განაჩენი

სისხლის სამართლის 27.11.2019
საქმის ნომერი
180100119003000449
ინსტანცია
თარიღი
27.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N180100119003000449, №1/ბ-1623-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

ნინო სანდოძე

 

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - დ----- ყ-------–---–ი;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ი---- ზ------ი, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ–------------------------–----------- (მონაწილეობის გარეშე);

 

ადვოკატი - ლ--–------------ე.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ‘‘ ქვეპუნქტი (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ).

 

სასჯელი:

 

13 (ცამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ ი---- ზ------ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. სააპელაციო საჩივრის ძირითადი არგუმენტებია:

▪ სასამართლომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რადგან ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. მოსამართლემ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები.

▪ მოწმეთა განმარტებით, ი---- ზ------ი ყოველთვის ეხმარებოდა დედას საოჯახო საქმეებში, შეძლებისდაგვარად ზრუნავდა მშობლებზე და არ მოკლავდა მამას, ვინაიდან მას ამის სურვილი არ ჰქონდა.

▪ ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებები ი---- ზ------ის მიერ მ------------- ზ------ის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით არის ირიბი, რადგან მოწმეები თავად არ შესწრებიან აღნიშნულს და ინფორმაციას ფლობდნენ მ------ ზ------ისგან.

▪ განაჩენში მითითებულია, რომ ი---- ზ------ის მიერ ალკოჰოლის მიღება იყო მამა-შვილის მუდმივი ჩხუბის მიზეზი, თუმცა მოწმეთა ჩვენებებით დადგენილ იქნა, რომ პირიქით, მ------------- ზ------ი სვამდა ყოველდღე, ი---- ზ------ი კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბოლო პერიოდში იშვიათად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს და ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ყოველთვის მიდიოდა სახლში და წვებოდა.

▪ მკვლელობის მიზეზის დასასაბუთებლად სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მ------ ზ------ის ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც დაზარალებულის უფლებამონაცვლე განმარტავს, რომ 2019 წლის 16 იანვარს, ი---- ზ------ი რამდენჯერმე გაერიდა მამის წყევლას და ჩხუბს, შემდეგ დაბრუნდა უკან და დაწვა საწოლზე, რამდენიმე წუთის შემდეგ კი დედას, რომელიც სამზარეულოში ამზადებდა საჭმელს, უთხრა მიეხედა ქმრისთვის. თუმცა, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის, რომ მამის მიერ მიყენებულ შეურაცხყოფას ი---- ზ------ში უარყოფითი ემოცია არ გამოუწვევია. ასევე არ გაითვალისწინა ის, რომ დედის განმარტებით, ი---- ზ------ი მამას არაფერს დაუშავებდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მამა-შვილს შორის მორიგი დაძაბულობის მიზეზი იყო ი---- ზ------ისთვის მ------------- ზ------ის მიერ შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, რაც მოწმეთა ჩვენებებით არ დადგენილა.

▪ დაზარალებულის უფლებამონაცვლემ განმარტა, რომ მ------------- ზ------ი იყო ცუდი ხასიათის ადამიანი, რომელიც განსაკუთრებულ აგრესიას გამოხატავდა ი---- ზ------ის მიმართ, ლანძღავდა და ამცირებდა. ერთხელ ჯოხიც კი დაარტყა შვილს, რის გამოც ეს უკანასკნელი გახდა ცუდად. ი---- ზ------ი, იყო კეთილი და მშრომელი ადამიანი და მუდმივად ცდილობდა ჩხუბის დროს გარიდებოდა მამას. მიუხედავად იმისა, რომ მ------------- ზ------ი ცუდად ექცეოდა შვილს, ი---- ზ------მა მაინც მიხედა შეუძლოდ მყოფ მამას. მ------------- ზ------ის პიროვნულ თვისებებზე და ი---- ზ------თან მის ურთიერთობაზე ისაუბრეს სხვა მოწმეებმაც.

▪ დანა, რომელზეც ჩატარდა გენეტიკური ექსპერტიზა, ეკუთვნის ოჯახს და მას ხშირად ხმარობდა ი---- ზ------იც, რომელიც საოჯახო საქმეებში ეხმარებოდა დედას, ამიტომ გამორიცხული არ არის მასზე აღმოჩენილიყო ი---- ზ------ის დნმ-ის კვალი. ექსპერტმა შ------- კ--–-----ემ დაადასტურა გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, თუმცა განმარტა, რომ აღნიშნული დასკვნა არ არის მტკიცებითი ხასიათის, რადგან დანაზე გენეტიკური პროფილი შესაძლებელია დარჩენილიყო შეხებით ან ბიოლოგიური მასალის სხვაგვარი მოხვედრით. ასევე აღნიშნა, რომ შესაძლებელია პირი შეეხოს ნივთს, მაგრამ მისი გენეტიკური პროფილი არ დარჩეს. ამიტომ იმის მტკიცება, რომ დანა ხელში ეჭირა ი---- ზ------ს და მას მ------------- ზ------ი არ შეხებია, არის შეუძლებელი. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შემთხვევის დროს სწორედ ი---- ზ------ს ეჭირა ხელში დანა. თუმცა ზემოაღნიშნული დასკვნით დადგენილია, რომ დანის ტარზე აღმოჩნდა როგორც ი---- ზ------ის, ისე მ------------- ზ------ის დნმ-ის კვალი, შესაბამისად, შემთხვევის დროს დანის ტარზე ხელი ეკიდა მ------------- ზ------ს.

▪ სამედიცინო სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ბრალად წარდგენილი ქმედების დროს ი---- ზ------ი იყო შეზღუდული შერაცხადი და არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა მისი ქმედების მართლწინააღმდეგობა. მიუხედავად, აღნიშნულისა სასამართლომ გაიზიარა ი---- ზ------თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და მასში მითითებული ინფორმაცია მიიჩნია უტყუარ მტკიცებულებად.

