განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.11.2019
საქმის ნომერი
330210118002725612
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
21.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210118002725612

საქმე №2ბ/7199-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სამოქალაქო საქმთა პალატა

 

შემდეგი შემადგენლობით:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

დიანა ბერეკაშვილი

ოთარ სიჭინავა

 

სხდომის მდივანი - ნატო გოგიშვილი

 

აპელანტი - მ------ გ--–-–---–ი

წარმომადგენელი - შ--–-- ქ--------ე, თ----- გ--–-–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე - ზ------ ჯ--------ე

წარმომადგენელი - შ------- კ--–-----ი

მესამე პირი - ი-----–- ჯ--------ე

წარმომადგენელი - შ------- კ--–-----ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის გაუქმება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ზ------ ჯ--------ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და გაუქმდა 2014 წლის 02 მაისს ზ------ ჯ--------ესა და მ------ გ--–-–---–ს შორის გაფორმებული #140435453 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და ზ------ ჯ--------ე გათავისუფლდა აღიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებისგან. გაუქმდა ნოტარიუს მ--- ბ------ის მიერ 2017 წლის 30 მაისს გაცემული #1-------- სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც მოსარჩელეს დაკისრებული აქვს 100 000 ევროსა და 30 000 დოლარის, ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 124,36 ლარის ოდენობით გადახდა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2014 წლის 02 მაისს ზ------ ჯ--------ესა და მ------ გ--–-–---–ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება #140435453, რომლის საფუძველზე მ------ გ--–-–---–მა, როგორც იპოთეკარმა, ზ------ ჯ--------ეს, როგორც მესაკუთრეს, ასესხა 100000 ევრო და 30000 აშშ დოლარი.

 

სესხი უნდა დაბრუნებულიყო 2016 წლის 01 იანვრამდე. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა იმ დროისთვის ზ------ ჯ--------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე - ქ.თბილისი, ო---–---–ის ქ. 46, საკადასტრო კოდით N0---------------.

 

აღნიშნული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესაბამისად, ორივე მხარეს ჰქონდა ვალდებულებები შესასრულებელი, იპოთეკარი მ------ გ--–-–---–ი ვალდებული იყო სესხის თანხა მსესხებლისთვის ზ------ ჯ--------ისთვის გადაეცა ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე; ხოლო მსესხებელი ვალდებული იყო დადგენილ ვადაში დაებრუნებინა სესხის თანხა.

 

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ იპოთეკარს შეეძლო ხელშეკრულების დადებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს მოეთხოვა მესაკუთრისგან თანხის დაბრუნება, ხოლო მესაკუთრეს იპოთეკარის მოთხოვნიდან არაუმეტეს ოცდაათი კალენდარული დღის ვადაში დაებრუნებინა მოთხოვნილი თანხა.

 

იპოთეკით დატვირთული იპოთეკის საგანი რჩებოდა მესაკუთრის სარგებლობაში.

 

ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში იპოთეკარი უფლებამოსილი იყო მიეღო დაკმაყოფილება იპოთეკის საგნიდან ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 21-25)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

2.2. ნოტარიუს მ--- ბ------ის მიერ 2017 წლის 30 მაისს გაიცა #1-------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ხოლო, ვალდებულების შესრულების დრო კი - 2016 წლის 01 იანვარი. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხა 100 000 ევრო და 30 000 აშშ დოლარი, ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 124.36 ლარი.

 

სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა მომხდარიყო იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (მდებარე მისამართზე: ქ.თბილისი, ო---–---–ის ქ. N 46, საკადასტრო კოდით N0---------------.) რეალიზაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 26-28);

- აღსრულების ეროვნული ბიუროს წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 29-32);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

2.3. უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისში, ო---–---–ის ქუჩა N46-ში ს/კ 0--------------- საკუთრების უფლებით ამჟამად ირიცხება ი-----–- ჯ--------ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 12/08/2014 წელი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 34-35);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

2.4. უდავო გარემოებაა, რომ მოსარჩელე ზ------ ჯ--------ე არის ამჟამინდელი იპოთეკის საგნის მესაკუთრის - ი-----–- ჯ--------ის მამა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

2.5. 2014 წლის 23 აპრილის სალაროს გასავლის ორდერის თანახმად, ნ---- გ--–-–---–ის მიერ ბანკიდან გატანილი იქნა 72000 ევრო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 23 აპრილის სალაროს გასავლის ორდერი (ს.ფ. 106)

