანში ტრანსპორტირების დასრულების ადგილი არ არის მითითებული).

 

სასარჩელო განცხადების მიხედვით, მოსარჩელის ძირითადი საცხოვრებელი მისამართია ქ. თბილისი ჩ------–---–----- (იხ. ს.ფ.1). არც საგადასახადო ორგანოს და არც დავების განხილვის ორგანოებს არ შეუსწავლია აღნიშნული გარემოება იმ ფაქტთან ერთობლიობაში, რომ გ--–-------–-–---–ი შპს „ა-–---ში“ მუშაობდა 2010 წლის 18 მარტიდან და შპს „ა-–---ს“ ეკონომიკური საქმიანობის სახეს წარმოადგენდა საბითუმო და საცალო ვაჭრობა საკვები პროდუქტით, მათ შორის შაქრით. სწორედ მისი მისამართიდან ხდება საქონლის ტრანსპორტირება მოსარჩელის საცხოვრებელ მისამართზე.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ 2017 წლის 16 ივლისს გ--–-------–-–---–ის დარეგისტრირება გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად, რაც ადასტურებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. სასამართლომ განმარტა, რომ ნებისმიერ პირს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელად და მხოლოდ ის ფაქტი, რომ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შემდეგ მოხდა მოსარჩელის რეგისტრაცია, ავტომატურად არ ადასტურებს 2017 წლის 6 ივლისს მის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნის დარღვევით.

 

სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეკონომიკურ საქმიანობაზე მიუთითებს გ--–-------–-–---–ის სახელზე 2012-2017 წლებში №ელ-0--------- სასაქონლო ზედნადებში მითითებული საქონლის მსგავსი საქონლის ტრანსპორტირების არაერთი ფაქტი, მათ შორის დიდი ოდენობით. სასამართლომ მიუთითა „3.6“ ფაქტობრივ გარემოებაზე და აღნიშნა, რომ შაქრის და სხვა საკვები პროდუქტის, ასევე პირველადი მოხმარების დანიშნულების სხვა საქონლის ყიდვის პერიოდულობა და ოდენობა არ ქმნის საკმარისი ხარისხის ვარაუდს, რომ მოსარჩელე მას იყენებდა ეკონომიკურ საქმიანობაში საგადასახადო მიზნებისათვის. ამის საპირისპიროდ, სასამართლომ დამაჯერებლად მიიჩნია მოსარჩელე მხარის არგუმენტი, რომ გ--–-------–-–---–ი ოჯახისთვის მარაგის სახით ხშირად ყიდულობს თავისივე დამსაქმებელი კომპანიისგან საბითუმო ფასში სხვადასხვა საკვებ პროდუქტს, რაც ოჯახს მუდმივად ესაჭიროება. როგორც სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა აღნიშნა (იხ. 2018 წლის 1 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი 14:03 სთ, 14:07 სთ-დან, ასევე 2018 წლის 29 მარტის მთავარი სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი), მოსარჩელე არჩენს სამ ოჯახს და ესაჭიროებოდა დიდი რაოდენობით საკვები პროდუქტი, კახეთშიც გზავნიდა პროდუქტის ნაწილს, ნაწილი თავისი ძმის ოჯახისთვის მიჰქონდა, რომელიც ცხოვრობს მის გვერდით, იაფი ღირს ეს პროდუქტი მის სამსახურში და ხარისხიანია, ამიტომაც ყიდულობდა მარაგის სახით. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ განმარტების საწინააღმდეგოდ რაიმე დამაჯერებელი მტკიცება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია. პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, სწორედ მის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ შექმნილი გონივრული ვარაუდის გაქარწყლება და საპირისპიროს მტკიცება, რომ გ--–-------–-–---–ის მიერ საქონლის შეძენა განხორციელდა არა ოჯახის საჭიროებებისთვის, არამედ - ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ „საგადასახადო სამსახურების მოხელეთა უფლებამოსილება - გამოავლინონ სამეწარმეო საქმიანობის მიზნის მქონე შემძენი პირები, იმთავითვე მოიცავს ვალდებულებას - ზუსტად გამიჯნონ შემთხვევები, პირი საქონლის შეძენას ახორციელებს პირადი საჭიროებისთვის თუ მოგების მიღების მიზნით. ბრუნვაუნარიანი ფიზიკური პირების სამოქალაქო უფლებების რეალიზაციის აქტიურობის ხარისხი არ იძლევა იმის მტკიცების წინაპირობას, რომ ისინი უსათუოდ მოგების მიღების მიზნით მოქმედებენ.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბ 205-203(კ14)).

