განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002569877
2ბ/7806-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე - მიხეილ გოგიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - დ----- ბ------ი
წარმომადგენელი - ა------ გ-----–---–ი
მოწინააღმდეგე მხარეები: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი: მ----- ბ-–--–-–---–ი, ა---------– ს-----------ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების სარეზოლუციო ნაწილები:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხე, დ----- ბ------ის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, მის წინააღმდეგ გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მოპასუხე დ----- ბ------ს მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის გადახდა 8 070 ლარის ოდენობით; მოპასუხე დ----- ბ------ს მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 752.39 ლარის ოდენობით;
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის განჩინებით მოპასუხე დ----- ბ------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
2.3. 2018 წლის 27 ივლისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე დ----- ბ------ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 2016 წლის 08 სექტემბერს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხელშეკრულების გაფორმებიდან შეწყვეტამდე საიჯარო ქირის დავალიანების - 8 070 ლარის და პირგასამტეხლოს სახით 752.39 ლარის გადახდის დაკისრება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი განსახილველად გადაეგზავნა განსჯად სასამართლოს - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
სარჩელში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 08 სექტემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და დ----- ბ------ს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება 20 წლის ვადით მცხეთის რაიონის სოფელ მ-------ში მდებარე 336 239 კვ.მ. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 72.09.28.006). ხელშეკრულების საფუძველზე მოიჯარემ იკისრა ვალდებულება ქონებით სარგებლობისათვის გადაეხადა ყოველწლიური საიჯარო ქირა 32 285 ლარის ოდენობით, რომელიც უნდა გადაეხადა ყოველთვიურად, ყოველი თვის 05 რიცხვამდე, ხოლო მისი გადაუხდელობის შემთხვევაში, ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად დაეკისრებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებიულ დღეზე. ხელშეკრულების 3.1.1. მუხლის თანახმად, მოიჯარე ვალდებული იყო გადაცემულ ქონებაზე ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ინფორმაციის წარდგენა განეხორციელებინა ხელშეკრულების დანართი N2-ის შესაბამისად, რაც მოპასუხის მერ არ შესრულებულა. აღნიშნული ვალდებულების შუსრულებლობისათვის ხელშეკრულების 6.3. პუნქტით დადგენილია პირგასამტეხლო 200 ლარის ოდენობით. მოპასუხის მიერ ასევე არ შესრულდა 3.1.2. პუნქტით ნაკისრი ვალდებულება. შესაბამისად, ხელშეკრულების 6.4. მუხლით მას ეკისრება პირგასამტეხლო 200 ლარის ოდენობით. მოპასუხეს გაეგზავნა შეტყობინება, რომლითაც განესაზღვრა საიჯარო ქირისა და დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. მოიჯარემ 2017 წლის 08 აგვისტოს განცხადებით მომართა სააგენტოს და ითხოვა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტა. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 06 ნოემბრის 01/7-434 ბრძანებით შეწყვეტილ იქნა 2016 წლის 08 სექტემბრის იჯარის ხელშეკრულება მხარეებს შორის. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, რის საფუძველზეც ითხოვს მოპასუხისათვის საიჯარო ქირის დავალიანების 8 070 ლარის და პირგასამტეხლოს სახით 752.39 ლარის დაკისრებას.
სასამართლო განხილვისთვის საქმის სათანადო მომზადების ინტერესებიდან გამომდინარე დანიშნული იქნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა 2019 წლის 03 მაისს 12:00 საათზე.
