განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210116001239148
საქმე №2ბ/4315-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 ოქტომბერი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე, მომხსენებელი _ გოდერძი გიორგიშვილი
მოსამართლეები _ ნათია გუჯაბიძე
ვანო წიკლაური
სხდომის მდივანი _ მაკა ბუიღლიშვილი
აპელანტი – შპს ,,M-------------’’ (მოსარჩელე)
წარმომადგენელი – ი--------------ე
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ე----------------–--ი“ (შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–---------------------ს’’ უფლებამონაცვლე) (მოპასუხე)
წარმომადგენელი – მ------–----–--ე
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისი გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს “M------------”-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–---------------------ს“ მიმართ და მოპასუხისათვის 152 380.00 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
2. შპს “M------------”-ი სარჩელს შემდეგ გარემოებებზე აფუძნებდა:
2006 წლის 1 თებერვალს, კომერციულ კონკურსში გამარჯვების შედეგად, 10 წლის ვადით, 2016 წლის 1 თებერვლამდე იჯარით გადაეცა „მ----–---–--------–---------–-----–--------–---------------------ს" კორპუსის პირველ და მეორე სართულზე განთავსებული 4------- ფართი. წლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 2 160 ლარით. 2006 წლის 7 თებერვალს, მხარეთა შორის შეთანხმების საფუძველზე, მოსარჩელეს ნება დაერთო განეხორციელებინა სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები. 2006 წლის 10 თებერვალს მოსარჩელესა და შპს „M-------ას“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის შესახებ, რომლის თანახმად, ერთობლივი სააფთიაქო საქმიანობა 2016 წლამდე განხორციელდებოდა საავადმყოფოსაგან მიღებულ საიჯარო ფართში.
2006 წლის 20 აპრილს გაფორმდა 2----–-–---------------–ის ხელშეკრულების დანართი N2, რომლის თანახმად, საიჯარო ფართში ჩატარებული სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 14 402 ლარი და საიჯარო ხელშეკრულების ვადამდე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ბრალეულ მხარეს ეკისრებოდა მეორე მხარისათვის მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურება.
მოსარჩელის განმარტებით, 2009 წლის 5 იანვარს მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება 2006 წლის 1 თებერვლის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე და საიჯარო ქირა ნაცვლად 2 160 ლარისა, განისაზღვრა 9 600 ლარით. 2010 წლის 9 დეკემბერს საავადმყოფომ წერილობით მიმართა მოსარჩელეს საავადმყოფოში მიმდინარე სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად და კლინიკის საჭიროებიდან გამომდინარე, საიჯარო ფართის დანიშნულებისა და ფუნქციის შეცვლის საჭიროების გამო, საავადმყოფოს პირველ სართულსა და სარდაფში ალტერნატიული 4------- ფართით ჩანაცვლების შესახებ. ამასთან, აღნიშნულზე უარი მოპასუხის მიერ განიხილებოდა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად.
2010 წლის 23 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების 1.2 მუხლში შევიდა ცვლილება, კერძოდ, საიჯარო ფართი განისაზღვრა-ცენტრალური საავადმყოფოს კორპუსის პირველ სართულზე მდებარე 1------. და სარდაფში მდებარე 2------- ფართით. ამავე შეთანხმებით, მხარეს ეკისრებოდა ვალდებულება ერთი თვის განმავლობაში ჩაეტარებინა ახლად გამოყოფილ ფართში სარემონტო სამუშაოები, რომლის ღირებულება მომდევნო წლის საიჯარო ქირიდან არ გამოიქვითებოდა.
ტერიტორიაზე, საიდანაც მოპასუხის მოთხოვნით გადატანილ იქნა მოსარჩელის აფთიაქი, სააფთიაქო საქმიანობის განხორციელება დაიწყო საფთიაქო ქსელმა „ა-----მა“, რომელმაც საფრთხის წინაშე დააყენა კომპანიის საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელება და რეალიზაციის შემცირების შედეგად მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, საერთო ჯამში 152 380 ლარი.
3. მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2010 წლის ბოლოს დადგა აუცილებლობა კლინიკის ფუნქციონირებისა და შემდგომი განვითარებისათვის ჩატარებულიყო სარეკონსტრუქციო სამუშაოები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მ----–---–--------–---------–-----–--------–--------------------ომ“ შპს „M------------”-ს შესთავაზა დაკავებული ფართის სანაცვლოდ ალტერნატიული ფართის გადაცემა, რაზეც მოპასუხე მხარემ ყოველგვარი ძალდატანების გარეშე განაცხადა თანხმობა. შედეგად, მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე, შედგა გარიგება, რომლის ნამდვილობაშიც ეჭვის შეტანის კანონიერი საფუძველი არ არსებობს. გარიგების ბათილობას იწვევს იძულება, ძალადობა/მუქარა, რომელიც ატარებს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე - აფიქრებინოს მას, რომ მას ან/და მის ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. მოცემულ შემთხვევაში ძალადობას ან მუქარას და არც სხვა რაიმე მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას ადგილი არ ჰქონია. ამასთან, მოსარჩელემ საკუთარი ნებით განახორციელა რემონტის ხარჯების გაწევა საიჯარო ქირიდან გაქვითვის გარეშე.
რაც შეეხება საიჯარო ფართის შეცვლის შემდგომ დამდგარ ზიანს, წარმოდგენილი დეკლარაციებით ირკვევა, რომ 2011 წელი მოსარჩელისათვის უკვე ზარალიანია და მეტიც, 2011 და 2012 წლების გამოქვითვების გადამეტება ერთობლივ შემოსავალზე თითქმის ტოლია (2011 წელს - 14 210.23 ლარი; 2012 წელს - 15 378.67 ლარი) ფართის ცვლილებისა და შპს „ა-----ი - გეოფარმის“ ფუნქციონირების პირობებშიც კი, 2012 წელთან შედარებით (ზარალი - 15 378.67 ლარი) 2013 წელს მოსარჩელის მიერ განცდილი ზარალი გაცილებით ნაკლებია (9 003.92 ლარი), ხოლო 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, დაახლოებით სამჯერ მცირდება ( 3 106.24 ლარი).
მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რომ ზიანი გამოწვეულია ახალ ფართში გადასვლით. შპს „ა-----ი-გ----------მ" საავადმყოფოსთან ხელშეკრულება გააფორმა 2012 წლის 28 მაისს. მოსარჩელის მოგება წინა წლების განმავლობაშიც კლებულობდა და 2010 წელი, ფართის ცვლილებამდე, მოსარჩელემ დაასრულა ზარალით.
ამასთან, მოიჯარეს წარმოადგენდა შპს ,,M-------------’’, თუმცა, საიჯარო ფართში სააფთიაქო საქმიანობას ეწეოდა შპს "M-------ა", რომლის დაქვემდებარებაშია რამდენიმე აფთიაქი და არ დასტურდება ზიანის მიყენება იაშვილის კლინიკის მიერ. შპს „ა--------------–--------ა ბ---–---–--------------ას" დასკვნა არსებითად მცდარად შედგენილი დოკუმენტია და ზიანის მიყენების დასადასტურებლად არ გამოდგება.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით შპს “M------------”-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ არ არსებობდა, საიჯარო ფართის ადგილმდებარეობის ცვლილებიდან გამომდინარე, შპს "M------------"-ის სავარაუდო მიუღებელი მოგებისა და დამდგარი ზარალის სახით ჯამში 152 380 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ საიჯარო ფართის ცვლილებაზე თანხმობა განაპირობა მოპასუხის მხრიდან გარკვეული სახის იძულებამ. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ იყო.
ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ შპს „ა--------------–--------ა ბ---–---–--------------ას" დასკვნა არ მიიჩნია მოპასუხის ქმედებით მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად.
6. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “M------------”-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
7. შპს “M------------”-ის სააპელაციო საჩივარი შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:
სასამართლომ შეაფასა ხელშეკრულების დანართი N2-ის მხოლოდ ერთი ნაწილი და ყურადღება არ გაამახვილა დანართში მითითებულ იმ დათქმაზე, რომ საიჯარო ხელშეკრულების ვადამდე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ბრალეულ მხარეს ეკისრებოდა მეორე მხარისათვის მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურება.
აპელანტმა მიუთითა იჯარის ხელშეკრულების 2.7 პუნქტზე („მეიჯარე" ვალდებულია არ განახორციელოს ისეთი სახის საქმიანობა, რომელიც ზიანს მიაყენებს მოიჯარეს ინტერესებს) და განმარტა, რომ მოიჯარის ინტერესს ეწინააღმდეგებოდა შპს „მ----–---–--------–---------–-----–--------–---------------------ს" ტერიტორიაზე მეორე აფთიაქის შემოყვანა, რამაც ზიანი მიაყენა მოიჯარის ინტერესს. ამასთან, მოიჯარე გადაყვანილ იქნა სხვა, ვაჭრობისთვის შეუფერებელ ადგილას, შემოყვანილ აფთიაქს კი დაეთმო ის ტერიტორია, რომელზეც მანამდე შპს “M------------” ფუნქციონირებდა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ დარღვეულია იჯარის ხელშეკრულების 2.7 პუნქტით გათვალისწინებული პირობა. ამ კუთხით, სასამართლოს უნდა ემსჯელა იაშვილის კლინიკის არაკეთილსინდისიერ ქმედებაზე.
აპელანტმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394.1, 408-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ 2011-2012 წლებში განიცადა 29 588 ლარის ოდენობის ზარალი, ამასთან მან გასწია სარემონტო სამუშაოების ხარჯი, რომელმაც შეადგინა 7 511 ლარი, შესაბამისად, მოსარჩელეს ფაქტობრივად მიადგა 37 107 ლარის ზიანი. აღნიშნული ზიანი პირდაპირ კავშირშია მეიჯარის მიერ განხორციელებულ ქმედებებთან.
აპელანტი მართლსაწინააღმდეგო მოქმედებად მიიჩნევს მოპასუხის მიერ ხელშეკრულების 2.7. პუნქტით ნაკისრი ვალდებულების დარღვევას, მისივე მითითებით, დამდგარი ზიანი შეადგენს - 37 107 ლარს. რაც შეეხება მიზეზობრივ კავშირს, აღნიშნული გამოიწვია ახალი აფთიაქის შემოსვლამ და შპს “M------------” -ის ადგილის ცვლილებამ.
აპელანტმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ აუდიტის დასკვნის მიხედვით, რომ არა ყოველივე ზემოთქმული, მოსარჩელე მხარის მოგება 2011-2012 წლებში იქნებოდა 35 376 ლარი (17 688 ლარი ერთი წლის განმავლობაში).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
8. 2----–-–----------------–ს სს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–---- საავადმყოფოსა“ (მეიჯარე) და შპს „M------------“-ს (მოიჯარე) შორის, 10 წლის ვადით, 2016 წლის 01 თებერვლამდე გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება.
ხელშეკრულების თანახმად, ,,მეიჯარემ’’ აფთიაქის ფუნქციონირებისათვის იჯარით გადასცა ,,მოიჯარეს’’ სს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–---- საავადმყოფოს’’ ბალანსზე რიცხული 4------- ფართი, მდებარე, ბ--–-----–--------–---------------------ს ც--------–----------------------–-------------------–ზე (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. N26).
ხელშეკრულების 2.7 პუნქტით, მეიჯარემ - სს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–--------------------ომ“ აიღო ვალდებულება, არ განეხორციელებინა ისეთი სახის საქმიანობა, რომელიც ზიანს მიაყენებდა მოიჯარის - შპს „M------------“-ის ინტერესებს.
ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, საიჯარო ქირის ოდენობამ შეადგინა 2 160 ლარი ყოველწლიურად (ტომი 1, ს.ფ. 17-20).
9. 10.02.2006 წელს შპს „M------------“-სა და შპს „M-------ა“-ს შორის გაფორმდა ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ განახორციელებდნენ სამედიცინო საქონლის რეალიზაციას საცალო სავაჭრო ქსელში. ამ საქმიანობის განხორციელებისათვის გამოიყენებდნენ შპს „M------------“-ის მიერ იჯარით აღებულ ფართს, მდებარე, ქ-------–--–----–----–--------------ში. ერთობლივი საქმიანობის მართვას განახორციელებდა შპს „M-------ა“ (ტომი 1, ს.ფ. 23-26).
10. 2----–-–---------------–ის საიჯარო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად საიჯარო ფართზე სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობიდან გამომდინარე და საიჯარო ხელშეკრულების 4.3 ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი ნებართვის მისაღებად მოიჯარემ თხოვნით მიმართა მეიჯარეს, რაზედაც მიიღო თანხმობა (ტომი 1, ს.ფ. 22).
11. შპს „M------------“-ს და შპს „M-------ა“-ს შორის 2----–-–----------------–ს გაფორმებული ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „M-------ა“-მ უზრუნველეყო საიჯარო ფართზე სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოების ჩატარება საერთო ღირებულებით 14 402.00 ლარი (ტომი 1, ს.ფ. 22).
12. 2----–-–---------------–ის საიჯარო ხელშეკრულების #2 დანართის მიხედვით, რომელიც გაფორმებულია 2006 წლის 20 აპრილს და ხელმოწერილია მოდავე მხარეთა და შპს „M-------ა“-ს დირექტორების მიერ, შპს „M------------“-მა აიღო ვალდებულება, დროულად მიეღო ნებართვები და შპს „M-------ასთან“ გაფორმებული ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში უზრუნველეყო აფთიაქის ფუნქციონირება საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების ვადის ბოლომდე. ამასთან, დადგინდა ვალდებულება, რომ საიჯარო ხელშეკრულების ვადამდე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, გარდა საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისიწნებული შემთხვევებისა, ბრალეულ მხარეს სრულად აენაზღაურებინა მეორე მხარისათვის მიყენებული ზარალი (ტომი 1, ს.ფ. 22; 0--------- წლის საიჯარო ხელშეკრულების დანართი N2).