▪ მკვლელობა გულისხმობს სხვისი სიცოცხლის მართლსაწინააღმდეგო და განზრახ მოსპობას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, განზრახია ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ ან/და, დამნაშავის მიერ დაზარალებულის სიკვდილის, როგორც შედეგის შეგნებული დაშვება ან მისი დადგომისადმი გულგრილი დამოკიდებულება. აღნიშნულის დასადასტურებლად კი, პირველი ინსტანციის სასამართლო დაეყრდნო ირიბ მოწმეთა ჩვენებებს. ამასთან, არ დადგენილა მოტივი, თუ რატომ უნდა მოეკლა ი---- ზ------ს მამა. სასამართლოს მიერ მითითებული მოტივი, რომ თითქოსდა ი---- ზ------მა აღნიშნული ჩაიდინა გაუთავებელი შეურაცხყოფის გამო, არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან ყველა მოწმემ კატეგორიულად გამორიცხა ი---- ზ------ის მხრიდან მამის მიმართ ძალადობრივი ქმედების გამოხატვა (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

 

ბრალდების მხარის მოთხოვნა - დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება (ვრცლად იხ. სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენით, ი---- ზ------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:

 

2019 წლის 16 იანვარს, დაახლოებით 19:30 საათზე, მ–------------------------– მ-------ში, თავისივე საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი---- ზ------მა მორიგი ოჯახური კონფლიქტის - მშობლის მხრიდან მის მიმართ შეურაცხმყოფელი მიმართვების გამო განაწყენებისა და ურთიერთშეკამათების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, კისრის წინა ზედაპირზე დანით სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მიაყენა ასევე მთვრალ მდგომარეობაში მყოფ თავისივე ოჯახის წევრს, მამას - მ------------- ზ------ს, რომელიც, მიუხედავად ჩატარებული დროული სამედიცინო დახმარებისა, მიყენებული დაზიანების შედეგად მეორე დღეს, 17 იანვარს გარდაიცვალა ქ. მცხეთაში, სამხედროს ქუჩა N20-ში მდებარე წმინდა მეფე მირიან და დედოფალ ნანას სახელობის შპს ,,მცხეთის სამედიცინო ცენტრში“.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განაჩენით ი---- ზ------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით.

 

დანიშნული სასჯელის მოხდა ი---- ზ------ს განესაზღვრა არანებაყოფლობითი ფსიქიატრიულ სტაციონარული დახმარების შესაბამის სამედიცინო სამკურნალო დაწესებულებაში - აკად. ბ.ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, ხონი - ქუტირში, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა ი---- ზ------ის მიმართ უნდა გაგრძელდეს პენიტენციურ დაწესებულებაში, საერთო წესით.

 

ი---- ზ------ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავებაში და პატიმრობაში ყოფნის განვლილი პერიოდი და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან -2019 წლის 17 იანვრის 03:37 საათიდან.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებული ი---- ზ------ი არ დაკითხულა, ვინაიდან სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ი---- ზ------ი მითითებული პერიოდისთვის იყო შეურაცხადი და მოკლებული იყო ჩვენების მიცემის და სასამართლო მოქმედებებში მონაწილეობის შესაძლებლობას. საჩივრის განხილვისას, ი---- ზ------ი მოთავსებული იყო აკად. ბ.ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, ხონი - ქუტირში, რის გამოც სააპელაციო სასამართლო სხდომა ჩატარდა მსჯავრდებულის მონაწილეობის გარეშე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაზარალებულის უფლებამონაცვლემ მ------ ზ------მა განმარტა, რომ აწ გარდაცვლილი მ------------- (თ------) ზ------ი იყო მისი მეუღლე, ი---- ზ------ი კი - შვილი და ცხოვრობდნენ მ–------------------------– მ-------ში. ი---- ზ------მა სკოლაში ისწავლა ოთხი წელი, შემდეგ კი, ფეხბურთის თამაშის დროს ბურთის თავში მოხვედრის გამო მიიღო ტრავმა, დაავადდა ეპილეფსიით და თანატოლებს ჩამორჩა გონებრივად. აღნიშნულის გამო შეწყვიტა სკოლაში სიარული და ეხმარებოდა დედას საოჯახო საქმეებში და მცირე ბიზნესში, კერძოდ, დედის დავალებით თბილისიდან სოფელში ჩაჰქონდა სავაჭრო საქონელი, რომელსაც მ------ ზ------ი უწევდა რეალიზაციას. დაზარალებულის უფლებამონაცვლის განმარტებით, მ------------- ზ------ს ოჯახის წევრებთან, მათ შორის ი---- ზ------თან, ჰქონდა არაჯანსაღი ურთიერთობა, ი---- ზ------ს ხშირად ამცირებდა და ეძახდა ,,ბნედიანს“, ,,ეპილეფსიანს“ და ა.შ., რასაც განიცდიდა ი---- ზ------ი. ი---- ზ------ი წამოიზარდა, მეგობრების გავლენით ხშირად ეტანებოდა ალკოჰოლურ სასმელს, რაზეც მ------------- ზ------ი რეაგირებდა მკაცრად და შვილს მიმართავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, კერძოდ, აგინებდა, წყევლიდა და იწევდა საცემად. ასევე ამბობდა, რომ სხვისი მკვდარი ერჩია თავის ავადმყოფ შვილს. დაზარალებულის უფლებამონაცვლემ ასევე განმარტა, რომ ერთხელ მთვრალ მდგომარეობაში მყოფ ი---- ზ------ს მ------------- ზ------მა მოუქნია ჯოხი, რომელიც ი----ს მოხვდა ზურგში და გახდა ცუდად. აღნიშნულის შემდეგ, ი---- ზ------ი მისი რჩევით ცდილობდა სიმთვრალის დროს თავი გაერიდებინა მოხუცი და ჯოხით მოსიარულე მამისთვის და მასთან კონფლიქტისთვის. მანვე აღნიშნა, რომ ი---- ზ------ს არ ჰქონდა ცუდი სიმთვრალე, თუმცა მამას ერიდებოდა და ამბობდა, რომ არ უნდოდა მოხუცისთვის შეურაცხყოფის მიყენება.

