განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001807957
საქმე №3ბ/2160-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
11 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) - შოთა გეწაძე
მოსამართლეები - ილონა თოდუა, ნინო ყანჩაველი
სხდომის მდივანი - მარინე კახაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ა(ა)იპ „თ---–------------–---------------ი“ (ს/კ 4--------);
წარმომადგენელი - გ--------------–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
წარმომადგენელი - თ----------–---ძე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური;
წარმომადგენელი - ნ----------–---–ი;
მესამე პირი (ა.ს.კ 16.2) - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური;
წარმომადგენელი - მ-–---------–---–ი;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება.
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 17 დეკემბრის N4---- ბრძანება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 17 დეკემბრის N0------ საგადასახადო მოთხოვნა;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 21 დეკემბრის N0-------- შეტყობინება;
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 29 იანვრის ბრძანება N1---;
1.5. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 18 იანვრის N1--------- გადაწყვეტილება;
1.6. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 18 იანვრის N0------- შეტყობინება;
1.7. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 01 მარტის დასკვნა;
1.8. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 07 მარტის N6--- ბრძანება;
1.9. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 09 მარტის საგადასახადო მოთხოვნა N0------;
2. მოპასუხეების და მესამე პირის პოზიცია:
2.1. მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა სარჩელი არ სცნეს და მოითხოვეს არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.
2.2. მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.
2.3. მესამე პირის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს, განმარტა რომ სარჩელი არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მოსარჩელე ა(ა)იპ „თ---–------------–---------------ის“ (ს/კ 4--------) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის 2015 წლის 03 დეკემბრის აქტის თანახმად, ქ. თბილისის პროკურატურის 2015 წლის 23 ივლისის N1---------- მიმართვის საფუძველზე, სისხლის სამართლის N0----------- საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჩაატარა ა(ა) იპ „თ---–------------–---------------ის“ 2011 წლის საანგარიშო პერიოდის შემოწმება (ტომი1, ს.ფ 24-26).
აქტის თანახმად, 2011 წლის დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებში საწარმოს ჯამურ დასაბეგრ ბრუნვად ნაჩვენებია - 254 132 ლარი, სხვაობა ერთობლივ შემოსავალსა და დღგ-თი დასაბეგრ ბრუნვას შორის შეადგენს (2------------) 32 654 ლარს. წარმოდგენილი დოკუმენტაციით ვერ დგინდება, აღნიშნული სხვაობა წარმოადგენს თუ არა სსკ-ის 168-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, დღგ-ისგან განთავისუფლებულ შემოსავალს. აქედან გამომდინარე, 2011 წლის დეკემბერში დამატებით გადასახდელად უნდა დაეკისროს საწარმოს, კუთვნილი დღგ (32 654 *18%) 5878 ლარი, ხოლო გადასახადის შემცირებისათვის შესაბამის პერიოდში მოქმედი სსკ-ის 275 მუხლის მიხედვით, ჯარიმა (5878*50%) 2939 ლარი, სულ 8 817 ლარი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის ინფორმაციის მიხედვით, სხვა გადასახადების შემოწმების სხვაობები არ გამოვლენილა. შემოწმების აქტის საფუძველზე 2015 წლის 17 დეკემბერს გამოიცა ბრძანება N4---- და საგადასახადო მოთხოვნა N0------ (ტომი 1, ს.ფ 22).
4.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 17 დეკემბრის N4---- ბრძანების (გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ) თანახმად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „თ---–------------–---------------ს“ (ს/ნ 4--------) საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 8817 ლარი. მათ შორის: ძირითადი გადასახადი: 5878 ლარი, ჯარიმა 2939 ლარი. საფუძველი: საქართველოს თბილისის პროკურატურის 2015 წლის 09 დეკემბრის წერილი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „თ---–------------–---------------ი“-ს (ს/ნ 4--------) საგადასახადო შემოწმების აქტი 2015 წლის 15 დეკემბრის აქტი (ტომი 1, ს.ფ. 21).
