განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.12.2019
საქმის ნომერი
330210118002496115
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
11.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210118002496115

საქმე №2ბ/5378-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 დეკემბერი 2019 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლეები: მიხეილ გოგიშვილი, ოთარ სიჭინავა

სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - ნ---- ტ----------ი

წარმომადგენელი - ვ-–----------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ------–---–----ე

წარმომადგენელი - მ-----------–---–ი

 

დავის საგანი _ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღდგენა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება;

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. 2016 წლის 01 აგვისტოს ნ---- ტ----------სა და ლ------–---–----ეს შორის დაიდო უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომრით N1--------, რის საფუძველზეც მოსარჩელე ნ---- ტ----------მა მოპასუხე ლ---- ლ---–----ეს აჩუქა უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, გ-–----ის მე-2 მ/რ, კორპ. N--, ბინა N---.

 

2. მხარეები არიან ნათესავები. მოსარჩელე ნ---- ტ----------სა და მოპასუხის დედას - ნ---- კ-------ს შორის არსებობდა კონფლიქტური სიტუაცია.

 

3. მოსარჩელე ნ---- ტ----------ი არის 84 წლის პენსიონერი და გარდა გაჩუქებული ქონებისა სხვა საცხოვრებელი ბინა არ გააჩნია. მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები.

 

4. მოსარჩელე ნ---- ტ----------მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 01 აგვისტოს მხარეთა შორის დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება N1-------- და უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, გ-–----ის მე-2 მ/რ, კორპ. N--, ბინა N---, ს/კ N0---------------------- საკუთრების უფლებით აღირიცხოს მოსარჩელე ნ---- ტ----------ის სახელზე.

 

5. სარჩელის საფუძვლები:

 

წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, მოსარჩელის საკუთრებაში იყო უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, გ-–----ის მე-2 მ/რ, კორპ. N--, ბინა N---, რომელიც წარმოადგენდა მოსარჩელის ერთადერთ საცხოვრებელს. 2016 წლის ივლისის თვეში მოსარჩელემ გადაიტანა მძიმე დაავადება - პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა და კვლავ საჭიროებდა მკურნალობას, მაგრამ მოპასუხისა და ამ უკანასკნელის დედის - ნ---- კ-------ია დაჟინებული მოთხოვნით, ხელწერილის საფუძველზე გაეწერა კლინიკიდან. რამდენიმე დღეში მასთან საცხოვრებელ ბინაში მიიყვანეს ნოტარიუსი და გააფორმებინეს უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება. რეალურად მოსარჩელეს სურდა ანდერძის ან სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულების გაფორმება, სწორედ ამიტომ იყო, რომ მასთან სამჯერ მოიყვანეს ნოტარიუსი და საბოლოოს უკვე ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა, რადგან, როგორც აუხსნეს, მისთვის შედეგი იგივე იქნებოდა და ამავე დროს ნაკლებ თანხას გადაიხდიდნენ საგადასახადო ორგანოებში. ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე დღეში მოპასუხე და დედამისი მოსარჩელესთან გადავიდნენ საცხოვრებლად და განუცხადეს, რომ თავიანთი ბინა გააქირავეს, რაც მიუღებელი აღმოჩნდა მოსარჩელისთვის, თუმცა პრეტენზიის გაცხადების შემდეგ დაემუქრნენ, რომ ქუჩაში გააგდებდნენ. აგრესიულად ყოველთვის მოპასუხის დედა ექცეოდა, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. მოსარჩელე ნ---- ტ----------ი ტელეფონის საშუალებით ძლივს დაუკავშირდა ახლობლებს, რომლებმაც აიყვანეს ადვოკატი და მომართეს სასამართლოს. ამჟამად მოპასუხე და დედამისი აღარ ცხოვრობენ მოსარჩელესთან, თუმცა ამ უკანასკნელს ეშინია არ მოხდეს მისი გამოსახლება ამჟამად უკვე მოპასუხის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინიდან. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მხარეთა შორის არსებული ჩუქების ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს იმ საფუძვლით, რომ რელაურად არ შეესაბამებოდა ეს ხელშეკრულება ნ---- ტ----------ის ნებას, რადგან მას სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულების დადება უნდოდა მოპასუხესთან, რისი გამოვლინებაც არის სწორედ ის გარეოება, რომ ამჟამად მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ბინაში ცხოვრობს მოსარჩელე და არ ასახლებს, და მოსარჩელეს არ სურდა ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება და ასევე იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის ერთადერთ საცხოვრებელ წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონება და მას მოსარჩელე არ გააჩუქებდა (იხ. სარჩელი, პრველი და სააპელაციო სასამართლო სხდომის ოქმები)