13. 05.01.2009 წელს სს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–---- საავადმყოფოსა“ და შპს „M------------“-ს შორის გაფორმდა შეთანხმება 2----–-–---------------–ის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის მიხედვით, ცვლილება შევიდა ამ ხელშეკრულების 5.2 პუნქტში, კერძოდ, წლიური საიჯარო ქირა 01.01.2009 წლიდან ნაცვლად 2160 ლარისა, განისაზღვრა 9600 ლარით (ტომი 1, ს.ფ. 27; 05.01.2009 წლის შეთანხმება).
14. 09.12.2010 წელს, სს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–---- საავადმყოფოს“ გენერალურმა დირექტორმა შპს „M------------“-ს წერილობით აცნობა, რომ საავადმყოფოში იგეგმებოდა მასშტაბული სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც მნიშვნელოვანი იყო კლინიკის ფუნქციონირებისა და შემდგომის განვითარებისათვის. სარეკონსტრუქციო სამუშაოები ასევე ეხებოდა 2----–-–----------------–ს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „M------------“-ს სარგებლობაში არსებულ ფართს. სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად და კლინიკის საჭიროებიდან გამომდინარე, დაგეგმილი იყო საიჯარო ფართისათვის დანიშნულების და ფუნქციის შეცვლა. შესაბამისად, საავადმყოფომ შპს „M------------“-ს შესთავაზა ალტერნატიული ფართი, მდებარე, კლინიკის ამავე კორპუსის 1-ელ სართულზე და სარდაფში, რომლის ფართობი ასევე განისაზღვრა 4--------თი. ამასთან, ამავე წერილით მოიჯარეს ეცნობა, რომ იმ შემთხვევაში, თუ უარს განაცხადებდა ამ პირობაზე, ან 5 სამუშაო დღის ვადაში წერილობით არ აცნობებდა პასუხს, აღნიშნული ქმედება განხილული იქნებოდა, როგორც იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი (ტომი 1; ს.ფ. 28; 09.12.2010 წლის წერილი).
15. 23.12.2010 წელს სს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–---- საავადმყოფოსა“ და შპს „M------------“-ს შორის გაფორმებული შეთანხმებით 2----–-–---------------–ის საიჯარო ხელშეკრულების 1.2 პუნქტში შევიდა ცვლილება იმდაგვარად, რომ იჯარის ხელშეკრულებით გათვალისიწნებულ გადასაცემ ფართს წარმოადგენდა ბ--–-----–--------–---------------------ს ც--------–----------------------– სართულზე მდებარე 1------. და სარდაფში მდებარე 2------- ფართი. ამასთან, მოიჯარემ ივალდებულა ჩანაცვლებულ ფართში სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რომლის ხარჯი არ გამოიქვითებოდა მომდევნო წლების საიჯარო ქირიდან (ტომი 1, ს.ფ. 29; შეთანხმება).
16. 28.05.2012 წელს „მ----–---–--------–---------–-----–--------–---------------------სა" და შპს „ა-----------------ს" შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „ა-----------------ს" სარგებლობაში გადაეცა საავადმყოფოს პირველ სართულზე მდებარე 38.5 კვმ. ფართი, სამი წლის ვადით, ყოველთვიური ქირა განისაზღვრა 1 540 ლარით. მხარეები არ დავობენ, რომ შპს "ა-----------------ისათვის“ გადაცემული იქნა სწორედ ის ფართი, რომელსაც მანამდე იჯარით ფლობდა მოსარჩელე და რომელიც, კომერციული თვალსაზრისით, უფრო უკეთეს ადგილზეა განთავსებული (ტომი 1; ს.ფ. 161-163; 28.05.2012 წლის ხელშეკრულება).
17. პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა 0--------- წელს მოდავე მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების 2.7 პუნქტის („მეიჯარე ვალდებულია არ განახორციელოს ისეთი სახის საქმიანობა, რომელიც ზიანს მიაყენებს მოიჯარის ინტერესებს“) დარღვევას.
კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ 09.12.2010 წლის წერილით მოპასუხე მოსარჩელეს ატყობინებდა, რომ სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად და კლინიკის საჭიროებიდან გამომდინარე, დაგეგმილი იყო საიჯარო ფართისათვის დანიშნულების და ფუნქციის შეცვლა, რეკონსტრუქტიის შემდეგ, მითითებული ფართი, ყოველგვარი ფუნქციისა და დანიშნულების შეცვლის გარეშე, მოსარჩელემ იჯარით გადასცა შპს „ა-----------------ს", რომელიც წარმოადგენს მოსარჩელის კონკურენტ საწარმოს, ამასთან, საიჯარო ქირად ახალ მოიჯარეს განუსაზღვრა 1 540 ლარი, 8 060 ლარით ნაკლები, ვიდრე, მოსარჩელე მარისათვის ჰქონდა დაწესებული.
პალატის მოსაზრებით, მოპასუხე მხარის ეს ქმედება გამართლებული ვერ იქნება იმ გარემოებით, შპს „ა-----------------ი", მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, იყო სს „მ----–---–--------–---------–-----–--------–---------------------ს" აქციონერი.
18. პალატა აღნიშნავს, რომ კეთილსინდისიერების პრინციპი სათავეს იღებს რომის სამართლიდან. პრინციპი “bona fides“, რომელიც კეთილსინდისიერებას ნიშნავს, მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა „ius civile“-სა და რომაულ სამართლებრივ აზროვნებაში. ტერმინ “bona fide“-ს (“fides“) საქმიან ურთიერთობებში გამოყენება ნიშნავდა, რომ მხარეები საკუთარ პირობას თუ მიცემულ სიტყვას იცავდნენ და დაიცავდნენ, წინააღმდეგ შემთხვევში, დაზარალებული მხარე უფლებამოსილი იყო წარედგინა საჩივარი, ე.წ. პრეტენზია (“ex fide bona“) და, მოცემული პრეტენზიის საფუძველზე, კონტრაჰენტისაგან ვალდებულების იძულებითი აღსრულება მოეთხოვა.
თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას.
კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორი მუხლი მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედია. აღნიშნული ნორმები საშუალებას იძლევა ნებისმიერი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასდეს. გარდა აღნიშნულისა, კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა.
კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს.
იურიდიულ ლიტერატურაში გაბატონებული შეხედულების მიხედვით, კეთილსინდისიერების პრინციპს სამი ფუნქცია ეკისრება:
1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე;
2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის ხარვეზის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე ხელშეკრულების პირობათა (რომლებიც მხარეთა მიერ ან/და კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია;
3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და „მაკორექტირებელი“ ფუნქცია.
კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა (სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად) საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი - ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე - ვალდებულებისაგან გათავისუფლებით (იხ.სუსგ. #ას-1338-1376-2014, 29 ივნისი, 2015 წ.).
19. მოცემულ შემთვევაში, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოპასუხე მხარის ქმედებას მოსარჩელე მხარის მიმართ, პალატა არაკეთილსინდისიერად მიიჩნევს. კერძოდ, სს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–--------------------ომ“, განახორციელა ისეთი სახის მოქმედება, რომელმაც ზიანის მიყენების საფრთხე შეუქმნა მის კონტრაჰენტს, შპს „M------------“- ს.
20. თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით შპს “M------------” მოითხოვდა შპს ,,მ----–---–--------–---------–-----–--------–---------------------სათვის“ ზიანის სახით 152 380 ლარის დაკისრებას. მოსარჩელის მითითებით, საიჯარო ფართში „ა-----ის“ სააფთიაქო საქმიანობის განხორციელებით, საფრთხის წინაშე დადგა კომპანიის საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელება და რეალიზაციის შემცირების შედეგად მას მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, საერთო ჯამში 152 380 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ ამ მოთხოვნის დასადასტურებლად პირველი ინსტანციის სასამართლოში შპს „ა--------------–--------ა ბ---–---–--------------ას" 2018 წლის 13 მარტის დასკვნა წარადგინა (ტ. 1, ს.ფ. 301-302).
21. პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ, ას-1529-1443-2012, ას-973-1208-04, ას 664-635-2016).
მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.
22. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნისა და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ პირველ რიგში, უნდა გაირკვევს მიყენებული ზიანის შინაარსი და მისი ანაზღაურებისათვის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წინაპირობების არსებობა.
23. სამოქალაქო კოდექსის 394‐ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტისა და განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების, ასევე, მოპასუხის ქმედებასა და ამ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა.
24. პალატა განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა‐ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408‐ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.