4.3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 17 დეკემბრის №0------ საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, ა(ა)იპ „თ---–------------–---------------ს" (ს/ნ 4--------) საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე (ბრძანება №4----, თარიღი 17.12.2015) გადასახდელად დაერიცხა: დღგ: ძირითადი: 5878 ლარი, ჯარიმა: 2939 ლარი, საურავი: 805.83 ლარი, სულ: 9622.83 ლარი; მოგების გადასახადი ძირითადი: 0 ლარი, ჯარიმა: 0 ლარი, საურავი .65 ლარი, სულ: .65 ლარი; საშემოსავლო გადასახადი: ძირითადი: 0 ლარი, ჯარიმა 0 ლარი, საურავი 52.99 ლარი, სულ 52.99 ლარი; ქონების გადასახადი ძირითადი: 0 ლარი, ჯარიმა: 0 ლარი, საურავი 25.94 ლარი, სულ: 25.94 ლარი; სულ: ძირითადი: 5878 ლარი, ჯარიმა 2939 ლარი, საურავი 885.41 ლარი, სულ 9702.41 ლარი. განიმარტა გასაჩივრების წესი, ვადა (ტომი1, ს.ფ 22).
4.4. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 21 დეკემბრის N0-------- შეტყობინების თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „თ---–------------–---------------ის“ (ს/ნ 4--------) ნებისმიერი სახის ქონებაზე წარმოშობილია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია არაუგვიანეს შეტყობინების მიღების მომდევნო დღისა რეგისტრაციაში გაატაროს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. განიმარტა გასაჩივრების წესი და ვადა (ტომი 1, ს.ფ. 23).
4.5. 2016 წლის 14 იანვარს, ა(ა)იპ „თ---–------------–---------------მა“ (ს/ნ 4--------) სსიპ შემოსავლების სამსახურში წარადგინა საჩივარი და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის უდიტის დეპარტამენტის 17.12.2015 წლის ბრძანება N4----; შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა N0------ და შემოსავლების სამსახურის 21.12.2015 წლის N0-------- შეტყობინება.
4.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 29 იანვრის N1--- ბრძანებით (ა(ა)იპ „თ---–------------–---------------ის“ 2016 წლის 14 იანვრის საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ტომი 1, ს.ფ 57-58).
4.7. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2016 წლის 4 თებერვლის N1------------ წერილით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს, 2016 წლის 22 იანვრის წერილის პასუხად ეცნობა, რომ ა(ა)იპ „თ---–------------–---------------ის“ (ს/ნ 4--------) 2011 წლის პერიოდის დღგ-ით დეკლარირებული ბრუნვა, ამავე პერიოდის მოგების გადასახადის დეკლარაციაში ნაჩვენები ერთობლივ შემოსავალთან მიმართებაში შემცირებულია 32 654 ლარით. ვინაიდან, წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ დადგინდა, რომ აღნიშნული სხვაობა წარმოადგენდა თუ არა დღგ-სგან განთავისუფლებულ შემოსავალს, საწარმოს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაეკისრა ძირითადი - 5878 ლარი, ჯარიმა - 2939 ლარი, სულ 8 817 ლარი. რაც შეეხებოდა საჩივარში მომჩივანის მიერ მოყვანილ ვარაუდს, რომ აღნიშნული სხვაობა წარმოადგენს ზ---------–ი 2011 წელს ნამატი ცხოველების (ი-------ის) ღირებულებას, აღინიშნა, რომ ნამატი ცხოველების შემოსავალში აღების და მისი ერთობლივ შემოსავალში ჩართვის ფაქტი წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დგინდება (ტომი 1, ს.ფ. 217).
4.8. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების (საჩივარი 1---------) თანახმად, ა(ა)იპ „თ---–------------–---------------ის“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გადამხდელს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველეყო მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტის/ მტკიცებულებების შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენა. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მიერ დოკუმენტების/მტკიცებულებების წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში საკითხის შესწავლა (მათ შორის საბაჟო ორგანოდან ინფორმაციის გამოთხოვა ცხოველთა ექსპორტირების შესახებ), გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტების/მტკიცებულებების შესწავლა/შეფასება და შედეგების გათვალისწინებით გადამხდელზე შემოწმებით დარიცხული თანხების შემცირება.
