განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002485352
საქმე N3ბ/3106-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
16 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მანანა ჩოხელი
სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი
აპელანტები (მოსარჩელეები) - თ---------- ჭ---–------, ლ------ რ-------
წარმომადგენლები - მ------ გ-–-----–-, ი---- მ--------
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - თ----- ც-------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება
II ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტების მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება.
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ---------- ჭ---–-------- და ლ------ რ-------- სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
თ---------- ჭ---–------- განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 4 ქულა, მათ შორის, საცხოვრებლის ფინანსური პირობების კატეგორიაში - 1.50 ქულა, თ---------- ჭ---–------- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების კატეგორიაში (ზომიერად გამოხატული) - 1 ქულა, თ---------- ჭ---–------- ომში მონაწილეობის კატეგორიაში (ომის ვეტერანი) – 1.50 ქულა.
თ---------- ჭ---–------მ, წარმომადგენლების მეშვეობით, 2018 წლის 13 მარტს, განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ითხოვა მისი ოჯახისათვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე თ---------- ჭ---–------- განცხადება არ დაკმაყოფილდა და განემარტა, რომ მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მოსარჩელე თ---------- ჭ---–------- ოჯახს მიენიჭა 4 ქულა და აღნიშნული ქულის შესაბამისად, მათი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი შემდგომ ეტაპზე განიხილებოდა.
გასულ პერიოდში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართი, საკუთრებაში გადაეცათ იმ იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილების ოჯახებს, რომელთა ქულა აღემატებოდა 6.5-ს.
თ---------- ჭ---–------მ და ლ------ რ-------მ, წარმომადგენლების მეშვეობით, 2018 წლის 30 აპრილს, ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და განმარტეს, რომ მათი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის შემდგომ ეტაპზე გადადება არ შეესაბამებოდა მათ მოთხოვნას და კანონით დაცულ ინტერესებს, რის გამოც მოითხოვეს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით თ---------- ჭ---–------- და ლ------ რ-------- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის (სადავო პერიოდში მოქმედი) 42-ე მუხლის პირველ პუნქტზე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტსა და 202-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 25 აპრილის №-------------- გადაწყვეტილება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 30 მაისის N-------------- გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, დაუყოვნებლივ საცხოვრებელი ფართის გადაცემასთან დაკავშირებით.
სასამართლომ, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, მე-7 და მე-13 მუხლებზე მითითებით, განმარტა, რომ საქართველოს მოქალაქეთა სახელმწიფოს მიერ მფარველობა ასევე გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოს. კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, რომ აღნიშნული პირები არ დარჩნენ საცხოვრებლით უზრუნველყოფის გარეშე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა, ხოლო იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში − წესი) ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში − სამოქმედო გეგმა) შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.
მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია. კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. დევნილი ოჯახების კონტინგენტის განსაზღვრის შემდეგ, სააგენტო, მისი ტერიტორიული ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების ჩართულობით, ახდენს ამა თუ იმ ადმინისტრაციულ ერთეულში მაცხოვრებელ დევნილთა ინფორმირებას გასანაწილებელი საცხოვრებელი ფართების, ასევე საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების მიღების მკაცრად რეგლამენტირებული ვადების შესახებ. ამასთან, დევნილებს უნდა მიეცეთ ვადა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წარსადგენად (გადაწყვეტილების მისაღებად მოსაფიქრებელი დრო, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, განაცხადზე დასართავი დოკუმენტების მოწესრიგება და სხვ). მიღებული განაცხადების საფუძველზე, კომისია ადგენს წინასწარ განსაზღვრული კატეგორიის დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წინასწარი შეფასების, მინიჭებული ქულების გადამოწმებისა და კომისიის მიერ განხილვის ვადებს, რაც აისახება კომისიის სხდომის ოქმში.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენენ გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა განაცხადების მიღებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კონტინგენტიდან. განაცხადის შევსება ხდება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლის/თანამშრომლების მიერ, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ როგორც აღნიშნული თანამშრომლები, ისე დევნილი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ამ ბრძანებით პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2 – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ და ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული დანართი №5 – „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“, რომლებსაც უნდა ერთოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის, ასევე მოპოვებული მონაცემების საფუძველზე თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების მეშვეობით, რის საფუძველზეც აღნიშნული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელი ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები აფასებს, ავსებს და ხელმოწერით ადასტურებს სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ განაცხადის შეფასების ფორმას. თითოეული დევნილი ოჯახის მიერ შევსებული განაცხადი, მასზე თანდართულ დოკუმენტაციასთან და შესაბამის შეფასების ფორმასთან ერთად ინახება ამ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე პირადი საქმის სახით. თუ აღნიშნული სამმართველოს ან/და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლ(ებ)ის მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით. ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტი კომისიას წარუდგენს განაცხადებს, სრული ინფორმაციითა და დოკუმენტაციით. კომისია, დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს შეფასებაზე დაყრდნობითა და კონკრეტულ ობიექტზე არსებული ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს განაცხადების რაოდენობას, რომელთა გადამოწმება უნდა განახორციელოს დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველომ.