 

2.6. მოსარჩელის მიერ ხელმოწერილია შემდეგი შინაარსის 2018 წლის 08 იანვრის სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილი:

„მე ზ------ ჯ--------ე (პ/ნ N0----------) მცხოვრები ქ.თბილისში, ო---–---–ის ქ.N46, ვიღებ ვალდებულებას, რომ 2018 წლის 1 ივნისისთვის გადავიხდი ჩემზე არსებულ ვალს 157,000 (ასორმოცდაჩვიდმეტი ათასი) ევროს და 86,000 (ოთხმოცდაექვსი ათასი) აშშ დოლარს. წინააღმდეგ შემთხვევაში იპოთეკით დატვირთულ ბინას და შპს „ვ-------- ლ--------ის“ აქციების 2% გადავცემ საკუთრებაში ბატონ თ----- გ--–-–---–ს (პ/ნ N1----------). რასაც ვადასტურებ ჩემი ხელმოწერით.“

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 08 იანვრის სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილი (ს.ფ. 110-111)

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.7. წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ მ------ გ--–-–---–ის მიერ ზ------ ჯ--------ეზე არ მომხდარა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადაცემა.

 

საქმეზე არსებული 2014 წლის 02 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მიხედვით, მ------ გ--–-–---–ს ზ------ ჯ--------ისთვის სესხის სახით 2016 წლის 01 იანვრამდე პერიოდით უნდა გადაეცა 100 000 ევრო და 30 000 აშშ დოლარი. ამავე ხელშეკრულების თანახმად, „იპოთეკარი ვალდებულია მესაკუთრეს სესხის თანხა სრულად გადასცეს ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე“.

 

აღნიშნული ჩანაწერი გულისხმობს, რომ არც ხელშეკრულების დადებამდე და არც ხელშეკრულების დადების დროს მ------ გ--–-–---–ს ზ------ ჯ--------ეზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა სრულად ან ნაწილობრივ გადაცემული არ აქვს. იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ნამდვილად გადაეცა მოსარჩელეს, გადატანილი იყო მოპასუხეზე ანუ იპოთეკარზე, რაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

 

რაც შეეხება ამავე ხელშეკრულებაში არსებულ ჩანაწერს „ასესხა“, რასაც უთითებდა მოპასუხე მხარის წარმომადგენელი, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ტერმინი არ ადასტურებს თანხის გადაცემას, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სესხისა და იპოთეკის სადავო ხელშეკრულების პირველივე გვერდზე არსებული შინაარსი ერთიანად უნდა იქნეს წაკითხული და აღქმული და არა ცალკე აღებული სიტყვითა და ამ სიტყვის მნიშვნელობით იქნეს დადგენილი თანხის გადაცემა-არ გადაცემის ფაქტი, კერძოდ, ხელშეკრულებაში მითითებულია შემდეგი:

 

„ორიათასთოთხმეტი წლის ორ მაისს, მ------ გ--–-–---–მა (მითითებულია პერსონალური და დემოგრაფიული მონაცემები), რომელიც ამ ხელშეკრულებაში შემდგომში წოდებულია, როგორც „იპოთეკარი“, ზ------ ჯ--------ემ (მითითებულია პერსონალური და დემოგრაფიული მონაცემები), რომელიც ამ ხელშეკრულებაში შემდგომში წოდებულია, როგორც „მესაკუთრე“ ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით ასესხა ასიათასი (100000) ევრო (1X2,4564) და ოცდაათიათასი (30000) აშშ დოლარი (1X1,7700) ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, რაც ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად სრულად შეადგენს ორას ოთხმოცდა თვრამეტიათას შვიდას ორმოც (298740) ლარს და 00 თეთრს. იპოთეკარი ვალდებულია მესაკუთრეს სესხის თანხა სრულად გადასცეს ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე“.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ კონტექსტში სიტყვა „ასესხა“ არ უნდა იქნეს მიჩნეული იმ ფაქტად, რომ ხელშეკრულების დადების დროს მოსარჩელეს უკვე გადაცემული ჰქონდა თანხა. ასეთ ფაქტს ადგილი, რომ არ ჰქონია ცალსახად დასტურდება მომდევნო წინადადებით, სადაც პირდაპირ არის მითითება იმის თაობაზე, რომ სესხის თანხა სანოტარო წესით დამოწმებისთანავე უნდა გადაცემულიყო. ამდენად, თუკი თანხა უკვე გადაცემული იყო, ხელშეკრულებაში ასეთ დათქმა არ ჩაიწერებოდა და არც მხარეები მოაწერდნენ ხელს.