4.9. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით (საჩივარი N1---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ დავის საგანს წარმოადგენს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობა, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის 21.12.2015 წლის N0-------- შეტყობინება „საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ და შემოსავლების სამსახურის 29.01.2016 წლის N1--- ბრძანება. დარიცხული თანხა: 9702 ლარი ფაქტების აღწერა: ა(ა)იპ „თ---–------------–---------------ის“ პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით გადამხდელს წარედგინა შემოსავლების სამსახურის 21.12 2015 წლის N0-------- შეტყობინება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ“.
ხსენებული შეტყობინების გაუქმების თაობაზე მომჩივნის საჩივარი შემოსავლების სამსახურის 29.01.2016 წლის N1--- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის ანალიზის საფუძველზე ა(ა)იპ „თ---–------------–---------------ს“ პირადი აღრიცხვის ბარათზე 2015 წლის 25 იანვრის მდგომარეობით ერიცხება სალდირებული დავალიანება 9063.6 ლარის ოდენობით, პირად ბარათზე არსებული ჩანაწერის მიხედვით, საგადახდო დავალება წარმოშობილია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის შედეგად.
საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო ა(ა)იპ „-----–---- ზ-----–--------ი პ----ის“ მიმართ, 2015 წლის 21 დეკემბერს წარმოშობილია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გირავნობა/იპოთეკა ა(ა)იპ „თ---–------------–---------------ის“ ქონებაზე გავრცელებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. მომჩივნის პირად ბარათზე არსებული დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით შემოსავლების სამსახურის მიერ გამოიცა და მომჩივანს წარედგინა 21.12.2015 წლის N0-------- შეტყობინება „საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ“. აღმოჩნდა, რომ შემოწმებით დარიცხული თანხების გაუქმების თაობაზე მომჩივნის საჩივარი საბჭოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საკითხის შესწავლა. ხოლო, წინამდებარე საჩივრის განხილვის ეტაპზე მომჩივანს ერიცხება აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება. (ტომი 1, ს.ფ. 66-69).
4.10. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 18 იანვრის N0------- შეტყობინების თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „-----–---- ზ-----–--------ი პ----ის“ (ს/ნ 4--------) ნებისმიერი სახის ქონებაზე წარმოშობილია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია არაუგვიანეს შეტყობინების მიღების მომდევნო დღისა რეგისტრაციაში გაატაროს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება (ტომი 1, ს.ფ. 70).
4.11. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის პირველ მარტის დასკვნის თანახმად, ა(ა)იპ „თ---–------------–---------------ის მიერ, 2017 წლის 2 თებერვლის N2--------- წერილით წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, 2011 წლის 22 აგვისტოს დაბადებული 3 იაგური საქართველოს საბაჟო საზღვარზე 2013 წელს ექსპორტირებულია 3 სხვადასხვა ქვეყანაში. საბაჟო დეკლარაციებში დაფიქსირებული ი-------ის ღირებულება რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. გადამხდელის ახსნა-განმარტებით, როდესაც ზ---------–ი იბადება ცხოველი, ექსპერტების მიერ ხდება მათი ღირებულების განსაზღვრა და შესაბამისად, ბალანსზე აყვანა. გადამხდელის სიტყვიერი ინფორმაციით, გარდა ი-------ებისა, 2011 წელს ზ---------–ი დაიბადა სხვა ცხოველებიც, რომელთა გაშიფვრა მათი საბალანსო ღირებულებით ვერ დგინდება დოკუმენტაცია/ინფორმაციის განადგურების გამო. ასევე, გადამხდელის მიერ ერთობლივი შემოსავლის ან/და დღგ-ს დასაბეგრი ბრუნვის გაშიფვრა. ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემები განსხვადება 2011 წელს დეკლარირებული მონაცემებისაგან. შესაბამისად, ვერ მოხდა საოპერაციო და არასაოპერაციო შემოსავლების გამიჯვნა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დასკვნის თანახმად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა 2017 წლის პირველი მარტის დასკვნის საფუძველზე, 2017 წლის 07 მარტს გამოსცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N6--- ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა N0------.