ამრიგად, სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება აქვს სახელმწიფოს, თუმცა მატერიალური და ფინანსური რესურსების მოცულობიდან და სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა რიგითობას განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, აღნიშნული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
დადგენილია, რომ მოსარჩელე თ---------- ჭ---–------- განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 4 ქულა, მათ შორის, საცხოვრებლის ფინანსური პირობების კატეგორიაში - 1.50 ქულა, თ---------- ჭ---–------- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების კატეგორიაში (ზომიერად გამოხატული) - 1 ქულა, თ---------- ჭ---–------- ომში მონაწილეობის კატეგორიაში (ომის ვეტერანი) – 1.50 ქულა.
ასევე დადგენილია, რომ გასულ პერიოდში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართი, საკუთრებაში გადაეცათ იმ იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილების ოჯახებს, რომელთა ქულა აღემატებოდა 6.5-ს. შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შესაბამისმა კომისიამ, არსებული მატერიალური და ფინანსური შესაძლებლობების საფუძველზე, განსაზღვრა იმ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახების წრე, რომლებიც მინიჭებული ქულების შესაბამისად და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მეტად საჭიროებდნენ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ არ ყოფილა უარყოფილი მისი ვალდებულება, მათ შორის, მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და მისი განხილვა შემდგომ ეტაპზე გადადო.
დადგენილია, რომ მოსარჩელე თ---------- ჭ---–------მ, წარმომადგენლების მეშვეობით, 2018 წლის 13 მარტს, განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ითხოვა მისი ოჯახისათვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემა, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და განემარტა, რომ მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მოსარჩელე თ---------- ჭ---–------- ოჯახს მიენიჭა 4 ქულა და აღნიშნული ქულის შესაბამისად, მათი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი შემდგომ ეტაპზე განიხილებოდა.
დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა - თ---------- ჭ---–------მ და ლ------ რ-------მ, წარმომადგენლების მეშვეობით, 2018 წლის 30 აპრილს, ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და განმარტეს, რომ მათი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის შემდგომ ეტაპზე გადადება არ შეესაბამებოდა მათ მოთხოვნას და კანონით დაცულ ინტერესებს, რის გამოც მოითხოვეს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ამრიგად, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეების - თ---------- ჭ---–------- და ლ------ რ-------- ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, მოცემულ ეტაპზე ვერ განხორციელდა იმის გამო, რომ მათი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის საფუძველზე მინიჭებული ქულის გათვალისწინებით, სახელმწიფოს მატერიალური და ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში, პრიორიტეტი მიენიჭა უფრო მაღალი ქულის მქონე ოჯახებს, რომლებიც მეტად საჭიროებდნენ საცხოვრებლით უზრუნველყოფას, რაც გათვალისწინებულია დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით (დანართი №1).