 

მ------ ზ------ის ჩვენებით, შემთხვევის დღეს, 2019 წლის 16 იანვარს, საღამოს, მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა სახლში. თავად ამზადებდა ვახშამს, მისი მეუღლე კი იყო ნასვამი და იმყოფებოდა შესასვლელიდან მარცხნივ მდებარე საძინებელ ოთახში. საღამოს სახლში მივიდა საშუალოდ მთვრალი ი---- ზ------ი, რომელიც წამოწვა თავის საწოლზე. ი---- ზ------ის ფეხის ხმის გაგებაზე, მ------------- ზ------მა დაიწყო შვილის წყევლა. სამზარეულო ოთახში მყოფი მ------ ზ------ი მივიდა შვილთან და კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად თხოვა გარიდებოდა მამას. ი---- ზ------მა დაუჯერა, გავიდა სახლიდან და გაერიდა მ------------- ზ------ს, თუმცა მალევე შებრუნდა სახლში და კვლავ დასაძინებლად წამოწვა თავის საწოლზე. მ------------- ზ------მა მას კვლავ დაუწყო ქალივით წყევლა და ეძახდა ,,ბნედიანო, გიჟო, კიდევ მოტრიალდი?!“. ი---- ზ------მა ესეც მოითმინა და რამდენიმე წუთით კვლავ გავიდა სახლიდან გარეთ, მაგრამ მალევე შებრუნდა სახლში და დაწვა თავის საწოლზე. ამ დროს მ------ ზ------ი საჭმლის მოსამზადებლად გავიდა სამზარეულოში, შემდეგ შებრუნდა მისაღებ ოთახში, რა დროსაც მოესმა მეუღლის ხმა ,,ბნედიანო, გიჟო, მოშორდი აქედან, წადი, აღარ მინდიხარ, გადი აქედანო“. მისაღებ ოთახში შესული მ------ ზ------ი მოულოდნელად შეეფეთა მ------------- ზ------ის საძინებელი ოთახიდან გამოსულ ი---- ზ------ს, რომელმაც უთხრა: ,,მიდი და შეხედე შენ ქმარს“ და გავიდა სახლიდან. შევიდა საძინებელ ოთახში, სადაც მ------------- ზ------ი დახვდა საწოლში, თავი ედო ბალიშზე, რომელიც იყო სისხლიანი. მიხვდა, რომ მ------------- ზ------ი დაჭრილი იყო ყელის არეში. მან მეზობლის - მ------ ზ-----–---–ის დახმარებით გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომლის თანამშრომლებმაც დაჭრილი გადაიყვანეს ქ.მცხეთის საავადმყოფოში. ჩატარებული სამედიცინო დახმარების მიუხედავად მ------------- ზ------ი რამდენიმე საათში გარდაიცვალა. მოწმის ჩვენებით, შემთხვევის დროს სახლში მასთან ერთად მხოლოდ მ------------- და ი---- ზ------ები იმყოფებოდნენ და სხვა პირი იქ არ ყოფილა. ი---- ზ------ი იყო თუ არა სისხლით დასვრილი, არ შეუნიშნავს, დაკვირვების დროც არ ჰქონდა. ი---- ზ------ის დაკავების შემდეგ მან ერთხელ ნახა შვილი, რომელმაც უთხრა, რომ ნანობდა ჩადენილს, მ------------- ზ------ზე კი ამბობდა, რომ დაღუპა თვითონაც და თავისი თავიც. დაზარალებულის უფლებამონაცვლის განმარტებით, მათ სახლში ჰქონდათ სამზარეულოს ორი დანა, ერთი ხრახნილპირიანი და მეორე ხისტარიანი. მისი აზრით, მ------------- ზ------ი იმ დროს დაიჭრა, როდესაც საწოლიდან წამოდგომას ცდილობდა, რადგან ფეხები საწოლიდან გადმოწეული ჰქონდა, თუმცა წამოდგომა ვერ მოასწრო. ი---- ზ------ს კი სურდა დაჭრილი მამა სიკვდილს გადარჩენოდა და ამიტომ უთხრა შესულიყო და მისი ქმრისთვის მიეხედა. მიუხედავად იმისა, რომ მ------------- ზ------ი სისტემატურად ,,ამწარებდა“ შვილს, ი---- ზ------ს მამის მოკვლის განზრახვა არასდროს გამოუმჟღავნებია და არც უცდია. დაზარალებულის უფლებამონაცვლემ ითხოვა ი---- ზ------ის მსუბუქად დასჯა, რადგან ეს უკანასკნელი არის ავადმყოფი და მის გარდა სხვა პატრონი არ ჰყავს.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 17 იანვარს, 16:55 საათიდან 17:45 საათამდე პერიოდში ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც მ------ ზ------მა მიუთითა იმ ადგილებზე, სადაც ი---- ზ------ის სახლში შესვლის დროს იმყოფებოდა, ასევე მიუთითა სახლში შესასვლელ ოთახში განთავსებულ მაგიდაზე, სადაც საქმიანობდა თავად და ამავე ოთახის მარცხენა მხარეს მდებარე ოთახში განთავსებულ საწოლზე, სადაც იწვა მ------------- ზ------ი. მ------ ზ------მა ასევე მიუთითა გასასვლელზე, საიდანაც ი---- ზ------ი შევიდა აღნიშნულ საძინებელ ოთახში, სადაც იწვა მ------------- ზ------ი, რომელიც წყევლიდა და ლანძღავდა სახლში მისულ ი---- ზ------ს. შემდეგ მიუთითა საცხოვრებელი სახლის ეზოში, სახლში შესასვლელი კარიდან დაახლოებით 1 მეტრით დაშორებულ ადგილზე, სადაც შვილი გაიყვანა მეუღლის საძინებელი ოთახიდან, რათა არ გაგრძელებულიყო მამა-შვილს შორის კონფლიქტი. მ------ ზ------მა სამზარეულო ოთახში მიუთითა ადგილებზე, სადაც გააგრძელა საჭმლის კეთება, მას შემდეგ, რაც ი---- ზ------ი გაიყვანა სახლიდან. მ------ ზ------მა გამომძიებელს ასევე აჩვენა ადგილი, სადაც ი---- ზ------მა უთხრა მიეხედა ქმრისთვის. მ------ ზ------მა გამომძიებელს ასევე აჩვენა საძინებელ ოთახში განთავსებული საწოლი და ლოგინი, სადაც ნახა მწოლიარე მეუღლე, რომელსაც ყელიდან მოსდიოდა სისხლი. ბოლოს კი აჩვენა ადგილი, საიდანაც დასახმარებლად დაუძახა მეზობელ მ------ ზ-----–---–ს.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, 2019 წლის 17 იანვარს, 02:00 საათიდან 02:25 საათამდე პერიოდში ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ი---- ზ------მა თავისი საცხოვრებელ სახლში მიუთითა ხის მაგიდაზე, საიდანაც მან აიღო პლასტმასის ტარიანი დანა, რომლითაც შევიდა მამის - მ------------- ზ------ის საძინებელ ოთახში, სადაც ეს უკანასკნელი იწვა ხის საწოლში, მივიდა მასთან და მწოლიარე მდგომარეობაში მყოფს, ყელის არეში ჩაარტყა დანა, რომელიც ეჭირა მარჯვენა ხელში. ამის შემდეგ კი დანა შეაგდო იმავე ოთახში არსებული საწოლის ქვეშ.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2019 წლის 17 იანვარს 02:27 საათიდან 03:05 საათამდე პერიოდში, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს მ–------------------------– მ-------ში, ე.წ. ,,ზ---------------–-“. მ------------- ზ------ის საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში დგას ერთსაწოლიანი ხის საწოლი, რომელზეც აწყვია ლოგინი, რომლის დასავლეთ მხარეს განთავსებულია ბალიში მოლურჯო-მოყვითალო ფერის ზეწრით, რომელსაც აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. ბალიშის ქვეშ არის ლეიბი, რომელზეც გადაფარებულია მოლურჯო-მოყვითალო ფერის ზეწარი, რომელსაც ბალიშის ქვეშ აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. საწოლის ქვეშ, დასავლეთ მხარეს, იატაკის ზედაპირზე არის მოშავო ფერის პლასტმასის ტარიანი დანა, რომელსაც ზედაპირზე აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. დათვალიერების შედეგად ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ი---- ზ------ის საცხოვრებელი სახლის ე.წ. საძინებელ ოთახში მდებარე ხის საწოლიდან ამოღებულ იქნა ბალიში თავისივე შალითასთან და ლეიბის ზეწართან ერთად, რომელთაც აღენიშნებათ მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. საძინებელში განთავსებული ხის საწოლის ქვეშ, იატაკის ზედაპირიდან ამოღებული იქნა მუქი ფერის პლასტმასის ტარიანი დანა, რომელსაც პირზე აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე დადასტურეს მოწმეებმა: გ------------–--ემ, ვ------- ტ----–---–მა და თ-------- გ-------ემ, რომლებმაც დამატებით განმარტეს, რომ ი---- ზ------ი განიცდიდა და ინანიებდა ჩადენილს, იქცეოდა ადეკვატურად, ფაქტებს გადმოსცემდა თანმიმდევრულად და ერკვეოდა დროსა და სივრცეში.