4.12. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 07 მარტის N6--- ბრძანებით (გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხებისდარიცხვის/შემცირების შესახებ), არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „-----–---- ზ-----–-------- პ----ს“ საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, 2015 წლის 3 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა.
4.13. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 09 მარტის №0------ საგადასახადო მოთხოვნით ა(ა)იპ „თ---–------------–---------------ს" (ს/ნ 4--------) საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე (ბრძანება №6---, თარიღი 07.03.2017) გადასახდელად დაერიცხა: ძირითადი გადასახადი: 5878 ლარი; დღგ: 5878 ლარი, ჯარიმა: 2939 ლარი, საურავი: 885.41 ლარი, სულ: 9702.41 ლარი. (ტომი 1, იხ.ს.ფ.144-147; 153-154).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
სასამართლომ მიუთითა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ არ იქნა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სხვაობა ერთობლივ შემოსავალსა და დღგ-თი დასაბეგრ ბრუნვას შორის წარმოადგენს არასაოპერაციო შემოსავალს (ზ---------–ი ნამატი ცხოველების ღირებულება), აგრეთვე საბაჟო დეკლარაციებში მითითებულ ი-------ების ღირებულებასა და ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით საბალანსო ღირებულებას შორის სხვაობა არ განსხვადება ერთმანეთისგან და 2011 წელს დეკლარირებული მონაცემებისაგან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ა(ა)იპ ,, თ---–------------–---------------ის“ (ს/ნ 4--------) 2011 წლის პერიოდის დღგ-ით დეკლარირებული ბრუნვა, ამავე პერიოდის მოგების გადასახადის დეკლარაციაში ნაჩვენები ერთობლივ შემოსავალთან მიმართებაში შემცირებული იქნა 32 654 ლარით და ვინაიდან, ადმინისტრაციულმა ორგანომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით დადგენილად ვერ მიიჩნია, რომ აღნიშნული სხვაობა წარმოადგენდა დღგ-საგან განთავისუფლებულ შემოსავალს, საქმის განმხილველმა სასამართლომაც დასაბუთებულად არ მიიჩნია მოსარჩელის ის ვარაუდი, რომ აღნიშნული სხვაობა წარმოადგენდა ზ---------–ი 2011 წელს ნამატი ცხოველების (ი-------ის) ღირებულებას და შესაბამისად, წარდგენილი დოკუმენტებით დადასტურებულად ვერ მიიჩნია ნამატი ცხოველების შემოსავალში აღების და მისი ერთობლივ შემოსავალში ჩართვის ფაქტი.
სასამართლომ მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სასამართლო სხდომასა და სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებში გამოთქმული მოსაზრებები და მიიჩნია, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულება, არსებული დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით შემოსავლების სამსახურის მიერ ,,საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გავრცელება ა(ა)იპ „თ---–------------–---------------ის“ ქონებაზე არ ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებულ ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, არის კანონშესაბამისი და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
6. ა(ა)იპ „თ---–------------–---------------ის“ სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
6.1. ა(ა)იპ „თ---–------------–---------------ის“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სხვაობა ერთობლივ შემოსავალსა და დღგ-თი დასაბეგრ ბრუნვას შორის წარმოადგენს არასაოპერაციო შემოსავალს (ზ---------–ი ნამეტი ცხოველების ღირებულებას), აგრეთვე საბაჟო დეკლარაციებში მითითებულ ი-------ების ღირებულებასა და ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით საბალანსო ღირებულებას შორის სხვაობა არ განსხვავდება ერთმანეთისგან და 2011 წლის დეკლარირებული მონაცემებისგან.
წარმომადგენლის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს ის მოსაზრება, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც გადასახადის გადამხდელის მიერ არ ხდება ერთობლივი შემოსავლის ან/და დღგ-ს დასაბეგრი ბრუნვის გაშიფრვა, ხოლო ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემები განსხვავდება შესაბამისი პერიოდის დეკლარირებული მონაცემებისგან და შესაბამისად, არ ხდება საოპერაციო და არასაოპერაციო შემოსავლების გამიჯვნა, ამდენად, აღნიშნულ პერიოდზე დღგ-ს დარიცხვა არის კანონშესაბამისი.