მოპასუხეს, კერძოდ მის წარმომადგენელს, ლ--- მ---------–იას 2019 წლის 03 მაისის სასამართლოს სხდომის თაობაზე ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო აქტით (ს.ფ. 65). მას განემარტა სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შედეგები. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხე მხარე არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზები უცნობებია სასამართლოსათვის. სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვტილების გამოტანის შესახებ.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის წარმომადგენელ ლ--- მ---------–იას 2019 წლის 03 მაისის სასამართლოს სხდომის თაობაზე ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო აქტით (ს.ფ. 65). მოპასუხე სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. შესაბამისად, სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა არასაპატიოა და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. სასამართლოს მიერ გამოცხადებული იქნა შესვენება მხარის მოძიების მიზნით, მის თაობაზე გამოცხადებული იქნა სასამართლო შენობაში დამონტაჟებული ტექნიკური საშუალების მეშვეობით. აღნიშნულის მიუხედავად, მხარეები მოძიებული ვერ იქნენ. გამორკვეული იქნა, რომ მათ მიერ რაიმე განცხადება სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ან დაგვიანების თაობაზე წარმოდგენილი არ ყოფილა და ისინი არც სხვა ფორმით არ დაკავშირებიან სასამართლოს. ამასთან, სასამართლო სხდომის დაწყებიდან გავიდა გონივრული მოლოდინის პერიოდი, რა ხნის განმავლობაშიც შეიძლებოდა მხარეს დაგვიანებოდა ან ვერ ეცნობებინა სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის ან დაგვიანების თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- 2016 წლის 08 სექტემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და დ----- ბ------ს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება 20 წლის ვადით მცხეთის რაიონის სოფელ მ-------ში მდებარე 336 239 კვ.მ. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 72.09.28.006).
- ხელშეკრულების საფუძველზე მოიჯარემ იკისრა ვალდებულება ქონებით სარგებლობისათვის გადაეხადა ყოველწლიური საიჯარო ქირა 32 285 ლარის ოდენობით, რომელიც უნდა გადაეხადა ყოველთვიურად, ყოველი თვის 05 რიცხვამდე, ხოლო მისი გადაუხდელობის შემთხვევაში, ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად დაეკისრებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
- ხელშეკრულების 3.1.1. მუხლის თანახმად, მოიჯარე ვალდებული იყო გადაცემულ ქონებაზე ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ინფორმაციის წარდგენა განეხორციელებინა ხელშეკრულების დანართი N2-ის შესაბამისად, რაც მოპასუხის მერ არ შესრულებულა. აღნიშნული ვალდებულების შუსრულებლობისათვის ხელშეკრულების 6.3. პუნქტით დადგენილია პირგასამტეხლო 200 ლარის ოდენობით. მოპასუხის მიერ ასევე არ შესრულდა 3.1.2. პუნქტით ნაკისრი ვალდებულება. შესაბამისად, ხელშეკრულების 6.4. მუხლით მას ეკისრება პირგასამტეხლო 200 ლარის ოდენობით.
- მოპასუხეს გაეგზავნა შეტყობინება, რომლითაც განესაზღვრა საიჯარო ქირისა და დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.
- მოიჯარემ 2017 წლის 08 აგვისტოს განცხადებით მომართა სააგენტოს და ითხოვა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტა.
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 06 ნოემბრის 01/7-434 ბრძანებით მხარეებს შორის შეწყვეტილ იქნა 2016 წლის 08 სექტემბრის იჯარის ხელშეკრულება.
- მოპასუხე არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებეს, რის საფუძველზეც მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის საიჯარო ქირის დავალიანების 8 070 ლარის და პირგასამტეხლოს სახით 752.39 ლარის გადახდის დაკისრებას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ სამოქალაქო კოდექსის 316- ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 581-ე მუხლების საფუძველზე. ამასთან, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებულ უნდა ყოფილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
2.4. 2019 წლის 17 მაისს მოსარჩელის წარმომადგენლების - ა------ გ-----–---–ის და მ------ ფ---–---–--ას მიერ სასამართლოში წარდგენილ იქნა საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე. აღნიშნული საჩივრით, მოპასუხე მხარემ ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.
