განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003166892
საქმე №1ბ/1739-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძე
სხდომის მდივანი - ნანა გიგიტაშვილი
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ------------ძე;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ე---------ე თ------ე, დაბადებული 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქ. თ---–--–-------------–-----------------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ქ. თ---–--–-------------–-------------------------------------------------ში;
ადვოკატი - ვ----–--------–---–ი;
დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილი - სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება;
სასჯელი: ჯარიმა - 3000 ლარი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ე---------ე თ------ემ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით განიზრახა, განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, კერძოდ - მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით იგი 2016 წლიდან 2018 წლის ჩათვლით პერიოდში სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას ე---------ე თ------ე ეწეოდა გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას. ე---------ე თ------ეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 19960 აშშ დოლარი და 22375 ლარი. მიღებულმა სარგებელმა სესხად გაცემულ 19960 აშშ დოლარზე შეადგინა 2448 აშშ დოლარი (შესაბამისი კურსით 6190,25 ლარი) და 22375 ლარზე - 3589 ლარი. აღნიშნული შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში ე---------ე თ------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით 2016-2018 წლების პერიოდზე გადასახდელად დაეკისრებოდა 1955,84 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენით ე---------ე თ------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ - მსჯავრდებულ ე---------ე თ------ის ადვოკატმა ვ----–--------–---–მა.
3. მხარეთა პოზიციები:
დაცვის მხარის პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენი უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად დადგინდეს გამამართლებელი განაჩენი. სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებული აღნიშნული მოთხოვნა დაცვის მხარემ დააფუძნა შემდეგ მსჯელობაზე: საქართველოს სსკ-ის 192 მუხლის პირველი ნაწილი დასჯადად აცხადებს სამეწარმეო საქმიანობას რეგისტრაციის, ნებართვის ან ლიცენზიის გარეშე ანდა სანებართვო ან სალიცენზიო პირობების დარღვევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ან რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. აღნიშნული მუხლის დისპოზიციაში ორაზროვნად არის მითითებული დანაშაულებრივი ქმედების ობიეტური მხარის სავალდებულო ნიშნებზე - ქმედებით გამოწვეული მნიშვნელოვანი ზიანის დადგომაზე და ამ ქმედებით დიდი შემოსავლის მიღებაზე, რაც მის შინაარსს ბუნდოვანს ხდის. აპელანტი მიიჩნევს, რომ არ არსებობს მუხლის დისპოზიციაში ორივე სავალდებულო ნიშნის ერთდროულად მითითების საჭიროება, ვინაიდან დანაშაულებრივი ქმედებით მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევის შემთხვევაში ისედაც გვექნება სახეზე დიდი ოდენობის შემოსავლის მიღების ფაქტი. ამიტომ დისპოზიციაში ქმედების ამ ორ ნიშანს შორის უნდა იყოს კავშირი „და“. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 192 მუხლის პირველ ნაწილს არ აქვს შენიშვნა იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს მნიშვნელოვანი ზიანი და დიდი ოდენობის შემოსავალი, როგორც ეს მითითებულია საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში და ცალსახადაა განსაზღვრული მნიშვნელოვანი ზიანის თუ დიდი ოდენობის შემოსავლის მოცულობა. თუმცა, სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში (იხ. მუხ.194 და 1941), დიდი ოდენობის შემოსავლად განსაზღვრულია თანხა ოცდაათი ათასი ლარიდან ორმოცდაათი ათას ლარამდე. მსჯავრდებულ ე---------ე თ------ის საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი კი ბევრად ჩამოუვარდება აღნიშნულ ოდენობას და იგი ათი ათას ლარსაც კი არ შეადგენს. აპელანტი მიიჩნევს, რომ სახეზეა ხარვეზი - შეუძლებელია იმის ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრა, თუ რა ზღვარს უნდა მიაღწიოს საქ. სსკ-ის 192-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებით გამოწვეულმა ზიანმა, რომ იგი მიჩნეული იქნას მნიშვნელოვნად ან შემოსავლის რა ოდენობა ჩაითვლება დიდ ოდენობად. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ შეიძლება, დადგენილად იქნას მიჩნეული ქმედების აღნიშნული მაკვალიფიცირებელი ნიშნების არსებობა, რის გამოც ე---------ე თ------ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამართლებელი განაჩენი.
დაცვის მხარემ სააპელაციო პალატას მიმართა ალტერნატიული მოთხოვნითაც სასჯელის შემსუბუქების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ პრველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას ყურადღება არ მიაქცია ე---------ე თ------ის ოჯახურ და მატერიალურ მდგომარეობას - იგი არის განქორწინებული და კმაყოფაზე ჰყავს მცირეწლოვანი შვილები და ასაკოვანი ავადმყოფი მშობლები, არის სოციალურად დაუცველი. დაცვის მხარემ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულის ქმედებით მიღებული უმნიშვნელო შემოსავლის გათვალისწინებით სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმა - 3000 ლარი აშკარად არაპროპორციული და უსამართლოა. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე მსჯავრდებულის მიერ მიღებული შემოსავალი უკვე დაიბეგრა ბიუჯეტის სასარგებლოდ, ასევე მსჯავრდებულს დაეკისრა საგადასახადო კანონმდებლობით გათავალისწინებული ფულადი სანქციებიც.