სამოქალაქო კოდექსის 411‐ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408‐ე მუხლში მოცემული ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
სამოქალაქო კოდექსის 412‐ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (სუსგ. 11.06.2012, #ას‐630‐593‐2012). ანალოგიურ დათქმებს შეიცავს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101‐ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7‐ე (1) მუხლები.
მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (სუსგ. 24.10.2011, #ას‐307‐291‐2011).
25. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი განამტკიცებს ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს დარღვევისას (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და ანიჭებს კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, ხოლო მისი გამოყენების წინაპირობებია - მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და ზიანი. ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი და არა არაპირდაპირი ზიანი. პირდაპირ ზიანს მიეკუთვნება როგორც დადებითი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი. არაპირდაპირი ზიანი, ეს ისეთი ზიანია, რომელიც გონივრული ვარაუდის ცნებიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა სავარაუდო საერთოდ მოვალისათვის. როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. პალატა განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ განხორციელდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე. ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ იარსებებდა ვალდებულების დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, ე.ი. ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან მიმართებით, სასამართლომ უპირველესად, უნდა შეაფასოს ზიანის, როგორც მეორადი მოთხოვნის, წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლების არსებობა (სუსგ №ას-167- 163-2016, 01.07.2016).
26. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394.1 და 408.1 მუხლებით გათვალისწინებული ზიანის დაკისრების წინაპირობები. კერძოდ, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის ზემოაღნიშნული ქმედებით (მოსარჩელის სხვა ფართში გადაყვანა და ძველ ფართში კონკურენტი ფირმის შეყვანა) მისთვის კონკრეტული ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი (უშუალო მიზეზობრივი კავშირი).
27. პალატა განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება, უმეტესწილად, დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები საქართველოს სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს სასამართლის პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან (იხ. სუსგ, Nას-1298-2018, 22.03.2019წ.)
28. პალატა განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მათ მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა სარჩელის საგანი – მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა.
მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ. 64).
29. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ იცოდნენ და ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; niderost-huber v. Switzerland, § 24; k.s. v. finland § 21; ასევე, სუსგ №ას-1191-1133-2014, 14 მაისი, 2015 წელი).
30. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოსარჩელე მხარე მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების (ზიანის ოდენობა, მიზეზობრივი კავშირი) დასადასტურებლად მიუთითებს ა--------------–--------ა "ბ---–---–--------------ას" 13.03.2018 წლის დასკვნაზე, რომლის თანახმად, საიჯარო ფართის ადგილმდებარეობის ცვლილებიდან გამომდინარე, შპს "M------------"-ის სავარაუდო მიუღებელი მოგება და დამდგარი ზარალი ჯამში შეადგენს 152 380 ლარს (ტომი 1, ს.ფ. 301-302; აუდიტორული დასკვნა).
31. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა სახეები, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავად არის განსაზღვრული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით. არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. აგრეთვე, არცერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობის თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არამარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო.
პალატა განმარტავს, რომ ექსპერტის/აუდიტის დასკვნა წარმოადგენს დასაშვები მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს და სასამართლო თავისი მოტივირებული გადაწყვეტილებით ასაბუთებს აღნიშნული მტკიცებულების გაზიარების ან მისი უარყოფის მართლზომიერებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება იმავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით.
32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასების წესი. კერძოდ, მოცემული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს.
ამასთან, ექსპერტიზის/აუდიტის დასკვნის შეფასებისას (იმდებად, რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში. მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ - მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ საქმეზე №ას-406-383-2014; 2015 წლის 17 აპრილი).
ექსპერტის დასკვნის თუ აუდიტორული დასკვნის შემოწმება და შეფასება მტკიცების პროცესის აუცილებელი პირობაა. ექსპერტის დასკვნის უარყოფა ან გამოყენება მტკიცებულებად არ შეიძლება, თუ იგი არ იქნება შემოწმებული და შეფასებული 105-ე მუხლის შესაბამისად. ექსპერტის დასკვნა კრიტიკულად უნდა შეფასდეს, როგორც ცალკე აღებული, ასევე საქმეზე მოპოვებული ყველა სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობაში (იხ. სუსგ საქმეზე №ას-633-966-07).
პალატა მიიჩნევს, რომ სწორედ ამ თვალსაზრისით უნდა შეფასდეს საქმეში წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა.
33. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნის შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ იგი არ წარმოადგენს სარწმუნო და დამაჯერებელ მტკიცებულებას იმ გარემოების დასადგენად, რომ მოსარჩელის მიერ 2010-2016 წლების ზარალით დასრულება გამოწვეულია ახალ ფართში გადასვლითა და მოპასუხის მიერ შპს ,,------------------თან’’ იჯარის ხელშეკრულების გაფორმებით.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დასკვნის სამოტივაციო ნაწილზე, სადაც აღნიშნულია, რომ 2011 წლამდე, სანამ მოხდებოდა ფართის მონაცვლეობა შპს ,,M------------’’-ის დასაბეგრი მოგება, 2006-2010 წლების დეკლარაციების მიხედვით, შეადგენდა 85 892 ლარს. აქედან გამომდინარე, 1 საშუალო სტატისტიკური წლის მოგება აღნიშნულ პერიოდში შეადგენდა 17 178 ლარს, ხოლო, ერთი საშუალო სტატისტიკური თვის მოგება - 1 431 ლარს. ხელშეკრულების შემდეგ პერიოდში, ანუ, ფართის მონაცვლეობის შემდეგ, რომ არა კლინიკის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად დამდგარი ცვლილებები, შპს ,,M------------’’-ის მოგება სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო 85 892 ლარი, მაგრამ მოგების ნაცვლად, შემდეგ პერიოდში, ზემოხსენებული მიზეზის გამო, ფირმას მიადგა ზარალი 66 488 ლარის ოდენობით (2011-2016 წლების დეკლარაციები). ამდენად, სავარაუდო მიუღებელი მოგების და დამდგარი ზარალის ანაზღაურება ჯამში შეადგენს 152 380 ლარს.
ამდენად, მითითებული აუდიტორული დასკვნა ეფუძნება შპს ,,M------------’’-ის 2006-2016 წლების მოგების გადასახადის წლიურ დეკლარაციებს (ტ. 1, ს,ფ. 37-47).
34. პირველ რიგში, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აუდიტორმა დასაბეგრი მოგება გამოიანგარიშა 5 წელზე ჯამურად, კერძოდ, 2006-2010 წლების დეკლარაციების მიხედვით და დაასკვნა, რომ ამ პერიოდის ჯამური მოგება შეადგენდა 85 892 ლარს. შესაბამისად,1 საშუალო სტატისტიკური წლის მოგება აღნიშნულ პერიოდში იყო 17 178 ლარი, ხოლო, ერთი საშუალო სტატისტიკური თვის მოგება - 1 431 ლარი.
ამდენად, აუდიტორმა დასაბეგრი მოგება გამოიანგარიშა რა 5 წელზე ჯამურად, კერძოდ, 2006-2010 წლების დეკლარაციების მიხედვით, მიღებული შედეგი გაყო 5 წელზე და ამის შემდეგ დაადგინა, რომ ყოველწლიური მოგება აღნიშნულ პერიოდში შეადგენდა 17 178 ლარს, ხოლო, ერთი საშუალო სტატისტიკური თვის მოგება - 1431 ლარს.
35. პალატა მიიჩნევს, რომ აუდიტის დასკვნა, რომელიც ზიანის ნაწილში 2006-2010 წლების დეკლარაციებს, კერძოდ, ამ წლებში მიღებული მოგების ჯამურ შეფასებას ეფუძნება, ვერ გამოდგება სადავო გარემოების დასამტკიცებლად, ვინაიდან, კონკრეტულ შემთხვევაში, ზიანის ოდენობისა და მიზეზობრივი კავშირის დასადგენად, სადავო პერიოდში მიღებული მოგება უნდა განისაზღვროს დინამიკაში, თითოეული წლის (2006 წლიდან - 2010 წლამდე) დეკლარაციების ანალიზის შედეგად.
36. ამ კუთხით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებში წარმოდგენილ დეკლარაციებზე, რომელთა ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ შპს ,,M------------’’-მა მოგებით დაასრულა: 2006 (მოგება: 10 601 ლარი), 2007 (მოგება: 38 641 ლარი), 2008 (მოგება: 39 752 ლარი) და 2009 (მოგება - 8 467.83 ლარი) წლები. რაც შეეხება დანარჩენ წლებს, შპს ,,M------------’’-სათვის, ზარალიანი აღმოჩნდა, კერძოდ, 2010 წელში ზარალმა შეადგინა 9 020 ლარი, 2011 წელს - 14 210.23 ლარი და 2012 წელს - 15 378.67 ლარი.
37. მოდავე მხარეთა შორის შეთანხმება ფართის ცვლილებასთან დაკავშირებით, გაფორმებულია 2010 წლის 23 დეკემბერს. აღნიშნული მიუთითებს მასზედ, რომ მოსარჩელე მხარე 2010 წლის განმავლობაში იმყოფებოდა ძველ ფართში, თუმცა, 2010 წლის დეკლარაციის მიხედვით, მან წელი ზარალით დაასრულა (გამოქვითების გადამეტება ერთობლივ შემოსავალზე შეადგენს 9 020 ლარს).