რაც შეეხება, მოსარჩელე მხარის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს კრიტერიუმების გარეშე უნდა მიენიჭებინა მოსარჩელეთა ოჯახისათვის პრიორიტეტი და ისინი უნდა უზრუნველეყო გრძელვადიანი საცხოვრებლით, სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) მე-6 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომელიც კრიტერიუმების გარეშე, დევნილი ოჯახისათვის პრიორიტეტის მინიჭების პირობებს ითვალისწინებს კერძოდ, აღნიშნული პუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით კონკრეტული დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, იმ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელი შენობებიც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტებია, რაც ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული წერილობით შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ. იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან მათ ბალანსზე რიცხულ საცხოვრებელ ფართობში და ამ ფართის გამოთავისუფლების მოთხოვნით სააგენტოში შემოსულია შესაბამისი მომართვა, იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელთა მიმართაც, ამ წესის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სააგენტო ახორციელებს დროებითი განსახლების ღონისძიებებს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც მითითებული პუნქტით დადგენილი, რომელიმე პირობის არსებობას დაადასტურებდა და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, კრიტერიუმების გარეშე, მოსარჩელეთა ოჯახისათვის პრიორიტეტის მინიჭების ვალდებულებას დააკისრებდა.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ---------- ჭ---–------- და ლ------ რ-------- სარჩელი უსაფუძვლოა, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადგილი არ აქვს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და ზემოთ აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის არსებით დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მათი ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონიერად არის მიჩნეული, უსაფუძვლოა მოსარჩელეთა მოთხოვნა მათთვის დაუყოვნებლივ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალების თაობაზე.
4.1. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტები მიუთითებენ სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში გაკეთებულ განმარტებებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და გამოყენებულ სამართლებრივ ნორმებზე და მიიჩნევენ, რომ სადავო გადაწყვეტილება მიღებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებისა და 394-ე მუხლის დარღვევით. კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ამასთან, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლება: „ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების საფუძვლიანობის გამოკვლევისას აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ“.
აპელანტები ასევე მიუთითებენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებზე და აღნიშნავენ, სასამართლოს ვალდებულებაა შეამოწმოს მოსარჩელის მოთხოვნის გამართულობა, დასაბუთებულობა; გამოარკვიოს მოსარჩელის მოთხოვნა გამყარებულია თუ არა ფაქტებით და გარემოებებით, რომელიც შეიძლება იქცეს მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობად; გამოარკვიოს აღნიშნულზე გარეგანი, შინაგანი, ნეგატიური და ჰიპოთეტური ფაქტობრივი გარემოებები, შემდეგ კი მოახდინოს რევიზია მათზე, ჰქონდა თუ არა მოპასუხეს სათანადო შედავება მოსარჩელის მოთხოვნაზე, იყო ეს შედავება ზოგადი, კონკრეტული, კვალიფიციური თუ კონკლუდენტური, რის შემდეგაც ორივე მხარის მტკიცებულებები უნდა შეაფასოს მტკიცებულებათა გამოსადეგობის, ფაქტობრივი გარემოებების დონის და დამაჯერებლობა-დარწმუნების დონის შესაბამისად. აპელანტები თვლიან, რომ სასამართლოს მიერ აღნიშნული ვალდებულებიდან არცერთი არ იქნა დაცული და გათვალისწინებული.
სააპელაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელეები 1991 წლიდან იძულებით გადაადგილებულნი არიან ს------------------; რეგისტრაციის ადგილზე საცხოვრებელი ფართი არ მიკუთვნებათ; პერეიოდულად ცხოვრობენ სხვადასხვა ადგილას; სახელმწიფოს მხრიდან არასოდეს მიუღიათ არც ბინის ქირის გადასახადი და არც ერთჯერადი დახმარება საცხოვრისის შესაძენად; თ---------- ჭ---–------ არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, შრომის უნარდაქვეითებული; მოსარჩელეები მკურნალობენ წამების, ძალადობის და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრში „--------–--. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა, რომ დევნილთა დაცვისა და დახმარების უზრუნველყოფის ვალდებულება უმთავრესად ეროვნულ ხელისუფლებას, მათ შორის, სასამართლოს ეკისრება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტები ითხოვენ სარჩელის დაკმაყოფილებას.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო არსებითად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და მიუთითებს მათზე, ამასთან, დამატებით ადგენს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს N01-742/ს მიმართვის მიხედვით, თბილისში, გრძელვადიანი განსახლების გასული ეტაპების ვადებში, ერთოთახიანი ბინებით უზრუნველყოფას დაექვემდებარა იმ პრეტენდენტთა განცხადებები, რომლებსაც მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად შევსებულ განაცხადებებზე, წინასწარი შეფასებით მიენიჭათ შემდეგი ქულები: 1. თბილისი (ახლადაშენებული კორპუსები) – 09.11.2015წ, ოქმი N124 ერთოთახიანი - 9,5 ქულა და მეტი, 3 ოჯახი კენჭისყრით - 9 ქულა; 2. თბილისი (ახლადაშენებული კორპუსები) – 18.04.16წ, ოქმი N38 ერთოთახიანი - 9 ქულა და მეტი; 3. თბილისი (ახლადაშენებული კორპუსები) – 05.12.2016წ, ოქმი N122 ერთოთახიანი - 6,5 ქულა და მეტი. გადაწყვეტილება მონიტორინგს დაქვემდებარებული განაცხადების რაოდენობის შესახებ მიიღება დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ, გასანაწილებელი ფართების ოდენობისა და შევსებული განაცხადების რაოდენობის გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, თ---------- ჭ---–-------- და ლ------ რ-------- მიერ შევსებული განაცხადი, მინიჭებული 4 ქულის რიგითობის დაცვით, არ დაქვემდებარებია მონიტორინგს, შესაბამისად, განაცხადი არ განუხილავს დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას. (ს.ფ. 216).