ბრალდების მხარის პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენი კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებელია და უნდა დარჩეს ძალაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სააპელაციო პალატა იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
4. მტკიცებულებების ერთობლიობა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).
საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ბრალდების მხარის მტკიცებულებები საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე.
მოწმეების - ი-–-----–----ს, ზ---------------–---–ის, ი-------------–---–ის, დ-------–------ის გამოკითხვის ოქმებით, ოქმით ინფორმაციის დათვალიერების შესახებ, დათვალიერების ოქმებით, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით, სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის თემატური რევიზიის აქტითა და საქმეში არსებულ სხვა წერილობითი მტკიცებულებებით, ასევე, ე---------ე თ------ის გამოკითხვის ოქმებით (აღიარებს ფაქტობრივ გარემოებებს - ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენას) დადგენილია, რომ ე---------ე თ------ემ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით განიზრახა, განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, კერძოდ - მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით თ------ე 2016 წლიდან 2018 წლის ჩათვლით პერიოდში სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიურ საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას ე---------ე თ------ე ეწეოდა გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას. ე---------ე თ------ემ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გასცა 19960 აშშ დოლარი და 22375 ლარი. მიღებულმა სარგებელმა სესხად გაცემულ 19960 აშშ დოლარზე შეადგინა 2448 აშშ დოლარი (შესაბამისი კურსით 6190,25 ლარი) და 22375 ლარზე - 3589 ლარი. აღნიშნული შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, ე---------ე თ------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით 2016-2018 წლების პერიოდზე გადასახდელად დაეკისრებოდა 1955,84 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. ქმედების კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
5. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
სააპელაციო პალატა იმსჯელებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილი, მათ შორის უდავო, მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამ თვალსაზრისით განაჩენი დასაბუთებულია, როდესაც განაჩენში წარმოდგენილი დასკვნები, როგორც მტკიცების ცალკეულ საგანთან მიმართებით, ასევე მთლიანობაში პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის თაობაზე გამომდინარეობს საქმის რეალური ფაქტობრივი გარემოებებიდან და შეესაბამება ამ გარემოებებთან დაკავშირებით საქმეში არსებულ სარწმუნო მტკიცებულებებს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, ესე იგი სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის, ნებართვის ან ლიცენზიის გარეშე, ანდა სანებართვო ან სალიცენზიო პირობების დარღვევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ან რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. აღნიშნული დანაშაულის დაცვის ობიექტია ის ურთიერთობები, რომლებიც აწესრიგებს სამეწარმეო საქმიანობას, აგრეთვე სახელმწიფოს ფინანსური ინტერესები, რადგანაც იგი ვერ იღებს მეწარმეთა რეგისტრაციისთვის დადგენილ ბაჟს, ლიცენზიის გაცემისთვის გადასახადს, ასევე - სამეწარმეო საქმიანობისთვის დადგენილ შესაბამის გადასახადებს. ობიექტურად აღნიშნული დანაშაული შესაძლებელია სხვადასხვა ფორმებში გამოიხატოს, კერძოდ: სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, სამეწარმეო საქმიანობა ნებართვის ან ლიცენზიის გარეშე და სამეწარმეო საქმიანობა სანებართვო ან სალიცენზიო პირობების დარღვევით. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის სავალდებულოა, რომ ქმედებამ გამოიწვიოს მძიმე შედეგი - 1. მნიშვნელოვანი ზიანი ან 2. დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ამასთან, სავალდებულოა მიზეზობრივი კავშირის დადგენა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
სააპელაციო პალატა ცალსახად არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, თითქოს სსკ-ის 192-ე მუხლის დისპოზიციაში არსებული ქმედების ობიექტური შემადგენლობის სავალადებულო ნიშანი - „მნიშვნელოვანი ზიანი“ და „დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“ ორაზროვანი და ბუნდოვანია, ვინაიდან ამგვარი ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის, თითქოსდა, კუმულაციურად იყოს საჭირო როგორც ქმედებით გამოწვეული მნიშვნელოვანი ზიანის, ასევე დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების არსებობა. აღნიშნულთან დაკავშირებით მართებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლის თანახმად, ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის საკმარისია ორი ალტერნატიული შედეგიდან ერთ-ერთის (ან ორივეს ერთდროულად) დადგომა - მნიშვნელოვანი ზიანის არსებობა ან დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას. დაუსაბუთებელია აპელანტის მტკიცება, თითქოს დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება ყოველთვის მიუთითებდეს მნიშვნელოვანი ზიანის არსებობაზე და პირიქით. სწორედ ამიტომ მუხლის დისპოზიციაში ქმედების ამ მაკვალიფიცირებელ ნიშნებს შორის მითითებულია კავშირი „ან“ და არა „და“, რაც გამორიცხავს ყოველგვარ ბუნდოვანებას მუხლის შინაარსთან მიმართებით, როგორც ამას აპელანტი მიუთითებს. რაც შეეხება იმას, რომ კანონმდებელი მოცემულ ნორმაში არ აკონკრეტებს ზიანის მნიშვნელოვნად, შემოსავლის კი დიდ ოდენობად მიჩნევისათვის საჭირო ზღვრულ ოდენობას, ეს არ წარმოადგენს