საჩივარში მითითებულ იქნა, რომ 2019 წლის 03 მაისს გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო, კერძოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარსების გამო წარმომადგენელმა ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. დ----- ბ------ის მხრიდან გაცემულია ასევე მინდობილობა საადვოკატო ბიუროს ასისტენტებზე - ლ--- მ---------–იასა და მ------ ფ---–---–--ას სახელზე, აღნიშნული პირები უზრუნველყოფენ ტექნიკური საკითხების მოგვარებას და არ გააჩნიათ ადვოკატის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამდენად, ისინი დამოუკიდებლად ვერ შეძლებდნენ სასამართლო სხდომაზე დ----- ბ------ის ინტერესების დაცვას. საჩივრის ავტორი ასევე განმარტავს, რომ მინდობილობა გაცემული ადვოკატ ა------ გ-----–---–ზე, რომელიც არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი და რომლის ბიუროშიც მუშაობენ ლ--- მ---------–ია და მ------ ფ---–---–--ა. საჩივარს თან ერთვის პაციენტის სამედიცინო ბარათი და ადვოკატის მოწმობის ასლი. სასამართლოს მიერ 2019 წლის 22 მაისის განჩინებით დ----- ბ------ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებული იქნა და საჩივრის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 28 ივნისს, 17:00 საათზე.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია თუ: ა) თუ მხარე არ იყო მოწვეული ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია არც ერთ დასახელებულ შემთხვევას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა ზემოაღნიშნული რომელიმე საფუძველი, რაც გახდებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა.
საჩივრის ავტორი მის მიერ წარმოდგენილ საჩივარში უთითებდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველზე, რომ წარმომადგენელ ა------ გ-----–---–ს ჯანმრთელობის მდგომარების გაუარესების გამო არ შეეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. პაციენტის სამედიცინო ბარათის თანახმად არ იკვეთება პაციენტის ის მდგომარეობა, რაც შეუძლებელს გახდიდა მის სხდომაზე გამოუცხადებლობას. ბარათში ასევე დაფიქსირებულია სასწრაფოს ბრიგადის მისვლის დრო 14:50 საათი, ხოლო სასამართლო სხდომა დანიშნული იყო 10 საათზე. ამასთან, წარმომადგენლობის უფლებამოსილება მინიჭებულია მ------ ფ---–---–--ასა და ლ--- მ---------–იაზეც (ს.ფ. 57-60), რომელთა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი უცნობია სასამართლოსათვის. ამდენად, მოსარჩელე მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა პირადად ან სხვა წარმომადგენლის საშუალებით მიეღო მონაწილეობა საქმის განხილვაში. ამასთან, მათ წარმომადგენლობით უფლებამოსილებასთან დაკავშირებით სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ გარემოებები, რამდენადაც პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განსახორციელებლად არ არის დადგენილი შესაბამისი პირისთვის საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების არსებობა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა არც ერთი მოქმედება არ უნდა ემსახურებოდეს საქმის განხილვის გაჭიანურებას და ისინი ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ სასამართლოს საქმის დროულ განხილვაში.
შესაბამისად, სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია, რომ მან კანონის მოთხოვნათა დაცვით მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, როგორც შეჯიბრებითობის და დისპოზიციურობის პრინციპის გამოხატულება, რომელიც წარმოადგენს ე.წ. სამოქალაქო-სამართლებრივ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელიც არასაპატიოდ არ ახორციელებს საკუთარ საპროცესო უფლება-მოვალეობებს.
საჩივრის განხილვის მიზნით დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადებულა თავად საჩივრის ავტორის წარმომადგენელი, რომელსაც შეეძლო დაეცვა საკუთარი პოზიცია და დაესაბუთებინა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები. რაც მიუთითებს იმაზე, რომ მხარეს არ აქვს ინტერესი მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სასამართლოს 2019 წლის 03 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში უნდა იქნეს დატოვებული.
3. სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა, 2017 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით საიჯარო ქირის გადახდის თაობაზე დაუსაბუთებელია, ვინაიდან მოპასუხემ მისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით მოითხოვა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტა 2017 წლის 08 აგვისტოს, შესაბამისად სააგენტოსთვის ცნობილი იყო რომ მოიჯარე ხელშეკრულებით ნაკისრ ფულად ვალდებულებას ვერ შეასრულებდა მომდევნო საიჯარო თვიდან, შესაბამისად ის ფაქტი, რომ სააგენტოს მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა 2017 წლის 06 ნოემბერს ვერ დაავალდებულებს მხარეს დაფაროს 2017 წლის აგვისტოდან 2017 წლის ჩათვლით არსებული ფულადი ვალდებულება, ვინაიდან ხელშეკრულება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო 2017 წლის 08 აგვისტოდან. გარდა ამისა, სააგენტოსათვის ცნობილი იყო მოსარჩელის ფინანსური მდგომარეობის აშკარა მოსალოდნელი გაუარესება, ხოლო ხელშეკრულების მიზან- მიმართულად დაგვიანებით შეწყვეტა დაკავშირებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განმტკიცებულ კეთილსინდისიერების პრინციპთან და შესაბამისად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქმედება ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნულ კეთილსინდისიერების პრინციპს.
სასამართლოსათვის ცნობილია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არის - წარმომადგენლის ა------ გ-----–---–ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რის გამოც მას არ შეეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. საქალაქო სასამართლო არასწორად მიიჩნევს უდავოდ, რომ პაციენტის სამედიცინო ბარათის თანახმად არ იკვეთება პაციენტის ის მდგომარეობა, რაც შეუძლებელს გახდიდა მის სხდომაზე გამოუცხადებლობას, ვინაიდან მაღალი ტემპერატურის გამო მისთვის შეუძლებელი იყო ფიზიკურად გადაადგილება და სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. ამასთანავე, სასამართლო დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაში აღნიშნავს რომ სამედიცინო ბარათში დაფიქსირებულია სასწრაფოს ბრიგადის მისვლის დრო 14:50 საათი, ხოლო სასამართლო სხდომა დანიშნული იყო 10 საათზე. აღნიშნული მსჯელობა მოკლებულია გონივრულ დასაბუთებას, ვინაიდან წარმომადგენელი დილიდან (კერძოდ - სასამართლო სხდომის დაწყების დროიდანვე) უკვე უჩიოდა მაღალ სიცხესა და მისგან გამოწვეულ სხვა ნიშნებს, რაც სასაწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების დროისათვის კიდევ უფრო გამწვავდა. ხოლო, როგორც კი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მიეცა შესაძლებლობა იგი დაუკავშირდა მის ასისტენტებს და შეატყობინა მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი, რის შემდეგაც ლ--- მ---------–ია დაუყოვნებლივ დაუკავშირდა სასამართლოს და შეატყობინა საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ, თუმცა სხდომა უკვე დასრულებული იყო. საქმეში წარმოდგენილია მინდობილობა, დ----- ბ------ის მხრიდან, რომელიც ასევე გაცემულია საადვოკატო ბიუროს ასისტენტების ლ--- მ---------–იასა (პ/ნ 01005022828) და მ------ ფ---–---–--ას (პ/ნ 01008050976) სახელზე, თუმცა სასამართლოსთვის ცნობილი იყო რომ აღნიშნული პირები მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფდნენ მხოლოდ ტექნიკურ მხარდაჭერას და არ გააჩნიათ ადვოკატობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი და ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მათ არ შეეძლოთ (არ შეუძლიათ) დ----- ბ------ის ინტერესების დაცვა, დამოუკიდებლად სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის ადვოკატირება და მისი წარმომადგენლობის სრულფასოვნად განხორციელება. შესაბამისად 2019 წლის 28 ივნისის სასამართლო სხდომაზე ა------ გ-----–---–ის, როგორც ადვოკატის დასწრება წარმოადგენდა აუცილებლობას მოპასუხე მხარის ინტერესების სრულად დასაცავად. ეს გარემოება დასტურდებოდა იმ ფაქტითაც რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაგზავნილ იქნა წარმომადგენლის ა------ გ-----–---–ის საცხოვრებელ მისამართზე: თბილისი, ც.დადიანის 24/22 სად 2, ბ.39 და ჩაბარებული იქნა თავად მის მიერ.