 

6. მოპასუხის შესაგებელი:

 

მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შესაგებლით, მხარემ არ სცნო სარჩელი და მიუთითა, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 01 აგვისტოს ნამდვილად დაიდო უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, რომელიც მოსარჩელის ნებას სრულად გამოხატავდა და სრულად შეესაბამებოდა. ამ უკანასკნელს სწორედ ქონების ჩუქება უნდოდა მოპასუხესთვის, რომელიც ყოველთვის პატრონობდა და ეხმარებოდა წამლებისა და პროდუქტების შეძენაში, მათ შორის საავადმყოში წაყვანის დროსაც და გამოწერისას სწორედ იგი დაეხმარა ნ---- ტ----------ს. რაც შეეხება საავადმყოფოდან გამოწერის საკითხს, მოსარჩელის გამოწერა მისივე დაჟინებული მოთხოვნით მოხდა, რადგან არ სურდა საადამყოფოში დარჩენა და არა მისი ან მისი დედის ოთხოვნით. მხარემ ასევე განმარტა, რომ ხელშეკრულების დადების დროს არანაირ დარღვევას, ან იძულებას, ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ---- ტ----------მა (ი. გადაწყვეტილება; სააპელაციო საჩივარი)

სამოტივაციო ნაწილი

 

8. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

9. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენა, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 526-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, პირს უფლება არა აქვს გააჩუქოს ქონება, თუ ქონების გაჩუქება საარსებო წყაროს უსპობს მჩუქებელს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.

 

10. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს მასზე, რომ, სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით, (გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.) ამავე კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, (ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.) და სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, (ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე.) არ არსებობს ჩუქების ზემოაღნიშნული საფუძვლებით ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები. როგორც საქმის მასალებით დგინდება და საქმეზე დაკითხულმა ნოტარიუსმა მედეა დემეტრაშვილმა განაცხადა, უშუალოდ მის მიერ მოხდა მოსარჩელის ნების შესაბამისი ტექსტის შედგენა, რადგან მან ნ---- ტ-------იას სრულყოფილად განუმარტა ჩუქების ხელშეკრულების შედეგები. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ნოტარიუსი სამჯერ გამოცხადდა ბინაზე მოსარჩელესთან და საბოლოოდ მოხდა ხელშეკრულების დადება, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნოტარიუსის სამჯერ გამოცხადება სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ ნ---- ტ----------ის სურვილი ჩამოყალიბებული სწორად და მისი ნების შესაბამისად, რათა სრულყოფილად ასახული და გადმოცემულიყო ხელშეკრულებაში. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ხელშეკრულების შედგენამდე, ხელშეკრულების დადების დროს ან თუნდაც შემდგომ ეტაპზე მოსარჩელესთან მიმართებაში ხდებოდა რაიმე სახის ზეწოლა გარიგების დადებისათვის.

 

11. პალატას მიაჩნია რომ, ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებისას ნ---- ტ----------ის ნება მოიცავდა სწორედ აღნიშნული შინაარსის გარიგების დადებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს, თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც მისი აზრით ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნებადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XIII თავით, რომლის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ნუსხა, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე- 3 ნაწილის დანაწესი ორიენტირებულია მატერიალური თვალსაზრისით მტკიცებუ- ლებათა სათანადოობის დადგენაზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი).

