განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.10.2019
საქმის ნომერი
330210017002157307
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
11.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017002157307

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/5976-19 11 ოქტომბერი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე – ქეთევან მესხიშვილი

მოსამართლეები - მიხეილ გოგიშვილი, თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი – ანა ჩიკვაიძე

 

I აპელანტი - შპს „ჰ------–-----–-----------------“

 

წარმომადგენელი - ვ--–---- ა-----ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - ი---- ა-----–---–ის უფლებამონაცვლე, რ--------- მ---------–ი

 

წარმომადგენელი - მ---- ა-----–---–ი

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

II აპელანტი - ი---- ა-----–---–ის უფლებამონაცვლე, რ--------- მ---------–ი

 

წარმომადგენელი - მ---- ა-----–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჰ------–-----–-----------------“

 

წარმომადგენელი - ვ--–---- ა-----ე

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. ი---- ა-----–---–მა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ჰ------–-----–-----------------ს“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა, მატერიალური ზიანის მიყენების გამო ერთჯერადი კომპენსაციის, სულ, 42 000 ლარის და მორალური ზიანის სახით 20 000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ვინაიდან საქმის წარმოების დროს მოსარჩელე გარდაიცვალა, შპს „ჰ------–-----–-----------------ს“ ი---- ა-----–---–ის უფლებამონაცვლე, რ--------- მ---------–ის მიმართ, ერთჯერადი კომპენსაციის სახით, 28 490,01 ლარი, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ 20 000 ლარის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ჰ------–-----–-----------------მ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება ასევე, გაასაჩივრა ი---- ა-----–---–ის უფლებამონაცვლე, რ--------- მ---------–მაც, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. ი---- ა-----–---–ი 2002 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის 10 სექტემბრამდე სს „კ----–------–ი“ სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. მისი შრომის ანაზღაურება 500 ლარს შეადგენდა. მოსარჩელეს მუშაობა შრომის მავნე პირობებში უხდებოდა, კერძოდ, ნედლეულის გამოწვის, დაფქვა-შეფუთვის საამქროში, სადაც მტვრის მაღალი კონცენტრაცია 30,5-42 მგ/კუბ.მ. აღინიშნებოდა, რაც ზღვრულად დასაშვებ ნორმას 5-ჯერ აღემატებოდა. 2006 წლის სექტემბერში იგი, სასუნთქი სისტემის დაავადების გამო, სამედიცინო (დისპანსერულ) მეთვალყურეობაზე ასაყვან პირთა სიაში იქნა შეყვანილი, რაც მოპასუხე საწარმოსათვის ცნობილი იყო. 2007 წლიდან, მოსარჩელე სამუშაოდ გადაყვანილი იქნა საშრობ დოლზე, რაც მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოს წარმოადგენს. 2011 წლის 28 მარტს მოსარჩელეს, 55 წლის ასაკში, ფილტვების პროფესიული ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბულოზური ემფიზემა ორმხრივი პნევმოსკლეროზი, პნევმოფიბროზი, სპონტანური პნევმოთორაქსი, სუნთქვის უკმარისობა მე-2 ხარისხის, დაუდგინდა. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების გამო იყო გამოწვეული, რაც ზიანის ანაზღაურების საფუძველს ქმნიდა. გამომდინარე იქედან, რომ ი---- ა-----–---–ს შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი - „მნიშვნელოვანი“ და შრომის საქმიანობის უნარის მე-2 ხარისხის შეზღუდვა, დაუდგინდა 2012 წლის აპრილიდან, რაც ექვემდებარებოდა გადამოწმებას 5 წლის განმავლობაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით მოსარჩელის მიერ 5 წლის განმავლობაში მისაღები ხელფასის - 30000 ლარის ოდენობით ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა (ს.ფ. 11-15, 17-21, 22-25).

 

6. 2007 წლის 4 ივლისიდან სს „კ----–--------“ უფლებამონაცვლეს მოპასუხე, შპს „ჰ------–-----–-----------------“ წარმოადგენს (ს.ფ. 40-41).