ამასთან, საგულისხმოა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ 2008 წელს მიღებული მოგება (39 752 ლარი) უკვე 2009 წელს შემცირდა 31 284 ლარით და შეადგინა მხოლოდ 8 467.83 ლარი. ამდენად, აღნიშნულით დასტურდება, რომ მოსარჩელეს ფინანსური პრობლებები შეექმნა ჯერ კიდევ ფართის ცვლილებებამდე ანუ მოპასუხის მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედების განხორციელებამდე, ამ ფაქტისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით (ნიშანდობლივია, რომ თვით მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით, 2009 წელს შემოსავლის შემცირება გამოწვეული იყო ეკონომიკური კრიზისითაც. ტ. 1, ს.ფ. 339).
რაც შეეხება 2011 და 2012 წლების ზარალით დასრულებას, აღნიშნულს კავშირი ვერ ექნება შპს ,,ა-----------------ის’’ მიერ სააფთიაქო საქმიანობის დაწყებასთან მოპასუხის კუთვნილ ფართში, ვინაიდან, შპს ,,ა-----------------თან’’ ,,საავადმყოფომ’’ ხელშეკრულება გააფორმა 2012 წლის 28 მაისს. ამასთან, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 2011 წელი მოსარჩელისათვის უკვე ზარალიანი იყო, უფრო მეტიც, 2011 და 2012 წლების გამოქვითების გადამეტება ერთობლივ შემოსავალზე თითქმის ტოლია (2011 წელს - 14 210 ლარი, 2012 წელს - 15 378,67 ლარი). მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოება, რომ ფართის ცვლილებისა და შპს ,,------------------ის’’ ფუნქციონირების პირობებშიც კი, 2012 წელთან შედარებით (ზარალი - 15 378.67 ლარი), 2013 წელს მოსარჩელე მხარის მიერ განცდილი ზარალი გაცილებით ნაკლებია (9 003.92), ხოლო, 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, დაახლოებით სამჯერ მცირდება (3 106.14 ლარი).
ამასთან, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ შპს "M------------"-ის სამეწარმეო საქმიანობა მხოლოდ მოპასუხისგან იჯარით გადაცემულ ფართში განხორციელებული საქმიანობით შემოიფარგლებოდა. უფრო მეტიც, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შპს „M-------ა“, მოპასუხისგან იჯარით აღებული ფართის გარდა, კიდევ არაერთ ლოკაციაზე ახორციელებდა სააფთიაქო საქმიანობას.
38. ამდენად, სააპელაციო სასამართლო, წარმოდგენილი აუდიტის დასკვნის შეფასების შედეგად, არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ შპს "M------------"-ის სავარაუდო მიუღებელი მოგება და დამდგარი ზარალი, ჯამში შეადგენდა 152 380 ლარს და აღნიშნული გამოწვეული იყო საიჯარო ფართის ადგილმდებარეობის ცვლილებიდან გამომდინარე.
39. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394.1 მუხლით გათვალისწინებული ზიანის დაკისრების წინაპირობები (მოსარჩელე ვერ ადასტურებს ზიანის კონკრეტულ ოდენობას და უშუალო მიზეზ-შედეგობრივ კავშირს).
სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
40. სააპელაციო საჩივრით შპს "M------------"-ი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე მხარეს წარდგენილი არ ჰქონდა აუდიტის დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცებულება, რაც სხვაგვარად დაადგენდა ზიანის ოდენობას, ან/და სრულად გამორიცხავდა მას.
პალატის მოსაზრებით, იმ მოცემულობაში, როდესაც თავად მოსარჩელე იურიდიულად სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებებით ვერ ადასტურებს მისი მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს (ზიანის ოდენობა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი), მოპასუხეზე მტკიცების ტვირთის გადატანის პროცესუალური წინაპირობა არ არსებობს.
41. სააპელაციო საჩივრის იმ არგუმენტებზე, რომლებსაც საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა ჰქონდა, პალატამ ზემოთ უკვე იმსჯელა.
ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
42. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, შპს “M------------”-ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ წინამდებარე საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, საქმეზე გამოტანილია არსებითად სწორი საბოლოო გადაწყვეტილება სარჩელზე უარის თქმის შესახებ.
43. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ხაზინაში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,M-------------’’-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე გ. გიორგიშვილი
მოსამართლეები ნ. გუჯაბიძე
ვ. წიკლაური