 

12. რაც შეეხება მოთხოვნის მეორე საფუძველს, საცხოვრისის გასხვისების გამო მოსარჩელის მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ჩავარდნას, პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 526-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, პირს უფლება არა აქვს გააჩუქოს ქონება, თუ ქონების გაჩუქება საარსებო წყაროს უსპობს მჩუქებელს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.

 

მითითებული ნორმები ჩუქების გაუქმების სამ კუმულატიურ წინაპირობას ითვალისწინებს: მჩუქებლის მატერიალური მდგომარეობის გაუარესებას, მის უუნარობას არჩინოს საკუთარი თავი ან მის კმაყოფაზე მყოფი პირები და გაჩუქებული ქონების არსებობას დასაჩუქრებულის საკუთრებაში. ნორმის მიზანია მჩუქებელს მისცეს შესაძლებლობა, ღირსეულად ირჩინოს თავი და შეასრულოს კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულებები ოჯახის წევრთა მიმართ. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მჩუქებლის ინტერესი, მისი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, უნდა იყოს მეტად მნიშვნელოვანი და პატივსადები, უნდა აღემატებოდეს დასაჩუქრებულის ინტერესს საკუთრებაში იქონიოს ნაჩუქარი ნივთი, რათა გამართლებული იყოს მასა და დასაჩუქრებულს შორის არსებული სამართლებრივი კონფლიქის მის სასარგებლოდ გადაწყვეტა. პალატა მიიჩნევს, რომ სსკ-ის 530-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმსაზღვრელი წინაპირობებიც სახეზეა: მოსარჩელე საპენსიო ასაკის პირია, (84 წლის) მას სხვა ქონება გარდა ჩუქების ხელშეკრულების საგნისა საკუთრებაში არ გააჩნია, ქონების გასხვისებით იგი უდავოდ ჩავარდა მძიმე მდგომარეობაში, მას მოესპო იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი შეხედულებით განკარგოს ქონება, მაგალითად, გააქირაოს [სსკ-ის 531-ე მუხლი] და მიიღოს სარგებელი ან მთელი სიცოცხლის მანძილზე მისთვის მისაღებ პირს (მარჩენალს) სარჩოს გადახდის პირობით, გადასცეს უძრავ ნივთზე საკუთრება [სსკ-ის 941- 942-ე მუხლი] და ა.შ. ამდენად, პალატას მიაჩნია რომ სახეზეა ჩუქების გაუქმების 530-ე მუხლით გათვალისიწნებული წინაპირობები. ( შდრ. სუსგ #ას-710-676-2015 22.09.2015 წელი).

 

13. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზია დასაბუთებულია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

14. საპროცესო ხარჯები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1500 ლარის (სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში) და 50 ლარის (სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილში) ოდენობით, ასევე სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი 1000 ლარის ოდენობით უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეს ასევე უნდა დაესკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1000 ლარის გადახდა, რაც გადავადებული ჰქონდა აპელანტს სააპელაციო სასამართლოს განჩინებით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ნ---- ტ----------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

 

3. ნ---- ტ----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

4. ბათილად იქნას ცნობილი 2016 წლის 01 აგვისტოს ნ---- ტ----------სა და ლ------–---–----ეს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება, (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომრით N1--------) უძრავი ქონებაზე მდებარე ქ.თბილისი, გ-–----ის მე-2 მ/რ, კორპ. N--, ბინა N---.

 

5. უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, გ-–----ის მე-2 მ/რ, კორპ. N--, ბინა N---. საკადასტრო კოდი 0----------------------. საკუთრების უფლებით აღირიცხოს ნ---- ტ----------ის სახელზე (პ/ნ 0----------)

 

6. ლ------–---–----ეს დაეკისროს ნ---- ტ----------ის სასარგებლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადახდილი 1550 ლარის გადახდა;

 

7. ლ------–---–----ეს დაეკისროს ნ---- ტ----------ის სასარგებლოდ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადახდილი 1000 ლარის გადახდა;

 

8. ლ------–---–----ეს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1000 ლარის გადახდა;

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-10, მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი

 

მოსამართლეები: მიხეილ გოგიშვილი

 

ოთარ სიჭინავა