 

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოპასუხის დის - ნ---- გ--–-–---–ის ანგარიშიდან მოხსნილია 72 000 ევრო, რომელიც არის იმ თანხის ნაწილი, რაც გადაეცა ზ------ ჯ--------ეს, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ნ---- გ--–-–---–ი არსად ფიგურირებს და მისი ანგარიშიდან თანხის გატანას სადავო გარემოებებთან კავშირი არ აქვს. ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე არ დგინდება მითითებული ოდენობის თანხის მოპასუხეზე ან/და მოსარჩელეზე გადაცემის ან/და საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის ფაქტი, რის გამოც სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას იმის თაობაზე, რომ სწორედ საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ადასტურებს ზ------ ჯ--------ისთვის სესხის თანხის გადაცემას.

 

2.8. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მოპასუხის წინაშე ვალის არსებობის აღიარება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

საქმეზე წარმოდგენილი ხელწერილის მიხედვით, ზ------ ჯ--------ე მ------ გ--–-–---–ის მამის - თ----- გ--–-–---–ის და არა უშუალოდ მ------ გ--–-–---–ის წინაშე აღიარებდა 157000 ევროსა და 86000 აშშ დოლარის არსებობის ფაქტს და მისი დაფარვის ვადად უთითებდა 2018 წლის 01 ივნისს.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ ზ------ ჯ--------ე და მ------ გ--–-–---–ი, ამასთან, აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანხას შეადგენდა 100000 ევრო და 30000 აშშ დოლარი და არა ხელწერილში მითითებული თანხების ოდენობა, ასევე წარმოდგენილი არ ყოფილა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ თ----- გ--–-–---–ი, როგორც მ------ გ--–-–---–ის წარმომადგენელი იყო სწორედ ამ ხელწერილის დადების დროს (და არა ზოგადად მასზე გაცემული იყო მინდობილობა) და სწორედ მ------ გ--–-–---–თან (და არა თ----- გ--–-–---–თან) მოხდა ვალის აღიარება, შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მოპასუხის წინაშე ვალის არსებობის აღიარება.

 

2.9. რაც შეეხება 2014 წლის 04 ნოემბრით დათარიღებულ ხელწერილს, სადაც მითითებულია, რომ ზ------ ჯ--------ემ თ----- გ--–-–---–ისაგან ისესხა 25000 (ოცდახუთი ათასი) აშშ დოლარი 2016 წლის 1 იანვრამდე ვადით, იმის გათვალისწინებით, რომ თავად მოპასუხე მხარის განმარტებით, აღნიშნული ხელწერილი არ შეეხება მოცემულ სამოქალაქო დავას, სასამართლო არ შეაფასებს მას.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.10. სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, 1. ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. 2. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2014 წლის 02 მაისს მხარეთა შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მხარეთა შორის კონკრეტულად განისაზღვრა ის უფლებები და ვალდებულებები, რაც მოცემული ხელშეკრულებით იქნა დადგენილი, კერძოდ, მ------ გ--–-–---–ს, როგორც იპოთეკარს, მესაკუთრისათვის ანუ ზ------ ჯ--------ესთვის სესხის სახით 2016 წლის 01 იანვრამდე ვადით უნდა გადაეცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, ხოლო ზ------ ჯ--------ეს კი შეთანხმებულ დროს უნდა დაებრუნებინა იგი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს ნამდვილად გადასცა სესხის თანხა, გადატანილი იყო მოპასუხე მხარეზე ანუ გამსესხებელზე (იხ. საქმე Nას-1067-1026-2016), რომელმაც ვერ დაადასტურა აღნიშნული სადავო გარემოება.