საჩივრის ავტორს, ის მსჯელობა, რომ გადამხდელის მიერ არ მომხდარა ერთობლივი შემოსავლის ან/და დღგ-ს დასაბეგრი ბრუნვის გაშიფრვა, აზრს მოკლებულად მიაჩნია და მიუთითებს, რომ ზ----------ს მიერ როგორც არა ერთხელ იქნა განმარტებული, აქტით გაანგარიშებული ე.წ. სხვაობა ერთობლივ შემოსავალსა და დღგ-თი დასაბეგრ ბრუნვას შორის 32654 ლარის ოდენობით, წარმოადგენს ზ---------–ი ნამატი ცხოველების ღირებულებას. კერძოდ, 2011 წელს 22 აგვისტოს დაბადებული 3 ი-------ის ღირებულებას, რომლებიც აყვანილ იქნენ ზ----------ს ბალანსზე. წარმომადგენელი განმარტავს, რომ აღნიშნულის დადასტურება დოკუმენტაციით ვერ ხერხდება, ვინაიდან 2015 წლის 1--------ს მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად განადგურდა დოკუმენტები, აპელირებს საქმეში წარდგენილ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 19 ივნისის NF-------- ოქმზე, წყალდიდობის შედეგად განადგურებული დოკუმენტაციის ფაქტის კონსტატაციის შესახებ შესაბამისი ფოტო - მასალით და განმარტავს, რომ 2011 წელს დაბადებული ი-------ები საქართველოდან ექსპორტირებულ იქნა ა------------ში, ს--------ა და ბ--–------–ი და მათ მიერ, შესაბამის უწყებებში მოძიებულ იქნა 2013 წლის 19 ნოემბრის, 2013 წლის 23 დეკემბრის და 2014 წლის 10 აპრილის განცხადებები საქართველოდან ექსპორტირებულ ცხოველზე, ფრინველზე და ფ----------ე სერთიფიკატების გაცემის შესახებ, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე მიიჩნევს, რომ დასტურდება, ერთ შემთხვევაში ექსპორტს დაქვემდებარებული ი-------ის დანიშნულების ადგილი - ა------------ის ზ----------, სომხეთის ზ---------- და მინსკის ზ----------. სამივე ი-------ის დაბადების თარიღია 2011 წლის 22 აგვისტო.
რაც შეეხება აღნიშნული ი-------ების საბალანსო ღირებულებას, რა ღირებულებითაც ზ----------ა აიყვანა თავის ბალანსზე, ვიდრე მოხდებოდა მათი ექსპორტზე გაშვება, წარმომადგენლის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ თვით ბალანსზე აყვანის დოკუმენტაცია და შესაბამისად, ზუსტი საბალანსო ღირებულება ვერ იქნა მოძიებული იმ მიზეზით, რომ დოკუმენტაცია იქნა განადგურებული, მათ მიერ მოძიებულ იქნა 2011 წლის 18 ივლისის მიღება - ჩაბარების აქტი, რომელიც შედგა ერთი მხრივ ქ. თბილისის მთავრობასა და მეორე მხრივ, ა(ა)იპ „-----–---- ზ-----–-------- პ----ს“ შორის მასზედ, რომ ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციამ გადასცა, ხოლო ზ----------ა მიიღო ქონება დანართი 1 და 2-ის შესაბამისად, ასევე სხვადასხვა დასახელების მატერიალური ფასეულობები დანართი 3-ის შესაბამისად. აღნიშნულ დანართში მოცემულია ორი ი-------ი (ზემოთ ნახსენები ი-------ების მშობლები) და იქვე განსაზღვრულია მათი საბალანსო ღირებულებებიც. ერთ შემთხვევაში - 13897.99 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში - 12489.77 ლარი.
