განაჩენი

სისხლის სამართლის 02.12.2019
საქმის ნომერი
190100119003036394
ინსტანცია
თარიღი
02.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100119003036394

საქმე №1ბ/1799-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხ-----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), მ-----–--------–---–ის, დაბადებულის 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №3----------), ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებულის: ს-----------------------------–-------------–ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-----------–---------------------------------------------ში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ-----–--------–---–მა ჩაიდინა რელიგიის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 1 მაისს, დაახლოებით 16:25 საათზე, ქ-----------–-------------------------ზე, თ---–--------------ს სამარშრუტო ტაქსის სალონში, მ-----–--------–---–მა, რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, გ--------------------–---–ს, იმის გამო, რომ ჩაწერა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის შეურაცხმყოფელი ვიდეო, სახისა და ზურგის არეში ჩაარტყა ხელი. მ-----–--------–---–ის ძალადობრივი ქმედებებით გ--------------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 ივლისის განაჩენით:

 

მ-----–--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხ-----------------მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანას მ-----–--------–---–ისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების კუთხით.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა სახელმწიფო ბრალმდებელ ხ-----------------ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ მ-----–--------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ მ-----–--------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულისა და მოწმეების - გ--------------------–---–ის, მ----------–--ის, ზ--------–------–---–ისა და მ------------–---–---–ის გამოკითხვის ოქმების, მ-----–--------–---–ის გამოკითხვის ოქმების, პირის ამოცნობის ოქმის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მ-----–--------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მ-----–--------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის უსამართლო და შეუსაბამო მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათთან. სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო საჩივარში სასჯელის დამძიმების არგუმენტად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მ-----–--------–---–ს ბრალი დაედო რელიგიური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულში. სახელმწიფო ბრალმდებელი აპელირებს საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაული წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, რაც აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს არ გაითვალისწინა. აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ მ-----–--------–---–ს დანაშაული არ უღიარებია და სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად. (იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დანაშაულის ჩადენა რელიგიის ნიშნით, ცალსახად წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „ამ მუხლის (მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლი) პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მ-----–--------–---–ს სასჯელის ზომად კანონიერად განესაზღვრა სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმუმი - 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

რაც შეეხება დანაშაულის აღიარებას, მ-----–--------–---–მა როგორც გამოძიებაში, ისე სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ფაქტობრივად დაადასტურა მისი მხრიდან დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ქმედება, კერძოდ, ამ უკანასკნელისათვის სამარშრუტო ტაქსის სალონში, რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, ორჯერ ხელის კვრა, რაც პალატის შეფასებით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მიზნებისათვის, წარმოადგენს სხვაგვარ ძალადობას. ამასთან, დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლის საკითხზე არაერთი განმარტება აქვს გაკეთებული და განაჩენი გამოტანილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ივლისის განაჩენში განმარტებულია, რომ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი დანაშულის ჩადენისათვის. თავისუფლების უკანონო აღკვეთა მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ბრალდებულები წარსულში არ არიან ნასამართლევი, მართალია, მათ არ აღიარეს დანაშაული, მაგრამ თავიდანვე ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არ უარყვეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა მათი აზრით, მათი ქმედებები არ წარმოადგენს დანაშაულს. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია, მათთვის მსჯავრად შერაცხული მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის განსაზღვრა და საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, პირობითად ჩათვალა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ივლისის №75აპ-17 განაჩენი, პუნქტი 27-28).

 

სააპელაციო სასამართლო, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, წარსულ ცხოვრებას, ასევე იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებული არ არის ნასამართლევი. მართალია, მ-----–--------–---–მა საქმის არსებითი განხილვისას ნაწილობრივ ცნო თავი დამნაშავედ, მაგრამ თავიდანვე ითანამშრომლა გამოძიებასთან, ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში, რითაც ხელი შეუწყო გამოძიების წარმოებას და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, აგრეთვე, არ უარყვია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა მისი აზრით, მისი ქმედება არ უნდა წარმოადგენდეს დანაშაულს. სასჯელის დანიშვნისას პალატა ასევე ითვალისწინებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, მ-----–--------–---–ს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, დასაქმებულია და არის ოჯახის მარჩენალი, აგრეთვე, მსჯავრდებულმა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ მ-----–--------–---–ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მ-----–--------–---–ისათვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ მ-----–--------–---–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული და პირობითად ჩათვლილი სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ-----–--------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხ-----------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ მ-----–--------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

მ-----–--------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი;

 

პირობით მსჯავრდებულ მ-----–--------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;

ცნობად იქნას მიღებული, რომ მ-----–--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია;

 

ნივთიერი მტკიცებულება:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

საქმეზე დართული CD-R დისკი შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ.კახეთელიძე