 

ჩვენების მიცემისას ნ-------------მა და ი---- მ-----–---–მა განმარტეს, რომ არიან მეუღლეები და ცხოვრობენ მ–------------------------– ც--------ში. აწ გარდაცვლილი მ------------- ზ------ი იყო ნ-------------ის მამა, ი---- ზ------ი კი არის ძმა. მათი ჩვენებებით, მ------------- ზ------ს და ი---- ზ------ს წლების განმავლობაში ჰქონდათ ოჯახური კონფლიქტი, რისი მიზეზიც იყო ის, რომ ი---- ზ------ი სისტემატურად ეტანებოდა ალკოჰოლურ სასმელს, რაზეც ღიზიანდებოდა მ------------- ზ------ი. მათ შორის კონფლიქტს ამძაფრებდა ის, რომ მ-------------, იგივე თ------ ზ------ი, ეპილეფსიით დაავადებულ შვილს სისტემატურად მიმართავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, წყევლიდა და ეძახდა ბნედიანს და დებილს, რასაც ი---- ზ------ი განიცდიდა მტკივნეულად. 2019 წლის 17 იანვარს, დაახლოებით 12 საათზე, მათ ნათესავისგან - დ----- ზ-----–---–ისგან შეიტყვეს, რომ მ------------- ზ------ი მოთავსებული იყო მცხეთის საავადმყოფოში, სადაც იმავე დღეს გარდაიცვალა ყელის არეში მიღებული ჭრილობისგან. როგორც მათ მ------ ზ------მა უთხრა, წინა საღამოს სახლში დაბრუნებული ი---- ზ------ი იყო მთვრალ მდგომარეობაში. როგორც მათვის დაზარალებულის უფლებამონაცვლისგან არის ცნობილი, შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდნენ მხოლოდ მ------ ზ------ი და ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მ------------- ზ------ი, რომელიც იწვა საძინებელ ოთახში. მ------------- ზ------ი განაწყენებული იყო ი---- ზ------ზე, ვიანიდან ეს უკანასკნელი თავს არ ანებებდა ლოთობას, ამიტომ სახლში მისულ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ შვილს ლანძღავდა და წყევლიდა, მოიხსენიებდა ბნედიანად, რაზეც მამა-შვილი შეკამათდნენ, თუმცა მ------ ზ------მა შვილი სახლიდან ეზოში გაარიდა, თავად კი, საჭმლის მოსამზადებლად გავიდა სამზარეულო ოთახში. ამ დროს ი---- ზ------ი შევიდა მამის საძინებელ ოთახში. მ------------- ზ------ი აგრძელებდა მის წყევლას და მოითხოვდა მისი ოთახიდან გასვლას. სწორედ ამ დროს ი---- ზ------ს, აღელვების ნიადაგზე მამისთვის ყელის არეში დანით მიუყენებია დაზიანება, შემდეგ კი მ------ ზ------ისთვის უთქვამს მიეხედა ქმრისთვის და წასულა სახლიდან. აღნიშნულმა მოწმეებმა ასევე განმარტეს, რომ მ------------- ზ------ს მოხუცებულობის გამო უჭირდა სიარული, ამიტომ გადაადგილდებოდა ჯოხით. სხვა დროს თავადაც შესწრებიან მამა-შვილს შორის კამათს, თუმცა კამათის დროს ი---- ზ------ი აგრესიას არ ავლენდა, იგი მამისგან მხოლოდ თავის დანებებას ითხოვდა.