წარმომადგენლის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ ახლად დაბადებული ი-------ების საბალანსო ღირებულება მცირედით განსხვავდება ზრდასრული ცხოველებისგან (საშუალოდ 10-11 ათას ლარს თითო ი-------ის ღირებულება), ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის აქტით გამოთვლილი სხვაობა 32654 ლარი, წარმოადგენს სწორედ 2011 წლის 22 აგვისტოს დაბადებული ი-------ების საბალანსო ღირებულებას, რაც სსკ ის 168-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, დღგ-სგან გათავისუფლებულ შემოსავალს წარმოადგენს და არ ექვემდებარება დღგ-თი დაბეგვრას. კვლავ ამახვილებს ყურადღებას თბილისში მომხდარი წყალდიდობის დროს განადგურებული დოკუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ მხოლოდ აღნიშნულით ვერ ხერხდება სხვაობის დადასტურება. წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მათ მიერ საკმაოდ ნათლად იქნა გაშიფრული, თუ რა მიზეზით იყო გამოწვეული ზემოაღნიშნული სხვაობა ერთობლივ შემოსავალსა და დღგ-თი დასაბეგრ ბრუნვას შორის და აღნიშნული გარემოება გარკვეული დოკუმენტაციითაც დადასტურდა.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
7.2. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:
პალატა აღნიშნავს, პირველ ინსტანციის სასამართლოში განსახილველი დავის საგანს წარმოადგენდა დღგ-ში დარიცხული თანხებისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესაბამისობა კანონთან.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა ა(ა)იპ „თ---–------------–---------------ის“ წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები იმ თვალსაზრისით, რომ აღარ ასაჩივრებს სსიპ შემოსავლების სამსახურის 21.12.2015 წლის N0-------- შეტყობინებას, სსიპ შემოსავლების სამსახურის 29.01.2016 წლის ბრძანება N1---, სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 18.01.2017 წლის N1--------- გადაწყვეტილებას. ამდენად, პალატა მსჯელობს მხოლოდ დარჩენილი სადავო აქტების ნაწილში.
პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებზე და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის შემცირება არ ნიშნავს სარჩელის შეცვლას და შესაბამისად, დასაშვებია საქმის სასამართლო განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, მაშინ როცა, სარჩელის საფუძვლის შეცვლა დასაშვებია საქმის წინასწარი განხილვის დასრულებამდე, ხოლო დასრულების შემდეგ დაიშვებოდა მხოლოდ მოპასუხის თანხმობით. იმავდროულად, პალატა მიუთითებს სსსკ-ის 381-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია.
7.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
ამავე კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი არის დასაბეგრი ოპერაცია. კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად კი, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც: ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ - ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
რაც შეეხება საგადასახადო კოდექსის 167-ე მუხლის პირველ ნაწილს, აღნიშნულით დადგენილია, რომ დღგ-ისგან გათავისუფლება არსებობს ჩათვლის უფლებით და ჩათვლის უფლების გარეშე, ხოლო 168-ე მუხლით კანონმდებელმა განსაზღვრა დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები.
მოცემულ შემთხვევაში, სხვაობა ერთობლივ შემოსავალსა და დღგ-თი დასაბეგრ ბრუნვას შორის შეადგენდა 32 654 ლარს. წარდგენილი დოკუმენტაციით ვერ დადგინდა, აღნიშნული სხვაობა წარმოადგენდა თუ არა სსკ-ის 168-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, დღგ-ისგან განთავისუფლებულ შემოსავალს.
პალატა ყურადღებას ამახვილებს სადავო აქტში/დასკვნაში მითითებულ იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში მხარის მიერ წარდგენილი იქნა ცხოველთა - სამი ი-------ის ჯანმრთელობის შესახებ ცნობები და ასევე ა------------ში, ს--------ა და ბ--–-------ში ექსპორტირების ნებართვის (დეკლარირების) შესახებ დოკუმენტები. მითითებულია, რომ საბჭოს სხდომაზე ზეპირი განხილვისას მხარემ დამატებით განმარტა, რომ საქმესთან დართულ დოკუმენტებში ღირებულება არ იწერება, მაგრამ ჰქონდა ნებართვა მათი ექსპორტირების შესახებ. მიუთითა, რომ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ქვეყნებს შორის ხდება ცხოველთა ნამატის გაცვლა, ნამატი და გაცვლით მიღებულიც შემოსავლებში შეაქვთ, მაგრამ სანაცვლოდ მიღებული ცხოველის შემოსავალში ასახვა შეიძლება მოხდეს მოგვიანებითაც, როდესაც მიიღებენ. მიუთითა, რომ ცხოველთა ნამატის ექსპორტზე გატანის შესახებ არსებობს შესაბამისი დოკუმენტები.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 18 იანვრის 1--------- გადაწყვეტილებით, გადამხდელს მიეცა წინადადება გადაწყვეტილების მიღებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველეყო მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტის/ მტკიცებულებების შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენა და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს ასევე დაევალა გადამხდელის მიერ დოკუმენტების/მტკიცებულებების წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში საკითხის შესწავლა (მათ შორის საბაჟო ორგანოდან ინფორმაციის გამოთხოვა ცხოველთა ექსპორტირების შესახებ), გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტების/მტკიცებულებების შესწავლა/შეფასება და შედეგების გათვალისწინებით გადამხდელზე შემოწმებით დარიცხული თანხების შემცირება.