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი, რისთვისაც მას წარმოეშობოდა გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით სასამართლომ ბათილად ცნო სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 6 ივლისის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 3 აგვისტოს №----- ბრძანება.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის განმარტებით, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებდნენ იმავე სუბიექტებს შორის, 2012-2017 წლებში სასაქონლო ზედნადებში მითითებული საქონლის მსგავსი ტიპის საქონლის ტრანსპორტირების არაერთ ფაქტს (სულ 83 ზედნადები ჯამური ღირებულებით 11488,5 ლარი), მათ შორის დიდი ოდენობით, სასამართლომ არ დაადგინა (საქმეში წარმოდგენილია ზედნადებები), რომ არსებული საქონლის გამოწერის ინტენსიურობა და მათში ასახული პროდუქტის რაოდენობა ნათლად გამორიცხავს პირადი მოხმარებისთვის მათი გამოყენების მიზნობრიობას.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის შესაბამისად - გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ: ე) გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული; ე1) გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია;

 

სსიპ შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. ამასთან, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, ხოლო ზემოაღნიშნული დარღვევა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” და “ე1’’’ პუნქტების თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

 

საჩივრის ავტორის განმარტებით, საქმის ირგვლივ არსებული მასალებით დგინდება, რომ 2017 წლის 06 ივლისს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლების მიერ მისამართზე: ქ. თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთი, თ-----------------–------, გადამოწმებული იქნა ავტო-სატრანსპორტო საშუალება, რა დროსაც დადგინდა, რომ განხორციელდა ფ/პ გ--–-------–-–---–ის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება N0--------- სასაქონლო ზედნადებით. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შედგენილ იქნა სამართალდარღვევის ოქმი და პასუხისმგებლობის ზომად განისაზღვრა ჯარიმა - 500 ლარის ოდენობით, გ--–-------–-–---–ი ზემოხსენებული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დარეგისტრირდა გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად 2017 წლის 06 ივლისს.

 

იმავე სუბიექტებს შორის, 2012-2017 წლებში ფიქსირდება ზემოაღნიშნულ სასაქონლო ზედნადებში მითითებული საქონლის მსგავსი ტიპის საქონლის ტრანსპორტირების არაერთი ფაქტი (სულ 83 ზედნადები ჯამური ღირებულებით 11488,5 ლარი) მათ შორის დიდი ოდენობით, საქმეში წარმოდგენილია ზედნადებები, რომელთა გამოწერის ინტენსიურობა და მათში ასახული პროდუქტის რაოდენობა ნათლად გამორიცხავს პირადი მოხმარებისთვის მათი გამოყენების მიზნობრიობას. რაც შეეხება შპს "ა-–---ში" მოსარჩელის დასაქმების ფაქტს, აღნიშნული რათქმაუნდა გამორიცხავს გ--–-------–-–---–ის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით აპელანტი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ყველანაირი მტკიცებულებების გარეშე გაითვალისწინა მოსარჩელის პოზიცია და ბათილად ცნო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. შესაბამისად აპელანტი ითხოვს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებს გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.2. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „პ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელთა დროულად აღრიცხვა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე განახორციელონ ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. ამავე საკანონმდებლო აქტის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით, პირის მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იმავე კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი, გარდა იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან, ვალდებული არიან ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართონ საგადასახადო ორგანოს მათთვის საიდენტიფიკაციო ნომრების მინიჭების მიზნით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო რეგისტრაციას (აღრიცხვას) ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

 