 

7. 2014 წლის მარტიდან, მოსარჩელეს სუნთქვის უკმარისობა მე-3 ხარისხით დაუმძიმდა. 2017 წლის 5 ოქტომბერს, მოსარჩელეს შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი - „მნიშვნელოვანი“ უვადოდ დაუდგინდა. 2017 წლის 5 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებისათვის მიმართვისას, მას დაუდგინდა დიაგნოზი: ენცეფალოპათია გამოხატული კოგნიტური დარღვევებით; ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება; სუნთქვის უკმარისობა მე-3 ხარისხი (მძიმე). 2017 წლის 9 ოქტომბრის შემოწმებით, მოსარჩელეს კვლავ დაუდგინდა ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბულოზური ემფიზემა ორმხრივი პნევმოსკლეროზი, სუნთქვის უკმარისობა მე-3 ხარისხი. 2017 წლის 5 ოქტომბერს, მოსარჩელეს ქრონიკულად მოპროგრესირე ენცეფალოპათია გამოხატული კოგნიტური დარღვევებით G 934 დაუდგინდა (ს.ფ. 27, 29-32).

 

8. ი---- ა-----–---–ი 2018 წლის 20 აგვისტოს სტაციონალურ სამედიცინო დაწესებულებაში (შპს „ამტელ ჰოსპიტალი პირველი კლინიკური“) მოთავსდა და დაუდგინდა დიაგნოზი: პნევმონია დაუზუსტებელი J18.9, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება J44.1, სუნთქვის მწვავე უკმარისობა J96.0, რესპირატორული აციდოზი E87.2, ენდობრონქიტი J41, მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა I50.1, მარჯვენამხრივი ჰიდროთორაქსი J94.8, პულმონური ჰიპერტენზია I27.2, ორმხრივი ბულოზური ემფიზემა J43.9, პნევმმოსკლეროზი J84, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება J44.9, ფილტვის წარმონაქმნი (გაურკვეველი ან უცნობი ქცევის სიმსივნე) D38.1. ძირითადი დაავადება - პნევმონია დაუზუსტებელი J18.9, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება J44.1. მოსარჩელე ი---- ა-----–---–ი, სტაციონარში, 2018 წლის 28 აგვისტოს, 63 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით საქმის წარმოება მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, 5 თვის ვადით, შეჩერდა. 2019 წლის 5 მარტს, საქმეში უფლებამონაცვლედ ჩაბმის შესახებ, სასამართლოს განცხადებით რ--------- მ---------–მა, როგორც მოსარჩელის მეუღლემ და პირველი რიგის მემკვიდრემ მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განჩინებით, საქმის წარმოება განახლდა და საქმეში მოსარჩელე, ი---- ა-----–---–ის უფლებამონაცვლედ მისი მემკვიდრე, რ--------- მ---------–ი ჩაერთო. გარდაცვალებისას, ი---- ა-----–---–ი 63 წლის იყო და საპენსიო ასაკის მიღწევამდე ერთი წელი, 7 თვე და 9 დღე ჰქონდა დარჩენილი (ს.ფ. 37, 80-83, 88, 95-96, 104-111, 125-128).

 

9. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული ზიანის კომპენსაციის სახით შპს „ჰ------–-----–-----------------ს“ 28490,01 ლარი მართებულად დაეკისრა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით, ხოლო მე-4 ნაწილით, სარჩოს ნაცვლად დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს კომპენსაციის მიღება, თუ არსებობს საამისო მნიშვნელოვანი საფუძველი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ა) ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს; ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.

 

საქმის მასალებში წარმოდგენილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება საქმეზე N2ბ/511-13, რომლითაც დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის ჯანმრთელობას ზიანი სს „კ----–------–ი“ შრომითი მოვალეობის შესრულებისას, დამსაქმებლის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად მიადგა. აღნიშნულ დავაში იდენტური მხარეები მონაწილეობენ, ვინაიდან ხსენებული ფაქტი სასამართლოს მიერ სარეზოლუციო ნაწილში ჩამოყალიბებულ დასკვნებს ამართლებს, სააპელაციო პალატა მას, განსახილველი დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის პრეიუდიციულ ფაქტად მიიჩნევს და ადგენს, რომ კომპენსაციის ანაზღაურების საფუძველი სახეზეა.

