განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.10.2019
საქმის ნომერი
140210018002462584
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
17.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140210018002462584

საქმე №2ბ/2988-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 ოქტომბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გოდერძი გიორგიშვილი

 

სხდომის მდივანი - მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტები - ვ-–---------------–---–ი, ე--------------–--ე (მოსარჩელეები)

წარმომადგენელი - ლ--–-----------–---–ი

მოწინააღმდეგე მხარეები - მ-----------–---–ი, ნ-----–------–---–ი (მოპასუხეები)

წარმომადგენელი - კ-------–-----–--ე

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მესაკუთრედ აღიარება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ვ-–---------------–---–მა და ე--------------–--ემ სარჩელი აღძრეს გორის რაიონული სასამართლოში მ-----ა და ნ-----–------–---–ების მიმართ და მოითხოვეს ვ-–---------------–---–სა და მ-----------–---–ს შორის 2016 წლის 03 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების, მდებარე გ------------------------–--–------ი, ს/კ: №6------------------, მ-----------–---–ის საკუთრებაში დაბრუნება.

 

2. ვ-–---------------–---–ი და ე--------------–--ე სარჩელს შემდეგ გარემოებებზე აფუძნებდნენ:

2015 წლის ივლისიდან, გ------------------------–-–------ში მცხოვრები მ-----------–---–ის კუთვნილი სასურსათო მაღაზიიდან, 6 თვის განმავლობაში ნისიად მიჰქონდათ საკვები და საყოფაცხოვრებო პროდუქტები; შესაბამისად, გადასახდელმა თანხამ შეადგინა სულ 3200 ლარი. იმავე წელს მ-----------–---–ის დედის ნ-----–------–---–ისგან შეიძინეს ძროხა 1200 ლარად და საბოლოოდ გადასახდელმა თანხამ შეადგინა 4400 ლარი. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მათ მიერ მაღაზიიდან ნისიად წაღებული პროდუქტის დავალიანებიდან გადახდილი აქვთ 3200 ლარი. რაც შეეხება ძროხის საფასურს იმის გამო, რომ ნაყიდი ძროხა ავადმოფი გამოდგა, მათ გასწიეს ხარჯი და მისი გაყიდვა შეძლეს მხოლოდ 500 ლარად, რის გამოც მოპასუხეებს სთხოვდნენ მთლიანი ვალიდან გამოეკლოთ 1000 ლარი.

მ-----------–---–მა იმის გარანტად, რომ ნისიად აღებული პროდუქციის თანხას გადაიხდიდნენ, მოატყუა და უთხრა რომ ბინა გადაეფორმებინა მის სახელზე და როცა თანხას სრულად დაფარავდნენ, ისევ მის სახელზე გადააფორმებდა, რაც აღმოჩნდა ტყუილი. ცხრა თვის განმავლობაში მოპასუხეს უხდიდნენ 340 ლარს ყოველთვიურად, ბანკიდან სესხის სახით აღებული 7000 ლარის დასაფარად, სულ გადაიხადეს 3060 ლარი, დანარჩენი კი თავად ნ-----–ი და მ-----ა საბაშვლებს უნდა გადაეხადათ. თუმცა, თანხის დაფარვის მიუხედავად მ-----------–---–მა უარი განაცხადა ბინის უკან გადაფორმებაზე და სანაცვლოდ 24 000 ლარის გადახდა მოითხოვა.

 

3. სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით მ-----ა და ნ-----–------–---–ებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება რეალობას, რადგან მ-----------–---–მა მოსარჩელისგან ნამდვილად შეიძინა უძრავი ქონება და ამ ნასყიდობის ხელშეკრულებას საერთო არ აქვს მოსარჩელეების მიერ მითითებული ნ-----–------–---–ის მაღაზიიდან ნისიად შეძენილ პროდუქციის გამო არსებულ დავალიანებასთან.

 

4. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 იანვროს გადაწყვეტილებით ვ-–---------------–---–ის და ე--------------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

5. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 03 თებერვალს ვ-–---------------–---–სა და მ-----------–---–ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებას. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეების განმარტება, რომ აღნიშნული ხელშეკრულება წარმოადგენდა მ-----------–---–ის მხრიდან მოტყუების შედეგად დადებულს.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს სსკ-ის 4.1, 102-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოსარჩელე მხარე თავისი არგუმენტების დასადასტურებლად მიუთითებდა ზეპირი განმარტებაზე და მოწმე ნ-----–ი პ--------ის ჩვენებზე, რომელმაც სასამართლო სხდომაზე მიუთითა საკუთარ პრეტენზიებზე ნ-----–------–---–ის მიმართ, რომ ნ-----–------–---–ი მეტს ახდევინებს მას, ვიდრე მაღაზიიდან რეალურად წამოღებული საქონლის ვალი აქვთ. სასამართლომ აღნიშნა, რომ უშუალოდ მხარეებს შორის არსებულ დავასთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე მოწმე ვერ მიუთითებდა. ამასთან, მოსარჩელე მხარემ, სასამართლოში ასევე არ წარადგინა მათი მხრიდან მ-----ა ს---–---–ის სესხის დასაფარად თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები.

რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 53-ე, 54-ე, 55-ე, 81-ე, 85-ე, 319-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

 

6. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ-–---------------–---–მა და ე--------------–--ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს ახლი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

 

7. ვ-–---------------–---–ის და ე--------------–--ის სააპელაციო საჩივარი შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:

სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლი. სასამართლომ არ იმსჯელა მოტყუებისა და ნდობის ფაქტზე, ასევე, არც იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებას რეალური შედეგი არ მოჰყოლია. 2016 წლის 03 თებერვლიდან, როცა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, აპელანტები დღემდე გაყიდული ბინით სარგებლობენ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

8. 0--------- წელს ვ-–---------------–---–მა (გამყიდველი) და მ-----------–---–ს (მყიდველი) შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება.

ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა გ------------------------–-–------ში მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფარ------------ კვ.მ., მასზე განთავსებული შე------------------, ს/კ: 6------------------.

ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 8 000 ლარით, რომელიც მყიდველის მიერ სრულად იქნა გადახდილი (ტომი 1, ს.ფ. 13-15).

 

9. 11.04.2018 წელს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით, უძრავი ქონება, მდებარე, გ------------------------–-–------ში, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფარ------------ კვ.მ., მასზე განთავსებული შე------------------, ს/კ: 6------------------, რეგისტრირებულია მ-----------–---–ის სახელზე.

უფლების წარმოშობის საფუძველია: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 0--------- წ., საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. ხოლო, უფლების რეგისტრაციის თარიღია: 11.04.2018 წ. (ტომი 1, ს.ფ. 15-16).

 

10. წინამდებარე სასარჩელო განცხადებით ვ-–---------------–---–ი და ე--------------–--ე ითხოვდნენ უძრავ ნივთზე, მდებარე: გ------------------------–-–------ში (ს/კ: 6------------------), საკუთრების უფლების დაბრუნებას, შემდეგი საფუძვლებით: 0--------- წელს ვ-–---------------–---–სა და მ-----------–---–ს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია მოტყუებით. რეალურად, ამ ხელშეკურლების მიზანი იყო გ------------------------–-–------ში მცხოვრები მ-----------–---–ის კუთვნილი სასურსათო მაღაზიიდან სხვადასხვა დროს ნისიად წააღებული პროდუქტების, ასევე, ნ-----–------–---–ისგან შეძენილი ძროხის გადაუხდელი საფასურის უზრუნველყოფა/გარანტია. პირობის თანახმად, თანხის სრულად დაფარავის შემთხვევაში, სადავო ბინა ვ-–---------------–---–ს უკან დაუბრუნდებოდა. მოსარჩელეების განმარტებით, მიუხედავად მათ მიერ თანხის დაფარვისა (ცხრა თვის განმავლობაში მოპასუხეს უხდიდნენ 340 ლარს ყოველთვიურად, ბანკიდან სესხის სახით აღებული 7000 ლარის დასაფარად, სულ გადაიხადეს 3060 ლარი), მ-----------–---–მა უარი განაცხადა ბინის გადაფორმებაზე.

 

11. პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ ას-1529-1443-2012, ას-973-1208-04; ას 664-635-2016).

მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.

 

12. ვ-–---------------–---–ისა და ე--------------–--ის სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების განხორციელებულად მიჩნევის შემთხვევაში, მოსარჩელეების მოთხოვნა - 0--------- წელს სადავო უძრავ ნივთზე გაფორმებული ხელშეკრულების ბათილობის შესახებ - შეიძლება დაეფუძნოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლს, კერძოდ, მის მე-2 ნაწილს (1. ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). 2. თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

 

13. საკასაციო სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ „თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თუმცა, ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპებს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ“ (სუსგ ას N487-461-2015, 17.06.2015წ., ასევე, შდრ. ას N 743-704-2015, 28.09.2015წ.; ას N1212-1138-2015, 06.06.2016წ.).

 

14. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება არ წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას, რომლითაც დაიფარა ის ვალდებულებები, რაც წარმოშობილი იყო მაღაზიიდან ნისიად წამოღებული პროდუქტების ღირებულებისა და ძროხის ნასყიდობის ფასის გადაუხდელობით.

 

15. პალატა განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება, უმეტესწილად, დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები საქართველოს სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს სასამართლის პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან (იხ. სუსგ, Nას-1298-2018, 22.03.2019წ.)

 

16. კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მათ მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა სარჩელის საგანი – მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა.

მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ. 64).

 

17. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ იცოდნენ და ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; niderost-huber v. Switzerland, § 24; k.s. v. finland § 21; ასევე, სუსგ №ას-1191-1133-2014, 14 მაისი, 2015 წელი).