მნიშვნელოვანია აპელანტის ის განმარტება, რომ 2011 წლის 22 აგვისტოს დაბადებული 3 (სამი) იაგური აყვანილი იქნა ზ----------ს ბალანსზე და 2013 წელს ექსპორტირებული იქნა 3 სხვადასხვა ქვეყანაში, აზარბაიჯანში, სომხეთში და ბ--–-------ში. საბაჟო დეკლარაციებში დაფიქსირებულია ი-------ის ღირებულება. პალატა აქვე ყურადღებას ამახვილებს აპელანტის იმ არგუმენტზე, რომ ი-------ის საბალანსო ღირებულება ზუსტად ვერ იქნა მოძიებული 2015 წლის 1--------ს სტიქიური უბედურების დროს დოკუმენტაციის განადგურების გამო. რაც შეეხება 2011 წლის 18 ივლისს ქ. თბილისის მთავრობასა და ა(ა)იპ „-----–---- ზ-----–-------- პ----ის“ შორის გაფორმებულ მიღება - ჩაბარების აქტს, აღნიშნულ მტკიცებულებას აპელანტი მიიჩნევს სწორედ იმ გარემოების დამადასტურებლად, რომ ორი ი-------ის (გასხვისებული სამი ი-------ის მშობლების) საბალანსო ღირებულებები არის 13 897.99 ლარი და 12 489.77 ლარი. ყურადსაღები და ლოგიკურია აპელანტის ის განმარტებაც, რომ ახლად დაბადებული ი-------ების ღირებულება მცირედით განსხვადება ზრდასრული ცხოველების ღირებულებისაგან და ვარაუდობს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ გამოთვლილი სხვაობა 32 654 ლარი, წარმოადგენს 2011 წლის 22 აგვისტოს დაბადებული ი-------ების საბალანსო ღირებულებას, არასაოპერაციო შემოსავალს და არ ექვემდებარება დღგ-თი დაბეგვრას.
ყურადსაღებია მოპასუხეების მიერ, თანხების კორექტირებაზე უარის თქმის საფუძველი, კერძოდ ადმინისტრაციული ორგანოს ის არგუმენტი, რომ გადამხდელის სიტყვიერი ინფორმაციის (გარდა ი-------ებისა, 2011 წლის განმავლობაში ზ---------–ი დაიბადა სხვა ცხოველიც) გაშიფვრა და მათი საბალანსო ღირებულებები ვერ დადგინდა დოკუმენტაცია/ინფორმაციის განადგურების გამო, ასევე ვინაიდან გადამხდელის მიერ ვერ მოხდა ერთობლივი შემოსავლის ან/და დღგ-ს დასაბეგრი ბრუნვის გაშიფვრა, ასევე ვინაიდან ერთიანი ელექტრონული ბაზების მოანცემები განსხვავდება 2011 წლის დეკლარირებული მონაცემებისაგან, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ მოახდინა საოპერაციო და არასაოპერაციო შემოსავლების გამიჯვნა, რის გამოც შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაუქვემდებარა კორექტირებას.