 

რაც შეეხება ასანაზღაურებელი კომპენსაციის ოდენობას, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხე მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულება წარმოადგინა, რომლის თანახმად, შპს „ჰ------–-----–-----------------“ ადასტურებდა, რომ კ------–-------- ქარხნის საწარმოო პროცესების მართვის დეპარტამენტის ცემენტის წარმოების საამქროს საშრობი დოლისა და სამსხვრეველას უბნის ლენტური კონვეირის ოპერატორის დარიცხული ხელფასი, სარჩელის აღძვრის მომენტისთვის, ყოველთვიურად 616,80 ლარს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ სამართალწარმოების შემდგომ ეტაპზე მოპასუხე მხარემ მართლაც განაცხადა, რომ ასეთი პოზიცია მათ სამსახურში აღარ არსებობდა, აღნიშნულს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან საქმის მასალებში არსებობს, წერილობითი მტკიცებულება, რომელიც სარჩელის აღძვრის მომენტში სადავო თანამდებობაზე ხელფასის ოდენობის ზუსტ მაჩვენებელს განსაზღვრავს. პალატა მოდავე მხარეებს განუმარტავს, რომ სასამართლოსთვის არცერთ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ გააჩნია, იგი მათ სანდოობისა და ობიექტურობის კრიტერიუმით აფასებს. შესაბამისად, გაზიარებული ვერ იქნება სააპელაციო საჩივარსა და სააპელაციო სასამართლოში გამართულ ზეპირ სხდომაზე მეორე აპელანტის მიერ გამოთქმული მოსაზრება მასზედ, რომ მათი ოჯახი ქარხნის მიმდებარედ ცხოვრობს, ამიტომ, მათ აქვთ ცნობები, რომ სადავო პოზიციაზე დასაქმებული პირის ხელფასი 700 ლარზე მეტს შეადგენს. საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებას, მარტოოდენ მხარის ზეპირი ახსნა-განმარტება ვერ გააქარწყლებს, პირველ რიგში იმიტომ, რომ იგი პროცესის შედეგით დაინტერესებული მხარეა და, შესაბამისად, მისი ახსნა-განმარტება, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება, სანდოობის ტესტს ვერ ლახავს, ასევე იმიტომაც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების სანდოობა კანონით დადგენილი წესით სადავო არ გამხდარა, რაც სააპელაციო სასამართლოს არ აძლევს შესაძლებლობას, რაიმე მოტივით წერილობითი მტკიცებულების გაზიარებაზე უარი თქვას.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, ასევე გაზიარებული ვერ იქნება მეორე აპელანტის მითითება მასზედ, რომ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება პირველ აპელანტს არა დაზარალებულის გარდაცვალებამდე, არამედ საპენსიო ასაკს მიღწევამდე უნდა დაკისრებოდა. აღნიშნულ შედავებას სააპელაციო პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ ზიანის მიმყენებელს სარჩოს გადახდის ვალდებულება დაზარალებულის სიცოცხლის მანძილზე ყოველთვიურად ეკისრება, ხოლო, თუ დაზარალებული საქმის განხილვის დროს საპენსიო ასაკს გადაცილებულია, მაშინ სარჩოს დაკისრება საპენსიო ასაკამდე ხდება. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ კომპენსაციის გადახდის ვალდებულებაც იგივე პრინციპს უნდა დაექვემდებაროს, განსხვავებით იმისა, რომ თანხის გადახდის ვალდებულება არა ყოველთვიურად, არამედ ერთჯერადად ხდება. ვინაიდან უდავო ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ დაზარალებული ი---- ა-----–---–ი 2018 წლის 28 აგვისტოს, 63 წლის ასაკში გარდაიცვალა, სასამართლო ადგენს, რომ ზიანის მიმყენებლისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაზარალებულის გარდაცვალებამდე სწორად განისაზღვრა.

 

10. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ი---- ა-----–---–ის უფლებამონაცვლე, რ--------- მ---------–ის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არსებობდა და მორალური ზიანის მოცულობა 20 000 ლარით მართებულად განისაზღვრა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა დასაშვებია, თუ შესაძლებელია მატერიალურ-სამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულებების გადასვლა ერთი პირიდან მეორე პირზე. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სარჩელი 2017 წლის 03 ნოემბერს აღიძრა, ხოლო, მოსარჩელე ი---- ა-----–---–ი 2018 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა, რ--------- მ---------–ი კი, როგორც მისი პირველი რიგის მემკვიდრე საქმის წარმოებაში საპროცესო უფლებამონაცვლედ ჩაება. შესაბამისად, სახეზეა მდგომარეობა, როდესაც მატერიალურ-სამართლებრივი უფლებების მემკვიდრისათვის გადაცემა კი არ მოხდა, არამედ მათი რეალიზება დაზარალებულის მიერ, ანუ იმ პირის მიერ განხორციელდა, რომელიც მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენდა.

