განაჩენი

სისხლის სამართლის 26.11.2019
საქმის ნომერი
330100119002931983
ინსტანცია
თარიღი
26.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002931983

საქმე N1ბ/1462-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26.11.2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე: ხვიჩა კიკილაშვილი

 

სხდომის მდივანი - მერი ლაბარტყავა, ნანა გიგიტაშვილი

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე: რ--------------------–--------–-------------------–---–ი

 

დაცვის მხარე: დ---- მ-------–---–ი

 

მსჯავრდებული: გ--- ა----–---–ი, დაბადებული - 1--- წლის 18 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, პირადი #0----------, მცხოვრები: ქ. თბილისი, ვ-–----–----–-----------------–----------------------------–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და „დ“ ქვეპუნქტები.

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ივლისის განაჩენით:

 

გ--- ა----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

გ--- ა----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 28 თებერვლიდან.

 

გ--- ა----–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 წლით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ--- ა----–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ---- მ-------–---–მა, აპელანტი ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.

 

აპელანტის პოზიციით პირველი ინსტანციის განაჩენი მსჯავრდებულ გ--- ა----–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან მსჯავრდებულმა უდაოდ სცნო საქმეში არსებული მტკიცებულებები, აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული და მიუხედავად ამ გარემოებებისა სასჯელად განესაზღვრა თავისუფლებს აღკვეთა.

 

ბრალდების მხარე არ დაეთანხმა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

გ--- ა----–---–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ჩადენილი არაერთგზის, დიდი ოდენობით.

 

რაც გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 დეკემბრის განაჩენით, გ--- ა----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. მან ნასამართლობის გაქარწყლებამდე კვლავ ჩაიდინა ნარკოტიკული დანაშაული, კერძოდ: 2019 წლის 28 თებერვალს, 15:20 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გ--- ა----–---–ის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას მე-2 კვარტალი, კორპუსი #1, ბინა #114-ში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი’’ საერთო წონით 0.01876 გრამი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ--- ა----–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ---- მ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა, აანალიზებს განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში უდაოდ ცნობილ მტკიცებულებებს (მოწმეების - ან--------------–---–----------–----------------------------–----------–---–-ს გამოკითხვის ოქმებს, 2019 წლის 28 თებერვლის ჩხრეკის ოქმს, 2019 წლის 28 თებერვლის ბინის ჩხრეკის ოქმს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 1 მარტის ექსპერტის №873/სქ-1007/ქრ დასკვნას და თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენება) და მიიჩნევს, რომ ბრალდების მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით გ--- ა----–---–ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების, კერძოდ, კი მის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს გ--- ა----–---–ი მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების შინაარსობრივი მხარე:

 

დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე სხვა რაიმე ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვნის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა.

 

საქართველოს კანონის ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” მე-3 მუხლის თანახმად ნარკოტიკული საშუალებაა - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის "რ " ქ/პუნქტის თანახმად სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ბრუნვაა – ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველ მცენარეთა დათესვა, მოყვანა, კულტივირება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა შექმნა, წარმოება, მომზადება, დამზადება-გადამუშავება, შენახვა, გადაგზავნა, გადაზიდვა (გადატანა), რეალიზაცია (საცალო და საბითუმო), განაწილება, შეძენა, გასაღება, ჩაბარება, გამოყენება, მოხმარება, განადგურება, შემოტანა, გატანა, იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი; ხოლო "წ" ქ/პუნქტით გასაღებაა – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემა ანაზღაურების სანაცვლოდ ან უფასოდ, მიუხედავად გადაცემის მიზნისა.

 

ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი’’ შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია II, №10 რეგისტრაციით. ამავე კანონის დანართის შენიშვნის შესაბამისად ”უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხაში”, 29-ე ნომრად რეგისტრირებულია -,,ბუპრენორფინი’’ და 0.0012 დან 0.012 გრამამდე ითვლება დიდ ოდენობად.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ--- ა----–---–მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“, რაც აღემატება ზემოაღნიშნული ნუსხით განსაზღვრულ 0.012 გრამს და შესაბამისად, წარმოადგენს დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას.

 

დადგენილია, რომ გ--- ა----–---–ს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმიანობის ნებართვა ნარკოტიკული საშუალება -,,ბუპრენორფინის’’ შეძენა, შენახვის არ გააჩნია.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ--- ა----–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი და დანიშნული სასჯელი სამართლიანია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ--- ა----–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვლისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ--- ა----–---–მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

გ--- ა----–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლში მითითებულია, თუ რა შემთხვევებში მიიჩნევა სასამართლოს განაჩენი კონონიერად, დასაბუთებულად და სამართლიანად: ,,1) განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში, 2) განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს და 3) განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.

 

სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

პალატა ზემოაღნიშნულ ნორმების გაანალიზების შემდეგ განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, რადგან თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ--- ა----–---–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელის ზომის შემცირების თაობაზე. სასამართლო ვერ დაეთანხმება აპელანტის პოზიციას, რომ გ--- ა----–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის შეუსაბამოდ მძიმე და არ არის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას სწორედაც რომ გაითვალისწინა გ--- ა----–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულების მოტივი და მიზანი, ნარკოტიკული საშუალების სახე და ოდენობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება და წარსულ ცხოვრება. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა გ--- ა----–---–მა აღიარა და მოინანია დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, რაც ბუნებრივია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია და გათვალისწინებულია სასჯელის დანიშვნისას.

 

განსახილველ შემთხვევაში გ--- ა----–---–ის მიერ ჩადენილია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც მომეტებული საფრთხის შემცველია და არღვევს ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრულ წესს, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის მიერ განსაზღვრული სასჯელი გ--- ა----–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მან გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც არ იყო ცნობილი სასჯელის განსაზღვრისას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ივლისის განაჩენი გ--- ა----–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: ნარკოტიკული საშუალებები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ--- ა----–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ---- მ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ივლისის განაჩენი გ--- ა----–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი:

 

გ--- ა----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

გ--- ა----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

გ--- ა----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 28 თებერვლიდან.

 

გ--- ა----–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 წლით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

ნივთმტკიცება:

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: ნარკოტიკული საშუალებები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ხვიჩა კიკილაშვილი