 

იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა ის ფაქტი, რომ მოპასუხეს მოსარჩელისთვის ხელშეკრულების საფუძველზე არ გადაუცია სესხის თანხა, შესაბამისად, არც მოპასუხეს წარმოეშვება ვალდებულება მის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ასევე გაითვალისწინა, რომ სესხის ხელშეკრულების მთავარ პირობას წარმოადგენს მსესხებლისთვის თანხის გადაცემა, რაც მოცემულ შემთხვევაში გამსესხებლის მიერ არ განხორციელებულა, რაც ხელშეკრულების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

 

ამდენად, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგომ მსესხებელს თანხის დაბრუნების ვალდებულება, მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოეშობოდა, თუ გამსესხებელი მას თანხას გადასცემდა. ვინაიდან თანხის გადაცემას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა საერთოდ არც წარმოშობილა. სააღსრულებო ფურცელი შეიძლება ამოიწეროს მხოლოდ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს როგორ მოვალეს, არ დაურღვევია სახელშეკრულებო დათქმები, შესაბამისად, გაცემული სააღსრულებო ფურცელი უნდა გაუქმდეს.

 

2.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

ხანდაზმულობის ვადაში მოიზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი შეიძლება ვერ განხორციელდეს მოვალის ნების გამო. ანუ, უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.

 

განსახილველ შემთხვევაში 2014 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 30 მაისს მ------ გ--–-–---–ის მიმართვის საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რითაც ზ------ ჯ--------ის მიმართ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობამ შეადგინა 100 000 ევრო და 30 000 აშშ დოლარი, ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 124,36 ლარის ოდენობით. აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 22 ოქტომბერს გაცემული იქნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. რაც შეეხება სარჩელს, ზ------ ჯ--------ის მიერ მოცემული სარჩელი წარმოდგენილი იქნა 2018 წლის 16 ნოემბერს, რა დროსაც სადავო გახდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის სასამართლოში შეტანით მხარემ მოახდინა თავისი უფლებების რეალიზაცია და შეწყვიტა ხანდაზმულობის ვადის დენა. ხანდაზმულობის ვადის ათვლა კი უნდა განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღმასრულებლის მიერ აღსრულების შეტყობინების მომენტიდან ანუ იმ მომენტიდან, როდესაც მოსარჩელემ შეიტყო, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მის მიმართ უნდა დაწყებულიყო აღსრულება. კერძოდ, აღმასრულებლის წინადადება დათარიღებულია 2018 წლის 22 ოქტომბრით, ხოლო მოცემული სარჩელი კი სასამართლოს წარმოებაში მიღებული აქვს 2018 წლის 16 ნოემბერს. ამასთან, მითითებულ შუალედში მოსარჩელემ რამდენჯერმე მომართა სასამართლოს, რა დროსაც მას წარმოებაში მიღებაზე ეთქვა უარი.

 

და ბოლოს, სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხე მხარის არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნების მიმართ არ გააჩნია იურიდიული ინტერესი. პირიქით, მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნების მიმართ ნამდვილად გააჩნია იურიდიული ინტერესი, რადგან მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში იგი გათავისუფლდება ვალდებულების შესრულებისაგან, რომელიც არც კი წარმოშობილა.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველი სარჩელი, რომლის მიმართ მოსარჩელეს გააჩნია იურიდიული ინტერესი, არ იყო ხანდაზმული და იგი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ გააანალიზა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება სანოტარო დამოწმების და დადასტურების თვალსაზრისით. კერძოდ, არ გაითვალისწინა სანოტარო დადასტურების მნიშვნელობა.

 

აპელანტის მითითებით, ასევე, დაუსაბუთებელია მოწმის დაკითხვაზე უარის თქმის განჩინება. სასამართლოს განმარტებით მოწმის ჩვენება არ იქნებოდა საკმარისი. აპელანტის მტკიცებით სასამართლომ ამ მხრივ ის შეცდომა დაუშვა, რომ საკმარისობა არ ნიშნავს დაუშვებლობას. მოწმე ყოველთვის იძლევა დამატებით ინფორმაციას.

 

აპელანტის მითითებით, სასამართლომ სსკ-ს 624-ე მუხლი არასწორად გამოიყენა და განმარტა. ამ ნორმის თანახმად, ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით. ამდენად ეს ნორმაც კი, რომელიც ზეპირ სესხს ეხება, არ გამორიცხავს მოწმის ჩვენების გამოყენებას. ნორმა არეგულირებს ზეპირი ფორმის სესხის მტკიცების საკითხს, მაშინ როცა მოცემულ შემთხვევაში სახეზეა წერილობითი და ნოტარიულად დადასტურებული ხელშეკრულება.