ამ ნორმის ხარვეზს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების შინაარსიდან და ხასიათიდან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეფასების საგანს წარმოადგენს, არის თუ არა მითითებული მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებული ქმედებით გამოწვეული ზიანი მნიშვნელოვანი ან შემოსავალი - დიდი ოდენობის და ამ შეფასებას ახდენს ჯერ ბრალდების მხარე, შემდეგ კი - სასამართლო. მოცემულ შემთხვევაში რეგისტრაციის გარეშე განხორციელებული სამეწარმეო სასქმიანობის ინტენსივობა (გარიგებათა სიმრავლე), საქმიანობის პერიოდი (ორ წელიწადზე მეტი დრო), სესხად გაცემული თანხის მთლიანი ოდენობა (19 960 აშშ დოლარი და 22 375 ლარი) და მიღებული სარგებელი (2448 აშშ დოლარი - შესაბამისი კურსით 6190.25 ლარი და 3589 ლარი) ცალსახად მიუთითებს მუხლის დისპოზიციაში არსებულ ორივე ნიშნის არსებობაზე - როგორც მიყენებულ მნიშვნელოვან ზიანზე - აცდენილ ფულად შემოსავალზე 1955,84 ლარის ოდენობით, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს უნდა მიეღო, ისე - დიდი ოდენობის შემოსავალზე.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცეულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ე---------ე თ------ემ 2016 წლიდან 2018 წლის ჩათვლით პერიოდში გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გასცა დიდი ოდენობით ფულადი თანხა - 19960 აშშ დოლარი და 22375 ლარი და მის მიერ მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 2448 აშშ დოლარი (შესაბამისი კურსით 6190,25 ლარი) და 3589 ლარი. ე---------ე თ------ეს სახელმწიფოსთვის გადასახდელად დაეკისრებოდა 1955,84 ლარი, რაც არ გადაუხდია და ამით სახელმწიფო ბიუჯეტს მიყენა მნიშვნელოვანი ზიანი. ამდენად, სახეზეა საქართველოს 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა) შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც ე---------ე თ------ე ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ე---------ე თ------ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ე---------ე თ------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული და უნდა დარჩეს უცვლელი.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებული უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენი დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებული იქნა ასევე სწორედ სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნით.
სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქ. სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რითაც მსჯავრი დაედო ე---------ე თ------ეს, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.
ამდენად, სააპელაციო პალატა შეაფასებს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (ანგარება/შემოსავლის უკანონოდ მიღება), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ე---------ე თ------ე წლების განმავლობაში ეწეოდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას - ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ფიზიკურ პირებზე გასცემდა ფულად თანხებს საპროცენტო სარგებლის დარიცხვით), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის სურვილს, შემოსავლების დეკლარირების გვერდის ავლით მიეღო სარგებელი, აცნობიერებდა რა, რომ ამით სახელმწიფოს მიაყენებდა მნიშვნელოვან ზიანს) მის პიროვნებას (სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები მისი უარყოფითად დახასიათების შესაძლებლობას არ იძლევა. ამასთან, ე---------ე თ------ემ აღიარა ჩადენილი ქმედება და უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას) და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ე---------ე თ------ეს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს ჯარიმა.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.
ამდენად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ე---------ე თ------ის მატერიალური მდგომარეობის, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს სასჯელის - ჯარიმის ოდენობად განესაზღვროს 3000 ლარი, რაც სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს). პალატა აქვე უთითებს, რომ იმ გარემოებების არსებობა, რომლებზე მითითებითაც დაცვის მხარე ასაბუთებდა მსჯავრდებულის მძიმე ეკონომიურ მდგომარეობას და ითხოვდა დანიშნული ჯარიმის შემცირებას (რომ არის განქორწინებული, კმაყოფაზე ჰყავს ჰყავს მცირეწლოვანი შვილები და ასაკოვანი ავადმყოფი მშობლები, არის სოციალურად დაუცველი), საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს დაცვის მხარის არგუმენტაცია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეუსაბამობასთან დაკავშირებით მსჯავრდებულის მატერიალურ მდგომარეობასთან.
7. აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად ბრალდებულს ან მის სასარგებლოდ გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) და უძრავი ქონება, თუ ბრალდებული ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით;
ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილ ვადაში ე---------ე თ------ის გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ე---------ე თ------ის ადვოკატის ვ----–--------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ე---------ე თ------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
ე---------ე თ------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით;
ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ე---------ე თ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია; გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.
მსჯავრდებულ ე---------ე თ------ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს თბილისის სააღრულებო ბიუროს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვეფხია ლომიძე