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, არასწორად განმარტა კანონი, რამაც საბოლოოდ არასწორ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა, რაც განაპირობებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.
განსახილველ შემთხვევაში სადავოა მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი.
დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი. მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია. კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსათვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. დევნილი ოჯახების კონტინგენტის განსაზღვრის შემდეგ, სააგენტო, მისი ტერიტორიული ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების ჩართულობით, ახდენს ამა თუ იმ ადმინისტრაციულ ერთეულში მაცხოვრებელ დევნილთა ინფორმირებას გასანაწილებელი საცხოვრებელი ფართების, ასევე საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების მიღების მკაცრად რეგლამენტირებული ვადების შესახებ. ამასთან, დევნილებს უნდა მიეცეთ ვადა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წარსადგენად (გადაწყვეტილების მისაღებად მოსაფიქრებელი დრო, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, განაცხადზე დასართავი დოკუმენტების მოწესრიგება და სხვ). მიღებული განაცხადების საფუძველზე, კომისია ადგენს წინასწარ განსაზღვრული კატეგორიის დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წინასწარი შეფასების, მინიჭებული ქულების გადამოწმებისა და კომისიის მიერ განხილვის ვადებს, რაც აისახება კომისიის სხდომის ოქმში.
მითითებული მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენენ გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა განაცხადების მიღებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კონტინგენტიდან. განაცხადის შევსება ხდება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლის/თანამშრომლების მიერ, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ როგორც აღნიშნული თანამშრომლები, ისე დევნილი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ამ ბრძანებით პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2 – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ და ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული დანართი №5 – „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“, რომლებსაც უნდა ერთოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის, ასევე მოპოვებული მონაცემების საფუძველზე თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების მეშვეობით, რის საფუძველზეც აღნიშნული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელი ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები აფასებს, ავსებს და ხელმოწერით ადასტურებს სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ განაცხადის შეფასების ფორმას. თითოეული დევნილი ოჯახის მიერ შევსებული განაცხადი, მასზე თანდართულ დოკუმენტაციასთან და შესაბამის შეფასების ფორმასთან ერთად ინახება ამ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე პირადი საქმის სახით. თუ აღნიშნული სამმართველოს ან/და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლ(ებ)ის მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით. ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტი კომისიას წარუდგენს განაცხადებს, სრული ინფორმაციითა და დოკუმენტაციით. კომისია, დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს შეფასებაზე დაყრდნობითა და კონკრეტულ ობიექტზე არსებული ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს განაცხადების რაოდენობას, რომელთა გადამოწმება უნდა განახორციელოს დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველომ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ დევნილთა ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. მოცემული უფლების რეალიზაცია კი დაკავშირებულია, ერთი მხრივ, დევნილის სტატუსის ქონასთან, მეორე მხრივ კი, დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. კერძოდ, უფლებამოსილი პირის მიერ ხდება დევნილთა ოჯახის გადამოწმება, შეფასება, კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად ქულათა მინიჭება. სწორედ მინიჭებული ქულების ოდენობაზე არის დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა.