 

აპელანტის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-10 გვერდზე, მე-6 აბზაცში სასამართლომ სესხის ხელშეკრულება დადებულად ჩათვალა, რის გამოც აპელანტის მოსაზრებით, დაუშვებელია ასეთი ხელშეკრულება ორმხრივი ვალდებულებების წარმომშობად ჩაითვალოს. გარდა ამისა თუ მხარეს ვალდებულება აქვს მაშინ იგი ვერ გათავისუფლდება მისგან, როგორც ეს სასამართლომ გააკეთა. სარჩელის სწორი ჩამოყალიბების პირობებში მოთხოვნილი უნდა ყოფილიყო ვალდებულების არარსებობის დადგენა და არა ხელშეკრულების გაუქმება და ვალდებულებისგან გათავისუფლება. თანაც ეს ყოველივე მოთხოვნილი იქნა აშკარად უსაფუძვლოდ და უკანონოდ.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

- 2014 წლის 02 მაისს ზ------ ჯ--------ესა და მ------ გ--–-–---–ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება #140435453, რომლის საფუძველზე მ------ გ--–-–---–მა, როგორც იპოთეკარმა, ზ------ ჯ--------ეს, როგორც მესაკუთრეს, ასესხა 100000 ევრო და 30000 აშშ დოლარი. სესხი უნდა დაბრუნებულიყო 2016 წლის 01 იანვრამდე. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა იმ დროისთვის ზ------ ჯ--------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე - ქ.თბილისი, ო---–---–ის ქ. 46, საკადასტრო კოდით N0---------------.

 

4.2. 2017 წლის 30 მაისს ნოტარიუს მ--- ბ------ის მიერ გაიცა #1-------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ხოლო, ვალდებულების შესრულების დრო კი - 2016 წლის 01 იანვარი. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხა 100 000 ევრო და 30 000 აშშ დოლარი, ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 124.36 ლარი. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა მომხდარიყო იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (მდებარე მისამართზე: ქ.თბილისი, ო---–---–ის ქ. N 46, საკადასტრო კოდით N0---------------.) რეალიზაცია. (ს.ფ. 29-32)

 

4.3. დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისში, ო---–---–ის ქუჩა N46-ში ს/კ 0--------------- საკუთრების უფლებით ამჟამად ირიცხება ი-----–- ჯ--------ის სახელზე.

 

4.4. უდავოა, რომ მოსარჩელე ზ------ ჯ--------ე არის ამჟამინდელი იპოთეკის საგნის მესაკუთრის - ი-----–- ჯ--------ის მამა.

 

4.5. პალატა ვერ გაიზიარებს ზ------ ჯ--------ის მტკიცებას, რომ მას მოპასუხისგან სესხის თანხა არ მიუღია.

სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის ყურადღება უნდა მიექცეს მტკიცების ტვირთის გადანაწილებას სამოქალაქო პროცესში. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ. პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი ვალდებულია დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში. ამა თუ იმ ფაქტის დამტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლება წარმოადგენს არა მიზეზს, არამედ ამ ტვირთის განაწილების შედეგს.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 02 მაისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებულია რომ „ორიათასთოთხმეტი წლის ორ მაისს, მ------ გ--–-–---–მა, რომელიც ამ ხელშეკრულებაში შემდგომში წოდებულია, როგორც „იპოთეკარი“, ზ------ ჯ--------ემ, რომელიც ამ ხელშეკრულებაში შემდგომში წოდებულია, როგორც „მესაკუთრე“ ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით ასესხა ასიათასი (100000) ევრო (1X2,4564) და ოცდაათიათასი (30000) აშშ დოლარი (1X1,7700) ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, რაც ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად სრულად შეადგენს ორას ოთხმოცდა თვრამეტიათას შვიდას ორმოც (298740) ლარს და 00 თეთრს. იპოთეკარი ვალდებულია მესაკუთრეს სესხის თანხა სრულად გადასცეს ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე“. კრედიტორს ეძლევა უფლება ერთი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მესაკუთრეს თანხის დაბრუნება.

