განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210118002297608
საქმე №2ბ/4709-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 ოქტომბერი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - გოდერძი გიორგიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ვ-----------–-–---–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,თ----------ი’’ (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - თ---------------–---–ი
მოპასუხე - ნ----------–-ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება (სარეზოლუციო ნაწილის 1.1.1 ქვეპუნქტი)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს ,,თ----------მა’’ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების ვ-----------–-–---–ისa და ნ----------–-ას მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის, 2----–-–-----------------ის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სოლიდარულად შემდეგი თანხების დაკისრება: 1.ძირი თანხის - 9 764.86 ლარის, პროცენტის - 329.82 ლარისა და ჯარიმის - 166.30 ლარის დაკისრება, 2. 2017 წლის 29 აგვისტოდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, გადაუხდელი ძირი თანხის 9 764.86 ლარის წლიური 15.22% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 123.85 ლარს, 3. 2017 წლის 29 აგვისტოდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, გადაუხდელი ძირი თანხის - 9 764.86 ლარის, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 48.82 ლარს, მაგრამ ჯამში, არაუმეტეს 1250 ლარისა.
2. სს ,,თ----------ი’’ სარჩელს შემდეგ გარემოებებზე აფუძნებდა:
სს „ბ-------------–--ასა“ და ნ----------–-ას შორის 2----–-–------------------ს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0--------, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 12 000 ლარის ოდენობით, საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 15.22%-ით, კრედიტის ვადა - 36 თვე, 2019 წლის 11 ოქტომბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ფიქსირებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს „ბ--------------–----ა“ და ვ-----------–-–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე თავდებმა ძირითად მსესხებელ ნ----------–-ასთან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა საკრედიტო N0-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები.
მსესხებელმა დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2----–-–-----------ის შემდეგ არ გადაუხდია კრედიტის თანხა.
2017 წლის 29 აგვისტოს მდგომარეობით, ნ----------–-ას დავალიანება 2----–-–-----------------ის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 10 260.98 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 9 764.86 ლარი, პროცენტი - 329.82 ლარი და ჯარიმა -166.30 ლარი.
3. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით ვ-----------–-–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ პირველ რიგში, კრედიტორს უნდა ეცადა დავალიანება ამოეღო ძირითადი მსესხებლისაგან, ხოლო, შემდეგ თუკი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა, მიემართა თავდებისათვის.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1.1 ქვეპუნქტით სს ”თ----------ის” სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს, ნ----------–-ასა და ვ-----------–-–---–ს (თავდებს ვ-----------–-–---–ს თავდებობის ზღვრული თანხის 20 000 ლარის ფარგლებში) მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ 2----–-–-----------------ის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სოლიდარულად დაეკისრათ: 1. ძირი თანხის - 9 764.86 ლარის, პროცენტის - 329.82 ლარისა და ჯარიმის - 166.30 ლარის გადახდა.
5. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, დადგენილი იყო მოპასუხე ნ----------–-ას მიერ, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევა, რაც სს ”თ----------ს” ანიჭებდა უფლებამოსილებას, მოეთხოვა გადაცემული კრედიტის გადაუხდელი თანხის დაბრუნება.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მსესხებლის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევა სს ”თ----------ს” ასევე უფლებას ანიჭებდა, მოეთხოვა 2----–-–----------------დე (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის პერიოდისთვის) არსებული პროცენტის დაბრუნება.
მოპასუხეებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ საკრედიტო ხელშეკრულების შემთხვევაში, გადაუხდელი კრედიტის ძირი თანხების, ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების პერიოდის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლოსა და სამომავლოდ, ვალდებულების სრულად შესრულებამდე განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა არ წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს და მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა მოსარჩელის სასარგებლოდ მისი ანაზღაურება.
სასამართლოს განმარტებით, 2----–-–-----------------ის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნა ნ----------–-ას მიმართ უზრუნველყოფილი იყო სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებით, რომლითაც ვ-----------–-–---–მა ძირითად მსესხებელთან ერთად სოლიდარულად იკისრა კრედიტის თანხის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ბანკს უფლება ჰქონდა, თავდებისათვის წაეყენებინა მოთხოვნა მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე. სოლიდარული მოვალე კისრულობდა მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით კრედიტის, პროცენტის პირგასამტეხლოს გადახდას. აქედან გამომდინარე, კრედიტორი უფლებამოსილი იყო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, მსესხებელთან ერთად სოლიდარულად წაეყენებინა მოთხოვნა თავდებისთვისაც. ამასთან, მოთხოვნის დაკმაყოფილებისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო სოლიდარული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა, რაც შეადგენდა 20 000 ლარს.
6. აღნიშნული გადაწყვეტილება, სარეზოლუციო ნაწილის 1.1.1 ქვეპუნქტის ნაწილში (დაკისრებული ძირი თანხიდან - 9 764.86 ლარიდან 1 764.86 ლარის ნაწილში, ასევე, პროცენტის - 329.82 ლარისა და ჯარიმის - 166.30 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში) სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ვ-----------–-–---–მა, რომელმაც ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
7. სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
აპელანტის მითითებით, სესხის თანხის ამოღება ჯერ უნდა მომხდარიყო ძირითადი მოვალისგან და თუ კრედიტორი მის მიმართ ამოწურავდა ყველა შესაძლებლობას, მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლო მიემართა თავდებისათვის და მოეთხოვა მხოლოდ ძირი თანხის (ისიც შემცირებული ოდენობით) და არა პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ ნაწილში, დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
8. 1--------- წელს სს „ბ-------------–--ასა“ და ნ----------–-ას შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0--------, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 12 000 ლარის ოდენობით, საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 15.22%-ით, კრედიტის ვადა - 36 თვე, 2019 წლის 11 ოქტომბრამდე.
კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ტომი 1, ს. ფ. 20-35).
9. 2----–-–-----------------ის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს „ბ--------------–----ა“ და ვ-----------–-–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე თავდებმა ვ-----------–-–---–მა, ძირითად მსესხებელ ნ----------–-ასთან ერთად, იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა საკრედიტო N0-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდებობის ზღვრული თანხა განისაზღვრა 20 000 ლარით (ტომი 1, ს. ფ. 37-42).
10. მსესხებელმა დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2----–-–-----------ის შემდეგ თანხა არ გადაუხდია (ტომი 1, ს. ფ. 54).
11. მსესხებლისა და თავდების გაფრთხილების მიუხედავად, საკრედიტო დავალიანება სრულად არ არის დაფარული(ტომი 1, ს. ფ. 65-67, შეტყობინებები).
12. 2017 წლის 29 აგვისტოს მდგომარეობით, ნ----------–-ას დავალიანება, 2----–-–-----------------ის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგენს ძირი თანხა - 9 764.86 ლარი, პროცენტი - 329.82 ლარი, ჯარიმა - 166.30 ლარი (ტომი 1, ს. ფ. 60).
13. 2017 წლის 08 მაისს განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად სს „თ----------ი“ წარმოადგენს სს „ბ--------------–--ას“ უფლებამონაცვლეს (ტომი 1, ს. ფ. 70-71).
14. როგორც აღინიშნა, ვ-----------–-–---–ი, სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ ნაწილში, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ კრედიტორს, პირველ რიგში, სესხის თანხის ამოღება უნდა მოეხდინა ძირითადი მოვალისაგან, ხოლო, თუ ამოწურავდა ყველა შესაძლებლობას, მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლო მიემართა თავდების მიმართ და ისიც, მოეთხოვა მხოლოდ ძირი თანხის და არა პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრება.
15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 870.1 მუხლის თანახმად, თუ კრედიტის გაცემისას შეთანხმებულია სანივთო ან პიროვნული უზრუნველყოფა, მაშინ კრედიტის გამცემს სესხის არასრულად დაფარვისას შეუძლია მოითხოვოს დამატებითი უზრუნველყოფის გამოყენება.
ამავე კოდექსის 891.1 მუხლის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
ამავე კოდექსის 898.1 მუხლის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
16. დადგენილია, რომ 2----–-–-----------------ის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნა ნ----------–-ას მიმართ უზრუნველყოფილია იმავე თარიღით გაფორმებული სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებით, რომლითაც ვ-----------–-–---–ი თავდებად დაუდგა ბანკის წინაშე ნ----------–-ას (მსესხებელს) და მასთან ერთად იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. თავდებობის ზღვრული თანხა განისაზღვრა 20 000 ლარით.
სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების #1 დანართის („შემადგენელი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები“) მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობით სრულადაა უზრუნველყოფილი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები. მათ შორის საკრედიტო პროდუქტ(ებ)ი, კრედიტები, დარიცხული საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო და საურავი.
ამავე დანართის 4.1 მუხლით ბანკი უფლებამოსილია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა უშუალოდ თავდებისგან მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე (ტ. 1. ს. ფ. 36-42).
17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
აქედან გამომდინარე, კრედიტორი უფლებამოსილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, მსესხებელთან ერთად სოლიდარულად წაუყენოს მოთხოვნა თავდებსაც.
18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას.
დადგენილია, რომ სს ”თ----------სა” (სს „ბ--------------–--ას“ უფლებამონაცვლე) და ნ----------–-ას შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2----–-–-----------------ის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბანკმა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა სესხის თანხა შეთანხმებული ოდენობით, ხოლო ნ----------–-ას კრედიტის თანხა უნდა დაებრუნებინა ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია მსესხებლის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევა, რაც სს ”თ----------ს” ანიჭებს უფლებამოსილებას, მოითხოვოს გადაცემული კრედიტის გადაუხდელი თანხის დაბრუნება.
19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო კრედიტით სარგებლობისათვის პროცენტის გადახდევინება.
შესაბამისად, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოპასუხეებს სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდათ საპროცენტო სარგებელი 329.82 ლარის ოდენობით.
20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. ამდენად, საქალაქო სასამართლოს გააჩნდა სოლიდარული მოვალეებისთვის პირგასამტეხლოს სახით 166.30 ლარის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობებიც.
21. ვ-----------–-–---–ის სააპელაციო პრეტენზიასთან მიმართებით, პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 895-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა - სოლიდარული თავდებობა, ჩვეულებრივი თავდებობისაგან იმით განსხვავდება, რომ კრედიტორი უფლებამოსილია, მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე მოსთხოვოს სოლიდარულ თავდებს ვალდებულების შესრულება, თუ ძირითადმა მოვალემ გადახდის ვადას გადააცილა და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სსკ-ის 891.1-ე და 895-ე მუხლები წარმოადგენს, ამავდროულად, 463-ე მუხლის თანახმად, მოპასუხეები სოლიდარულ მოვალეებს წარმოადგენენ, რაც იმას ნიშნავს, რომ კრედიტორს შეუძლია, საკუთარი არჩევით შესრულება მოითხოვოს, როგორც ერთ-ერთი, ისე - ყველა თავდებისაგან, როგორც მთლიანად, ისე - ნაწილობრივ. სრულად შესრულებამდე სოლიდარული მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება (სსკ-ის 465-ე მუხლი).
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ვ-----------–-–---–ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის გასაჩივრებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ წინამდებარე საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ ნაწილში არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ხაზინაში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ-----------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე გ. გიორგიშვილი