4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დადგენილად მიიჩნევს შემდეგს:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის განჩინებით სამოქალაქო საქმის №2/22965-18 განხილვა დაინიშნა მოსამზადებელ სხდომაზე, 2019 წლის 03 მაისს 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სხდომის დარბაზი №53 (ტ. І, ს.ფ. 62-63).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის 21 მარტს სატელეფონო კომუნიკაციის გზით, მოპასუხე დ----- ბ------ის წარმომადგენელს ლ--- მ---------–იას ეცნობა სასამართლოს მთავარი სხდომის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით (იხ. ს.ფ. 65).
2019 წლის 03 მაისს 12:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე. მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელე მხარის გამოუცხადებლობის გამო იშუამდგომლა გამოუცხადებელი მხარის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2019 წლის 03 მაისს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხე დ----- ბ------ს მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის გადახდა 8 070 ლარის ოდენობით; მოპასუხე დ----- ბ------ს მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 752.39 ლარის ოდენობით (ტ. I, ს.ფ. 72-77).
4.2. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ 2019 წლის 03 მაისის სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით.
4.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ მოპასუხე, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლოს სხდომაზე და არც თავისი გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე აცნობა სასამართლოს. საქმის განხილვაზე მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს გარკვეულ სანქციას ისეთი მხარის მიმართ, რომელიც არაკეთილსინდისიერად არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) მოპასუხისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში; ბ) მოპასუხის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა; გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა; დ) მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას (იხ. სუსგ №ას-152-148-2016, 3 ივნისი, 2016 წელი). ამასთან, სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული, შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ სახეზე ხომ არ არის შემდეგი: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და აპელანტი არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 03 მაისს დანიშნული სხდომის შესახებ მოპასუხისათვის ცნობილი იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ მოპასუხე სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულა და სხდომამდე არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი უცნობებია სასამართლოსთვის. ასევე დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, სადავოა, მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით. შესაბამისად, წარმოდგენილი საკითხის სწორად შესაფასებლად უნდა გაირკვეს, რა სახის გარემოება შეიძლება ჩაითვალოს საპატიოდ.
იმას, თუ რა განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
დასახელებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ან სასამართლოსთვის შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. ეს უკანასკნელი შეფასების ობიექტს განეკუთვნება და იმისათვის, რათა სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა.
ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად.
მოპასუხე სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად უთითებს, რომ მას ა------ გ-----–---–ს ჯანმრთელობის მდგომარების გაუარესების გამო არ შეეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ პაციენტის სამედიცინო ბარათის თანახმად არ იკვეთება პაციენტის ის მდგომარეობა, რაც შეუძლებელს გახდიდა მის სხდომაზე გამოუცხადებლობას. ბარათში ასევე, დაფიქსირებულია სასწრაფოს ბრიგადის მისვლის დრო 14:50 საათი, ხოლო სასამართლო სხდომა დანიშნული იყო 10:00 საათზე. ამასთან, წარმომადგენლობის უფლებამოსილება მინიჭებულია მ------ ფ---–---–--ასა და ლ--- მ---------–იაზეც (ს.ფ. 57-60), რომელთა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი უცნობია სასამართლოსათვის. იმ პირობებში, როდესაც მოწინააღმდეგ მხარე სადავოდ ხდის საპატიო მიზეზის არსებობის ფაქტს, აპელანტის მიერ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მეტად სარწმუნო, ობიექტური მტკიცებულებების წარდგენის საჭიროება არსებობს.
პალატა ასევე, მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ მოპასუხეს ან დანარჩენ წარმომადგენლებს შეეძლო სასამართლოსათვის სხდომამდე დროულად ეცნობებინა შესაძლო დაგვიანების მიზეზის შესახებ. შესაბამისად, აპელანტის პრეტენზია ვერ მიიჩნევა იმგვარ განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით მისთვის შეუძლებელს გახდიდა სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსათვის დროულად შეტყობინებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენადაც პალატა დადასტურებულად ვერ მიიჩნევს სააპელაციო საჩივარში მითითებულ პრეტენზიას სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი.
ამასთან სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელში მითითებული დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- 2016 წლის 08 სექტემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და დ----- ბ------ს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება 20 წლის ვადით მცხეთის რაიონის სოფელ მ-------ში მდებარე 336 239 კვ.მ. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 72.09.28.006).