 

სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმე თ----- მ-----–---–მა განმარტა, რომ ი---- მ-----–---–ი არის მისი შვილი, ი---- ზ------ი კი არის მისი რძლის - ნ-------------ის ძმა. მოწმემ დაადასტურა, რომ მ------ ზ------ი, მ------------- ზ------ისთვის ყელის არეში დანით დაზიანების მიყენებაში ადანაშაულებდა შვილს - ი---- ზ------ს.

 

მოწმეებმა: თ------ თ-----–---–მა, ჯ------- მ-----------მა და თ----- ზ------მა ჩვენების მიცემისას განმარტეს, რომ მამა-შვილს მ------------- და ი---- ზ------ებს შორის ოჯახურ კონფლიქტს ჰქონდა სისტემატური ხასიათი. აღნიშნულის მიზეზი იყო ის, რომ ი---- ზ------ი სისტემატურად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც აღიზიანებდა მამას, ამიტომ მათი სახლიდან ხშირად ისმოდა კონფლიქტის ხმა.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 8 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით:

▪ მ------------- ზ------ის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული კისრის წინა ზედაპირზე მარჯვნივ ქვედა მესამედში არსებული ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის შედეგად დაზიანებული მსხვილი კალიბრის სისხლძარღვებიდან სისხლდენის გამო.

▪ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებით, მ------------- ზ------ის სიკვდილი დაფიქსირდა 17.01.2019 წელს 12:45 საათზე. გვამის გამოკვლევისას ნანახი სიკვდილის შემდგომი ნაადრევი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით სიკვდილის დადგომის დრო არ ეწინააღმდეგება სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულ თარიღს და დროს.

▪ მ------------- ზ------ის გვამზე აღინიშნება სოცოცხლისდროინდელი დაზიანებები (სამედიცინო დოკუმენტაციის და გვამის გამოკვლევის მონაცემებით): ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა კისრის წინა ზედაპირზე მარჯვნივ ქვედა მესამედში (საუღლე ამონაჭდევიდან 2 სმ-ს დაშორებით მარჯვნივ, მკერდლავიწდვრილისებრი კუნთის ქვედა მესამედის წინ), ტერფის ძირიდან 137 სმ-ის დაშორებით, კანის, კანქვეშა რბილი ქსოვილების, მარჯვენა წინა საუღლე ვენის, ტრაქერის წინა კედლის, მარცხენა წინა საუღლე ვენის, მარცხენა საერთო საძილე არტერიის, მარცხენა შიგნითა საუღლე ვენის და მარცხენა ლავიწქვეშა არტერიის დაზიანებით. ჭრილობის არხის მიმართულებით მარჯვნიდან მარცხნივ, ოდნავ ზემოდან ქვემოთ და რამდენადმე წინიდან უკან. ჭრილობის არხის სიგრძით დაახლოებით 14 სმ., განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ მჭრელი საგნის მოქმედებით, ცოცხალ პირთა ექსპერტიზაში განისაზღვრება, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება და იმყოფება უშუალო მიმიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 16.01.2019 წლის თარიღს.

▪ მ------------- ზ------ის გვამზე ასევე აღინიშნება სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები ორივე მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე. ნაჭდევები წელის მიდამოში. ნაჭდევები ნიკაპქვეშა მიდამოში და მარცხნივ ყბისქვეშა მიდამოში - განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. ცოცხალ პირთა ექსპერტიზაში განისაზღვრებიან როგორც მსუბუქი ხარისხის დაზიანებები და არ იმყოფებიან უშუალო მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. დასახელებულ დაზიანებათაგან სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები ორივე მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე და ნაჭდევები წელის მიდამოში ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 16.01.2019 წლის თარიღს.

