განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1/ბ-543-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის - მ-----------ს
ადვოკატის - ჯ---------–---ს მონაწილეობით
გამართლებულის - ნ-----------ს მონაწილეობის გარეშე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ--------------------------ს მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, პირადი №5----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, უმაღლესი განათლების მქონე, მცხოვრები: წ--–------ა, ჯ----ი, ს------ის ქუჩა N1, ბინა N6.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ-----------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 09 მაისს, დილის საათებში, წ--–------აში, ჯ----ში, ს------ის ქ.N1, ბინა N6-ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნ-----------მ მის ყოფილ მეუღლეს - თ------- ქ--------ს გაშლილი მარჯვენა ხელი, ძლიერად დაარტყა სახის მარცხენა არეში, რის შედეგადაც თ------- ქ--------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ზ--------ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 0-----–--ის განაჩენით ნ----------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზ--------ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 0-----–--ის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ზ--------ის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ-----------ს მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ნ-----------ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო დაუსაბუთებელი და არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ მ-----------ს, რომელმაც მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– მოწინააღმდეგე მხარეს, გამართლებულ ნ-----------ს ინტერესების დამცველ ადვოკატს - ჯ---------–---ს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
გამართლებულის ახლო ნათესავმა მეუღლემ, დაზარალებულმა - თ------- ქ--------მ ისარგებლა საქართვლოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ნ---- მ-----ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
ვინაიდან მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული.
რაც შეეხება მ------------ს, ნ-----–-----–-----ს და ლ------–-----ს გამოკითხვის ოქმებს ისინი არ არიან ფაქტის უშუალო თვითმხილველები და ზოგადად მიუთითებენ ნ-----------სა და თ------- ქ--------ს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობაზე.
ბრალდებულმა ნ-----------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა.
განსახილველი დანაშაული - ოჯახური ძალადობა, თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი, არ არის საჯარო და არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით. შესაბამისად, ასეთი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენების შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან და ისეთი მოტივის არარსებობა, რამაც სასამართლოს შესაძლებელია, აფიქრებინოს დაზარალებულის მიკერძოებულობის შესახებ ბრალდებულის საწინააღმდეგოდ.
პალატამ, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება, რომ ნ-----------მ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა თ------- ქ--------ს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით ნ-----------ს მიერ, მეუღლის - თ------- ქ--------ს მიმართ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის დასადასტურებლად საქმეში ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი არ არსებობს, აქედან გამომდინარე აღნიშნული ვერ ჩაითვლება საკმარისად, ვინაიდან დაუდგენელია ამ ძალადობის შედეგად თ------- ქ--------მ განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი და ან ტანჯვა, რადგან ამ უკანასკნელმა არ მისცა - მეუღლის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება.
რაც შეეხება მ------------ს, ნ-----–-----–-----ს და ლ------–-----ს გამოკითხვის ოქმებს, ისინი არ არიან ფაქტის უშუალო თვითმხილველები და ზოგადად მიუთითებენ ნ-----------სა და თ------- ქ--------ს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობაზე, ხოლო სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა - თ------- ქ--------მ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, აღნიშნული გამოკითხვის ოქმები (რომლებიც უდავოდ იქნა მხარეთა მიერ მიჩნეული) თავისი შინაარსიდან გამომდინარე არის ირიბი. ირიბია ჩვენება, თუ ის არ არის გარკვეული ფაქტის შემსწრე ან პირველადი წყარო. აღნიშნულ პირებს საკუთარი თვალით არ დაუნახავათ ან სხვაგვარად არ აღუქვიათ (არ მოუსმენიათ) ნ-----------ს მიერ განხორციელებული ქმედება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.
გარდა ამისა, სასამართლო ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების -ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ირიბ ჩვენებას დასაშვებად თვლის, თუმცა, პრაქტიკის მიხედვით, არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები შეიცავენ პრეზუმფციას სისხლის სამართალწარმოებაში ბრალდებულის მიმართ მხოლოდ ირიბი ჩვენების აკრძალვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა გამართლებულია მაშინაც, როდესაც ეს მტკიცებულება ეხმარება დაცვის მხარეს.
საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რათა ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „Horncastle and Others v. The United Kingdom“ საჩივარი: N4184/10). თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, თუ ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც ირიბი ჩვენების გამოყენების შედეგად დაცვის მხარისთვის წარმოიშვება, სათანადოდ არის დაბალანსებული (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე“Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom“,საჩივრები: N26766/05 და N22228/06).
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ--------ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 0-----–--ის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო ზ--------ის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ-----------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ--------ის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ-----------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ზ--------ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 0-----–--ის განაჩენი ნ---- მ-----ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
ნ---- მ----- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მულის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ნ---- მ-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
გამართლებულ ნ---- მ-----ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე