განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.09.2019
საქმის ნომერი
050310118002302862
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნაგებობის დემონტაჟი
თარიღი
24.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №050310118002302862 (3/ბ-286-2019წ.)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

24 სექტემბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ხათუნა ხომერიკი

 

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ----- დ----ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება თ----- დ----ის სარჩელის უარყოფა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2018 წლის 13 თებერვალს თ----- დ----ემ სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა შენობის დემონტაჟის ნაწილში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის 2017 წლის 03 მაისის N1--- ბრძანების ბათილად ცნობა.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ თ----- დ----ე 2009 წლიდან ფლობს და სარგებლობს დ----------ში 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთით, რომელზეც აშენებულია ხის შენობა და ცხოვრობს მეუღლესთან - ე---- ბ---–----ესთან ერთად. მოსარჩელის სახლიდან ორი კილომეტის მოშორებით ცხოვრობს გ------–ი დ-------ე, რომელმაც წარმომადგენლის, რ----- ჩ-----ის მეშვეობით მიმართა ოზურგეთის გამგეობას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის მოთხოვნით, რის საფუძველზეც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და გამოიცა ბრძანება შენობა-ნაგებობის დემონტაჟისა და დამრღვევის 1000 ლარით დაჯარიმების შესახებ.

 

მოსარჩელის განმარტებით, ადმინისტრაციულ ორგანოს მესამე პირის განცხადების საფუძველზე არ უნდა დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება, რადგან არ იკვეთებოდა მესამე პირის, გ------–ი დ-------ის იურიდიული ინტერესი.

 

მოსარჩელის განმარტებით, ის სადავოდ არ ხდის დაკისრებულ ჯარიმას - 1000 ლარის ოდენობით და ამ ნაწილში ბრძანებას არ ასაჩივრებს. ამასთან ის აპირებს თვითნებურად დაკავებული მიწის დაკანონებას, შესაბამისად, ითხოვს არ მოხდეს მისი ერთადერთი თავშესაფრის დემონტაჟი.

 

მოპასუხე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნო და მისი უარყოფა მოითხოვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ----- დ----ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 03 მაისის ბრძანება N1--- უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის თაობაზე. ამავე გადაწყვეტილებით სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას .

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე 2009 წლიდან ფლობს და სარგებლობს დ----------ში 1 000 კვ.მ. მიწის ფართობს, რომელზეც აგებული აქვს შენობა და ცხოვრობს მეუღლესთან ერთად. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული იქნა ბრძანება შენობის დემონტაჟის თაობაზე. ვინაიდან მხარეს აქვს სამართლებრივი საფუძველი შენობის დაკანონებისა, ითხოვს დემონტაჟის ბრძანების გაუქმებას.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

 

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში ის ფაქტობრივი გარემოებები რაც შეიძლება გახდეს საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი არ არის დადგენილი და გამოკვლეული. ეს არის გარემოებები, რისი დადგენაც შესაძლოა გახდეს სხვაგვარი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და თ----- დ----ის სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

 

აპელანტის განმარტებით, „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დ----------ის ადმინისტრაციულ ერთეულში თ----- დ----ის მიერ წარმოებული უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის 2017 წლის 03 მაისის N1--- ბრძანების გამოცემას წინ უძღვოდა ადმინისტრაციული წარმოება, რა დროსაც გამოკვლეული და დადგენილი იქნა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ თ----- დ----ის მიერ წარმოებული იყო უნებართვო მშენებლობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.

 

აპელანტის განმარტებით, გასათვალისწინებელია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 04 დეკემბრის N1----- გადაწყვეტილებით თ----- დ----ის მეუღლეს ე---- ბ---–----ეს უარი ეთქვა სადავო მიწის ნაკვეთზე - დ----------ში მდებარე 1000 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების დასაბუთება

სააპელაციო სასამართლო გამოცხადებული მხარის მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ”ე1” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, რაც იმავე კოდექსის 385.1 მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის დაბრუნების საფუძველია.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელი ????????????? ??????????????-????????????? ????? ??????? ?????? ??????? . ხსენებული ნორმის მე-2 და მე-3 ნაწილებით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1 მუხლით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ?? ???????? 32-? ან 34-? ?????? გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სარჩელით სადავოა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დ----------ის ადმინისტრაციულ ერთეულში თ----- დ----ის მიერ წარმოებული უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ’’ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის 2017 წლის 03 მაისის N1--- ბრძანება.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ სარჩელით სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის 2017 წლის 03 მაისის N1--- ბრძანება, რომელშიც მითითებულია, რომ მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ ისე მიიჩნია უკანონოდ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ არ შეუმოწმებია მისი კანონიერება. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება გულისხმობს მის მატერიალურ-სამართლებრივ და ფორმალურ-სამართლებრივ სტანდარტებთან შესაბამისობას (ფორმალური და მატერიალური კანონიერება). ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ ის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისი გამოცემისთვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნებს გამოცემული. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს პროცედურულ ვალდებულებებს, რაც ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერება დაკავშირებულია აქტის შინაარსთან და მოითხოვს, რომ ადმინისტრაციულ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და არ ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტში ასახული სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელ მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე და განმარტავს, რომ საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ (შემდეგში „კოდექსი“) 43-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.

 

,,კოდექსის” მე-15 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით, მშენებლობის ნებართვა არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, განსაზღვრული ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია. ამავე მუხლის „რ“ ქვეპუნქტით, სამშენებლო სამართალდარღვევა არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ თავით.

 

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების (შემდეგში „დადგენილების”) მე-4 მუხლის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება.

 

„კოდექსის“ მე-15 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით, სამშენებლო სამართალდარღვევა არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ თავით.

 

„კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კოდექსის მე-15 მუხლის ,,ღ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, მითითება არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემული შენიშვნა შეუსაბამობაზე და მოთხოვნა, რომელიც განსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელშიც დამრღვევმა უნდა შეასრულოს მითითებაში მოცემული პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად.

 

„კოდექსის“ მე-19 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, მითითება ფორმდება აქტის სახით, რომლის ერთი ასლი გადაეცემა ობიექტის მფლობელს, ხოლო მეორე ინახება ინსპექტირების ორგანოში. 25-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

 

როგორც მოსარჩელე განმარტავს, მის მიმართ მუნიციპალიტეტის მერიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სამშენებლო სამართალდარღვევის გამო, რაც დასრულდა შენობის დემონტაჟისა და მისი დაჯარიმების შესახებ აქტის გამოცემით. სარჩელით სადავო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის 2017 წლის 03 მაისის N1--- ბრძანება (შენობის დემონტაჟის ნაწილში), რომელიც ერთვის საქმეს (ს.ფ. 15-16).

 

საქმეში დაცული მოწმეების გ-------------ის, ვ---------ი ა-----ის და შ--–---- ჩ------–---–ის 2017 წლის 23 მაისის განცხადებებით ირკვევა, რომ ისინი არიან თ----- დ----ის და ე---- ბ---–----ის მეზობლები. ადასტურებენ, რომ 2009 წლიდან დღემდე (2017 წლის 23 მაისამდე) თ----- დ----ე და ე---- ბ---–----ე ცხოვრობენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დ----------ში, ფლობენ-სარგებლობენ 1000 (ათასი) კვ.მ. ფართობით და აქვთ ამ ტერიტორიაზე აგებული სახლი (ს.ფ. 17).

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 04 დეკემბრის N1----- გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ 2015 წლის 13 ივლისს ე---- ბ---–----ემ განცხადებით მიმართა აღიარების კომისიას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დ----------ში მდებარე 1 000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, რაზედაც ამ უკანასკნელს (ე---- ბ---–----ეს) უარი ეთქვა (ს.ფ. 61).

 

ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ რაიონულმა სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა გამოითხოვოს ადმინისტრაციული წარმოების მასალები და მათი შესწავლის საფუძველზე დაადგინოს საქმი ფაქტობრივი გარემოებები. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შეაფასოს სასამართლომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებთან.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები.

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე.

 

6.საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. იმავე მუხლის მე-4 ნაწილით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 385-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს;

 

3. სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის სსსკ-ის 53-ე მუხლის მიხედვით;

 

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).

 

ხათუნა ხომერიკი

მოსამართლე