პალატა ასევე მოიხმობს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილს, რომლის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოცემული ნორმების განმარტება ცხადყოფს, რომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესითა და ფორმით. კერძოდ, პირმა უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების მოთხოვნით. გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევით ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება კი წარმოადგენს საგადასახადო სამართალდარღვევას.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადების საფუძველზე მოსარჩელე გ--–-------–-–---–მა შპს ,,ა-–---სგან" შეიძინა საქონელი, უტყუარად არ ადასტურებს მოსარჩელის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტს, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფაქტობრივად ვერ იქნა დადგენილი და გამოკვლეული აღნიშნულ სასაქონლო ზედნადებში მითითებული ოპერაცია განხორციელებული იყო თუ არა ეკონომიკური საქმიანობის მიზნით. კერძოდ, შემძენმა გ--–-------–-–---–მა საქონლის მიწოდების შემდგომ განახორციელა თუ არა, როგორც შემსყიდველმა პირმა, ეკონომიკური საქმიანობა, მოგების მიღების მიზნით. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ სასაქონლო ზედნადებებით, მათ შორის 2012-2017 წლებში გაცემული ზედნადებების უმეტეს ნაწილში, ტრანსპორტირების დასრულების ადგილად მითითებულია - თბილისი, ჩ------–---–-----, რაც მოსარჩელის საცხოვრებელ მისამართს წარმოადგენს. უფრო მეტიც, გ--–-------–-–---–ი 2010 წლის 18 მარტიდან შპს „ა-–---ში“ მუშაობს, რომლის ეკონომიკური საქმიანობის სახეს წარმოადგენს საბითუმო და საცალო ვაჭრობა საკვები პროდუქტით, მათ შორის შაქრით. სწორედ მისი მისამართიდან ხდება საქონლის ტრანსპორტირება მოსარჩელის საცხოვრებელ მისამართზე.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი შპს „ა-–---ს“ მიერ გ--–-------–-–---–ზე 2017 წლის პირველ ივლისს გამოწერილ №ელ-0--------- სასაქონლო ზედნადებზე, რომლის თანახმად, გ--–-------–-–---–ი დაფიქსირებულია მყიდველის (მიმღების) გრაფაში, ტრანსპორტის დაწყების ადგილად მითითებულია - თბილისი, თ-----------------–-----, ტრანსპორტის დასრულების ადგილად მითითებულია - თბილისი, ჩ------–---–-----. საქონლის დასახელებად მითითებულია ევროპული შაქარი 50 კილოგრამიანი, 4 ტომარა, ჯამში 314 ლარის ღირებულების, თუმცა სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმიდან არ იკვეთება, რომელი კონკრეტული ქმედების საფუძველზე იქნა მიჩნეული გ--–-------–-–---–ი სამართალდამრღვევად. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართალდარღვევა გამოვლენილი არ ყოფილა უშუალოდ მოსარჩელის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მომენტში, არამედ დადგენილ იქნა მხოლოდ ერთი კონკრეტული სასაქონლო ზედნადების საფუძველზე, სადაც მყიდველ პირად დაფიქსირებულია მოსარჩელე. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც არსებობს მოსარჩელის ლოგიკური დასაბუთება შეძენილი საქონლის ოდენობასთან დაკავშირებით, კერძოდ, მოსარჩელის მრავალსულიან ოჯახს (არჩენს სამ ოჯახს) მუდმივად ესაჭიროება საკვები პროდუქტი, რომელსაც დამსაქმებელი კომპანიისაგან ყიდულობს საბითუმო ფასში, ხოლო საქმის მასალებით არ დასტურდება საქონლის მიწოდების შემდგომ მოგების მიღების მიზნით გ--–-------–-–---–ის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, უმართებულია აპელანტის მითითება მოსარჩელის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ და არ არსებობს მისი მოსაზრების გაზიარების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

პალატის მოსაზრებით, სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ 2017 წლის 16 ივლისს გ--–-------–-–---–ის დარეგისტრირება გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად, ადასტურებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. სასამართლომ სწორად განმარტა, რომ ნებისმიერ პირს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელად და მხოლოდ ის ფაქტი, რომ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შემდეგ მოხდა მოსარჩელის რეგისტრაცია, ავტომატურად არ ადასტურებს 2017 წლის 6 ივლისს მის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნის დარღვევით.

 

პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ ასევე მართებულად არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეკონომიკურ საქმიანობაზე მიუთითებს გ--–-------–-–---–ის სახელზე 2012-2017 წლებში №ელ-0--------- სასაქონლო ზედნადებში მითითებული საქონლის მსგავსი საქონლის ტრანსპორტირების არაერთი ფაქტი, მათ შორის დიდი ოდენობით. პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ შაქრის და სხვა საკვები პროდუქტის, ასევე პირველადი მოხმარების დანიშნულების სხვა საქონლის ყიდვის პერიოდულობა (5 წელი) და ოდენობა არ ქმნის საკმარისი ხარისხის ვარაუდს, რომ მოსარჩელე მას იყენებდა ეკონომიკურ საქმიანობაში შემდგომ მოგების მიზნით.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა იზიარებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ შექმნილი გონივრული ვარაუდის გაქარწყლება და საპირისპიროს მტკიცება, რომ გ--–-------–-–---–ის მიერ საქონლის შეძენა განხორციელდა არა ოჯახის საჭიროებებისთვის, არამედ - ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება ვალდებულება, დაადასტუროს მოსარჩელის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე, ხოლო იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ვერ ადასტურებს მოსარჩელემ პროდუქცია პირადი მოხმარების მიზნით შეიძინა თუ როგორც შემსყიდველმა პირმა განახორციელა ეკონომიკური საქმიანობა, მოგების მიღების მიზნით და ვერ წარმოადგენს აღნიშნულის დამადასტურებელ რაიმე სახის სარწმუნო მტკიცებულებას, მოსარჩელე არ არის ვალდებული ამტკიცოს, რომ მართლაც არ ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მეხუთე ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ასევე, გასათვალისწინებელია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

პალატა დამატებით მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც უკანონოდ არის მიჩნეული შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 6 ივლისის N-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, ასევე უკანონოა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 3 აგვისტოს ბრძანება N----- ბრძანება ფ/პ გ--–-------–-–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.

 

ამრიგად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები - შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 6 ივლისის N-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 3 აგვისტოს N----- ბრძანება - ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებულ ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, არის კანონშეუსაბამო და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

6.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის დასკვნები. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

განსახილველ შემთხვევაში აპელანტი - სსიპ შემოსავლების სამსახური ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე: ნანა დარასელია

 

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

 

მარიამ ცისკაძე