- ხელშეკრულების საფუძველზე მოიჯარემ იკისრა ვალდებულება ქონებით სარგებლობისათვის გადაეხადა ყოველწლიური საიჯარო ქირა 32 285 ლარის ოდენობით, რომელიც უნდა გადაეხადა ყოველთვიურად, ყოველი თვის 05 რიცხვამდე, ხოლო მისი გადაუხდელობის შემთხვევაში, ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად დაეკისრებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებიულ დღეზე.
- ხელშეკრულების 3.1.1. მუხლის თანახმად, მოიჯარე ვალდებული იყო გადაცემულ ქონებაზე ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ინფორმაციის წარდგენა განეხორციელებინა ხელშეკრულების დანართი N2-ის შესაბამისად, რაც მოპასუხის მერ არ შესრულებულა. აღნიშნული ვალდებულების შუსრულებლობისათვის ხელშეკრულების 6.3. პუნქტით დადგენილია პირგასამტეხლო 200 ლარის ოდენობით. მოპასუხის მიერ ასევე არ შესრულდა 3.1.2. პუნქტით ნაკისრი ვალდებულება. შესაბამისად, ხელშეკრულების 6.4. მუხლით მას ეკისრება პირგასამტეხლო 200 ლარის ოდენობით.
- მოპასუხეს გაეგზავნა შეტყობინება, რომლითაც განესაზღვრა საიჯარო ქირისა და დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.
- მოიჯარემ 2017 წლის 08 აგვისტოს განცხადებით მომართა სააგენტოს და ითხოვა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტა.
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 06 ნოემბრის 01/7-434 ბრძანებით მხარეებს შორის შეწყვეტილ იქნა 2016 წლის 08 სექტემბრის იჯარის ხელშეკრულება.
- მოპასუხე არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებეს, რის საფუძველზეც მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის საიჯარო ქირის დავალიანების 8 070 ლარის და პირგასამტეხლოს სახით 752.39 ლარის გადახდის დაკისრებას.
მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო სარჩელში მითითებული გარემოებები დადასტურებულად ითვლება და შესაბამისად, სასამართლო ვერ იმსჯელებს რამდენად უდავოა ისინი და არსებობს თუ არა შესაბამისი მტკიცებულებები. სწორია პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ სამოქალაქო კოდექსის 316- ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 581-ე მუხლების საფუძველზე.
სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, როგორც შეჯიბრებითობის და დისპოზიციურობის პრინციპის გამოხატულება, რომელიც წარმოადგენს ე.წ. სამოქალაქო-სამართლებრივ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელიც არასაპატიოდ არ ახორციელებს საკუთარ საპროცესო უფლება-მოვალეობებს.
საქალაქო სასამართლოს მიერ გამოცხადებული იქნა შესვენება მხარის მოძიების მიზნით, მის თაობაზე გამოცხადებული იქნა სასამართლო შენობაში დამონტაჟებული ტექნიკური საშუალების მეშვეობით. აღნიშნულის მიუხედავად, მხარეები მოძიებული ვერ იქნენ. გამორკვეული იქნა, რომ მათ მიერ რაიმე განცხადება სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ან დაგვიანების თაობაზე წარმოდგენილი არ ყოფილა და ისინი არც სხვა ფორმით არ დაკავშირებიან სასამართლოს. ამასთან, სასამართლო სხდომის დაწყებიდან გავიდა გონივრული მოლოდინის პერიოდი, რა ხნის განმავლობაშიც შეიძლებოდა მხარეს დაგვიანებოდა ან ვერ ეცნობებინა სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის ან დაგვიანების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო ყველა ზომა, რათა არ დაეშვა მხარის უფლებების დარღვევა. მოცემულ შემთხვევაში მას კანონი ავალდებულებდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას.
შესაბამისად, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2019 წლის 03 მაისს დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით. ამდენად, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე და 233-ე მუხლებისა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება მათ და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ----- ბ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მიხეილ გოგიშვილი