 

18. ამდენად, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელეებს მოპასუხეების მიმართ გააჩნდათ სხვა სახის ვალდებულებები და სწორედ ამ ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით იყო დადებული სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება, მოსარჩელეებს ეკისრებოდათ. სწორედ მათ უნდა წარედგინათ სასამართლოსთვის იურიდიულად სარწმონო და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებიც მხარეთა შორის ამ სახის ურთიერთობას დაადასტურებდა.

 

19. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტების დასადასტურებლად, სასამართლოს მხოლოდ მოწმის ჩვენება წარუდგინეს, რასაც პალატა სადავო გარემოებების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს, რადგან მოწმის სახით დაკითხულმა ნ-----–ი პ--------ემ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მიუთითა საკუთარ პრეტენზიებზე ნ-----–------–---–ის მიმართ, რომ ეს უკანასკნელი მეტს ახდევინებდა მას, ვიდრე მაღაზიიდან რეალურად წამოღებული საქონლის ვალი ჰქონდა, უშუალოდ მხარეებს შორის არსებულ დავასთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე მოწმეს არ მიუთითებია.

გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელეები მიუთითებდნენ რა, რომ ცხრა თვის განმავლობაში მოპასუხეს უხდიდნენ 340 ლარს ყოველთვიურად, ბანკიდან სესხის სახით აღებული 7000 ლარის დასაფარად და მათ მიერ გადახდილმა თანხამ 3060 ლარი შეადგინა, აღნიშნულს სათანადო მტკიცებულებებით ვერ ადასტურებენ (სკ-ის 429.1 მუხლი).

 

20. ამდენად, მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული და ამდენად, მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები იმის შესახებ, რომ რეალურად, მოდავე მხარეთა შორის სხვა ვალდებულებების დასაფარად (ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ფულადი ვალდებულება) დაიდო სადავო უძრავ ნივთზე ნასყიდობის ხელშეკრულება (სსსკ-ის 4.1, 102-103.1 მუხლები).

 

21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

 

22. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება, მდებარე, გ------------------------–-–------ში,არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფარ------------ კვ.მ., მასზე განთავსებული შე------------------, ს/კ: 6------------------. ამ ქონებასთან დაკავშირებით მან მოპასუხესთან დადო ნასყიდობის ხელშეკრულება. მოპასუხემ მოსარჩელისგან უძრავი ქონება შეიძინა, რაშიც 8 000 ლარი გადაიხადა.

 

23. პალატა აღნიშნავს, რომ ამ ტიპის შეთანხმება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით რეგლამენტირებული გარიგებაა, რომლის თანახმად, 1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. 2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

ამავე კოდექსის 319.1 მუხლის პირველი და მეორე წინადადებების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო გარიგება არ წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

 

24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე.

 

25. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული მუხლის გამოყენების წინაპირობებია: მხარეთა შორის გარიგების დადება; გარიგების ერთი მხარის გავლენიანი მდგომარეობა, ამ მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და მხარეთა შორის განსაკუთრებული ნდობის არსებობა.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტები არ შეესაბამება ხსენებული ნორმის შემადგენლობას, რაც გამორიცხავს ნდობის ბოროტად გამოყენების საფუძვლით, სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

26. პალატა განმარტავს, რომ ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნას მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს. მაგალითად, პირის ქმედუუნარობა, სულიერი აშლილობა, ფსიქიკური, ფიზიკური იძულება, მოტყუება, და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მართოს ნების გამოხატვის ფორმები. როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო, პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნამდვილ ნებას არ შეესაბამება (სულიერი ავადმყოფობა) ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ.). ასეთ შემთხვევაში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანამდევი შედეგებისგან.

მოცემულ საქმეზე, როგორც აღინიშა, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა სარჩელში დასახელებულ გარემოებებს და სადავოდ გამხდარ გარიგებაში ვ-–---------------–---–ის მიერ გამოვლენილ ნებას არანამდვილად აქცევდა.

 

27. სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რაც მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მოტყუების ფაქტს დაადასტურებდა.

ამდენად, რაიონულმა სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არ იყო დადებული მოტყუებით, არ ეწინააღმდეგებოდა კანონს (სსკ-ის 54-ე მუხლი) და გამოხატავდა მხარეთა რეალურ ნებას.

 

28. ვინაიდან, არ არსებობს სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი, პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასარჩელო მოთხოვნას კანონიერი გარიგების შედეგად განკარგული უძრავი ნივთის ვ-–---------------–---–ის საკუთრებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

 

29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ვ-–---------------–---–ის და ე--------------–--ის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ წინამდებარე საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

30. აპელანტები, საქართველოს სსკ-ის 46.1 მუხლი ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ვ-–---------------–---–ისა და ე--------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გ. გიორგიშვილი