 

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი, რომელიც საკუთრების უფლებას განამტკიცებს ფართოდ განმარტავს იმ სამართლებრივი სიკეთეების წრეს, რომელზეც აღნიშნული მუხლი ვრცელდება. „მფლობელობის“ ცნებას დამატებითი ოქმის პირველი პუნქტის პირველი ნაწილის თვალსაზრისით, აქვს ავტონომიური მნიშვნელობა, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკური ნივთების მესაკუთრეობით და დამოუკიდებელია ადგილობრივ კანონმდებლობაში არსებული ფორმალური კლასიფიკაციისაგან. გამოსაკვლევი საკითხი შემდეგში მდგომარეობს: შეიძლება თუ არა ჩაითვალოს, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ერთიანობა განმცხადებელს ანიჭებს საკუთრების უფლებას იმ მატერიალურ ინტერესზე, რომელსაც იცავს აღნიშნული დებულება. შესაბამისად, ისევე როგორც ფიზიკური ნივთები, კონკრეტული უფლებები და ინტერესი, რომლებიც წარმოადგენენ აქტივებს, შეიძლება ასევე ჩაითვალოს „მფლობელობად“ ამ დებულების საჭიროებებიდან გამომდინარე. „მფლობელობის“ ცნება არ იზღუდება „არსებულ მფლობელობად“, არამედ შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, მათ შორის მოთხოვნებს, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია, იდავოს, რომ მას გააჩნია, სულ მცირე გონივრული და „მართლზომიერი მოლოდინი“ იმისა, რომ შეძლებს საკუთრების უფლებით სარგებლობას. „მოლოდინი“ მართლზომიერია, თუკი იგი ემყარება საკანონმდებლო დებულებას ან ნორმატიულ აქტს, რომელიც უკავშირდება საკუთრების ინტერესს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულს თავის სიცოცხლეში სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უკვე ჰქონდა მინიჭებული კომპენსაციის მიღების უფლება და მორალური ზიანის ანაზღაურება არსებითად დაკავშირებული იყო ჯანმრთელობის ხელყოფასთან, რომელსაც შედეგად კომპენსაციის დაკისრება მოჰყვა, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულ პირს თავის სიცოცხლეშივე ჰქონდა სარჩელი შეტანილი მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, პალატა მიიჩნევს, რომ მორალური ზიანის მიღების უფლება წარმოადგენდა იმგვარ მფლობელობას, რომელზეც გარდაცვლილ მოსარჩელეს სარგებლობის „მართლზომიერი მოლოდინი“ გააჩნდა და შესაბამისად, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლისა ი---- ა-----–---–ის გარდაცვალებისას სამკვიდრო აქტივს წარმოადგენდა, რომელიც მის მემკვიდრეს გადაეცა.

 

გარდა მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლებისა, პირველ აპელანტს სააპელაციო საჩივარში ზიანის ოდენობის თაობაზეც აქვს შედავება განხორციელებული, კერძოდ, იგი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი წინაპირობები დადგინდება, მისი ოდენობა 5000 ლარით უნდა განსაზღვრულიყო. აღნიშნულ მსჯელობას სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობაში არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველს მორალური ზიანის არსებობა წარმოადგენს. იგი ნიშნავს ადამიანის ფსიქიკის სფეროში ნეგატიური ცვლილებების საფუძველს მორალური ზიანის არსებობას, რაც გამოიხატება ფიზიკურ და სულიერ ტანჯვაში.