 

მხარეთა შორის სადავო გახლავთ სესხის თანხის მსესხებლისთვის გადაცემის ფაქტი. კერძოდ, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის და განმარტავს, რომ მიუხედავად ხელშეკრულების სანოტარო ფორმით დადებისა და იპოთეკის საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა, რეალურად მას თანხა არ მიუღია და აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ თანხის მიღების დამადასტურებელი ხელშეკრულება ან რაიმე სხვა დოკუმენტი დამატებით არ გაფორმებულა. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს თანხის გადაცემა ცალკე, დამატებით რაიმე წერილობითი დოკუმენტის გაფორმებას საჭიროებდეს, რადგან საქმეში წარმოდგენილია სადავო ხელშეკრულება, რომლის თანახმად თანხის გადაცემა პირდაპირ კავშირშია ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების მომენტთან. ხელშეკრულებაში რაიმე დათქმა დამატებით დოკუმენტის საჭიროებასთან დაკავშირებით არ არსებობს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების რეგისტრაცია უკვე გულისხმობს იმას, რომ მსესხებელს თანხა გადაეცა. გარდა ამისა, ის ფაქტიც, რომ 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უძრავ ქონებაზე შეზღუდვა არსებობდა საჯარო რეესტრში და ეს თავად უძრავი ქონების მესაკუთრეს სადავოდ არ გაუხდია, სასამართლოს უქმნის და უყალიბებს იმ ვარაუდს, რომ მოსარჩელე მისი ქმედებით ერთგვარად აღიარებდა კიდეც ვალდებულების არსებობას.

 

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაცია და ხელშეკრულების დადებიდან რამდენიმე წლის გასვლა ის უდავო გარემოებებია, რომელიც მოპასუხის სასარგებლოდ წარმოშობს ვარაუდს, რომ მის მიერ სესხის თანხა გადაცემული იქნა მსესხებელზე. აღნიშნულიდან გამომდინარე მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია და მას უნდა წარმოედგინა მტკიცებულებები, რომ თანხა გადაცემული არ იყო. მოსარჩელეს აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ის რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გაექარწყლებინა მოსარჩელეს, რომელმაც მტკიცების ტვირთი მოცემულ შემთხვევაში ვერ დასძლია.

 

აღნიშნული გარემოება საკმარის საფუძველს წარმოადგენს, რომ სასამართლომ არ გაიზიაროს მოსარჩელის მოთხოვნა.

 

ამასთან სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მტკიცების ტვირთს უფრო ამძიმებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილი და მითითებული მტკიცებულებები და გარემოებები(სალაროს გასავლის ორდერი, რომლის თანახმად, ნ---- გ--–-–---–ის მიერ ბანკიდან გატანილი იქნა 72000 ევრო. მოსარჩელის მიერ ხელმოწერილი 2018 წლის 08 იანვრის სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილი მოპასუხის მამის სახელზე, მოწმეების არსებობაზე მითითება). პროცესის ეკონომიურობის თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლომ მიზანშეუწონლად მიიჩნია აღნიშნული მტკიცებულებების კვლევა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 289-ე მუხლის თანახმად იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. ამავე კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე გააჭიანურებს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი არ გადავა კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს, თუ ამის თაობაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსმა სანოტარო აქტში წერილობით განმარტა სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იძულებითი აღსრულება განხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტების დადგენა და მტკიცების ტვირთის გადანაწილება ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის აღნიშნულ ნორმებს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ მითითებული გარემებების და წარდგენილი მტკიცებულებების პირობებში საქალაქო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასებები გააკეთა საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, არასწორად შეაფასა მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობები და მივიდა არასწორ გადაწყვეტილებამდე. ამდენად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ მ------ გ--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება ზ------ ჯ--------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

6. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში, ზ------ ჯ--------ეს მ------ გ--–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 5000 ლარის ოდენობით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გადაწყვიტა:

 

1. მ------ გ--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. ზ------ ჯ--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც შეჩერდა სააღსრულებო წარმოება ნოტარიუს მ--- ბ------ის მიერ 2017 წლის 30 მაისს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცელთან დაკავშირებით.

 

5. ზ------ ჯ--------ეს მ------ გ--–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 5000 ლარის ოდენობით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილება გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე მიხეილ გოგიშვილი

 

მოსამართლეები: ოთარ სიჭინავა

 

დიანა ბერეკაშვილი