დადგენილია, რომ თ---------- ჭ---–------- განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 4 ქულა, მათ შორის, საცხოვრებლის ფინანსური პირობების კატეგორიაში - 1.50 ქულა, თ---------- ჭ---–------- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების კატეგორიაში (ზომიერად გამოხატული) - 1 ქულა, თ---------- ჭ---–------- ომში მონაწილეობის კატეგორიაში (ომის ვეტერანი) – 1.50 ქულა. ასევე დადგენილია, რომ გასულ პერიოდში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართი, საკუთრებაში გადაეცათ იმ იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილების ოჯახებს, რომელთა ქულა აღემატებოდა 6.5-ს. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ არ ყოფილა უარყოფილი მისი ვალდებულება მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, არამედ განცხადების განხილვა შემდგომ ეტაპზე გადადო, ვინაიდან მიჩნეული იქნა, რომ სადავო პერიოდში მოსარჩელეთა ოჯახისთვის მინიჭებულ ქულათა ოდენობა საკმარისი არ იყო იმ ეტაპზე მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის გადაწყვეტა დამოკიდებულია იმ ფაქტის შეფასებაზე, რამდენად კანონით დადგენილი წესით მოხდა მოსარჩელეთა ოჯახისთვის ქულათა მინიჭება. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს N01-742/ს მიმართვა, რომლის მიხედვით, გადაწყვეტილება მონიტორინგს დაქვემდებარებული განაცხადების რაოდენობის შესახებ მიიღება დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ, გასანაწილებელი ფართების ოდენობისა და შევსებული განაცხადების რაოდენობის გათვალისწინებით. თ---------- ჭ---–-------- და ლ------ რ-------- მიერ შევსებული განაცხადი, მინიჭებული 4 ქულის რიგითობის დაცვით, არ დაქვემდებარებია მონიტორინგს, შესაბამისად, განაცხადი არ განუხილავს დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას. ამდენად, მოსარჩელეთა მიმართ მხოლოდ წინასწარ მინიჭებული ქულათა ოდენობა იქნა გათვალისწინებული და მათი განაცხადი არ დაექვემდებარა მონიტორინგს.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომლებიც ადგენს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას აძლევს რა საშუალებას, გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებაზე (საქმე №ბს-246-243(კ-14)), რომლის თანახმად, „ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას - ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას.“
პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იყო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები გამოკვლეული, შესწავლილი და შეფასებული. კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია მოსარჩელეთა მონიტორინგი, რაც სანდოობის გაცილებით მაღალი ხარისხით უზრუნველყოფდა მათი საჭიროებების გამოკვეთას, კანონით განსაზღვრული კრიტერიუმებით შეფასებას, შესაბამისი ქულის მინიჭებას. ამდენად, ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად წარმართვას, კონკრეტულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით კვლევას - მოსარჩელეთა ოჯახის არსებული მდგომარეობის დადგენას, შეფასებას და სათანადო სოციალური გარანტიების მიკუთვნებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბასამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამასთანავე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. აღნიშნული ნორმის გამოყენების კომპეტენცია სასამართლოს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, ასევე, იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციასა და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ სახეზეა სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 25 აპრილის №-------------- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 30 მაისის N-------------- გადაწყვეტილება, რადგან ადმინისტრაციული საჩივრის შესწავლის ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია სათანადო რეაგირება და არ დაუდგენია სადავო აქტის უკანონობა.
ვინაიდან სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით კვლევას, რის შემდეგაც უნდა გამოიცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე უსაფუძვლოა მოსარჩელეთა მოთხოვნა ადმინისტრაციული ორგანოსთვის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალების შესახებ.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 25 აპრილის №-------------- გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით განსაზღვრულ ვადაში. ასევე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 30 მაისის N-------------- გადაწყვეტილება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, 32-ე, 34-ე მუხლების, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 272-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 397-ე, 414-ე-416-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ---------- ჭ---–-------- და ლ------ რ-------- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. თ---------- ჭ---–-------- და ლ------ რ-------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 25 აპრილის №-------------- გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით განსაზღვრულ ვადაში.
5. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 30 მაისის N-------------- გადაწყვეტილება.
6. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე: მანანა ჩოხელი