▪ ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილ მ------------- ზ------ის გვამიდან აღებულ სისხლში აღმოჩნდა 0,14 პროცენტი ეთილის სპირტი. დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: ს-------- ბ--–-----მ და ც------ მ---------ემ.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 20 მაისის ექსპერტიზის N--------- დასკვნით, სეროლოგიური და გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:

▪ პაკეტში წარწერით ,,ბასრპირიანი საგანი მოწითალო ფერის ლაქებით, ამოღებული საწოლის ქვევით საძინებლის იატაკიდან“ მოთავსებული დანის პირზე (ობ. N1) არსებული მოწითალო მოყავისფრო ლაქები და ტარზე არსებული ბიომასალა (ობ. N3) შეიცავს ადამიანის სისხლს. ობ. N1.2-ის გენეტიკური პროფილი და მ------------- ზ------ის (ობ. N12; პაკეტი წარწერით ,,... მ------------- ზ------ის სისხლის ნიმუში...“) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. N3-ის შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი მ------------- ზ------ის (ობ. N12), ხოლო მეორე წილი ი---- ზ------ის (ობ. N11; პაკეტი წარწერით ,,... ნერწყვის ნიმუში ... ი---- მ-------------ს ძე ზ------ის პირის ღრუდან...“) გენეტიკური პროფილების იდენტურია.

▪ პაკეტში წარწერით ,,ანაწმენდი სახის მიდამოდან აღებული, ი---- მ-------------ს ძე ზ------ისგან“ მოთავსებულ დოლბადის ფრაგმენტზე არსებული მონაცრისფრო ლაქები (ობ. N4) და პაკეტში წარწერით ,,მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდი დოლბანდზე... აღებული მოწმე ი---- ზ------ისგან“ მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტებზე არსებული მოყვითალო პაკეტში წარწერით ,,...ანაწმენდები მტევნებიდან, სახის მიდამოდან, ჭრილობიდან...“ მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტებზე არსებული მოყავისფრო და მოყვითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N7-10) შეიცავს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მ------------- ზ------ს (ობ. N12). დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ------- კ--–-----ემ.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 27 თებერვლის ქიმიური ექსპერტიზის N----- დასკვნით დადგენილია, რომ:

▪ ბალიშისპირის და ლეიბის შალითის ზედაპირიდან ამოღებულ მოლურჯო/მონაცრისფრო ბამბის ბოჭკოს მიკრონაწილაკებს და მ------------- ზ------ის პერანგის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალ მოლურჯო-მონაცრისფრო ბამბის ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება.

▪ ი---- ზ------ის კაპიშონიანი სვიტერის ზედაპირიდან ამოღებულ მოლურჯო- მონაცრისფრო ბამბის ბოჭკოს მიკრონაწილაკებს და მ------------- ზ------ის პერანგის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალ მოლურჯო-მონაცრისფრო ბამბის ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვარეობრივი კუთვნილება.

▪ მ------------- ზ------ის მარჯვენა და მარცხენა ხელების ფრჩხილების მონაჭრებიდან ამოღებულ ბოჭკოს მიკრონაწილაკებს შორის ი---- ზ------ის ქურთუკის და კაპიშონიანი სვიტერის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალი ბოჭკოს მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა.

▪ მ------------- ზ------ის ტანსაცმლიდან, ხელის ფრჩხილების მონაჭრებიდან ბალიშისპირიდან და ლეიბის შალითიდან ამოღებულ ლურჯი ფერის ბამბის ბოჭკოს მიკრონაწილაკები კონკრეტულად დატოვებულია თუ არა ი---- ზ------ის ჯინსის შარვლის ქსოვილიდან, დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან ჯინსის ქსოვილის ნაწარმი ფართოდ არის გავრცელებული, სერიული წარმოებისაა და ქსოვილში შემავალი ბოჭკოები ხასიათდებიან ერთნაირი გვარობრივი ნიშნებით. დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ------------მ.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 25 თებერვლის ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ:

▪ ი---- ზ------ს ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენამდე და ჩადენის დროს აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - თავის ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობა (კოდი F07.0 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასიჯვის მიხედვით). გართულებული ალკოჰოლიზაციით. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ი---- ზ------ი ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, ფსიქიკის დროებითი აშლილობით ან ჭკუასუსტობით დაავადებული არ იყო. მას აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - თავის ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობა, გართულებული ალკოჰოლიზაციით და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). ამჟამად ი---- ზ------ს აღენიშნება ფსიქიკის დროებითი აშლილობა - ისტერიული ფსიქოზი (კოდი F44.0 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ი---- ზ------ს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება, მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ამჟამად ი---- ზ------ი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას სასჯელაღსრულების სისტემის პირობებში. ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ი---- ზ------ს არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისი მხრიდან არსებობს საკუთარი თავისა და სხვა პირთათვის ზიანის მიყენების, მუქარისა და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობისა და ქცევის რისკის ხარისხის მიხედვით ამჟამად ი---- ზ------ი წარმოადგენს სოციალურ საშიშროებას და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი ი---- ზ------მა უნდა მოიხადოს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიულ სტაციონარული დახმარების შესაბამის სამედიცინო სამკურნალო დაწესებულებაში - აკად. ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ხონი - ქუტირში არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა ი---- ზ------ის მიმართ უნდა გაგრძელდეს საერთო წესით.