 

სააპელაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მორალური ტანჯვის ხასიათი უნდა შეფასდეს ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოებების, ასევე დაზარალებულის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით (მაგ. ასაკი, ფიზიკური მდგომარეობა, ჯანმრთელობა და ა. შ.), აგრეთვე, იმ სხვა გარემოებათა მხედველობაში მიღებით, რომლებიც ადასტურებს, თუ რა სიმძიმის ტანჯვა გადაიტანა დაზარალებულმა. კომპენსაციის მოცულობა კი უნდა განისაზღვროს ტრავმის, ჯანმრთელობის სხვა დაზიანების სიმძიმის ხარისხიდან და სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, რომლებიც დაზარალებულის მიერ გადატანილ მორალურ ტანჯვას ადასტურებენ. ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება აგრეთვე ზიანის მიმყენებლის ქონებრივი მდგომარეობის, ბრალის ხარისხისა და სხვა კონკრეტულ გარემოებათა გათვალისწინებით, იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იქნას მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რაც დაეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში და სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია ის გარემოება, რომ ი---- ა-----–---–ი 2002 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის 10 სექტემბრამდე სს „კ----–------–ი“ სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. მას მუშაობდა შრომის მავნე პირობებში უხდებოდა, კერძოდ, ნედლეულის გამოწვის, დაფქვა-შეფუთვის საამქროში, სადაც მტვრის მაღალი კონცენტრაცია 30,5-42 მგ/კუბ.მ. აღინიშნებოდა, რაც ზღვრულად დასაშვებ ნორმას 5-ჯერ აღემატებოდა. 2006 წლის სექტემბერში იგი, სასუნთქი სისტემის დაავადების გამო, სამედიცინო (დისპანსერულ) მეთვალყურეობაზე ასაყვან პირთა სიაში შეიყვანეს. 2007 წლიდან, მოსარჩელე სამუშაოდ გადაყვანილი იქნა საშრობ დოლზე, რაც მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოს წარმოადგენდა. 2011 წელს 28 მარტს მოსარჩელეს, 55 წლის ასაკში, ფილტვების პროფესიული ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბულოზური ემფიზემა ორმხრივი პნევმოსკლეროზი, პნევმოფიბროზი, სპონტანური პნევმოთორაქსი, სუნთქვის უკმარისობა მე-2 ხარისხის, დაუდგინდა.

 

2014 წლის მარტიდან, მოსარჩელეს სუნთქვის უკმარისობა მე-3 ხარისხით დაუმძიმდა. 2017 წლის 5 ოქტომბერს, მოსარჩელეს შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი - „მნიშვნელოვანი“ უვადოდ დაუდგინდა. 2017 წლის 5 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებისათვის მიმართვისას, მას დაუდგინდა დიაგნოზი: ენცეფალოპათია გამოხატული კოგნიტური დარღვევებით; ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება; სუნთქვის უკმარისობა მე-3 ხარისხი (მძიმე). 2017 წლის 9 ოქტომბრის შემოწმებით, მოსარჩელეს კვლავ დაუდგინდა ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბულოზური ემფიზემა ორმხრივი პნევმოსკლეროზი, სუნთქვის უკმარისობა მე-3 ხარისხი. 2017 წლის 5 ოქტომბერს, მოსარჩელეს ქრონიკულად მოპროგრესირე ენცეფალოპათია გამოხატული კოგნიტური დარღვევებით G 934 დაუდგინდა (ს.ფ. 27, 29-32).

 

ი---- ა-----–---–ი 2018 წლის 20 აგვისტოს სტაციონალურ სამედიცინო დაწესებულებაში (შპს „ამტელ ჰოსპიტალი პირველი კლინიკური“) მოთავსდა და დაუდგინდა დიაგნოზი: პნევმონია დაუზუსტებელი J18.9, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება J44.1, სუნთქვის მწვავე უკმარისობა J96.0, რესპირატორული აციდოზი E87.2, ენდობრონქიტი J41, მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა I50.1, მარჯვენამხრივი ჰიდროთორაქსი J94.8, პულმონური ჰიპერტენზია I27.2, ორმხრივი ბულოზური ემფიზემა J43.9, პნევმმოსკლეროზი J84, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება J44.9, ფილტვის წარმონაქმნი (გაურკვეველი ან უცნობი ქცევის სიმსივნე) D38.1. ძირითადი დაავადება - პნევმონია დაუზუსტებელი J18.9, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება J44.1. მოსარჩელე, ი---- ა-----–---–ი სტაციონარში 2018 წლის 28 აგვისტოს, 63 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე ადგენს. მოსარჩელე უფლებამოსილია, სასარჩელო განცხადებაში მიუთითოს თანხა, რომელსაც ის მიყენებული სულიერი და ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის ითხოვს, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და როგორც უკვე აღინიშნა, ანაზღაურების მოცულობა, საბოლოოდ, სასამართლოს შეხედულებით განისაზღვრება. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია არ წარმოადგენს, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ექვივალენტი არ გააჩნია და მისი სრული კომპენსაცია შეუძლებელია. გარდა ამისა, მორალური ზიანის ანაზღაურება უნდა იყოს ღირსეული და მიყენებული ტანჯვის თანაზომიერი. განსახილველ შემთხვევაში, ი---- ა-----–---–ისადმი მიყენებული ფიზიკური და მორალური ტანჯვის ხარისხის შეფასებისას, რაც მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონეა, პალატამ გაითვალისწინა, მისი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობის წლების განმავლობაში ნელ-ნელა დამძიმება, ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი და ასევე, ის რომ პაციენტის 63 წლის ასაკში გარდაცვალება, დიდწილად, მიყენებული ტრავმით იქნა პროვოცირებული და დაასკვნა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურება 20 000 ლარის ოდენობით, ღირსეულ და მიყენებული ტანჯვის თანაზომიერ ოდენობას წარმოადგენს.