პალატა აღნიშნულ არგუმენტს ვერ მიიჩნევს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძვლად და ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მოსაზრებას, რომ მოსარჩელის მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, არ იქნა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სხვაობა ერთობლივ შემოსავალსა და დღგ-თი დასაბეგრ ბრუნვას შორის წარმოადგენს არასაოპერაციო შემოსავალს (ზ---------–ი ნამატი ცხოველების ღირებულება), აგრეთვე საბაჟო დეკლარაციებში მითითებულ ი-------ების ღირებულებასა და ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით, საბალანსო ღირებულებას შორის სხვაობა არ განსხვადება ერთმანეთისგან და 2011 წელს დეკლარირებული მონაცემებისაგან.
პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლო მიუთითებას საქართველოს უზენაესი სასამრთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებაზე (№ბს-246-243(კ-14), სადაც მითითებულია, რომ „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე".
პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტები გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. ცალსახაა, რომ მხარის მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები და მითითებული არგუმენტები ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუსწავლია/არ შეუფასებია დეტალურად და ვინაიდან, ვერ მოხდა საოპერაციო და არასაოპერაციო შემოსავლების გამიჯვნა, ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნული ერთმნიშვნელოვნად მიიჩნია შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირებაზე უარის თქმის საფუძვლად.
აქვე, პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ზემოაღნიშნული მსჯელობებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით და მხარეთა ახსნა - განმარტებებით გონივრულად, ლოგიკურად და შესაძლებლად მიაჩნია ერთობლივ შემოსავალსა და დასაბეგრ ბრუნვას შორის არსებული სხვაობის მიჩნევა ი-------ების ღირებულებად, რაც, პალატის მოსაზრებით, სათანადოდ არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. პალატა აქვე განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ საკითხის შესწავლის და გამოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ ერთობლივ შემოსავალსა და დასაბეგრ ბრუნვას შორის არსებული სხვაობა გამოწვეული იყო სწორედ ი-------ების ღირებულებით, რაზეც აპელირებს საჩივრის ავტორი, მოცემულ შემთხვევაში შესწავლილი და გამოკვლეული უნდა იქნეს აღნიშნული ოპერაცია არის თუ არა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლით გათვალისიწინებული ოპერაცია, რაზეც, პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია. პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლით კანონმდებელმა დეტალურად განსაზღვრა დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ „თ---–------------–---------------ის“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება. ა(ა)იპ „თ---–------------–---------------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 17 დეკემბრის N4---- ბრძანება; სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 17 დეკემბრის N0------ საგადასახადო მოთხოვნა; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 18 იანვრის N0------- შეტყობინება; სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 01 მარტის დასკვნა; სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 07 მარტის N6--- ბრძანება; სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 09 მარტის საგადასახადო მოთხოვნა N0------ და სსიპ შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უნდა დაევალოთ საქმის გარემობების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი აქტის გამოცემა.
8. პროცესის ხარჯები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2-ე მუხლის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 291 (ორას ოთხმოცდათერთმეტი) ლარის და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი თანხის 388 (სამასოთხმოცდარვა) ლარის ანაზღაურება თანაბარწილად უნდა დაეკისროთ სსიპ შემოსავლების სამსახურს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ა(ა)იპ „თ---–------------–---------------ის“ სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 32-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა(ა)იპ „თ---–------------–---------------ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. ა(ა)იპ „თ---–------------–---------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 17 დეკემბრის N4---- ბრძანება; სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 17 დეკემბრის N0------ საგადასახადო მოთხოვნა; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 18 იანვრის N0------- შეტყობინება; სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 01 მარტის დასკვნა; სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 07 მარტის N6--- ბრძანება; სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 09 მარტის საგადასახადო მოთხოვნა N0------ და სსიპ შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალოთ საქმის გარემობების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი აქტის გამოცემა.
5. სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 291 (ორას ოთხმოცდათერთმეტი) ლარის და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი თანხის 388 (სამასოთხმოცდარვა) ლარის ანაზღაურება თანაბარწილად დაეკისროთ სსიპ შემოსავლების სამსახურს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ა(ა)იპ „თ---–------------–---------------ის“ სასარგებლოდ.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლეები:
შოთა გეწაძე -
ილონა თოდუა -
ნინო ყანჩაველი -