▪ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს (16.01.2019 წელს) ი---- ზ------ი არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში. დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ქ------- შ----------ემ და მ----- ბ-------ემ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა და მ------------- ზ------ის ტანსაცმელი, რომლებსაც აღენიშნებოდათ სისხლისმაგვარი ლაქები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა მ------ რ--–---–---–მა, ი-–------------ემ, ლ-------------ემ, ვ----–-–--–---–---–მა, ნ-----–---- ა-----–---–მა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომლითაც ი---- ზ------ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მსხვერპლი - მ------------- ზ------ი იყო ი---- ზ------ის მამა, შესაბამისად, ქმედების დამატებითი კვალიფიკაცია 111 მუხლის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, არის სწორი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2019 წლის 16 იანვარს, დაახლოებით 19:30 საათზე მ–------------------------– მ-------ში, მისივე საცხოვრებელ სახლში მ------------- ზ------ს კისრის წინა ზედაპირზე დანით მიყენებული ჰქონდა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მ------------- ზ------ის გვამზე აღინიშნება სოცოცხლისდროინდელი დაზიანებები (სამედიცინო დოკუმენტაციის და გვამის გამოკვლევის მონაცემებით): ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა კისრის წინა ზედაპირზე მარჯვნივ ქვედა მესამედში (საუღლე ამონაჭდევიდან 2 სმ-ს დაშორებით მარჯვნივ, მკერდლავიწდვრილისებრი კუნთის ქვედა მესამედის წინ), ტერფის ძირიდან 137 სმ-ის დაშორებით, კანის, კანქვეშა რბილი ქსოვილების, მარჯვენა წინა საუღლე ვენის, ტრაქერის წინა კედლის, მარცხენა წინა საუღლე ვენის, მარცხენა საერთო საძილე არტერიის, მარცხენა შიგნითა საუღლე ვენის და მარცხენა ლავიწქვეშა არტერიის დაზიანებით. ჭრილობის არხის მიმართულებით მარჯვნიდან მარცხნივ, ოდნავ ზემოდან ქვემოთ და რამდენადმე წინიდან უკან. ჭრილობის არხის სიგრძით დაახლოებით 14 სმ. დასკვნის თანახმად, დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ მჭრელი საგნის მოქმედებით, ცოცხალ პირთა ექსპერტიზაში განისაზღვრება, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება და იმყოფება უშუალო მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან, ხანდაზმულობით კი არ ეწინააღმდეგება 16.01.2019 წლის თარიღს.

 

დაცვის მხარემ სადავო გახადა როგორც განზრახვის ფაქტი, ისე დანაშაულის ჩადენის მოტივი და ი---- ზ------ის მიერ დანაშაულის ჩადენა. დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ ი---- ზ------ი მამასთან კონფლიქტს ყოველთვის არიდებდა თავს და მიყენებული შეურაცხყოფის გამო მამის მიმართ არ გამოხატავდა აგრესიას. ამასთან, აღნიშნული მოწმეები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრენი, რაც დაადასტურებდა ი---- ზ------ის მიერ მ------------- ზ------ისთვის დანით ჭრილობის მიყენებას. დაცვის მხარის პოზიციით, შემთხვევის დროს ი---- ზ------ი იყო შეზღუდული შერაცხადი, შესაბამისად არ შეეძლო გაეცნობიერებინა მისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, რაც გამორიცხავს მკვლელობის განზრახვის არსებობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატას მოწმეთა ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია. დაზარალებულის უფლებამონაცვლის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდნენ თავად, მ------------- ზ------ი და ი---- ზ------ი. მ------------- ზ------ი არის გარდაცვლილი, ი---- ზ------მა სასამართლოში ვერ მისცა ჩვენება მისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო. შესაბამისად, მ------ ზ------ის გარდა სხვა პირს, რომელიც იქნებოდა შემთხვევის ფაქტის თვითმხილველი, ბრალდების მხარე ვერ წარმოადგენდა. გარდა ამისა, როგორც მკვლელობის, ასევე სხვა დანაშაულთა შემთხვევის დროს, შესაძლებელია არც არსებობდნენ დანაშაულის თვითმხილველი პირები, რაც, რასაკვირველია, არ გულისხმობს დანაშაულის ჩადენაში დამნაშავე პირის დაუდგენლობას და არ მიუთითებს სხვა მტკიცებულებების ნაკლებ მნიშვნელობაზე. მოცემულ შემთხვევაში, პალატამ შეაფასა როგორც მ------ ზ------ის ჩვენება, ისე სხვა მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ მ------------- ზ------ი მოკლა შვილმა - ი---- ზ------მა.

 

ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება (ვრცლად იხ. 2014 წლის 12 თებერვლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმეზე N42აპ-13).

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მამა-შვილს - მ------------- ზ------ს და ი---- ზ------ს შორის არსებობდა დაძაბული ურთიერთობა. მ------------- ზ------ი ხშირად აყენებდა შეურაცხყოფას ი---- ზ------ს. როგორც ზემოთ აღინიშნა, მ------ ზ------ი ერთადერთი მოწმეა, რომელიც შემთხვევის დროს იმყოფებოდა სახლში. მოწმემ აღწერა განვითარებული მოვლენები და მიუთითა, რომ მითითებულ დღეს მ------------- ზ------ი კვლავ აყენებდა შეურაცხყოფას ი----ს, რის გამოც მან შვილი ორჯერ სახლიდანაც კი გაიყვანა. ფაქტია ისიც, რომ ი---- ზ------ი გამოვიდა მ------------- ზ------ის საძინებელი ოთახიდან, ხოლო შესვლისას მ------ ზ------ს მეუღლე დახვდა კისრის არეში მიყენებული დაზიანებით. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით არ დასტურდება ი---- ზ------ის აფექტის მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი, თუმცა, პალატა დადგენილად მიიჩნევს დანაშაულის ჩადენის მოტივს, შესაბამისად, ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს, რომ თითქოს ი---- ზ------ს არ გააჩნდა დანაშაულის ჩადენის მოტივი და განზრახვა.

 

ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელსაც ახლავს ფოტოცხრილი, სადაც ჩანს თუ როგორ უთითებს ი---- ზ------ი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს დანას, რომლითაც მიაყენა დაზიანებები მ------------- ზ------ს. ფოტოებში ჩანს დანა, რომელიც განთავსებულია საწოლის ქვეშ, რომელიც ამოღებული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენში აღნიშნა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ზ. ტ-სა და ვ. გ-ს ჩვენება არ მიუციათ, არამედ ვითარება აღადგინეს იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მათ მიერ გამოყენებული იყო ბრალდების მხარის მიერ მათთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოს მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის პირველ ნაწილში.