 

11. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.

 

მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, პირველ აპელანტს უნდა ემტკიცებინა, თუ რა გარემოებები გამორიცხავდა მორალური ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას, ან რა ქმნიდა ზიანის 5000 ლარით ანაზღაურების საფუძვლებს. პალატის აზრით, აღნიშნულთან მიმართებით, აპელანტმა დასაბუთებული შედავება ვერ წარმოადგინა და სასამართლოს ვერ შეუქმნა დასაბუთებული რწმენა მასზედ, რომ გარდაცვლილი ი---- ა-----–---–ისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების გათვალისწინებით მორალური ზიანის ანაზღაურება 5000 ლარით უნდა მომხდარიყო.

 

რაც შეეხება მეორე აპელანტს, მას კომპენსაციის ოდენობის გამოთვლისას, ყოველთვიური ხელფასის ოდენობად 700 ლარის მიჩნევის მართებულობა უნდა ემტკიცებინა. როგორც წინამდებარე განჩინებაში აღინიშნა, მეორე აპელანტი შედავებას მხოლოდ ზეპირსიტყვიერ ახსნა-განმარტებას უკავშირებდა და განმარტავდა, რომ ვინაიდან მისი ოჯახი ქარხნის მიმდებარედ ცხოვრობს, მას შეხება აქვს მოსახლეობასთან, საიდანაც მან შეიტყო, რომ სადავო ადგილზე დასაქმებული პირების ხელფასი 700 ლარს აღემატება. აღნიშნულის საპირისპიროდ საქმის მასალებში მოპასუხე საწარმოდან ცნობაა წარმოდგენილი, რომლითაც დადასტურებულია, რომ იმ საშტატო ერთეულის თანამშრომლის ხელფასი, რომელზეც აწგარდაცვლილი მოსარჩელე მსახურობდა, ყოველთვიურად, 613,80 ლარს შეადგენდა. აღნიშნული მტკიცებულების ნამდვილობა კანონით დადგენილი წესით შედავებული არ არის, შესაბამისად, მას პალატა უფრო სარწმუნოდ და ობიექტურად მიიჩნევს, ვიდრე მხარის ზეპირსიტყვიერ განმარტებას.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აპელანტებმა მათზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება ვერ მოახდინეს. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მოყვანილი მსჯელობა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს არ ქმნის და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად შპს „ჰ------–-----–-----------------ს“ მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი 1142 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად უნდა ჩაითვალოს, ხოლო, მეორე აპელანტი ი---- ა-----–---–ის უფლებამონაცვლე, რ--------- მ---------–ი, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე, 46-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს „ჰ------–-----–-----------------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ი---- ა-----–---–ის უფლებამონაცვლე, რ--------- მ---------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

3. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება;

 

4. შპს „ჰ------–-----–-----------------ს“ მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, ი---- ა-----–---–ის უფლებამონაცვლე, რ--------- მ---------–ი, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან;

 

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე ქეთევან მესხიშვილი

 

მოსამართლეები მიხეილ გოგიშვილი

 

თამარ ზამბახიძე