 

მოცემულ შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტი ი---- ზ------ის მონაწილეობით ჩატარდა დანაშაულის ჩადენიდან ახლო პერიოდში, 5-6 საათში. ამ დროს ი---- ზ------ის შერაცხადობა (შეზღუდული შერაცხადობა) ეჭვქვეშ არ იდგა, იგი იქცეოდა ადეკვატურად, ერკვეოდა დროსა და სივრცეში. ი---- ზ------ს შეურაცხადობა ჩამოუყალიბდა მოგვიანებით - საზოგადოებისგან იზოლირების ფონზე. ამასთან, მოწმეების: გ------------–--ის, ვ------- ტ----–---–ის და თ-------- გ-------ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ი---- ზ------ი იქცეოდა ადეკვატურად და ფაქტებს გადმოსცემდა თანმიმდევრულად. გარდა ამისა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს დანა ამოღებულ იქნა სწორედ საძინებელ ოთახში განთავსებული საწოლის ქვემოთ, იატაკიდან, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ი---- ზ------ი ინფორმაციას გადმოსცემდა სწორად.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა უტყუარობა და მნიშვნელობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში არც საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და არც დანაზე არსებული ბიოლოგიური კვალი არ დადებია ძირითად საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, თუმცა, აღნიშნული მტკიცებულებები, მ------ ზ------ის ჩვენებასთან, შეტყობინებებთან, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად ასევე ადასტურებს ი---- ზ------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში. მოცემულ შემთხვევაში ი---- ზ------ს ბრალი წარედგინა ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობაში.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, კერძოდ, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, საჭიროა დადგინდეს დამნაშავის მიერ დაზარალებულის სიკვდილის, როგორც შედეგის შეგნებული დაშვება ან ამ უკანასკნელის დადგომისადმი გულგრილი დამოკიდებულება. ამასთან, ქმედების განზრახ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის, აუცილებელი არ არის, პირს წინასწარ, რამდენიმე დღით, ან თუნდაც რამდენიმე საათით ადრე ჩამოუყალიბდეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ი---- ზ------ს მამასთან ჰქონდა კონფლიქტი და მ------------- ზ------ი მუდმივად აყენებდა შვილს შეურაცხყოფას, რასაც ასევე ადგილი ჰქონდა შემთხვევის დღესაც. მათ შორის კონფლიქტის არსებობა დადასტურებულია სასამართლოში დაკითხული დაზარალებულის უფლებამონაცვლის და მოწმეთა ჩვენებებით. აღნიშნულზე გაბრაზებულმა ი---- ზ------მა კი, დანით ყელის არეში დაზიანება მიაყენა მამას, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. გასათვალისწინებელია როგორც ჭრილობის მიმართულება, ისე ლოკალიზაცია და ხარისხი, რაც მეტყველებს ი---- ზ------ის განზრახვაზე, შესაბამისად, უსაფუძვლოა მითითება იმის შესახებ, რომ მ------ ზ------ისთვის მიმართვა მიეხედა ქმრისთვის, მიუთითებდა ი---- ზ------ის განზრახვის არარსებობაზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ი---- ზ------ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა მტკიცებულებითი სტანდარტის თვალსაზრისით. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი სასამართლოებს ავალდებულებს დაასაბუთონ გადაწყვეტილებები, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება იმდაგვარად იქნეს გაგებული, რომ იგი ითხოვს დეტალურ პასუხს ყველა არგუმენტზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე: Krasulya v. Russia, N12365/03 , პარ. 50). პალატას მიაჩნია, რომ დაცვის და ბრალდების მხარის ძირითად არგუმენტებზე ნამსჯელი აქვს პირველი ინსტანციის სასამართლოს. ძირითად არგუმენტებზე იმსჯელა ასევე პალატამაც და მიიჩნია, რომ ი---- ზ------მა განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ი---- ზ------ის ბრალეულობას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. მსჯავრდება ემყარება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა სტანდარტს, სანქციით გათვალისწინებული მინიმუმის დანიშვნა კი სამართლიანია, რის გამოც განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ი---- ზ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლ--–------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განაჩენი.

 

ი---- ზ------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 13 (ცამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

დანიშნული სასჯელი ი---- ზ------მა მოიხადოს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიულ სტაციონარული დახმარების შესაბამის სამედიცინო სამკურნალო დაწესებულებაში - აკად. ბ.ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ხონი - ქუტირში, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა ი---- ზ------ის მიმართ გაგრძელდეს პენიტენციურ დაწესებულებაში, საერთო წესით.

 

ი---- ზ------ს სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 17 იანვრის 03:37 საათიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

§ მ------------- ზ------ის ტანსაცმელი (შავი ფერის სპორტული შარვალი, შავი ფერის მაისური, მუქი ლურჯი ფერის პერანგი, ნაცრისფერი მაისური, წინდები, შავი ფერის ქვედა საცვალი), ი---- ზ------ის ტანსაცმელი (ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, მონაცრისფრო კაპიშონიანი სვიტერი, ყვითელი და შავი ფერის ზამთრის ქურთუკი), შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ბალიში თავისივე შალითასთან ერთად, აგრეთვე ლეიბის ზეწარი, რომლებიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ------ ზ------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული დანა, ი---- ზ------ის ხელის ანაწმენდის ნიმუში, მ------------- ზ------ის სისხლის ნიმუში, მ------------- ზ------ის სახის, ხელის მტევნების და ჭრილობის ანაწმენდების ნიმუშები, მ------------- ზ------ის ფრჩხილის ნიმუშები, ი---- ზ------ისგან აღებული ანაწმენდების ნიმუშები, ი---- ზ------ის ნერწყვის ნიმუში, რომლებიც ინახება მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს.

§ საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ფოტომასალა, მოთავსებული ერთ კონვერტში დალუქული სახით - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნეს მისი შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

 

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

 

ნინო სანდოძე